ბრძანება N 7735
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 7735
07.04.2023
შპს „------------“-ის (ს/ნ --------------)
(მის.: ----------------------)
2023 წლის 23 იანვრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 29 მარტს გამართულ სხდომაზე (ოქმი №32) განიხილა შპს „-------------“-ის (ს/ნ -----------) №78359/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 22 დეკემბრის №028-23 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრას მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი აუდირებული პირების ფასნამატის გამოყენებით, იმ გარემოებაზე მითითებით, რომ ობიექტში ჩატარებულია მიმდინარე კონტროლის პროცედურა და შემმოწმებელს ჰქონდა ინფორმაცია საქონლის სარეალიზაციო ფასების შესახებ. ამასთან, აცხადებს, რომ საქონლის საბაზრო ფასად არ განიხილება 30 დღის ინტერვალის გათვალისწინების გარეშე დადგენილი ფასი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელი ითხოვს აუდიტის დეპარტამენტმა ფასნამატის განსაზღვრისას იხელმძღვანელოს მიმდინარე კონტროლის პროცედურებით დადგენილი, შესამოწმებელ ობიექტზე არსებული რეალური სარეალიზაციო ფასებით. ასევე, ითხოვს დადგენილი ფასნამატის გავრცელებას სახეობების მიხედვით და შესაბამისად, შემოწმებით დარიცხული თანხების გადაანგარიშებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეზე არსებული მასალებიდან დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 1 სექტემბრის №22719 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „-----------“-ის (ს/ნ ------------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2019 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 1 აგვისტომდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 6 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2022 წლის 22 დეკემბრის №32511 ბრძანება და ამავე თარიღის №028-23 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 35 550 ლარი, მათ შორის გადასახადი 19 643 ლარი, ჯარიმა 9 302 ლარი და საურავი 6 605 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საჩივარში დასმულ სადავო საკითხთან დაკავშირებით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
შპს --------------“-ის (ს/ნ ------------) საქმიანობას წარმოადგენს საცალო ვაჭრობა არასპეციალიზებულ მაღაზიაში ძირითადად სურსათით. კომპანია არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი ნორმებით, დარღვეულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მოთხოვნები. შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილით. სასაქონლო ზედნადებებით შეძენილ საქონელს მიენიჭა კატეგორიები (სულ 18 კატეგორია). კომპანიას დოკუმენტური რეალიზაცია არ აქვს, შესაბამისად გამოყენებული იქნა აუდირებული ფასნამატი 2019 და 2020 წელს, ხოლო 2022 წელს გამოყენებული იქნა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ განხორციელებული მიმდინარე კონტროლის პროცედურის (ფასების ფიქსაციის) შედეგად მიღებული ფასნამატი. რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულების დასადგენად გამოყენებული იქნა გადამხდელის მიერ მოწოდებული საწყისი და საბოლოო ნაშთები წლების მიხედვით. საბოლოოდ, დადგინდა გადასახადის გადამხდელის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. შპს „-------------“-ს 2021 წლამდე მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე და 2021 წლიდან მოქმედი 159-ე მუხლების საფუძველზე დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით. შემოწმების მიერ განხორციელდა ჩასათვლელი დღგ-ის თანხის კორექტირება. ამასთანავე, შემოწმების შედეგად განისაზღვრა დღგ-ის სავალდებულო რეგისტრაციის თარიღი (2019 წლის 20 ივნისი), რა პერიოდის რეალიზაციაზეც გავრცელდა აუდირებული ფასნამატი და გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. დღგის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობისათვის პირი დაჯარიმდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლით.
შემოწმებით შპს „-------------------ის შემოსავლის გაანგარიშება მოხდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მიხედვით, არაპირდაპირი მეთოდით. შედეგად, გაიზარდა გადასახადის გადამხდელის შემოსავალი. კომპანიის მიერ წარმოდგენილია ნაღდი ფულის საწყისი და საბოლოო ნაშთები, ასევე, დებიტორ-კრედიტორების შესახებ ინფორმაცია. აღნიშნულის და ასევე კომპანიის სხვა ხარჯების გათვალისწინებით, შემოწმებით გამოვლენილი დამატებითი რეალიზაციიდან მიღებული ფულის ნაშთი ჩაითვალა ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ფულად სარგებლად, რომელიც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის მიხედვით დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით საანგარიშო პერიოდის ბოლოს. შედეგად, შპს „----------------“-ს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესამოწმებელ პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა. დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. ხოლო დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდებასაქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად: 1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხისსაქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოწმებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ კომპანია არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი ნორმებით.
იმის გათვალისწინებით, რომ გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას და მისი სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა, ამასთან, პირის მიერ დარღვეულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მოთხოვნები, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ აუდიტის დეპარტამენტს შეეძლო არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განესაზღვრა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები.
ამასთან, საგადასახადო შემოწმების აქტის თანახმად, გადასახადის გადამხდელის მიერ სასაქონლო ზედნადებებით შეძენილ საქონელს მიენიჭა კატეგორიები (სულ 18 კატეგორია). ვინაიდან, კომპანიას დოკუმენტური რეალიზაცია არ აქვს, გამოყენებული იქნა აუდირებული ფასნამატი 2019 და 2020 წელს, ხოლო 2022 წელს - საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ განხორციელებული მიმდინარე კონტროლის პროცედურის (ფასების ფიქსაციის) შედეგად მიღებული ფასნამატი. საკითხის განხილვისას აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის ზეპირსიტყვიერი განმარტებით ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელს 2021 წლის საანგარიშო პერიოდზე საქმიანობა არ უფიქსირდება. აღნიშნულიდან გამომდინარე 2022 წელს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ განხორციელებული მიმდინარე კონტროლის პროცედურის (ფასების ფიქსაციის) შედეგად მიღებული ფასნამატი გავრცელებული იქნა მხოლოდ 2022 წელზე.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ მართლზომიერია შემოწმების მიერ 2019 და 2020 წლების საანგარიშო პერიოდებზე აუდირებული ფასნამატის, ხოლო 2022 წლის საანგარიშო პერიოდზე საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ განხორციელებული მიმდინარე კონტროლის პროცედურის (ფასების ფიქსაციის) შედეგად მიღებული ფასნამატის გამოყენება. ასევე, მართლზომიერია შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდით მიღებულ და გადამხდელის მიერ აღიარებულ შემოსავლებს შორის სხვაობის საწარმოს ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ფულად სარგებლად განხილვა.
ამასთან, გადასახადის გადამხდელი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად, ხოლო დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.
ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „-------------“-ის (ს/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი ითხოვს აუდიტის დეპარტამენტმა ფასნამატის განსაზღვრისას იხელმძღვანელოს მიმდინარე კონტროლის პროცედურებით დადგენილი, შესამოწმებელ ობიექტზე არსებული რეალური სარეალიზაციო ფასებით. ასევე, ითხოვს დადგენილი ფასნამატის გავრცელებას სახეობების მიხედვით და შესაბამისად, შემოწმებით დარიცხული თანხების გადაანგარიშებას.
ფაქტობრივი გარემოებები
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით კომპანია არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას. კომპანიას დოკუმენტური რეალიზაცია არ აქვს, შესაბამისად გამოყენებული იქნა აუდირებული ფასნამატი. რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულების დასადგენად გამოყენებული იქნა გადამხდელის მიერ მოწოდებული საწყისი და საბოლოო ნაშთები წლების მიხედვით. საბოლოოდ, დადგინდა გადასახადის გადამხდელის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა.ამასთანავე, შემოწმების შედეგად განისაზღვრა დღგ-ის სავალდებულო რეგისტრაციის თარიღი. ასევე შემოწმებით გამოვლენილი დამატებითი რეალიზაციიდან მიღებული ფულის ნაშთი,რომელიც ჩაითვალა ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ფულად სარგებლად.
გადაწყვეტილება
გადასახადის გადამხდელი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად, ხოლო დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.
საქმეში არსებული მასალებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:136,61,73,160,161,159,163,164,101,154