გადაწყვეტილება №17629/2/2022
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№17629/2/2022
01.12.2022
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 1.12.2022 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------“-ს 25.08.2022 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №17629/2/2022).
დავის საგანი:
საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის შეფარდებული გაფრთხილება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 17.06.2022 წლის №CAR0090110 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი;
2. შემოსავლების სამსახურის 19.07.2022 წლის №002456 ბრძანება.
სანქცია: - გაფრთხილება.
ფაქტების აღწერა
მომჩივანმა საინფორმაციო ბარათში არასწორად ასახა ინფორმაცია წარსადგენი დეკლარაციების შესახებ (2022 წლის მაისის საანგარიშო პერიოდზე მონიშნა - წარსადგენი დეკლარაცია (საშემოსავლო გადასახადის გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადი), არ წარადგინა დეკლარაცია), რაც ჩაითვალა „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 111 მუხლის მე-7 პუნქტით დადგენილი მოთხოვნების დარღვევად და რაზეც მომჩივანს, საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლით გათვალისწინებული სანქციის ნაცვლად, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 17.06.2022 წლის №CAR0090110 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით, შეეფარდა გაფრთხილება.
სამართალდარღვევის ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 19.07.2022 წლის №002456 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 67-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 269-ე მუხლის პირველ და მე-7 ნაწილებზე, 270-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 291-ე მუხლზე და „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 111 მუხლის მე-7 პუნქტზე.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, დასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან ადგილი ჰქონდა საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს. ამასთან, განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
2022 წლის 15 ივნისს კომპანიის ფინანსური მიმართულების ხელმძღვანელი დღის განმავლობაში ცდილობდა 2022 წლის მაისის დეკლარაციის გადაგზავნას. გამომდინარე იქიდან, რომ დეკლარაციის მომზადებისთვისაც დრო იყო საჭირო დღის ბოლოსთვის შეძლო დეკლარაციის საბოლოო მონაცემების გამზადება და შეეცადა დეკლარაციის გაგზავნას შემოსავლების სამსახურის ვებ პორტალიდან, თუმცა გამოდინარე იქიდან, რომ ვებ პორტალი არ მუშაობდა ვერ შეძლო ამ უკანასკნელი მოქმედების შესრულება, 2022 წლის 15 ივნისს საღამოს 23:00-დან ღამის თორმეტ საათამდე. კომპანია რამოდენიმეჯერ სხვადასხვა ფორმით (არ იგზავნებოდა როგორც შევსებული ასევე ნულოვანი დეკლარაცია) ცდილობდა დეკლარაციის გაგზავნას, თუმცა გაგზავნისას გამოდიოდა შემდეგი სახის შეცდომები: მონაცემი არ მოიძებნა (system) undefined და ა.შ. (დანართი ფაქტის დამადასტურებელი ფოტომასალა).
შედეგად ზუსტად ღამის 12 საათამდე შეუძლებელი იყო დეკლარაციის გადაგზავნა (დიდი ხანი ეწერა, რომ იყო დამუშავების პროცესში). მას შემდეგ, რაც შესრულდა ღამის 12 საათი მანამდე დამუშავების პროცესში მყოფი დეკლარაცია გადაიგზავნა, თუმცა გადაგზავნის დროთ დაფიქსირდა არა 15 ივნისი არამედ 16 ივნისი, თუმცა დაფიქსირდა რამდენიმე წამით დაგვიანება და არა რამდენიმე საათით ან დღით. გარდა ამისა სოციალურ ქსელში იყო არაერთი პოსტი იმასთან დაკავშირებით, რომ ბევრი გადასახადის გადამხდელი ვერ ახერხებდა დეკლარაციის გადაგზავნას და რამდენადაც ცნობილია დეკლარაციის გადაგზავნა ვერ შეძლო ათეულობით თუ არა ასეულობით გადასახადის გადამხდელმა. ამის მიუხედევად 2022 წლის 17 ივლისს გამოიგზავნა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, რის მიხედვითაც დაარღვია №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 111 მუხლის მე-7 პუნქტით დადგენილი მოთხოვნა, კერძოდ საინფორმაციო ბარათში არასწორად ასახა ინფორმაცია წარმოსადგენი დეკლარაცი(ებ)ის შესახებ, რაც საგადასახადო კოდექსის 291-ემუხლის შესაბამისად იწვევს დაჯარიმებას.
