გაუქმდა და დაუბრუნდა სასამართლოს
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ ას-125-827-03 21 ივლისი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: თ. თოდრია (თავმჯდომარე),ლ.გოჩელაშვილი (მომხსენებელი),მ. ცისკაძე
დავის საგანი: გარიგების ბათილობა.
აღწერილობითი ნაწილი:
2001წ. 4 აპრილს ა. თ-ემ სარჩელი აღძრა მოპასუხე შპს «კ-ის” მიმართ 429.000 აშშ დოლარის გადახდევინების შესახებ. სარჩელში აღნიშნულია შემდეგი:
2000წ. 1 სექტემბერს შპს «ა-სა” და შპს «კ-ს” შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მსესხებელმა შპს «კ-მა” შპს «ა-ისაგან” მიიღო სესხის სახით 390.000 აშშ დოლარი. ხელშეკრულებით განისაზღვრა პროცენტი სესხით სარგებლობისათვის ძირითადი თანხის წლიური 10%-ის ოდენობით, ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2002წ. 1 სექტემბრამდე, ასევე, შედგენილი იქნა სესხის გადახდის გრაფიკი, რომლის მიხედვითაც მსესხებელს, არა უგვიანეს ყოველი კალენდარული თვის 30 რიცხვისა, უნდა დაებრუნებინა გამსესხებლისათვის 16.250 აშშ დოლარი ძირითადი თანხა და 2.083 აშშ დოლარი სესხზე დარიცხული პროცენტის ყოველთვიური განაკვეთი. ხელშეკრულების 2.5 მუხლის თანახმად, გრაფიკის დარღვევის შემთხვევაში გამსესხებელს უფლება ჰქონდა, შეეწყვიტა ხელშეკრულება და მოეთხოვა მსესხებლისაგან ხელშეკრულების 2.2. მუხლში მითითებული ჯამური თანხის, 429,000 აშშ დოლარის, ერთროულად და სრულად დაბრუნება.
აღნიშნული სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის უფლება შპს «კ-ის” მიმართ შპს «ა-მა” დაუთმო ა. თ-ეს 2001წ. 27 თებერვლის დათმობის ხელშეკრულებით, რომელმაც დაიკავა შპს «კ-ის” კრედიტორის ადგილი.
შპს «კ-ს” 2001წ. 1 სექტემბერს სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ შეუსრულებია.
მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხეს მის სასარგებლოდ დაკისრებოდა 429.000 აშშ დოლარის გადახდა.
საქმის მოსამზადებელ სტადიაზე მცხეთის რაიონული სასამართლოს 2001წ. 1 აგვისტოს განჩინებით შპს «კ-ის” მიმართ გაიხსნა გაკოტრების საქმის წარმოება, მას აეკრძალა თავისი ქონების განკარგვის უფლება და გადაეცა ამავე განჩინებით დანიშნული გაკოტრების საქმეთა მმართველს, რის შემდეგაც მოცემულ საქმეში მოპასუხე შპს «კ-ის” წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირს, წარმოადგენდა გაკოტრების საქმეთა მმართველი.
სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოპასუხის შპს «კ-ის” გაკოტრების მმართველოს წარმომადგენელმა სარჩელი ნაწილობრივ ცნო, სესხის ძირითადი თანხის _ 390.000 აშშ დოლარის ნაწილში, ხოლო სესხზე დარიცხული პროცენტის ნაწილში უარყო.
სასამართლო კოლეგიამ 2001წ. 19 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ა. თ-ის სარჩელი დააკმაყოფილა _ დაეკისრა მოპასუხე შპს «კ-ს” 429.000 აშშ დოლარის გადახდა ა. თ-ის სასარგებლოდ.
კოლეგიის აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით არ გასაჩივრებულება. ამ საქმეზე გადაწყვეტილების გამოტანამდე, 2001წ. 8 ოქტომბერს, კოლეგიამ საოქმო განჩინებით არ დააკმაყოფილა შპს «კვ-ის” განცხადება საქმეში დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით მესამე პირად ჩართვის შესახებ, რაც «კვ-ის” კერძო საჩივრის საფუძველზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს პალატამ 2002წ. 31 ივლისის განჩინებით გააუქმა და ამ ნაწილში საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა კოლეგიას. სარჩელის ამ ნაწილში განხილვამდე შპს «კვ-ისა” და შპს «კ-ის” წარმომადგენლებმა განცხადებით მოითხოვეს კოლეგიის 2001წ. 19 ოქტომბრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და ახლად აღმოჩენილ გარემოებების გამო საქმის წარმოების განახლება. კოლეგიამ განიხილა რა განცხადება, 2002წ. 11 დეკემბრის განჩინებით არ მიიჩნია დასაშვებად და დასაბუთებულად. კერძო საჩივარი არ იქნა გაზიარებული ასევე საქართველოს უზენაესი სასამართლოს პალატის 2003წ. 27 იანვრის განჩინებით.
