ბრძანება N 13703
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 13703
11 ივნისი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „------------ის“ (ს/ნ---------------)
(ფაქტ. მის.:----------------------------,იურ. მის.: -----------------------------)
2024 წლის 22 მაისის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 30 მაისის სხდომაზე (ოქმი №57) განიხილა შპს „------------ის“ (ს/ნ---------------) 2024 წლის 22 მაისის №89812/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 24 აპრილის №066-6 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში არ ეთანხმება შემოწმებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს, კერძოდ:
1. არ ეთანხმება ფულის მოძრაობის გაანგარიშებისას დირექტორზე გადარიცხული თანხების გაუთვალისწინებლობას და აცხადებს, რომ აღნიშნული თანხები დირექტორის პირადი ანგარიშიდან შემდგომ გადარიცხულია ავტოსათადარიგო ნაწილების შესაძენად სხვადასხვა ფიზიკურ პირებზე, რომლებიც წარმოადგენენ ავტონაწილებით მოვაჭრეებს;
2. არ ეთანხმება შემოწმების მიერ დღგ-ის ჩასათვლელი თანხის გაუქმებას და აცხადებს, რომ შპს „---------ის“ მიერ გაწეული მომსახურება დაკავშირებული იყო ავტომობილების რემონტთან და გადახდილ იქნა ნაღდი ფული;
3. არ ეთანხმება დამატებული ღირებულების გადასახადში დარიცხულ თანხებს და აცხადებს, რომ შემოწმება არ აკონკრეტებს, რომელი სამუშაოები შესრულდა კომპანიის მიერ და არ არის ასახული შესაბამის დეკლარაციებში. აღნიშნავს, რომ დამკვეთან მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდგომ იწერება საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა და აისახება შესაბამისი თვის დღგ-ს დეკლარაციაში.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 22 იანვრის №762 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „------------ის“ (ს/ნ---------------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2021 წლის პირველი იანვრიდან 2024 წლის პირველ იანვრამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2024 წლის 29 მარტს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2024 წლის 24 აპრილის №9630 ბრძანება და ამავე თარიღის №066-6 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 352 713 ლარი, მათ შორის, გადასახადი 213 469 ლარი, ჯარიმა 105 241 ლარი და საურავი 34 003 ლარი.
სადავო საკითხებთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
1. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების დამუშავების შედეგად დადგინდა, რომ შპს „--------------ის“ ძირითადი საქმიანობის საგანია სახელმწიფო შესყიდვების ფარგლებში სატრანსპორტო საშუალებების რემონტი და შემდგომი ექსპლუატაციისათვის საჭირო სამუშაოების ჩატარება. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრასთან დაკავშირებით შემოწმების მიერ გაანალიზებულ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ მიღებული და გამოწერილი პირველადი საგადასახადო დოკუმენტები და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ელექტრონულ პლატფორმაზე გადამხდელის მიერ შესრულებული სამუშაოების შესახებ ატვირთული მიღება-ჩაბარების აქტები და საგადახდო დოკუმენტები, ამასთან, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილია ფიზიკურ პირებთან გაფორმებული მიღება-ჩაბარებები. შემოწმების მიმდინარეობისას გადამხდელის მიერ ვერ მოხერხდა ბუღალტრული პროგრამის წარმოდგენა, რის გამოც საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით შემოწმებამ იხელმძღვანელა მის მიერ მოწოდებული პირველადი საგადასახადო დოკუმენტებით, გამოწერილი და მიღებული პირველადი საგადასახადო დოკუმენტებით და საბანკო ანგარიშებიდან ამონაწერებით. კომპანიის შემოსავლები ასევე გაანგარიშდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კერძოდ, შედარდა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი აუდირებული პირების საქმიანობის მარჟასთან და იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული მაჩვენებლები ერთმანეთთან შესაბამისობაში იყო, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების საჭიროება არ დამდგარა.