გადასახადის გადამხდელს ჯარიმის ნაცვლად, საგადასახდო კოდექსის 270-ე მუხლის მე-7 ნაწილით შეეფარდა გაფრთხილება. გარდა ამისა შედგენილი ოქმის შინაარსის აღწერილობით ნაწილში ეწერა, რომ:
„გადასახადის გადამხდელის მიერ არ შესრულდა გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 111 მუხლის მე-7 პუნქტით დადგენილი მოთხოვნა, კერძოდ საინფორმაციო ბარათში არასწორად ასახა ინფორმაცია წარმოსადგენი დეკლარაცი(ებ)ის შესახებ, რაც საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლის შესაბამისად იწვევს დაჯარიმებას. გადასახადის გადამხდელს ჯარიმის ნაცვლად, საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის მე-7 ნაწილით შეეფარდა გაფრთხილება.“
მაშინ როდესაც ამავე ოქმის შენიშვნაში ეწერა შემდეგი წინადადება: „საანგარიშო პერიოდი 2022 წ. მაისი: მონიშნა - წარმოსადგენი დეკლარაცია(ები) (საშემოსავლო (გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადი)), არ წარმოადგინა დეკლარაცია.“ საბოლოო ჯამში აღნიშნული ოქმიდანაც სრულიად გაუგებარი და ბუნდოვანია რაში მდგომარეობს სამართალდარღვევის არსი დეკლარაციის წარუდგენლობასა თუ საინფორმაციო ბარათის შეუვსებლობაში.
მომჩივანი მოუთითებს საგადასახადო კოდექსის მე-3 მუხლის პირველ, მე-2 და მე-5 ნაწილებზე და განმარტავს, რომ გამომდინარე იქიდან, რომ დეკლარაციები იგზავნება ელექტრონული ფორმით კომპანიას ჰქონდა სრული უფლება დეკლარაცია გადაეგზავნა ღამის 12 საათზე, რისი საშუალებაც კომპანიას არ მიეცა შემოსავლების სამსახურის ვებ პორტალზე არსებული გაუმართაობის გამო.
გარდა ამისა, ჩაწერილი იქნა ორი ვიდეო სადაც აღბეჭდილია, რომ შეუძლებელი იყო და ვერ იგზავნებოდა არც შევსებული და არც ცარიელი დეკლარაციები თუმცა ამ ვიდეოების დიდი მოცულობისა თუ ვიდეოს ფორმატის ფაილის ატვირთვის ტექნიკურად შეუძლებლობის გამო, ვერ შეძლო ამ ვიდეოების ფიზიკურად ატვირთვა და მიმაგრება ამ საჩივარზე.
შემოსავლების სამსახურის მოთხოვნის შემთხვევაში წარმოადგენს ორ ვიდეო ფაილს და ფოტომასალა, სადაც აღბეჭდილია ის, რომ 2022 წლის 15 ივნისს ღამის 11-დან 12 საათამდე არ იგზავნებოდა და შეუძლებელი იყო საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციის გადმოგზავნა (დანართის სახით წარმოდგენილია ფოტოები), თუმცა ყოველივე ზემოაღნიშნულის გამო შემოსავლების სამსახურმა შეადგინა სამართალდარღვევის ოქმი არა საგადასახადო კოდექსის 274-ე მუხლის საფუძველზე არამედ სრულიად გაუგებარი და უადგილო №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 111 მუხლის მე-7 პუნქტით დადგენილი მოთხოვნის დარღვევის საფუძვლით, მაშინ როდესაც ამ უკანასკნელი ნორმის მოთხოვნა დარღვეული არ იქნა (მტკიცებულების სახით წარმოდგენილის ფოტომასალა, საინფორმაციო ბარათის უშეცდომოდ შევსებასთან დაკავშირებით).
