გადაწყვეტილება №21803/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 16.05.2024
№ დოკუმენტი 21803/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

🏷️ თეგები

ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლებიხარჯები რომლებიც გამოიქვითებასაქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევადღგ - ს გადამხდელად ნებაყოფლობითი / სავალდებულო რეგისტრაცია და რეგისტრაციის გაუქმებამიღებული/მისაღები ანაზღაურება (მ.შ. სუბსიდია)სოფლის მეურნეობის პროდუქციის მიწოდება, რომელიც არ თავისუფლდებაშემოსავლის განსაზღვრა ქონების გადასახადის მიზნებისთვისდაბეგვრის ობიექტი და ღირებულებაფიზიკური პირის ქონების გადასახადის დეკლარირებაშემოსავლების/ხარჯების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდითოპერაციისთვის კვალიფიკაციის შეცვლის საფუძვლები და სამეურნეო ოპერაციების ეკონომიკური გავლენა (73-ე მუხლის მე-9 ნაწილი)

📜 საკანონმდებლო ნორმები

📄 სრული ტექსტი

№21803/2/2024

16 მაისი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: --- (ს/ნ ---)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 14.03.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ---ის 5.01.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21803/2/2024).

 

დავის საგანი:

1. ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯის ოდენობა;

2. 2021 წელს რეალიზებული მარცვლეულის არ ჩათვლა საქართველოში წარმოებულ მარცვლეულად, დღგ-ის სავალდებულო რეგისტრაციის თარიღის განსაზღვრა და შემდგომ პერიოდში მარცვლეულის რეალიზაციით მიღებული შემოსავლის დღგ-ით დაბეგვრა;

3. ქონების გადასახადში განსაზღვრულ ვალდებულებების მართლზომიერება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 20.07.2023 წლის №077-16 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 20.11.2023 წლის №28567 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 308 183.5 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 189 288

დღგ - 142 899

საშემოსავლო გადასახადი - 44 253

ქონების გადასახადი - 2 136

ჯარიმა - 62 889

საურავი - 56 006.5

 

პროცედურული გარემოებები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის მოშენება, ასევე შესამოწმებელ პერიოდში ფიქსირდება მარცვლეული რეალიზაცია. აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მეწარმის საქმიანობის 1.01.2020 წლიდან 1.03.2023 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება.

საგადასახადო შემოწმების შედეგები აისახა 30.06.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზეც გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 20.07.2023 წლის №17703 ბრძანება და ამავე თარიღის №077-16 საგადასახადო მოთხოვნა. აღნიშნული აქტები 4.09.2023 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 20.11.2023 წლის №28567 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:

- პირველ და მე-2 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხები, დაადგინოს საქმის ირგვლივ არსებული ფაქტობრივი გარემოებები, ასევე შეისწავლოს საჩივარზე თანდართული დოკუმენტაცია და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

- მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის შესრულების შედეგების გათვალისწინებით, უზრუნველყოს ქონების გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);

- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 20.11.2023 წლის №28567 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯის ოდენობა

