გადაწყვეტილება №21233/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№21233/2/2023
06 თებერვალი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „---“ (ს/ნ ---)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 13.12.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „---“-ის 1.11.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21233/2/2023).
დავის საგანი:
საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით და ნაღდი ფულის დანაკლისის დირექტორზე გაცემულ ხელფასად მიჩნევა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 6.12.2022 წლის №083-40 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 11.10.2023 წლის №25152 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 124 079,24 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 80 004
დღგ - 61 311
საშემოსავლო გადასახადი - 18 693
ჯარიმა - 40 001 საურავი - 4 074,24
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
მომჩივნის საქმიანობაა საბითუმო და საცალო ვაჭრობა თამბაქოს ნაწარმით. საქმიანობის განხორციელების ადგილია ქ. ---ს ქუჩაზე იჯარით აღებული ფართი. აუდიტის დეპარტამენტის 30.11.2022 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 12.01.2022 წლიდან 1.07.2022 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებებით:
შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს ბიუჯეტიდან დაბრუნებული აქვს 56 100 ლარი და გადახდილი აქვს 1 070 ლარი. გადასახადის გადამხდელს საგადასახადო შემოწმების დანიშვნის შემდეგ, 2022 წლის ივლისის თვის დღგ-ის დეკლარაციაში 18%-იან დასაბეგრ ბრუნვაში დეკლარირებული აქვს 414 510 ლარი, რაც შეუსაბამოა მის სახელზე რეგისტრირებულ საკონტროლო-სალარო აპარატის მიხედვით დაფიქსირებულ შესაბამისი თვის რეალიზაციასთან. საწარმოს გამოწერილი აქვს საგადასახადო ანგარიშფაქტურები სხვადასხვა პირზე. გადამხდელს არ აქვს ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა.
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 14.09.2022 წლის ბრძანების მიხედვით გადამხდელის კუთვნილ ობიექტზე ჩატარებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების და ნაღდი ფულის ნაშთი არ გააჩნია. შემოწმების მიერ გადასახადის გადამხდელის შემოსავლების და ხარჯების დათვლა განხორციელდა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მიხედვით, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით.
შემოწმებამ რეალიზებული საქონლის ფასნამატის დასადგენად იხელმძღვანელა ქ. --- მსგავსი საქმიანობის მქონე პირის აუდირებული ფასნამატით - 8% და აღნიშნულის გამოყენებით განსაზღვრა გადამხდელის მიერ მიღებული შემოსავლები. ანალიზის მიხედვით, დოკუმენტური რეალიზაციის შემთხვევაში (136 268 ლარი) ფასნამატმა შეადგინა 2,4 %.
ინვენტარიზაციის შედეგების გათვალისწინებით დადგინდა შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელის მიერ რეალიზებული საქონლის თვითღირებულება და აღნიშნულის გათვალისწინებით დაკორექტირდა (გაიზარდა) შესამოწმებელი პერიოდის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა და დადგინდა გადასახადის გადამხდელის მიერ მიღებული შემოსავლები.
გამოვლენილი ნაღდი ფულის დანაკლისი ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე სახელფასო განაცემად. საგადასახადო კოდექსის 81-ე, 101-ე, 154-ე და 160-ე-163-ე მუხლების მიხედვით, გადამხდელს დაერიცხა გადასახადები და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით. საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 6.12.2022 წლის №083-40 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 29.05.2023 წლის №11652 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 9.08.2023 წლის №20026/2/2023 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 29.05.2023 წლის №11652 ბრძანება და საჩივარი მომჩივნის მონაწილეობით ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა ამავე სამსახურს. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შემოსავლების სამსახურმა განიხილა საბჭოს 9.08.2023 წლის №20026/2/2023 გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული საჩივარი და 11.10.2023 წლის №25152 ბრძანებით არ დააკმაყოფილა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 163-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე და 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე.
შემოწმებით დადგენილი გარემოებაა, რომ გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 14.09.2022 წელს ჩატარებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს სმფ-ის და ნაღდი ფულის ნაშთი არ უფიქსირდებოდა. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებისა და იმის გათვალისწინებით, რომ გადამხდელის სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, საწარმოს საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, კერძოდ საცალოდ რეალიზებულ საქონელზე გავრცელდა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირის აუდირებული ფასნამატი 8%, რის საფუძველზეც განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, ხოლო გამოვლენილი ნაღდი ფულის დანაკლისი ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად.
გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივრებში არ ეთანხმება შემოწმების მიერ გამოყენებულ ფასნამატს, თუმცა საჩივრებში არ არის მითითებული იმგვარი არგუმენტები, რომელიც გაამყარებდა მომჩივნის პოზიციას. ამასთან, საგადასახადო დავის ეტაპზე, მათ შორის საკითხის ზეპირი განხილვისას, გადამხდელის მხრიდან არ წარმოდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებული შემოსავლის საწარმოს დირექტორის ხელფასად განხილვის საფუძველზე, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის შესაბამისად. ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა სადავო საკითხებთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს. რაც შეეხება მომჩივნის არგუმენტს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ხოლო მე-2 ნაწილის მიხედვით ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რომლის არსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
მომჩივნის არგუმენტაცია
საგადასახადო შემოწმების აქტი და თანდართული მასალები შინაარსობრივად საგადასახადო სამართალდარღვევის ფაქტების კონსტანტაციის საფუძველზე საგადასახადო სამართალდარღვევის ფაქტის განსაზღვრის დასასაბუთებლად არ პასუხობს საგადასახადო კოდექსის 267-ე მუხლის მოთხოვნებს. ფაქტიურად საკითხების ირგვლივ აუდიტორი შემოიფარგლა ზოგადი ინფორმაციით, კერძოდ სამართლებრივი და ეკონომიკური მოვლენების ზოგადი აღწერით და საერთო ციფრობრივი მასალებით, რომლიდანაც სურვილის შემთხვევაშიც კი რთულდება საკითხების ირგვლივ სამართლებრივი და ეკონომიკური დასაბუთებების წარდგენა, უფრო მეტიც - აქტს საერთოდ არ ახლავს შედეგების ცხრილებიც კი, რაც საგადასახადო კოდექსის მოთხოვნების უგულვებელყოფაა. რეალიზებული საქონლის ფასნამატის მოცულობა განსაზღვრულია 8%-ით, რაც ძალიან მაღალია თამბაქოთი ვაჭრობის სისტემაში, საიდან არის მოტანილი 8% გაუგებარია, უფრო მეტიც, საბითუმოდ რეალიზებული საქონლის ფანასმატად აუდიტორი აფიქსირებს საშუალოდ 2,4%-ს, საცალო ქსელში კი 8%- ს, ანუ 3,3-ჯერ მეტს. აუდიტორს ფაქტობრივი მოვლენების გადმოცემის დროს შემოაქვს ეკონომიკური ტერმინი - აუდიტორული ფასნამატი, რას ნიშნავს ეს? საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლში აღნიშნული ტერმინი საერთოდ განმარტებული არ არის, უფრო მეტიც ტერმინი ფასნამატი გამოყენებულია მხოლოდ საგადასახადო კოდექსის 128-ე მუხლში - საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციების შეფასების მეთოდები.
შემოწმების აქტით იკვეთება, რომ აუდიტორი გადამხდელის საქმიანობის შეფასებისას ეყრდნობა თავის ინტუიციას და აღნიშნავს, რომ ფასნამატი დაბალია, აქვე აღნიშნავს, რომ საგადასახადო დოკუმენტებით რეალიზებულ პროდუქციაზე ფასნამატის 2,4%, მან კი ვალდებულებების განსაზღვირსას გამოიყენა 8%-იანი ფასნამატი, მიზეზად ალბათ ის არის მხოლოდ, რომ მისი შეფასებით ფასნამატი დაბალია, მაგრამ არ ფიქსირდება ბიზნესისთვის ფასნამატის განსაზღვრის რა სამართლებრივი საფუძვლები არსებობს, რომელი ნორმატიული აქტი არეგულირებს ფასნამატის სისტემას, თუ აუდიტის დეპარტამენტს მისი შეხედულებით შეუძლია, როცა დაჭირდება მაშინ გამოიყენოს უსაფუძვლოდ ფასნამატის მის ხელთ არსებული ინფორმაცია.
ფასნამატის ცნება მაშინ, როდესაც სისტემატიურად იცვლება ეროვნული ვალუტის კურსი, აბსურდულია. ფასნამატის განსაზღვრა ბიზნესის პრეროგატივაა და არა მაკონტროლებლის. ეკონომიკაში არსებობს ფასების ინდექსის ცნება, რომელსაც სტატისტიკური ორგანოები განსაზღვრავენ და იგი საჯაროა, ამასთან არსებობს ფასების ინდექსის განსაზღვრის მეთოდოლოგიაც, წარმოებისთვის კი არსებობს რენტაბელობის ცნება, რომელსაც ზემოდან ვერავინ ვერ დაარეგულირებს. ეს ბიზნესში უხეში ჩარევის მცდელობაა, ანუ ბიზნესის დასჯის მექანიზმია. შეძენილი სმფ-ების ანალიზიდან იკვეთება, რომ მითითებული ფასნამატით ვერაფრით ვერ მიიღება აუდიტორის დაფიქსირებული მაჩვენებლები. აუდიტორი ეყრდნობა მათ ბაზაში არსებულ ინფორმაციას, ეს ინფორმაცია კი გადამხდელისთვის დახურულია, ანუ პირწმინდად ირღვევა საგადასახადო კოდექსის 267-ე მუხლი. მიუღებელია აუდიტორის შეფასება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 20.05.2022 წლის №1/2/876 გადაწყვეტილებით განსაზღვრული ნორმებიდან გამომდინარე. მხოლოდ მოსაზრების საფუძველზე სხვა რაიმე სამართლებრივი პროცედურების გარეშე (საკონტროლო შესყიდვის რამდენიმე შემთხვევა, სალარო აპარატის გამოუყენებლობა ან სხვა სამართლებრივად განსაზღვრული ქმედებების განხორციელება) ფასნამატის გამოყენება და მის საფუძველზე დამატებითი საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა უკანონოა. გაუგებარია რატომ ხდება სალაროს ნაშთის ხელფასად აღიარების დროს მისი აგროსვა. სალაროს ნაშთი წარმოშობილია საწარმოს ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავლებისა და ხარჯების სხვაობით, ფაქტობრივ მოვლენებში განმარტებულია ხელფასის, როგორც ეკონომიკური მაჩვენებლის საგადასახადო კოდექსის ნორმების შესაბამისად განმარტება.
საგადასახადო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისთვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.
აქტით იკვეთება მხოლოდ 93 461 ლარის გაცემა, საიდან მოდის ეს რიცხვი უცნობია. შესაბამისად მსჯელობაც რთულია (აუდიტორი სხვა საშუალებას არ გვაძლევს, მხოლოდ ვარაუდებით უნდა ვისაუბროთ, რადგან აქტს არავითარი გაანგარიშება არ ახლავს). საგადასახადო შემოწმების დროს გავრცელებული პრაქტიკაა სალაროს ნაშთის აგროსვა, შემოსავლების სამსახურის უფროსის 8.07.2019 წლის №22708 ბრძანების საფუძველზე, რაც არასამართლიანია და ეწინააღმდეგება საგადასახადო კოდექსის მოთხოვნებს და თავისი შინაარსით წარმოადგენს გადასახადების ფარული ზრდის საფუძვლებს, რადგან ფიზიკურ პირს ეკისრება დამატებით გადასახდელი საშემოსავლო გადასახადის მოძიება, რომელიც რატომღაც უნდა გადაიხადოს საგადასახადო აგენტმა. გადასახდელი თანხა წარმოდგენილია როგორც განყენებული დამატებით მოსაძიებელი სიდიდე, რაც ეწინააღმდეგება საგადასახადო კოდექსის ფუნდამენტურ დებულებებს.
იურიდიულმა პირმა, რომელსაც სალაროში დარჩენილი აქვს ნაშთი, გადამხდელისთვის ნაშთის ზემოთ დარიცხული საშემოსავლო გადასახადი როგორ უნდა აღრიცხოს, როცა მისი მიღების დამადასტურებელი დოკუმენტი არ გააჩნია, ანუ გამოდის, რომ ის უნდა ჩამოიწეროს საწარმოს განკარგულებაში დარჩენილი მოგებიდან (სხვა მოცემული ხარჯების ბუღალტრულად ჩამოწერის მექანიზმი არ არსებობს), თუ მიგვითითებთ მადლობელი დაგრჩებით. ანუ გამოდის, რომ გადამხდელი ბიუჯეტში იხდის იმაზე მეტ გადასახადს, რაც საგადასახადო კოდექსის მოთხოვნებითაა განსაზღვრული. იგივე შემთხვევაში სალაროში ნაშთად დარჩენილი თანხა მეწარმე სუბიექტზე რომ გაიცეს, როგორ უნდა აისახოს სუბიექტის ერთობლივ შემოსავლებში, აგროსილი თუ ნაშთად ფიქსირებული? საგადასახადო კოდექსის მე-5 მუხლის თანახმად:
1. პირი ვალდებულია გადაიხადოს ამ კოდექსით დაწესებული საერთო-სახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გადასახადები.
2. დაუშვებელია ამ კოდექსის დარღვევით დაწესებული ან ამ კოდექსით გაუთვალისწინებელი გადასახადის გადახდის ვალდებულების ვინმესთვის დაკისრება, აგრეთვე გადასახადის გადახდევინება ამ კოდექსით დადგენილ ვადაზე ადრე.
3. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოს უფლება აქვს, შემოიღოს მხოლოდ ამ კოდექსით დაწესებული ადგილობრივი გადასახადი.
აღნიშნული ქმედება წარმოადგენს საბიუჯეტო გადასახადების განსაზღვრული ნორმების ფარული ზრდის მაგალითს, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 67-ე მუხლის მოთხოვნებს. გასაჩივრებული იქნა სადავო აქტები და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ დააკმაყოფილა საჩივარი და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნა შემოსავლების სამსახურს, რომელმაც განიხილა საჩივარი და ისევ არ დააკმაყოფილა, იგივე მოსაზრებით, რაც ერთხელ უკვე გაუქმდა ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. ზემოთ მოყვანილი წარმოდგენილი საკითხებიდან გამომდინარე იკვეთება, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გამოიკვლია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და მეტიც მან თავისი საპროექტო შედეგები დააფუძნა იმ მტკიცებულებებზე, რომლებიც სათანადოდ არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. სწორედ ამიტომ, საგადასახადო ორგანოს სტრუქტურული ქვედანაყოფის მიერ სადავო ადმინისტრაციული აქტების გამოცემისას არ დაირღვეს საგადასახადო კოდექსის ნორმები (საგადასახადო ორგანოებისა და გადასახადის გადამხდელის უფლება-მოვალეობების ნაწილში), ასევე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილი და ამავე კოდექსის 96-ე მუხლი, რაც თავის მხრივ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის შესაბამისად სადავო ადმინისტრაციული აქტების ბათილობის საფუძველია.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგით დასაბეგრი ოპერაციებია:
ა) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება;
ბ) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დასაბეგრი პირი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს დღგ-ის დეკლარაცია არაუგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს გადასახადი.
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:
1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.
3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე. საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს მხედველობაში არ მიიღოს სამეურნეო ოპერაციები, რომლებსაც არა აქვს არსებითი ეკონომიკური გავლენა.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
შემოწმებით დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელს არ აქვს ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 14.09.2022 წლის ბრძანების მიხედვით გადამხდელის კუთვნილ ობიექტზე ჩატარებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების და ნაღდი ფულის ნაშთი არ გააჩნია. შემოწმების მიერ გადასახადის გადამხდელის შემოსავლების და ხარჯების დათვლა განხორციელდა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. შემოწმებამ რეალიზებული საქონლის ფასნამატის დასადგენად იხელმძღვანელა ქ. ---ში მსგავსი საქმიანობის მქონე პირის აუდირებული ფასნამატით - 8% და აღნიშნულის გამოყენებით განსაზღვრა გადამხდელის მიერ მიღებული შემოსავლები. ანალიზის მიხედვით, დოკუმენტური რეალიზაციის შემთხვევაში (136 268 ლარი) ფასნამატმა შეადგინა 2,4 %. ინვენტარიზაციის შედეგების გათვალისწინებით დადგინდა შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელის მიერ რეალიზებული საქონლის თვითღირებულება და აღნიშნულის გათვალისწინებით დაკორექტირდა (გაიზარდა) შესამოწმებელი პერიოდის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა და დადგინდა გადასახადის გადამხდელის მიერ მიღებული შემოსავლები. გამოვლენილი ნაღდი ფულის დანაკლისი ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე სახელფასო განაცემად. საბჭო მიუთითებს, რომ დავის განმხილველ ორგანოებში სრულყოფილად შესწავლილია საგადასახადო შემოწმების შედეგებთან დაკავშირებით წარმოდგენილი საჩივრები, მომჩივნის მიერ მითითებული არგუმენტები და საქმის გარემოებები.
საქმეში არსებული გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულია მართლზომიერად. აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, გამოყენებული ფასები ასევე თანხვედრაშია „ფილტრიან და უფილტრო სიგარეტებზე აქციზის თანხის გამოანგარიშების მიზნისათვის საცალო სარეალიზაციო ფასის დადგენის თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით პერიოდების მიხედვით განსაზღვრულ ფასებთან. საბჭო მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტს წარმოადგენს დასაბეგრი შემოსავალი, სადაც სადავო შემთხვევაში ჩართული იქნა კომპანიის მიერ საქონლის რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯის გამოკლებით. აღნიშნული წარმოადგენს ფიზიკური პირის მიერ მიღებულ შემოსავალს. საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა განისაზღვრება საშემოსავლო გადასახადის და ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავლის მიხედვით. აღნიშნულიდან გამომდინარე, საშემოსავლო გადასახადის გაანგარიშების მიზნებისთვის დასაბეგრი ბაზის განსაზღვრა ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავლის დარიცხვამდე აყვანილი თანხიდან განხორციელდა მართლზომიერად. აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს სადავო აქტების გაუქმების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით და ნაღდი ფულის დანაკლისის დირექტორზე გაცემულ ხელფასად მიჩნევა.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურმა განიხილა საბჭოს 9.08.2023 წლის №20026/2/2023 გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული საჩივარი და 11.10.2023 წლის №25152 ბრძანებით არ დააკმაყოფილა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73 ( 4, 5, 9); 101; 154; 159; 164; 168.