შემოწმების მიერ განხორციელდა ნაღდი ფულის მოძრაობის ანალიზი, კერძოდ, ყველა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი ჩაითვალა ანაზრაურებულად, ასევე, ანაზღაურებულად ჩაითვალა გადასახადის გადამხდელის მიერ მოწოდებული შესყიდვის აქტები (აღნიშნულის ნაწილობრივ ანაზღაურებულია საბანკო გადარიცხვებით). ამასთანავე, შემოწმების მიერ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების შეძენის ნაწილში გათვალისწინებულ იქნა საბანკო ანგარიშებიდან მეწარმე პირებთან გადარიცხული თანხები. აღნიშნული ინფორმაციის დამუშავების შედეგად შემოწმებით გაანგარიშდა ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში განხორციელებული სამეურნეო ოპერაციები და აღნიშნულში გამოყენებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები, აგრეთვე, ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში მიღებული მომსახურებები და გაანგარიშდა შესაბამისი საქმიანობის მოგების მარჟა. აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმების მიზნით შემოწმების მიერ მოძიებულ იქნა აუდიტის დეპარტამენტში არსებული იდენტური საქმიანობის განმახორციელებელი პირების აუდირებული ფასნამატი და მოგების მარჟა, რომელთანაც შედარებულ იქნა შემოწმების მიერ გაანგარიშების შედეგად მიღებული მონაცემები, რომლებიც ერთმანეთთან მოვიდა თანხვედრაში.
ამასთან, შემოწმების სრულყოფილად ჩატარებისა და საგადასახადო ვალდებულებების სწორად განსაზღვრის მიზნით საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2024 წლის 18 იანვრის №660 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მიმდინარე კონტროლის ღონისძიება - „ინვენტარიზაცია სალაროში ნაღდი ფულის განსაზღვრის შესახებ“, რომლის შედეგადაც დადგინდა, რომ საწარმოს სალარო არ გაჩნია და ნაღდი ფულის ნაშთი შეადგენს 0 ლარს.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოწმების მიერ გაანგარიშდა განკარგვადი თანხები შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს და აღნიშნული თანხა განხილულ იქნა ანგარიშვალდებულ პირზე - საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული ჯარიმა.
2. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების დამუშავების შედეგად დგინდება, რომ შპს „------------ის“ საგადასახადო რეგისტრაციის თარიღია 2014 წლის 15 აგვისტო. რეგისტრაციის თარიღიდან შპს „--------ის“დამფუძნებელი და 100%-იანი წილის მფლობელია ფიზიკური პირი ---------ა. ამასთან, ამავე მონაცემთა ბაზის ინფორმაციაზე დაყრდნობით დგინდება, რომ დამფუძნებელ ფიზიკურ პირ -----------ას (პ/ნ ----------) 2022 წლის 20 აპრილს დაფუძნებული აქვს შპს „------------ი“ (ს/ნ---------------) რომლის დირექტორიც რეგისტრაციის დღიდან არის ასევე პირი ---------ა. შპს „-----სი“ დღგ-ის გადამხდელად დარეგისტრირდა 2022 წლის 21 აპრილს. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების დამუშავების შედეგად დგინდება, რომ შესამოწმებელ პერიოდში შპს „ა------ის“ ურთიერთდამოკიდებულ პირს - შპს „------სს“ არ უფიქსირდება დაქირავებით მომუშავე პირები, არ უფიქსირდება საქონლის/მომსახურების შეძენის ოპერაციები, არ უფიქსირდება იჯარით აღებული ქონება. ამასთან 2022 წლის დეკემბრის საანგარიშო პერიოდზე შპს „---------ს“ მიღებული აქვს სამი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა (ეა------; ეა-------; ეა-------) შპს „------გან“ ავტოტექმომსახურებაზე სულ 125 576 ლარის ღირებულების (106 420 ლარი დღგ-ს გარეშე). აღნიშნული ოპერაცია შპს „--------მა“ (ს/ნ-------) იმავე საანგარიშო პერიოდში დაადეკლარირა, თუმცა ბიუჯეტის მიმართ საგადასახადო ვალდებულებები არ შეუსრულებია.