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

მეწამეს 2021 წელს რეალიზებული აქვს მარცვლეული დასახელებით „ქართული სიმინდი“ და „ქართული ხორბალი“ (სულ 971 817 ლარის ღირებულების 1 145 ტონა მარცვლეული) შპს „---ზე“ (ს/ნ ---) 670 722 ლარის ღირებულების, ხოლო შპს „---ზე“ (ს/ნ ---) 301 095 ლარის ღირებულების. სულ სიმინდის და ხორბლის რეალიზაციით მიღებული აქვს შემოსავალი 971 817 ლარი. საშემოსავლო გადასახადის 2021 წლის წლიურ დეკლარაციის მიხედვით მეწარმეს ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითული აქვს 959 908 ლარის ღირებულების ხარჯი, თუმცა გადასახადის გადამხდელმა ვერ წარადგინა ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები (მარცვლეულის მოყვანის დამადასტურებელი ვერცერთი დოკუმენტი, როგორიცაა სათესლე მასალის შეძენის დოკუმენტი, მიწის იჯარის ხელშეკრულებები, მიწის დასამუშავებლად საჭირო ტექნიკის გამოყენების, მუშა ხელის გამოყენების და ა.შ. დოკუმენტები). შესაბამისად, შემოწმების შედეგად გადამხდელის მიერ 2021 წლის ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯის ოდენობა განისაზღვრა მიღებული შემოსავლის 75%-ის ოდენობით. აღნიშნულის გათვალისწინებით, გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში მითითებულ არგუმენტაციაზე, რომ შემოწმების მიმდინარეობისას აუდიტორს ელ. ფოსტაზე მიაწოდა რეალიზებული საქონლის შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტები, რომელთა გადაგზავნის შემდგომ აუდიტორთან სატელეფონო საუბრის დროს გაირკვა, რომ დოკუმენტები არ მიუღია, რის გამოც გადამხდელმა, შემოწმების დასრულებამდე, ჩააბარა შემოსავლების სამსახურის ერთ-ერთ სერვისცენტრში. მიუხედავად ამისა, აუდიტორმა არ გაითვალისწინა წარდგენილი შესყიდვის აქტები, და არ იმსჯელა მის ავთენტურობაზე, არ გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება. ამასთან, გადამხდელს საჩივარზე თანდართული აქვს კონკრეტული დოკუმენტაცია.

სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი, დაადგინოს საქმის ირგვლივ არსებული ფაქტობრივი გარემოებები, ასევე შეისწავლოს საჩივარზე თანდართული დოკუმენტაცია და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შემოწმების მიმდინარეობისას აუდიტორს ელ. ფოსტაზე (---) რამდენჯერმე მიეწოდა რეალიზებული საქონლის შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტები, რომელთა გადაგზავნის შემდგომ აუდიტორთან სატელეფონო საუბრისას გაირკვა, რომ დოკუმენტები არ მიუღია, რის გამოც შესყიდვის აქტები გადამხდელმა შემოწმების დასრულებამდე ხელზე ჩააბარა სსიპ შემოსავლების სამსახურის ერთ-ერთ სერვისცენტრში. მიუხედავად ამისა, აუდიტორმა არა თუ გაითვალისწინა წარდგენილი შესყიდვის აქტები, არამედ არც კი იმსჯელა ამ დოკუმენტებზე და მის ავთენტურობაზე, არ გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება (რისი ვალდებულებაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გააჩნია) არ დაინტერესებულა შესყიდვის აქტებში დაფიქსირებული ოპერაციის დადგენით.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით - სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საგადასახადო კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.

საგადასახადო კოდექსის 100-ე მუხლის პირველი ნაწილის და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად:

1. რეზიდენტის ერთობლივი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროდან და საქართველოს ფარგლების გარეთ მიღებული შემოსავლებისაგან.

3. ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ნებისმიერი ფორმით ან/და საქმიანობით მიღებული შემოსავალი, კერძოდ: ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან.

საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები.

საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ყველა ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მის მიღებასთან, გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც ამ კოდექსის თანახმად გამოქვითვას არ ექვემდებარება.

2. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.

საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას. საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერულ) ოპერაციაზე გამოწერილ პირველად საგადასახადო დოკუმენტში საქონლის ღირებულების (მათ შორის, საქონლის ერთეულის ფასის) მითითება სავალდებულო არ არის.

საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას მომჩივნის წარმომადგენლებმა განმარტეს, რომ მათთვის მისაღებია შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილება თუმცა მიაჩნიათ, რომ შემოსავლების სამსახურს წარდგენილი დოკუმენტაციის და მტკიცებულების (შესყიდვის აქტების) საფუძველზე, შეეძლო გაებათილებინა სადავო აქტების შედეგები.

მომჩივნის არგუმენტის გათვალისწინებით შემოსავლების სამსახურის 20.11.2023 წლის №28567 ბრძანებით სადავო საკითხთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი, დაადგინოს საქმის ირგვლივ არსებული ფაქტობრივი გარემოებები, ასევე შეისწავლოს საჩივარზე თანდართული დოკუმენტაცია და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). აღნიშნული გარემოებებიდან, მხარეთა არგუმენტებიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება ამ ნაწილში მართებულია და არ არსებობს შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილებისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.