შპს «კვ-ის” სარჩელში აღნიშნულია, რომ თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2000წ. 16 აგვისტოს დადგენილებით შპს «კ-ის"”ერთადერთ პარტნიორს (100%) წარმოადგენდა შპს «კვ-ი», რომ ა.თ-ის სასარჩელო მოთხოვნა გამომდინარეობდა 2000წ. 1 სექტემბერს შპს «ა-ისა” და შპს «კ-ს” შორის დადებული სესხის ხელშეკრულებიდან, რომლის შესრულების მოთხოვნის უფლება შპს «ა-მა” 2001წ. 27 თებერვლის ხელშეკრულებით დაუთმო ა. თ-ეს.
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2001წ. 1 აგვისტოს განჩინებით შპს «კ-ის” მიმართ გაიხსნა გაკოტრების საქმე. «მეწარმეთა შესახებ» კანონის” 14.3 მუხლის თანახმად, ლიკვიდირებული საზოგადოების დარჩენილი ქონება ვალების დაფარვის შემდეგ ნაწილდება პარტნიორთა შორის. გაკოტრებული საზოგადოების ერთადერთ პარტნიორს წარმოადგენს შპს «კვ-ი” და ვალების გასტუმრების შემდეგ დარჩენილი ქონება მას უნდა გადაეცეს, რის გამოც უსაფუძვლოდ აღიარებული კრედიტორის მხრიდან გარკვეული საფრთხე დაეუმქრება მის ქონებას.
სარჩელში მითითებულია, რომ 2000წ. 4 აპრილის სესხის ხელშეკრულებას შპს «დ-ის” სახელით ხელს აწერდა დირექტორი ა.თ-ი, ეს მაშინ, როცა დირექტორი იმ დროს ა. ს-ე იყო, ხოლო ა.თ-ი დირექტორად დაინიშნა 2000წ. 15 აგვისტოს.
აქედან გამომდინარე «კვ-ის” დირექტორმა ჯ.გ-მა მიიჩნია, რომ ა.თ-ის მიერ სადავოდ გამხდარ საგანზე გააჩნია დამოუკიდებელი მოთხოვნა.
სარჩელში მითითებულია იმის შესახებ, რომ 2000წ. 1 სექტემბერს შპს «ა-სა” და «კ-ს” შორის (დირ. ა.თ-ი) დაიდო სესხის ხელშეკრულება 390.000 აშშ დოლარზე. «ა-მა” (წარმომადგენელი ა.ს.) 2001წ. 27 თებერვლის ხელშეკრულების საფუძველზე არსებული ვალის მოთხოვნა დაუთმო ა.თ-ეს, რითაც მან დაიკავა «კ-ის” კრედიტორის ადგილი.
«კვ-ის” წარმომადგენელი სარჩელში ეჭვს გამოთქვამს შპს «ა-ის” რეგისტრაციის ნამდვილობაზე, ვინაიდან, თუნდაც რეგისტრირებული იყოს «ა-ი” კვიპროსში, მას არ აქვს სამეწარმეო საქმიანობის უფლება საქართველოში თანახმად, «მეწარმეთა შესახებ კანონის” 2.5-16 მუხლებისა და საგადასახადო კოდექსის მე-13, მე-14 და მე-17 მუხლებისა, რადგან იურიდიული პირის უფლებაუნარიანობა სკ-ის 25-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად წარმოიშობა მისი რეგისტრაციის მომენტიდან. იმავე კოდექსის 109-ე მუხლის «დ” პუნქტის თანახმად, წარმომადგენლობითი უფლებამოსილება ქარწყლდება უფლებამოსილების გამცემი პირის ქმედუუნარობის დადგომით. აქედან გამომდინარე, მოსარჩელეს მიაჩნია, რომ 2000წ. 4 აპრილის, 1 სექტემბრისა და 27 თებერვლის ხელშეკრულებები წარმოადგენს უფლება-უუნარო ხელშეკრულებებს, რომ ეს ხელშეკრულებები ექვემდებარება გაუქმებას – სსკ 54-ე, 56-ე და 99-ე მუხლების შესაბამისად. შემდეგ მოსარჩელე მიუთითებს, რომ «მეწარმეთა შესახებ» კანონის 47.3 მუხლის შესაბამისად სესხისა და კრედიტის აღება უნდა გადაეწყვიტა პარტნიორთა კრებას, კერძოდ,წ. 1 სექტემბრისათვის «კ-ის” ერთადერთ პარტნიორს წარმოადგენდა «კვ-ი”, როგორც 100% წილის მფლობელი.
