1. ძირითადი საწარმოო ობიექტის ტერიტორია უნდა იყოს შემოღობილი და ჰქონდეს საერთო სარგებლობის გზებზე სულ ცოტა ორი გასასვლელი. შემოღობვა მუდმივად უნდა იყოს გამართულ მდგომარეობაში და არ იძლეოდეს ტერიტორიაზე უცხო პირთა შესვლის საშუალებას. ობიექტის ტერიტორიის შესასვლელში და შემოღობვის მთელ პერიმეტრზე უნდა იყოს განთავსებული უსაფრთხოების ნიშნები და შესაბამისი წარწერები მოქმედი სტანდარტის მიხედვით.

2. ღამის საათებში ობიექტების ტერიტორიები აუცილებელია განათდეს. ელექტროგანათება უნდა აკმაყოფილებდეს ელექტროდანადგარების მოწყობის წესების მოთხოვნებს და უზრუნველყოფდეს განათებულობის სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს.

3. ობიექტებზე მოწყობილობა უნდა განთავსდეს ისე, რომ შესაძლებელი იყოს მისი მომსახურების და რემონტის მოსახერხებელი და უსაფრთხო შესრულება. მოწყობილობებს შორის მანძილი, აგრეთვე, მანძილი მოწყობილობიდან შენობის კედლებამდე უნდა აკმაყოფილებდეს შესაბამისი სტანდარტის მოთხოვნებს.

4. შენობებსა და ნაგებობებთან გასავლელები, აგრეთვე, ჩამკეტი არმატურის მართვის კვანძებთან, საზომ-საკონტროლო ხელსაწყოებსა და ავტომატიკის საშუალებებთან მისასვლელები დროულად უნდა გაიწმინდოს ტალახის, თოვლის, ყინულისა და ქვიშისაგან.

5. საწარმოო ობიექტების სათავსებს უნდა ჰქონდეთ სულ ცოტა ორი ერთმანეთის საპირისპიროდ განლაგებული გასასვლელი.

6.  შენობებში შესასვლელს უნდა ჰქონდეს კარსელი (ტამბური) ან სხვა მოწყობილობა, რომელიც დაიცავს მუშაკებს გამჭოლი (ორპირი) ქარისა და ტემპერატურის მკვეთრი დაცემისგან.

7. მოედნები, გადასასვლელები და ჩაღრმავებები სათავსოებში უნდა იყოს შემოზღუდული და მათ უნდა ჰქონდეს მოაჯირებიანი კიბეები.

8. ჭები, მათ შორის, წყალსადენის და კანალიზაციის, მიწისქვეშა საცავები და დახურული არხები (შემდგომში – ჭები), რომლებიც განლაგებულია გაზსადენების გასწვრივ ორივე მხარეს 15 მ-ის მანძილზე, წარმოადგენს საშიშ ზონას და მათი შემოწმება  უნდა განხორციელდეს მოქმედი სტანდარტის მიხედვით.

9. ჭები მუდმივად დახურული (დაკეტილი) უნდა იყოს სპეციალური სახურავებით.

10. ჭა, რომელშიც სრულდება სამუშაო, უნდა შემოიღობოს, დაყენდეს უსაფრთხოების ნიშნები და განათდეს ღამის საათებში.

11. ჭაში გაზის დაგროვების თავიდან ასაცილებლად და ჰაერის ნიმუშის ასაღებად ჭაში ჩაუსვლელად, მის სახურავს უნდა ჰქონდეს შესაბამისი  დიამეტრის ნახვრეტი.

12. ჭები დაცული უნდა იყოს ზედაპირული და გრუნტის წყლების მოხვედრისგან. აუცილებლობის შემთხვევაში უნდა გაკეთდეს დრენაჟი ჩამონადენების სამრეწველო კანალიზაციაში ჩასაშვებად ჰიდრავლიკური საკეტის გავლით.

13. ჭების დათვალიერება და გაწმენდა უნდა ჩატარდეს მოქმედი სტანდარტის მიხედვით.

14. ჭაში სამუშაოები უნდა ჩატარდეს შესაბამისი სტანდარტის დაცვით.

15. ჭაში ჩასვლამდე აუცილებელია მისი ზემოდან დათვალიერება და დაგაზიანებაზე შემოწმება. დაგაზიანებისას ჭა კარგად უნდა განიავდეს გადასატანი ვენტილატორებით ან სხვა აფეთქებაუსაფრთხო შესრულების მოწყობილობით და ჩატარდეს ჰაერის განმეორებითი ანალიზი.

16. მოწყობილობის, მილსადენების, ინსტრუმენტების, საზომ-საკონტროლო ხელსაწყოების და ავტომატიკის საშუალებების ექსპლუატაცია უნდა ხდებოდეს დამამზადებელი ქარხნის ინსტრუქციის საფუძველზე შედგენილი ტექნოლოგიური ინსტრუქციების შესაბამისად.

17. მოწყობილობას და არმატურას უნდა ჰქონდეს რიგითი ნუმერაცია.

18. მოწყობილობის, მილსადენების, საზომ-საკონტროლო ხელსაწყოების და ავტომატიკის საშუალების ავარიული გაჩერების (გამორთვის) შემთხვევაში, მათი ხელმეორედ ამუშავება (ჩართვა) აკრძალულია მანამ, სანამ არ გამოვლინდება და არ აღმოიფხვრება დარღვევის მიზეზი, რამაც განაპირობა ავარიული გაჩერება (გამორთვა).

19. მოწყობილობის მბრუნავი და მოძრავი ნაწილები საიმედოდ უნდა იქნეს შემოზღუდულ