კომპანიის ფინანსური მიმართულების ხელმძღვანელს ე.წ. საინფორმაციო ბარათში მონიშნული ჰქონდა სწორედ ის დეკლარაციები, რისი წარდგენაც ხდებოდა მანამდეც და იმის შემდეგაც, კერძოდ მონიშნული იყო შემდეგი დეკლარაციები:
- დღგ (თვის)
- გადახდის წყაროსთან დასაკავებელი
- მოგება (თვის)
- ქონების გადასახადი
აქედან გამომდინარე სრულიად გაუგებარია რას გულისხმობს შემოსავლების სამსახურის საინფორმაციო ბარათის არასწორად შევსებაში გასაგზავნი დეკლარაციების არასწორად შევსების ნაწილში, მაშინ როდესაც წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან ნათლად ჩანს, რომ ყველა დეკლარაცია საინფორმაციო ბარათში სწორად იქნა მითითებული. სხვა გადასახადი, გარდა ზემოთ მითითებული 4 გადასახადისა, კომპანიის მიერ არც მანამდე და არც აღნიშნული ფაქტის შემდგომ არასდროს არ გადახდილა და არც დეკლარაციები არ ჩაბარებულა.
ამასთანავე სრულიად გაუგებარია შემოსავლების სამსახური რას გულისხმობს ოქმის შენიშვნაში მითითებულ ჩანაწერში და თუ საუბარია საინფორმაციო ბარათის შეუვსებლობაზე დეკლარაციის წარუდგენლობაა?
ოქმის შენიშვნის ნაწილში ვკითხულობთ:
„საანგარიშო პერიოდი 2022 წ. მაისი: მონიშნა - წარმოსადგენი დეკლარაცია(ები) (საშემოსავლო (გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადი)), არ წარმოადგინა დეკლარაცია.“ თუ რატომ არ (უფრო სწორად ვერ) იქნა წარმოდგენილი დეკლარაცია კომპანიის მიერ ამის შესახებ დეტალურად განმარტებულია ზემოთ (საუბარია პორტალის ტექნიკურ ხარვეზზე) რა დროსაც ათობით თუ არა ასობით და ათასობით გადამხდელმა ვერ შეძლო დეკლარაციის წარმოდგენა.
აღნიშნული ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულება (ფოტომასალის სახით) წარმოდგენილია და ასევე შესაძლებელია ვიდეო მასალის წარმოდგენაც (რომლის ატვირთვა სამწუხაროდ შეუძლებელი იყო ამ საჩივრის წარმოდგენისას, ვიდეო ფალის ატვირთვასთან დაკავშირებული ტექნიკური შეზღუდვის გამო), სადაც ასახულია შემოსავლების სამსახურის პორტალის გაუმართაობის ფაქტი და თუ შემოსავლების სამსახური აღიარებს ასეთი გაუმართაობის არსებობის 15 ივნისს საღამოს საათებში რაღა შუაშია აქ საინფორმაციო ბარათის შეუვსებლობა?
ზემოთ ხსენებული გაფრთხილების ოქმის მიღების შემდგომ, 2022 წლის 4 აგვისტოს შემოსავლების სამსახურის ვებ პორტალზე მივიღეთ მეორე კიდევ უფრო გაუგებარი და ბუნდოვანი შეტყობინება, წარმოგიდგენთ ამ შეტყობინებას უცვლელი სახით:
„2022 წლის მაისის თვის გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის დეკლარაცია „შემოსავლების სამსახურმა შეისწავლა თქვენს მიერ 2022 წლის მაისის პერიოდის "გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის“ ანგარიშგების საკითხი და იქიდან გამომდინარე, რომ ამავე წლის 15 ივნისს გადამხდელის ავტორიზებულ გვერდზე გიფიქსირდებოდათ ტექნიკურ ხარვეზი, რის გამოც ვერ მოხერხდა აღნიშნული საანგარიშო პერიოდის დეკლარაციის კანონმდებლობით დადგენილ ვადაში წარმოდგენა, გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ გათავისუფლდეთ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 274-ე მუხლით გათვალისწინებული სანქციისგან ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე“.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სრულიად გაუგებარია ის, რომ თუ შემოსავლების სამსახური თავადვე ამბობს და აღიარებს, რომ 15 ივნისს გადამხდელის ვებ პორტალზე იყო ტექნიკური ხარვეზი და გადასახადის გადამხდელს არ შეგვეძლო დეკლარაციის წარმოდგენა, მაშინ როგორღა ედავება იმაში, რომ არასწორად შეავსო საინფორმაციო ბარათი მაშინ როდესაც ამ ბარათზე ოთხივე გადასახადი, რომლის დეკლარირებასაც ახდენს შევსებული იყო? თუ დეკლარაციის წარმოდგენა შეუძლებელი იყო პორტალზე არსებული ხარვეზის გამო ესე იგი საინფორმაციო ბარათი კი არ შეუვსია არასწორად არამედ საინფორმაციო ბარათი იყო შევსებული სწორად მაგრამ ტექნიკურად შეუძლებელი იყო დეკლარაციის გადაგზავნა! თუ ასეა მაშინ როგორღა გამოდის, რომ დარღვეული იყო მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი ნორმები იმ პირობებში როდესაც:
ა) საინფორმაციო ბარათი შევსებული იყოს სწორად;
ბ) დეკლარაციაც გადაიგზავნა სწორად უბრალოდ არ მისცა ამ უკანასკნელის განხორციელების საშუალება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე გაუგებარია საერთოდ რა პრინციპებით ხელმძღვანელობს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი.
ასეთი უპასუხისმგებლო ქმედება პირველ რიგში ლახავს და აზიანებს შემოსავლების სამსახურის რეპუტაციასა და საქმიან ავტორიტეტს და ახდენს ამ სამსახურის დისკრედიტაციას!
როგორც მოგვიანებით გაირკვა აღნიშნული ოქმების დაგზავნა შემოსავლების სამსახურის მიერ ხდება ავტომატურად ასობით და შესაძლოა ათასობით გადამხდელებისთვის, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს აღნიშნული მიმართულებით შემოსავლების სამსახურში არსებულ სისტემურ ხარვეზსა და ჩავარდნაზე! იმის მაგივრად, რომ შემოსავლების სამსახურის შესაბამისმა უფლებამოსილმა პირმა შემოსავლების სამსახურის საინფორმაციო ტექნოლოგიების შესაბამისი სამსახური და მისი უფლებამოსილი პირები გააფრთხილოს, რომ აღარ განმეორდეს ასეთი ტექნიკური ხარვეზები RS-ის პორტალზე, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი დაკავებულია გადასახადის გადამხდელების გაფრთხილებით საინფორმაციო ბარათის შეუვსებლობასთან დაკავშირებით (დეკლარაციის არ გადაგზავნის გამო), თუმცა მოგვიანებით ამავე სამსახურის წერილის მიხედვით ირკვევა და შემოსავლების სამსახურის მხრიდან ხდება იმის სრული აღიარება, რომ 15 ივნისს დეკლარაციის გადაგზავნა იყო შეუძლებელი RS.GE-ზე არსებული ხარვეზის გამო.
ყოველივე ზემოთ ხსენებული სრულიად დაუშვებელი, მიუღებელი და ერთი შეხედვით წარმოუდგენელია, რომ 2022 წელს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი დაკავებული იყოს ასეთი შეუსაბამო და არაფრის მომცემი საქმიანობით. თუმცა მეორეს მხრივ ფაქტია, რომ ასეთი სისტემური ჩავარდნები შემოსავლების სამსახურში არსებობს, რაც მიაჩნია, რომ დაუყოვნებლივ უნდა იქნას გამოსწორებული და სასწრაფოდ უნდა იქნა მიღებული სათანადო ზომები.
