ბრძანება N 25630

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 16.10.2023
№ დოკუმენტი 25630
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 25630

16 ოქტომბერი 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „---“-ის (ს/ნ---)

(მის.: ---) 2023 წლის 3 ივლისის საჩივრის ნაწილობრივ

დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 21 სექტემბერს გამართულ სხდომაზე (ოქმი №98) განიხილა შპს „---“-ის (ს/ნ ---) 2023 წლის 3 ივლისის №82055/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 19 მაისის №006- 198 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხი:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებას და აღნიშნავს, რომ გადაანგარიშება შეეხო მხოლოდ ტექნიკურ ნაწილს, არ მომხდარა ახალი ინფორმაციის მოძიება ან/და არსებულის გადამოწმება. მიუთითებს, რომ არანაირი მტკიცებულება არ არსებობს იმისა, რომ საქონელი საქართველოში იყიდებოდა. დამატებით აღნიშნავს, რომ გადაანგარიშება დავალებული იყო გადასახადის გადამხდელის ჩართულობით, რაც არ განხორციელებულა, შესაბამისად, არ აქვს წვდომა სრულ ინფორმაციაზე და იმაზე, თუ რა დამატებითი ინფორმაციის მოძიება მოხდა, ამასთან, დასკვნას არ ერთვის გაანგარიშებები. აღნიშნავს, რომ ქართულ და --- საბაჟო დეკლარაციებში ოქროს სინჯებს შორის სხვაობები აბსურდია, რადგან არცერთ საბაჟო დეკლარაციაში ოქროს სინჯი საერთოდ არ არის დაფიქსირებული და ამ ნაწილში რა მტკიცებულებების გამოთხოვა მოხდა გადასახადის გადამხდელისთვის უცნობია. განმარტავს, რომ გაანგარიშებები მიეწოდათ დასკვნის გამოცემის შემდგომ და მასში არის შეცდომები.

აღნიშნავს, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოყენებული ფასების შესახებ ერთადერთი მონაცემი და ინფორმაციის წყარო არის ვებგვერდი www.GoldPriceZ.com და ჰიპოთეტურადაც რომ იყოს დაშვებული ადგილობრივ ბაზარზე საქონლის რეალიზაციის ფაქტი, მისი ღირებულება განსაზღვრული უნდა ყოფილიყო საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ფასებით და არა საერთაშორისო ღირებულების მიხედვით. მიუთითებს, რომ ფაქტობრივად, ადგილობრივ ბაზარზე გაყიდულად არის მიჩნეული შესყიდული საქონლის ის ნაწილიც, რომელიც 2017 წლის 1 ოქტომბრის შემდგომ გატანილია ექსპორტზე და ასევე, მნიშვნელოვანი შეუსაბამობაა გაანგარიშების პრინციპთან დაკავშირებითაც. ზემოაღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით, მომჩივანი ითხოვს საკითხის დამატებით შესწავლას და საგადასახადო ვალდებულებების კორექტირებას.

დამატებით მიუთითებს, რომ შემოსავლების სამსახურის ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტს დაევალა სანქციების შემცირების შესწავლაც, რაც არ განხორციელებულა და დასკვნაში არ არის მსჯელობა აღნიშნულზე. ასევე ითხოვს დარიცხული სანქციის შემცირებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 18 აპრილის №11613 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტის 2018 წლის 18 დეკემბრის №006-849 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით 2019 წლის 14 იანვრის საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

„1. შპს „---“-ის (ს/ნ ---) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დაადგინოს და გადამხდელის მონაწილეობით დამატებით შეისწავლოს საჩივარში წარმოდგენილ სადავო საკითხთან დაკავშირებული მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება, მათ შორის გამოითხოვოს სრულყოფილი ინფორმაცია საბაჟო ორგანოდან და საბაჟო დეკლარაციებზე თანდართული დოკუმენტაცია, ასევე ---ს რესპუბლიკიდან გამოითხოვონ სათანადო მასალები და მათი ყოველმხრივი შესწავლის/ანალიზის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში უზრუნველყონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტება;

3. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-21 -ე ნაწილის გათვალისწინებით შეისწავლოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე და 275-ე მუხლებში 2018 წლის 27 დეკემბრის N4225-რს კანონით განხორციელებული ცვლილებებით, თუ მსუბუქდება N063-20 საგადასახადო მოთხოვნით დაკისრებული სანქციები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს სანქციის კორექტირება (შემცირება);

4. ამ ბრძანების შესრულების შედეგების გათვალისწინებით დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე შესაბამისი კორექტირების განხორციელება;

5. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.“.

შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 18 აპრილის №11613 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2023 წლის 24 აპრილის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვითაც შემცირებას დაექვემდებარა სულ 388 665 ლარი, მათ შორის, გადასახადი 259 110ლარი და ჯარიმა 129 555 ლარის ოდენობით. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 19 მაისის №006-198 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესაბამისად, ---ს რესპუბლიკის საბაჟოდან ორჯერ იქნა გამოთხოვილი გადასახადის გადამხდელის საბაჟო დეკლარაციები თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად. ---ის საბაჟოდან მიღებულ დოკუმენტებში ფიქსირდებოდა შემსყიდველი (---ის) მხარის მიერ ჩატარებული ლაბორატორიული ანალიზის შედეგები, რომელშიც დაფიქსირებული სინჯები განსხვავდებოდა გადასახადის გადამხდელის მიერ ბუღალტრულ პროგრამაში აღრიცხული სინჯებისგან, კერძოდ, --- მხარის სინჯების მაჩვენებელი არ აღემატებოდა 750-ს. ამასთანავე, შემოწმების მიერ, ექსპორტზე გატანილი გრამი ოქროს ღირებულება შეუდარდა იმავე პერიოდში ოქროს საერთაშორისო ბაზარზე არსებულ შესაბამისი სინჯის ფასს, რომელიც შესაბამისობაში მოდიოდა შემსყიდველი მხარის მიერ ჩატარებული ლაბორატორიული ანალიზით დაფიქსირებულ სინჯთან. აღნიშნული ანალიზიდან გამომდინარე, საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები დაექვემდებარა კორექტირებას. შედეგად, გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა აქტით დარიცხული დღგ და საშემოსავლო გადასახადი.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით,შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოებს უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად:

1. რეზიდენტის ერთობლივი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროდან და საქართველოს ფარგლების გარეთ მიღებული შემოსავლებისაგან.

2. არარეზიდენტის ერთობლივი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროებიდან მიღებული შემოსავლებისაგან.

3. ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ნებისმიერი ფორმით ან/და საქმიანობით მიღებული შემოსავალი, კერძოდ:

ა) ხელფასის სახით მიღებული შემოსავლები;

ბ) ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან;

გ) სხვა შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან და ეკონომიკურ საქმიანობასთან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესამოწმებელ პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ: საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად:

ა) დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში განხორციელებული საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.

ბ) დღგ-ით შეძენილი საქონლის/მომსახურების გამოყენება არაეკონომიკური საქმიანობისათვის (გარდა საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ სახელმწიფოსათვის ან/და ადგილობრივი თვითმმართველობისათვის საქონლის უსასყიდლოდ მიწოდების ან/და მომსახურების უსასყიდლოდ გაწევის შემთხვევისა), თუ ამ საქონელზე/მომსახურებაზე გადამხდელმა მიიღო დღგ-ის ჩათვლა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 169-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დასაბეგრი ბრუნვა არის საანგარიშო პერიოდში განხორციელებული დასაბეგრი ოპერაციების, საქონლის ექსპორტისა და საქონლის რეექსპორტის თანხის ჯამი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 170-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, ბიუჯეტში შესატანი დღგ მოიცავს დასაბეგრი ბრუნვიდან ბიუჯეტში შესატან დღგ-ის თანხას, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა დასაბეგრ ბრუნვაზე დარიცხულ დღგ-ის თანხასა და ჩასათვლელ დღგის თანხებს შორის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 171-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირი ვალდებულია შესაბამის საგადასახადო ორგანოში წარადგინოს დღგ-ის დეკლარაცია ყოველ საანგარიშო პერიოდზე არა უგვიანეს ამ პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს დღგ.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ სამეურნეო ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამასთან, შემოსავლების სამსახური სადავო საგადასახადო მოთხოვნით დაკისრებულ სანქციებთან მიმართებით, მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 და 21 ნაწილებზე, რომელთა თანახმად: 2. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის სანქციის შეფარდების დროს, თუ კანონით გაუქმებულია ან შემსუბუქებულია პასუხისმგებლობა ასეთი ქმედების ჩადენისათვის, მოქმედებს ახალი კანონით დადგენილი ნორმა, ხოლო თუ შემოღებულია ან დამძიმებულია პასუხისმგებლობა, გამოიყენება ქმედების ჩადენის მომენტისათვის არსებული ნორმა.

2 1 . თუ საგადასახადო დავის განხილვის დასრულებამდე კანონით გაუქმებულია ან შემსუბუქებულია პასუხისმგებლობა ასეთი ქმედების ჩადენისათვის, დავის განმხილველი ორგანო ვალდებულია გამოიყენოს ახალი კანონით დადგენილი ნორმა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსში 2018 წლის 27 დეკემბერს განხორციელებული ცვლილების (ძალაში შესულია 2019 წლის 01 იანვარს) შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლს დაემატა შემდეგი შინაარსის 21 ნაწილი, რომლის თანახმად, საურავის დარიცხვა წყდება მისი დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის დღიდან 3 წლის გასვლის თარიღიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების (2019 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი რედაქცია) თანახმად:

2. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

3. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში შესამცირებლად გამოანგარიშებული თანხის/დაბრუნებას დაქვემდებარებული თანხის გაზრდა ითვლება დეკლარაციაში გადასახადის შემცირებად და იწვევს ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის (2019 წლის პირველი იანვრიდან მოქმედი რედაქცია) თანახმად:

2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

2 1 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

2 2 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.

3. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში შესამცირებლად გამოანგარიშებული თანხის/დაბრუნებას დაქვემდებარებული თანხის გაზრდა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირებად განიხილება და შესაბამის შემთხვევაში იწვევს ამ მუხლის პირველი−22 ნაწილებით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას. 5. საგადასახადო შემოწმების შედეგად ამ მუხლის შესაბამისად შეფარდებული ჯარიმების ჯამური ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ამ საგადასახადო შემოწმების შედეგად გადასახდელად დარიცხული გადასახადების თანხების ოდენობას.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი.

იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემულ დასკვნასა და აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომელთა თანახმად, ---ის რესპუბლიკის საბაჟოდან ორჯერ იქნა გამოთხოვილი გადასახადის გადამხდელის საბაჟო დეკლარაციები თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად, თუმცა სრულყოფილად არ მომხდარა შესაბამისი დოკუმენტაციის მოწოდება.

ამასთან, შემოსავლების სამსახურის ბრძანებით დავალებული საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე და 275-ე მუხლებში განხორციელებული ცვლილებებისა და შემსუბუქებული სანქციების ოდენობის გამოყენების საფუძვლების შესწავლასთან მიმართებით, აღნიშნულია, რომ მითითებულ მუხლებში განხორციელებული ცვლილებები არ შეეხო გადასახადის გადამხდელს.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში მითითებულ არგუმენტებზე, რომელთა თანახმად, აუდიტის დეპარტამენტისათვის გადაანგარიშება დავალებული იყო გადასახადის გადამხდელის ჩართულობით, რაც არ განხორციელებულა, შესაბამისად, გადამხდელს არ აქვს წვდომა სრულ ინფორმაციაზე და იმაზე, თუ რა დამატებითი ინფორმაციის მოძიება მოხდა. მომჩივანი განმარტავს, რომ გაანგარიშებები მიეწოდა დასკვნის გამოცემის შემდგომ და მასში არის შეცდომები. დამატებით მიუთითებს, რომ შემოსავლების სამსახურის ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტს დაევალა სანქციების შემცირების შესწავლაც, რაც არ განხორციელებულა და დასკვნაში არ არის მსჯელობა აღნიშნულზე. ითხოვს საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული გადასახადისა და სანქციის შემცირებას.

საქმეზე არსებული მასალებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 18 აპრილის №11613 ბრძანება არ არის სრულყოფილად აღსრულებული, შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 18 აპრილის №11613 ბრძანების სრულყოფილად აღსრულების მიზნით უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, დამატებით ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს საჩივარში წარმოდგენილი სადავო საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში უზრუნველყოს გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ ვინაიდან საგადასახადო დავის პერიოდში სანქციის განმსაზღვრელ ნორმებში განხორციელდა ცვლილებები და ახალი ნორმებით შემსუბუქებულია სანქციები ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევებისთვის, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის 21 ნაწილის გათვალისწინებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე და 275-ე მუხლებში 2018 წლის 27 დეკემბრის N4225-რს კანონით განხორციელებული ცვლილებებით, თუ მსუბუქდება საგადასახადო მოთხოვნით დაკისრებული სანქციები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს სანქციის კორექტირება (შემცირება).

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „---ის (ს/ნ ---) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 18 აპრილის №11613 ბრძანების სრულყოფილად აღსრულების მიზნით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, დამატებით ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს საჩივარში წარმოდგენილი სადავო საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში უზრუნველყოს გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის 21 ნაწილის გათვალისწინებით, შეისწავლოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე და 275-ე მუხლებში 2018 წლის 27 დეკემბრის N4225-რს კანონით განხორციელებული ცვლილებებით, თუ მსუბუქდება საგადასახადო მოთხოვნით დაკისრებული სანქციები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს სანქციის კორექტირება (შემცირება);

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 18 აპრილის №11613 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2023 წლის 24 აპრილის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვითაც შემცირებას დაექვემდებარა სულ 388 665 ლარი, მათ შორის, გადასახადი 259 110ლარი და ჯარიმა 129 555 ლარის ოდენობით. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 19 მაისის №006-198 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 18 აპრილის №11613 ბრძანების სრულყოფილად აღსრულების მიზნით დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, დამატებით ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს საჩივარში წარმოდგენილი სადავო საკითხი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 49; 100; 102; 2 (2); 73 (4,9); 101; 154; 269; 272; 275.

2021 წლამდე მოქმედ საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 160; 161; 169; 171.