საჩივარი დაკმაყოფილდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 32I 4 სექტემბერი, 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: მ. ისაევი (თავმჯდომარე),ი. ბიბილაშვილი,თ. ლალიაშვილი
განიხილა იმერეთის ოლქის პროკურორის თანაშემწე მ.კ-ძის და დაზარალებულ მ. ხ-ავას ინტერესების წარმომადგენლის, ადვოკატ ლ.თ-ძის კერძო საკასაციო საჩივრები ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2001 წლის 28 მაისის განჩინებაზე, რომლითაც ა. ა-ძის ბრალდების საქმე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 239-ე მუხლის პირველი ნაწილით დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად დაუბრუნდა იმერეთის საოლქო პროკურატურას.
აღწერილობითი ნაწილი:
საბრალდებო დასკვნით ა. ა-ძეს ბრალი ედება იმაში, რომ ჩაიდინა ხულიგნობა, ე.ი. ქმედება, რომლითაც უხეშად დაარღვია საზოგადოებრივი წესრიგი და გამოხატა საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობა, ჩადენილი ძალადობითა და ძალადობის მუქარით. მანვე ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით, რომელიც სიცოცხლისათვის არ იყო სახიფათო და არ გამოუწვევია საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული შედეგი.
კერძოდ, საქართველოს შს სამინისტროს დაცვის დეპარტამენტის სამტრედიის განყოფილების ოცმეთაურმა, ქ. სამტრედიაში, ... მცხოვრებმა ა. ა-ძემ 2000 წლის 5 ივნისს მეზობელს, მ. ხ-ავას ჩაუხსნა ელექტროენერგიით დამატებითი მომარაგების სადენზე ა. ა-ძისაგან დაუკითხავად მიერთებული თავის ბინაში შემავალი ელსადენი, შემდეგ ჯერ თავისი შვილის შ. ა-ძის, შემდეგ კი მეუღლის ი. ბ-ელის მეშვეობით თავის ბინაში დაიბარა იმ დროისათვის ინდივიდუალური საწარმო “ჯეჯილის” სასურსათო მაღაზიაში გამყიდველად მომუშავე მ. ხ-ავა. ეს უკანასკნელი იმ მოტივით, რომ სამუშაო ადგილს ვერ დატოვებდა, ა. ა-ძესთან არ მივიდა.
იმავე დღეს, დაახლოებით 15 საათზე, ი. ბ-ელმა შენიშნა რა სამსახურიდან შესვენებაზე მცირეწლოვან შვილთან ერთად შინ მიმავალი მ. ხ-ავა, დაუძახა და სთხოვა სასაუბროდ დალოდებოდა, მაგრამ ნაცვლად ი. ბ-ელისა, მ. ხ-ავასთან მივიდა ა. ა-ძე, რომელმაც, დაუკითხავად ელენერგიის გადაყვანისათვის, მჭიდროდ დასახლებულ ხალხმრავალ უბანში, მეზობლებისა და მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით, გამოიჩინა რა აშკარა უპატივცემულობა საზოგადოებისადმი, უცენზურო სიტყვებით შეურაცხყო მისი პატივი და ღირსება, რითაც უხეშად დაარღვია საზოგადოებრივი წესრიგი. მ. ხ-ავამ მას უპასუხა, რომ დამატებითი ელსადენი მასაც უნებართვოდ ჰქონდა სახლში შეყვანილი. ამით განაწყენებულმა ა. ა-ძემ, ფიზიკური ძალის გამოყენებით, ხელი ჩაავლო მ. ხ-ავას თმაში, შეათრია სადარბაზოს სიღრმეში, ხოლო მეორე ხელი რამდენჯერმე ჩაარტყა თავის არეში. მისი ხულიგნური მოქმედება ძალადობის გამოყენებით გაგრძელდა ხუთ წუთამდე და შეწყვეტილ იქნა მხოლოდ მეზობელთა და ი. ბ-ელის აქტიური ჩარევისა და გაშველების შემდეგ.
ა. ა-ძის დანაშაულებრივი ქმედების შედეგად მ. ხ-ავამ მიიღო სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანება – თავის ტვინის დახურული ტრავმა, თავის ტვინის შერყევა, ტრავმული ენცეფალოპათია, სისხლნაჟღენთი მარჯვენა ყვრიმალის არეში, ნაჭდომი ჭრილობა ქვედა ტუჩის ლორწოვანის მარჯვნივ, ასთნოდეპრესიული სინდრომი.
სასამართლო კოლეგიამ საქმე დამატებით გამოძიებაში დააბრუნა შემდეგი მითითებებით: დაზარალებული მ. ხ-ავას პირველი განცხადებიდან ნათლად ჩანს, რომ თავის მეზობელს, პოლიციის მაიორ ა. ა-ძეს იგი უჩივის სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებისათვის. ამდენად, მოკვლევის დაწყების პირველივე დღიდან ცნობილი იყო, რომ ა-ძე არის ეჭვმიტანილი, რის გამოც 2000 წლის 8 ივნისს, დანაშაულის ნიშნების არსებობის გამო, უნდა აღძრულიყო სისხლის სამართლის საქმე და სათანადო დადგენილებით ა. ა-ძე ეჭვმიტანილად უნდა ეცნოთ. იგი უნდა დაკითხულიყო არა მოწმის სახით, არამედ ეჭვმიტანილად და ეჭვმიტანილად უნდა დაეპირისპირებინათ დაზარალებულისათვის.
ზემოთ აღნიშნული საპროცესო დარღვევები არის სისხლის სამართლის საპროცესო კანონის არსებითი დარღვევები, ვინაიდან საქართველოს სსსკ-ის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: “ეჭვმიტანილი, რომელიც დაკავებული არ არის, სარგებლობს ამ კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ყველა უფლებით, გარდა ამავე ნაწილის “ა”, “დ”, “ვ” და “ლ” ქვეპუნქტებში მითითებული უფლებებისა. ეჭვმიტანილს, რომელიც დაკავებული არ არის, უფლება აქვს მისი ეჭვმიტანილად ცნობისთანავე, ხელზე მიიღოს სისხლის სამართლის საქმის აღძვრისა და მისი ეჭვმიტანილად ცნობის შესახებ დადგენლებათა ასლები”. რაც შეეხება დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილ ა. ა-ძეს, იმის ნაცვლად, რომ მისთვის გაეცნოთ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლით გათვალისწინებული ეჭვმიტანილის უფლებები და 74-ე მუხლით გათვალისწინებული მოვალეობები, საქართველოს სსსკ-ის 94-ე მუხლის შესაბამისად, განუმარტეს მოწმის მოვალეობანი და 370-ე და 371-ე მუხლებით გააფრთხილეს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისათვის ჩვენების მიცემაზე უარის თქმისათვის, ცრუ ჩვენებების მიცემისათვის და ჩვენების მიცემისაგან თავის არიდებისათვის, რითაც ეჭვმიტანილს, როგორც პროცესის მონაწილეს და მხარეს, ფაქტობრივად, შეუზღუდეს საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული უფლებები.
მოკვლევის დასაწყისიდან, ე.ი. 2000 წლის 8 ივნისიდან, იმავე წლის 13 დეკემბრამდე, ე.ი. ექვს თვეზე მეტი დროის განმავლობაში დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილ ა. ა-ძეს წართმეული ჰქონდა საქართველოს კონსტიტუციით და სისხლის სამართლის საპროცესო კანონით გათვალისწინებული და გარანტირებული მისი დაცვის უფლებები.
აღსანიშნავია ისიც, რომ ბრალის წარდგენიდან მეორე დღეს, ე.ი. 2000 წლის 15 დეკემბერს, მხარეებს გაეგზავნათ შეტყობინებები გამოძიების დამთავრების გამოცხადების შესახებ.
აღნიშნული ფაქტის გათვალისწინებით, ცხადია, რომ ა. ა-ძეს ეჭვმიტანილისა და ბრალდებულის უფლებებით უსარგებლია მხოლოდ 13 და 14 დეკემბერს, ე.ი. ორი დღის განმავლობაში და ეს მაშინ, როდესაც მოკვლევა და გამოძიება სს საქმეზე მიმდინარეობდა 6 თვეზე მეტი დროის განმავლობაში.
