ბრძანება N 14616

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 02.07.2025
№ დოკუმენტი 14616
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 14616

02 ივლისი 2025

ბრძანება

ი/მ "------"-ის (ს/ნ "------")

(მის.: "------")

2025 წლის 7 მაისის საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 29 მაისის და 26 ივნისის სხდომებზე (ოქმები №44 და №50) განიხილა ი/მ "------"-ის (ს/ნ "------" ) 2025 წლის 7 მაისის №95574/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 10 აპრილის №002-42 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

სადავო საკითხები საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებასთან დაკავშირებით:

1. რეალიზაციიდან მიღებულ შემოსავალთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ გადაანგარიშების ეტაპზე წარადგინა საბუღალტრო ბაზა. ამასთან, 2025 წლის 31 მარტს დამატებით შემმოწმებელთან გააგზავნა შესწორებული (სრული) საბუღალტრო ბაზა და შესაბამისი დოკუმენტაცია, სადაც სრულყოფილად იყო აღრიცხული საბუღალტრო ჩანაწერები, მათ შორის 2023 წლის 29 მაისს ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი დანაკლისი 131 396 ლარის ოდენობით. გადამხდელი აცხადებს, რომ შემმოწმებელმა არ იხელმძღვანელა ახალი შესწორებული საბუღალტრო ბაზით, რითაც ფიქსირდება სხვაობა შემოსავლებში.

2. ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვით ხარჯთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ 2025 წლის 31 მარტს შემმოწმებელთან გააგზავნა საბუღალტრო ბაზის განახლებული, სრულად შესწორებული ვერსია. აღნიშნულ ბაზაში დეტალურად არის ასახული ყველა საბუღალტრო ჩანაწერი, რომელიც მიესადაგება შემოსავლებისა და ხარჯების სრულყოფილ აღრიცხვას. მათ შორის, სრულად არის ასახული სრული პერიოდის შესყიდვის აქტები. გარდა იმ შესყიდვის აქტებისა, რომლებიც უკვე იყო წარდგენილი შემოწმების საწყის ეტაპზე, შემმოწმებლისთვის დამატებით იქნა წარდგენილი შესყიდვის აქტები.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 31 დეკემბრის №27813 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ი/მ"------"-ის (ს/ნ "------") საჩივარი. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

„1. ი/მ "------"-ის (ს/ნ "------") საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს საჩივარში მითითებული არგუმენტების შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მიერ ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);

4. მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის პირველი და მე-2 პუნქტის შესრულების შედეგების გათვალისწინებით, განსაზღვროს მეწარმის დასაბეგრი შემოსავალი და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს ქონების გადასახადში საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

5. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს“.

შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 31 დეკემბრის №27813 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა 2025 წლის 7 აპრილს გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა სულ 10 817 ლარი, მათ შორის: გადასახადი 7 212 ლარი, ჯარიმა 3 605 ლარი. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2025 წლის 10 აპრილის №002-42 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

 რეალიზაციიდან მიღებულ შემოსავალთან დაკავშირებით, გადაანგარიშების ფარგლებში გადამხდელის მიერ წარდგენილ იქნა ბუღალტრული პროგრამა ორისი, სადაც ასახულია ინდ. მეწარმის კუთვნილი საბანკო ანგარიშების მხოლოდ ნაწილი, სადაც ხდებოდა რეალიზებული საქონლისთვის თანხის ჩარიცხვა. (სხვა ანგარიშები ასახულია როგორც პირადი). შემოწმების მიერ შემოსავლები დათვლილია შემდეგი პრინციპით: საბანკო ამონაწერში საქონლის რეალიზაციიდან მიღებულ შემოსავალს დამატებული აქვს საკონტროლო-სალარო აპარატში დაფიქსირებული თანხები. ასევე ის თანხები, სადაც პირადი ჩარიცხვები იყო საფუძვლად მითითებული და გადამხდელის მიერ მოხდა გაშიფრვა, როგორც საქონლის რეალიზაციიდან მიღებული თანხები. ამასთან, გადამხდელს არ ჰქონდა 2023 წლის შემოსავლაში ასახული 2023 წლის 29 მაისს ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი დანაკლისი 131 396 ლარის ოდენობით. აღნიშნული საკითხის გადამხდელის წარმომადგენელთან გავლის შედეგად, ასევე ყოველივე ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, ამ ნაწილში საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები კორექტირებას (შემცირებას) არ დაექვემდებარა.

 ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვით ხარჯთან დაკავშირებით, გადაანგარიშების ფარგლებში გადამხდელის მიერ წარმოდგენილ ბუღალტრულ პროგრამაში ასახულია დამატებით შესყიდვის აქტები, აღნიშნულ აქტებში მითითებულია „საქონლის რბილი“, „საქონლის ძვლიანი“ და ა.შ. და არა მთლიანი პირუტყვის შესყიდვა. შემოწმების მიერ აღნიშნული შესწავლილ იქნა, ვინაიდან დამატებით წარმოდგენილი შესყიდვის აქტები არაპირდაპირი მეთოდის გაანგარიშების შედეგად

გაზრდიდა რპთ-ს და შესაბამისად შემოსავალს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 298-ე მუხლის მე-2 ნაწილის გათვალისწინებით და ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ამ ნაწილში საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები დარჩა უცვლელი.

ასევე, გადაანგარიშების ფარგლებში გადამხდელის მიერ წარმოდგენილი სხვა გამოქვითვებთან დაკავშირებული დოკუმენტები შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა, რის საფუძველზეც გამოვლინდა, რომ აღნიშნული ხარჯები უკავშირდებოდა მეწარმის ეკონომიკურ საქმიანობას. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები ამ ნაწილში დაექვემდებარა კორექტირებას (შემცირებას).

 აგრეთვე, ვინაიდან გადაანგარიშების ფარგლებში, შემოწმებით დადგენილი შემოსავალი არ დაექვემდებარა კორექტირებას, შესაბამისად, ქონების გადასახადში საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა შემცირებას.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:

სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით - სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 79-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საშემოსავლო გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი ფიზიკური პირი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ნებისმიერი ფორმით ან/და საქმიანობით მიღებული შემოსავალი, კერძოდ: ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ყველა ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მის მიღებასთან, გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც ამ კოდექსის თანახმად გამოქვითვას არ ექვემდებარება.

2. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას. საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერულ) ოპერაციაზე გამოწერილ პირველად საგადასახადო დოკუმენტში საქონლის ღირებულების (მათ შორის, საქონლის ერთეულის ფასის) მითითება სავალდებულო არ არის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97-ე მუხლის თანახმად, მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს გადასახადის გადამხდელის პოზიციაზე, რომლის თანახმად, 2025 წლის 31 მარტს შემმოწმებელთან დამატებით გააგზავნა საბუღალტრო ბაზის განახლებული, სრულად შესწორებული ვერსია, სადაც დეტალურად არის ასახული ყველა საბუღალტრო ჩანაწერი, რომელიც მიესადაგება შემოსავლებისა და ხარჯების სრულყოფილ აღრიცხვას. მათ შორის, სრულად არის ასახული სრული პერიოდის შესყიდვის აქტები. გარდა იმ შესყიდვის აქტებისა, რომლებიც უკვე იყო წარდგენილი შემოწმების საწყის ეტაპზე, შემმოწმებლისთვის დამატებით იქნა წარდგენილი შესყიდვის აქტები.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეზე არსებული მასალებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების მიერ შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 31 დეკემბრის №27813 ბრძანება არ არის სრულყოფილად აღსრულებული, ამდენად, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. ი/მ"------"-ის (ს/ნ "------") საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 31 დეკემბრის №27813 ბრძანების სრულყოფილად აღსრულების მიზნით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება;

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

4.აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. მომჩივანი აცხადებს, რომ შემმოწმებელმა არ იხელმძღვანელა ახალი შესწორებული საბუღალტრო ბაზით, რითაც ფიქსირდება სხვაობა შემოსავლებში.

2.მომჩივანი არ ეთანხმება მიღებულ გადაწყვეტილებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადამხდელს არ ჰქონდა 2023 წლის შემოსავლაში ასახული ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი დანაკლისი 131 396 ლარის ოდენობით. აღნიშნული საკითხის გადამხდელის წარმომადგენელთან გავლის შედეგად, ასევე ყოველივე ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, ამ ნაწილში საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები კორექტირებას არ დაექვემდებარა.

ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვით ხარჯთან დაკავშირებით,სსკ-ის 298-ე მუხლის მე-2 ნაწილის გათვალისწინებით ამ ნაწილში საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები დარჩა უცვლელი. ასევე, გადაანგარიშების ფარგლებში გადამხდელის მიერ წარმოდგენილი სხვა გამოქვითვებთან დაკავშირებული დოკუმენტები შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა, რის საფუძველზეც გამოვლინდა, რომ აღნიშნული ხარჯები უკავშირდებოდა მეწარმის ეკონომიკურ საქმიანობას. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები ამ ნაწილში დაექვემდებარა კორექტირებას. ვინაიდან გადაანგარიშების ფარგლებში, შემოწმებით დადგენილი შემოსავალი არ დაექვემდებარა კორექტირებას, შესაბამისად, ქონების გადასახადში საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა შემცირებას.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების მიერ შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 31 დეკემბრის №27813 ბრძანება არ არის სრულყოფილად აღსრულებული, ამდენად, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

79,100,102,105.