ბრძანება N 30154

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 04.12.2023
№ დოკუმენტი 30154
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 30154

04 დეკემბერი 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „------“-ის (ს/ნ -------)

(მის.: "-------" )

2023 წლის პირველი ნოემბრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 9 ნოემბრის სხდომაზე (ოქმი №116) განიხილა შპს „------“-ის (ს/ნ "------" ) №84558/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 6 ოქტომბრის №006-490 და №006-493 საგადასახადო მოთხოვნებთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

 აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 6 ოქტომბრის №006-490 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით, მომჩივანი არ ეთანხმება საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. აცხადებს, რომ ფიზიკურ პირებზე გაცემული თანხები დაბეგრილი იყო გადახდის წყაროსთან, ხოლო ნაწილი ფიზიკური პირი რეგისტრირებული იყო ინდ. მეწარმედ და საწარმოს არ ევალებოდა მათზე გაცემული მომსახურების თანხების გადახდის წყაროსთან დაკავება.

 აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 6 ოქტომბრის №006-493 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით, მომჩივანი არ ეთანხმება შემოწმებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. აცხადებს, რომ აღნიშნულ პერიოდზე უკვე ჩატარებული იყო საგადასახადო შემოწმება და გამოცემულია 2021 წლის 10 დეკემბრის N006-825 საგადასახადო მოთხოვნა. აღნიშნულის გათვალისწინებით ითხოვს 2021 წლის 10 დეკემბრის N006-825 საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული თანხების ოდენობით შემცირდეს 2023 წლის 6 ოქტომბრის №006-493 საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული თანხები.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

 აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 6 ოქტომბრის №006-490 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით, საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 20 ივნისს №14088 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს „-------“-ის (ს/ნ "-------") საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2021 წლის 1 მაისიდან 2023 წლის 16 ივნისამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 29 სექტემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2023 წლის 6 ოქტომბრის №24766 ბრძანება და ამავე თარიღის №006-490 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 29 554 ლარი, მათ შორის, გადასახადი 19 874 ლარი, ჯარიმა 7 717 ლარი, საურავი 1 963 ლარი.

 აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 6 ოქტომბრის №006-493 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით, საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 19 სექტემბრის №22980 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს „-------“-ის (ს/ნ "-------") საქმიანობის ხელახალი კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის 1 იანვრიდან 2021 წლის 1 მაისამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 29 სექტემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2023 წლის 6 ოქტომბრის №24722 ბრძანება და ამავე თარიღის №006-493 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 414 399 ლარი, მათ შორის, გადასახადი 132 050 ლარი, ჯარიმა 217 987 ლარი, საურავი 64 362 ლარი.

 

 აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 6 ოქტომბრის №006-490 საგადასახადო მოთხოვნასთან მიმართებით, საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საჩივარში დასმულ სადავო საკითხთან დაკავშირებით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

გადასახადის გადამხდელის საქმიანობის სახეს წარმოადგენს გზების სარეაბილიტაციო/სარემონტო სამუშაოების შესრულება. შესამოწმებელ პერიოდში პირს უფიქსირდება სატენდერო ხელშეკრულების საფუძველზე გზების დამგები/სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულება, რომელიც სრულდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერებში გამარჯვების საფუძველზე. პირი აღნიშნულ პროექტებს ასრულებს როგორც საკუთარი სახსრებით, ისე დაქირავებული ქვეკონტრაქტორი კომპანიების საშუალებით. გადასახადის გადამხდელის მხრიდან წარმოდგენილია ბანკის ამონაწერები, მომსახურების ხელშეკრულებები, შესრულებული სამუშაოების საფუძველზე შედგენილი ფორმა 2-ები და მიღება-ჩაბარების აქტები. საწარმო ბუღალტრულ აღრიცხვას ახორციელებს პროგრამა ორისში. წარმოდგენილი ბუღალტრული პროგრამისა და დეკლარირებული მონაცემების ანალიზით დგინდება, რომ პირს შესამოწმებელ პერიოდში არადაქირავებულ ფიზიკურ პირებზე მომსახურების სანაცვლოდ გადახდილი აქვს 19 200 ლარი, რაც არ არის დაბეგრილი გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. შემოწმებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის გათვალისწინებით, არადაქირავებულ ფიზიკურ პირებზე გადახდილი საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი თანხები გაიზარდა 24 000 ლარით (19 200/0.8). გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275- ე მუხლით შესაბამისად.

 

 აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 6 ოქტომბრის №006-493 საგადასახადო მოთხოვნასთან მიმართებით, საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საჩივარში დასმულ სადავო საკითხთან დაკავშირებით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

შესამოწმებელ პერიოდში პირს შესრულებული აქვს სხვადასხვა ობიექტზე გზების დამგები/სარეაბილიტაციო სამუშაოები, რაზეც საწარმოს მიერ წარმოდგენილია ბანკის ამონაწერები, მომსახურების ხელშეკრულებები, შესრულებული სამუშაოების საფუძველზე შედგენილი ფორმა 2-ები და მიღება-ჩაბარების აქტები. პირი ბუღალტრულ აღრიცხვას ახორციელებს პროგრამა ორისში.

აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 27 მაისის №16301 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება ბიუჯეტთან ანგარიშსწორების სისწორის დადგენის კუთხით. შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 2018 წლის 1 იანვრიდან 2021 წლის 1 მაისამდე საანგარიშო პერიოდები. აღნიშნულთან დაკავშირებით 2021 წლის 16 ნოემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რომლის მიხედვით საწარმოს ბიუჯეტში გადასახდელად დაერიცხა სულ 56 597 ლარი, მათ შორის, გადასახადი 38 946 ლარი და ჯარიმა 17 651 ლარი.

წარმოდგენილ საგადასახადო შემოწმების აქტში გადამხდელის დეკლარირებული მონაცემების ნაწილში გათვალისწინებულია 2021 წლის 16 ნოემბერს შედგენილი აქტით მიღებული შემოწმების შედეგები. 2023 წლის 7 ივლისს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გამოგზავნილ იქნა მათ წარმოებაში არსებული №"------" სისხლის სამართლის საქმის მასალები, რომლითაც დგინდება, რომ 2020 წლის 30 ოქტომბერს "-------" -ის მუნიციპალიტეტის მერიას (ს/ნ "-------") და შპს "-------"-ს (ს/ნ "-------") შორის დაიდო ხელშეკრულება N91/გ გამარტივებული შესყიდვის საშუალებით ძლიერ დაზიანებული საუბნო გზების სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულებაზე. ამის შემდგომ, შპს "-------"-ს დირექტორი "-------"(პ/ნ "-------") შპს „N1“ (ს/ნ "-------") დირექტორთან "-------"-თან (პ/ნ "-------") შეთანხმებით (ორივე კომპანიას რეალურად მართავდა "-------" (პ/ნ "-------")) შპს „N1-ის“ სახელით შესაბამისი საგადასახადო დოკუმენტებით (საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები და სასაქონლო ზედნადებები) სხვადასხვა პირებისაგან ყიდულობდა საქონელსა და მომსახურებას N91/გ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესასრულებლად. რეალურად კი საქონლისა და მომსახურების შეძენას და ფულად ანგარიშსწორებასაც ახდენდა "-------", ხოლო შემდგომ აღნიშნულ საქონელსა და მომსახურებას გაზრდილი ფასებით შპს „N1-ის “ სახელით, ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით, ყიდდა მომჩივანზე , რაზეც მომჩივანს მიღებული აქვს 16 ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა ჯამური ღირებულებით 498 105 ლარი (დღგ-ის ჩათვლით, რაზეც მიღებული აქვს დღგ-ის ჩათვლა 75 982.23 ლარი). აღსანიშნავია, რომ შესამოწმებელ პერიოდში შპს „N1“ სხვა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული ოპერაციები არ უფიქსირდება. აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, 2023 წლის 12 ივლისს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტმა შუამდგომლობით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს მომჩივანის მიმართ 2020 წლის 1 იანვრიდან 2021 წლის 1 მაისამდე საანგარიშო პერიოდზე ხელახალი კამერალური საგადასახადო შემოწმების ჩატარების შესახებ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 16 ივლისის №15/175-23 ბრძანების საფუძველზე, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტს ნება დაერთო განახორციელოს მომჩივანს საქმიანობის ხელახალი საგადასახადო შემოწმება 2020 წლის 1 იანვრიდან 2021 წლის 1 მაისამდე საანგარიშო პერიოდების საგადასახადო ვალდებულებების სწორად განსაზღვრის მიზნით. აღნიშნულის საფუძველზე აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 19 სექტემბრის N22980 ბრძანებით დაინიშნა მომჩივანის საქმიანობის ხელახალი კამერალური საგადასახადო შემოწმება.

გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ბუღალტრული პროგრამის, პირველადი დოკუმენტაციის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურისგან მიღებული ინფორმაციისა და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების ანალიზით დგინდება, რომ შესამოწმებელ პერიოდში მომჩივანის დირექტორს "-------"-ს შპს „N1-ის“ სახელით შეძენილი აქვს ჯამში 267 688 ლარის (დღგ-ის ჩათვლით) საქონელი და მომსახურება, ხოლო შპს „N1-ის “ მიერ მომჩივანზე გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურების/სასაქონლო ზედნადებების ჯამი შადგენს 500 592 ლარს (დღგ-ის ჩათვლით), ხოლო რაც შეეხება ანგარიშსწორებას, მომჩივანს შპს „N1-ზე “ აღნიშნულ პერიოდში საბანკო გადარიცხვით უფიქსირდება 268 000 ლარის გადახდა (ის თანხა, რა ღირებულების მასალები და მომსახურებაც შეიძინა შპს „N1-ს“ სახელით "-------"-მ ), ხოლო სალაროდან ნაღდი ანგარიშსწორებით გადახდილი თანხა შეადგენს 224 277 ლარს. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოწმების შედეგად, პირის მიერ შპს „N1-სგან “ ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე მიღებული ჩათვლა 75 982 ლარი დაექვემდებარა გაუქმებას. ამასთან, საწარმოს მიერ შპს „N1-სთვის “ სალაროდან გადახდილი თანხა 224 277 ლარი (სხვაობა შპს „N1-ის“ სახელით ნაყიდი საქონლისა და მომსახურების ღირებულებასა და შპს „N1-თვის “ ჯამში გადახდილ თანხებს შორის), შემოწმების შედეგად, დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადები და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე და 280-ე მუხლების შესაბამისად

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 6 ოქტომბრის №006-490 საგადასახადო მოთხოვნასთან მიმართებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც გაწეული მომსახურების ღირებულებას უნაზღაურებს ფიზიკურ პირს (გარდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული ფიზიკური პირისა, ნოტარიუსისა, კერძო აღმასრულებლისა, მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა, შესაბამისი საქმიანობის ნაწილში), რომელიც ინდივიდუალურ მეწარმედ დარეგისტრირებული არ არის.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პირი, რომელიც ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად გადახდის წყაროსთან აკავებს გადასახადს, ვალდებულია ბიუჯეტში გადარიცხოს გადასახადი პირისათვის თანხის გადახდისთანავე, ხოლო განაცემის არაფულადი ფორმით განხორციელების შემთხვევაში – შესაბამისი თვის ბოლო რიცხვში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოწმებით დადგენილი გარემოებაა, რომ პირს შესამოწმებელ პერიოდში უფიქსირდება სატენდერო ხელშეკრულების საფუძველზე გზების დამგები/სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულება. წარმოდგენილი ბუღალტრული პროგრამისა და დეკლარირებული მონაცემების ანალიზით დგინდება, რომ საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში არადაქირავებულ ფიზიკურ პირებზე მომსახურების სანაცვლოდ გადახდილი თანხა, 19 200 ლარი, არ აქვს დაბეგრილი გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი მისი არგუმენტების შესაბამისი რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა განხორციელდა მართლზომიერად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების საფუძველი.

 

აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 6 ოქტომბრის №006-493 საგადასახადო მოთხოვნასთან მიმართებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესამოწმებელ პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგის თანხა მიღებული ჩათვლის დოკუმენტების საფუძველზე, გარდა ამ კარით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ჩათვლის დოკუმენტებია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩასათვლელი თანხა არის დღგ-ის თანხა, რომელიც გადახდილია ან გადასახდელია ჩათვლის დოკუმენტების მიხედვით, მათ შორის, დღგ-ის რეგისტრაციის ძალაში შესვლის მომენტისათვის არსებულ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ნაშთზე.

ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არ ხორციელდება უსაქონლო ოპერაციების ან ფიქტიური გარიგებების მიხედვით გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურებით. ამასთანავე, მიღებული დღგ-ის ჩათვლა მყიდველისათვის უქმდება.

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 50-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ოპერაცია უსაქონლოდ ან/და გარიგება ფიქტიურად ჩაითვლება იმ შემთხვევაში, თუ დადგინდა, რომ ოპერაცია ან გარიგება არ განხორციელებულა იმ პირებს შორის, რომლებიც აღნიშნულია ოპერაციის ან გარიგების დამადასტურებელ დოკუმენტებში (საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, სასაქონლო ზედნადები ან სხვა).

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 280-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უსაქონლო ოპერაციის ან ფიქტიური გარიგების შედეგად ან ყალბი დღგ-ის ჩათვლის დოკუმენტით ჩათვლის განხორციელება იწვევს პირის დაჯარიმებას ჩათვლილი გადასახადის თანხის 200 პროცენტის ოდენობით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოწმებით დადგენილი გარემოებაა, რომ გადასახადის გადამხდელის საქმიანობის სახეს წარმოადგენს გზების სარეაბილიტაციო/სარემონტო სამუშაოების შესრულება. სისხლის სამართლის საქმის მასალებით დგინდება, რომ საწარმოს მიღებული აქვს ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები. თბილისის საქალაქო სასამართლოს ნებართვის საფუძველზე, ჩატარდა მომჩივანის საქმიანობის ხელახალი საგადასახადო შემოწმება 2020 წლის 1 იანვრიდან 2021 წლის 1 მაისამდე, რომლის შედეგად პირის მიერ შპს „N1-სგან “ ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე მიღებული დღგ-ის ჩათვლა დაექვემდებარა გაუქმებას, ხოლო საწარმოს მიერ შპს „N1-სთვის “ სალაროდან გადახდილი თანხა დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ შემოწმების მიერ ფიქტიური ოპერაციების/ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე ჩათვლილი დღგ-ის თანხის შემცირება და შესაბამისი ჯარიმის შეფარდება, ხოლო აღნიშნული ოპერაციის ფარგლებში საწარმოს მიერ შპს „N1-სთვის“ სალაროდან გადახდილი თანხის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად დაკვალიფიცირება განხორციელდა მართლზომიერად.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი მისი არგუმენტების შესაბამისი რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „------“-ის (ს/ნ "-------") საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1.აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 6 ოქტომბრის №006-490 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით, მომჩივანი არ ეთანხმება საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.

2.აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 6 ოქტომბრის №006-493 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით, მომჩივანი არ ეთანხმება შემოწმებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.

 

ფაქტობრივი გარემოებები

1.აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 6 ოქტომბრის №006-490 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით, საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 20 ივნისს №14088 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა მომჩივანის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება.საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 29 სექტემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2023 წლის 6 ოქტომბრის №24766 ბრძანება და ამავე თარიღის №006-490 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა გადასახადი,ჯარიმა,საურავი.

2.აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 6 ოქტომბრის №006-493 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით, საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 19 სექტემბრის №22980 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა მომჩივანის საქმიანობის ხელახალი კამერალური საგადასახადო შემოწმება.საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 29 სექტემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2023 წლის 6 ოქტომბრის №24722 ბრძანება და ამავე თარიღის №006-493 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა გადასახადი,ჯარიმა,საურავი.

 

გადაწყვეტილება

1.შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა განხორციელდა მართლზომიერად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების საფუძველი.

2.შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

73(9),102,154,173,174,280.