1. ფინანსური კონტროლი გულისხმობს არსებული ფინანსური კონტროლის მექანიზმების, მათ შორის, ფინანსური რეგულაციების გაუმჯობესებას და მენეჯერული ანგარიშვალდებულების დანერგვას. ამ ეტაპის განხორციელებისათვის მოთხოვნილი მიდგომები და პრინციპები აღწერილია ფინანსური კონტროლის ჩამოყალიბების წესებსა და პროცედურებში (დანართი №1).

2. ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის დანერგვის პირველი ეტაპის მიზანია, უფლებამოსილების დელეგირების გზით მოხდეს შესაბამისი მენეჯერების ანგარიშვალდებულებების ზრდა და დაწესებულების სახსრების მართვისა და კონტროლის საკითხებში ჩართულობა, ასევე, სხვადასხვა ხელმძღვანელი პირების ფინანსური ცნობიერების ამაღლება, რომლებიც უშუალოდ არიან ჩართულნი გადაწყვეტილების მიღების პროცესში დაწესებულების მასშტაბით. ამის შედეგად, დაწესებულებაში გაუმჯობესდება ბიუჯეტის დაგეგმვის ხარისხი და ფინანსური კონტროლის მექანიზმები, რომლებიც ხელს შეუწყობს რესურსების ეკონომიურ, ეფექტიან და პროდუქტიულ გამოყენებას. აგრეთვე, აღსანიშნავია ისიც, რომ მენეჯერული უფლებამოსილების დელეგირება ხელს შეუწყობს მენეჯერის დაწესებულების საქმიანობის მართვაში ჩართულობის ხარისხის ზრდასა და რესურსების ეფექტურ მართვას.

3. დაწესებულების ხელმძღვანელი უზრუნველყოფს დაწესებულების საქმიანობის გრძელვადიანი მიზნების, სტრატეგიისა და პრიორიტეტების სწორად განსაზღვრას. დაწესებულების ხელმძღვანელი დასახული მიზნების მისაღწევად განსაზღვრავს სათანადო და ადეკვატურ პროგრამებს, ხოლო ღონისძიებების შემუშავების ფუნქციის დელეგირებას ახდენს პროგრამის ხელმძღვანელებზე.

4. პროგრამას ან ქვეპროგრამას (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ახორციელებს ბიუჯეტის განმკარგავი. იგი ანგარიშვალდებულია პროგრამის ხელმძღვანელის წინაშე და, თავის მხრივ, პასუხისმგებელია მის მიერ განხორციელებული ქმედებების ბიუჯეტთან და პროგრამის მიზნებთან შესაბამისობაზე. ბიუჯეტის განმკარგავი, შესაბამისი პროგრამის ან ქვეპროგრამის ფარგლებში, განსაზღვრავს საოპერაციო მენეჯერის როლს, რომელიც ანგარიშვალდებულია ბიუჯეტის განმკარგავთან და უშუალოდაა ჩართული დაწესებულების საოპერაციო საქმიანობაში. მისი ამოცანაა საოპერაციო ერთეულის ფუნქციონირების ფინანსური კონტროლის პრინციპებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა.

5. ამ ინსტრუქციის მიზნებიდან გამომდინარე, პროგრამის ხელმძღვანელი ამავდროულად არ შეიძლება იყოს ბიუჯეტის განმკარგავი (აღნიშნული დასაშვებია მხოლოდ მართვისა და რეგულირების ტიპის პროგრამის შემთხვევაში).

6. მენეჯერული ანგარიშვალდებულების დელეგირების სქემა, პასუხისმგებელი პირებითა და შესაბამისი ფუნქციებით, განისაზღვრება დაწესებულების ხელმძღვანელის სამართლებრივი აქტით.

7. დაწესებულება აყალიბებს საკუთარ ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემას, რომელიც უნდა ეფუძნებოდეს რამდენიმე მნიშნელოვან პრინციპს:

ა) დაწესებულების ბიუჯეტს პროგრამის ხელმძღვანელის მიერ განსაზღვრული პოლიტიკისა და სტანდარტების შესაბამისად, პროგრამის/ქვეპროგრამის ფარგლებში განკარგავს ბიუჯეტის განმკარგავი;

ბ) ბიუჯეტის მომზადება უნდა მოხდეს პროგრამის ხელმძღვანელის, ბიუჯეტის განმკარგავის, ფინანსური სამსახურის/დეპარტამენტის და საოპერაციო მენეჯერების უშუალო ჩართულობით, პროგრამის მიზნებისა და ამოცანების შესაბამისად;

გ) პროგრამის შედეგიანობის და ბიუჯეტის მაჩვენებლების კონტროლი უნდა განხორციელდეს პასუხისმგებელი მენეჯერებისა და ფინანსური სამსახურის/დეპარტამენტის მიერ, თავისი კომპეტენციის ფარგლებში. ბიუჯეტის მაჩვენებლებისა და პროგრამის მიზნების შესაძლო შეუსრულებლობის შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს მიზეზების იდენტიფიცირება და ანალიზი.

8. დაწესებულების ხელმძღვანელი განსაზღრავს დაწესებულების სტრუქტურული დანაყოფების და მის სისტემაში შემავალი საბიუჯეტო ორგანიზაციების მიზნებს და შესრულების შეფასების ინდიკატორებს. პროგრამის მიზნების, ბიუჯეტის მაჩვენებლებისა და შესრულების შეფასების ინდიკატორების განსაზღვრა უნდა მოიცავდეს ოთხწლიან პერიოდს. მისი გადახედვა უნდა მოხდეს ყოველწლიურად, ფაქტობრივი შესრულების გათვალისწინები