საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №010100122005493005
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №128აპ-26 ქ. თბილისი
ა-ე ი., 128აპ-26 30 ივლისი, 2026 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),მამუკა ვასაძე, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 17 დეკემბრის განაჩენზე მსჯავრდებულების – ნ. დ–ისა და ი. ა–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის – დ. ჯ–ისა და ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ – ბაჩო ბათმანაშვილის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით:
1.1. ი. ა–ეს, – პირადი ნომერი: .........., – ბრალად ედებოდა:
1.1.1. მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ, მფლობელობაში უკანონოდ შესვლა, რამაც დაარღვია მფლობელობის ხელშეუხებლობა, ჩადენილი ჯგუფურად, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.
1.1.1.1.ი. ა–ის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2022 წლის 6 იანვარს, დღის საათებში, შურისძიების ნიადაგზე, ი. ა–ემ, ა. გ–ესთან, ჯ. ქ–ესთან და ნ. დ–ესთან ერთად, ჯგუფურად, დაზარალებულის მოტყუებით, უნებართვოდ შეაღწია ქ. ბ–ში, კ–ს ქუჩის N..-ში მდებარე დ. გ–ის დროებით საცხოვრებელ N... ბინაში, რითაც დარღვეულ იქნა მფლობელობის ხელშეუხებლობა.
1.1.2. ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ჯგუფურად, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
1.1.2.1. ი. ა–ის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2022 წლის 6 იანვარს, დღის საათებში, ქ. ბ–ში, კ–ს ქუჩის N..-ში მდებარე დ. გ–ის დროებით საცხოვრებელ N... ბინაში, შურისძიების ნიადაგზე, ი. ა–ემ, ა. გ–ესთან, ჯ. ქ–ესთან და ნ. დ–ესთან ერთად, ჯგუფურად, ხელების, ფეხებისა და სხვადასხვა საყოფაცხოვრებო საგნის სხეულის სხვადასხვა არეში რამდენჯერმე დარტყმით, სხეულის დაზიანებები მიაყენა დ. გ–ს, რის გამოც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
1.1.3. ძარცვა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის პირველი ნაწილით.
1.1.3.1. ი. ა–ის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2022 წლის 6 იანვარს, დღის საათებში, ქ. ბ–ში, კ–ს ქუჩის N..-ში მდებარე დ. გ–ის დროებით საცხოვრებელ N... ბინაში, ი. ა–ე, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, აშკარად დაეუფლა დ. გ–ის კუთვნილ, 130 ლარად ღირებულ ხმოვან პისტოლეტს.
1.2. ნ. დ–ეს, – პირადი ნომერი: ........, – ბრალად ედებოდა:
1.2.1. მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ, მფლობელობაში უკანონოდ შესვლა, რამაც დაარღვია მფლობელობის ხელშეუხებლობა, ჩადენილი ჯგუფურად, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.
1.2.1.1. ნ. დ–ის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2022 წლის 6 იანვარს, დღის საათებში, შურისძიების ნიადაგზე, ნ. დ–ემ, ა. გ–ესთან, ჯ. ქ–ესთან და ი. ა–ესთან ერთად, ჯგუფურად, დაზარალებულის მოტყუებით, უნებართვოდ შეაღწია ქ. ბ–ში, კ–ს ქუჩის N..-ში მდებარე დ. გ–ის დროებით საცხოვრებელ N.... ბინაში, რითაც დარღვეულ იქნა მფლობელობის ხელშეუხებლობა.
1.2.2. ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ჯგუფურად, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
1.2.2.1. ნ. დ–ის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2022 წლის 6 იანვარს, დღის საათებში, ქ. ბ–ში, კ–ს ქუჩის N..-ში მდებარე დ. გ–ის დროებით საცხოვრებელ N... ბინაში, შურისძიების ნიადაგზე, ნ. დ–ემ, ა. გ–ესთან, ჯ. ქ–ესთან და ი. ა–ესთან ერთად, ჯგუფურად ხელების, ფეხებისა და სხვადასხვა საყოფაცხოვრებო საგნის სხეულის სხვადასხვა არეში რამდენჯერმე დარტყმით, სხეულის დაზიანებები მიაყენა დ. გ–ს, რის გამოც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
1.2.3. ძარცვა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.
1.2.3.1. ნ. დ–ის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2022 წლის 6 იანვარს, დღის საათებში, ქ. ბ–ში, კ–ს ქუჩის N..-ში მდებარე დ. გ–ის დროებით საცხოვრებელ N... ბინაში, ნ. დ–ე მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, აშკარად დაეუფლა დ. გ–ის კუთვნილ ფულად თანხასა და „REDMI NOTE 9“ მოდელის მობილურ ტელეფონს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
1.2.4. სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში (2022 წლის 6 იანვრის ეპიზოდი დ. გ–ის მიმართ), – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით.
1.2.4.1. ნ. დ–ის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2022 წლის 6 იანვარს, დღის საათებში, ქ. ბ–ში, კ–ს ქუჩის N..-ში მდებარე დ. გ–ის დროებით საცხოვრებელ N... ბინაში, ნ. დ–ე შურისძიების ნიადაგზე, დანის დემონსტრირებით, სიცოცხლის მოსპობითა და ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა დ. გ–ს. ამ უკანასკნელმა მუქარა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში.
