ბრძანება N 8379

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 18.04.2023
№ დოკუმენტი 8379
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 8379

18.04.2023

შპს „-----------“ (ს/ნ ----------------)

(მის.: -------------------)

2022 წლის 26 იანვრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 22 თებერვლის და 23 მარტის სხდომებზე (ოქმი №17 და №30) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2022 წლის 18 ნოემბრის №16911/2/2022 გადაწყვეტილებით განსახილველად დაბრუნებული შპს „-----------“ (ს/ნ ------------) 2022 წლის 26 იანვრის №67263/1/2022 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 28 დეკემბრის №081-421 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგად განხორცილებულ დარიცხვას და განმარტავს, რომ კომპანია წლების განმავლობაში ეწევა მძიმეწონიანი და არაგაბარიტული ტვირთის დოკუმენტაციის მომზადებისა და დაცვა-გაცილების მომსახურებას საქართველოს ტერიტორიაზე საბაჟო პუნქტამდე გადაადგილებისას, ასევე, თანამშრომლობს დაცვა-გაცილების მომსახურების მომწოდებელ სახელმწიფო ორგანოსთან - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტთან. მომჩივანი აღნიშნავს, რომ კომპანიის საქმიანობა დღგ-ისგან გათავისუფლებულია ჩათვლის უფლებით, შესაბამისად, არ ჰქონდათ ინფორმაცია, რომ სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიერ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით მიღებული ჩათვლა არამართლზომიერი იყო.

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 27 მაისის №16205 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „---------“ (ს/ნ -----------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2018 წლის 1 იანვრიდან 2021 წლის 1 მაისამდე საანგარიშო პერიოდი. შემოწმების შედეგებზე 2021 წლის 24 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რომლის საფუძველზე გამოიცა 2021 წლის 28 დეკემბრის №41552 ბრძანება და ამავე თარიღის №081-421 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 254 922 ლარი, მათ შორის, გადასახადი 155 114 ლარი, ჯარიმა 77 382 ლარი და საურავი 22 426 ლარი. ზემოაღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გადამხდელის მიერ გასაჩივრებულ იქნა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 8 ივნისის №14201 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, შპს „-----------“ (ს/ნ -----------) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე გათავისუფლდა აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 28 დეკემბრის №081-421 საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული ჯარიმისაგან, ხოლო დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 8 ივნისის №14201 ბრძანება გადამხდელის მიერ გასაჩივრებულ იქნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2022 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 8 ივნისის №14201 ბრძანება და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს ამავე გადაწყვეტილების შესაბამისად.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2022 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილებაში მითითებულია შემდეგი:

„საბჭო ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს მხედველობაში არ მიიღოს სამეურნეო ოპერაციები, რომლებსაც არა აქვს არსებითი ეკონომიკური გავლენა. აღნიშნავს, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ არ არის შეფასებული განხორციელებული ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის და საგადასახადო ანგარიშფაქტურის გამოწერის მართლზომიერების საკითხი, კერძოდ, არ არის გამოკვლეული მეორე მხარემ მოახდინა თუ არა დარიცხული დღგ-ის თანხების შემცირება და დაზუსტებული დეკლარაციების წარდგენა საგადასახადო ორგანოში. ამასთან არ არის ნამსჯელი, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის გამოყენების მიზანშეწონილობაზე.

საქმესთან არსებული მასალების, ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ საგადასახადო შემოწმების აქტით განხორციელებული დარიცხვის საფუძველი, კერძოდ, სადავო საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით მიღებული დღგ-ის ჩათვლის გაუქმების საფუძვლით განხორციელებული დღგ-ის დარიცხვის მართლზომიერების საკითხი, საჭიროებს დამატებით შესწავლას. ამდენად, სამოტივაციო ნაწილში მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურის სადავო გადაწყვეტილება ნაწილობრივ უნდა გაუქმდეს და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.“

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით სადავო საკითხთან დაკავშირებით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:

„გადასახადის გადამხდელის ძირითადი საქმიანობაა არარეზიდენტი საწარმოს საკუთრებაში მყოფი სატრანსპორტო საშუალების დაცვა-გაცილების და დოკუმენტაციის მომზადების მომსახურება, კერძოდ, შპს „-----------“ უზრუნველყოფს საქართველოს ტერიტორიაზე ტრანსფერის რეჟიმში მოქცეული, არარეზიდენტის საკუთრებაში მყოფი სატრანსპორტო საშუალებებისთვის დოკუმენტაციის მომზადებას და დაცვის პოლიციის გამოძახებას. კომპანია აღნიშნულ მომსახურებას განიხილავს დღგისგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებულ ოპერაციად 2021 წლის 1 იანვრიდან მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ.გ“ და 2021 წლის 1 იანვრამდე მოქმედი 168-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ.გ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, რომელიც გულისხმობს ტრანზიტში მოქცეული ან ტრანზიტისთვის განკუთვნილი საქონლის გადაზიდვის და ამ გადაზიდვასთან უშუალოდ დაკავშირებული მომსახურების, მათ შორის, საექსპედიტორო მომსახურების დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებას. პირს აღნიშნული საქმიანობის ფარგლებში სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისგან მიღებული აქვს ტვირთის გაცილების მომსახურებები, რომლის ფარგლებში გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების მიხედვითაც იმცირებს დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვას. აღსანიშნავია, რომ სსიპ დაცვის პოლიციის ფასები ანალოგიურია შპს „----------“ მიერ დამკვეთისთვის დაწესებულ ფასებთან. ვინაიდან აღნიშნული მომსახურების ფარგლებში სსიპ დაცვის პოლიციის მიერ გაწეული მომსახურება, რომელიც ამ შემთხვევაში წარმოადგენს სატრანსპორტო საშუალების გაგზავნასთან/მიღებასთან დაკავშირებულ მომსახურებას, გათავისუფლებულია დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით, შესაბამისად, მის მიერ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე შპს „----------“ მიერ მიღებული ჩათვლები დაექვემდებარა შემცირებას.“

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს მხედველობაში არ მიიღოს სამეურნეო ოპერაციები, რომლებსაც არა აქვს არსებითი ეკონომიკური გავლენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესაბამის საანგარიშო პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ პუნქტის თანახმად, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.

ამავე კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ პუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგით დასაბეგრი ოპერაციებია საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, რომლის დროსაც დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა.

ამავე კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა მიღებული ჩათვლის დოკუმენტების საფუძველზე, გარდა ამ კარით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ხოლო ამ მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ პუნქტის მიხედვით, ჩათვლის დოკუმენტია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩასათვლელი თანხა არის დღგ-ის თანხა, რომელიც გადახდილია ან გადასახდელია ჩათვლის დოკუმენტების მიხედვით, მათ შორის, დღგ-ის რეგისტრაციის ძალაში შესვლის მომენტისათვის არსებულ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ნაშთზე.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ პუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა ხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქონელი ან/და მომსახურება გამოიყენება ან გამოყენებული იქნება დასაბეგრ ოპერაციებში, გარდა ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციებისა.

ამავე კოდექსის 175-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირი უფლებამოსილია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა გამოწეროს და მიწოდებული/მისაწოდებელი საქონლის ან გაწეული/გასაწევი მომსახურების მიმღებს წარუდგინოს მხოლოდ დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ პუნქტის „გ.გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ჩათვლის უფლებით დღგ-ისგან გათავისუფლებულია: გ) ექსპორტის პროცედურაში, რეექსპორტში, გარე გადამუშავების ან ტრანზიტის პროცედურაში მოქცეული ან ტრანზიტისათვის განკუთვნილი საქონლის (რაც დასტურდება საქონლის თანმხლები დოკუმენტებით) გადაზიდვა და ამ გადაზიდვასთან უშუალოდ დაკავშირებული მომსახურების გაწევა. აღნიშნულ გადაზიდვასთან უშუალოდ დაკავშირებულ მომსახურებას განეკუთვნება: გ.გ) საექსპედიტორო მომსახურება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ პუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია: დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა.

ხოლო ამ მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა, რომელიც სხვა სახის საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან უშუალოდაა დაკავშირებული ან სხვა სახის საქონლის მიწოდებისთვის/მომსახურების გაწევისთვის დამხმარე ხასიათისაა, განიხილება ამ მომსახურების გაწევის/საქონლის მიწოდების ნაწილად.

ამავე კოდექსის 1601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მომსახურების გაწევა არის ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც არ არის საქონლის მიწოდება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუქტების თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს: ა) საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ; ბ) ამ კარის შესაბამისად საქონლის მიწოდებად ან მომსახურების გაწევად განხილულ ოპერაციებთან დაკავშირებით გადასახდელი დღგ.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დასაბეგრ პირს, გარდა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა, უფლება აქვს ჩაითვალოს საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გაწეულ ხარჯთან დაკავშირებული დღგ-ის თანხა, თუ საქონელი ან მომსახურება გამოიყენება ამ კოდექსის 172-ე მუხლის შესაბამისად, დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებულ ოპერაციებში.

ამავე კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის 172-ე მუხლით გათვალისწინებული დასაბეგრი ოპერაციები დღგ-ისგან გათავისუფლებულია დღგ-ის ჩათვლის უფლებით, რაც ნიშნავს, რომ ამ ოპერაციების განხორციელების შემთხვევაში დასაბეგრ პირებს, უფლება აქვთ, ამ კოდექსით დადგენილი წესით ჩაითვალონ ამ ოპერაციებზე გაწეულ ხარჯებთან დაკავშირებული დღგ.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ პუნქტის „თ.ა“ და „თ.გ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებულია შემდეგი საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა:

თ) ექსპორტში, რეექსპორტში, გარე გადამუშავებაში ან ტრანზიტში მოქცეული ან ტრანზიტისთვის განკუთვნილი (რაც დასტურდება საქონლის თანმხლები დოკუმენტებით) საქონლის გადაზიდვა და ამ გადაზიდვასთან უშუალოდ დაკავშირებული მომსახურების გაწევა. ასეთ გადაზიდვასთან უშუალოდ დაკავშირებული მომსახურებებია:

თ.ა) გადაზიდვისას ტვირთის ან/და სატრანსპორტო და გადაზიდვის საშუალების გაგზავნასთან/მიღებასთან დაკავშირებული მომსახურება, აგრეთვე აეროპორტის, ნავსადგურის, სარკინიგზო ან საავტომობილო სადგურის/ვაგზლის მიერ გაწეული მომსახურება;

თ.გ) საექსპედიტორო მომსახურება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ შპს „---------“ უზრუნველყოფს საქართველოს ტერიტორიაზე ტრანსფერის რეჟიმში მოქცეული, არარეზიდენტის საკუთრებაში მყოფი სატრანსპორტო საშუალებებისთვის დაცვა-გაცილების და დოკუმენტაციის მომზადების მომსახურებას, მ.შ. დაცვის პოლიციის გამოძახებას. კომპანია აღნიშნულ მომსახურებას განიხილავს დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებულ ოპერაციად. პირს აღნიშნული საქმიანობის ფარგლებში დაცვის პოლიციის დეპარტამენტისგან მიღებული აქვს ტვირთის გაცილების მომსახურებები, რომლის ფარგლებში გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე მიღებული აქვს დღგ-ის ჩათვლა. ვინაიდან, დაცვის პოლიციის მიერ გაწეული მომსახურება, როგორც სატრანსპორტო საშუალების გაგზავნასთან/მიღებასთან დაკავშირებული მომსახურება, გათავისუფლებულია დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით, საგადასახადო შემოწმებით, გაუქმდა დაცვის პოლიციის მიერ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე მიღებული დღგ-ის ჩათვლა.

სადავო საკითხთან დაკავშირებით აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, მეორე მხარის მიერ სადავო ოპერაციების დაბეგვრის, ასევე, დეკლარაციების დაზუსტების და დარიცხული დღგ-ის შემცირების საკითხის შესწავლის შედეგად, არ გამოვლინდა ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რაც საგადასახადო შემოწმებით დარიცხული დღგ-ის გაუქმების საფუძველი იქნებოდა.

ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების შესაბამისად სადავო საკითხის შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

1. შპს „-----------“ (ს/ნ -----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

 

გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგად განხორცილებულ დარიცხვას და აღნიშნავს, რომ კომპანიის საქმიანობა დღგ-ისგან გათავისუფლებულია ჩათვლის უფლებით, შესაბამისად, არ ჰქონდათ ინფორმაცია, რომ სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიერ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით მიღებული ჩათვლა არამართლზომიერი იყო.

 

ფაქტობრივი გარემოებები

 

კომპანია უზრუნველყოფს საქართველოს ტერიტორიაზე ტრანსფერის რეჟიმში მოქცეული, არარეზიდენტის საკუთრებაში მყოფი სატრანსპორტო საშუალებებისთვის დოკუმენტაციის მომზადებას და დაცვის პოლიციის გამოძახებას. კომპანია აღნიშნულ მომსახურებას განიხილავს დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებულ ოპერაციად. პირს აღნიშნული საქმიანობის ფარგლებში სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისგან მიღებული აქვს ტვირთის გაცილების მომსახურებები, რომლის ფარგლებში გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების მიხედვითაც იმცირებს დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვას. აღსანიშნავია, რომ სსიპ დაცვის პოლიციის ფასები ანალოგიურია კომპანიის მიერ დამკვეთისთვის დაწესებულ ფასებთან. ვინაიდან აღნიშნული მომსახურების ფარგლებში სსიპ დაცვის პოლიციის მიერ გაწეული მომსახურება, რომელიც ამ შემთხვევაში წარმოადგენს სატრანსპორტო საშუალების გაგზავნასთან/მიღებასთან დაკავშირებულ მომსახურებას, გათავისუფლებულია დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით, შესაბამისად, მის მიერ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე კომპანიის მიერ მიღებული ჩათვლები დაექვემდებარა შემცირებას.

 

გადაწყვეტილება

 

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

დასაბუთება

 

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 43(4), 73(9)"ა", 159(1)"ბ"(2), 1601(1), 164(1), 174(1), 175(1)(2), 169(3), 172(1)"თ".

2021 წლამდე მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსი: 160"ა", 161(1)"ა", 168(4)"გ.გ", 173(1), 174(1)"ა"(2)"ა.ა", 175(2).