საქართველოს სსსკ-ის 111-ე მუხლის პირველი ნაწილის “გ” პუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად: “მტკიცებულება დაუშვებლად მიიჩნევა, თუ იგი მიღებულია კანონით დადგენილი წესის დარღვევით”. აქედან გამომდინარე, მოწმის სახით ა. ა-ძის დაკითხვა და დაზარალებულ მ. ხ-ავასთან მისი დაპირისპირება შეიძლება მიჩნეულ იყოს, როგორც დაუშვებელი მტკიცებულება. მოკვლევის პროცესში 2000 წლის 21 ივნისიდან, მოქალაქე მ. ხ-ავას ინტერესების დასაცავად ადვოკატი კანონის დარღვევით დაუშვეს. ამავე დროს, როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, მოქალაქე მ. ხ-ავა დაზარალებულად ცნობილ იქნა მხოლოდ 2000 წლის 30 სექტემბერს. ამდენად, სამ თვეზე მეტი დროის განმავლობაში იგი უკანონოდ სარგებლობდა დაზარალებულის უფლებებით და მათ შორის ადვოკატის მომსახურებით. თუმცა იმავე დროის მონაკვეთში, მეორე მხარეს, მოქალაქე ა. ა-ძეს, ფაქტობრივად, ჩამორთმეული ჰქონდა კანონით მინიჭებული ეჭვმიტანილის საკმაოდ ფართო უფლებები და იგი მოწმის სტატუსში უკანონოდ იმყოფებოდა.
საბრალდებო დასკვნის მიხედვით, არასრულწლოვანი გ. თ-ძე განმარტავს, რომ 2000 წლის 5 ივნისს, დაახლოებით 15 საათზე, მან თავისი ბინის ეზოში გ. ც-იდის და თ. მ-შვილთან ერთად ყოფნისას, დაინახა, თუ როგორ ათრია მეზობელმა ა. ა-ძემ მ. ხ-ავა, რომელსაც ასევე ლანძღავდა, რაც მეზობლების ჩარევით იქნა აღკვეთილი. მართალია, აღნიშნულის შესახებ განმარტება მოწმის სახით დაკითხვისას უარყო გ. თ-ძემ და აჩვენა, რომ მომხდარი ფაქტი მას არ დაუნახავს, მაგრამ პირველადი განმარტების უარყოფის მიზეზი ვერ ახსნა. საქმის მასალებით კი დადგინდა, რომ ეს უკანასკნელი მოექცა დეიდის ა-ძის ოჯახთან ახლო მეზობლურ ურთიერთობაში მყოფ ც. შ-იას ზეგავლენის ქვეშ, რომელმაც გ. თ-ძისაგან სკოლაში ახსნა-განმარტების ჩამორთმევის დღეს სამტრედიის რაიონის პროკურორს მიმართა განცხადებით, თითქოსდა მისი დისშვილის ახსნა-განმარტება არ შეესაბამება სიმართლეს და მიღებულ იქნა გ. თ-ძეზე ზეგავლენით.
საქართველოს სსსკ-ის 110-ე მუხლის შესაბამისად, ახსნა-განმარტება, მითუმეტეს მცირეწლოვნის, მტკიცებულებად არ მიიჩნევა, ვინაიდან ასეთი სისხლის სამართლის პროცესში დაშვებულ მტკიცებულებათა სიაში შეტანილი არ არის.
მიუხედავად ამისა, საბრალდებო დასკვნაში ვკითხულობთ: “გ. თ-ძის ახსნა-განმარტება რომ ობიექტურია და მის მიმართ არავითარ ზეწოლას არ ჰქონია ადგილი, დადასტურებულია მე-4 საშუალო სკოლის სასწავლო ნაწილის უფროსის ტ. ჯ-ძისა და პედაგოგ ვ. ბ-ოვას ჩვენებით, რომლებიც ესწრებოდნენ არასრულწლოვან გ. თ-ძისაგან ახსნა-განმარტების ჩამორთმევას. უფრო მეტიც, ახსნა-განმარტების ჩამორთმევამდე, ვ. ბ-ოვას ჩვენებით, იგი გაესაუბრა გ. თ-ძეს, რომელმაც უთხრა, რომ ტყუილს ვერ იტყოდა და გამომძიებელს სწორ განმარტებას მისცემდა”. შემდეგ, საბრალდებო დასკვნაში ვკითხულობთ: “რაიონის პროკურორის თანაშემწის ო. ნ-შვილის ჩვენებით დადგენილია, რომ არსრულწლოვან გ. თ-ძისაგან განმარტების მიღება მოხდა საპროცესო ნორმების სრული დაცვით, მასზე ზეწოლა არავის განუხორციელებია და მან დამაჯერებლად დაადასტურა ა-ძის მიერ მ. ხ-ავას თმებით თრევისა და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტი. ამასთან, გ. თ-ძემ ახსნა-განმარტება დაწერა თავისი ხელით”.
ამდენად, მოწმეების ტ. ჯ-ძის, ვ. ბ-ოვას და პროკურორის თანაშემწე ო.ნ-შვილის ჩვენებების გაზიარებით არასრულწლოვან გ. თ-ძის ახსნა-განმარტება მტკიცებულებად ვერ გახდება, საქართველოს სსსკ 110-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევის გამო.
ამასთან ერთად, საბრალდებო დასკვნის მიხედვით, წინასწარი გამოძიება თვლის, რომ: “არასრულწლოვანი მოწმის გ. ც-იდის ჩვენება იმის შესახებ, რომ იგი შემთხვევის დღეს თითქოსდა სახლში იმყოფებოდა და ეზოში საერთოდ არ ყოფილა, აშკარად ეწინააღმდეგება ფაქტობრივ გარემოებებს. აღნიშნული კი დადასტურებულია საქმეში არსებული ოქმით, რომლის მიხედვით ჯერ კიდევ მასალების შემოწმების პროცესში, განმარტების ჩამორთმევის დაწყებამდე, ვ. ც-იდმა შვილს უთხრა, რომ არაფერი ეთქვა მომხდარი ფაქტის ირგვლივ, ხოლო მამამ ა. ც-იდმა საერთოდ არ მისცა მოკვლევას შვილისაგან განმარტების მიღების საშუალება. ბუნებრივია, ასეთ გარემოებებში ახლობლების ზეგავლენის ქვეშ მყოფი არასრულწლოვანი გ. ც-იდი გამოძიებას ვერ მისცემდა სწორ ჩვენებას”. ამავე დროს, გამოძიება თვლის, რომ: “არასრულწლოვნების - გ. თ-ძისა და გ. ც-იდის მიერ არასწორი ჩვენებების მიცემა გამოწვეულია მათზე ახლობლების ზეგავლენით, ა. ა-ძისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან აცილების მოტივით. აქედან გამომდინარე, გამოძიება არ იზიარებს არც გ. თ-ძის დეიდის და არც გ. ც-იდის მშობლების ჩვენებებს”.
სასამართლო კოლეგიამ მიიჩნია, რომ თუკი არასრულწლოვანი გ. ც-იდი, მშობელთა ზეგავლენის გამო, ვერ იძლევა სწორ ჩვენებას, საქართველოს სსსკ-ის 111-ე მუხლის პირველი ნაწილის “გ” პუნქტის და 119-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, მისი დაკითხვა დაუშვებელ მტკიცებულებად უნდა იქნეს მიჩნეული.
საბრალდებო დასკვნაში გამოძიების მიერ ერთ-ერთ მტკიცებულებად მოყვანილია მოწმე ტ. შ-სკაიას ჩვენება, კერძოდ: “საერთო ბინის სადარბაზოში ა. ა-ძეს თმებში ჰქონდა ხელი ჩავლებული ზ. ხ-ავასათვის და ექაჩებოდა”. მისივე ჩვენებით აღნიშნულს წინ უძღოდა ხმაური, რომელიც მან ბინაში ყოფნისას გაიგონა და ეზოში სწორედ ამის გამო ჩავიდა.
სასამართლომ მიიჩნია, რომ წინასწარი გამოძიება ჩატარებულია საქართველოს სსსკ-ის მე-18 მუხლის მოთხოვნათა იგნორირებით. მოწმეთა მთელი რიგი დაკითხვები წარმოებულია აშკარად არაობიექტურად, მხოლოდ მამხილებელი მტკიცებულების მოპოვების კუთხით, რამაც საქართველოს სსსკ-ის 119-ე მუხლის მოთხოვნები დაარღვია და სსსკ-ის 111-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, მოწმე ტ. შ-სკაიას ჩვენებები დაუშვებელ მტკიცებულებდ აქცია. აღნიშნულს სავსებით ადასტურებს მოწმე ტ. შ-სკაიას მიერ გამოძიების დამთავრების შემდეგ გაკეთებული წერილობითი განცხადება იმის შესახებ, რომ ბოლო დაკითხვის დროს იძულებული გახადეს, არასწორი ჩვენება მიეცა.
