1. დამსაქმებელს უფლება აქვს, დასაქმებულისთვის შეტყობინებით დააზუსტოს შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულების ცალკეული გარემოებები, რომლებიც არ ცვლის შრომითი ხელშეკრულების არსებით პირობებს.
2. შრომითი ხელშეკრულების არსებითი პირობები შეიძლება შეიცვალოს მხოლოდ მხარეთა შეთანხმებით. თუ შრომითი ხელშეკრულება არ შეიცავს რომელიმე არსებით პირობას, ასეთი პირობის განსაზღვრა შესაძლებელია დასაქმებულის თანხმობით.
3. შრომითი ხელშეკრულების არსებითი პირობების შეცვლა, რაც განპირობებულია საქართველოს კანონმდებლობის ცვლილებით, დასაქმებულის თანხმობას არ საჭიროებს.
4. შრომითი ხელშეკრულების არსებითი პირობების შეცვლად არ მიიჩნევა შემდეგი გარემოების შეცვლა:
ა) დამსაქმებლის მიერ დასაქმებულისთვის მითითებული სამუშაოს შესრულების ადგილის შეცვლა, თუ ხელმისაწვდომი საზოგადოებრივი სატრანსპორტო საშუალებებით დასაქმებულის საცხოვრებელი ადგილიდან სამუშაოს შესრულების ახალ ადგილამდე მისასვლელად და დასაბრუნებლად საჭიროა დღეში არაუმეტეს 3 საათისა, ამასთანავე, ეს არ მოითხოვს არაპროპორციულ ხარჯებს;
ბ) სამუშაოს დაწყების ან დამთავრების დროის შეცვლა არაუმეტეს 90 წუთით.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ორივე გარემოების ერთდროულად შეცვლა მიიჩნევა შრომითი ხელშეკრულების არსებითი პირობების შეცვლად.
6. თუ იმ დასაქმებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც არის ორსული, ახალნამშობიარები ან მეძუძური ქალი, სამედიცინო დასკვნის თანახმად, არ იძლევა შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულების შესაძლებლობას, მას გონივრული მისადაგების ფარგლებში უფლება აქვს, მოითხოვოს იმავე დამსაქმებელთან თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისი სამუშაოს შესრულება.
7. იმ დასაქმებულის შრომის პირობების შემსუბუქების ან მსუბუქ სამუშაოზე გადაყვანის შეუძლებლობის შემთხვევაში, რომელიც არის ორსული, ახალნამშობიარები ან მეძუძური ქალი, სამედიცინო დასკვნაში მითითებული ვადის, აგრეთვე ორსულობის, ახალნამშობიარობის ან მეძუძურობის ფაქტის გათვალისწინებით, დასაქმებული თავისუფლდება შრომითი ხელშეკრულებით განსაზღვრული მოვალეობების შესრულებისგან. მას აღნიშნული პერიოდი არ ჩაეთვლება ამ კანონის 46-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტითა და 47-ე მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დროებითი შრომისუუნარობის ვადაში. შრომითი ხელშეკრულებით განსაზღვრული მოვალეობების შესრულებისგან გათავისუფლების პერიოდში დასაქმებულის შრომის ანაზღაურების საკითხი განისაზღვრება დასაქმებულისა და დამსაქმებლის შეთანხმებით.
8. დასაქმებულს უფლება აქვს, ორსულობისა და მშობიარობის გამო შვებულების, ბავშვის მოვლის გამო შვებულების, ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულების დასრულების შემდეგ დაბრუნდეს იმავე სამუშაოზე იმავე შრომის პირობებით, აგრეთვე ისარგებლოს ნებისმიერი გაუმჯობესებული შრომის პირობებით იმის ფარგლებში, რისი მიღების უფლებაც მას ექნებოდა, შესაბამისი შვებულებით რომ არ ესარგებლა.
საქართველოს 2020 წლის 29 სექტემბრის ორგანული კანონი №7177 – ვებგვერდი, 05.10.2020
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 29.09.2020-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 29.09.2020 ორგანული კანონი №7177
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(6)
- საქმე №ას-40-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 10.10.2025
12. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მოპასუხის მითითება, რომ ადგილი არ ჰქონია არსებითი პირობის ცვლილებას, არამედ, სახეზე იყო მხოლოდ არსებული პირობის დაზუსტება. სასამართლომ იხელმძღვანელა სშკ-ის 14.1 მუხლის „გ“ ქვეპუნქტითა და მე-20 მუხლის პირველი და მეორე პუნქტებით და აღნიშნა, რომ ყველაზე გვიან გაფორმებული წერილობითი შრომის ხელშეკრულებით, მინიმალური სამუშაო დრო, საათების სახით, მხარეთა შორის შეთანხმებული არ იყო.