1.2.5. სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში (2023 წლის 30 აპრილის ეპიზოდი გ. ტ–ის მიმართ), – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით.
1.2.5.1. ნ. დ–ის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2023 წლის 30 აპრილს, საღამოს საათებში, ქ. ბ–ში, გ–ს ქუჩის N...-ში მდებარე შპს „მ–ს“ კუთვნილ სამორინე „ე–ს“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ხსენებულ სამორინეში თამაშთან დაკავშირებით წარმოშობილი ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ნ. დ–ე სიცოცხლის მოსპობითა და ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა ამავე სამორინეს უსაფრთხოების სამსახურის უფროსს – გ. ტ–ეს. ამ უკანასკნელმა მუქარა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 19 ივნისის განაჩენით:
2.1. ი. ა–ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში;
2.2. ი. ა–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 180 საათი;
2.3. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-8 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ი. ა–ე სრულად გათავისუფლდა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული სასჯელისაგან;
2.4. ი. ა–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა შინაპატიმრობა 1 წლით;
2.5. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-8 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ი. ა–ე სრულად გათავისუფლდა საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული სასჯელისაგან;
2.6. ნ. დ–ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში;
2.7. ნ. დ–ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში (2022 წლის 6 იანვრის ეპიზოდი დ. გ–ის მიმართ);
2.8. ნ. დ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 საათი;
2.9. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-8 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ნ. დ–ე სრულად გათავისუფლდა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული სასჯელისაგან;
2.10. ნ. დ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლით;
2.11. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-8 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ნ. დ–ე სრულად გათავისუფლდა საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული სასჯელისაგან;
2.12. ნ. დ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (2023 წლის 30 აპრილის ეპიზოდი გ. ტ–ის მიმართ) და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა – 1000 ლარი;
2.13. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 9 დეკემბრისა და ამავე სასამართლოს 2021 წლის 30 ნოემბრის განაჩენებით ნ. დ–ის მიმართ დანიშნული პირობითი მსჯავრი და განაჩენით დანიშნული და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 31 იანვრის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის საფუძველზე შემცირებული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან – ერთი წლით თავისუფლების აღკვეთიდან – საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ახალი განაჩენით დანიშნულ სასჯელს (ჯარიმა 1000 ლარი) დაემატა თავისუფლების აღკვეთა 4 დღით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ნ. დ–ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 დღითა და ჯარიმა – 1000 ლარი. მასვე, სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო – 2022 წლის 7 იანვრიდან 2022 წლის 10 იანვრამდე და გათავისუფლდა თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდისგან.
3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 19 ივნისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ოლღა მერებაშვილმა და მსჯავრდებულების – ნ. დ–ისა და ი. ა–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა – დ. ჯ–ემ. ბრალდების მხარემ მოითხოვა ნ. დ–ისა და ი. ა–ის დამნაშავედ ცნობა ყველა წარდგენილ ბრალდებაში და მკაცრი სასჯელის დანიშვნა. დაცვის მხარემ მოითხოვა საქართველოს სსკ-ის 178-ე და 126-ე მუხლებით წარდგენილ ბრალდებებში მსჯავრდებულთა მიმართ, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის საფუძველზე, სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტა, ხოლო სხვა ნაწილში გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება. ადვოკატმა სააპელაციო სასამართლოში დააზუსტა საჩივრის მოთხოვნა და ითხოვა საქართველოს სსკ-ის 178-ე და 126-ე მუხლებით წარდგენილ ბრალდებებში მსჯავრდებულთა მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა, ხოლო ალტერნატივის სახით – სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტა.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 17 დეკემბრის განაჩენით მხარეთა სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 19 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
4.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2026 წლის 8 ივლისის განჩინებით აღმოიფხვრა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 17 დეკემბრის განაჩენში დაშვებული უზუსტობა:
4.1.1. განაჩენის მთელ ტექსტში ნაცვლად „საქართველოს სსკ-ის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილისა“ მიეთითა „საქართველოს სსკ-ის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი“. მათ შორის, სარეზოლუცო ნაწილის მე-4 აბზაცი ჩამოყალიბდა შემდეგი სახით: „ი. ა–ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.“ სარეზოლუცო ნაწილის მე-10 აბზაცი ჩამოყალიბდა შემდეგი სახით: „ნ. დ–ე ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.“
4.1.2. გასწორდა განაჩენის სარეზოლუციო ნაწილის მე-17 აბზაცში მითითებული განაჩენების დასახელება და ხსენებული აბზაცი ჩამოყალიბდა შემდეგი სახით: „საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 9 დეკემბრისა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 30 ნოემბრის განაჩენებით ნ. დ–ის მიმართ დანიშნული პირობითი მსჯავრი და განაჩენით დანიშნული და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 31 იანვრის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის საფუძველზე შემცირებული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან – ერთი წლის ვადით თავისუფლების აღკვეთიდან, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ახალი განაჩენით დანიშნულ სასჯელს – ჯარიმას 1000 ლარი – დაემატა თავისუფლების აღკვეთა 4 დღით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ნ. დ–ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 დღითა და ჯარიმა – 1000 ლარი.“
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 17 დეკემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ბაჩო ბათმანაშვილმა და მსჯავრდებულების – ნ. დ–ისა და ი. ა–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა – დ. ჯ–ემ.
