1. ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის დანერგვის მესამე ეტაპს წარმოადგენს ფინანსური მართვის სისტემის დანერგვა დაწესებულებაში. იგი წარმოადგენს ტექნიკურად ყველაზე რთულ და კომპლექსურ ეტაპს, თუმცა უზრუნველყოფს წინაპირობების შექმნას რესურსების (value for money) ყველაზე ეფექტიანი გამოყენებისათვის.
2. ფინანსური მართვის სისტემის მეშვეობით დაწესებულების საქმიანობის ფინანსური ასპექტები მიმართულია დაწესებულების მიზნების მაქსიმალურად ეფექტიანად მიღწევისკენ. აღნიშნული ეტაპი უმნიშვნელოვანეს გავლენას ახდენს ოპერაციული მენეჯერის, ფინანსური სამსახურის/დეპარტამენტის ხელმძღვანელისა და დაწესებულების ხელმძღვანელის საქმიანობის სრულყოფაზე.
3. ფინანსური მართვა მოიცავს:
ა) ხარჯვითი ცენტრების იდენტიფიცირებას. ხარჯვითი ცენტრი, თავის მხრივ, გულისხმობს დაწესებულების კონკრეტულ, იდენტიფიცირებად სტრუქტურულ დანაყოფს ან დაწესებულების სიტემაში შემავალ საბიუჯეტო ორგანიზაციას, რომელიც აგენერირებს გარკვეულ სახსრებს/შემოსულობებს და, შესაბამისად, ახორციელებს არსებული რესურსების ხარჯვას;
ბ) ფინანსურ ანალიზს, რომელიც მოიცავს რესურსების განაწილების ფინანსური შედეგების ანალიზს, რომელიც მიმართულია დაწესებულების პროცესების სრულყოფის, ალტერნატიული დანახარჯების გამოვლენისა და ხარჯვითი ცენტრების ანალიზისკენ;
გ) სტრატეგიულ ფინანსურ მართვას, რომელიც გამოიყენება გრძელვადიანი ბიუჯეტირების დროს და თვისობრივად განსხვავდება საშუალო ვადიანი ფინანსური დაგეგმვისგან. ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის დანერგვის მესამე ეტაპზე ხდება ბიუჯეტის ფორმირება არა მისი ლიმიტიდან გამომდინარე, არამედ სტრატეგიული მიზნებისა და საინვესტიციო გადაწყვეტილებების მიხედვით, რომელიც მოითხოვს კომპლექსურ ფინანსურ ანალიზზე დაფუძნებული მეთოდოლოგიის გამოყენებას.
4. ფინანსური გადაწყვეტილების მიმღებს წარმოადგენს კონკრეტული პროგრამის ან ხარჯვითი ცენტრის ხელმძღვანელი და არა ფინანსური სამსახურის/დეპარტამენტის ხელმძღვანელი. ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის დანერგვის მესამე ეტაპზე ფინანსური სამსახურის/დეპარტამენტის ხელმძღვანელის ერთ-ერთ მოვალეობად განისაზღვრება დაწესებულების ყველა იერარქიულ საფეხურზე მდგომი ხელმძღვანელისთვის ფინანსური რჩევების დროული მიწოდება, რათა უზრუნველყოფილ იქნას ეფექტიანი გადაწყვეტილებების მიღება. ამას განაპირობებს ის ფაქტი რომ, გადაწყვეტილების მიმღები, თავისთავად, არის პირი, რომელიც ყველაზე უკეთ განსაზღვრავს თავისი ოპერაციული ერთეულისთვის საჭირო და რელევანტურ აქტივობებსა და ოპერაციებს.
5. ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის დანერგვის მესამე ეტაპზე მნიშვნელოვნად იცვლება ფინანსური სამსახურის/დეპარტამენტის როლი. იგი ბიუჯეტის მაკოორდინირებელი და სააღრიცხვო სისტემის წარმმართველი სამსახურის/დეპარტამენტის ფუნქციასთან ერთად ითავსებს ფინანსური მრჩევლის როლს. აღნიშნული სამსახურის/დეპარტამენტის ხელმძღვანელი ახდენს ხარჯების განმსაზღვრელი ფაქტორების იდენტიფიცირებას, ფინანსურ ანალიზს და უშუალოდაა ჩართული ფინანსური სტრატეგიის შემუშავებაში, რათა უზრუნველყოს სამოქმედო გეგმისა და დანახარჯების სწორი განსაზღვრა. ფინანსური სამსახური/დეპარტამენტი ასევე უზრუნველყოფს ფინანსური კონტროლის ყველა ასპექტის სრულყოფილ და გამართულ ფუნქციონირებას დაწესებულების მასშტაბით. ამ პროცედურის ფარგლებში იგი მჭიდროდ თანამშრომლობს შიდა აუდიტის სუბიექტთან. თანამშრომლობა მოიცავს „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით შიდა აუდიტის სუბიექტისთვის განსაზღვრული საქმიანობის ფარგლებში თანამშრომლობას. ამასთანავე, ფინანსური სამსახური/დეპარტამენტი არის დაწესებულების ხელმძღვანელისა და პროგრამის ხელმძღვანელების მთავარი მრჩეველი ფინანსურ საკითხებში.
6. ყველა დაწესებულების ფინანსური სამსახურის/დეპარტამენტის ხელმძღვანელი უნდა იყოს მაღალკვალიფიციური პროფესიონალი, რომელსაც გააჩნია ფინანსური ანალიზის სიღრმისეული ცოდნა.
7. დაწესებულების/პროგრამის ხელმძღვანელი პასუხისმგებელია დაწესებულების სტრატეგიის ეფექტურ განხორციელებასა და მიზნების მიღწევაზე, რომელიც ეყრდნობა ფინანსური სამსახურის/დეპარტამენტის მიერ ჩატარებულ ანალიზსა და მიწოდებულ ინფორმაციას.
8. ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის დანერგვის შემდგომ ძირითადი აქცენტი გაკეთდება დაწესებულებაში პროდუქტიულობისა და ეფექტიანობის კიდევ უფრო გაზრდაზე, რაც, თავის მხრივ, მოითხოვს დაწესებულების გაუმჯობესებული ხარისხის ფინანსურ/საოპერაციო ინფორმაციას და მენეჯერული აღრიცხვის ინფორამაციის მიღებასა და გამოყენებას. ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის დანერგვის მესამე ეტაპზე პროდუქტიულობისა და ეფექტიანობის ზრდის პროცესში აღსანიშნავია ანგარიშვალდებულების დელეგირების მაქსიმალური ზრდა და თითოეული მენეჯერის კომპეტენციის ფარგლებში რისკის მართვის უზრუნველყოფა. აღნიშნული ძირითადად გულისხმობს იმ ფაქტორების იდენტიფიცირებასა და მართვას, რომლებიც ხელს უშლის დაწესებულებას დასახული მიზნების მიღწევაში შეზღუდული დროის, სტანდარტებისა და მატერიალური რესურსების პირობებშ