 

2. 2021 წელს რეალიზებული მარცვლეულის არ ჩათვლა საქართველოში წარმოებულ მარცვლეულად, დღგ-ის სავალდებულო რეგისტრაციის თარიღის განსაზღვრა და შემდგომ პერიოდში მარცვლეულის რეალიზაციით მიღებული შემოსავლის დღგ-ით დაბეგვრა

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

გადამხდელს 2021 წელს რეალიზებული აქვს მარცვლეული დასახელებით ქართული სიმინდი და ქართული ხორბალი შპს „---ზე“ 670 722 ლარის ღირებულების, ხოლო შპს „---ზე“ 301 095 ლარის ღირებულების (სულ 971 817 ლარის ღირებულების 1 145 ტონა მარცვლეული). ვინაიდან, გადასახადის გადამხდელმა ვერ წარადგინა მარცვლეულის მოყვანის დამადასტურებელი ვერცერთი დოკუმენტი (სათესლე მასალის შეძენის დოკუმენტი, მიწის იჯარის ხელშეკრულებები, მიწის დასამუშავებლად საჭირო ტექნიკის გამოყენების, მუშა ხელის გამოყენების და ა.შ. დოკუმენტები). შემოწმების შედეგად, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, მის მიერ 2021 წელს რეალიზებული მარცვლეული არ ჩაითვალა საქართველოში წარმოებულ მარცვლეულად. აღნიშნულის გათვალისწინებით, გადამხდელს, საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის შესაბამისად დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღად განესაზღვრა 17.11.2021 წელი, ხოლო მის შემდგომ პერიოდში მარცვლეულის რეალიზაციით მიღებული შემოსავლები დაიბეგრა დღგ-ით. ასევე, დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღის შემდგომ პერიოდში გადამხდელის მიერ რეალიზებულია მის მიერ ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებული მის საკუთრებაში არსებული MERCEDES-BENZ SPRINTER სახელმწიფო ნომრით --- და FORD TRANSIT სახელმწიფო ნომრით ----, რომელთა საბაზრო ღირებულებაც გათვალისწინებულია დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვების გაანგარიშებისას. აღნიშნულის გათვალისწინებით, გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლით.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

გადასახადის გადამხდელი წარდგენილ საჩივარში მიუთითებს, რომ გაუგებარია თუ რატომ არ გაითვალისწინა შემმოწმებელმა გადამხდელის მიერ მიწოდებული დოკუმენტაცია, ასევე აღნიშნავს, რომ აუდიტის დეპარტამენტისთვის მიწოდებული დოკუმენტაციის გათვალისწინებით დაუშვებელია დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღის ცვლილება, რადგან გადამხდელს არ უფიქსირდება 12 კალენდარული თვის განმავლობაში 100 000 ლარზე მეტი დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციები. ამასთან, გადამხდელს საჩივარზე თანდართული აქვს კონკრეტული დოკუმენტაცია.

სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი, დაადგინოს საქმის ირგვლივ არსებული ფაქტობრივი გარემოებები, ასევე შეისწავლოს საჩივარზე თანდართული დოკუმენტაცია და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

