ბრძანება N 4655
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 4655
13.03.2023
ი/მ ------ --------ის (ს/ნ -------------------)
(მის.: ----------------------------------------)
2023 წლის 13 იანვრის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 16 თებერვლის სხდომაზე (ოქმი №14) განიხილა ი/მ ------ --------ის (ს/ნ -------------------) 2023 წლის 13 იანვრის №78017/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 14 დეკემბრის №053-18 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხები:
1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. მიუთითებს, რომ რეალიზაციების უმრავლესობა დადასტურებულია სასაქონლო ზედნადებებით, ასევე, შესყიდულ პროდუქციაზე მიღებულია სასაქონლო ზედნადებები და სირთულეს არ წარმოადგენს დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრა. გარდა ამისა, მიუთითებს, რომ 2022 წლის საანგარიშო პერიოდის დასრულებამდე შეისწავლა მის ხელთ არსებული დოკუმენტები, შემდგომ შეადარა სასაქონლო მარაგებთან და გამოვლენილი სხვაობა ასახულია 2022 წლის ივლისის თვის დეკლარაციაში, რამაც გამოიწვია დამატებით 122 076 ლარის დღგის დარიცხვა. შესაბამისად, აღნიშნული გასათვალისწინებელია დარიცხვის დროს.
2. გადასახადის გადამხდელი ბანკის ლარის ანგარიშზე მიღებულ 100 000 ლართან დაკავშირებით განმარტავს, რომ ძმასთან, ----------, ერთად ფლობს სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს და საქმიანობს სოფლის მეურნეობის მიმართულებით. აღნიშნული თანხა მიღებულია სწორედ ამ საქმიანობის ფარგლებში.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 14 მარტის №6201 და 21 მარტის №7076 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა ი/მ ------ --------ის (ს/ნ -------------------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2019 წლის ------------ იანვრიდან 2022 წლის ------ მარტამდე საანგარიშო პერიოდები, გარდა აუდიტის დეპარტამენტის 2019 წლის 22 აპრილის №12314 და 2022 წლის 14 მარტის №6201 ბრძანებებით მოცული საკითხებისა. შემოწმების შედეგებზე 2022 წლის -- დეკემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2022 წლის 14 დეკემბრის №31514 ბრძანება და ამავე თარიღის №053-18 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს საგადასახადო ვალდებულება განესაზღვრა სულ 535 929 ლარი, მათ შორის, გადასახადი 310 266 ლარი, ჯარიმა 159 578 ლარი, საურავი 66 085 ლარი.
სადავო საკითხებთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
1. ი/მ ------ -------ის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს შეძენილი ხორბლის გადამუშავების შედეგად -----სა და ----ს წარმოება და რეალიზაცია. გადამხდელმა, ორგზის მოთხოვნის მიუხედავად, შემოწმებას არ წარმოუდგინა საბუღალტრო აღრიცხვის მონაცემები და ვერ დაადასტურა მასთან ისეთი სააღრიცხვო დოკუმენტაციის არსებობა, რომლის საფუძველზე შესაძლებელი გახდებოდა დაბეგვრის ობიექტის დადგენა. მის მიერ დეკლარირებული და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების შედარებისას, მ.შ. მასთან ჩატარებული სმფ-ების ფაქტობრივი აღრიცხვის შედეგების გათვალისწინებით, გამოვლინდა არსებითი სხვაობები. შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მიხედვით და საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. კერძოდ, ძირითადი საქმიანობის კუთხით (-----საგან ----ის/----ოს წარმოება) ანალიზი ჩაუტარდა გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებულ მონაცემებს, მ.შ. 2019 წლის დასაწყისში დეკლარირებულ სმფ-ების ნაშთს, -----ის დოკუმენტურ შეძენებს, ----ის/----ოს რეალიზაციის დოკუმენტურ და დეკლარირებულ მონაცემებს. აღნიშნულის საფუძველზე შედგა სმფ-ების მოძრაობის ანგარიში, რაშიც გათვალისწინებულია შემოსავლების სამსახურის 2011 წლის 30 აგვისტოს №7188 ბრძანებით დამტკიცებული ხორბლის გადამუშავების დანაკარგების ნორმები. შედეგები შეუდარდა შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 16 მაისის ბრძანებით ჩატარებული სმფ-ების ფაქტობრივი აღრიცხვის მასალებს. გამოვლენილი სხვაობა შემოწმების მიერ დაემატა დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვას შესამოწმებელი პერიოდების განმავლობაში, დეკლარირებული დასაბეგრი ბრუნვების პროპორციულად, ----ის/----ოს დოკუმენტურად დადასტურებული საშუალო შეწონილი ფასების მიხედვით. გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
• საბანკო ანგარიშების მოძრაობის და დოკუმენტურად დადასტურებული შეძენების შეჯერების შედეგად გამოვლინდა ისეთი განაცემები ხორბლის მიღების სანაცვლოდ, რაც არ აიხსნება დოკუმენტურად მიღებული შეძენების საფუძველზე. აღნიშნული არადოკუმენტური შეძენები არ ფიქსირდება გადამხდელის მარაგებში და მის მიერ შესაბამისი პროდუქციის მიწოდებებიც დეკლარირებული არ არის. შემოწმების მიერ დამატებით გამოვლენილი მიწოდებების სარეალიზაციო ღირებულების გამოანგარიშება დაეყრდნო დოკუმენტურად დადასტურებულ ფასნამატს და გადამუშავების დანაკარგების დადგენილ ნორმებს. გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
• გადამხდელს წარდგენილი აქვს 2019, 2020, 2021 წლის საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციები, სადაც მითითებულია ერთობლივი შემოსავლები და გამოქვითვები. ერთობლივი შემოსავლები დაკორექტირდა არაპირდაპირი მეთოდის საფუძველზე გამოანგარიშებული დამატებითი მიწოდებების მიხედვით (მ.შ. საბანკო ანგარიშების მონაცემების გათვალისწინებით). დაკორექტირდა სმფ-ების საწყისი/საბოლოო ნაშთები წლების მიხედვით. გამოქვითვები დაჯამდა დასაბეგრ ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტური შეძენების და სხვა დადასტურებული გამოქვითვების საფუძველზე. ასევე, დაემატა დამატებითი გამოქვითვები დამატებით გამოვლენილი არადოკუმენტური შეძენების მიხედვით (არაპირდაპირი ანგარიშის მეთოდით - მინიმალური შეძენის ფასებით ხორბლის და 25% რენტაბელობით სიმინდის შემთხვევაში). აღნიშნული ანგარიშის შედეგად წლების მიხედვით დაკორექტირდა საგადასახადო ვალდებულებები (შემცირდა ან გაიზარდა), იმის გათვალისწინებით, რომ გადამხდელს 2019 წელს დეკლარირებული ზარალი გამოყენებული არ ჰქონდა მომდევნო წლების დეკლარაციებში.
2. გადამხდელი შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში ძირითადი საქმიანობის გარდა (----ის/----ოს მიწოდება) დამატებით ეწოდა დოკუმენტურად დადასტურებულ სხვა ოპერაციებსაც. საბანკო ანგარიშების მოძრაობის შესწავლისას გამოვლინდა ი/მ ------ ------------საგან 2020 წლის ნოემბერში გადმორიცხული 100 000 ლარი დანიშნულებით „--------ის მარცვლის საფასური“, რაც არ არის ასახული გადამხდელის დოკუმენტურ მიწოდებებში. შესაბამისი დასაბეგრი ბრუნვა დაემატა შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდის საფუძველზე დაანგარიშებულ დამატებით რეალიზაციას. გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
სადავო საკითხებთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
ამავე კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით - სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტის ერთობლივი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროდან და საქართველოს ფარგლების გარეთ მიღებული შემოსავლებისაგან.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ნებისმიერი ფორმით ან/და საქმიანობით მიღებული შემოსავალი, კერძოდ, ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესაბამის პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა, საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა. დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში - მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. ხოლო დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი. ხოლო დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელმა მოთხოვნის მიუხედავად არ წარადგინა ბუღალტრული აღრიცხვა, შესამოწმებელ პერიოდში არ ახორციელებდა ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით, რის გამოც შემოწმების მიმდინარეობისას შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა. შედეგად, შემოწმებით ანალიზი ჩაუტარდა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებულ მონაცემებს, მ.