ამასთან, შემოწმებით დგინდება, რომ აღნიშულ პერიოდში შპს „--------ის“ დეკლარირებული დღგ-ის ბრუნვა შეადგენს 122 994 ლარს. გადასახადის გადამხდელმა შპს „------გან“ მიღებული ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე იმავე პერიოდში მიიღო დღგ-ის ჩათვლა. შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას, არ ფლობს სააღრიცხვო დოკუმენტაციას სრულად, ვერ დგინდება სამეურნეო ოპერაციების განხორციელების დრო და დასაბეგრ ოპერაციებში გამოყენების ფაქტი. ამასთან, აღნიშნულ ოპერაციაზე შემოწმების მიერ ვერ მოხდა ავტოტექმომსახურების გაწევასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მიღება, გადამხდელის მიერ არაა წარმოდგენილი გაწეული მომსახურების თაობაზე მიღება-ჩაბარების აქტი, ხელშეკრულება შესასრულებელი სამუშაოების შესახებ, შესრულებული სამუშაოს სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია და ა.შ. ასევე, საბანკო ანგარიშების ანალიზის შედეგად არ დგინდება შპს „-------თან“ თანხის ანაზღაურება და არ დგინდება აღნიშნული ოპერაციების დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციაში გამოყენების ფაქტი.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შპს „-------სგან“ მიღებულ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე განხორციელებული დღგ-ის ჩათვლა დაექვემდებარა გაუქმებას, რაზეც შპს „-------ს“ დაერიცხა დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად.
3. შემოწმების მიერ გაანალიზებულ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ გამოწერილი პირველადი საგადასახადო დოკუმენტები და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ელექტრონულ პლატფორმაზე გადამხდელის მიერ შესრულებული სამუშაოების თაობაზე ატვირთული დოკუმენტაცია, რომელთა ანალიზის შედეგადაც დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ შესრულებულია გარკვეული სამუშაოები, რომელიც შესაბამისი პერიოდის დასაბეგრ ბრუნვაში არ არის ასახული.აღნიშნულის გათვალისწინებით, გადამხდელს დაერიცხა დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
ამავე კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით - სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე, სხვა მსგავს ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ, პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
ხოლო მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პირი, რომელიც ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად გადახდის წყაროსთან აკავებს გადასახადს, ვალდებულია:
ა) ბიუჯეტში გადარიცხოს გადასახადი პირისათვის თანხის გადახდისთანავე, ხოლო განაცემის არაფულადი ფორმით განხორციელების შემთხვევაში – შესაბამისი თვის ბოლო რიცხვში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, შემოწმების მიერ განხორციელდა ნაღდი ფულის მოძრაობის ანალიზი, ყველა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი (მათ შორის, შესყიდვის აქტები) ჩაითვალა ანაზღაურებულად, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების შეძენის ნაწილში გათვალისწინებულ იქნა საბანკო ანგარიშებიდან მეწარმე პირებთან გადარიცხული თანხები, გაანგარიშდა ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში განხორციელებული სამეურნეო ოპერაციები და გამოყენებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები, მიღებული მომსახურებები და შესაბამისი საქმიანობის მოგების მარჟა, რაც შესაბამისობაშია აუდიტის დეპარტამენტში არსებული იდენტური საქმიანობის განმახორციელებელი პირების აუდირებულ მონაცემებთან. სალაროში ნაღდი ფულის ინვენტარიზაციის შედეგად დადგინდა, რომ საწარმოს სალარო არ გაჩნია და ნაღდი ფულის ნაშთი შეადგენს 0 ლარს. აღნიშნულის გათვალისწინებით, შემოწმების მიერ გაანგარიშდა განკარგვადი თანხები შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს, რაც განხილულ იქნა დირექტორზე გაცემულ ხელფასად.
რაც შეეხება მომჩივნის არგუმენტს, რომ დირექტორის პირადი ანგარიშებიდან საქონლის შესყიდვის მიზნით გადარიცხულია თანხები და აღნიშნული შემოწმებას უნდა გაეთვალისწინებია ხარჯებში, ვერ იქნება გაზიარებული ვინაიდან აუდიტის დეპარტამენტის ინფორმაციით დგინდება, რომ შემოწმებით გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალებების ნაწილების ღირებულება შესრულებული სამუშაოების შესაბამისია და საკმარისია იმ მოცულობის სამუშაოებისთვის, რაც კომპანიის მიერ არის შესრულებული შესამოწმებელ პერიოდში.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივნის მხრიდან დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი საჩივარში მითითებული არგუმენტაციის შესაბამისი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებები შემოწმების მიერ განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, შპს „---------ს“ 2022 წლის დეკემბრის საანგარიშო პერიოდზე ურთიერთდამოკიდებული პირისგან - შპს „---------გან“ მიღებული აქვს სამი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა ავტოტექმომსახურებაზე და მიღებული აქვს ჩათვლა. შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას, არ ფლობს სააღრიცხვო დოკუმენტაციას სრულად, ვერ დგინდება სამეურნეო ოპერაციების განხორციელების დრო და დასაბეგრ ოპერაციებში გამოყენების ფაქტი. აღნიშნულ ოპერაციაზე არ არის წარმოდგენილი ავტოტექმომსახურების გაწევასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია, გაწეული მომსახურების თაობაზე მიღება-ჩაბარების აქტი, ხელშეკრულება შესასრულებელი სამუშაოების შესახებ, შესრულებული სამუშაოს სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია და ა.შ. ასევე, საბანკო ანგარიშების ანალიზის შედეგად არ დგინდება შპს „------თან“ თანხის ანაზღაურება და აღნიშნული ოპერაციების დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციაში გამოყენების ფაქტი. ამდენად, კომპანიის მიერ მიღებული დღგ-ის ჩათვლა დაექვემდებარა გაუქმებას.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივნის მხრიდან არც დავის წარმოების პროცესში წარმოდგენილა ზემოაღნიშნულ ოპერაციასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებები შემოწმების მიერ განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
ამავე კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, გადასახადის გადამხდელის მიერ გამოწერილი პირველადი საგადასახადო დოკუმენტების და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ელექტრონულ პლატფორმაზე შესრულებული სამუშაოების თაობაზე ატვირთული დოკუმენტაციის დამუშავების შედეგად დადგინდა, რომ გადამხდელის მიერ შესრულებულია გარკვეული სამუშაოები, რომელიც შესაბამისი პერიოდის დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში არ არის ასახული.
აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით დგინდება, რომ დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში აუსახველი სამუშაოებია: შპს ------ი (ს/ნ -------) - გაწეული მომსახურება - 500 ლარი; ----(ა)იპ ----------თვის გაწეული მომსახურება - 2 683.25 ლარი; თბილისის ------ი პარკისთვის გაწეული მომსახურება - 4 560 ლარი; -----ი ბანკში ჩარიცხული გაწეული მომსახურების ღირებულება - 4 848 ლარი.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივნის მხრიდან დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი საჩივარში მითითებული არგუმენტაციის შესაბამისი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებები შემოწმების მიერ განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „---------ის“ (ს/ნ ---------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში არ ეთანხმება : არ ეთანხმება ფულის მოძრაობის გაანგარიშებისას დირექტორზე გადარიცხული თანხების გაუთვალისწინებლობას, შემოწმების მიერ დღგ-ის ჩასათვლელი თანხის გაუქმებას და დამატებული ღირებულების გადასახადში დარიცხულ თანხებს .