მოსარჩელე სარჩელში არ უარყოფს იმ გარემოებას, რომ გამსესხებელმა შპს «დ-ს” სხვადასხვა დროს ნამდვილად ჩაურიცხა 390.000 აშშ დოლარი, მაგრამ პრეზენტაციას გამოთქვამს იმის გამო, რომ მთლიანი თანხა არ ჩაირიცხა «კ-ის” იმ ანგარიშზე, რაც ხელშეკრულებაშია მითითებული.
მოსარჩელეს მიაჩნია, რომ სესხის ხელშეკრულება თვალთმაქცური და იძულებით დადებული გარიგებაა, რაც თითქოს, როგორც მოსარჩელეს, ისე «კ-ის” მაშინდელი დირექტორის ა.თ-ის მხრიდან, «კ-ის” ხელოვნურად გაკოტრებისკენაა მიმართული.
მოსარჩელე, ასევე, თვალთმაქცურად მიიჩნევს 2001წ. 27 თებერვლის მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულებას «ა-სა” და თ-ეს შორის, რომლის თანახმად, თ-ე გვევლინება ცესიონერად, რომ საქართველოს ბანკში თ-ის მიერ შეტანილი თანხები ემყარება სულ სხვა მოთხოვნის საფუძვლებს, რასაც სესხის ხელშეკრულებასთან კავშირი არ აქვს. «კ-ის” დირექტორ ა.თ-ის მიერ ვალის აღიარების შესახებ 2000წ. 25 სექტემბრის ¹212 წერილის (ნომრით ¹212) მაგივრად «კ-იდან” სულ სხვა შინაარსის წერილია გასული.
საბოლოოდ მოსარჩელემ მოითხოვა 2000წ. 1 სექტემბრის სესხის ხელშეკრულებისა და 2001წ. 27 თებერვლის მოთხოვნის დათმობის შესახებ ხელშეკრულებათა გაუქმება.
მოპასუხე ა.თ-ემ სარჩელი არ სცნო და შესაგებელში აღნიშნა შემდეგი:
2000წ. 4 აპრილისა და 1 სექტემბრის ხელშეკრულებები შპს «კვ-ს” მიაჩნია თვალთმაქცურ გარიგებებად, მაგრამ სარჩელში არ არის მითითებული სკ-ის 56-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ გარემოებაზე, რომლის დასაფარავადაც იქნა დადებული სადავო ხელშეკრულება, იგივე ეხება 2001წ. 27 თებერვლის მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულებასაც.
ის გარემოება, რომ საქართველოში «ა-ი” არ არის რეგისტრირებული, არ იძლევა სესხის ხელშეკრულების ბათილობის საფუძველს. სესხი შეიძლება აღებულ იქნეს როგორც რეზიდენტისაგან, ასევე _ არარეზიდენტისაგანაც. თავისთავად, ამ შემთხვევაში სესხის გაცემა ატარებს ერთჯერად ხასიათს და არ წარმოადგენს სამეწარმეო საქმიანობას, თანახმად მეწარმეთა შესახებ» კანონის პირველი მუხლისა.
2000წ. 4 აპრილის ხელშეკრულება ისედაც გაუქმებულია 2000წ. 1 სექტემბრის ხელშეკრულებით და სწორედ ეს იყო ა.თ-ის სარჩელის საფუძველი.
რაც შეეხება მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულებას, ფაქტია, რომ მოთხოვნა, მისი დამადასტურებელი საბუთებითYაღმოჩნდა ა. თ-ის ხელში, რითაც დასტურდება 2001წ. 27 თებერვლის ხელშეკრულების შესრულება. ასეთი დოკუმენტების წარმოდგენა ვერ შეძლო მესამე პირმა, თუმცა მის მიერ წარმოდგენილია 2000წ. 5 სექტემბრის ხელშეკრულება, რაზედაც ა.თ-ე კატეგორიულად უარყოფს მის ხელმოწერას.
«მეწარმეთა შესახებ» კანონის 47.3 მუხლის დასახელება სესხის ხელშეკრულების ბათილობის საფუძვლად უადგილოა, ვინაიდან დასახელებული ნორმა, კერძოდ, «ზ” ქვეპუნქტი პარტნიორთა კრების კომპეტენციას მიაკუთვნებს საზოგადოების მიერ სესხებისა და კრედიტების აღებას, რომელიც ცალკე ან მთლიანად აღემატება პარტნიორთა კრების მიერ დადგენილ ოდენობას. პარტნიორთა კრების მიერ დადგენილი ზღვრული ოდენობის შესახებ საქმეში ცნობები არ მოიპოვება.
მოსარჩელე მთავარ სხდომაზე დარწმუნდა რა, რომ 2000წ. 1 სექტემბრისა და 2001წ. 27 თებერვლის ხელშეკრულებები არ იყო დადებული იძულებით, მან უარი განაცხადა იძულების მოტივით ხელშეკრულებათა ბათილად ცნობაზე და ხელშეკრულებათა ბათილად ცნობის სამართლებრივ საფუძვლად დაასახელა სკ-ის 54-ე, 56-ე და 103-ე მუხლები. მოსარჩელემ, ასევე, არ მოითხოვა 2000წ. 4 აპრილის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, რამდენადაც ეს ხელშეკრულება 2000წ. 1 სექტემბრის ხელშეკრულებით (პუნქტი 4.2) თვითონ მხარეების მიერ იქნა გამოცხადებული ძალადაკარგულად.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 10 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
კოლეგიამ მიიჩნია, რომ შპს «კვ-ის” სარჩელი უსაფუძვლოა შემდეგი გარემოებების გამო:
1. სკ-ის 319-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ, კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მოცემულ შემთხვევაში შპს «ა-ი” და შპს კ-ი” წარმოადგენენ კერძო სამართლის სუბიექტებს და მათ უფლება ჰქონდათ, კანონის (სსკ 623-ე, 624-ე, 625-ე, 626-ე მუხლები) ფარგლებში თავისუფლად დაედოთ სესხის ხელშეკრულება. მოთხოვნის უფლების დათმობის შესახებ 2001წ. 27 თებერვლის ხელშეკრულების თავისუფლად დადების უფლება ჰქონდათ ასევე შპს «ა-ისა” და ა. თ-ეს, თანახმად სკ-ის 198-ე მუხლისა.
2. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2001წ. 19 ოქტომბრის ¹2/ა-90 გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ა. თ-ის სარჩელი შპს «კ-ის” მიმართ და მას ა. თ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 429.000 აშშ დოლარის გადახდა. სარჩელის დაკმაყოფილებას საფუძვლად უდევს შპს «ა-სა” და შპს «კ-ს” შორის 2000წ. 1 სექტემბერს დადებული სესხის ხელშეკრულება და შპს «ა-სა” და ა. თ-ეს შორის 2001წ. 27 თებერვალს დადებული მოთხოვნის უფლების დათმობის ხელშეკრულება. კოლეგიის ზემოთ აღნიშნულ გადაწყვეტილებაში სარჩელის დაკმაყოფილების ერთ-ერთ საფუძვლად მითითებულია ის გარემოება, რომ «კ-ის” წარმომადგენელმა სარჩელი სცნო 2000წ. 1 სექტემბერს დადებული სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ძირითადი ვალდებულების 39000.000 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში. იმავე გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ მოპასუხეს, ე.ი. სადავო ხელშეკრულების მხარეს _ «კ-ს” შეცილება არ განუცხადებია და ნამდვილად მიიჩნია შპს «ა-თან” 2000წ. 1 სექტემბერს დადებული სესხის ხელშეკრულება და შპს «ა-სა” და ა. თ-ეს შორის 2001წ. 27 თევერვალს დადებული მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულება. აქედან გამომდინარე, კოლეგიის გადაწყვეტილებით ზემოთ აღნიშნული ორივე ხელშეკრულება ნამდვილადაა მიჩნეული.
3. 2000წ. 1 სექტემბრის ხელშეკრულების მხარეები _ შპს «ა-ი” და შპს «კ-ი” სსკ 327-ე მუხლის შესაბამისად შეთანხმდნენ ხელშეკრულების ყველა არსებით პირობაზე. კერძოდ, გამსესხებელმა (ა-ი) ასესხა, ხოლო მსესხებელმა (კ-ი) ისესხა 390.000 აშშ დოლარი. სესხის პროცენტი შეადგენდა ძირითადი თანხის 10%-ს გამსესხებელმა ზემოთ აღნიშნული თანხა მთლიანად შეიტანა მსესხებლის ანგარიშებზე. მსესხებელი ვალდებული იყო 2002წ. 1 სექტემბრამდე დაებრუნებინა გამსესხებლისთვის მიღებული თანხა პროცენტთან ერთად.
მხარეებს ხელშეკრულების არსებითი პირობები შეთანხმებული აქვთ ასევე მოთხოვნის დათმობის შესახებ 2001წ. 27 თებერვლის ხელშეკრულებაში. როგორც «კ-ის” ყოფილმა დირექტორმა ა.თ-მა განმარტა, შპს «ა-ისაგან” 390.000 დოლარი ისესხეს იმის გამო, რომ «კ-ი» მაშინ განიცდიდა ფინანსურ სიძნელეებს, რომ სწორედ ამიტომ ითხოვა მან აღებული სესხის დაბრუნების გადავადება 2000წ. 25 ოქტომბრის ¹212 წერილით. მოსარჩელემ მოითხოვა რა 2000წ. 1 სექტემბრის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, ვერ დაასაბუთა, სჭირდებოდა თუ არა «კ-ის” მიერ 390.000 აშშ დოლარი სესხის აღება პატნიორთა კრების გადაწყვეტილებას. მეწარმეთა შესახებ კანონის 47.3 მუხლის «ზ” ქვეპუნქტი პარტნიორთა კრების კომპეტენციას მიაკუთვნებს საზოგადოების მიერ სესხებისა და კრედიტების აღებას, რომელიც ცალკე ან მთლიანად აღემატება პარტნიორთა კრების მიერ დადგენილ ზღვრულ ოდენობას. პარტნიორთა კრების მიერ დადგენილი ზღვრული ოდენობის შესახებ გადაწყვეტილება კი, მოსარჩელემ ვერ წარმოადგინა.
4. სესხის ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოტივად მოსარჩელემ დაასახელა ასევე ის გარემოება, რომ შპს «ა-ი” არ არის რეგისტირებული საქართველოში. კოლეგიამ მიიჩნია, რომ ეს არ წარმოადგენს სესხის აღების ხელშემსლელ გარემოებას.
5. შპს «ა-ის” წარმომადგენლის ა.თ-ის მიერ 2000წ. 28 აპრილიდან იმავე წლის 31 აგვისტომდე 390.000 დოლარის შპს «კ-ის” სასარგებლოდ გადარიცხვის ფაქტს ადასტურებს ...ის ცენტრალური ფილიალის მმართველის 2001წ. 18 მაისის ¹01-03/618 წერილი და სალაროს შემოსავლის ორდერები, რომელთა დედნები მთავარ სხდომაზე წარმოადგინა მოპასუხე ა.თ-ის წარმომადგენელმა, რაც დათვალიერების შემდეგ დაუბრუნდა მასვე.
თავის მხრივ, «კ-ის” ყოფილმა დირექტორმა ა.თ-მა, რომელიც 2000წ. 1 სექტემბრის სესხის ხელშეკრულებას ხელს აწერს, მთავარ სხდომაზე განმარტა, რომ «ა-მა” ხელშეკრულება შეასრულა, 390.000 დოლარი ჩარიცხა მათ ანგარიშებზე. ასეთ პირობებში არ არსებობს 2000 წკლის 1 სექტემბრისა და 2001წ. 27 თებერვლის ხელშეკრულებების სკ-ის 54-ე მუხლის შესაბამისად ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
6. მოსარჩე «კვ-ის” სარჩელის დაუსაბუთებლობაზე და წინააღმდეგობრიობაზე მეტყველებს ის გარემოება, რომ «კვ-ი”, ერთის მხრივ, ყალბად და სსკ 54-ე მუხლის შესაბამისად ბათილად მიიჩნევს მის მიერ («კვ-ი”) წარმოდგენილ, 2000წ. 5 სექტემბრის ხელშეკრულებას, გაფორმებულს შპს «კვ-ს”, შპს «ა-სა” და «კ-ს” შორის ურთიერთგაქვითვისა და მოთხოვნის დათმობის შესახებ, ხოლო, მეორე მხრივ, ამ ხელშეკრულებას «კვ-ი” ეყრდნობა მისივე სარჩელის დაკმაყოფილების დასაბუთებისათვის, კერძოდ, იგი განმარტავს, რომ «ა-ი” «კ-ის” ანგარიშებზე ...ში თანხების რიცხავდა იმიტომ, რომ იგი ფარავდა 2000წ. 5 სექტემბრის ხელშეკრულებაში მითითებულ, იმავე წლის 6 იანვრის სესხის ხელშეკრულებიდანგამომდინარე ვალს ეს მაშინ, როცა 2000წ. 5 სექტემბრის ხელშეკრულებაში მითითებულია იმავე წლის 6 იანვრის სესხის ხელშეკრულებაზე, რომელიც თითქოსდა დადებული შპს «ა-სა” და შპს «კვ-ს” შორის 390.000 დოლარზე. «კვ-ის” დირექტორმა განმარტა, რომ არ იცის, თუ სადაა სესხის ეს ხელშეკრულება.
