გადაწყვეტილება №20013/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 02.10.2023
№ დოკუმენტი 20013/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📜 საკანონმდებლო ნორმები

📄 სრული ტექსტი

№20013/2/2023

02 ოქტომბერი 2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: სს „-------“ (ს/ნ „-------“ )

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 22.09.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება სს „-------“ -ის 19.06.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20013/2/2023).

 

დავის საგანი:

არარეზიდენტი კომპანიებისთვის იურიდიული-საკონსულტაციო მომსახურებისათვის ანაზღაურებული საფასურის დღგ-ით დაბეგვრის მართლზომიერება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 26.12.2022 წლის №006-638 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 1.06.2023 წლის №12118 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 118 115 ლარი.

მათ შორის:

დღგ - 55 291

ჯარიმა - 27 646

საურავი - 35 178

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 23.07.2021 წლამდე პერიოდის საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2022 წლის 22 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით სადავო დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებების გამო:

გადასახადის გადამხდელის მიერ მიწოდებული საბანკო ამონაწერით, საბუღალტრო პროგრამა „ორისით’’, ხელშეკრულებითა და ინვოისებით ფიქსირდება, რომ გადასახადის გადამხდელი არარეზიდენტ კომპანიებს „N1 “ და „N2 “ უნაზღაურებს იურიდიული-საკონსულტაციო მომსახურების საფასურს, რომელსაც არ განიხილავს დღგ-ით უკუდაბეგვრის წესით დასაბეგრ ოპერაციებად. შესამოწმებელ პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 166-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ.ბ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, აღნიშნული მომსახურება ჩაითვალა საქართველოში გაწეულად და შესამოწმებელ პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის საფუძველზე დაიბეგრა დღგ-ით უკუდაბეგვრის წესით. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის გათვალისწინებით.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 26.12.2022 წლის №32898 ბრძანება და №006-638 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 1.06.2023 წლის №12118 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, მე-2 მუხლის მე-2 ნაწილზე, შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 166-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ.ბ“ ქვეპუნქტზე, 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 176-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 65-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტზე და ამავე მუხლის მე-2 პუნქტზე, საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარდგენილ ინფორმაციაზე, აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან არარეზიდენტ იურიდიულ პირებთან იურიდიული-საკონსულტაციო მომსახურების გაწევის თაობაზე დადებული ხელშეკრულებების მიხედვით, მომსახურების მიმღებს წარმოადგენს სს „-------“ , საგადასახადო კოდექსის 166-ე და 176-ე მუხლების გათვალისწინებით, მიღებული მომსახურების დღგ-ის უკუდაბეგვრის წესით დაბეგვრა მართლზომიერია.

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

გადასახადის გადამხდელის წარმოადგენს საბროკერო კომპანიას და „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, გააჩნია საბროკერო საქმიანობის ლიცენზია, რომელიც მინიჭებული აქვს "----- -ის „საბროკერო კომპანიის ლიცენზირებისა და რეგულირების წესის“ თანახმად და შესაბამისად, მის საქმიანობას ზედამხედველობას უწევს "------", მის მიერ დადგენილი წესით. კომპანია თავის ეკონომიკურ საქმიანობას ახორციელებს ფასიანი ქაღალდების ნომინალური მფლობელის სტატუსით, კერძოდ, კომპანიის კლიენტი (ფიზიკური ან იურიდიული პირი) წერილობითი ხელშეკრულებით ანიჭებს კომპანიას უფლებას, ფასიანი ქაღალდები ამ ნომინალური მფლობელის სახელზე აღრიცხოს რეესტრში და კლიენტის ინტერესებისთვის/სასარგებლოდ ჩაებას მოცემულ ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებულ სხვადასხვა სახის ოპერაციებში (ყიდვა, გაყიდვა, შენახვა და ა.შ.). ხსენებული უფლება მინიჭებული აქვს „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის საფუძველზე, რომლის შესაბამისად, კომპანიის კლიენტების კუთვნილი ფასიანი ქაღალდები ნომინალური მფლობელის გადასახადის გადამხდელის სახელზე აღრიცხულია რეესტრში. რეესტრის წარმოებას კი უზრუნველყოფს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული ფასიანი ქაღალდების დამოუკიდებელი რეგისტრატორი სს "-------" . მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის მე-14 თავზე და აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელი წარმოადგენს კლიენტების საკუთრებაში არსებული ფასიანი ქაღალდების მინდობილ მესაკუთრეს, კერძოდ იგი ახორციელებს მინდობილი საკუთრების მართვას თავისი სახელით, მაგრამ საკუთრების მიმნდობის რისკითა და ხარჯით.

გადასახადის გადამხდელსა და არარეზიდენტ კომპანია N1-ს შორის გაფორმებულია ხელშეკრულება იურიდიული მომსახურების თაობაზე. კერძოდ, ხელშეკრულება ითვალისწინებდა ინგლისის უმაღლეს სასამართლო ორგანოში საჩივრის წარდგენის და ამ საჩივრის განხილვისას წარმომადგენლობის მომსახურებებს. მომსახურება უკავშირდებოდა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2018 წლის 23 თებერვალს მიღებული სასამართლო განჩინების გასაჩივრებას. აღნიშნული განჩინება კრძალავდა გადასახადის გადამხდელის და ასევე სხვა საბროკერო კომპანიის მიერ სს "------" ის ჩვეულებრივი კლასის აქციების გასხვისებას ან ვალდებულებით დატვირთვას. მოცემული შეზღუდვის ქვეშ მოექცა გადასახადის გადამხდელის 218 კლიენტი, რომლებიც იმ დროისთვის საბროკერო ანგარიშებზე ფლობდნენ კუთვნილ სს "------"-ის აქციებს. აღნიშნული კლიენტების აბსოლუტური უმრავლესობა წარმოადგენდა ე.წ. „მინორიტარ“ აქციონერს, ხოლო 7 კლიენტის ანგარიშზე მოდიოდა აქციების მთლიანი რაოდენობის დაახლოებით 90%. აღნიშნული 7 უმსხვილესი კლიენტიდან 3 იყო არარეზიდენტი საინვესტიციო ფონდი, 1 არარეზიდენტი იურიდიული პირი, 2 არარეზიდენტი ფიზიკური პირი, 1 რეზიდენტი ფიზიკური პირი. რეგულატორისგან შესაბამისი ნებართვის შემდეგ ზემოხსენებული 7 უმსხვილესი კლიენტის შესახებ დეტალური ინფორმაცია 2018 წლის 15 მარტს წერილობით წარედგინა საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტს.

კომპანიამ იმავე მიზნით, ინგლისის უმაღლესი სასამართლო ორგანოში საჩივრის წარდგენის და ამ საჩივრის განხილვისას წარმომადგენლობის მიზნით, იურიდიული მომსახურება 2019 წელს ასევე შეიძინა მეორე არარეზიდენტი კომპანია N2- სგან (რომელთანაც ხელშეკრულება არ დადებულა, თუმცა არსებობს ინვოისი, რომელიც ადასტურებს რომ მომსახურება იგივე მიზნით იყო შეძენილი).

არ ეთანხმება შემმოწმებლის შეფასებას სადავო დარიცხვასთან დაკავშირებით, ვინაიდან სასამართლო დავა, რომელთან დაკავშირებითაც გაფორმდა არარეზიდენტთან იურიდიული მომსახურების ხელშეკრულება და რომლის მიზნებისთვისაც იქნა გაწეული იურიდიული ხარჯები, ეხებოდა გადასახადის გადამხდელის ნომინალურ მფლობელობაში არსებულ და არა მის საკუთრებაში არსებულ ფასიან ქაღალდებს. გადასახადის გადამხდელი სათანადო ზომებს მხოლოდ იმ მიზნისთვის იღებდა, რომ მიმდინარე სამართალწარმოებაში დაეცვა თავისი კლიენტების ინტერესები, რომელთა კუთვნილი აქციებიც მოექცნენ განჩინებით დადგენილი შეზღუდვების ქვეშ.

