ბრძანება N 6508
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 6508
26 მარტი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „-------“ (სნ -------)
(მის.: -------, -------)
2024 წლის 6 თებერვლის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 29 თებერვალს გამართულ სხდომაზე (ოქმი №21) განიხილა შპს „-------“ (სნ -------) №87493/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 28 დეკემბრის №005-241 საგადასახადო მოთხოვნასთან და ვალის მართვის დეპარტამენტის 2023 წლის 29 დეკემბრის საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ №005-24165 შეტყობინებასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
1. გადამხდელი არ ეთნხმება შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრას და სალაროს ნაშთის ანგარიშვლდებულ პირზე (დირექტორზე) გაცემულ ხელფასად განხილვას. განმარტავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 24 აგვისტოს N2/25812-22 განჩინებით, შპს „-------“ მიმართ დაიწყო გადახდისუუნარობის საქმის წარმოება, რეაბილიტაციის რეჟიმით. ამასთან, კომპანიის მიმართ კრედიტორული მოთხოვნების არსებობის დასადგენად დაიწყო სავარაუდო კრედიტორების მოძიება, მათ შორის 2023 წლის 10 იანვარს, წერილობით მიმართეს სსიპ შემოსავლების სამსახურსაც და მოითხოვეს სსიპ შემოსავლების სამსახურის მხრიდან, შპს „-------“ მიმართ რეჟიმის გახსნამდე წარმოშობილი კრედიტორული მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში, წერილის მიღებიდან უმოკლეს ვადაში, წარმოედგინა აღნიშნული მოთხოვნა (შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტაციით), მისი კრედიტორთა რეესტრში ასახვის მიზნით. თუმცა, სსიპ შემოსავლების სამსახურისგან ამ საკითხზე არანაირი კომუნიკაცია და რეაგირება არ ყოფილა. მნიშვნელოვანია, რომ რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ საქართველოს კანონი ადგენს ვადას, რომლის დარღვევით დაყენებული მოთხოვნა ხანდაზმულად მიიჩნევა. კერძოდ, კრედიტორმა, რომელიც თვლის, რომ გააჩნია რაიმე სახის მოთხოვნა გადახდისუუნარობის რეჟიმში მყოფი სუბიექტის მიმართ, ვალდებულია, ასეთი მოთხოვნა წარმოადგინოს არაუგვიანეს, რეჟიმის გახსნიდან ერთი წლისა. განსახილველ შემთხვევაში, სსიპ შემოსავლების სამსახურმა მოთხოვნა დააყენა 2023 წლის 29 დეკემბრის ბრძანებით, რაც ცალსახად არღვევს კანონის მოთხოვნებს და ადასტურებს, რომ აღნიშნული მოთხოვნა ხანდაზმულია, ვინაიდან, შპს „-------“ მიმართ რეაბილიტაციის რეჟიმი გაიხსნა 2022 წლის 24 აგვისტოს, ხოლო, ერთწლიანი ვადა გავიდა 2023 წლის 24 აგვისტოს.
შემოწმებით განხორციელებულ დარიცხვასთან დაკავშირებით მომჩივანი აღნიშნავს, რომ აუდიტის დეპარტამენტი, თანხის დარიცხვისას, სხვა დოკუმენტებთან ერთად, ეყრდნობა კომპანიაში მიმდინარე ინვენტარიზაციის მონაცემებს, რაც ცალსახად გაუმართლებელი და არასწორია, გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნული ინვენტარიზაცია კომპანიაში მიმდინარეობს 2021 წლიდან და ვადის უკვე არაერთხელ გაგრძელებისა და საბოლოო ვადის უშედეგოდ გასვლის მიუხედავად, დღემდე არ არსებობს დასკვნა, ან მასთან გათანაბრებული დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებდა კომპანიის მიერ კონკრეტული რაოდენობის ავტომანქანების რეალიზაციის ფაქტს. შესაბამისად, არასწორად მიაჩნია არათუ ინვენტარიზაციის პროცესში გამოვლენილ გარემოებებზე შემოწმების აქტის დაფუძნება, არამედ, ინვენტარიზაციის დასრულების გარეშე საერთოდ ეჭვქვეშ დგება კამერალური შემოწმების შესახებ აქტის დასაბუთებულობა. შემოწმების აქტში არაერთხელ არის ხაზგასმული, რომ საშუალო ფასნამატად, წლის ჭრილში, დაადგენილ იქნა 9-10-11%, რასაც კატეგორიულად არ ეთანხმება და აღნიშნავს, რომ მის ხელთ ასებული დოკუმენტებით, საშუალო ფასნამატი არ აღემატებოდა 6-7%-ს. გადამხდელი ასევე არ ეთანხმება კრედიტორების მიერ ავანსად გაცემულ თანხებთან დაკავშირებით განხორციელებულ დარიცხვებს და განმარტავს, რომ შემოწმების ყველა ეტაპზე, აქტიურ კომუნიკაციაში იმყოფებოდა აუდიტორთან, ვარაუდობს, რომ საუბარია კომპანიის კრედიტორთა რეესტრში ასახულ კრედიტორებზე, რომლებმაც გარკვეული თანხები ნამდვილად ჩარიცხეს კომპანიის ანგარიშზე, ავანსის სახით, თუმცა, მცდარია მტკიცება, რომ აღნიშნული ავანსები, მხოლოდ იმიტომ, რომ ავტომანქანების სანაცვლო მიწოდებას არ ქონია ადგილი, დირექტორის მიერ მიღებულ ხელფასად უნდა დაკვალიფიცირდეს, ვინაიდან, როგორც საქმის მასალებიდან და გაკეთებული განმარტებებიდან ირკვევა, აღნიშნული ავანსებით კომპანიის წამრომადგენლებს ცენტრებიდან გამოჰყავდათ უფრო დაბალი ღირებულების, მაგრამ რაოდენობით მეტი ავტომანქანა და ახდენდნენ მათ რეალიზაციას, რაც შესაბამისად აისახა კომპანიის ბრუნვაში. ამიტომ, ცალკე ამ ეპიზოდის გამოყოფა არ მიაჩნია მართებულად.
2. გადამხდელი ითხოვს ვალის მართვის დეპარტამენტის 2023 წლის 29 დეკემბრის საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ №005-24165 შეტყობინების გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 28 მარტის №18507 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „-------“ (სნ -------) საქმიანობის საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 2020 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის პირველ ივლისამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 27 დეკემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი. შემოწმების აქტის საფუძველზე, აუდიტის დეპარტამენტმა 2023 წლის 28 დეკემბერს გამოსცა №33562 ბრძანება და ამავე თარიღის №005-241 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 1 821 265 ლარით მათ შორის: გადასახადი 1 145 278 ლარი, ჯარიმა 572 639 ლარი და საურავი 103 348 ლარი.
ზემოაღნიშნული საგადასახადო დავალიანების არსებობის გამო, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის საფუძველზე, შპს „-------“ (სნ -------) მთელ ქონებაზე 2023 წლის 29 დეკემბრის №005-24165 შეტყობინების საფუძველზე, გავრცელდა საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
შპს „-------“ (სნ -------) საქმიანობის სახეს წარმოადგენს ახალი და მეორადი ავტომობილების ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე შეძენა და მისი შემდგომი რეალიზაცია. კომპანიაში მიმდინარეობს რეაბილიტაციის რეჟიმი, კომპანია იმართება სასამართლოს მიერ დანიშნული რეაბილიტაციის რეჟიმის მმართველის მიერ. შემოწმების პროცესში დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელი არასრულყოფილად აწარმოებს ბუღალტერიას, რომელზე დაყრდნობითაც შეუძლებელია საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა. ამასთან საგადასახადო ორგანოში წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე (ზედნადებები, ფაქტურები, დეკლარაციები) სრულყოფილად ვერ დგინდება კომპანიის მიერ შეძენილი და რეალიზებული ავტომობილების რაოდენობის განსაზღვრა და შესაბამისად შეძენა-რეალიზაციას შორის სრულყოფილი კავშირის დადგენა. აღნიშნულიდან გამომდინარე საგადასახადო ვალდებულებები შემოწმების მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე განსაზღვრულ იქნა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. კერძოდ, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის შესწავლისა და გადასახადის გადამხდელის მიერ მოწოდებული საბანკო ამონაწერების დამუშავების საფუძველზე იდენტიფიცირებული იქნა კომპანიები და ფიზიკური პირები, რომლებმაც შპს „-------“ გააფორმეს ხელშეკრულებები (შეძენა-რეალიზაციის), მათგან გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია და შესაბამისი დოკუმენტები, რათა დადგენილიყო შპს „-------“ მიერ შეძენილი და რეალიზებული ავტომობილები. მიღებულ ინფორმაციაზე (ნასყიდობის ხელშეკრულება, ინვოისი, მიღება-ჩაბარების აქტები) დაყრდნობით დადგენილ იქნა დოკუმენტური ფასნამატი წლების ჭრილში. კერძოდ, 2020 წელს ფასნამატმა შეადგინა 10%, 2021 წელს -9%, ხოლო 2022 წელს - 10%, რომელიც გავრცელებულ იქნა ავტომობილის შეძენის ღირებულებაზე. შემოწმების მიერ შესამოწმებელ პერიოდში დადგენილ შემოსავლებსა და ხარჯებს შორის გამოვლენილი სხვაობა განხილულ იქნა კომპანიის დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად.
ამასთან, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის, შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ბაზის მონაცემებითა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის საფუძველზე, მესამე პირებისგან მიღებული ინფორმაციით დგინდება, რომ შპს „-------“ მიერ ხდებოდა ავტომობილების იმპორტირება, რომელთა ნაწილიც გადიოდა ექსპორტზე, ხოლო დარჩენილი ავტომობილების რეალიზაცია ხდებოდა ადგილობრივ ბაზარზე. ვინაიდან, შემოწმების პროცესში გადამხდელმა ვერ უზრუნველყო აუდიტის დეპარტამენტისთვის მიეწოდებინა ხარჯის დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი, რომელიც დაადგენდა იმპორტის ღირებულების სრულად გადახდას, ამასთან, გადახდა ვერ იდენტიფიცირდებოდა ვერც საბანკო ამონაწერებით. ამდენად, იმპორტის ღირებულების ხარჯში აღებულ იქნა შეძენის ღირებულების 75%. კერძოდ, იმპორტის საერთო ღირებულება შეადგენდა 1 967 667 ლარს, მისი 75%, 1 475 750 ლარის ოდენობით დაექვემდებარა გადასახადის გადამხდელის მიერ გაწეულ ხარჯებში ასახვას, ხოლო დარჩენილი 25%, 491 917 ლარის ოდენობით განხილულ იქნა კომპანიის დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად.
ამასთან, კომპანია ახორციელებდა ავტომობილების რეექსპორტს. ვინაიდან, რეექსპორტში გაყვანილი მანქანების მიახლოებითი სარეალიზაციო ღირებულება, არსებითად შეუსაბამო იყო მის ფასთან, ამდენად, რეექსპორტზე გაყვანილი ავტომობილების შეძენის ღირებულებად აღებულ იქნა მის მიერ რეალიზებული იმავე მოდელისა და მახასიათებლების სხვა ავტომობილის ღირებულება, რომელზეც გავრცელებულ იქნა შემოწმების მიერ დადგენილი მოგების მარჟა. ამასთან, გადახდა ვერ იდენტიფიცირდებოდა ვერც საბანკო ამონაწერებით. ამდენად, რეექსპორტის ღირებულების ხარჯებში გასათვალისწინებლად აღებული იქნა შეძენის ღირებულების 75%. კერძოდ რეექსპორტის საერთო ღირებულება შეადგენდა 3 109 492 ლარს, მისი 75%, 2 332 120 ლარის ოდენობით დაექვემდებარა გადასახადის გადამხდელის მიერ გაწეულ ხარჯებში ასახვას, ხოლო დარჩენილი 25%, 777 373 ლარის ოდენობით განხილულ იქნა კომპანიის დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად.
ამასთან, კომპანიას ჰყავს უცხოელი კრედიტორები, რომელთა მოთხოვნების დაკმაყოფილებაც გადამხდელმა ვერ უზრუნველყო. კერძოდ, კრედიტორის მიერ მოხდა გადამხდელისთვის ავანსის სახით 1 498 339 ლარის ჩარიცხვა, რაც დასტურდება საბანკო ამონაწერებით. გადამხდელის წარმომადგენლის განცხადების თანახმად, შპს „-------“ მიერ არ განხორციელებულა ავტომობილების მიწოდება. აღნიშნულიდან გამომდინარე ავანსად მიღებული თანხა დაექვემდებარა კომპანიის შემოსავლებში აღებას და ჩაითვალა კომპანიის დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად.
ამასთან, ექსპორტის რეჟიმში მოქცეული ავტომობილებიდან კუთვნილი შემოსავლების და ხარჯების სწორად განსაზღვრის მიზნით შემოწმებამ იხელმძღვანელა იდენტიფიცირებული შეძენა/რეალიზაციებით დადგენილი მოგების მარჟით, რაც განისაზღვრა საშუალოდ 11%-ის ოდენობით. შესაბამისად, აღნიშნული მეთოდით გამოანგარიშებული შემოსავლებისა და ხარჯების შეპირისპირებით გამოვლენილი სხვაობა ჩაითვალა კომპანიის დირექტორზე განხორციელებულ სახელფასო განაცემად.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა კუთვნილი საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში.
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილებზე, რომლის მიხედვით:
1. გადასახადის გადამხდელისათვის გადასახადის თანხის დარიცხვისა და საგადასახადო ვალდებულების შესახებ საგადასახადო მოთხოვნის წარდგენის ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადა აითვლება შესაბამისი საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის კალენდარული წლის დასრულებიდან.
3. გადასახადის გადამხდელისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციის (გარდა საურავისა) დაკისრებისა და შესაბამისი საგადასახადო მოთხოვნის წარდგენის ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო შემოწმების ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 263-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კამერალური საგადასახადო შემოწმება ტარდება საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირის ბრძანების საფუძველზე, ამ ბრძანებით განსაზღვრულ კონკრეტულ საკითხზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 22-ე ნაწილის თანახმად, სააღრიცხვო დოკუმენტაციაა პირველადი დოკუმენტები (მათ შორის, პირველადი საგადასახადო დოკუმენტები), ბუღალტრული აღრიცხვის რეგისტრები და სხვა დოკუმენტები, რომელთა საფუძველზედაც განისაზღვრება გადასახადებით დაბეგვრის ობიექტები, დაბეგვრასთან დაკავშირებული ობიექტები და დგინდება საგადასახადო ვალდებულებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე, სხვა მსგავს ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას. საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერულ) ოპერაციაზე გამოწერილ პირველად საგადასახადო დოკუმენტში საქონლის ღირებულების (მათ შორის, საქონლის ერთეულის ფასის) მითითება სავალდებულო არ არის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოწმებით დადგენილი გარემოებაა, რომ გადასახადის გადამხდელი არასრულყოფილად აწარმოებს ბუღალტერიას, რომელზე დაყრდნობითაც შეუძლებელია საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა. საგადასახადო ორგანოში წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე (ზედნადებები, ფაქტურები, დეკლარაციები) სრულყოფილად ვერ დგინდება კომპანიის მიერ შეძენილი და რეალიზებული ავტომობილების რაოდენობის განსაზღვრა და შესაბამისად შეძენა-რეალიზაციას შორის სრულყოფილი კავშირის დადგენა. შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემები და გადასახადის გადამხდელის მიერ მოწოდებული საბანკო ამონაწერები, რომლის საფუძველზე იდენტიფიცირებული იქნა კომპანიები და ფიზიკური პირები, რომლებმაც გადასახადის გადამხდელთან გააფორმეს ხელშეკრულებები. მათგან გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია და შესაბამისი დოკუმენტები, რათა დადგენილიყო შპს „-------“ მიერ შეძენილი და რეალიზებული ავტომობილები. მიღებულ ინფორმაციაზე (ნასყიდობის ხელშეკრულება, ინვოისი, მიღება-ჩაბარების აქტები) დაყრდნობით დადგენილ იქნა დოკუმენტური ფასნამატი წლების ჭრილში, რომელიც გავრცელებულ იქნა ავტომობილის შეძენის ღირებულებაზე. ამასთან, კომპანიის მიერ ხდებოდა ავტომობილების იმპორტირება, რომელთა ნაწილიც გადიოდა ექსპორტზე, ხოლო დარჩენილი ავტომობილების რეალიზაცია ხდებოდა ადგილობრივ ბაზარზე. ვინაიდან, შემოწმების პროცესში გადამხდელმა ვერ უზრუნველყო აუდიტის დეპარტამენტისთვის მიეწოდებინა ხარჯის დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი, რომელიც დაადგენდა იმპორტის ღირებულების სრულად გადახდას, ამასთან, გადახდა ვერ იდენტიფიცირდებოდა ვერც საბანკო ამონაწერებით, ამდენად, იმპორტის ღირებულების ხარჯში აღებულ იქნა შეძენის ღირებულების 75%. კომპანია ასევე ახორციელებდა ავტომობილების რეექსპორტს. ვინაიდან, რეექსპორტში გაყვანილი მანქანების მიახლოებითი სარეალიზაციო ღირებულება, არსებითად შეუსაბამო იყო მის ფასთან, ამდენად, რეექსპორტზე გაყვანილი ავტომობილების შეძენის ღირებულებად აღებულ იქნა მის მიერ რეალიზებული იმავე მოდელისა და მახასიათებლების სხვა ავტომობილის ღირებულება, რომელზეც გავრცელებულ იქნა შემოწმების მიერ დადგენილი მოგების მარჟა. აღნიშნულ ოპერაციებზე გადახდა ვერ იდენტიფიცირდებოდა ვერც საბანკო ამონაწერებით. ამდენად, რეექსპორტის ღირებულების ხარჯებში გასათვალისწინებლად აღებული იქნა შეძენის ღირებულების 75%. შემოწმებით ასევე დგინდება, რომ კომპანიას ჰყავს უცხოელი კრედიტორები, რომელთა მოთხოვნების დაკმაყოფილებაც გადამხდელმა ვერ უზრუნველყო. კერძოდ, კრედიტორის მიერ მოხდა გადამხდელისთვის ავანსის სახით 1 498 339 ლარის ჩარიცხვა, რაც დასტურდება საბანკო ამონაწერებით. გადამხდელის წარმომადგენლის განცხადების თანახმად, შპს „-------“ მიერ არ განხორციელებულა ავტომობილების მიწოდება. აღნიშნულიდან გამომდინარე, ავანსად მიღებული თანხა დაექვემდებარა კომპანიის შემოსავლებში აღებას. ექსპორტის რეჟიმში მოქცეული ავტომობილებიდან კუთვნილი შემოსავლების და ხარჯების სწორად განსაზღვრის მიზნით შემოწმებამ იხელმძღვანელა იდენტიფიცირებული შეძენა/რეალიზაციებით დადგენილი მოგების მარჟით, რაც განისაზღვრა საშუალოდ 11%-ის ოდენობით. აღნიშნული მეთოდით გამოანგარიშებული შემოსავლებისა და ხარჯების შეპირისპირებით გაიზარდა შემოსავალი, რომელიც განხილულ იქნა დირექტორზე გაცემულ ხელფასად.
გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში მითითებულ არგუმენტებთან დაკავშირებით აუდიტის დეპარტამენტის მიერ დამატებით წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ შემოწმების პროცესში, აუდიტის დეპარტამენტს არ უხელმძღვანელია საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგებით. სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგები თარიღდებოდა 2022 წლის 11 აპრილის მდგომარეობით, ხოლო ბრძანებით შესამოწმებელი პერიოდის ბოლოდ განსაზღვრული იყო 2023 წლის ივლისის თვე, ამდენად, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის არსებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთების განსასაზღვრად შემოწმება ვერ დაეყრდნობოდა აღნიშნული პერიოდით ჩატარებულ ინვენტარიზაციის შედეგებს. აქედან გამომდინარე, შემოწმებას ინვენტარიზაციის შედეგებით საგადასახადო შემოწმების პროცესში არ უხელმძღვანელია და ავტომობილების ნაშთის განსაზღვრა მოხდა შინაგან საქმეთა სამინისტროდან მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე. ამასთან, ფასნამატის განსაზღვრა მოხდა სრულად დოკუმენტურად, კერძოდ, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების შესწავლისა და გადასახადის გადამხდელის მიერ მოწოდებული საბანკო ამონაწერების დამუშავების საფუძველზე, იდენტიფიცირებული იქნა კომპანიები და ფიზიკური პირები, რომლებმაც კომპანიასთან გააფორმეს ხელშეკრულებები. მათგან გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია და შესაბამისი დოკუმენტაცია, რათა დადგენილიყო შპს „-------“ მიერ შეძენილი და რეალიზებული ავტომობილები. მიღებულ ინფორმაციაზე (ნასყიდობის ხელშეკრულება, ინვოისი, მიღება-ჩაბარების აქტები) დაყრდნობით დადგენილ იქნა დოკუმენტური ფასნამატი წლების ჭრილში, რომელიც გავრცელებულ იქნა ავტომობილების შეძენის ღირებულებაზე. ავანსად მიღებულ თანხებთან დაკავშირებით აუდიტის დეპარტამენტი განმარტავს, რომ გადამხდელი თავისავე საჩივარში აცხადებს, რომ კომპანიის კრედიტორთა რეესტრში ასახულია კრედიტორები, რომელთა მიერ ნამდვილად მოხდა ავანსის სახით კომპანიის ანგარიშზე თანხის ჩარიცხვა (დასტურდება საბანკო ამონაწერებითაც), სანაცვლოდ კი მათთვის მანქანის მიწოდება არ განხორციელებულა. ფაქტი იმის შესახებ, რომ კომპანიის იმჟამინდელმა დირექტორმა აღნიშნული ავანსით ცენტრიდან გამოიყვანა სხვა, შედარებით უფრო დაბალფასიანი მანქანები და შემდეგ მათი რეალიზაცია მოახდინა სხვა პირებზე და არა უშუალოდ ავანსის ჩამრიცხავ კომპანიაზე, არ ცვლის იმ შედეგს, რომ აღნიშნული თანხა წარმოადგენს კომპანიის იმჟამინდელი დირექტორის სარგებელს, რადგან ჩარიცხული ავანსის სანაცვლოდ კრედიტორის დაკმაყოფილება არ მომხდარა.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით შემოსავლების სამსახური იზიარებს აუდიტის დეპარტამენტის პოზიციას განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებთან დაკავშირებით, მაგრამ აღნიშნავს, რომ დაზუსტებას საჭიროებს შემოწმებით დადგენილი შემოსავლის ხელფასად განხილვის საგადასახადო პერიოდი. ამდენად, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის შესაბამისი რეჟიმის გათვალისწინებით, დამატებით შეისწავლოს საგადასახადო ვალდებულებების წარმოშობის პერიოდი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 23-ე ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო დავალიანება არის გადასახადის გადამხდელის მიერ დადგენილ ვადაში გადაუხდელი გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხასა და ზედმეტად გადახდილი გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხას შორის სხვაობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად განახორციელოს შემდეგი ღონისძიებები:
ა) საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა;
ბ) მესამე პირზე გადახდევინების მიქცევა;
გ) ქონებაზე ყადაღის დადება;
დ) ყადაღადადებული ქონების რეალიზაცია;
ე) საბანკო ანგარიშზე საინკასო დავალების წარდგენა; ვ) გადასახადის გადამხდელის სალაროდან ნაღდი ფულის ამოღება;
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების რიგითობას ირჩევს საგადასახადო ორგანო, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი.
ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დავალიანების გაუქმებასთან ერთად უქმდება მისი გადახდევინების უზრუნველსაყოფად დაწყებული ამ თავით გათვალისწინებული ნებისმიერი ღონისძიება, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა არის სახელმწიფოს უფლება, საგადასახადო დავალიანების გადახდევინება უზრუნველყოს გადასახადის გადამხდელის, სხვა ვალდებული პირის ქონებიდან, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციის უფლება წარმოიშობა საგადასახადო დავალიანების წარმოშობასთან ერთად და მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის მომენტიდან და ვრცელდება საგადასახადო დავალიანების ფარგლებში, პირის საკუთრებაში არსებულ ან/და მის ბალანსზე რიცხულ ქონებაზე (გარდა ლიზინგით მიღებულისა), საგადასახადო დავალიანების წარმოქმნის შემდეგ შეძენილი ქონების ჩათვლით. საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების გამოყენება შესაძლებელია ამ კოდექსის 265-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და იმ ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელს 2023 წლის 29 დეკემბრის მდგომარეობით ერიცხებოდა და ერიცხება საგადასახადო დავალიანება, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მიმართ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლით გათვალისწინებული ღონისძიება გავრცელებულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს სადავო საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ შეტყობინების გაუქმების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „-------“ (სნ -------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის შესაბამისი რეჟიმის გათვალისწინებით, დამატებით შეისწავლოს საგადასახადო ვალდებულებების წარმოშობის პერიოდი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება;
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანების გასაჩივრება შესაძლებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად მისი ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
გადამხდელი არ ეთნხმება
1. შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრას და სალაროს ნაშთის ანგარიშვლდებულ პირზე (დირექტორზე) გაცემულ ხელფასად განხილვას.
2. გადამხდელი ითხოვს ვალის მართვის დეპარტამენტის საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ შეტყობინების გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები
მომჩივანის საქმიანობის სახეს წარმოადგენს ახალი და მეორადი ავტომობილების ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე შეძენა და მისი შემდგომი რეალიზაცია. კომპანიაში მიმდინარეობს რეაბილიტაციის რეჟიმი, კომპანია იმართება სასამართლოს მიერ დანიშნული რეაბილიტაციის რეჟიმის მმართველის მიერ. შემოწმების პროცესში დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელი არასრულყოფილად აწარმოებს ბუღალტერიას, რომელზე დაყრდნობითაც შეუძლებელია საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა. საგადასახადო ვალდებულებები შემოწმების მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე განსაზღვრულ იქნა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. შემოწმების მიერ შესამოწმებელ პერიოდში დადგენილ შემოსავლებსა და ხარჯებს შორის გამოვლენილი სხვაობა განხილულ იქნა კომპანიის დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად.
გადასახადის გადამხდელს დაერიცხა კუთვნილი საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
გადაწყვეტილება
სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით შემოსავლების სამსახური იზიარებს აუდიტის დეპარტამენტის პოზიციას განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებთან დაკავშირებით, მაგრამ აღნიშნავს, რომ დაზუსტებას საჭიროებს შემოწმებით დადგენილი შემოსავლის ხელფასად განხილვის საგადასახადო პერიოდი. შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.
გადასახადის გადამხდელს 2023 წლის 29 დეკემბრის მდგომარეობით ერიცხებოდა და ერიცხება საგადასახადო დავალიანება. შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მიმართ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლით გათვალისწინებული ღონისძიება გავრცელებულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს სადავო საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ შეტყობინების გაუქმების საფუძველი
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5); 101; 154; 239