გარდა ამისა მოსარჩელე «კვ-მა” დაასაბუთა და ვერ ახსნა თუ რატომ აცხადებს იგი შპს «ა-ს” უფლებაუუნაროდ მხოლოდ მაშინ, როცა საკითხი მოპასუხესთან მიმართებაში 2000წ. 1 სექტემბრისა და 2001წ. 27 თებერვლის ხელშეკრულებებს ეხება და რატომ მიაჩნია უფლებაუნარიანად «ა-ი” მაშინ, როცა ხელშეკრულებები «კ-ისა” და «კვ-ის” ინტერესებშია, კერძოდ, 2000წ. 25 აგვისტოს ხელშეკრულება მოთხოვნათა დათმობის შესახებ, 1999წ. 1 სექტემბრის ხელშეკრულება ვალის აღიარების შესახებ, იმავე წლის 4 იანვრის კონტრაქტი რკინიგზის განძელების მიწოდებაზე და 2000წ. 5 სექტემბრის ხელშეკრულება, მოთხოვნის უფლების დათმობის შესახებ.
2000წ. 5 სექტემბრის ხელშეკრულებაში, რომელიც მოსარჩელემ წარმოადგინა, არ არის მითითებული მონაწილე მხარეების იურიდიული მისამართები და საბანკო ანგარიშები. გარდა ამისა, თბილისში დადებული ეს ხელშეკრულება «კ-ისა” და შპს «ა-ის” ბეჭდის მაგივრად, როგორც «კვ-ის” დირექტორმა განმარტა, დამოწმებულია აშშ კალიფორნიის შტატის სამდივნოს ბეჭდით. მოსარჩელემ ვერ ახსნა, თუ რატომ იქნა კერძო სუბიექტებს შორის თბილისში დადებული ხელშეკრულება დამოწმებული აშშ კალიფორნიის შტატის სამდივნოს ბეჭდით. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სასარჩელო მოთხოვნის დასაბუთებისათვის წარმოდგენილი ეს ხელშეკრულება თვითონ მოსარჩელის წარმომადგენელმა მთავარ სხდომაზე არ მიიჩნია ნამდვილად.
7. მოსარჩელე მხარემ ასევე ვერ დაასაბუთა, თუ «ა-ს”, მისი განმარტებით, რეგისტრაცია 2000წ. 1 იანვარს შეუწყდა, მაშინ როგორ შეძლო «კ-მა” და «კვ-მა” შპს «ა-ის” მონაწილეობით 2000წ. 6 იანვრის, იმავე წლის 5 სექტემბრისა და 2000წ. 25 აგვისტოს ხელშეკრულებების დადება.
8. «კვ-ის” სარჩელის უსაფუძვლობაზე მეტყველებს მითითება იმის შესახებ, რომ თითქოს «ა-ისა” და «ამ-ს” შორის არსებობდა 1999წ. 1 სექტემბრის ხელშეკრულება «ა-ის” მიერ 900.000 აშშ დოლარი ვალის აღიარების შესახებ და თითქოს აღნიშნულ თანხაზე შპს «ა-ისადმი” მოთხოვნა 2000წ. 25 აგვისტოს ხელშეკრულებით «ამ-ის” წარმომადგენელ მ-ს დაეთმოს შპს «კ-ისადმი” (დირექტორი ა. თ-ი). აღნიშნული ხელშეკრულებების დედნები «კვ-მა” ვერ წარმოადგინა. მოსარჩელემ, ასევე, ვერ წარმოადგინა ამ ხელშეკრულებებიდან გამომდინარე მოთხოვნათა ნამდვილობის დამადასტურებელი მტკიცებულებები. გარდა ამისა, მოწმის სახით დაკითხულმა ა. თ-მა განმარტა, რომ მოთხოვნის უფლების დათმობის შესახებ 2000წ. 25 აგვისტოს ხელშეკრულებაზე მისი ხელმოწერა არ არის; ეს ხელშეკრულება რომ ნამდვილი იყოს, იგი «კ-ში” იქნებოდა რეგისტრირებული. გარდა ამისა, ა. მ-ე, რომელიც ამ ხელშეკრულებას აწერს ხელს 2000წ. იანვარში წავიდა აშშ-ში და მის შემდეგ საქართველოში არ დაბრუნებულა.
აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა «კვ-მა”. კასატორს მიაჩნია, რომ სასამართლომ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებანი არასწორად შეაფასა და შესაბამისად, არასწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი.
კასატორი თვლის, რომ მოწინააღმდეგე მხარის მიერ წარმომადგენელი მტკიცებულებებით (საბანკო ქვითრებით) ირკვევა, რომ 390000 აშშ დოლარი,Yმართალია, ჩაირიცხა «კ-ის» ანგარიშზე, მაგრამ არა როგორც კრედიტის მიღების, არამედ _ სესხის დაფარვის მიზნით. კერძოდ, 2000წ. 23 აპრილს „ა-ის“ მიერ გაურკვეველ ანგარიშზე გადაირიცხა 200000 აშშ დოლარი, საბანკო ოპერაციის დანიშნულებად მითითებულია „სამასოციათასი კრედიტორული ვალის ნაწილობრივი დაფარვა“. სალაროს შემოსავლის ორდერში არ არის მითითებული, რომ აღნიშნული თანხა „კ-ს“ ჩაერიცხა. ასევე, საეჭვოა დანარჩენი თანხის გადარიცხვის ნამდვილობაც.
კასატორი თვლის, რომ საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილება იურიდიულად დაუსაბუთებელია. გადაწყვეტილებაში არ არის დასაბუთებული, თუ რატომ არ მიიჩნია სასამართლომ 2000წ. 1 სექტემბრის ხელშეკრულება მოჩვენებით დადებულ გარიგებად, რადგან მას იურიდიული შედეგი (თანხის გადარიცხვა) არ მოჰყოლია. რაც შეეხება იმავე წლის 4 აპრილის ხელშეკრულებას, იგი არაუფლებამოსილი პირის (ა.თ-ის) მიერაა დადებული. კასატორი თვლის, რომ ასევე დაუსაბუთებელია 2001წ. 27 თებერვლის ხელშეკრულების ბათილობაზე უარის თქმა, რადგან სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი _ სკ-ის 54-ე და 56-ე მუხლები.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, საკასაციო საჩივრის საფუძვლებს, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოების გამო:
სსკ-ის 244-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების გამოტანისას სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს, განსაზღვრავს, თუ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე რომელი გარემოებებია დადგენილი და რომელი დაუდგენელი, რომელი კანონი უნდა იქნეს გამოყენებული ამ საქმეზე და დაკმაყოფილებულ უნდა იქნეს თუ არა სარჩელი. ამავე კოდექსის 249-ე მუხლის მე-4 ნაწილით კი გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში უნდა აღინიშნოს სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებანი, მტკიცებულებანი, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნები, მოსაზრებანი, რომლებითაც სასამართლო უარყოფს ამა თუ იმ მტკიცებულებას და კანონები, რომლებითაც სასამართლო ხელმძღვანელობდა.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე აღიარებითი სარჩელით მოითხოვს გარიგებათა _ 2000წ. 1 სექტემბრის სესხისა და 2001წ. 27 თებერვლის მოთხოვნის დათმობის შესახებ ხელშეკრულებების ბათილობას სკ-ის 54-ე და 56-ე მუხლების საფუძველზე. მითითებული ნორმებით ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს, ასევე ბათილია ის გარიგებაც, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსარჩენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება). სასამართლოს აღნიშნული ნორმებით დადგენილი გარემოებებთან (კვალიფიკაციასთან) მიმართებაში უნდა შეემოწმებინა სარჩელის მოთხოვნა, შესაბამისად, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებანი (ადასტურებს თუ არა ისინი სარჩელში მითითებულ გარემოებებს) და ისე მიეღო გადაწყვეტილება.
პალატა არ იზიარებს საოლქო სასამართლოს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ 2000წ. 1 სექტემბერს მხარეები სკ-ის 327-ე მუხლის შესაბამისად შეთანხმდნენ ხელშეკრულების ყველა არსებით პირობაზე. აღნიშნული ხელშეკრულების მიხედვით, გამსესხებელმა ასესხა, ხოლო მსესხებელებმა ისესხა. მითითებული ხელშეკრულების 2.1 მუხლით კი ირკვევა, რომ გამსესხებელმა თანხა (390000 აშშ დოლარი) უკვე მთლიანად შეიტანა მსესხებლის ანგარიშზე (...ში ¹...). საქმის მასალებში არსებული სალაროს ქვითრების მიხედვით 390,000 აშშ დოლარი ხელშეკრულების დადებამდე 2000წ. 28 აპრილიდან, იმავე წლის 31 აგვისტომდეა «ა-ის» მიერ გადაირიცი. ამასთან, ხელშეკრულებაში მითითებულ ანგარიშზე ¹... მხოლოდ თანხის ნაწილია ჩარიცხული.
აღნიშნულიდან გამომდინარე, თუ 2000წ. 1 საქტემბრის სესხის ხელშეკრულებას შედეგად არ მოჰყოლია თანხის გადაცემა მსესხებელზე, მაშინ დასადგენია რა მიზნით დაიდო აღნიშნული ხელშეუკრულება. სკ-ის 56-ე მუხლის I ნაწილით ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგი მოჰყვეს. პალატა მიუთითებს, რომ ამ დროს, მოჩვენებითი გარიგების დადებისას, მხარეთა შეთანხმება მოკლებულია ნამდვილობას და იგი კანონსაწინააღმდეგო მიზნების მისაღწევად და დასაფარავად გამოიყენება. პალატა თვლის, რომ საქმის განხილვისას სასამართლომ ამ მიმართებით არ გამოიკვლია საქმის მასალებში წარმოდგენილი მტკიცებულებანი და ისე გადაწყვიტა დავა.
პალატა მიუთითებს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების მოტივაცია 2001წ. 27 თებერვლის ხელშეკრულების ბათილობასთან დაკავშირებით, დაუსაბუთებელია. სასამართლომ არ მიუთითა იმ მტკიცებულებეზე, რომლებითაც აღნიშნული გარიგება ნამდვილად მიიჩნია. პალატა არ იზიარებს კოლეგიის მოსაზრებას, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2001წ. 19 ოქტომბრის გადაწყვეტილებით დადასტურდა 2001წ. 27 თებერვლის ხელშეკრულების ნამდვილობა, სადაც შპს „კ-მა“ იგი საცილო არ გახადა. მოცემულ შემთხვევაში მითითებული ხელშეკრულების ნამდვილობას შპს „კვ-ი“ ხდის საცილოს, რადგან აღნიშნული გარიგების ნამდვილობა მის ქონებრის ინტერესებსაც ეხება.
პალატა თვლის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს სსკ-ის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე და საქმე სასამართლოს ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს. ხელახლა განხილვისას სასამართლომ, სარჩელის დასაბუთებლობის შემოწმებისას, უნდა დაადგინოს რა მიზნით დაიდო 2000წ. 1 სექტემბრის სესხის ხელშეკრულება, თუკი სახელშეკრულებო თანხა უკვე მიღებული ჰქონდა მსესხებელს; უნდა დადგინდეს ასევე თანხა რეალურად ჩაირიცხა თუ არა შპს „კ-ის“ ანგარიშზე, (ხელშეკრულებაში მითითებულ ან საწარმოს სხვა ანგარიშზე) იმ მიზნით, რასაც სესხის ხელშეკრულება ითვალისწინებს. სასამართლომ უნდა დაადგინოს ასევე ფაქტობრივი გარემოებანი, კერძოდ, 2001წ. 27 თებერვლის ხელშეკრულება, მოთხოვნის დათმობის შესახებ, აკმაყოფილებს თუ არა სკ-ის 199-ე და 54-ე მუხლების მოთხოვნებს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
შპს „კვ-ის“ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 10 მარტის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს.
შპს „კვ-ს“ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟი 5000 ლარის გადახდა საქართველოს ეროვნული ბანკის (კოდი:…) საბიუჯეტო შემოსავლების ¹... სახაზინო კოდით მთაწმინდა-კრწანისის არასაგადასახადო შემოსულობების ¹200122900 ანგარიშზე.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.