ბრძანება N 15386

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 28.06.2024
№ დოკუმენტი 15386
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული ვალის მართვის დეპარტამენტი, აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 15386

01 ივლისი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

ი/მ ------------ის (ს/ნ ------------------)

(მის.: ------------------------------------)

2024 წლის 21 იანვრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 13 ივნისის სხდომაზე (ოქმი №63) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებით განსახილველად დაბრუნებული ი/მ ----------ის (ს/ნ --------------) №86947/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 22 დეკემბრის №125-44 საგადასახადო მოთხოვნასა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ ვალის მართვის დეპარტამენტის 2023 წლის 24 დეკემბრის №125-4153 შეტყობინებასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგად განსაზღვრულ საშემოსავლო და დამატებული ღირებულების გადასახადებს. განმარტავს, რომ 2019 წლის 29 მარტიდან მინიჭებული აქვს ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსი და მისი საქმიანობის სფეროა ავტომობილების ტექნიკური მომსახურება და რემონტი. არ ეთანხმება შემოწმების მიდგომას, რომლის მიხედვითაც ავტოსატრანსპორტო საშუალების ახალი სათადარიგო ნაწილებით შეკეთების ოპერაცია ჩაითვალა ცალკე საქონლის და ცალკე მომსახურების მიწოდებად. აცხადებს, რომ კომპანიასა და მყიდველებს შორის გაფორმდა ხელშეკრულებები, რომლებშიც ხელშეკრულების საგნად ცალსახად განისაზღვრა მომსახურების შესყიდვა, ხოლო სათადარიგო ნაწილებისთვის, როგორც მომსახურების შემადგენელისთვის, ყველა ხელშეკრულებას თან ერთვის პრეისკურანტი. გადასახადის გადამხდელი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სათადარიგო ნაწილების ფასები ტენდერის დროს განსაზღვრული იყო ფიქსირებული ფასით, ცვლილება ფასში შეიძლება მომხდარიყო მხოლოდ იდენტური სათადარიგო ნაწილის მიწოდებით, მაგრამ პრეისკურანტში დაბალი ფასები უფრო ხშირად ფიგურირებდა, რაც ტენდერში გამარჯვების ერთადერთი წინაპირობა იყო. ამასთან, სათადარიგო ნაწილების მიწოდებით პირი სურვილის შემთხვევაშიც ვერ მიიღებდა შემოსავალს, რადგან დაირღვეოდა სახელშეკრულებო პირობები. მომჩივანი მიიჩნევს, რომ შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები ბევრად აღემატება მის საქმიანობიდან მიღებულ შემოსავლებს.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივანი ითხოვს №125-44 საგადასახადო მოთხოვნისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ №125-4153 შეტყობინების გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 13 სექტემბრის №22444 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა ი/მ --------ის (ს/ნ ------------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის პირველ აგვისტომდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 6 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2023 წლის 21 დეკემბრის №32423 ბრძანება და 22 დეკემბრის №125-44 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 262 448 ლარი, მათ შორის, გადასახადი 175 234 ლარი, ჯარიმა 50 793 ლარი, საურავი 36 421 ლარი.

ზემოაღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გადამხდელის მიერ გასაჩივრებულ იქნა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2024 წლის 23 თებერვლის №3965 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 23 თებერვლის №3965 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2024 წლის 4 ივნისის №88783/1/2024 გადაწყვეტილებით გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 23 თებერვლის №3965 ბრძანება და საჩივარი მომჩივნის მონაწილეობით ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებაში მითითებულია შემდეგი:

„მომჩივანს არამართლზომიერად მიაჩნია დარიცხვა და აღნიშნავს, რომ ევროკავშირის კომისიის რეგულაცია №213/2008 CPV განსაზღვრავს შესყიდვების კლასიფიკაციას, ყველა შესყიდვას ახლავს CPV შესაბამისი კოდი. ამ რეგულაციაზე დაყრდნობით, სახელმწიფო შესყიდვის ყველა ხელშეკრულებაში ფიგურირებს შესყიდვის კლასიფიკატორის CPV კოდი, მისი მითითების გარეშე ტენდერი ვერ შედგებოდა. ამდენად სათადარიგო ნაწილების რეალიზაცია და მომსახურების მიწოდება ცალ-ცალკე ლოტი, რომ ყოფილიყო ყველა ხელშეკრულებაში იქნებოდა მოცემული შესაბამისი კოდები.

საბჭოს, მომჩივნის არგუმენტაციის გათვალისწინებით, მიაჩნია, რომ სადავო საკითხი მოითხოვს დამატებით შესწავლას. ამ მიზნით, შემოსავლების სამსახურის გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.“

 

საგადასახადო შემოწმების აქტის თანახმად, დარიცხვა განპირობებულია შემდეგ გარემოებათა გამო:

. შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის საქმიანობის საგანს წარმოადგენს ავტომობილების ტექნიკური მომსახურება და რემონტი. ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსი მინიჭებული აქვს 2019 წლის 1 აპრილს. შესამოწმებელ პერიოდში უფიქსირდება მომსახურების გაწევა მუნიციპალიტეტებისთვის ტენდერის ფარგლებში, რომლითაც გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტების საკუთრებაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების შეკეთება ახალი სათადარიგო ნაწილებით. შემოწმების მიერ აღნიშნული ოპერაციები ჩაითვალა ცალკე საქონლის და მომსახურების მიწოდებად. შესაბამისად, საქონლის მიწოდების ნაწილში გადასახადის გადამხდელს 2021 წლის აგვისტოს თვეში წარმოეშვა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება და შემდგომ პერიოდში დღგ-ის დასაბეგრი თანხა განისაზღვრა ჯამურად საქონლისა და მომსახურების თანხების გათვალისწინებით. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 165-ე და 159-ე მუხლების გათვალისწინებით, პირს დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი და განესაზღვრა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლით.

. შემოწმების მიერ საქონლის მიწოდების ნაწილი ჩაითვალა ფიქსირებული გადასახადის გადამხდელისთვის ნებადართულ ცალკე საქმიანობად, რომელიც ექვემდებარება საერთო წესით დაბეგვრას. შესაბამისად, დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციამდე პერიოდში გადამხდელის ერთობლივი შემოსავალი განისაზღვრა საქონლის მიწოდებით მიღებული შემოსავლის ოდენობით, ხოლო შემდგომ პერიოდში კი საქონლისა და მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლის ოდენობით. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პირს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და განესაზღვრა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.

. გადასახადის გადამხდელი შესამოწმებელ პერიოდში სარგებლობს ფიქსირებული გადასახადით დაბეგვრის შეღავათიანი რეჟიმით. შემოწმების მიერ განისაზღვრა, რომ 2021 წლის აგვისტოდან გადამხდელს წარმოეშვა დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის ვალდებულება, რაც არის ფიქსირებული გადასახადის შეღავათიანი დაბეგვრის რეჟიმის გაუქმების საფუძველი. პირს შეუმცირდა აღნიშნულ პერიოდში გადახდილი ფიქსირებული განაკვეთის თანხები.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 951 მუხლზე, რომლის თანახმად, ფიქსირებული გადასახადის გადამხდელი შეიძლება იყოს პირი, რომელიც არ არის დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელი და ახორციელებს ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრ ერთ ან ერთზე მეტ საქმიანობას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 955 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად:

1.ფიქსირებული გადასახადის გადამხდელი უფლებამოსილია, გარდა ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი საქმიანობისა, დამატებით განახორციელოს მხოლოდ საქართველოს მთავრობის მიერ ნებადართული საქმიანობა.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დამატებითი საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი ექვემდებარება საერთო წესით დაბეგვრას.

3. ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი არ ჩაირთვება ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის ერთობლივ შემოსავალში და შემდგომ დაბეგვრას არ ექვემდებარება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 956 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსი უქმდება, თუ საქართველოს მთავრობის მიერ ფიქსირებული გადასახადის გადამხდელისთვის ნებადართული დამატებითი საქმიანობის ნაწილში პირს წარმოეშვა დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება ან ნებაყოფლობით გატარდა დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციაში.

ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსი გაუქმებულად ითვლება ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის გაუქმების პირობის დადგომის დღიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 79-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საშემოსავლო გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი ფიზიკური პირი. საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ფიზიკური პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 20 პროცენტით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-102 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ყველა ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მის მიღებასთან, გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც ამ კოდექსის თანახმად გამოქვითვას არ ექვემდებარება. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დასაბეგრი პირი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ვალდებულია მის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ოპერაციების ჯამური თანხის 100 000 ლარისთვის გადაჭარბების დღიდან, არაუგვიანეს 2 სამუშაო დღეში დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მიზნით, მიმართოს საგადასახადო ორგანოს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დასაბეგრ პირს დღგ-ის გამოანგარიშების და გადახდის ვალდებულება წარმოეშობა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტიდან (ამ ოპერაციის ჩათვლით), რომლის მიხედვითაც დასაბეგრი ოპერაციების ჯამურმა თანხამ 100 000 ლარს გადააჭარბა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის 71 ნაწილის თანახმად, ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე პირისთვის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულების განსაზღვრისას ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი არ გაითვალისწინება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში უფიქსირდება მომსახურების გაწევა მუნიციპალიტეტებისთვის ტენდერის ფარგლებში, რომლითაც გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტების საკუთრებაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების შეკეთება ახალი სათადარიგო ნაწილებით. შემოწმების მიერ აღნიშნული ოპერაციები ჩაითვალა ცალკე საქონლის და მომსახურების მიწოდებად. საქონლის მიწოდების ნაწილში გადასახადის გადამხდელს 2021 წლის აგვისტოს თვეში წარმოეშვა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება და შემდგომ პერიოდში დღგ-ის დასაბეგრი თანხა განისაზღვრა ჯამურად საქონლისა და მომსახურების თანხების გათვალისწინებით. დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციამდე პერიოდში გადამხდელის ერთობლივი შემოსავალი განისაზღვრა საქონლის მიწოდებით მიღებული შემოსავლის ოდენობით, ხოლო შემდგომ პერიოდში კი საქონლისა და მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლის ოდენობით. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პირს დაერიცხა დღგ და საშემოსავლო გადასახადი, ამასთან, შეუმცირდა 2021 წლის აგვისტოდან გადახდილი ფიქსირებული განაკვეთის თანხები.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს „სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 29 დეკემბრის №415 დადგენილებაზე, რომლის დანართით №6 ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრ საქმიანობად განსაზღვრულია ავტომობილების ტექნიკური მომსახურება და რემონტი, მათ შორის, სალტეების, საბურავების აღდგენა და რეგენერაცია, აღნიშნული მომსახურებისთვის განკუთვნილ ფართობზე გაწეული სხვა მომსახურება (ხალიჩების რეცხვა).

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ „ეკონომიკური საქმიანობის სახეების საქართველოს ეროვნული კლასიფიკატორის“ (სეკ 006-2016) მიხედვით, ავტომობილების ტექნიკურ მომსახურებასა და რემონტს მინიჭებული აქვს კოდი 45.2. აღნიშნული ქვეკლასი შეიცავს:

- ავტომობილების ტექნიკურ მომსახურებას და რემონტს;

- სალტეების და საბურავების რემონტს, მათ დაყენებას ან შეცვლას;

- ანტიკოროზიულ დამუშავებას;

- ნაწილების და აქსესუარების დაყენებას, რაც არ წარმოადგენს საწარმოო პროცესის ნაწილს.

ამავე კლასიფიკატორის მიხედვით, ავტომობილების ნაწილების და აქსესუარების გაყიდვას მინიჭებული აქვს 45.3 კოდი. ეს ჯგუფი შეიცავს საბითუმო და საცალო ვაჭრობას ავტომობილების ყველა სახის ნაწილებით, კომპონენტებით, ინსტრუმენტებით და აქსესუარებით.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მთავრობის დადგენილებით ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრ საქმიანობად განსაზღვრულია ავტომობილების ტექნიკური მომსახურება და რემონტი, რომელსაც ეკონომიკური საქმიანობის სახეების საქართველოს ეროვნული კლასიფიკატორის“ (სეკ 006-2016) მიხედვით, მინიჭებული აქვს კოდი 45.2. ხოლო ამავე კლასიფიკატორის მიხედვით, ავტომობილების ნაწილების და აქსესუარების გაყიდვას მინიჭებული აქვს 45.3 კოდი, რომელიც არ შედის ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი საქმიანობის სახეების ჩამონათვალში. შესაბამისად, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში ი/მ ---------ის მიერ განხორციელებული საქმიანობიდან ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრ საქმიანობად განხილულ უნდა იქნას საქმიანობის ის ნაწილი, რომელიც უკავშირდება მხოლოდ მომსახურების გაწევას და ადგილი არ აქვს საქონლის (სათადარიგო ნაწილის), როგორც შეცვლის მომსახურებასთან კომბინირებულ, ისე დამოუკიდებელ მიწოდებას. ამასთან, ასეთი მიწოდება ექვემდებარება გადასახადებით დაბეგვრას საერთო წესით, როგორც საშემოსავლო გადასახადის, ასევე დღგ-ის მიზნებისთვის. ამდენად, საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ ვალის მართვის დეპარტამენტის 2023 წლის 24 დეკემბრის №125-4153 შეტყობინებასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 23-ე ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო დავალიანება არის გადასახადის გადამხდელის მიერ დადგენილ ვადაში გადაუხდელი გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხასა და ზედმეტად გადახდილი გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხას შორის სხვაობა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად განახორციელოს საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების რიგითობას ირჩევს საგადასახადო ორგანო, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა არის სახელმწიფოს უფლება, საგადასახადო დავალიანების გადახდევინება უზრუნველყოს გადასახადის გადამხდელის, სხვა ვალდებული პირის ქონებიდან. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციის უფლება წარმოიშობა საგადასახადო დავალიანების წარმოშობასთან ერთად და მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის მომენტიდან და ვრცელდება საგადასახადო დავალიანების ფარგლებში, პირის საკუთრებაში არსებულ ან/და მის ბალანსზე რიცხულ ქონებაზე (გარდა ლიზინგით მიღებულისა), საგადასახადო დავალიანების წარმოქმნის შემდეგ შეძენილი ქონების ჩათვლით. საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების გამოყენება შესაძლებელია ამ კოდექსის 265-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში.