საბრალდებო დასკვნის მიხედვით, წინასწარ გამოძიებას მიაჩნია, რომ: “სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ¹95 დასკვნით მოქალაქე მ. ხ-ავას მიღებული აქვს სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანება”.
საქართველოს სსსკ-ის 371-ე მუხლის მეორე ნაწილის იმპერატიული ხასიათის მოთხოვნათა შესაბამისად, სხვა აუცილებელ რეკვიზიტებთან ერთად ექსპერტიზის დასკვნაში უნდა აღინიშნოს ექსპერტის გაფრთხილება განზრახ არასწორი დასკვნის მიცემისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ საქართველოს სსკ-ის 197-ე და 198-ე მუხლებით. აღნიშნული მოთხოვნა უგულებელყო ექსპერტმა, რის გამოც ამავე საპროცესო კოდექსის 111-ე მუხლის პირველი ნაწილის “გ” პუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად, საქმეში არსებული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნები დაუშვებელ მტკიცებულებად მიიჩნევა, თუ იგი მიღებულია კანონით დადგენილი წესის დარღვევით.
საქართველოს სსსკ-ის 356-ე მუხლის და 357-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნათა შესაბამისად: “ექსპერტიზა ტარდება მომკვლევის, გამომძიებლის ან პროკურორის დადგენილებით”. “ექსპერტიზა უნდა ჩატარდეს მხოლოდ კანონით დადგენილი საპროცესო ფორმით”.
საქმის 42-54-ე ფურცლებზე მოთავსებული სასამართლო-სამედიცინო შემოწმების აქტის პირველი გვერდი, ჯანდაცვის სამინისტროს ინსტრუქციის დარღვევით, ასახულია უბრალო ფურცლზე და არა ფორმა ¹170-ს-87-ე სპეციალურ ბლანკზე. იმავე ხასიათის დარღვევა დაშვებულია ექსპერტიზის ¹95 დასკვნაშიც.
ამასთან, გაუგებარია, თუ რა საპროცესო დოკუმენტთან გვაქვს საქმე, საქმის 42-54-ე ფურცლებზე, ვინაიდან აღნიშნულ საბუთს ჯერ ჰქვია “სასამართლო-სამედიცინო აქტი ¹59”, ხოლო შემდეგ იმავე ფურცელზე, ოდნავ ქვემოთ, დაფიქსირებულია, რომ: “ექსპერტიზას ესწრებოდა პროკურორის თანაშემწე ა.შ.კ-ძე”. საბოლოოდ, გაუგებარი რჩება, აღნიშნული მოქალაქის სასამართლო-სამედიცინო შემოწმების აქტია თუ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა.
აღნიშნული ¹59 აქტის პირველ გვერდზე დაფიქსირებულია, რომ შემოწმდა მოქ. მ. ხ-ავა-მ-შვილის, პასპორტი OM-XXI ¹..., გაცემული 03.05.1991 წელს საქართველოს შსს ვიზების განყოფილების მიერ.
საქმეში კი დაზარალებულად ცნობილია მოქალაქე ხ-ავა მ. პასპორტი II თN ¹..... გაცემულია 1976 წლის 8 ივნისს სამტრედიის შს რაიგანყოფილების მიერ. ეს კი, ამავე საბუთების მიხედვით, სულ სხვა პიროვნებაა.
