საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №721აპ-25 1 დეკემბერი, 2025 წელი
გ. გ., №721აპ-25 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),ნინო სანდოძე, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 2 ივნისის განაჩენზე მსჯავრდებულ გ. გ-ის ადვოკატების – შ. მ-ისა და ნ. ბ-ის – საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. გ. გ-ს ბრალად ედებოდა:
1.1.1. თაღლითობა, ესე იგი, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი არაერთგზის, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით;
1.1.2. თაღლითობა, ესე იგი, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი დიდი ოდენობით, არაერთგზის, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით;
1.1.3. საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით (2018 წლის 27 ივნისამდე მოქმედი რედაქცია).
1.2. გ. გ-ის ქმედებები გამოიხატა შემდეგით:
1.2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 12 დეკემბრის განაჩენით, გ. გ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის. 2016 წლის 26 თებერვალს, გ. გ-მა ნასამართლობის გაქარწყლებამდე ე. მ-გან შეიძინა ექსპლუატაციიდან გამოსული „ბმვ X5“ მოდელის ა/მანქანის ძარა (სახელმწიფო ნომრით – -, ვინ კოდით – -), რომლის სასესხო ვალდებულებით დატვირთვის და შპს „კ-ის“ კუთვნილი ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ექსპლუატაციისთვის ვარგის, იგივე მოდელისა და ფერის ა/მანქანაზე დააფიქსირა ექსპლუატაციიდან გამოსული „ბმვ X5“ მოდელის ა/მანქანის (სახელმწიფო ნომრით – -) გაყალბებული საიდენტიფიკაციო კოდი და სახელმწიფო ნომერი. 2016 წლის 2 მარტს, თითქოსდა ექსპლუატაციაში მყოფი ა/მანქანა (რეალურად მხოლოდ მის მიერ ე. მ-გან შეძენილი ძარა) შპს კ-ში“ დატვირთა სესხისა და გირავნობის - ხელშეკრულებით, რითაც მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა შპს „კ-ის“ კუთვნილ 3500 აშშ დოლარს, რითაც ამ უკანასკნელს მიადგა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
1.2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 12 დეკემბრის განაჩენით, გ. გ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის. 2016 წლის 17 თებერვალს, გ. გ-მა ნასამართლობის გაქარწყლებამდე თ. რ-გან შეიძინა ექსპლუატაციიდან გამოსული „ბმვ X5“ მოდელის ა/მანქანის ძარა (სახელმწიფო ნომრით – -, ვინ კოდით – -), რომლის სასესხო ვალდებულებით დატვირთვის და შპს „ა-ს“ კუთვნილი ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ექსპლუატაციისთვის ვარგის, იგივე მოდელისა და ფერის ა/მანქანაზე დააფიქსირა ექსპლუატაციიდან გამოსული „ბმვ X5“ მოდელის ა/მანქანის (სახელმწიფო ნომრით – -) გაყალბებული საიდენტიფიკაციო კოდი და სახელმწიფო ნომერი. 2016 წლის 18 თებერვალს, თითქოსდა ექსპლუატაციაში მყოფი ა/მანქანა (რეალურად მის მიერ თ. რ-გან შეძენილი ძარა) შპს „ა-ში“ დატვირთა სესხისა და გირავნობის - ხელშეკრულებით, რითაც მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა შპს „ა-ს“ კუთვნილ ფულად თანხას 4600 აშშ დოლარს, რითაც ამ უკანასკნელს მიდგა დიდი ოდენობის მატერიალური ზიანი.
1.2.3. გ. გ-მა მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა 21 ცალი სპეციალური დანიშნულების ვაზნა (13 ცალი მანათობელი, ხოლო 8 ცალი ჯავშანმხვრეტი-ცეცხლგამჩენი). ვაზნები ვარგისია გამოყენებისათვის და მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას. აღნიშნულ საბრძოლო მასალას გ. გ-ი მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა გ-ის რაიონის სოფელ ჩ-ში მდებარე მის საცხოვრებელ სახლში, საიდანაც 2016 წლის 16 მარტს, სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების მიერ ჩატარებული ჩხრეკის შედეგად იქნა ამოღებული.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 9 აგვისტოს განაჩენით:
2.1.1. გ. გ-ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით (2018 წლის 27 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) წარდგენილ ბრალდებაში;
2.1.2. გ. გ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლით;
2.1.3. გ. გ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლით და 6 თვით;
2.1.4. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და, დანაშაულთა ერთობლიობით, გ. გ-ს სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლით და 6 თვით;
2.1.5. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 12 დეკემბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი 1 წლით, რაც, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, სრულად შთანთქა ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა და, საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ. გ-ს სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლით და 6 თვით;
2.1.6. გ. გ-ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო – 2016 წლის 16 მარტიდან 2016 წლის 28 მარტის ჩათვლით; მასვე, სასჯელის მოხდის ვადის ათვლის დასაწყისად განესაზღვრა დაკავების მომენტი.
2.2. ამავე განაჩენით, კახა ხაზიური ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, პატიმრობაში ყოფნის გათვალისწინებით, სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით და დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
2.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ. მსჯავრდებულ გ. გ-ის ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა მოითხოვეს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და, მის ნაცვლად, გამამართლებელი განაჩენის დადგენა. სააპელაციო სასამართლოში მსჯავრდებულმა აღიარა ჩადენილი დანაშაული და მტკიცებულებები ცნო უდავოდ. ამასთანავე, დაცვის მხარემ დააზუსტა საჩივრის მოთხოვნა და სასამართლოს მიმართა მსჯავრდებულისთვის არასაპატიმრო სასჯელის – ჯარიმის – დანიშვნის მოთხოვნით.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 2 ივნისის განაჩენით, დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, თუმცა შეიცვალა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 9 აგვისტოს განაჩენი გ. გ-ის მიმართ. კერძოდ:
3.1.1. 2024 წლის 17 სექტემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის საფუძველზე, გ. გ-ი გათავისუფლდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 12 დეკემბრის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელის მოხდისგან;
3.1.2. გ. გ-ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით (2018 წლის 27 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) წარდგენილ ბრალდებაში;
3.1.3. გ. გ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სსკ ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელად განესაზღვრა:
· საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით – თავისუფლების აღკვეთა 6 წლით, რაც, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე შეუმცირდა 1/6-ით და მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლით;
· საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით –თავისუფლების აღკვეთა 6 წლით, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე შეუმცირდა 1/6-ით და მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლით;
3.1.4. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ერთმა თანაბარმა სასჯელმა შთანთქა მეორე თანაბარი სასჯელი და, დანაშაულთა ერთობლიობით, გ. გ-ს სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლით;
3.1.5. მსჯავრდებულ გ. გ-ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2025 წლის 2 ივნისიდან; მასვე, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო – 2016 წლის 16 მარტიდან 2016 წლის 28 მარტის ჩათვლით, ასევე პატიმრობაში ყოფნის დრო – 2024 წლის 24 მაისიდან 2025 წლის 1 ივნისის ჩათვლით.
3.2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ. მსჯავრდებულ გ. გ-ის ადვოკატები – შ. მ-ე და ნ. ბ-ი – საკასაციო საჩივრით ითხოვენ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების შეცვლას სასჯელის ნაწილში, კერძოდ, თავისუფლების აღკვეთის ნაცვლად, არასაპატიმრო სასჯელის დანიშვნას. კასატორთა პოზიციით, სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა სასჯელის შემამსუბუქებელი გარემოებები – დანაშაულის აღიარება, მტკიცებულებების უდავოდ ცნობა და დაზარალებულთათვის ზიანის ანაზღაურება. გარდა ამისა, სასჯელის განსაზღვრისას არ იქნა გამოყენებული „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი, რომლის საფუძველზეც, მსჯავრდებული თავისუფლდებოდა სასჯელისგან. აღნიშნული გარემოება მას სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გამოტანის მომენტისთვის ნასამართლობის არმქონედ აქცევდა, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის გამოყენებისას მის სამართლებრივ მდგომარეობას მეტად გააუმჯობესებდა.
4. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
4.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსსკ-ის) 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორები ვერ უთითებენ და ასაბუთებენ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც, საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
4.2. საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება მხოლოდ საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში მხარეთა შორის სადავო არ არის გ. გ-ის უდანაშაულოდ ცნობა საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით (2018 წლის 27 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) წარდგენილ ბრალდებაში და არც მის მიერ მსჯავრადშერაცხილი ქმედებების ჩადენა. შესაბამისად, არ არსებობს აღნიშნულ ნაწილში თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 2 ივნისის განაჩენის გადასინჯვის საფუძველი. მოცემულ შემთხვევაში, დავის საგანია მსჯავრდებულის მიმართ დანიშნული სასჯელის სამართლიანობა.
4.3. ჩადენილი დანაშაულისთვის გ. გ-ის მიმართ გამოყენებული სასჯელის სამართლიანობის კონტექსტში შემოწმებამდე, საკასაციო სასამართლო ყურადღებას სასჯელის მიზნებზე გაამახვილებს. საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით: „სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია“. გარდა ამისა, სასჯელის მიზანია დანაშაულის პრევენცია, როგორც სპეციალური, ისე ზოგადი, რაც, ერთი მხრივ, გულისხმობს დამნაშავისთვის ახალი დანაშაულის ჩადენის შესაძლებლობის მოსპობას, რადგან საკუთარ თავზე დანაშაულის სამართლებრივი შედეგების განცდა, გამაფრთხილებელად იმოქმედებს მის სამომავლო ქცევაზე, ხოლო, მეორე მხრივ, კონკრეტული ქმედებისთვის პირის დასჯის დემონსტრირებას ექნება შემაკავებელი ეფექტი, დანაშაულის ჩადენის ყველა პოტენციური მსურველის მიმართ.
4.4. საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, „სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. „სასჯელი უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხესთან გონივრულ პროპორციაში ... სასჯელის დაკისრება უნდა მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის N1/4/592 გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-38). მართლმსაჯულება და სასჯელის სამართლიანობა, პირველ რიგში, მსჯავრდებულისთვის ჩადენილი ქმედების და მისი პიროვნების ადეკვატური სასჯელის დანიშვნას გულისხმობს. სასჯელი არ უნდა იყოს არც ზედმეტად მკაცრი და არც ზედმეტად ლმობიერი იმისათვის, რომ მიღწეული იქნეს სასჯელის მიზნები (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 11 ივლისის N1/7/851 გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქე იმედა ხახუტაიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-7).
4.5. სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ გ. გ-ისთვის სასჯელის დანიშვნისას სრულად გაითვალისწინა დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ასევე – ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და დამდგარი მართლსაწინააღმდეგო შედეგი. გათვალისწინებული იქნა სასჯელის შემამსუბუქებელი გარემოებებიც – დანაშაულის აღიარება, მტკიცებულებების უდავოდ ცნობა და დაზარალებულთათვის ზიანის ანაზღაურება. ამასთან, მხედველობის მიღმა არ დარჩენილა მსჯავრდებულის პიროვნება და წარსული ცხოვრება, კერძოდ, დანაშაულის ჩადენა პირობითი მსჯავრისთვის დადგენილი გამოსაცდელი ვადის პერიოდში. აღნიშნული გარემოება მიუთითებს მისი პიროვნების მომეტებულ საფრთხისშემცველობაზე, ვინაიდან სისხლისსამართლებრივი ზემოქმედების ღონისძიება, რომელიც მას აძლევდა შესაძლებლობას, გამოსაცდელი ვადის განმავლობაში დაემტკიცებინა საკუთარი გამოსწორება, უშედეგო აღმოჩნდა.
4.6. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მიერ გ. გ-ისთვის დანიშნული სასჯელი სრულად შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნებსა და ამავე კოდექსის 39-ე მუხლით განსაზღვრულ სასჯელის მიზნებს, რის გამოც, მისი შემსუბუქება მიზანშეუწონელია.
4.7. სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 12 დეკემბრის განაჩენით, გ. გ-ისთვის საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელის მოხდისგან გათავისუფლებისთვის აუცილებელია „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის გამოყენება. რეალურად, დაცვის მხარის მოთხოვნა – გ. გ-ის გათავისუფლება აღნიშნული სასჯელისგან – დაკმაყოფილდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით (ქვედა ინსტანციის სასამართლომ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით და გ. გ-ი გაათავისუფლა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 12 დეკემბრის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელის მოხდისგან).
4.8. იმავდროულად, საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის არგუმენტს, თითქოს დანაშაულის ჩადენის შემდეგ გამოცემული ამნისტიის აქტით სასჯელისგან გათავისუფლებული გ. გ-ი სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გამოტანის დროისთვის ნასამართლობის არმქონედ უნდა ჩათვლილიყო. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მსგავს შემთხვევაში სასამართლოებმა უნდა იხელმძღვანელონ დანაშაულის ჩადენის დროით და არა განაჩენის გამოტანის მომენტით, ვინაიდან სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა წარმოიშობა ქმედების ჩადენისას და „არასწორია ამნისტიის საფუძველზე სასჯელისაგან პირის გათავისუფლების გაიგივება ქმედების დანაშაულებრიობასა და დასჯადობის გაუქმებასთან. ამნისტიის აქტით მსჯავრდებულის სასჯელისაგან გათავისუფლება ვერაფრით შეცვლის იმ ფაქტს, რომ დანაშაულის ჩადენის დროს იყო განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირი და პირობით მსჯავრდებულმა ჩაიდინა ახალი დანაშაული, რაზეც გავლენას ვერ მოახდენს მსჯავრდებულის მიმართ სახელმწიფოს მხრიდან მომავალში გამოჩენილი ლმობიერება და შეფარდებული სასჯელისაგან მისი გათავისუფლება“ (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 4 ოქტომბრის N496აპ-21 განჩინება).
4.9. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულისთვის დანიშნული სასჯელი სწორად შეამცირა ერთი მეექვსედით, რადგან გ. გ-ს მსჯავრი დაედო და სასჯელი დაენიშნა თაღლითობის არაერთგზის ჩადენისთვისაც, რაც სასჯელის მხოლოდ ერთი მეექვსედით შემცირებას ითვალისწინებს.
4.10. ამდენად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 2 ივნისის განაჩენი კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანია. ამასთან, საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რომლის გამოც, მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორები არ უთითებენ სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
4.11. შესაბამისად, ვინაიდან არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
4.12. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ გ. გ-ის ადვოკატების – შ. მ-ისა და ნ. ბ-ის – საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნეს დაუშვებლად;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: ნ. სანდოძე
ლ. თევზაძე