ამავე კოდექსის 238-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დავალიანების გაუქმებასთან ერთად უქმდება მისი გადახდევინების უზრუნველსაყოფად დაწყებული ამ თავით გათვალისწინებული ნებისმიერი ღონისძიება, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი.

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით დგინდება, რომ ი/მ -------ეს (ს/ნ -------) 2023 წლის 24 დეკემბრის მდგომარეობით ერიცხებოდა ზედმეტობა 4,79 ლარი და აუღიარებელი საგადასახადო დავალიანება 262 536,43 ლარის ოდენობით. აღნიშნულიდან გამომდინარე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის თანახმად, ი/მ --------ის (ს/ნ --------) ქონების მიმართ 2023 წლის 24 დეკემბრის №125-4153 შეტყობინებით დარეგისტრირდა საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება. ამასთან, 2024 წლის 13 ივნისის მდგომარეობით ი/მ ----------ეს (ს/ნ --------) ერიცხება ზედმეტობა 308,86 ლარი და დამატებით დარიცხული თანხები, რომელიც არ არის აღიარებული 277,584.55 ლარი.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და იმ ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელს პირადი აღრიცხვის ბარათზე ერიცხებოდა და ერიცხება საგადასახადო დავალიანება, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მიმართ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლით გათვალისწინებული ღონისძიება გავრცელებულია კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ შეტყობინების გაუქმების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. ი/მ ---------ის (ს/ნ -----------7) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგად განსაზღვრულ საშემოსავლო და დამატებული ღირებულების გადასახადებს. ითხოვს №125-44 საგადასახადო მოთხოვნისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ №125-4153 შეტყობინების გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის №22444 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა მომჩივანის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის პირველ აგვისტომდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 6 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ №32423 ბრძანება და №125-44 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 262 448 ლარი.

ზემოაღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გადამხდელის მიერ გასაჩივრებულ იქნა შემოსავლების სამსახურში, რომლის №3965 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შემოსავლების სამსახურის №3965 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის №88783/1/2024 გადაწყვეტილებით გაუქმდა შემოსავლების სამსახურის №3965 ბრძანება და საჩივარი მომჩივნის მონაწილეობით ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.

 

გადაწყვეტილება

სამართლებრივი ნორმებისა და იმ ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ მომჩივანის მიერ განხორციელებული საქმიანობიდან ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრ საქმიანობად განხილულ უნდა იქნას საქმიანობის ის ნაწილი, რომელიც უკავშირდება მხოლოდ მომსახურების გაწევას და ადგილი არ აქვს საქონლის (სათადარიგო ნაწილის), როგორც შეცვლის მომსახურებასთან კომბინირებულ, ისე დამოუკიდებელ მიწოდებას. ამასთან, ასეთი მიწოდება ექვემდებარება გადასახადებით დაბეგვრას საერთო წესით, როგორც საშემოსავლო გადასახადის, ასევე დღგ-ის მიზნებისთვის. ამდენად, საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ამასთან,ვინაიდან გადასახადის გადამხდელს პირადი აღრიცხვის ბარათზე ერიცხებოდა და ერიცხება საგადასახადო დავალიანება, მის მიმართ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლით გათვალისწინებული ღონისძიება გავრცელებულია კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ შეტყობინების გაუქმების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 79( „ა“); 80(1); 81(1); 955(1,2,3); 956(1 „დ“.3); 102(1 „ა“); 105(1); 158(1); 159(1 „ა“ და „ბ“) ; 163(1.)2; 164(1);165(1.71);