5.1. ბრალდების მხარემ მოითხოვა ნ. დ–ისა და ი. ა–ის დამნაშავედ ცნობა ყველა წარდგენილ ბრალდებაში და მკაცრი, სამართლიანი სასჯელის დანიშვნა.
5.2. დაცვის მხარემ მოითხოვა საქართველოს სსკ-ის 178-ე და 126-ე მუხლებით წარდგენილ ბრალდებებში მსჯავრდებულთა მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა, ხოლო საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2023 წლის 30 აპრილის ეპიზოდი გ. ტ–ის მიმართ) წარდგენილ ბრალდებაში ნ. დ–ის მიმართ – სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტა.
6. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კასატორი დაასაბუთებს ამავე ნაწილით ამომწურავად განსაზღვრული, რომელიმე წინაპირობის/წინაპირობების არსებობას. ამავე მუხლის მე-31 ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლოს ევალება, შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილ მოთხოვნათა შესაბამისად და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საკასაციო საჩივარი აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, იგი ცნობილ უნდა იქნეს დასაშვებად (იხ.: მაგალითად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს შემდეგი განჩინებები: 2025 წლის 20 ნოემბრის N751აპ-25, 2025 წლის 12 ნოემბრის N737აპ-25, 2025 წლის 28 ივლისის N193აპ-25).
6.1. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
6.2. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-32 ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობა.
7. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, par.30, ECtHR, 25/12/2001); ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.Gorou v. Greece (No.2) no. 12686/03, paras. 37, 41, ECtHR, 20/03/2009).
8. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსსკ-ის) 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში.
8.1. მოცემულ შემთხვევაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 17 დეკემბრის განაჩენი გასაჩივრებულია როგორც დაცვის, ისე – ბრალდების მხარის მიერ. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს: ი. ა–ის საქართველოს სსკ-ის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ხოლო ნ. დ–ის – საქართველოს სსკ-ის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2022 წლის 6 იანვრის ეპიზოდი დ. გ–ის მიმართ) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში უდანაშაულოდ ცნობის, აგრეთვე, მათი საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის პირველი ნაწილით (ი. ა–ის შემთხვევაში)/მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ნ. დ–ის შემთხვევაში) გათვალისწინებულ დანაშაულებში მსჯავრდებისა და ამავე ეპიზოდებში „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის საფუძველზე სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტაზე უარის, ასევე – საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2023 წლის 30 აპრილის ეპიზოდი გ. ტ–ის მიმართ) გათვალისწინებული დანაშაულისათვის ნ. დ–ის მიმართ, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის საფუძველზე, სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის კანონიერებისა და დანიშნული სასჯელების სამართლიანობის საკითხები.
9. უსაფუძვლობის გამო, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მტკიცებას ი. ა–ისა და ნ. დ–ის უდანაშაულობისა და საქმეში შესაბამისი მტკიცებულებების არარსებობის (მხოლოდ დაზარალებულის გამოკითხვის ოქმების საფუძველზე მსჯავრდების) შესახებ.
10. დაზარალებულ დ. გ–ის 2024 წლის 20 თებერვალს გარდაცვალების გამო (იხ.: გარდაცვალების აქტის ჩანაწერი, ტომი 3., ს.ფ. 126), საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნებულ გამოკითხვის ოქმებში დეტალურად აღწერილი მის მიმართ ჩადენილი ძალადობისა და ძარცვის ფაქტები დასტურდება ქ. ბ–ში, კ–ს ქუჩის N..-ში მდებარე შპს „......ის“ კომპიუტერული სისტემიდან გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერებით (ადასტურებს, რომ 2022 წლის 6 იანვარს, დღის საათებში (ჩანაწერების თანახმად, 13:47:20-14:05:15სთ-ის მონაკვეთში) დ. გ–ის საცხოვრებელ ბინაში ნამდვილად იმყოფებოდნენ ი. ა–ე, ნ. დ–ე, ა. გ–ე და ჯ. ქ–ე); ამავე ობიექტის ადმინისტრატორის (ლ. კ–ის) გამოკითხვის ოქმით ((უდავო მტკიცებულება) დგინდება, რომ პოლიციაში დარეკვისათვის, ტელეფონის სათხოვნელად მასთან 2022 წლის 6 იანვარს დაახლოებით 13:30სთ-ზე მისულ დაზარალებულს სახეზე ეტყობოდა ძალადობის კვალი); ექიმ შ. ჯ–ის გამოკითხვის ოქმით ((უდავო მტკიცებულება) დაადასტურა დაზარალებულის სხეულზე დაზიანებების არსებობა) და სსიპ – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2022 წლის 15 თებერვლის N...... სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით (რომლის თანახმად, დ. გ–ის სხეულზე ძალადობის კვალი სწორედ იმ ადგილებში აღინიშნებოდა, სადაც დაზარალებულის განმარტებით, მსჯავრდებულები სცემდნენ (იხ.: ტომი 2., ს.