აღსანიშნავია, რომ კლიენტების სახელით სასამართლო დავის წარმოების უფლებამოსილება საბროკერო კომპანიამ მიიღო წერილობითი უფლების საფუძველზე. კომპანიის კლიენტებმა განაცხადეს წერილობითი თანხმობა, აენაზღაურებინათ ყველა იურიდიული და პროფესიული ხარჯი, რასაც გასწევდა გადამხდელი სამართალწარმოების პროცესში, იმ პირობით, რომ მათ წარედგინებოდათ ხარჯებთან დაკავშირებული ინვოისი იმ აქციების რაოდენობის პროპორციულად, რომლებსაც საბროკერო კომპანია ფლობდა კლიენტების სახელით. აღნიშნული უფლებამოსილების წერილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს მიერ შესაბამისი მოთხოვნის შემთხვევაში შეუძლია წარმოადგინოს უფლებამოსილების წერილების ხელმოწერილი ვერსიებიც კი კლიენტების საიდენტიფიკაციო მონაცემებით, კომპანია იღებს უფლებას გაასაჩივროს სასამართლოს განჩინება, რომელიც კრძალავს სს "-----" -ის აქციების გასხვისებას/უფლებრივად დატვირთვას იმდენად, რამდენადაც აღნიშნული აკრძალვა ეხება კლიენტის აქციებს, რომლებიც იმყოფება გადასახადის გადამხდელის ნომინალურ მფლობელობაში. წერილის მიხედვით გადასახადის გადამხდელი თავისუფალია ყველანაირი პასუხისმგებლობისაგან, პრეტენზიის თუ ვალდებულებისაგან, რომელიც შეიძლება წარმოიშვას დავის პროცესში. ასევე, მხარეები თანხმდებიან, რომ ყველა იურიდიულ ან პროფესიულ დანახარჯს გასწევს კლიენტი.

გადასახადის გადამხდელი ახდენს გაწეული მთლიანი ხარჯებიდან კლიენტის საკუთრებაში არსებული აქციების წილის პროპორციულად მისთვის ხარჯების მიკუთვნებას. ბუღალტრულადაც, კომპანიის მიერ არარეზიდენტი პირისთვის გადახდილი თანხები ტარდება ერთ ანგარიშზე, რომელიც შემდეგ გადაიხურება კლიენტების (აქციების მესაკუთრეების) ანგარიშებზე.

ამდენად, მიუხედავად იმისა, რომ დავასთან დაკავშირებული იურიდიული ხარჯების ანაზღაურება ფორმალურად ხდება გადასახადის გადამხდელის მიერ, შემდგომში აღნიშნული ხარჯების შესახებ ინფორმაცია გადაეცემა აქციების მესაკუთრეებს და საბოლოოდ ხარჯების ანაზღაურებას ახდენენ აქციების მესაკუთრეები, შესაბამისად გადასახადის გადამხდელი წარმოადგენს მხოლოდ გამტარ კომპანიას, რომლის სახელითაც ხდება აქციათა მესაკუთრეების მიერ იურიდიული მომსახურების სანაცვლოდ ანაზღაურების გადახდა.

შესაბამისი მოთხოვნის შემთხვევაში, გამოთქვამს მზადყოფნას წარმოადგინოს კლიენტების შესახებ არსებული ინფორმაცია და ზემოთ მოყვანილი ფაქტების დამადასტურებელი დამატებითი დოკუმენტაცია (ანგარიშის შესახებ მონაცემები, ამონაწერები, დავალებები, წერილობითი თანხმობები და სხვა).

იმის დასადასტურებლად, რომ გადასახადის გადამხდელს საკუთრებაში არ გააჩნდა სს "-----" -ის არცერთი აქცია, რომელთან დაკავშირებითაც მიმდინარეობდა დავის პროცესი, დანართის სახით წარმოადგენს ფასიანი ქაღალდების დამოუკიდებელი რეგისტრატორის სს "-------"-ს მიერ გაცემულ ამონაწერებს, რომლის მეშვეობითაც დგინდება, რომ 2019 წლის 30 ივნისის ჩათვლით პერიოდში გადასახადის გადამხდელი ნომინალური მფლობელის სტატუსით კლიენტების სასარგებლოდ ახორციელებდა კლიენტების კუთვნილი სს "------" -ის ჩვეულებრივი კლასის აქციების ფლობაშენახვას და აღნიშნული აქციების რაოდენობა მთელი პერიოდის განმავლობაში იყო უცვლელი სასამართლო განჩინების საფუძველზე დაწესებული შეზღუდვებიდან გამომდინარე, რომელიც კრძალავდა ამ აქციების რაიმე სახით გასხვისებას.

ამავდროულად, ასევე წარმოდგენილია გადასახადის გადამხდელის მეორე, საკუთარი ბენეფიციარული ანგარიშის ნულოვანი ამონაწერი, სადაც აღირიცხება საბროკერო კომპანიის საკუთარ (და არა კლიენტების სასარგებლოდ არსებული) ბენეფიციარულ მფლობელობაში არსებული ფასიანი ქაღალდები (ასეთის არსებობის შემთხვევაში). შედეგად, დასტურდება, რომ 2019 წლის 30 ივნისის მდგომარეობით საბროკერო კომპანიას ბენეფიციალურ საკუთრებაში არ გააჩნდა არცერთი ცალი სს "------" -ის აქცია.

აღნიშნულის დასადასტურებლად ასევე წარმოადგენს კომპანიის 2019 წლის პირველი და მეორე კვარტლის აუდირებულ ფინანსურ ანგარიშგებებს, რომლებიც რეგულატორის მიერ დაწესებული მოთხოვნების სრულ შესაბამისობით წარდგენილია ზედამხედველთან-საქართველოს ეროვნულ ბანკთან. ანგარიშგებების მე-13 გვერდზე მოცემული მე-11 მუხლში წარმოდგენილია იმ კომპანიების ჩამონათვალი, რომელთა ფასიანი ქაღალდებიც გააჩნდა კომპანიას საკუთარ ბენეფიციალურ საკუთრებაში მითითებული პერიოდისათვის. ბუნებრივია, არც აღნიშნულ დოკუმენტებში არ ფიგურირებს არცერთი ცალი სს "------" -ის ნებისმიერი კლასის აქცია.

ასევე აღსანიშნავია, რომ კომპანიის მიერ, როგორც აქციების ნომინალური მფლობელის მიერ ხარჯების ამ ფორმით გაწევის მიზანი არ ყოფილა გადასახადებისგან თავის არიდების მცდელობა. კერძოდ, კომპანიის 7 უმსხვილესი კლიენტიდან არცერთი არ წარმოადგენდა მეწარმე/იურიდიულ რეზიდენტ პირს, მათგან მხოლოდ 1 წარმოადგენდა რეზიდენტ ფიზიკურ პირს. შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული იურიდიული მომსახურების პირდაპირი ხარჯის ამნაზღაურებელი იქნებოდა აქციის მესაკუთრე, გაწეული ხარჯები დღგ-ით უკუდაბეგვრის წესით არ დაიბეგრებოდა, რადგან მესაკუთრე ფიზიკური პირი არ წარმოადგენს საგადასახადო აგენტს შესაბამის პერიოდში მოქმედი, საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის მიზნებისათვის.

აღნიშნულიდან გამომდინარე დასტურდება, რომ სასამართლო დავის საგნად არსებული სს "------" -ის აქციები წარმოადგენდა არა გადასახადის გადამხდელის, არამედ მისი კლიენტების საკუთრებას, შესაბამისად აღნიშნული დავის ფარგლებში კომპანია მოქმედებდა კლიენტების დავალებით და ფაქტობრივად იურიდიული მომსახურების მიმღებ პირებს წარმოადგენდნენ აქციების ბენეფიციარი მესაკუთრეები.

აქედან გამომდინარე, კომპანიის მიერ არარეზიდენტისათვის თანხების გადახდა არ შეიძლება განხილულ იქნეს საბროკერო კომპანიის მიერ საკუთარი მიზნებისთვის ხარჯის გაწევად. არ ეთანხმება შემმოწმებლის შეფასებას და მოითხოვს დარიცხული თანხების (გადასახადი და სანქციები) სრულად გაუქმებას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.

შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 166-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ.ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ მომსახურების მიმღებ და გამწევ პირთა ადგილსამყოფელი სხვადასხვა სახელმწიფოშია, მაშინ დღგ-ის მიზნებისთვის მომსახურების გაწევის ადგილად ითვლება მომსახურების მიმღები პირის რეგისტრაციის ადგილი ან მართვის ადგილი ან მომსახურების მიმღები პირის მუდმივი დაწესებულების ადგილმდებარეობა, თუ მომსახურება დაკავშირებულია უშუალოდ ამ მუდმივ დაწესებულებასთან. ამ ქვეპუნქტის დებულებები გამოიყენება შემდეგი მომსახურების მიმართ: საკონსულტაციო, იურიდიული, საბუღალტრო, საინჟინერინგო და სხვა მსგავსი მომსახურების გაწევა, აგრეთვე მონაცემებისა და ინფორმაციის დამუშავება-მიწოდება.

შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით უკუდაბეგვრას ექვემდებარება არარეზიდენტი ფიზიკური პირის (გარდა საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირისა) ან არარეზიდენტი საწარმოს მიერ საგადასახადო აგენტისათვის საქართველოს ტერიტორიაზე გაწეული მომსახურება. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო აგენტად ითვლება ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების მიზნებისათვის − ნებისმიერი გადასახადის გადამხდელი რეზიდენტი (გარდა არამეწარმე ფიზიკური პირისა და თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოსი) და არარეზიდენტის მუდმივი დაწესებულება.

შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში საგადასახადო აგენტი აწარმოებს დღგ-ის დარიცხვას ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში − მომსახურებისათვის გასაცემ თანხაზე. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ საგადასახადო აგენტი რეგისტრირებული არ არის დღგ-ის გადამხდელად, მის მიერ საგადასახადო ორგანოში ანგარიშგების წარდგენისა და დარიცხული გადასახადის ბიუჯეტში გადახდის წესს ადგენს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 65-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, უკუდაბეგვრის წესით დარიცხული დღგ-ის თანხის გაანგარიშებას (შემდგომში – გაანგარიშება) დანართი №III-19 ფორმით საგადასახადო ორგანოს წარუდგენს პირი, რომელიც არ არის რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად, კერძოდ, საგადასახადო აგენტი, რომელიც ახორციელებს არარეზიდენტი ფიზიკური პირის (გარდა საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირისა) ან არარეზიდენტი საწარმოს (შემდგომში – არარეზიდენტი) მიერ საქართველოს ტერიტორიაზე გაწეული მომსახურების უკუდაბეგვრას. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საგადასახადო ორგანოში გაანგარიშების წარდგენა და დარიცხული დღგ-ის თანხის გადახდა ხდება არაუგვიანეს მომსახურების გაწევის საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა.

დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელი არარეზიდენტ კომპანიებს N1-ს და N2-ს უნაზღაურებს იურიდიული-საკონსულტაციო მომსახურების საფასურს, რომელსაც არ განიხილავს დღგ-ით უკუდაბეგვრის წესით დასაბეგრ ოპერაციად. საგადასახადო ორგანომ მიიჩნია, რომ აღნიშნული მომსახურება ითვლება საქართველოში გაწეულად და შესაბამისად, მიღებული მომსახურება ექვემდებარება უკუდაბეგვრის წესით დაბეგვრას. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა.

მომჩივანი აღნიშნავს, რომ არ ეთანხმება შემმოწმებლის შეფასებას სადავო დარიცხვასთან დაკავშირებით, ვინაიდან სასამართლო დავა, რომელთან დაკავშირებითაც გაფორმდა არარეზიდენტთან იურიდიული მომსახურების ხელშეკრულება და რომლის მიზნებისთვისაც იქნა გაწეული იურიდიული ხარჯები, ეხებოდა გადასახადის გადამხდელის ნომინალურ მფლობელობაში არსებულ და არა მის საკუთრებაში არსებულ ფასიან ქაღალდებს. გადასახადის გადამხდელი სათანადო ზომებს მხოლოდ იმ მიზნისთვის იღებდა, რომ მიმდინარე სამართალწარმოებაში დაეცვა თავისი კლიენტების ინტერესები, რომელთა კუთვნილი აქციებიც მოექცნენ განჩინებით დადგენილი შეზღუდვების ქვეშ. მიუხედავად იმისა, რომ დავასთან დაკავშირებული იურიდიული ხარჯების ანაზღაურება ფორმალურად ხდება გადასახადის გადამხდელის მიერ, შემდგომში, აღნიშნული ხარჯების შესახებ ინფორმაცია გადაეცემა აქციების მესაკუთრეებს და საბოლოოდ, ხარჯების ანაზღაურებას ახდენენ აქციათა მესაკუთრეები, შესაბამისად, გადასახადის გადამხდელი წარმოადგენს მხოლოდ გამტარ კომპანიას, რომლის სახელითაც ხდება აქციათა მესაკუთრეების მიერ იურიდიული მომსახურების სანაცვლოდ ანაზღაურების გადახდა. სასამართლო დავის საგნად არსებული სს "-----" -ის აქციები წარმოადგენდა არა გადასახადის გადამხდელის, არამედ მისი კლიენტების საკუთრებას. შესაბამისად, აღნიშნული დავის ფარგლებში კომპანია მოქმედებდა კლიენტების დავალებით და ფაქტობრივად, იურიდიული მომსახურების მიმღებ პირებს წარმოადგენდნენ აქციების ბენეფიციარი მესაკუთრეები. კომპანიის მიერ არარეზიდენტისთვის თანხების გადახდა არ შეიძლება განხილული იქნეს საბროკერო კომპანიის მიერ საკუთარი მიზნებისთვის ხარჯის გაწევად. ითხოვს დარიცხული თანხების სრულად გაუქმებას.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს მომჩივნის არგუმენტებზე და აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებაზე, რომ გადასახადის გადამხდელმა წარადგინა დოკუმენტაცია (ხელშეკრულება და ინვოისები), რომლის მიხედვით მომსახურების მიმღებია სს „-------“ , ხოლო მომსახურების გამწევი არიან არარეზიდენტი კომპანიები N1 და N2, არარეზიდენტი კომპანიების მიერ სს „-------“ -ზე გამოწერილია ინვოისები, ხოლო სს „-------“ -ის მიერ არარეზიდენტებზე ფიქსირდება თანხების გადარიცხვა.

საქმესთან არსებული მასალების, ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით და მხარეთა არგუმენტაციის შეფასების საფუძველზე, საბჭო მიჩნევს, რომ ვინაიდან არარეზიდენტ იურიდიულ პირებთან იურიდიული-საკონსულტაციო მომსახურების გაწევის თაობაზე წარდგენილი დოკუმენტაციის (ხელშეკრულება და ინვოისები) მიხედვით, მომსახურების მიმღებს წარმოადგენს გადასახადის გადამხდელი, მიღებული მომსახურების დღგ-ით უკუდაბეგვრის წესით დაბეგვრა მართებულია. ამდენად, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონშესაბამისად, შემოსავლების სამსახურის სადავო გადაწყვეტილება მართლზომიერია და არ არსებობს მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი არ ეთანხმება შემმოწმებლის შეფასებას სადავო დარიცხვასთან დაკავშირებით.

ითხოვს დარიცხული თანხების (გადასახადი და სანქციები) სრულად გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადამხდელი არარეზიდენტ კომპანიებს უნაზღაურებს იურიდიული-საკონსულტაციო მომსახურების საფასურს, რომელსაც არ განიხილავს დღგ-ით უკუდაბეგვრის წესით დასაბეგრ ოპერაციებად. შესამოწმებელ პერიოდში აღნიშნული მომსახურება ჩაითვალა საქართველოში გაწეულად და შესამოწმებელ პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის საფუძველზე დაიბეგრა დღგ-ით უკუდაბეგვრის წესით. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 26.12.2022 წლის №32898 ბრძანება და №006-638 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 1.06.2023 წლის №12118 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საბჭო მიჩნევს, რომ ვინაიდან არარეზიდენტ იურიდიულ პირებთან იურიდიული-საკონსულტაციო მომსახურების გაწევის თაობაზე წარდგენილი დოკუმენტაციის (ხელშეკრულება და ინვოისები) მიხედვით, მომსახურების მიმღებს წარმოადგენს გადასახადის გადამხდელი, მიღებული მომსახურების დღგ-ით უკუდაბეგვრის წესით დაბეგვრა მართებულია. ამდენად, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონშესაბამისად, შემოსავლების სამსახურის სადავო გადაწყვეტილება მართლზომიერია და არ არსებობს მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :

161(1 "ა"), ,166 (1 "დ",დ.ბ"),176(1 "ა" )