შ. 2019 წლის დასაწყისში დეკლარირებულ სმფ-ების ნაშთს, ხორბლის დოკუმენტურ შეძენებს, ფქვილის/ქატოს რეალიზაციის დოკუმენტურ და დეკლარირებულ მონაცემებს. აღნიშნულის საფუძველზე შედგა სმფ-ების მოძრაობის ანგარიში, რაშიც გათვალისწინებულია ხორბლის გადამუშავების დანაკარგების ნორმები. შედეგები შეუდარდა გადამხდელთან ჩატარებული სმფ-ების ფაქტობრივი აღრიცხვის მასალებს. გამოვლენილი სხვაობა დაემატა დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვას შესამოწმებელი პერიოდების განმავლობაში. ამასთან, გამოვლინდა ისეთი განაცემები ხორბლის მიღების სანაცვლოდ, რაც არ აიხსნება დოკუმენტურად მიღებული შეძენების საფუძველზე. აღნიშნული არადოკუმენტური შეძენები არ ფიქსირდება გადამხდელის მარაგებში და მის მიერ შესაბამისი პროდუქციის მიწოდებებიც დეკლარირებული არ არის. ამასთან, გადამხდელის არგუმენტთან დაკავშირებით, რომ მის მიერ მოხდა მარაგების გადაანგარიშება და სხვაობის 2022 წლის -----ის დღგ-ის დეკლარაციაში ასახვა, აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაცის თანახმად, შემოწმების ბრძანების მიხედვით შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 2022 წლის -- მარტამდე საანგარიშო პერიოდები, რის გამოც აღნიშნული დეკლარაციის მონაცემები შემოწმების შედეგებში ვერ აისახებოდა.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ ვინაიდან გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით და შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, შემოწმებას შეეძლო არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განესაზღვრა საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესაბამის პერიოდში მოქმედ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ფ“ ქვეპუნქტზე, რომლის მიხედვით ჩათვლის უფლებით დღგ-ისგან გათავისუფლებულია საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის (გარდა საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 0407 00 190 00 და 0407 00 300 00 კოდებში მითითებული საქონლისა (კვერცხისა) და 0207 11 სუბპოზიციაში მითითებული საქონლისა (შინაური ქათამი აუქნელი, ახალი ან გაციებული)) მიწოდება მის სამრეწველო გადამუშავებამდე (სასაქონლო კოდის შეცვლამდე).
გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში განმარტავს, რომ ძმასთან, -- ------სთან, ერთად ფლობს სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს და საქმიანობს სოფლის მეურნეობის მიმართულებით. ბანკის ლარის ანგარიშზე ჩარიცხულია 100 000 ლარი, რომელსაც დანიშნულებად მითითებული აქვს „---------ის საფასური“, მიღებულია სწორედ ამ საქმიანობის ფარგლებში.
ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებებისა და წარმოდგენილი არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ აღნიშნული სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. კერძოდ, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, კერძოდ: მტკიცებულებები იმის თაობაზე, რომ ბანკის ლარის ანგარიშზე ჩარიცხული 100 000 ლარი მიღებულია საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის (მისი სამრეწველო გადამუშავებამდე (სასაქონლო კოდის შეცვლამდე)) რეალიზაციის შედეგად. განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. ი/მ ------ --------ის (ს/ნ -------------------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, კერძოდ: მტკიცებულებები იმის თაობაზე, რომ ბანკის ლარის ანგარიშზე ჩარიცხული 100 000 ლარი, მიღებულია საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის (მისი სამრეწველო გადამუშავებამდე (სასაქონლო კოდის შეცვლამდე)) რეალიზაციის შედეგად;
ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დამატებით შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით;
2. საბანკო ანგარიშზე ჩარიცხული 100 000 ლარით დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაზრდის მართლზომიერება.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის №31514 ბრძანება და №053-18 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის №4655 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები.
გადაწყვეტილება
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებებისა და წარმოდგენილი არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ აღნიშნული სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. კერძოდ, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები,განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
დასაბუთება
შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 2 (2 ); 49(1 „ე“ );61(3); 73(5 „ა“ );80 (1); 100 (1, 3 „ბ“);102(1 „ა“ );136(3); 158(1);159(1 „ა“ „ბ“ );163(1, 2); 164(1);168(4„ფ“ ); 275;279;
(2021 წლამდე მოქმედი) 160( „ა“ );161(1„ა“ „ა.ბ.დ“)