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის №762 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივანის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2021 წლის პირველი იანვრიდან 2024 წლის პირველ იანვრამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა №9630 ბრძანება და №066-6 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 352 713 ლარი.
სადავო საკითხებთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით შემოწმების მიერ განხორციელდა ნაღდი ფულის მოძრაობის ანალიზი, ყველა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი (მათ შორის,შესყიდვის აქტები) ჩაითვალა ანაზრაურებულად, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების შეძენის ნაწილში გათვალისწინებულ იქნა საბანკო ანგარიშებიდან მეწარმე პირებთან გადარიცხული თანხები. გაანგარიშდა ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში განხორციელებული სამეურნეო ოპერაციები და გამოყენებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები, მიღებული მომსახურებები და შესაბამისი საქმიანობის მოგების მარჟა, რაც შესაბამისობაშია აუდიტის დეპარტამენტში არსებული იდენტური საქმიანობის განმახორციელებელი პირების აუდირებულ მონაცემებთან. სალაროში ნაღდი ფულის ინვენტარიზაციის შედეგად დადგინდა, რომ საწარმოს სალარო არ გაჩნია და ნაღდი ფულის ნაშთი შეადგენს 0 ლარს. აღნიშნულის გათვალისწინებით, შემოწმების მიერ გაანგარიშდა განკარგვადი თანხები შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს, რაც განხილულ იქნა დირექტორზე გაცემულ ხელფასად.ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოწმების მიერ გაანგარიშდა განკარგვადი თანხები შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს და აღნიშნული თანხა განხილულ იქნა ანგარიშვალდებულ პირზე - საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული ჯარიმა.
ასევე, დგინდება, რომ მომჩივანს 2022 წლის დეკემბრის საანგარიშო პერიოდზე ურთიერთდამოკიდებული პირისგან მიღებული აქვს სამი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურადა მიღებული აქვს ჩათვლა. შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას, არ ფლობს სააღრიცხვო დოკუმენტაციას სრულად, ვერ დგინდება სამეურნეო ოპერაციების განხორციელების დრო და დასაბეგრ ოპერაციებში გამოყენების ფაქტი. აღნიშნულ ოპერაციაზე არ არის წარმოდგენილი ავტოტექმომსახურების გაწევასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია, გაწეული მომსახურების თაობაზე მიღება-ჩაბარების აქტი, ხელშეკრულება შესასრულებელი სამუშაოების შესახებ, შესრულებული სამუშაოს სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია და ა.შ. ასევე, საბანკო ანგარიშების ანალიზის შედეგად არ დგინდება ურთიერთდამოკიდებული პირთან თანხის ანაზღაურება და აღნიშნული ოპერაციების დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციაში გამოყენების ფაქტი. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ურთიერთდამოკიდებული საწარმოდან მიღებულ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე განხორციელებული დღგ-ის ჩათვლა დაექვემდებარა გაუქმებას, რაზეც მომჩივანს დაერიცხა დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად.
ამასთან,შემოწმების მიერ გაანალიზებულ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ გამოწერილი პირველადი საგადასახადო დოკუმენტები და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ელექტრონულ პლატფორმაზე გადამხდელის მიერ შესრულებული სამუშაოების თაობაზე ატვირთული დოკუმენტაცია, რომელთა ანალიზის შედეგადაც დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ შესრულებულია გარკვეული სამუშაოები, რომელიც შესაბამისი პერიოდის დასაბეგრ ბრუნვაში არ არის ასახული.აღნიშნულის გათვალისწინებით, გადამხდელს დაერიცხა დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად.
გადაწყვეტილება
სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებები შემოწმების მიერ განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:73(5 „ა“.9 „ბ“); 101(1); 154(1 „ა“.2 „ა“ და „ბ“); 159(1 „ა“ და „ბ“); 163(1); 164(1); 174(1); 175(1 „ა“);