ასევე გაუგებარია, თუ როგორ დაფიქსირდა 2000 წლის 9 ივნისს თარიღით ¹59 აქტის “ობიექტური გასინჯვის” გრაფაში კონკრეტული დაჟეჟილობები, როდესაც 9 ივნისიდან 25 დღის გასვლის შემდეგ, ე.ი. 2000 წლის 3 ივლისსაც პროკურორის თანაშემწის ა.კ-ძის სახელზე ექსპერტის მიერ გაკეთებულ მიმართვაში ეს უკანასკნელი აღნიშნავს, რომ: “მოქალაქე მ. ხ-ავა-მ-შვილის სასამართლო-სამედიცინო შემოწმების აქტი გაიცემა მას შემდეგ, როდესაც იგი დაამთავრებს ექიმებთან ამბულატორულ მკურნალობას და ექსპერტიზაზე წარმოდგენილი იქნება ყველა შესაბამისი სამედიცინო ხასიათის დოკუმენტაცია, რომლებითაც ასახული იქნება კონკრეტული ტრავმის შემდეგ ჩატარებული სამედიცინო ხასიათის დახმარების, მკურნალობის და დიაგნოზების ჩვენება. . . . “
ზემოთ ხსენებული ექსპერტის მიმართვიდან აშკარად ჩანს, რომ საექსპერტო დაწესებულებაში თვით ექსპერტის მიერ მოქალაქე მ. ხ-ავა-შვილის ობიექტური შემოწმება არ ჩატარებულა. ამრიგად, ექსპერტის მიერ დარღვეულ იქნა საქართველოს სსსკ-ის 369-ე მუხლის მეორე ნაწილის მოთხოვნა: “ . . . ექსპერტიზის დამნიშვნელი პირის დადგენილების… გარეშე მოითხოვოს სხვა დაწესებულებიდან ექსპერტიზის ჩასატარებლად… საჭირო დოკუმენტები . . . “ საქართველოს სსსკ-ის 132-ე მუხლის და 424-ე მუხლის პირველი ნაწილის “ე” პუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად, იმის გამო, რომ მოკვლევის და წინასწარი გამოძიების დროს ვერ შეიკრიბა ეჭვის გამომრიცხავ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ის მინიმუმი, რომელიც საჭიროა საქმის სასამართლო სხდომაზე განსახილველად, ბრალდებული ა. ა-ძე სამართალში მიცემული ვერ იქნება.
საქართველოს სსსკ 426-ე მუხლის მეორე ნაწილიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ საქმეზე გამოძიება, ფაქტობრივად, თავიდან არის ჩასატარებელი, ა. ა-ძის და მ. ხ-ავას განცხადებები და მათ შორის - სამოქალაქო სარჩელი ვერ განიხილა. ამავე მიზეზის გამო, სასამართლო ვერ მიუთითებს იმ კონკრეტულ მოქმედებებზე, რომლებიც უნდა ჩატარდეს დამატებითი გამოძიების დროს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სახელზე წარმოდგენილი კერძო საკასაციო საჩივრით იმერეთის ოლქის პროკურორის თანაშემწე მ.კაპანაძე ითხოვს სასამართლო კოლეგიის ზემოთ აღნიშნული განჩინების გაუქმებას და საქმის ხელახალი განხილვისათვის იმავე კოლეგიის სხვა შემადგენლობისათვის გადაცემას, მიუთითებს, რომ წინასწარი გამოძიების დროს ა. ა-ძის დაცვის უფლება არ ყოფილა დარღვეული, სხვა საკითხების შემოწმება კი შესაძლებელია შემოწმებულიყო საქმის სასამართლო განხილვისას და მისცემოდა შეფასება.
დაზარალებულის ინტერესების წარმომადგენელი, ადვოკატი ლ.თ-ძე კერძო საკასაციო საჩივრით ითხოვს სასამართლო კოლეგიის განჩინების გაუქმებას და საქმის ხელახალი განხილვისათვის იმავე სასამართლოს კოლეგიის სხვა შემადგენლობისათვის გადაცემას.
წარმოდგენილია ბრალდებულ ა. ა-ძის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. ქ-ძის შესაგებელი, რომელმაც კანონიერად მიიჩნია სასამართლო კოლეგიის განჩინება და ითხოვს მის უცვლელად დატოვებას, რასაც ასევე ეთანხმება ა. ა-ძე.
პალატის სხდომაზე პროკურორმა ე. ქ-ამ მხარი დაუჭირა კერძო საკასაციო საჩივრების მოთხოვნას და იშუამდგომლა მათი დაკმაყოფილების შესახებ.
