1. ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემა არ გულისხმობს მხოლოდ ფინანსურ კონტროლს. იგი მოიცავს კონტროლის ყველა ასპექტს, რომელიც აუცილებელია დაწესებულების ხელმძღვანელისთვის, რათა მიიღოს გონივრული რწმუნება იმისა, რომ მიზნები მიღწევადია ეფექტიანად და პროდუქტიულად, არსებული სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, მოცემული დროისა და ბიუჯეტის, ასევე განსაზღვრული შესრულების სტანდარტების შესაბამისად.
2. ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემა ეფუძნება შიდა კონტროლის საერთაშორისოდ აღიარებულ სახელმძღვანელოს1 და შედგება შემდეგი კომპონენტებისგან:
ა) კონტროლის გარემო, რომელიც მოიცავს ორგანიზაციულ სტრუქტურას, მაღალი რგოლის მენეჯმენტის დამოკიდებულებას დაწესებულების მთლიანობასა და ეთიკურ ღირებულებებთან მიმართებით; მაღალი რგოლის მენეჯმენტის მხრიდან განხორციელებულ საზედამხედველო ღონისძიებებს (ანგარიშვალდებულების სისტემას), უფლებამოსილების დელეგირების ხარისხს, შესრულების კრიტერიუმებს და ზოგადად დაწესებულების კულტურას;
ბ) რისკის მართვა – ის დონე, რომლის ფარგლებშიც რისკი გათვალისწინებულია დაწესებულების მიზნების მიღწევის პროცესში, მათ შორის იმ მიზნებისთვის, რომლებიც განსაზღვრულია მმართველობის თითოეული დონისათვის;
გ) კონტროლის ღონისძიებები, რომელიც მოიცავს ფინანსურ კონტროლს და კონტროლის იმ ღონისძიებებს, რომლებიც უზრუნველყოფენ დაწესებულების მიზნების მიღწევას, ასევე იმ ქმედებებს, რომლებიც განსაზღვრულია დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ. კონტროლის ღონისძიებები მოიცავს ასევე ტექნოლოგიურ კონტროლს, რაც გულისხმობს ავტორიზაციას (დელეგირება), ასევე დადასტურებას/დამოწმებას და სხვა ღონისძიებებს, რაც მიმართულია სახელმწიფო რესურსების გამოყენების კანონიერების უზრუნველყოფისაკენ;
დ) ინფორმაცია და კომუნიკაცია – დაწესებულების ხელმძღვანელის პასუხისმგებლობა, უზრუნველყოს მენეჯმენტის სხვადასხვა დონეებზე საჭირო და სანდო ინფორმაციის ქონა, როგორც შიდა, ასევე გარე ფაქტორებზე. დაბალი რგოლის მენეჯერები უნდა აწვდიდნენ ინფორმაციას უფრო მაღალ დონეებზე მყოფთ იმ ფაქტორების შესახებ, რომლებმაც შესაძლებელია გავლენა იქონიონ მათ მიერ მიზნების მიღწევაზე. ეს ნიშნავს, რომ უნდა არსებობდეს ეფექტური კომუნიკაცია როგორც ზევიდან ქვევით, ასევე ქვევიდან ზევით მენეჯერულ ჯაჭვში; ინფორმაციის მიმოსვლის გამჭვირვალობა უმნიშვნელოვანესია;
ე) მონიტორინგი და შეფასება, რომელიც უზრუნველყოფს მთლიანად მმართველობითი კონტროლის ღონისძიებების ეფექტურობასა და ეფექტიანობას. მონიტორინგის პროცესის ძირითადი ელემენტია შიდა აუდიტ