- საქმე №ას-1525-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 04.10.2024
ამასთან, კანონით დადგენილია ისიც, რომ თუ დამსაქმებელი დასაქმებულს უცვლის ხელშეკრულების რომელიმე არსებით პირობას, დასაქმებულისთვის მხოლოდ გაცნობა არ მიიჩნევა საკმარისად და სავალდებულოა დასაქმებულის თანხმობა კონკრეტული არსებითი პირობის შეცვლაზე ( საქართველოს შრომის კოდექსის მე-20 მუხლი). მოცემულ შემთხვევაში, როგორც უკვე აღინიშნა, საქმის მასალებით არ დასტურდება მხარეთა შეთანხმება მოპასუხის მიერ შეთავაზებულ სამუშაო გრაფიკსა და ანაზღაურებაზე.
- საქმე №ას-1470-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.03.2024
მდებარე ფილიალი არის საცხოვრებელი სახლიდან,,შორ დისტანციაზე", თუმცა გამოკვლეული არ არის სამუშაოს შესრულების ადგილის ცვლილება რამდენად იწვევდა შრომითი ხელშეკრულების არსებითი პირობის შეცვლას საქართველოს შრომის კოდექსის 20.4 მუხლის,,ა" ქვეპუნქტიდან გამომდინარე. მიუხედავად აღნიშნულისა, დამსაქმებელმა სხვა ალტერნატივებიც შესთავაზა მოსარჩელეს (3 სხვადასხვა ადგილზე არსებული ობიექტები), აღნიშნულ გარემოებას მოსარჩელეც მიუთითებს სარჩელის ფაქტობრივ გარემოებაშიც.
- საქმე №ას-1348-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.12.2023
რაც შეეხება ამ დებულების კანონშესაბამისობას, პალატა ხსენებულ საკითხს გამოიკვლევს შრომის კოდექსის მე-20 მუხლის 1-ელ და მეოთხე პუნქტებთან მიმართებით. სშკ-ის 20.1 მუხლის თანახმად, დამსაქმებელს უფლება აქვს, დასაქმებულისთვის შეტყობინებით დააზუსტოს შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულების ცალკეული გარემოებები, რომლებიც არ ცვლის შრომითი ხელშეკრულების არსებით პირობებს.
- საქმე №ას-359-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.10.2021
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს შრომის კოდექსის (შემდგომ - სშკ) მე-14 მუხლის პირველი პუნქტის,,ვ“ ქვეპუნქტსა და იმავე კოდექსის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტზე და განმარტა, რომ მხარეთა შეთანხმება შრომის ანაზღაურების ცვლილებასთან დაკავშირებით საქმეში წარდგენილი არ იყო, ამიტომ სასამართლომ…
- საქმე №ას-194-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 04.06.2021
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
პრაქტიკა ძველი ნუმერაციით — ყოფილი მუხლი 11 (62)
29.09.2020-მდე ეს ნორმა იყო ამავე აქტის მუხლი 11; გადაწყვეტილებები მას ძველი ნომრით უთითებენ.
- საქმე №ბს-558(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.05.2026
ამგვარ განმარტებას განამტკიცებს ასევე შრომის კოდექსის მე-11 მუხლის მე-2 ნაწილში შესული ცვლილება. კერძოდ, ამ ნაწილს დაემატა მეორე წინადადება, რომლითაც, თუ შრომითი ხელშეკრულება არ ითვალისწინებს რომელიმე არსებით პირობას, ასეთი პირობის განსაზღვრა შესაძლებელია დასაქმებულის თანხმობით.
- საქმე №ას-1431-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 13.06.2024
ამასთან, კანონით დადგენილია ისიც, რომ თუ დამსაქმებელი დასაქმებულს უცვლის ხელშეკრულების რომელიმე არსებით პირობას, დასაქმებულისთვის მხოლოდ გაცნობა და აღნიშნულზე მისი ინფორმირებულობა არ მიიჩნევა საკმარისად და სავალდებულოა დასაქმებულის თანხმობა კონკრეტული არსებითი პირობის შეცვლაზე (სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს შრომის კოდექსის 11.2 მუხლი). მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით არათუ დასტურდება მხარეთა შეთანხმება ან დასაქმებულის სხვაგვარი თანხმობა ხელფასის…
- საქმე №ას-1321-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.04.2024
აღსანიშნავია, რომ სადავო ბრძანებით დამსაქმებლის შეთავაზება ფაქტობრივად საქართველოს შრომის კოდექსის მე-6 მუხლის მე-9 ნაწილის „დ“ (თანამდებობა და შესასრულებელი სამუშაოს სახე) და „ე“ (შრომის ანაზღაურება და გადახდის წესი) ქვეპუნქტების მიხედვით, ხელშეკრულების არსებითი პირობის ცვლილებას ეხება, რაც ამავე კოდექსის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით (შრომითი ხელშეკრულების არსებითი პირობების შეცვლა შესაძლებელია მხოლოდ მხარეთა შეთანხმებით.
- საქმე №ას-100-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.01.2023
- საქმე №ას-150-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.11.2022
- საქმე №ას-734-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.11.2022
- საქმე №ას-1365-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 14.04.2022
- საქმე №ას-421-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 31.05.2021
- საქმე №ას-820-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.02.2021
- საქმე №ას-577-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 18.09.2020
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს შრომის კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 16.04.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 75, 27/12/2010.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება