გადაწყვეტილება №88783/1/2024

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 04.06.2024
№ დოკუმენტი 88783/1/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული ვალის მართვის დეპარტამენტი, აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№88783/1/2024

04 ივნისი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: -----------ძე (ს/ნ ---------------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი/ვალის მართვის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 24.05.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება --------ის 30.03.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №88783/1/2024).

 

დავის საგანი:

1. დღგ-ის და საშემოსავლო გადასახადის დარიცხვის მართლზომიერება;

2. საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 22.12.2023 წლის №125-44 საგადასახადო მოთხოვნა;

2. ვალის მართვის დეპარტამენტის 24.12.2023 წლის №125-4153 შეტყობინება, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ;

3. შემოსავლების სამსახურის 23.02.2024 წლის №3965 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 262 448, 82 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 175 234

დღგ - 104 371

საშემოსავლო გადასახადი 70 863

ჯარიმა - 50 793

საურავი - 36 421, 82

 

პროცედურული გარემოებები

მომჩივნის საქმიანობაა ავტომობილების ტექნიკური მომსახურება და რემონტი. ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსი მინიჭებული აქვს 2019 წლის პირველი აპრილიდან.

აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 13 სექტემბრის №22444 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2020 წლიდან 1.08.2023 წლამდე საანგარიშო პერიოდის კამერალური სრული საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 6.12.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 21.12.2023 წლის №32423 ბრძანება და 22.12.2023 წლის №125-44 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

ამასთან, ვალის მართვის დეპარტამენტის 24.12.2023 წლის №125-4153 შეტყობინება, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ, ასევე გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 23.02.2024 წლის №3965 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. დღგ-ის და საშემოსავლო გადასახადის დარიცხვის მართლზომიერება

ფაქტების აღწერა

შესამოწმებელ პერიოდში მომჩივანს უფიქსირდება მომსახურების გაწევა მუნიციპალიტეტებისთვის ტენდერის ფარგლებში, რომლითაც გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების შეკეთება ახალი სათადარიგო ნაწილების გათვალისწინებით. შემოწმების მიერ აღნიშნული ოპერაციები ჩაითვალა ცალკე საქონლის და მომსახურების მიწოდებად, შესაბამისად საქონლის მიწოდების ნაწილში მომჩივანს 2021 წლის აგვისტოს თვეში წარმოეშვა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება და შემდგომ პერიოდში დღგ-ით დასაბეგრი თანხა განისაზღვრა ჯამურად, საქონლისა და მომსახურების თანხების გათვალისწინებით. შედეგად, დაერიცხა გადასახადი და შეეფარდა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის შესაბამისად.

აღნიშნული ოპერაციები ჩაითვალა ცალკე საქონლისა და მომსახურების მიწოდებად, ხოლო საქონლის მიწოდების ნაწილი ჩაითვალა ფიქსირებული გადასახადის გადამხდელისთვის ნებადართულ ცალკე საქმიანობად, რომელიც დაექვემდებარა საერთო წესით დაბეგვრას. შესაბამისად, დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციამდე პერიოდში გადამხდელის ერთობლივი შემოსავალი განისაზღვრა საქონლის მიწოდებით მიღებული შემოსავლის ოდენობით, ხოლო შემდგომ პერიოდში კი საქონლისა და მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლის ოდენობით, შედეგად მომჩივანს დაერიცხა გადასახადი და შეეფარდა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

შემოწმების პერიოდში მომჩივანი სარგებლობს ფიქსირებული გადასახადით დაბეგვრის შეღავათიანი რეჟიმით, ხოლო 2021 წლის აგვისტოდან წარმოეშვა დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის ვალდებულება, რის საფუძველზეც გაუქმდა ფიქსირებული გადასახადის შეღავათიანი დაბეგვრის რეჟიმი. შედეგად, შეუმცირდა აღნიშნულ პერიოდში გადახდილი ფიქსირებული განაკვეთით დარიცხული თანხები.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 951 -ე, 955 -ე, 956 -ე, 79-ე, 81-ე, მე-100, 102-ე, 105-ე, 158-ე, 165-ე, 159-ე, 163-ე, 164-ე, 43-ე მუხლებზე და „სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 29 დეკემბრის №415 დადგენილებაზე, რომლის №6 დანართით განსაზღვრულია ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი საქმიანობის სახეები და მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში ი/მ -------ძის მიერ განხორციელებული საქმიანობიდან ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრ საქმიანობად განხილულ უნდა იქნას საქმიანობის ის ნაწილი, რომელიც უკავშირდება მხოლოდ მომსახურების გაწევას და ადგილი არ აქვს საქონლის (სათადარიგო ნაწილის), როგორც შეცვლის მომსახურებასთან კომბინირებულ, ისე დამოუკიდებელ მიწოდებას. ამასთან, ასეთი მიწოდება ექვემდებარება გადასახადებით დაბეგვრას საერთო წესით, როგორც საშემოსავლო გადასახადის, ასევე დღგ-ის მიზნებისთვის.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

აუდიტის დეპარტამენტის მიერ თავიდანვე არასწორად იქნა შეფასებული საქმიანობის სახე. 2019 წლის 29 მარტიდან ფუნქციონირებს ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსით, რომელიც მიენიჭა „სპეციალური დაბეგვრის რეჟიმის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 29 დეკემბრის №415 დადგენილებით.

ევროკავშირის კომისიის რეგულაცია №213/2008 CPV განსაზღვრავს შესყიდვების კლასიფიკაციას, ყველა შესყიდვას ახლავს CPV შესაბამისი კოდი. ამ რეგულაციაზე დაყრდნობით, სახელმწიფო შესყიდვის ყველა ხელშეკრულებაში ფიგურირებს შესყიდვის კლასიფიკატორის CPV კოდი. მისი მითითების გარეშე ტენდერი ვერ შედგებოდა, ამდენად სათადარიგო ნაწილების რეალიზაცია და მომსახურების მიწოდება ცალ-ცალკე ლოტი, რომ ყოფილიყო ყველა ხელშეკრულებაში იქნებოდა მოცემული შესაბამისი კოდები.

ხელშეკრულების ღირებულებაში მომსახურების ფასებია განსაზღვრული და არა პრეისკურანტებში მოცემული თანხები. ცალკე სათადარიგო ნაწილების შესყიდვა რომ ყოფილიყო მიზანი, ხელშეკრულებაში უნდა დამატებოდა CPV დამატებითი კოდი, მაგრამ სახელმწიფო შესყიდვების კანონით, საქართველოს მთავრობის 2010 წლის 29 დეკემბრის №415 დადგენილებით, ევროკავშირის კომისიის რეგულაციით საგადასახადო კოდექსით, ეს ერთ შესყიდვად განიხილება. (წარმოადგინა ხელშეკრულება, რომელიც შესამოწმებელ პერიოდში დაიდო, რომლშიც მითითებულია ხელშეკრულების საგანი „საქონლის მიწოდება და CPV 34352000 კოდი.

საგადასახადო კოდექსის 38-ე მუხლით, გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს გაეცნოს საგადასახადო ორგანოში არსებულ ინფორმაციას. მათ არ მიეცათ საშუალება აუდიტორთან გაესაუბრათ სადაო საკითხების საგნობრივ განხილვაში, ასევე მათთვის უცნობია რა საინფორმაციო მონაცემებს დაეყრდნენ.

რაც შეეხება ხელშეკრულებას და მიღება ჩაბარების აქტების შესწავლას, ამბობს, რომ მოხდა მათი არასწორი ინტერპრეტაცია და არა მარტო ზემოაღნიშნული საკანონმდებლო აქტებს უგულებელყოფა და სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის საქმიანობის ეჭქვეშ დაყენება, არამედ საგადასახადო კოდექსის ის იგნორირებაც, კერძოდ საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის მე-2 პუნქტით საქონლის მიწოდება/ მომსახურების გაწევა, რომელიც სხვა სახის საქონლის მიწოდებასთან, მომსახურების გაწევასთან უშუალოდაა დაკავშირებული ან სხვა სახის საქონლის მიწოდებისთვის ან სხვა სახის მიწოდებისთვის/მომსახურების გაწევისთვის დამხმარე ხასიათისაა, განიხილება ამ მომსახურების გაწევის/საქონლის მიწოდების ნაწილად. ამდენად, გასაჩივრებულ ბრძანებაში მოყვანილი არგუმენტი ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრ საქმიანობად განხილულ უნდა იქნეს საქმიანობის მხოლოდ ის ნაწილი, რომელიც უკავშირდება მხოლოდ მომსახურების გაწევას და ადგილი არა აქვს საქონლის (სათადარიგო ნაწილს), როგორც შეცვლის მომსახურებასთან კომბინირებულ, ისე დამოუკიდებელ მიწოდებას. ამბობს, რომ მსგავსი ფორმულირება არაა ზემოთ ჩამოთვლილ ნორმატიულ აქტებში.

ამდენად, დღგ-ის დარიცხვა ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას, რადგან მხოლოდ ერთხელ მოხდა საქონლის მიწოდება და ხელშეკრულების ღირებულებამ შეადგინა 88 750 ლარი. (სსკ 165-ე მუხლის მე-7 პუნქტი განსაზღვრავს, რომ ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე პირისთვის დღგ-ის რეგისტრაციის ვალდებულების განსაზღვრისას ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი არ გაითვალისწინება.

რაც შეეხება, წლიურს საშემოსავლო გადასახადს, საქმიანობა თავიდანვე არასწორი ინტერპრეტაციით მოხდა, მთლიანი მომსახურების თანხების მიხედვით დარიცხვა, თუმცა აფიქსირებდნენ, რომ წლიური საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას ექვემდებარება მხოლოდ დანართი 23-ით მიწოდებული საქონლით მიღებული შემოსავალი.

მომჩივანი მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-7 მუხლზე და აღნიშნავს, რომ შემოსავლების სამსახურის სადაო ბრძანება არ შეიცავს დასაბუთებას თუ რომელი ხელშეკრულებით დაირღვა ფიქსირებული გადასახადის სერთიფიკატით მინიჭებული საქმიანობის უფლება და ითხოვს მათ გაუქმებას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 951 მუხლის თანახმად, ფიქსირებული გადასახადის გადამხდელი შეიძლება იყოს პირი, რომელიც არ არის დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელი და ახორციელებს ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრ ერთ ან ერთზე მეტ საქმიანობას.

საგადასახადო კოდექსის 955 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად:

1. ფიქსირებული გადასახადის გადამხდელი უფლებამოსილია, გარდა ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი საქმიანობისა, დამატებით განახორციელოს მხოლოდ საქართველოს მთავრობის მიერ ნებადართული საქმიანობა.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დამატებითი საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი ექვემდებარება საერთო წესით დაბეგვრას.

3. ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი არ ჩაირთვება ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის ერთობლივ შემოსავალში და შემდგომ დაბეგვრას არ ექვემდებარება.

საგადასახადო კოდექსის 956 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსი უქმდება, თუ საქართველოს მთავრობის მიერ ფიქსირებული გადასახადის გადამხდელისთვის ნებადართული დამატებითი საქმიანობის ნაწილში პირს წარმოეშვა დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება ან ნებაყოფლობით გატარდა დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციაში.

საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის 71 ნაწილის თანახმად, ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე პირისთვის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულების განსაზღვრისას ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი არ გაითვალისწინება.

საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან.

საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელს უფიქსირდება მომსახურების გაწევა მუნიციპალიტეტებისთვის ტენდერის ფარგლებში, რომლითაც გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტების საკუთრებაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების შეკეთება ახალი სათადარიგო ნაწილებით. შემოწმების მიერ აღნიშნული ოპერაციები ჩაითვალა ცალკე საქონლის და მომსახურების მიწოდებად. საქონლის მიწოდების ნაწილში გადასახადის გადამხდელს 2021 წლის აგვისტოს თვეში წარმოეშვა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება და შემდგომ პერიოდში დღგ-ის დასაბეგრი თანხა განისაზღვრა ჯამურად საქონლისა და მომსახურების თანხების გათვალისწინებით. დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციამდე პერიოდში გადამხდელის ერთობლივი შემოსავალი განისაზღვრა საქონლის მიწოდებით მიღებული შემოსავლის ოდენობით, ხოლო შემდგომ პერიოდში კი საქონლისა და მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლის ოდენობით. რაზეც დაერიცხა დღგ და საშემოსავლო გადასახადი.

მომჩივანს არამართლზომიერად მიაჩნია დარიცხვა და აღნიშნავს, რომ ევროკავშირის კომისიის რეგულაცია №213/2008 CPV განსაზღვრავს შესყიდვების კლასიფიკაციას, ყველა შესყიდვას ახლავს CPV შესაბამისი კოდი. ამ რეგულაციაზე დაყრდნობით, სახელმწიფო შესყიდვის ყველა ხელშეკრულებაში ფიგურირებს შესყიდვის კლასიფიკატორის CPV კოდი, მისი მითითების გარეშე ტენდერი ვერ შედგებოდა. ამდენად სათადარიგო ნაწილების რეალიზაცია და მომსახურების მიწოდება ცალ-ცალკე ლოტი, რომ ყოფილიყო ყველა ხელშეკრულებაში იქნებოდა მოცემული შესაბამისი კოდები.

საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.

საბჭოს, მომჩივნის არგუმენტაციის გათვალისწინებით, მიაჩნია, რომ სადავო საკითხი მოითხოვს დამატებით შესწავლას. ამ მიზნით, შემოსავლების სამსახურის გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

 

2. საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება

ფაქტების აღწერა

გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე არსებული დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის მიზნით მომჩივნის მთელ ქონებაზე გავრცელდა საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის მე-8, 238-ე, 239-ე მუხლებზე და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს პირადი აღრიცხვის ბარათზე ერიცხებოდა და ერიცხება საგადასახადო დავალიანება, მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის მიმართ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლით გათვალისწინებული ღონისძიება გავრცელებულია კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ შეტყობინების გაუქმების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

აღნიშნულთან დაკავშირებით არგუმენტი არ წარმოუდგენია.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 23-ე ნაწილის თანახმად, საგადასახადო დავალიანება არის გადასახადის გადამხდელის მიერ დადგენილ ვადაში გადაუხდელი გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხასა და ზედმეტად გადახდილი გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხას შორის სხვაობა.

საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად განახორციელოს საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა.

სადაო საკითხთან დაკავშირებით წარმოდგენილია ვალის მართვის დეპარტამენტის 5.04.2024 წლის №32694-21-17 წერილი საიდანაც ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, მომჩივანს 24.12.2023 წლის მდგომარეობით ერიცხებოდა არაღიარებული საგადასახადო დავალიანება 262 624.04 ლარი, ზედმეტობა 4.79 ლარი. საგადასახადო დავალიანების არსებობის გამო საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის შესაბამისად, 2023 წლის 24 დეკემბრის №125-4153 შეტყობინების საფუძველზე, მომჩივნის მთელ ქონებაზე გავრცელდა საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება.

საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, პირველ დავის საგანზე მიღებული გადაწყვეტილების შინაარსიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ სადავო საკითხი მოითხოვს დამატებით შესწავლას. ამ მიზნით, შემოსავლების სამსახურის გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 23 თებერვლის №3965 ბრძანება;

3. საჩივარი დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს (მომჩივნის მონაწილეობით) ხელახლა განსახილველად;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. დღგ-ის და საშემოსავლო გადასახადის დარიცხვის მართლზომიერება;

2. საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის №22444 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2020 წლიდან 1.08.2023 წლამდე საანგარიშო პერიოდის კამერალური სრული საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის №32423 ბრძანება და №125-44 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

ამასთან, ვალის მართვის დეპარტამენტის №125-4153 შეტყობინება, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ, ასევე გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის №3965 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში უფიქსირდება მომსახურების გაწევა მუნიციპალიტეტებისთვის ტენდერის ფარგლებში, რომლითაც გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტების საკუთრებაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების შეკეთება ახალი სათადარიგო ნაწილებით. შემოწმების მიერ აღნიშნული ოპერაციები ჩაითვალა ცალკე საქონლის და მომსახურების მიწოდებად. საქონლის მიწოდების ნაწილში გადასახადის გადამხდელს 2021 წლის აგვისტოს თვეში წარმოეშვა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება და შემდგომ პერიოდში დღგ-ის დასაბეგრი თანხა განისაზღვრა ჯამურად საქონლისა და მომსახურების თანხების გათვალისწინებით. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 165-ე და 159-ე მუხლების გათვალისწინებით, პირს დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი და განესაზღვრა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლით.ასევე დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციამდე პერიოდში გადამხდელის ერთობლივი შემოსავალი განისაზღვრა საქონლის მიწოდებით მიღებული შემოსავლის ოდენობით, ხოლო შემდგომ პერიოდში კი საქონლისა და მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლის ოდენობით. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პირს დაერიცხა დღგ და საშემოსავლო გადასახადი. ამასთან, ასევე შემოწმების მიერ განისაზღვრა, რომ 2021 წლის აგვისტოდან გადამხდელს წარმოეშვა დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის ვალდებულება, რაც არის ფიქსირებული გადასახადის შეღავათიანი დაბეგვრის რეჟიმის გაუქმების საფუძველი. პირს შეუმცირდა აღნიშნულ პერიოდში გადახდილი ფიქსირებული განაკვეთის თანხები.

ამასთან,გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე არსებული დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის მიზნით მომჩივნის მთელ ქონებაზე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის თანახმად, გავრცელდა საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება.

 

გადაწყვეტილება

საბჭოს, მომჩივნის არგუმენტაციის გათვალისწინებით, მიაჩნია, რომ ორივე სადავო საკითხი მოითხოვს დამატებით შესწავლას. ამ მიზნით, შემოსავლების სამსახურის გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 951; 955(1.2.3); 956(1 „დ“ 3); 164(1); 165( 1.71); 238(1 „ა“.6) ; 239(1);