დაზარალებულმა მ. ხ-ავამ და მისმა ინტერესების წარმომადგენელმა ადვოკატმა ლ.თ-ძემ მხარი დაუჭირეს მათ მიერ წარმოდგენილ საჩივარს და იშუამდგომლეს მისი დაკმაყოფილების შესახებ. ასევე დაზარალებულმა მ. ხ-ავამ აღნიშნა, რომ მიუხედავად მისი არაერთი მოთხოვნისა, რომ დროულად განეხილათ საქმე, არ იქნა გათვალისწინებული; სასამართლო კოლეგიამ ასევე მის დაუსწრებლად ჩაატარა გამწესრიგებელი სხდომა, რითაც უგულებელყო კანონით გათვალისწინებული მისი უფლებები.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა კერძო საკასაციო საჩივრების მოტივების საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეთა განმარტება და თვლის, რომ საჩივრების მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: სასამართლო კოლეგიის მიერ არ იქნა დაცული საქართველოს სსსკ-ის 417-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნა, რომლის მიხედვით სასამართლო სხდომაზე საქმის განსახილველად საკმაო საფუძვლის არსებობისას სასამართლო წინასწარ არ წყვეტს რა ბრალეულობის საკითხს, გამოიტანს განჩინებას ბრალდებულის სამართალში მიცემის შესახებ.
სასამართლო კოლეგიამ არ გაითვალისწინა კანონის აღნიშნული მოთხოვნა და თითქმის მთელი განჩინება მიუძღვნა ა. ა-ძის ბრალეულობის საკითხს. განჩინებაში მსჯელობაა მხოლოდ იმის თაობაზე, თუ რატომ არ უნდა იქნეს მიღებული წინასწარი გამოძიებისას მოპოვებული ესა თუ ის მასალა მტკიცებულებად, მაშინ, როდესაც ბრალდებულის სამართალში მიცემის სტადიაზე სასამართლო კოლეგია არ იყო უფლებამოსილი, ემსჯელა ა. ა-ძის ბრალეულობის საკითხზე.
თუ კოლეგია ჩათვლიდა, რომ მტკიცებულებები მოპოვებული იყო საპროცესო ნორმების დარღვევით, მას შეეძლო მტკიცებულებათა ნუსხიდან ამოერიცხა ასეთი მტკიცებულებები და მიეღო შესაბამისი გადაწყვეტილება. მხოლოდ ის გარემოება, რომ რიგი მტკიცებულება მოპოვებულია საპროცესო კანონის დარღვევით, არ წარმოადგენს საქმის დამატებით გამოძიებაში დაბრუნების საფუძველს.
განჩინების მითითება იმის შესახებ, რომ თითქოს წინასწარი გამოძიების დროს დარღვეულ იქნა ბრალდებულ ა. ა-ძის დაცვის უფლება, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს, რადგან ასეთი მითითება ემყარება მხოლოდ სასამართლო კოლეგიის მოსაზრებას, რომელიც არ ყოფილა საერთოდ გამოკვლეული და შეფასებული.
განჩინებაში მითითებული სხვა საკითხები სასამართლო კოლეგიას შეეძლო საქმის სასამართლო განხილვისას გამოეკვლია და შეეფასებინა.
პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლო კოლეგიამ არ შეასრულა საქართველოს სსკ-ის 69-ე მუხლის “ლ” პუნქტის მოთხოვნა, რომლის მიხედვით დაზარალებულს ან მის უფლებამონაცვლეს აქვს უფლება, მონაწილეობა მიიღოს საქმის განხილვაში სამართალში მიცემის სტადიაზე. მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებულმა მ. ხ-ავამ არაერთხელ მიმართა სასამართლო კოლეგიას, რომ ეცნობებინათ საქმის განხილვის თარიღის შესახებ და დროულად განეხილათ საქმე, სასამართლო კოლეგიამ საერთოდ არ აცნობა სამართალში მიცემის საკითხის გადაწყვეტის თარიღი, რითაც, გარკვეულწილად, შეზღუდა კანონით გარანტირებული მისი უფლება. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ზოგ შემთხვევაში დაზარალებული მ. ხ-ავა განჩინებაში მოხსენიებულია ყ-იანის გვარით.
პალატა თვლის, რომ მოცემულ საქმეზე დადგენილი განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე სამართალში მიცემის სტადიიდან განსახილველად გადაეცეს იმავე სასამართლო კოლეგიის სხვა შემადგენლობას.
სარეზოლუციო ნაწილი:
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 560-ე, 561-ე, 562-ე, 568-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
პროკურორისა და დაზარალებულის კერძო საკასაციო საჩივრების მოთხოვნა დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2001 წლის 28 მაისის განჩინება ა. ა-ძის ბრალდების საქმის დამატებით გამოძიებაში დაბრუნების შესახებ გაუქმდეს და საქმე სამართალში მიცემის სტადიიდან განსახილველად გადაეცეს იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობას.