გადაწყვეტილება № 27950/2/2026

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 12.10.2026
№ დოკუმენტი 27950/2/2026
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№ 27950/2/2026

12 ოქტომბერი 2026

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

ამხანაგობა „------“ (ს/ნ -----)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 1.10.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ამხანაგობა „----“ 12.08.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №27950/2/2026).

 

დავის საგანი:

1. დღგ-ის ჩათვლის გათვალისწინება;

2. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 25.05.2026 წლის №001-101 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 23.07.2026 წლის №16715 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 38 214,52 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 22 975,12

დღგ - 22 719,92

საშემოსავლო გადასახადი - 255,2

ჯარიმა - 11 927,8

საურავი - 3 311,6

 

პროცედურული გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის 22.05.2026 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 30.06.2023 წლიდან 1.09.2025 წლამდე პერიოდი.

შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 25.05.2026 წლის №---- საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 23.07.2026 წლის №16715 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. დღგ-ის ჩათვლის გათვალისწინება

ფაქტების აღწერა

გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში უფიქსირდება მიღებული ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რომელთა ნაწილიც (მათ შორის სრული 2025 წლის პერიოდში მიღებული ანგარიშ-ფაქტურები) არ არის მიბმული დღგ-ის დეკლარაციებზე და შესაბამისად არ არის ჩათვლილი ამხანაგობის მიერ.

საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის გათვალისწინებით გაიზარდა დღგ-ის ჩასათვლელი თანხა სულ 29 922 ოდენობით.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 174-ე მუხლის პირველ, მე-2 და მე-3 ნაწილებზე, 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 178-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტზე, „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 72-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტზე, მე-3 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლზე და ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში წარმოდგენილ პოზიციაზე, სადაც მიუთითებს, რომ საგადასახადო შემოწმების დასრულების შემდგომ მომწოდებელმა დაგვიანებით გამოუწერა ანგარიშ-ფაქტურა, რომლის მიხედვითაც დღგ-ის ჩასათვლელი თანხა შეადგენს 2 580,06 ლარს, ითხოვს აღნიშნულის გათვალისწინებას და დღგ-ის ჩასათვლელი თანხების კორექტირებას.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. კერძოდ, დღგ-ის ჩასათვლელი თანხების დაზუსტების მიზნით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დამატებით შეისწავლოს შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტები და დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შესამოწმებელ პერიოდში გათვალისწინებულია მიღებული ანგარიშ-ფაქტურები და გაზრდილია ჩასათვლელი თანხა, თუმცა მომწოდებელმა შესამოწმებელ პერიოდზე შემოწმების შემდეგ, დაგვიანებით გამოწერა ანგარიშ-ფაქტურა ----- (შესამოწმებელ პერიოდში მიღებულ სასაქონლო ზედნადებზე №------), რომლის დღგ შეადგენს 2 580,06 ლარს და რომელიც ვერ იქნა გათვალისწინებული ჩასათვლელი დღგ-ის დაანგარიშებისას. უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გაითვალისწინოს აღნიშნული გარემოება და გაზარდოს ჩასათვლელი დღგ-ის თანხა 2 580,06 ლარის ოდენობით.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით.

საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ.

საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.

დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში უფიქსირდება მიღებული ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რომელთა ნაწილიც (მათ შორის სრული 2025 წლის პერიოდში მიღებული ანგარიშ-ფაქტურები) არ არის მიბმული დღგ-ის დეკლარაციებზე და შესაბამისად არ არის ჩათვლილი ამხანაგობის მიერ. შემოწმების შედეგად გადასახადის გადამხდელს გაეზარდა დღგის ჩასათვლელი თანხა სულ 29 922 ოდენობით.

შემოსავლების სამსახურის 23.07.2026 წლის №16715 ბრძანებით, დღგ-ის ჩასათვლელი თანხების დაზუსტების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა დამატებით შეისწავლოს შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტები და დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის 23.07.2026 წლის №16715 ბრძანების შინაარსის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის გასაჩივრებული ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.

 

2. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

საგადასახადო შემოწმების შედეგების მიხედვით, გადასახადის გადამხდელს დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით 11 927,8 ლარი, აუდიტის დეპარტამენტის 25.05.2026 წლის №001- 101 საგადასახადო მოთხოვნაში ასახულია საურავი 3 311,6 ლარის ოდენობით.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 269-ე მუხლის პირველ და მე-7 ნაწილებზე, 270-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 272-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 275-ე მუხლის მე-2, 21 და 22 ნაწილებზე და განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების შესრულებისას მოქმედებდა საქმიანობისთვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერებით, სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

ვინაიდან კომპანია არის კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად უნდა გათავისუფლდეს სადავო საკითხის გადაანგარიშების შედეგად დარჩენილი სანქციისაგან (ჯარიმა და საურავი).

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

შემოწმების შედეგად დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა განისაზღვრა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ გამოცხადებულ ტენდერის ფარგლებში 2023 წლის დეკემბრის და 2024 წლის განმავლობაში გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურების შესაბამისად და ასევე, 2025 წლის პერიოდზე მიღებული ავანსის დაბეგვრის შედეგად. აგრეთვე, საბანკო ამონაწერების თანახმად, 2025 წლის მაისის თვეში გაცემული ხელფასი არ არის დაბეგრილი გადახდის წყაროსთან.

დარიცხვის შინაარსიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში არ დასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო ვალდებულებების არასრულად დეკლარირება გამოწვეულია მისი შეცდომით/არცოდნით. შესაბამისად, არ არსებობს დაკისრებული სანქციებისგან მომჩივნის საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათავისუფლების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. დღგ-ის ჩათვლის გათვალისწინება;

2. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოწმებულ პერიოდში გადამხდელს ჰქონდა მიღებული ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რომელთა ნაწილი, მათ შორის 2025 წლის განმავლობაში მიღებული ყველა ანგარიშ-ფაქტურა, არ იყო მიბმული დღგ-ის დეკლარაციებზე და შესაბამისად არ იყო ჩათვლილი გადამხდელის მიერ. ამის გამო დღგ-ის ჩასათვლელი თანხა გაიზარდა 29 922 ლარით.

საგადასახადო შემოწმების შედეგების მიხედვით გადასახადის გადამხდელს დაეკისრა ჯარიმა. ხოლო საგადასახადო მოთხოვნაში დამატებით ასახულია საურავი. ასევე, შემოწმების შედეგად დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა განისაზღვრა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ გამოცხადებულ ტენდერის ფარგლებში 2023 წლის დეკემბრის და 2024 წლის განმავლობაში გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურების შესაბამისად და ასევე, 2025 წლის პერიოდზე მიღებული ავანსის დაბეგვრის შედეგად. აგრეთვე, საბანკო ამონაწერების თანახმად, 2025 წლის მაისის თვეში გაცემული ხელფასი არ არის დაბეგრილი გადახდის წყაროსთან.

 

გადაწყვეტილება

საბჭოს მიაჩნია, რომ ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის გასაჩივრებული ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;175;176;275;272;