მომჩივნის არგუმენტაცია

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. შემოწმების მიმდინარეობისას აუდიტორს ელ. ფოსტაზე (---) რამდენჯერმე მიეწოდა რეალიზებული საქონლის შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტები, რომელთა გადაგზავნის შემდგომ აუდიტორთან სატელეფონო საუბრისას გაირკვა, რომ დოკუმენტები არ მიუღია, რის გამოც დოკუმენტები გადამხდელის მიერ შემოწმების პერიოდში ჩაბარებულ იქნა შემოსავლების სამსახურის სერვისცენტრში. გამომდინარე აქედან, გაუგებარია შემმოწმებელმა თუ რატომ არ გაითვალისწინა გადამხდელის მიერ მიწოდებული დოკუმენტაცია. აუდიტის დეპარტამენტისთვის მიწოდებული დოკუმენტაციის გათვალისწინებით დაუშვებელია საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად შეცვალოს მისი კვალიფიკაცია და საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის შესაბამისად განისაზღვროს დღგ-ის სავალდებულო რეგისტრაციის თარიღად 17.11.2021 წელი, რადგან გადამხდელს არ უფიქსირდება 12 კალენდარული თვის განმავლობაში 100 000 ლარზე მეტი დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციები.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. დასაბეგრი პირი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ვალდებულია მის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ოპერაციების ჯამური თანხის 100 000 ლარისთვის გადაჭარბების დღიდან, არაუგვიანეს 2 სამუშაო დღეში დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მიზნით, მიმართოს საგადასახადო ორგანოს.

2. დასაბეგრ პირს დღგ-ის გამოანგარიშების და გადახდის ვალდებულება წარმოეშობა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტიდან (ამ ოპერაციის ჩათვლით), რომლის მიხედვითაც დასაბეგრი ოპერაციების ჯამურმა თანხამ 100 000 ლარს გადააჭარბა.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, დღგით დასაბეგრი ოპერაციებია:

ა) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება;

ბ) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა.

საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საგადასახადო კოდექსის 172-ე მუხლის მე-4 ნაწილის „უ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებულია საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის (გარდა სეს ესნ-ის 0407 11 000 00 და 0407 21 000 00 კოდებით გათვალისწინებული საქონლისა (კვერცხისა) და 0207 11 სუბპოზიციაში მითითებული საქონლისა (შინაური ქათამი აუქნელი, ახალი ან გაცივებული)) მიწოდება მის სამრეწველო გადამუშავებამდე (სასაქონლო კოდის შეცვლამდე).

საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას მომჩივნის წარმომადგენლებმა განმარტეს, რომ მათთვის მისაღებია შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილება თუმცა მიაჩნიათ რომ შემოსავლების სამსახურს, წარდგენილი დოკუმენტაციის და მტკიცებულების (შესყიდვის აქტების) საფუძველზე, შეეძლო გაებათილებინა სადავო აქტების შედეგები.

მომჩივნის არგუმენტის გათვალისწინებით შემოსავლების სამსახურის 20.11.2023 წლის №28567 ბრძანებით სადავო საკითხთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი, დაადგინოს საქმის ირგვლივ არსებული ფაქტობრივი გარემოებები, ასევე შეისწავლოს საჩივარზე თანდართული დოკუმენტაცია და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). აღნიშნული გარემოებებიდან, მხარეთა არგუმენტებიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება ამ ნაწილში მართებულია და არ არსებობს შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილებისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.

 

3. ქონების გადასახადში განსაზღვრულ ვალდებულებების მართლზომიერება

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

საგადასახადო შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ მომჩივანს 2021 წლის საანგარიშო პერიოდში უფიქსირდება 100 000 ლარზე მეტი შემოსავალი. საგადასახადო შემოწმების საფუძველზე გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან მიღებული ინფორმაციით, გადამხდელს და მის ოჯახის წევრებს (მეუღლე) საკუთრებაში აქვთ ქონება. ქონების გადასახადით დასაბეგრი ობიექტის დასადგენად შემოწმება დაეყრდნო საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ელექტრონულ ვებ გვერდზე განთავსებულ ნასყიდობის ხელშეკრულებებში ასახულ სარეალიზაციო ღირებულებებს. საგადასახადო კოდექსის 201-ე და 202-ე მუხლების თანახმად, მეწარმეს დაერიცხა კუთვნილი ქონების გადასახადი შესაბამისი საანგარიშო პერიოდების მიხედვით და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

გადასახადის გადამხდელი საჩივარში მიუთითებს, რომ აუდიტის დეპარტამენტისთვის მიწოდებული დოკუმენტაციის შედეგად ცალსახაა, რომ გადამხდელს 2021 წლის საანგარიშო პერიოდში არ უფიქსირდება 100 000 ლარზე მეტი შემოსავალი, გამომდინარე აქედან, არასწორია ქონების გადასახადის გაანგარიშება. სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, პირველი და მე-2 სადავო საკითხების შესწავლის შედეგების გათვალისწინებით უზრუნველყოს ქონების გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).

