ბრძანება N 9643
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 9643
03.05.2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
ი/მ ---------- (ს/ნ ----------)
(მის.: ----------, სოფ. ----------)
2022 წლის 6 თებერვლის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 13 აპრილის სხდომაზე (ოქმი №40) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2022 წლის 25 ნოემბრის №17641/2/2022 გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული ი/მ ---------- (ს/ნ ----------) №67772/1/2022 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 29 დეკემბრის №007-593 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხები:
1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრას და ფასნამატის ოდენობას. განმარტავს, რომ საქმიანობს ---------- ბაზრობაზე, სადაც ფასნამატის პროცენტი არ არის დაფიქსირებული. საგადასახადო შემოწმების აქტის შედგენამდე ვერ მოახერხა აუდიტორისთვის მტკიცებულებების მიწოდება, ვინაიდან, ბუღალტერი იმყოფებოდა საზღვარგარეთ. ასევე, მიუთითებს, რომ გაანგარიშებაში უზუსტობებია და გაურკვეველია როგორ იქნა გამოყვანილი თანხები, ვინაიდან არ ემთხვევა დეკლარირებულ მონაცემებს.
2. არ ეთანხმება ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯების განსაზღვრას.
3. ითხოვს წინა წლის ზარალის გათვალისწინებას.
4. არ ეთანხმება ქონების გადასახადის ნაწილში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 16 ნოემბრის №35691 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა ი/მ ---------- (ს/ნ ----------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2018 წლის 1 იანვრიდან 2021 წლის 1 ოქტომბრამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2021 წლის 27 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2021 წლის 29 დეკემბრის №41847 ბრძანება და №007-593 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 20 053 ლარი, მათ შორის გადასახადი 10 853 ლარი, ჯარიმა 4 821 ლარი და საურავი 4 379 ლარი.
ზემოაღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გადამხდელმა გაასაჩივრა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 21 ივლისის №19404 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული ბრძანება გადამხდელის მიერ გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2022 წლის 25 ნოემბრის №17641/2/2022 გადაწყვეტილებით გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 21 ივლისის №19404 ბრძანება და საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებაში მითითებულია შემდეგი:
„მხარეთა არგუმენტაციის შეფასების საფუძველზე, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები. ამდენად, გასაჩივრებული ბრძანება უნდა გაუქმდეს და საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.“
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, სადავო საკითხებთან დაკავშირებით, დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:
. ი/მ ---------- (ს/ნ ---------) შესამოწმებელ პერიოდში ახორციელებს ბავშვის ტანსაცმლით ვაჭრობას -------- ბაზრობის ტერიტორიაზე. ი/მ ---------- (ს/ნ ----------) საქონელს ყიდულობს იმპორტის გზით (---------- ტერიტორიიდან) და ყიდის ადგილობრივ ბაზარზე, ძირითადად, ფიზიკურ პირებზე დოკუმენტის გარეშე. აღსანიშნავია, რომ გადასახადის გადამხდელი არ იყო კონტაქტური და არ თანამშრომლობდა შემოწმებასთან. შესაბამისად, შემოწმებას არ წარუდგინა ბუღალტერია ან/და სააღრიცხვო დოკუმენტაცია. შემოსავლების სამსახურის გადასახადის ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციისა და საბაჟოდან მიღებული ინფორმაციების ანალიზის შედეგად დგინდება, რომ გადამხდელს წარდგენილ საშემოსავლო გადასახადის წლიურ დეკლარაციაში შეძენილი საქონელი არ აქვს მართლზომიერად დადეკლარირებული. ამის გარდა, ფიქსირდება ისეთი გამოქვითული სხვა ხარჯები, რომლებიც არაა დოკუმენტურად დადასტურებული.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის პირველი ნაწილისა და 105-ე მუხლის შესაბამისად, გადამხდელის ერთობლივი შემოსავალი გაიზარდა, ხოლო გამოსაქვითი ხარჯები შემცირდა შესაბამისი თანხებით. ასევე, წინა პერიოდიდან მიღებული ზარალის გადმოტანის სისწორის დადგენის მიზნით ჩატარებული ანალიზით გამოიკვეთა დარღვევები, რამაც გამოიწვია შესამოწმებელი პერიოდის საშემოსავლო გადასახადის წლიურ დეკლარაციაში წინა წლის ზარალის გამოქვითვის გაუქმება. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
. საგადასახადო შემოწმების შედეგად, დადგინდა, რომ ი/მ ---------- (ს/ნ ----------) (ოჯახს) 2017, 2018 და 2019 წლების საანგარიშო პერიოდებში უფიქსირდება 40 000 ლარზე მეტი შემოსავალი. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, გადამხდელს 2018, 2019 და 2020 წლების საანგარიშო პერიოდში საკუთრებაში აქვს გადასახადით დასაბეგრი ქონება და მიწა.
საგადასახადო შემოწმების შედეგად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 201-ე და 202-ე მუხლის საფუძველზე, გადამხდელის დასაბეგრი ქონების ღირებულება განისაზღვრა საბაზრო ფასით. საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-200, 201-ე, 202-ე, 203-ე და 204-ე მუხლების თანახმად, პირს დაერიცხა კუთვნილი ქონების, მათ შორის, მიწაზე ქონების გადასახადი შესაბამისი საანგარიშო პერიოდების მიხედვით და ჯარიმა კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე, სხვა მსგავს ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების მიხედვით, მომჩივანმა წარდგენილ საჩივარში არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულ ფასნამატთან დაკავშირებით წარადგინა არგუმენტაცია და მიუთითა, რომ 2018 წელს დეკლარირებულ წლიური საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციაში, შეძენილ სასაქონლომატერიალურ მარაგებში შეძენილი საქონელი ჩაწერილი იყო მხოლოდ საქონლის შესყიდვის ღირებულება, შემმოწმებლებმა მას დაუმატა საქონლის იმპორტის დროს საქონლის თვითღირებულებაზე მისაკუთვნებელი დამატებითი ხარჯები, როგორიცაა საბაჟოზე გადახდილი დღგ, ტრანსპორტირება და ა.შ. ამ მოცემულობის გათვალისწინებით: 2018 წლის დასაწყისში საქონლის საწყისი ნაშთი წლის დასაწყისში შეადგენდა 45 966 ლარს, ხოლო წლის ბოლოს - 65 972 ლარს. 2018 წელს შეძენილი სასაქონლო-მატერიალური მარაგი გახლდათ 60 766 ლარის საქონელი. შესაბამისად, ამ მონაცემების გათვალისწინებით რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება გამოდის 40 760 ლარი (45 966+60 766-65 972). თუ აღნიშნული შეუპირისპირდება დეკლარირებულ ერთობლივ შემოსავალს, 44 938 ლარს, მაშინ მიიღება 10%-იანი ფასნამატი. ხოლო თუ შეუპირისპირდება შემოწმების შედეგად განსაზღვრულ ერთობლივ შემოსავალს, 61 725 ლარს, მაშინ ვღებულობთ 51%-იან ფასნამატს, რაც არარეალურია. როგორც ცნობილია ---------- ბაზრობა წარმოადგენს მთელს საქართველოში ყველაზე იაფ ბაზარს, სადაც ქვეყნის ყველა კუთხიდან ჩამოდიან მყიდველები. შესაბამისად, გადამხდელის მიერ დეკლარირებული მონაცემები რეალურია.
საგადასახადო შემოწმებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ გადამხდელს შემოწმებისთვის არ წარუდგენია ბუღალტერია ან/და სააღრიცხვო დოკუმენტაცია, რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა დაბეგვრის ობიექტის დადგენა. შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ, ვინაიდან, გადამხდელის სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, საგადასახადო შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენება მართლზომიერია. ამასთან, არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული ფასნამატის დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, ინფორმაცია ცხრილის სახით საქონლის სახეობების/ჯგუფების მიხედვით ფასნამატის შესახებ). განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველ ნაწილის მიხედვით, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად:
1. ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ყველა ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მის მიღებასთან, გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც ამ კოდექსის თანახმად გამოქვითვას არ ექვემდებარება.
2. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების მიხედვით, მომჩივანმა წარდგენილ საჩივარში სადავოდ გახადა ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯი. მიუთითა, რომ გამოსაქვით ხარჯებში მონაწილეობას უნდა იღებდეს ---------- ბაზრობისთვის გადახდილი თანხები, ფართის ქირაობისათვის, სესხზე გადახდილი პროცენტი, ტვირთის ტრანსპორტირების, დაზღვევის, განბაჟების, ბაზრობაზე გადახდილი კომუნალური, სახანძრო უსაფრთხოების, დაცვის ხარჯები, საბანკო გადარიცხვის საკომისიო ხარჯები, საკონტროლო საკასო აპარატის ყოველთვიური მომსახურეობის ხარჯები და ა.შ. აღნიშნულის გათვალისწინებით, მომჩივანმა ითხოვა მიეცეს საშუალება შემმოწმებელს წარუდგინოს გაწეული ხარჯების დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. განსაზღვრულ ვადაში მტკიცეულებების წარდგენის შემთხვევაში, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს/გამოიკვლიოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 121-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, მეწარმე ფიზიკური პირის მიმართ გამოქვითვების გადამეტება ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ ერთობლივ შემოსავალზე, რომელიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან, არ გამოიქვითება ამ პირის მიერ მიღებული ხელფასის ხარჯზე. იგი გადაიტანება 5 წლამდე ვადით და დაიფარება მომავალი პერიოდების ერთობლივი შემოსავლის გამოქვითვებზე გადამეტების ხარჯზე, რომელიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96- ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
ზარალის გამოქვითვის გაუქმების საკითხთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროში წარდგენილ საჩივარში განმარტა, რომ 2015-2016 წლებში მიღებული აქვს ზარალი სულ 21 063 ლარის ოდენობით, საიდანაც 2017 წელს გამოიქვითა 1 790 ლარი, ხოლო დარჩენილი ზარალი 19 273 ლარის ოდენობით შემოწმების შედეგად უნდა გამოქვითულიყო შესამოწმებელ პერიოდში. აღნიშნულიდან გამომდინარე ითხოვს შესამოწმებელ პერიოდში 19 273 ლარის ოდენობით ზარალის გამოქვითვას საგადასახადო კანონმდებლობის დაცვით.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მე-4 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ და „გ.ა“ ქვეპუნქტებზე, რომლის თანახმად, ქონების გადასახადის გადამხდელია ფიზიკური პირი მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე (მათ შორის, დაუმთავრებელ მშენებლობაზე, შენობა-ნაგებობაზე ან მათ ნაწილზე), იახტებზე (კატარღებზე), შვეულმფრენებზე, თვითმფრინავებსა და საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8703 კოდით განსაზღვრულ მსუბუქ ავტომობილებზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთი დიფერენცირებულია გადასახადის გადამხდელის ოჯახის მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლების მიხედვით და განისაზღვრება შემდეგი ოდენობით:
ა) 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების არანაკლებ 0.05 პროცენტისა და არა უმეტეს 0.2 პროცენტისა;
ბ) 100 000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების არანაკლებ 0.8 პროცენტისა და არა უმეტეს 1 პროცენტისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის მე-12 ნაწილის მიხედვით, ფიზიკური პირი ქონების გადასახადის დეკლარაციას საგადასახადო ორგანოს წარუდგენს არა უგვიანეს კალენდარული წლის 1 ნოემბრისა. დეკლარაციაში მონაცემები დასაბეგრი ქონების შესახებ შეიტანება გასული საგადასახადო წლის მიხედვით, ხოლო დასაბეგრი მიწის შესახებ – მიმდინარე საგადასახადო წლის მიხედვით.
ამავე მუხლის მე-14 ნაწილის მიხედვით, ფიზიკური პირი ქონებაზე და მიწაზე ქონების გადასახადს იხდის არა უგვიანეს კალენდარული წლის 15 ნოემბრისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 206-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, შესაბამისი დაბეგვრის ობიექტის მიხედვით ქონების გადასახადისაგან გათავისუფლებულია ფიზიკური პირის დასაბეგრი ქონება (გარდა მიწისა), თუ ამ პირის ოჯახის მიერ მიმდინარე კალენდარული წლის წინა წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლები არ აღემატება 40 000 ლარს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
გადასახადის გადამხდელის მიერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში წარდგენილ არგუმენტაციასთან დაკავშირებით, რომლის თანახმად ქონების გადასახადში როგორც მომჩივანს, ასევე ოჯახის წევრებს (შვილებს - ფ/პ ---------- (პ/ნ ----------) და ---------- (პ/ნ ----------), ერთსა და იმავე საცხოვრებელ სახლზე, მდებარე სოფელ ----------, დარიცხული აქვს გადასახადი და, ამდენად, ოჯახის სამივე წევრს ერთსა და იმავე ქონებაზე სამჯერ დაერიცხა გადასახადი ვერ იქნება გაზიარებული, ვინაიდან, საქმის განხილვისას აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის ზეპირსიტყვიერი განმარტების თანახმად, აღნიშნული არგუმენტი არ შეესაბამება სინამდვილეს და ოჯახის ყველა წევრზე საკუთრების წილის პროპორციულად იქნა განსაზღვრული ქონების გადასახადი.
ამასთან, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში მომჩივანი არ დაეთანხმა საცხოვრებელი სახლის საბაზრო ღირებულებას და ითხოვა ექსპერტიზის დანიშვნა.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, მე-4 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, მ.შ კომპეტენტურ პირთან გაფორმებული ხელშეკრულება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების განსაზღვრის თაობაზე. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
ასევე, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს სადავო საკითხების შესწავლის შედეგების გათვალისწინებით განსაზღვროს ი/მ ---------- (ს/ნ ----------) საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს შემოწმებით განსაზღვრული ქონების გადასახადის (გარდა მიწისა) კორექტირება (შემცირება).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. ი/მ ---------- (ს/ნ ----------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული ფასნამატის დაზუსტების მიზნით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, ინფორმაცია ცხრილის სახით საქონლის სახეობების/ჯგუფების მიხედვით ფასნამატის შესახებ);
ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);
3. მე-2 და მე-3 სადავო საკითხებთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
4. მე-4 სადავო საკითხთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს კომპეტენტურ პირთან გაფორმებული ხელშეკრულება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების განსაზღვრის თაობაზე;
ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
გ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 და მე-3 პუნქტების შესრულების შედეგების გათვალისწინებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს განსაზღვროს ი/მ ---------- (ს/ნ ----------) საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს შემოწმებით განსაზღვრული ქონების გადასახადის (გარდა მიწისა) კორექტირება (შემცირება);
5. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
6. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრას და ფასნამატის ოდენობას; ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯების განსაზღვრას; ითხოვს წინა წლის ზარალის გათვალისწინებას; არ ეთანხმება ქონების გადასახადის ნაწილში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.
ფაქტობრივი გარემოებები
●შემოწმების პერიოდში, გადამხდელს არ წარუდგინა ბუღალტერია ან/და სააღრიცხვო დოკუმენტაცია. შემოსავლების სამსახურის გადასახადის ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციისა და საბაჟოდან მიღებული ინფორმაციების ანალიზის შედეგად დგინდება, რომ გადამხდელს წარდგენილ საშემოსავლო გადასახადის წლიურ დეკლარაციაში შეძენილი საქონელი არ აქვს მართლზომიერად დადეკლარირებული. ფიქსირდება დოკუმენტურად დაუდასტურებელი გამოქვითული ხარჯები. შესაბამისად, გადამხდელის ერთობლივი შემოსავალი გაიზარდა, ხოლო გამოსაქვითი ხარჯები შემცირდა შესაბამისი თანხებით. ასევე, წინა პერიოდიდან მიღებული ზარალის გადმოტანის სისწორის დადგენის მიზნით ჩატარებული ანალიზით გამოიკვეთა დარღვევები, რამაც გამოიწვია შესამოწმებელი პერიოდის საშემოსავლო გადასახადის წლიურ დეკლარაციაში წინა წლის ზარალის გამოქვითვის გაუქმება. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი
● საგადასახადო შემოწმების შედეგად, დადგინდა, რომ გადამხდელს (ოჯახს) 2017, 2018 და 2019 წლების საანგარიშო პერიოდებში უფიქსირდება 40 000 ლარზე მეტი შემოსავალი. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, გადამხდელს 2018, 2019 და 2020 წლების საანგარიშო პერიოდში საკუთრებაში აქვს გადასახადით დასაბეგრი ქონება და მიწა; პირს დაერიცხა კუთვნილი ქონების, მათ შორის, მიწაზე ქონების გადასახადი შესაბამისი საანგარიშო პერიოდების მიხედვით.
გადაწყვეტილება
სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 61 (3); 136(1); 100; 105; 121(5); 201; 202; 275