ფ. 3881-3885); (ობიექტური ტესტით დასტურდება დაზარალებულის მიერ ფიზიკური ტკივილის განცდა)); ფოტოსურათით ამოცნობის ოქმით (დაზარალებულმა ამოიცნო და კატეგორიულად მიუთითა დანაშაულის ჩამდენ პირზე (იხ.: ტომი 1., ს.ფ. 149-154)); 2022 წლის 7 იანვრის ამოღების ოქმით (პოლიციის ადმინისტრაციულ შენობაში, მოწმე ა. ა–აგან, გადაუდებელი აუცილებლობით, ამოღებულ იქნა შავი პისტოლეტის მსგავსი საგანი ერთ მხარეს წარწერით -„BARICAT F 92“, ცარიელი მჭიდით, რომელიც, დ. გ–ის განმარტებით, იყო მისი კუთვნილი ნივთი, რომელიც მისი ნების საწინააღმდეგოდ, ქ. ბ–ში, კ–ს ქუჩის N..-ში მდებარე N... ბინიდან, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, აშკარად წაიღო ნ. დ–ის თანხმლებმა პირმა – „ჯ–მა“ (იხ.: ნივთის ამოცნობის ოქმი, ტომი 1., ს.ფ. 163-164)); მაღაზია „ს–ს“ კომპიუტერული სისტემიდან გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერით (დგინდება, რომ 07.01.2022წ. 12:20:24 საათზე, ოპერატორ ქალბატონთან მიდის თეთრ სამოსში (შავი შარვლით) ჩაცმული ჯ. ქ–ე, რომელსაც ხელთ უჭირავს ორი მობილური ტელეფონი, რომელთაგან ერთს – შავ მობილურ ტელეფონს, რომელიც არის ჩართული გადასცემს ოპერატორს, ასევე, გადასცემს მობილური ტელეფონის სიმბარათს, რის შემდეგაც გადის კადრიდან) და აღნიშნულ ვიდეოჩანაწერში ასახული ოპერატორის – მოწმე ქ. პ–ის გამოკითხვის ოქმით ((უდავო მტკიცებულება) დასტურდება დაზარალებულის გამოკითხვის ოქმებში ასახული ინფორმაცია მისი კუთვნილი მობილური ტელეფონის მაღაზია „ს–ში“ აღმოჩენის/მიტანის და მის მიერ იქიდან წამოღების შესახებ (იხ.: ტომი 1., ს.ფ. 11-13)).
11. საქართველოს შსს-ის საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ..... საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის 2022 წლის 15 იანვრის N.. ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარმოდგენილი იარაღი მჭიდით, არის ქარხნული წესით დამზადებული 9 მმ ნომინალური კალიბრიანი „BARICAT F92“ მოდელის N....... ხმოვანი პისტოლეტი. იგი არ მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია გამოსაყენებლად.
12. საქართველოს შსს-ის საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის .... საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის: 2022 წლის 11 იანვრის N....სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მობილური ტელეფონის – „REDMI NOTE 9 MODEL: .....“ .....: ........, ....: ......, საბაზრო ღირებულება, მისი ფაქტობრივი ფიზიკური მდგომარეობის (ექსპლუატაციაში ნამყოფი, მუშა მდგომარეობაში) გათვალისწინებით, შეადგენს – 350 ლარს, ხოლო ამავე საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის 2022 წლის 18 იანვრის N37/ს სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ხმოვანი პისტოლეტის – „BARICAT F92. Cal. 9mm P.A.K“, ნომრით – „........, 9 მმ ნომინალური კალიბრიანი, საბაზრო ღირებულება, მისი ფაქტობრივი ფიზიკური მდგომარეობის (ექსპლუატაციაში ნამყოფი, ვარგისი სროლისათვის და გამოყენებისათვის) გათვალისწინებით, შეადგენს – 130 ლარს.
13. შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება ი. ა–ისა და ნ. დ–ის მიერ მათთვის მსაჯვრადშერაცხილი დანაშაულების ჩადენა.
14. დაცვის მხარე კასატორი სადავოდ არ ხდის ნ. დ–ის მსჯავრდებას გ. ტ–ის მიმართ 2023 წლის 30 აპრილის ეპიზოდში. შესაბამისად, საქართველოს სსკ-ის 306-ე მუხლის დანაწესის გათვალისწინებით, სასამართლოს განხილვის საგანს, აღნიშნულ ეპიზოდში, წარმოადგენს მხოლოდ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის გამოყენების კანონიერება.
15. უსაფუძვლოა დაცვის მხარე კასატორის მოთხოვნა ნ. დ–ისათვის საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2023 წლის 30 აპრილის ეპიზოდი გ. ტ–ის მიმართ) წარდგენილ ბრალდებაში, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის საფუძველზე, სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ.
15.1. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უნდა გაუნახევრდეს დანიშნული სასჯელი განზრახი დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა, მათ შორის, საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის (გარდა ოჯახური დანაშაულის ჩადენის შემთხვევისა) პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული. მოცემულ შემთხვევაში, დანაშაულის ჩადენის დროს – 2023 წლის 30 აპრილის, ნ. დ–ე ნასამართლევი იყო ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 30 ნოემბრის განაჩენით). იმავდროულად, ამნისტიის ზემოაღნიშნული კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ითვალისწინებს სასჯელის განახევრებას და არა – სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან გათავისუფლებას, როგორც ამაზე უთითებს კასატორი. შესაბამისად, სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია დაცვის მხარე კასატორის მოთხოვნა აღნიშნულ ეპიზოდში სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ.
15.2. ხსენებული კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან გათავისუფლება, აგრეთვე, ამ კანონის მე-2 მუხლით (გარდა მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა), მე-3 მუხლით, მე-4 მუხლით (გარდა მე-4 მუხლის მე-4 ან მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) ან მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სასჯელის შემცირება ვრცელდება ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალურ სასჯელზე, პირობით მსჯავრსა და გამოსაცდელ ვადაზე, აგრეთვე სხვა სასჯელზე (გარდა ჯარიმისა, ქონების ჩამორთმევისა, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვისა და სამხედრო წოდების ჩამორთმევისა).
15.2.1. ნ. დ–ეს საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2023 წლის 30 აპრილის ეპიზოდი გ. ტ–ის მიმართ) გათვალისწინებული დანაშაულისათვის სასჯელის სახედ და ზომად შეეფარდა ჯარიმა – 1000 ლარი, რომელზეც ვერ გავრცელდება „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მოქმედება.
16. დაცვის მხარე კასატორის მტკიცებით, საქართველოს სსკ-ის 178-ე და 126-ე მუხლებით მსჯავრდების ეპიზოდებში სასამართლომ არასწორად გამოიყენა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონი, კერძოდ, სასამართლოს, ნაცვლად სასჯელისაგან გათავისუფლებისა, უნდა შეეწყვიტა სისხლისსამართლებრივი დევნა.
16.1. საკასაციო სასამართლო, სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ ადვოკატის პრეტენზიასთან დაკავშირებით, ითვალისწინებს საქართველოს სსსკ-ის 191-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესს, რომლის თანახმად, როდესაც არსებობს ამ კოდექსით დადგენილი საფუძველი, საქმის არსებითად განმხილველი სასამართლო მხარის შუამდგომლობით წყვეტს სისხლისსამართლებრივ დევნას; საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-5 ნაწილს, რომლის მიხედვით, გამამტყუნებელ განაჩენს სასჯელის დანიშვნითა და მისი მოხდისაგან გათავისუფლებით სასამართლო ადგენს, თუ განაჩენის გამოტანის მომენტისათვის, მათ შორის, გამოცემულია ამნისტიის აქტი, რომელიც პირს ათავისუფლებს განაჩენით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან; ასევე, ითვალისწინებს საქართველოს სსკ-ის 79-ე მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესს, რომლის თანახმად, სასჯელისაგან გათავისუფლებული ითვლება ნასამართლობის არმქონედ და იმ გარემოებას, რომ ნ. დ–ესა და ი. ა–ეს ბრალად ედებოდათ ისეთი დანაშაულების ჩადენაც, რომელთათვისაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონი არ ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლებას.
16.2. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ 2025 წლის 30 იანვრის სხდომაზე ადვოკატმა დ. ჯ–ემ მოითხოვა საქართველოს სსკ-ის 178-ე და 126-ე მუხლებით წარდგენილ ბრალდებებში სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის საფუძველზე და მიუთითა, რომ გარდაცვლილი დაზარალებულის ნათესავები ვერ მოიძია (იხ.: 2025 წლის 30 იანვრის სასამართლო სხდომის ოქმი, 14:22:22-14:23:59). სასამართლომ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა და მოითხოვა დაზარალებულის გარდაცვალებისა და გარდაცვლილი დაზარალებულის ნათესავების არარსებობის/მათი მოძიების შეუძლებლობის დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენა (იხ.: 2025 წლის 30 იანვრის სასამართლო სხდომის ოქმი, 14:24:00-14:26:06).
16.3. 2025 წლის 27 მარტის სხდომაზე ადვოკატმა დ. ჯ–ემ სასამართლოს განუმარტა, რომ დ. გ–ს ჰყავდა მხოლოდ დედა – მ. ხ–ე, რომელთანაც დაზარალებულს ბოლო 12 წელი არ ჰქონდა ურთიერთობა. ქალბატონი ჩამოვიდა ს–ში, გამომძიებელს მისცა ჩვენება, გადასცა ტელეფონის ნომერი და შემდეგ კვლავ გაემგზავრა ი–ში. ადვოკატმა განმარტა, რომ დარეკა მითითებულ ტელეფონის ნომერზე, უპასუხა უცნობმა ქალბატონმა, რომელმაც განუმარტა, რომ მ. ხ–ეს არ იცნობდა (იხ.: 2025 წლის 27 მარტის სასამართლო სხდომის ოქმი, 14:35:48-14:36:51; შუამდგომლობა, ტომი 3, ს.ფ. 129-131). სასამართლომ მხარეებისგან მოისმინა ოჯახის სხვა წევრების არსებობის შესახებ ინფორმაცია, კერძოდ, დედის გარდა, ჰყავდა თუ არა დ. გ–ს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ოჯახის რომელიმე წევრი (დედა, მამა, მეუღლე, შვილი). სასამართლომ მხარეებისგან მოისმინა, რომ დ. გ–ი იყო არარეგისტრირებულ ქორწინებაში, მამა გარდაცვლილი ჰყავდა, დედა კი იმყოფება ი–ში (იხ.: 2025 წლის 27 მარტის სასამართლო სხდომის ოქმი, 14:39:01-14:39:34). სასამართლომ მხარეებს მოსთხოვა ოჯახის წევრთა მოძიების შეუძლებლობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა და დაინტერესდა ჰქონდათ თუ არა საცხოვრებელი მისამართი, რის შესახებაც ადვოკატმა განმარტა, რომ დაზარალებულს საცხოვრებელი სახლი არ ჰქონდა, სასტუმროში ცხოვრობდა და არ იცოდა, რა მისამართზე მისულიყო (იხ.: 2025 წლის 27 მარტის სასამართლო სხდომის ოქმი, 14:39:35-14:40:26). ადვოკატის განმარტებით, დ. გ–ს ჰყავდა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლე – ა. ა– (იხ.: 2025 წლის 27 მარტის სასამართლო სხდომის ოქმი, 14:40:36-14:40:44). სასამართლომ ბრალდების მხარეს მოსთხოვა, შესაძლებლობის ფარგლებში, მომდევნო სხდომაზე, გარდაცვლილის დედის დისტანციურად ჩართვის უზრუნველყოფა, ხოლო აღნიშნულის შეუძლებლობის შემთხვევაში, სასამართლო იმსჯელებდა ამნისტიის გავრცელების საკითხზე (იხ.: 2025 წლის 27 მარტის სასამართლო სხდომის ოქმი, 14:41:29-14:43:25).
16.4. 2025 წლის 19 მაისის სასამართლო სხდომაზე, ადვოკატმა განმარტა, რომ წარმოდგენილი იყო მოწმე – დ. გ–თან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი ა. ა–. განმარტა, რომ ვერ დაადგინა გარდაცვლილი დაზარალებულის დედის – მ. ხ–ის ზუსტი ადგილსამყოფელი, იგი იმყოფება ი–ში. განმარტა, რომ მ. ხ–ის მიერ დ. გ–ის გარდაცვალების საქმეზე საკონტაქტო ნომრად მითითებულ ტელეფონის ნომერზე (+995 ...) კვლავ გაესაუბრა უცნობ ქალბატონს, რომელმაც განაცხადა, რომ იგი არ იყო მ. ხ–ე და არც კი იცნობდა მას. ასევე, წარადგინა მ. ხ–ის მიერ მითითებულ ტელეფონის ნომერზე, უცნობ ქალბატონთან განხორციელებული კომუნიკაციის (მიმოწერის) ამსახველი დოკუმენტი და 2025 წლის 28 აპრილის სატელეფონო გასაუბრების ოქმი (იხ.: 2025 წლის 19 მაისის სასამართლო სხდომის ოქმი, 14:23:55-14:28:13; შუამდგომლობა და თანდართული დოკუმენტები, ტომი 3, ს.ფ. 133-137), რომლითაც დგინდება, რომ 2025 წლის 27 აპრილს შემდგარი კომუნიკაციის თანახმად, ზემოაღნიშნული ტელეფონის ნომრის მფლობელი არ იყო მ. ხ–ე და არ იცნობდა მას. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ხსენებული ტელეფონის ნომერი არის სწორედ ის ნომერი, რომელიც საქმეში არსებული დოკუმენტაციის თანახმად, ფიქსირდება მ. ხ–ის მფლობელობაში არსებულ ბოლო ტელეფონის ნომრად, ბოლო გამოყენების თარიღი – 2024 წლის 4 აპრილი (იხ.: ამონაწერი „info.pol.ge-დან“ (2025 წლის 27 მარტის მდგომარეობით), ტომი 3, ს.ფ. 179-183).
16.5. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქმეში არსებული დოკუმენტაციის თანახმად, მ. ხ–ემ, თბილისის აეროპორტის მეშვეობით, ბოლოს, საქართველოს საზღვარი გადაკვეთა 2024 წლის 16 აპრილს. აღნიშნული თარიღის შემდგომ, არ ფიქსირდება მისი საქართველოში შემოსვლა (იხ.: ამონაწერი „info.pol.ge-დან“ (2025 წლის 27 მარტის მდგომარეობით), ტომი 3, ს.ფ. 179-183).
16.6. 2025 წლის 19 მაისის სასამართლო სხდომაზე, მოწმე ა. ა-მ განმარტა, რომ იყო დ. გ–ის ოჯახის წევრი – არარეგისტირებულ ქორწინებაში მყოფი პირი. სასამართლომ მოწმეს განუმარტა, რომ მისი პოზიცია საკმარისი იქნებოდა ბრალდებულების მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის გასავრცელებად. იმავდროულად, მოსამართლის განმარტებით, თუკი სასამართლო გამოიტანდა გამამტყუნებელ განაჩენს, დანიშნავდა სასჯელს და ამნისტიის საფუძველზე, მსჯავრდებულები დანიშნული სასჯელისაგან გათავისუფლდებოდნენ, მუქარის ნაწილში კი – დანიშნული სასჯელი განახევრდებოდა. ა. ა–მ თანხმობა განაცხადა ი. ა–ისა და ნ. დ–ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის გამოყენებაზე (2025 წლის 19 მაისის სასამართლო სხდომის ოქმი, 14:31:05-14:34:10).
17. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების თანახმად, ა. ა– მსჯავრდებულებთან აკავშირებდა მეგობრული ურთიერთობა და ისინი სწორედ ა. ა–მ მიიყვანა დ. გ–ის საცხოვრებელ სახლში. სასამართლო ასევე ითვალისწინებს დაზარალებულ დ. გ–ის 2022 წლის 9 იანვრის გამოკითხვის ოქმს, საიდანაც ირკვევა, რომ დაზარალებულს პრეტენზია გააჩნდა ნ. დ–ის მიმართ და სურდა, მას პასუხი ეგო კანონის შესაბამისად.