გარდა ამისა, საჩივარი შემოსავლების სამსახურის დავების ეტაპზე, მოთხოვნა საბჭოს მიერაც არ იყო დაკმაყოფილებული, რაც დამატებით კითხვებსა და ეჭვებს აჩენს ამ უკანასკნელი დეპარტამენტის მიმართაც. როგორც კი საბჭოს გადაწყვეტილება მიიღო თავიდანვე გაუჩნდა ეჭვი, რომ ეს გადაწყვეტილება ვიზუალითა და საერთო დიზაინით იყო სრულიად განსხვავებული შემოსავლების სამსახურის სხვა დავის გადაწყვეტილებებისგან (გამოყენებულია სხვა ფონტი, გააჩნია განსხვავებული დიზაინი და სხვა), მოგვიანებით კი გაირკვა, რომ სამწუხაროდ შემოსავლების სამსახურის დავების სამსახურიც ასეთი საჩივრების განხილვას (როგორც მათვე განმარტეს არაპრიორიტეტულობის გამო) ფაქტობრივად არ ახდენს და დავების საბჭოს გადაწვეტილებები იბეჭდება და გადამხდელს ეგზავნება ავტომატურად ერთი საერთო შაბლონის მიხედვით. როგორც დავების დეპარტამენტში განგვიმარტეს ამ სამსახურში ხდება რამდენიმე ათასი ასეთი საჩივრის წარდგენა (სწორედ ასეთ ავტომატურ ოქმებთან დაკავშირებით), რისი განხილვაც გამომდინარე იქიდან, რომ საუბარია გადამხდელის გაფრთხილებაზე და არა დაჯარიმებაზე - არაპრიორიტეტულად მიაჩნიათ!
აღნიშნული გამო გაირკვა, რომ შემოსავლების სამსახური ფაქტობრივად არ ახდენს ასეთი საჩივრების განხილვას, რაც კიდევ ერთ ძალიან დიდ დარღვევად და გადაცდომად მიაჩნია შემოსავლების სამსახურის მხრიდან, ვინაიდან მიუხედავად იმისა, რომ საუბარია „გაფრთხილების“ ოქმზე რისი მიხედვითაც არ მოხდა გადასახადის გადამხდელის დაჯარიმება შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტმა მაინც სრულყოფილად უნდა განიხილოს ყველა საჩივარი და ასეთი შაბლონურ-ტრაფარეტული ტექსტებით არ უნდა ახდენდეს გადასახადის გადამხდელების „თავიდან მოშორებას“.
რაღა თქმა უნდა, პირველ რიგში საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს ასეთი ოქმების დაგზავნა მაშინ როდესაც ცნობილია rs.ge-ს პორტალის გაუმართაობის შესახებ და რეალურად უნდა დაკავდეს საქმით, უაზრო და არაფრის მომცემი გაფრთხილებების ოქმების დაგზავნის გარეშე!
მიაჩნია, რომ თუ შემოსვლების სამსახურის რომელიმე დეპარტამენტს და მის უფლებამოსილ პირს მაინც და მაინც ვინმეს გაფრთხილების დაუოკებელი სურვილი გააჩნია, ასეთ შემთხვევაში ასეთმა პირებმა შემოსავლების სამსახურის საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრის შესაბამისი უფლებამოსილი პირები უნდა გააფრთხილონ და არაა ამ საქმესთან არანაირ შემხებლობაში მყოფი გადამხდელები, რათა აღარ მოხდეს 15 რიცხვში ანუ მაშინ როდესაც ათიათასობით გადამხდელი ცდილობს დეკლარაციის გადაგზავნას RS.GE-ს ვებ პორტალის გათიშვა და მოხდეს ასეთი ინცინდენტების სამომავლო პრევენცია!
მიუხედავად იმისა, რომ ოქმით არ მოხდა დაჯარიმება და შეეფარდა გაფრთხილება ამის მიუხედავად მოითხოვს გაუქმდეს აღნიშნული ოქმი მისი შედგენის სამართლებრივი საფუძვლის არ არსებობის გამო.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „თ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია შეასრულოს საგადასახადო ვალდებულებები საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით, ასევე შეასრულოს საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი სხვა ვალდებულებები.
საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლის თანახმად, პირის მიერ ამ კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა, რისთვისაც ამავე კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა, მაგრამ არ არის განსაზღვრული ჯარიმის ოდენობა, იწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.
ამავე კოდექსის 270-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის 281-ე მუხლით, 286-ე მუხლის პირველი და მე-11 ნაწილებითა და 291-ე მუხლით გათვალისწინებული საგადასახადო სამართალდარღვევებისათვის (გარდა განმეორებით ჩადენილი ქმედებებისა) ფულადი ჯარიმის ნაცვლად შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს გაფრთხილება.
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 111 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გადასახადის გადამხდელი (გარდა უმოქმედო გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე პირისა და ფიზიკური პირისა, რომელიც არ არის მეწარმე ფიზიკური პირი) შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე ვალდებულია შეავსოს გადასახადის გადამხდელის საინფორმაციო ბარათი.
ამავე მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტების თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია, არაუგვიანეს შესაბამისი საანგარიშო პერიოდის ბოლო რიცხვისა გადასახადის გადამხდელის საინფორმაციო ბარათში ასახოს ინფორმაცია იმ დეკლარაციის შესახებ (განახორციელოს შესაბამისი მონიშვნა), რომლის წარმოდგენის ვალდებულება წარმოეშობა მიმდინარე საანგარიშო პერიოდის მიმართ. იმ შემთხვევაში, თუ პირს არ გააჩნია საინფორმაციო ბარათში ასახული დეკლარაციის წარმოდგენის ვალდებულება, იგი ვალდებულია საინფორმაციო ბარათში ასახოს აღნიშნული ინფორმაცია (გააუქმოს შესაბამისი მონიშვნა) ან შესაბამის საანგარიშო პერიოდში საგადასახადო ორგანოში წარადგინოს დეკლარაცია, რომლის საფუძველზე გადასახდელად დასარიცხი თანხა ნულის ტოლია.
ამდენად, საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მომჩივანი ვალდებულია შეასრულოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულებები, საგადასახადო ორგანომ მიიჩნია, რომ ზემოაღნიშნული ინსტრუქციის 111 მუხლის მოთხოვნათა შეუსრულებლობით, მომჩივანმა არ შეასრულა საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვალდებულება, რაზეც ამავე კოდექსის 291-ე მუხლით გათვალისწინებულია შესაბამისი სანქცია, რომლის ნაცვლად, საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, მის მიმართ ფულადი ჯარიმის ნაცვლად გამოყენებულ იქნა გაფრთხილება.
შემოსავლების სამსახურის 2.09.2022 წლის №89567-21-08 წერილით წარმოდგენილი ინფორმაციიდან ირკვევა, რომ 15.06.2022 წელს შპს „----------“-ს (ს/ნ ----------) 2022 წლის მაისის თვის საანგარიშო პერიოდზე შექმნილი აქვს 4 ცალი „გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის დეკლარაცია“ (თვის საშემოსავლო გადასახადის დეკლარაცია), ამათგან 3 დეკლარაცია არის წაშლილი. როგორც გადმოგზავნილ, ასევე წაშლილ დეკლარაციებზე გადმოგზავნამდე/წაშლამდე ფიქსირდება დეკლარაციის გადმოგზავნის მცდელობები. საკითხის შესწავლისას დადგენილია, რომ 15.06.2022 წელს „გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის“ დეკლარაციის გადმოგზავნის მცდელობისას ადგილი ჰქონდა ტექნიკურ შეფერხებას, კერძოდ გადასახადის გადამხდელებს 15.06.2022 წელს 22:45:34 სთ-დან 16.06.2022 წლის 00:00:00 სთ-მდე შეეზღუდათ „გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის“ დეკლარაციის გადმოგზავნის მცდელობა.
დადგენილია, რომ მომჩივანმა 2022 წლის მაისის საანგარიშო პერიოდზე მონიშნა - საშემოსავლო გადასახადის გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის წარსადგენი დეკლარაცია, რის წარდგენაც დეკლარაციის წარდგენის სავადო თარიღისთვის ვერ შეძლო. დეკლარაცია წარდგენილია 16.06.2022 წელს (00:00:11 საათზე). სადავო საგადასახადო სამართალდარღვევაზე ოქმი შედგენილია 17.06.2022 წელს.
საქმის გარემოებების და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭოს დადასტურებულად მიაჩნია ტექნიკური ხარვეზის არსებობა, რამაც შეუძლებელი გახადა მომჩივნის მხრიდან კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულების შესრულება. შესაბამისად მისი მხრიდან ადგილი არ ჰქონია სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 19.07.2022 წლის №002456 ბრძანება;
3. გაუქმდეს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 17.06.2022 წლის №CAR0090110 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.