1. ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის დანერგვის მეორე ეტაპია მენეჯერული კონტროლი, რომელიც მოიცავს პირველ ეტაპზე განსაზღვრული მენეჯერული პასუხისმგებლობების სტრუქტურის გაუმჯობესებას გაზრდილი პასუხისმგებლობის დელეგირების საშუალებით, ასევე, საოპერაციო ერთეულების ჩართულობის გაზრდას ეფექტური კონტროლის მექანიზმების შემუშავების, რისკის მართვისა და ანგარიშგების პროცესში.

2. მენეჯერული კონტროლი არის პროცესი, რომლის მიზანია დაწესებულების ყველა იერარქიულ საფეხურზე მენეჯერული სტრუქტურის სრულყოფა, რაც ხელს შეუწყობს თითოეულ ღონისძიებაზე პასუხისმგებელი პირების უფლებამოსილებების გამიჯვნასა და დაწესებულების მიზნების მიღწევას ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის პრინციპების დაცვით. დაწესებულების ყველა იერარქიულ საფეხურზე მდგომი ხელმძღვანელის მოვალეობაა დაწესებულების სტრატეგიის შესაბამისი ადეკვატური მიზნების დასახვა, რომლებიც მიღწევადია დროის მოცემულ პერიოდში, არსებული ბიუჯეტის გათვალისწინებით.

3. დაწესებულების ყველა იერარქიულ საფეხურზე მდგომმა ხელმძღვანელმა მიზნების განსაზღვრის პროცესში უნდა გაითვალისწინოს შემდეგი ფაქტორები:

· რისკები, რომლებიც ხელს უშლიან მიზნების მიღწევას;

· დაწესებულების მენეჯერული ანგარიშვალდებულების პრინციპების დაცულობა;

· დაწესებულების ოპერაციების შესაბამისობა მოქმედ კანონმდებლობასა და რეგულაციებთან;

· დაწესებულების რესურსების დანაკარგების, დაზიანებისა და არასწორად გამოყენებისაგან დაცულობა.

4. დაწესებულების ყველა იერარქიულ საფეხურზე მდგომი ხელმძღვანელი პასუხისმგებელია მენეჯერული კონტროლის სისტემის ეფექტურ დანერგვასა და ფუნქციონირებაზე, სადაც მენეჯერული კონტროლის სისტემის ჩამოყალიბების აუცილებელი ელემენტებია:

· კონკრეტული (Specific), გაზომვადი (Measurable), განხორციელებადი (Achievable), შესაფერისი (Relevant) და დროში გაწერილი (Time bound) მიზნების (SMART) განსაზღვრა, რომლებიც შესაბამისობაშია არსებულ ბიუჯეტთან და განხორციელებადია გარკვეული დროის მონაკვეთში;

· დასახული მიზნების თანხვედრა პროგრამის მიზნებთან და დაწესებულების სტრატეგიასთან. ზემდგომ მენეჯერთან შეთანხმებული უნდა იყოს ოპერაციული მენეჯერისთვის დაკისრებული უფლება-მოვალეობები, რესურსები, პასუხისმგებლობები და მისი საქმიანობის შეფასების ინდიკატორები;

· იმ შემთხვევაში, თუ მენეჯერი პასუხისმგებელია უზრუნველყოს მომსახურების შესრულების სტანდარტების დაკმაყოფილება, მაშინ იგი ვალდებულია წინასწარ შეათანხმოს/დააზუსტოს აღნიშნული სტანდარტები და უზრუნველყოს სტანდარტებისა და მის განკარგულებაში არსებული ბიუჯეტის შესაბამისობა;

· ოპერაციულ მენეჯერს დასახული მიზნების მიღწევისათვის უნდა გააჩნდეს დელეგირებული პასუხისმგებლობების თანაზომიერი უფლებამოსილება. ოპერაციულ მენეჯერს უნდა გააჩნდეს აუცილებელი/შესაბამისი ინფორმაციული სისტემის მხარდაჭერა, რათა მან შეძლოს როგორც ბიუჯეტის, ასევე განხორციელებული აქტივობების კონტროლი და შეფასება;

· ოპერაციულმა მენეჯერმა უნდა გაითვალისწინოს ასევე მის საქმიანობასთან დაკავშირებული რისკები და მოახდინოს მათი მართვა;

· უნდა არსებობდეს შესაბამისი ანგარიშგების სისტემა, რომელიც გულისხმობს არა მხოლოდ შედეგების ანგარიშგებას, არამედ წარდგენილი ანგარიშგების შეფასებასა და შედეგების ანალიზს/ანალიტიკურ დამუშავებას.

5. ყველა იერარქიულ საფეხურზე მდგომმა ხელმძღვანელმა დაწესებულების ხელმძღვანელს ყოველწლიურად უნდა წარუდგინოს ანგარიში მენეჯერული კონტროლის სისტემის დანერგვისა და რისკის მართვასთან დაკავშირებული პროცედურების ეფექტურობის შესახებ. დაწესებულების ხელმძღვანელი თავის მხრივ აღნიშინულ ანგარიშს ყოველწლიურად წარუდგენს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო