ბრძანება N 526
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 526
18.01.2023
„----„ (პ/ნ-----)
(მის.: ------- )
2022 წლის 12 დეკემბრის საჩივრების
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 13 იანვრის სხდომაზე (ოქმი №2) განიხილა „------„- ის(პ/ნ ------ )№77202/1/2022, №77203/1/2022, №77204/1/2022,№77206/1/2022, №77207/1/2022 და №77208/1/2022 საჩივრები, რომლებიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2022 წლის 22 აგვისტოს №ELC15954, №ELC15955, №ELC15956, №ELC15957 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმებს და №EL7777/17 (№007-17), №EL7777/16 (№007-16) საგადასახადო მოთხოვნებს.
მომჩივნის არგუმენტაცია:
საჩივრების ავტორი განმარტავს, რომ სატრანსპორტო საშუალებების მფლობელი იმყოფება უკრაინაში და იქ არსებული საომარი მდგომარეობის გამო სატრანაპორტო საშუალებები მისმა მესაკუთრემ არ წაიყვანა.მოგვიანებით კი მინდობილობის საფუძველზე გაყიდა და ამჟამად სხვისი საკუთრებაა.
აღნიშნულზე მითითებით, ითხოვს მითითებული გარემოებების გათვალისწინებას და დაკისრებული თანხის გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით,საბაჟო კონტროლის ორგანიზაციის სამმართველოს უფლებამოსილი პირის მიერ კონტროლის ღონისძიებების განხორციელებისას დადგენილ იქნა,რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ასახული ინფორმაციის თანახმად ,"-----"(პას/ნომ "------") წარმომადგენლის "-----" (პ/ნ "-----")მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალებები (ს/ნ -------, სატრანზიტო №------; ს/ნ --------, სატრანზიტო №-----) მოექცა რეექსპორტში (№------- /(14.05.2022) და №------ (27.05.2022) ავტოსატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვის მოწმობები).
აღნიშნულ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე დარღვეული იყო გამოცხადების ვადები, ვინაიდან ავტოსატრანსპორტო საშუალებას (ს/ნ -------, სატრანზიტო №-----) საბაჟო ორგანოში წარდგენის ბოლო ვადად განესაზღვრა 2022 წლის 27 ივნისი, ხოლო ავტოსატრანსპორტო საშუალებას (ს/ნ ------, სატრანზიტო №-----) საბაჟო ორგანოში წარდგენის ბოლო ვადად განესაზღვრა 2022 წლის 10 ივლისი.
ვინაიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ასახული ინფორმაციის მიხედვით,სატრანსპორტო საშუალებები არ გამოცხადებულა საბაჟო კონტროლის ზონაში,ჩაითვალა უკანონოდ განკარგულად/დაკარგულად/განადგურებულად, საბაჟო კონტროლის ორგანიზაციის სამმართველოს უფლებამოსილი პირის მიერ „------„ მიმართ 2022 წლის 22 აგვისტოს შედგენილ იქნა №ELC15954 (ჯარიმა 2 755 ლარის ოდენობით), №ELC15955 (ჯარიმა 1 000 ლარის ოდენობით), №ELC15956 (ჯარიმა 2 341.75 ლარი ოდენობით) და №ELC15957 (ჯარიმა 1 000 ლარის ოდენობით) საბაჟო სამართალდარღვევის ოქმები, რომლებითაც სამართალდამრღვევს დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით და 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა ჯამში 7 096.75 ლარის ოდენობით. ამასთან, გამოიცა №EL7777/16 და №EL7777/17 საგადასახადო მოთხოვნები, რომლებითაც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 64-ე და 272-ე მუხლების შესაბამისად, დაერიცხა იმპორტის გადასახდელები და საურავი.
2022 წლის 6 ოქტომბერს ავტოსატრანსპორტო საშუალება (შასის № ----------) მოექცა რეექსპორტში №-------- ავტოსატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობით და საქართველოს ტერიტორია დატოვა 2022 წლის 9 ოქტომბერს საბაჟო გამშვები პუნქტი „-------“ გავლით.
ავტოსატრანსპორტო საშუალება (შასის №---------) 2022 წლის 15 ოქტომბერს მოექცა რეექსპორტში №------- ავტოსატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობით და საქართველოს ტერიტორია დატოვა 2022 წლის 18 ოქტომბერს საბაჟო გამშვები პუნქტი „-----“ გავლით.
საქმის მასალებითა და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მეშვეობით ირკვევა, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტები მომჩივანს ჩაჰბარდა პირადად 2022 წლის 5 ოქტომბერს.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისა, 30-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ დავის დაწყება დასაშვებია ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებების ან მტკიცებულებების საფუძვლით.
ამავე მუხლის მე-7 ნაწილით, ახლად აღმოჩენილად ან ახლად გამოვლენილად ჩაითვლება ისეთი გარემოებები ან მტკიცებულებები, რომლებიც მომჩივანმა არ იცოდა და არ შეეძლო სცოდნოდა მისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღებამდე და რომელთა დროულად წარდგენა გამოიწვევდა მომჩივნისათვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას.
მოცემულ შემთხვევაში გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალებები 2022 წლის 6 და 15 ოქტომბერს მოექცა რეექსპორტში და 2022 წლის 9 და 18 ოქტომბერს გაყვანილია საქართველოს ტერიტორიიდან საბაჟო გამშვები პუნქტი „-----“ გავლით. შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ აღნიშნული გარემოებები საფუძვლად უნდა დაედოს სადავო საკითხზე მიღებული გადაწყვეტილებების გასაჩივრებისათვის დადგენილი 30-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ დავის დაწყებას. საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-14 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები ადგენს, რომ პირს უფლება აქვს, საბაჟო ორგანოსთან ურთიერთობა განახორციელოს კანონიერი წარმომადგენლის ან უფლებამოსილი წარმომადგენლის მეშვეობით. ამასთან, ფიზიკური პირის კანონიერ წარმომადგენლად მიიჩნევა პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე ახორციელებს შესაბამის უფლებამოსილებას. ამ შემთხვევაში ფიზიკური პირის ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა ვალდებულება და პასუხისმგებლობა მის კანონიერ წარმომადგენელს ეკისრება.
ამავე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საბაჟო წარმომადგენელი არის პირი, რომელიც სხვა პირის დავალებით საბაჟო ორგანოსთან ამ სხვა პირის ურთიერთობისას ახორციელებს საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებულ ქმედებებსა და საბაჟო ფორმალობებს.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 160-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, რეექსპორტის განხორციელებისას საქონელი უნდა დარჩეს უცვლელ მდგომარეობაში, გარდა იმ ცვლილებებისა, რომლებიც გამოწვეულია ბუნებრივი ცვეთით, ტრანსპორტირებით ან შენახვის ნორმალური პირობებისთვის დამახასიათებელი ბუნებრივი დანაკარგებით.
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს 257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა დაგაფორმების შესახებ “ ინსტრუქციის( დანართი №3) მე-3 მუხლის მე-12 პუნქტის თანახმად „რეექსპორტში ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო დეკლარაციით დეკლარირებული ან ავტოსატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობით გადაადგილებული ავტოსატრანსპორტო საშუალების დანიშნულების საბაჟო გამშვებ პუნქტამდე მიტანის ვადა, მიუხედავად გადაზიდვის მანძილისა, შეადგენს 45 კალენდარულ დღეს, რომელიც აითვლება შესაბამისი დეკლარაციის ან მოწმობის რეგისტრაციის თარიღიდან.
ამავე ბრძანებით დამტკიცებული „რეექსპორტის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №16) მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების მიხედვით, საქონლის რეექსპორტის დასრულება დასტურდება საბაჟო გამშვები პუნქტის მიერ, სათანადოდ გაფორმებული რეექსპორტის დეკლარაციის ან რეექსპორტის შეტყობინების კონტროლიდან მოხსნით ან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ინფორმაციის ასახვით – ამ ინსტრუქციის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ე1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.
ამავე კოდექსის 165-ე მუხლით დადგნილია, რომ საქონლის წარდგენის/ზოგადი დეკლარირების/საქონლის დეკლარირების ვადის ან სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების ვადის დარღვევა – იწვევს დაჯარიმებას ყოველ დაგვიანებულ სრულ/არასრულ დღეზე 50 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 1 000 ლარისა.
ამავე საკანონმდებლო აქტის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საბაჟო ორგანოსთან შეუთანხმებელი ქმედება ან საბაჟო პროცედურის პირობების დარღვევა, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება, – იწვევს დაჯარიმებას იდენტურ/მსგავს საქონელზე ან/და სატრანსპორტო საშუალებაზე გადასახდელი იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტის ოდენობით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 64-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანო ვალდებულია პირს წარუდგინოს საგადასახადო მოთხოვნა თუ არსებობს პირისათვის იმპორტის გადასახდელის დარიცხვის შესახებ ან/და საბაჟო სანქციის შეფარდების შესახებ
საბაჟო ორგანოს გადაწყვეტილება ან საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 49-ე მუხლის პირველ ნაწილის „ა“ ქვეპუნტის შესაბამისად, იმპორტის გადასახადით დასაბეგრ საქონელზე საბაჟო ვალდებულება წარმოიშობა, თუ დაირღვა უცხოური საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანასთან, საბაჟო ზედამხედველობიდან გატანასთან, გადაადგილებასთან, გადამუშავებასთან, საბაჟო საწყობში ან თავისუფალ ზონაში შენახვასთან, დროებით შენახვასთან ან განკარგვასთან დაკავშირებული საქართველოს საბაჟო კანონმდებლობა.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ პუნქტის თანახმად საბაჟო ვალდებულების წარმოშობის დრო არის იმ ვალდებულების შეუსრულებლობის ან შესრულების შეწყვეტის მომენტი, რომლის შეუსრულებლობა იწვევს საბაჟო ვალდებულების წარმოშობას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272–ე მუხლის შესაბამისად საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
დადგენილია და სადავოდ არ არის გამხდარი, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქის წარმომადგენლის - "------" (პ/ნ ------) მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალებები 2022 წლის 14 და 27 მაისს მოექცა რეექსპორტში №"-------" (14.05.2022) და №"------" (27.05.2022) ავტოსატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვის მოწმობებით და მათი დანიშნულების საბაჟო გამშვებ პუნქტამდე მიტანის ვადა განისაზღვრა 45 კალენდარული დღით, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ასახული ინფორმაციის მიხედვით, სატრანსპორტო საშუალებები არ გამოცხადებულა საბაჟო კონტროლის ზონაში. შესაბასმიად, სატრანსპორტო საშუალებები განსაზღვრულ ვადაში არ გამოცხადებულა საბაჟო კონტროლის ზონაში საქართველოს ტერიტორიის დატოვების და რეექსპორტის დეკლარაციის კონტროლიდან მოხსნის მიზნით. შესაბამისად, მომჩივნის მხრიდან ადგილი აქვს სატრანსპორტო საშუალებების ავტოსატრანსპორტო საშუალებების დანიშნულების საბაჟო გამშვებ პუნქტამდე მიტანის ვადების დარღვევას და საბაჟო ორგანოსთან შეუთანხმებელ ქმედებას, რაც გულისხმობს საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვას. აღნიშნული სამართალდარღვევებისთვის საქართველოს საბაჟო კოდექსის 165 და 172-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს პირის პასუხისმგებლობას, რაც ასევე წარმოშობს საბაჟო ვალდებულებას.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილზე, რომლის მიხედვით საბაჟო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, პირი გაათავისუფლოს ამ კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო სანქციისგან, თუ შესაბამისი საბაჟო სამართალდარღვევა ჩადენილია შეცდომით/არცოდნით.
კანონმდებელი სამართალდამრღვევის მიმართ სანქციის შემცველი ნორმების დადგენის პარალელურად ითვალისწინებს პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების შესაძლებლობას, რაც კონკრეტული საფუძვლების განსაზღვრაში გამოიხატა. საბაჟო პასუხისმგებლობის გამომრიცხველი გარემოებებისაგან განსხვავებით პირის მიერ ჩადენილი ქმედება შეიცავს სამართალდარღვევის ყველა ნიშანს, მაგრამ საბაჟო პასუხისმგებლობის კანონიერი საფუძვლის არსებობის მიუხედავად, კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში, იგი თავისუფლდება საბაჟო პასუხისმგებლობისაგან.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილი პირის საბაჟო სანქციისაგან გათავისუფლებას ითვალისწინებს იმ პირობებში, როცა ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები იძლევა იმის საფუძველს, რომ პირი ცდება, ან არ არის მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 53-ე მუხლის მე-2 ნაწილით, პირს საგადასახადო ვალდებულება ეკისრება საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ იმ გარემოებათა წარმოქმნის მომენტიდან, რომლებიც ითვალისწინებს გადასახადის გადახდას.
საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-6 მუხლით, იმპორტის გადასახდელი არის საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული იმპორტის გადასახადი, აქციზი, დამატებული ღირებულების გადასახადი, რომლის გადახდის ვალდებულება საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანასთან დაკავშირებით წარმოიშობა.
ამავე კოდექსის 47-ე მუხლის პირველი ნაწილით კი დადგენილია, რომ საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას საბაჟო ვალდებულება წარმოიშობა იმპორტის გადასახადით დასაბეგრი უცხოური საქონლის ერთ-ერთ შემდეგ საბაჟო პროცედურაში მოქცევისას:
ა) თავისუფალ მიმოქცევაში გაშვება;
ბ) დროებით შემოტანა იმპორტის გადასახადისგან ნაწილობრივ გათავისუფლებით. ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, სახეზეა საქართველოს საბაჟო კოდექსით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომის - სანქციისაგან გათავისუფლების საფუძველი და სამართალდამრღვევი უნდა გათავისუფლდეს 2022 წლის 22 აგვისტოს №ELC15954 და №ELC15956 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმებით დაკისრებული ჯარიმებისგან (საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილით). ამასთან, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სატრანსპორტო საშუალებები (შასის № "------" ,№"-----") საქართველოს საბაჟო ტერიტორიდან გასულია 2022 წლის 9 და 18 ოქტომბერს, საბაჟო დეპარტამენტს უნდა დაევალოს განახორციელოს 2022 წლის 22 აგვისტოს №EL7777/16 (№007-16),№EL7777/17 (№007-17) საგადასახადო მოთხოვნების შესაბამისი კორექტირება. დანარჩენ ნაწილში საჩივრები უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. „------„ (პ/ნ ------) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2.მომჩივანი საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდეს 2022 წლის 22 აგვისტოს №ELC15954 და №ELC15956 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმებით დაკისრებული ჯარიმებისგან;
3.დაევალოს საბაჟო დეპარტამენტს განახორციელოს 2022 წლის 22 აგვისტოს №EL7777/16 (№007-16), №EL7777/17 (№007-17) საგადასახადო მოთხოვნებისა და მომჩივნის პირადი აღრიცხვის ბარათის შესაბამისი კორექტირება;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
5.ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.