გადაწყვეტილება №19283/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 11.05.2023
№ დოკუმენტი №19283/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

🏷️ თეგები

📄 სრული ტექსტი

№19283/2/2023

11.05.2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: ---- -------------- (ს/ნ ------------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 11.05.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ------- ------ის 1.04.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19283/2/2023).

 

დავის საგანი:

ჩარიცხული ავანსის თანხებით დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაზრდა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 9.12.2022 წლის №136-17 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 14.03.2023 წლის №4894 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 46 365 ლარი.

მათ შორის:

დღგ - 22 846

ჯარიმა - 11 423

საურავი - 12 096

 

ფაქტების აღწერა

აუდიტის დეპარტამენტის 2.12.2022 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 12.04.2019 წლიდან 1.03.2021 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის შესაბამისად გამოთხოვილი ინფორმაციის დამუშავებით დადგინდა, რომ მომჩივანს შპს „--- -----“-ისგან (ს/ნ ----------) მიღებული აქვს 149 769 ლარის ავანსი, რომელიც არ არის დეკლარირებული. ასევე შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო მონაცემებით დგინდება, რომ აღნიშნულზე არ არის გამოწერილი შესაბამისი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები.

ჩარიცხული ავანსის თანხების ოდენობით გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრ ბაზა, მომჩივანს შესაბამისად პერიოდზე (2019 წლის დეკემბერი), დაერიცხა დღგ და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 9.12.2022 წლის №136-17 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 14.03.2023 წლის №4894 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, მე-2 მუხლის მე-2 ნაწილზე, შესაბამის საანგარიშო პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტზე, 161-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და ყურადღებას ამახვილებს შემოწმებით დადგენილ გარემოებასა და აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად დგინდება, რომ შემოწმების მიერ ი/მ ------ --------სგან საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის შესაბამისად გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია, რისი წარმოუდგენლობის გამო პირი დაჯარიმდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის შესაბამისად. ამასთან, შპს „---- ------" -ისგან საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის შესაბამისად გამოთხოვილი ინფორმაციის დამუშავებით დადგინდა, რომ ი/მ ---- ------ს შპს „---- ----"-სთვის (ს/ნ ------) შესრულებული აქვს 149 769 ლარის სამუშაოები, რაც სრულად ანაზღაურებულია შპს „---- ---"-ის (ს/ნ ---------) მიერ, რაც დასტურდება ორივე მხარის მიერ შედგენილი შედარების აქტით და ასევე, შპს „---- ---"-ის (ს/ნ ---------) მიერ წარმოდგენილი საბანკო ამონაწერით. შესაბამისად, შემოწმებით დადგენილი გარემოებაა, რომ მომჩივანს, შპს „---- ---"-ის (ს/ნ ---------) მიერ ავანსად ჩარიცხულ თანხებზე, რომელიც წარმოადგენს დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვას, არ აქვს შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები.

ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ამგვარად მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივნის საქმიანობაა საამშენებლო სარემონტო მომსახურების გაწევა. აღნიშნულ მომსახურებებზე არ გამოწერილა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, შედგენილია მიღება-ჩაბარების აქტები და ფორმა №2-ები, რის საფუძველზეც ხდება ანგარიშსწორება. შემოწმების პროცესში გამოვლინდა სხვაობები დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში. შემოწმების აქტში დაფიქსირებულია, რომ გამოვლინდა სხვაობები დეკლარირებულ და შემოწმებით დადგენილ 2019 წლების პერიოდის გათვალისწინებული ღირებულებებით, აღნიშნული თანხებიდან გაანგარიშებული იქნა დღგ-ის თანხები და დამატებით დაერიცხა გადასახადები,შემმოწმებელმა არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ ხელშეკრულებები გააუქმა დამკვეთმა და შესაბამისად არც შესრულებულა. საიდან და რა გაანგარიშებით გაანგარიშდა დამატებით დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები უცნობია.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტის 1.01.2021 წლამდე მოქმედი რედაქციით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, რომლის დროსაც დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი, მაგრამ არაუგვიანეს მისაწოდებელი საქონლის/გასაწევი მომსახურების საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის გადახდის მომენტისა, თუ თანხის გადახდა ხორციელდება საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, გარდა ამ ნაწილის „ა.ბ.ბ“ და „ა.ბ.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

სადავო საკითხზე წარმოდგენილია აუდიტის დეპარტამენტის 5.05.2023 წლის №43158-21-14 წერილი, საიდანაც ირკვევა, რომ მომჩივნისგან საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის შესაბამისად გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია, რისი წარმოუდგენლობის გამო დაჯარიმდა საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლით. ამასთან, შპს „---- ----“-ისგან (ს/ნ ------) საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის შესაბამისად გამოთხოვილი ინფორმაციის დამუშავებით დადგინდა, რომ მომჩივანს აღნიშნული კომპანიისთვის შესრულებული აქვს 149 769 ლარის სამუშაოები, რაც, ორივე მხარის მიერ შედგენილი შედარების აქტის მიხედვით, სრულად ანაზღაურებულია. აღნიშნული ასევე დასტურდება შშპს „---- ----“-ის მიერ წარმოდგენილი საბანკო ამონაწერით.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ავანსად ჩარიცხული თანხები არ არის გათვალისწინებული დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვებში და არ არის გამოწერილი შესაბამისი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები. შესაბამისად, მიაჩნია, რომ შემოწმების შედეგად დადგენილი სხვაობით დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის და მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების გაზრდა მართლზომიერია.

სადავო საკითხთან დაკავშირებით მომჩივანს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რომლითაც დადგინდებოდა შემოწმების შედეგად დადგენილისგან განსხვავებული გარემოებები და განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი გახდებოდა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

ჩარიცხული ავანსის თანხებით დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაზრდა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობა. საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის შესაბამისად გამოთხოვილი ინფორმაციის დამუშავებით დადგინდა, რომ მომჩივანს პირისგან (გადამხდელისგან) მიღებული აქვს ავანსი, რომელიც არ არის დეკლარირებული. ასევე შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო მონაცემებით დგინდება, რომ აღნიშნულზე არ არის გამოწერილი შესაბამისი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები.

ჩარიცხული ავანსის თანხების ოდენობით გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრ ბაზა, მომჩივანს შესაბამისად დაერიცხა დღგ და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის №136-17 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის №4894 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საბჭო მიიჩნევს, რომ საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 2(2); 43(4 ); 61(3); 70; 136(3 ); 275; 279; 302(6);

(2021 წლამდე მოქმედი) 160(,,ა“); 161(1„ა“ „ა.ბ.დ“)