1. ამ ინსტრუქციის მიზნებისათვის, მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) დაწესებულება – „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლით გათვალისწინებული დაწესებულებები;
ბ) საბიუჯეტო ორგანიზაცია – ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დაწესებულების სისტემაში შემავალი საბიუჯეტო ორგანიზაცია;
გ) დაწესებულების ხელმძღვანელი – დაწესებულების ხელმძღვანელი, რომელიც პასუხისმგებელია თავისი სისტემის ფარგლებში „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის II თავით განსაზღვრული ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის არსებობაზე;
დ) პროგრამა – საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით განსაზღვრული პროგრამა;
ე) პროგრამის ხელმძღვანელი – დაწესებულების პროგრამული ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამის განხორციელებაზე პასუხისმგებელი პირი, რომელიც უზრუნველყოფს ბიუჯეტის განმკარგავების საქმიანობის შედეგების თანხვედრას დაწესებულების პროგრამის მიზნებთან. პროგრამის ხელმძღვანელი ანგარიშვალდებულია დაწესებულების ხელმძღვანელის წინაშე;
ვ) ბიუჯეტის განმკარგავი – პირი, რომელიც განკარგავს პროგრამის/ქვეპროგრამის მიზნების მისაღწევად გათვალისწინებულ სახსრებს და თავისი კომპეტენციის ფარგლებში განსაზღვრავს პროგრამის/ქვეპროგრამის მიზნების მიღწევისთვის საჭირო ღონისძიებებს;
ზ) ოპერაციული მენეჯერი – საბიუჯეტო ორგანიზაციის სტრუქტურული დანაყოფის ხელმძღვანელი, რომელიც ანგარიშვალდებულია ბიუჯეტის განმკარგავის წინაშე, უშუალოდაა ჩართული საბიუჯეტო ორგანიზაციის საქმიანობაში და გააჩნია საქმიანობის მიზნები და ამოცანები. იგი უზრუნველყოფს მისი საქმიანობის შესაბამისობას პროგრამის/ქვეპროგრამის მიზნებთან;
თ) ფინანსური სამსახური/დეპარტამენტი – დაწესებულების სტრუქტურული დანაყოფი, რომლის ძირითადი მოვალეობაა ბიუჯეტის კოორდინირება, მის დაგეგმვაში მონაწილეობის მიღება, აღრიცხვის წარმოება, ხარჯებისა და შემოსავლების ბიუჯეტით გათვალისწინებულ პარამეტრებთან შესაბამისობის კონტროლი. იგი პროგრამის ფარგლებში ანგარიშვალდებულია ბიუჯეტის განმკარგავის წინაშე და ვალდებულია ხელი შეუწყოს ფინანსური მართვისა და კონტროლის პრინციპების დანერგვას. ამასთან, დაწესებულების ფინანსური სამსახური/დეპარტამენტი პროგრამის ხელმძღვანელებისგან მიღებული შესაბამისი ინფორმაციის საფუძველზე ამზადებს ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ანგარიშს, რომელიც წარედგინება დაწესებულების ხელმძღვანელს;
ი) ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის კოორდინატორი (შემდეგში – სისტემის კოორდინატორი) – დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ განსაზღვრული სათანადო კვალიფიკაციისა და საამისოდ უფლებამოსილი პირი, რომელიც დაწესებულების ფინანსური სამსახურის/დეპარტამენტის მეშვეობით ხელს უწყობს დაწესებულებაში ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის დანერგვას, პასუხისმგებელია მის გამართულ ფუნქციონირებასა და უწყვეტ განვითარებაზე. იგი წარმოადგენს მაღალი რგოლის მენეჯერს, რომლის უშუალო დაქვემდებარებაში იმყოფება ფინანსური სამსახურის/ დეპარტამენტის ხელმძღვანელი. ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის კოორდინატორის პასუხისმგებლობა უნდა მოიცავდეს შემდეგს:
● ჯანსაღი და გამართული შიდა კონტროლის სისტემის უზრუნველყოფას, რომელიც ხელს შეუწყობს დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ განსაზღვრული პოლიტიკისა და მიზნების სრულყოფილად შესრულებას;
● სახელმწიფო სახსრებისა და დაწესებულების აქტივების დაცვას არამართლზომიერი გამოყენებისაგან;
● იმის უზრუნველყოფას, რომ დაწესებულების ყველა სტრუქტურულ დანაყოფში, მათ შორის დაწესებულების სისტემაში შემავალ საბიუჯეტო ორგანიზაციებში არსებობს რისკების იდენტიფიცირებისა და მართვის ღონისძიებები;
● მოთხოვნას დაწესებულების სისტემაში შემავალი ყველა საბიუჯეტო ორგანიზაციის ხელმძღვანელისადმი, ეფექტური ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ჩამოყალიბებაზე, რომელიც შესაბამისობაში იქნება ამ ინსტრუქციით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან;
● უზრუნველყოფას, რომ დაწესებულების მაღალი რგოლის მენეჯერები ხელს უწყობდნენ დაწესებულების შიგნით ერთიანობისა და ეთიკური ღირებულებების ჩამოყალიბებას;
● უზრუნველყოფას, რომ მაღალი რგოლის ხელმძღვანელი პირების მხრიდან იარსებებს საზედამხედველო ღონისძიებები და უფლებამოსილებების დელეგირება;
● კონტროლის ღონისძიებების ზედამხედველობას, რომელიც მოიცავს როგორც ფინანსურ, ასევე კონტროლის იმ ღონისძიებებს, რომლებიც უზრუნველყოფენ მიზნების მიღწევას და დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ განსაზღვრულ ქმედებებს;
● ინფორმაციის ნაკადების არსებობას;
● შესაბამის ღონისძიებებს ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ქმედითობისა და ეფექტიანობის სისტემატური მონიტორინგისათვის;
კ) ჰარმონიზაციის ცენტრი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომელიც ხელს უწყობს და უზრუნველყოფს დაწესებულებებსა და მათ სისტემაში შემავალ საბიუჯეტო ორგანიზაციებში სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის სისტემის დანერგვას, განვითარებასა და ფუნქციურ სრულყოფას და ამ საკითხების კოორდინაციას. ჰარმონიზაციის ცენტრი სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის სისტემის განვითარების შესახებ კონსოლიდირებულ წლიურ ანგარიშში აფასებს ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის დანერგვას ამ ინსტრუქციის მიხედვით. ჰარმონიზაციის ცენტრი პასუხისმგებელია:
ა) სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის დანერგვა/განვითარებისათვის საჭირო მეთოდოლოგიური სახელმძღვანელოების და ინსტრუქციების შემუშავება/დახვეწაზე, როგორც ფინანსური მართვისა და კონტროლისთვის, ასევე შიდა აუდიტისთვის;
ბ) ზემოხსენებული სახელმძღვანელოების და ინსტრუქციების დანერგვაზე;
გ) ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემაში ჩართული დაწესებულებების კონსულტირებასა და სრულ მხარდაჭერაზე ზემოაღნიშნული სახელმძღვანელოების და ინსტრუქციების დანერგვის პროცესში;
დ) სისტემის დანერგვის პროცესში საჭირო ტრენინგებისა და სხვასხვა სამუშაო შეხვედრების ორგანიზებაზე მონაწილე მხარეებისათვის.
2. დაწესებულებაში ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემაში მონაწილე სხვა პირების/სუბიექტების ფუნქციებსა და პასუხისმგებლობებს, ამ ინსტრუქციის მოთხოვნების შესაბამისად, განსაზღვრავს დაწესებულების ხელმძღვანელ