17.1. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, „ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით, მე-2 მუხლის მე-2 ან მე-3 პუნქტით, მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით ან მე-4 მუხლის მე-5 ან მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ დაზარალებული ფიზიკური პირი გარდაცვლილია ან ვერ იძებნება, იმავე პუნქტში აღნიშნულ პირზე ამნისტია გავრცელდება, თუკი ამაზე თანხმობას ამ კანონით დადგენილი წესით განაცხადებს დაზარალებული ფიზიკური პირის ოჯახის ერთი სრულწლოვანი, ქმედუნარიანი წევრი (დედა, მამა, მეუღლე, შვილი), ხოლო თუ დაზარალებულ ფიზიკურ პირს ოჯახის ასეთი წევრი არ ჰყავს ან დაზარალებული ფიზიკური პირის ოჯახის ასეთი წევრი ვერ იძებნება, აღნიშნული პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია აღსრულდება.“
17.2. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ზემოაღნიშნული ნორმა დაზარალებული ფიზიკური პირის გარდაცვალების შემთხვევაში, ამნისტიის გავრცელების შესახებ თანხმობის გამცემ სუბიექტებად მოიაზრებს იმ პირებს (დაზარალებული ფიზიკური პირის ოჯახის სრულწლოვანი, ქმედუნარიანი წევრი – დედა, მამა, მეუღლე, შვილი), რომლებიც, როგორც წესი, უნდა მოქმედებდნენ დაზარალებულის ინტერესებიდან გამომდინარე.
17.2.1. ა. ა– დაზარალებულთან კონფლიქტური ურთიერთობის, მსჯავრდებულებთან მეგობრობის, დაზარალებულთან მათი დაპირისპირების მიზეზისა და მოტივის, სწორედ ა. ა– თხოვნით და მასთან ერთად აღნიშნული პირების დანაშაულების ჩადენის დღეს დ. გ–ის საცხოვრებელ ბინაში მისვლის, მისვლის მიზეზისა და მიზნის, 2022 წლის 9 იანვრის გამოკითხვის ოქმში დაზარალებულის მიერ მკაფიოდ გამოხატული პოზიციის გათვალისწინებით, – სასამართლოს მხედველობაში არ უნდა მიეღო ა. ა– თანხმობა ი. ა–ისა და ნ. დ–ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის გავრცელების შესახებ.
17.3. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ 2025 წლის 12 ივნისის სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნებული დაზარალებულ დ. გ–ის 2022 წლის 6 იანვრის გამოკითხვის ოქმის თანახმად, მისი ძირითადი საცხოვრებელი მისამართია ქ. ქ–ი, თ–ს მე-.. ჩიხი, N.., სადაც ცხოვრობენ მისი ოჯახის წევრები (იხ.: 2025 წლის 12 ივნისის სასამართლო სხდომის ოქმი, 12:08:21-12:08:26). მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებული გამოკითხვის ოქმში უთითებდა მის ძირითად საცხოვრებელ მისამართს, მხარეთა მიერ არ მომხდარა ზემოაღნიშნულ მისამართზე გასვლა დაზარალებულის ოჯახის სხვა წევრთა მოძიების მიზნით. ასევე, მიუხედავად მოსამართლის შეთავაზებისა, ბრალდების მხარემ ვერ უზრუნველყო გარდაცვლილი დაზარალებულის საზღვარგარეთ მყოფ დედასთან დაკავშირება და პროცესში მისი დისტანციურად ჩართვა. იმავდროულად, სასამართლო ითვალისწინებს 2025 წლის 27 მარტის სხდომაზე დაცვის მხარის განმარტებებს იმის შესახებ, რომ დ. გ–ს, დედის გარდა, არ ჰყავდა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ოჯახის სხვა წევრი (ბრალდების მხარესაც არ მიუთითებია ოჯახის სხვა წევრთა არსებობის შესახებ); იმ გარემოებას, რომ საქმეში არსებული დოკუმენტაციის თანახმად, გარდაცვლილი დაზარალებულის დედა არ იმყოფებოდა საქართველოში და დაცვის მხარემ, მცდელობის მიუხედავად, ვერ შეძლო მასთან დაკავშირება; „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის დანაწესს, რომლის თანახმად, თუ დაზარალებულ ფიზიკურ პირს არ ჰყავს ამავე ნორმით გათვალისწინებული ოჯახის წევრი ან იგი ვერ იძებნება, აღნიშნული პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია აღსრულდება.
18. შესაბამისად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მსჯავრდებულების მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის გამოყენებისას უნდა ეხელმძღვანელა აღნიშნული კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის იმ დანაწესით, რომელიც არეგულირებს დაზარალებული პირის ოჯახის წევრის არარსებობის/ვერ მოძიების შემთხვევაში აღნიშნული ამნისტიის გამოყენების წესს.