 

მომჩივნის არგუმენტაცია

აუდიტის დეპარტამენტისთვის მიწოდებული დოკუმენტების შესაბამისად ცალსახაა, რომ გადამხდელს 2021 წლის საანგარიშო პერიოდში არ უფიქსირდება 100 000 ლარზე მეტი შემოსავალი, გამომდინარე აქედან, არასწორია ქონების გადასახადი გაანგარიშება 202-ე მუხლის მე-5 ნაწილით. ითხოვს ბათილად იქნეს ცნობილი სადავო აქტები შემოწმების აქტის მე-2, მე-3 და მე-4 საკითხთან მიმართებით.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ქონების გადასახადის გადამხდელია ფიზიკური პირი:

გ.ა) მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე (მათ შორის, დაუმთავრებელ მშენებლობაზე, შენობა-ნაგებობაზე ან მათ ნაწილზე), იახტებზე (კატარღებზე), შვეულმფრენებზე, თვითმფრინავებსა და საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8703 კოდით განსაზღვრულ მსუბუქ ავტომობილებზე;

გ.ბ) არარეზიდენტისაგან ლიზინგით მიღებულ ქონებაზე;

გ.გ) ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში, მის ბალანსზე ძირითად საშუალებად აღრიცხულ აქტივებზე, დაუმონტაჟებელ მოწყობილობებზე, აგრეთვე მის მიერ ლიზინგით გაცემულ ქონებაზე. საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთი დიფერენცირებულია გადასახადის გადამხდელის ოჯახის მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლების მიხედვით და განისაზღვრება შემდეგი ოდენობით:

ა) 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების არანაკლებ 0.05 პროცენტისა და არა უმეტეს 0.2 პროცენტისა;

ბ) 100 000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების არანაკლებ 0.8 პროცენტისა და არა უმეტეს 1 პროცენტისა. საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის მე-12 ნაწილის თანახმად, ფიზიკური პირი ქონების გადასახადის დეკლარაციას საგადასახადო ორგანოს წარუდგენს არა უგვიანეს კალენდარული წლის 1 ნოემბრისა. დეკლარაციაში მონაცემები დასაბეგრი ქონების შესახებ შეიტანება გასული საგადასახადო წლის მიხედვით, ხოლო დასაბეგრი მიწის შესახებ – მიმდინარე საგადასახადო წლის მიხედვით.

მომჩივნის არგუმენტის გათვალისწინებით შემოსავლების სამსახურის 20.11.2023 წლის №28567 ბრძანებით სადავო საკითხთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, პირველი და მე-2 სადავო საკითხების შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, უზრუნველყოს ქონების გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება). აღნიშნული გარემოებებიდან, მხარეთა არგუმენტებიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება ამ ნაწილში მართებულია და არ არსებობს შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილებისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი:

1. ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯის ოდენობა;

2. 2021 წელს რეალიზებული მარცვლეულის არ ჩათვლა საქართველოში წარმოებულ მარცვლეულად, დღგ-ის სავალდებულო რეგისტრაციის თარიღის განსაზღვრა და შემდგომ პერიოდში მარცვლეულის რეალიზაციით მიღებული შემოსავლის დღგ-ით დაბეგვრა;

3. ქონების გადასახადში განსაზღვრულ ვალდებულებების მართლზომიერება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საგადასახადო შემოწმების შედეგები აისახა 30.06.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზეც გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 20.07.2023 წლის №17703 ბრძანება და ამავე თარიღის №077-16 საგადასახადო მოთხოვნა. აღნიშნული აქტები 4.09.2023 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 20.11.2023 წლის №28567 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.

შემოსავლების სამსახურის 20.11.2023 წლის №28567 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი არ დაკმაყოფილდა

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73; 102; 105; 72; 165; 159; 163; 164; 172; 201; 202; 205.