18.1. იმავდროულად, სასამართლო ითვალისწინებს, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის გამოყენებისას, დაშვებული ზემოაღნიშნული შეცდომის მიუხედავად, აღნიშნული არ წარმოადგენს „მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების ისეთ მნიშვნელოვან დარღვევას, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე“, რის გამოც არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
19. რაც შეეხება ბრალდების მხარის მოთხოვნას ი. ა–ისა და ნ. დ–ის საქართველოს სსკ-ის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ხოლო ნ. დ–ის – აგრეთვე, საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2022 წლის 6 იანვრის ეპიზოდი დ. გ–ის მიმართ) წარდგენილ ბრალდებებში დამნაშავედ ცნობის შესახებ, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ბრალდების ამ ეპიზოდებთან მიმართებით სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებები არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. კერძოდ, ნ. დ–ის მიერ დ. გ–ის მიმართ მუქარის დასადასტურებლად ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილია მხოლოდ დაზარალებულის გამოკითხვის ოქმი. რაც შეეხება საქართველოს სსკ-ის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებას, სისხლის სამართლის საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულებით, მათ შორის, არც ვიდეოსამეთვალყურეო კამერების ჩანაწერებითა და არც დაზარალებულის გამოკითხვის ოქმებით არ დგინდება, რომ ი. ა–ე და ნ. დ–ე დ. გ–ის საცხოვრებელ ბინაში შევიდნენ უკანონოდ, მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ. დაზარალებულის 2022 წლის 6 იანვრის გამოკითხვის ოქმით დგინდება, რომ დ. გ–ი იცნობდა ნ. დ–ეს, მასთან ჰქონდა ნორმალური ურთიერთობა, იცოდა, რომ ა. და ნ. დ–ე იყვნენ მეგობრები. ნ. დ–ის თანმხლები პირის – ი. ა–ის გარდა, დ. გ–ი იცნობდა მის საცხოვრებელ სახლში მისულ ყველა პირს. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ვიდეოსამეთვალყურეო კამერების ჩანაწერების თანახმად, ხსენებული პირები დ. გ–ის საცხოვრებელ ბინაში ყოველგვარი წინააღმდეგობისა და დაბრკოლების გარეშე შევიდნენ. შესაბამისად, ის ფაქტი, რომ დაზარალებული ნამდვილად წინააღმდეგი იყო, მის მფლობელობაში შესულიყვნენ აღნიშნული პირები, დადასტურებული არ არის ერთმანეთთან შეთანხმებული, აშაკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებათა ერთობლიობით.
20. ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ 2025 წლის 17 დეკემბრის განაჩენში, საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები, წარმოდგენილი მტკიცებულებები და მსჯავრდებულთა ინდივიდუალური მახასიათებლები სამართლებრივად სწორად შეაფასა. გაითვალისწინა ჩადენილი ქმედებების ხასიათი, შედეგები, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ხერხი, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი, ზომა, რის შედეგადაც, ი. ა–ესა და ნ. დ–ეს განუსაზღვრა შესაბამისი მუხლების/მუხლის ნაწილების სანქციით გათვალისწინებული სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებს, სასჯელის მიზნებს (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია). საკასაციო საჩივარში ბრალდების მხარეც არ უთითებს სასჯელის უსამართლობის დამადასტურებელ კონკრეტულ გარემობებზე და ამ ნაწილში საკასაციო საჩივარი დაუსაბუთებელია.
20.1. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 30 ნოემბრის განაჩენით, ნ. დ–ეს პირობით მსჯავრთან ერთად, დამატებით სასჯელად დანიშნული ჰქონდა ჯარიმა 2000 ლარი, რომელიც აღსრულების ეროვნული ბიუროს 2023 წლის 1 მაისის წერილის (იხ.: ტომი 3, ს.ფ. 64-65) თანახმად, გადახდილი არ არის. სასამართლო ითვალისწინებს, რომ სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს, 2021 წლის 30 ნოემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან დაუმატა მხოლოდ თავისუფლების აღკვეთის ოთხი დღე.
21. „გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულება არ მოითხოვს მომჩივნების მიერ წარმოდგენილ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას“ (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, par.31, ECtHR, 11/11/2011), არამედ გულისხმობს, რომ სამართალწარმოების მხარეები უნდა ელოდნენ კონკრეტულ და მკაფიო პასუხებს იმ არგუმენტებზე, რომლებიც გადამწყვეტია სამართალწარმოების შედეგებისთვის (იხ.Tchankotadze v. Georgia, no. 15256/05, par. 103, ECtHR, 21/06/2016; Deryan v. Turkey, no. 41721/04, par. 33, ECtHR, 21/07/2015). ამასთანავე იმის განსაზღვრისას, საჭიროებდნენ თუ არა მომჩივნების არგუმენტები აშკარა პასუხს.... სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს თუ რამდენად დასაბუთებული იყო მომჩივნების არგუმენტები იმისათვის, რომ ეჭვქვეშ დაეყენებინა .. სასამართლოების დასკვნები და საქმის მასალებში არსებული მტკიცებულებები (Lobzhanidze and Peradze v. Georgia, no 21447/11, no. 35839/11, par.69, ECtHR, 27/02/2020).
22. მოცემულ შემთხვევაში, არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის არც ერთი საფუძვლის არსებობა, რის გამოც, საკასაციო სასამართლო მოკლებულია საჩივრების დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.
23. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით, საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულების – ნ. დ–ისა და ი. ა–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის – დ. ჯ–ისა და ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ – ბაჩო ბათმანაშვილის საკასაციო საჩივრები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 17 დეკემბრის განაჩენზე;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. ვასაძე
ლ. თევზაძე