საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№250აპ-17 10 ოქტომბერი, 2017 წელი
კ. ე-ი, 250აპ-17 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მზია თოდუა (თავმჯდომარე),პაატა ქათამაძე, ეკატერინე გასიტაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 7 მარტის განაჩენზე ქ. თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნუგზარ ჭიტაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 16 მარტის განაჩენით კ. ე., - ნასამართლობის მქონე, ცნობილი იქნა :
1.1. დამნაშავედ (დაუსწრებლად) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში სსკ-ის) 19,108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 11 (თერთმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
1.2. სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 15 ოქტომბრის განაჩენით, სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით და სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული პირობითი მსჯავრი და, სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი 4 (ოთხი) წელი, 3 (სამი) თვე და 2 (ორი) დღე და საბოლოოდ, კ. ე-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 15 (თხუთმეტი) წლით, 9 (ცხრა) თვით და 2 (ორი) დღით თავისუფლების აღკვეთა;
1.3. მსჯავრდებულ კ. ე-ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა განესაზღვრა განაჩენის აღსრულების მომენტიდან.
2. კ. ე-ს მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა განზრახ მკვლელობის მცდელობა, რაც გამოიხატა შემდეგში:
2.1. 2010 წლის 21 ოქტომბერს, დაახლოებით 01:00-დან 02:00 საათამდე დროის მონაკვეთში, კ. ე. იმყოფებოდა ქ.თ-ში - ქუჩა №--ში, თავის საცოლესთან - ნ. ა-სთან, რა დროსაც ეზოში ყოფნისას იგი შემთხვევით შეხვდა სამსახურიდან სახლში დაბრუნებულ ამავე ეზოში მცხოვრებ ი. გ-ს და მის მეგობარ გ. გ-ეს, რომლებიც ნ. ა-ის ბინაში გარკვეული დროის განმავლობაში სარემონტო და სამღებრო სამუშაოებს ასრულებდნენ. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, კ. ე-მა ისინი სალაპარაკოდ შეიყვანა იმავე ეზოში მცხოვრებ ა. ხ-ის სახლში და აგრესიული ტონით მოსთხოვა სარემონტო სამუშაოების დასრულება, რაზეც ი. გ-მა და გ. გ-ემ მშვიდი ტონით აუხსნეს, რომ სარემონტო სამუშაოებს ვერ განაგრძნობდნენ, რადგან გალესილი კედლები საჭიროებდა კარგად გაშრობას, წინააღმდეგ შემთხვევაში, არსებობდა რემონტის დაზიანების საფრთხე. მიუხედავად ამისა, კ. ე. უფრო აგრესიულად განეწყო მათ მიმართ და არაერთხელ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რის შედეგადაც, კ. ე-ს, ი. გ-სა და გ. გ-ეს შორის არსებული საუბარი გადაიზარდა კამათში და შემდგომ ხელჩართულ ჩხუბში. ამ დროს ჩხუბის მონაწილე კ. ე-მა განიზრახა გ. გ-ის მკვლელობა.
2.2. დანაშაულებრივი ქმედების სისრულეში მოსაყვანად ამ უკანასკნელმა იქვე მოიძია დანა, რომელიც მოიმარჯვა მარჯვენა ხელში და განზრახ მოკვლის მიზნით, გ. გ-ეს მუცლის ღრუში მიაყენა ნაკვეთი ჭრილობა, წვრილი ნაწლავისა და ჯორჯლის დაზიანებით, რაც სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისთვის სახიფათო.
2.3. კ. ე-მა დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანა ვერ შეძლო, ვინაიდან მას ხელი შეუშალა ი. გ-მა, ხოლო გ. გ. ჯანმრთელობის გაუარესების გამო გადაყვანილ იქნა ქ.თ-ის N- კლინიკურ საავადმყოფოში, სადაც გაწეული სამედიცინო დახმარების შედეგად მოხერხდა მისი სიცოცხლის შენარჩუნება.
3. მსჯავრდებული კ. ე. სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N- დაწესებულებაში შესახლებულ იქნა 2014 წლის 19 სექტემბერს.
4. მსჯავრდებულმა 2014 წლის 17 ოქტომბერს სააპელაციო წესით გაასაჩივრა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი, რომლითაც გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა მოითხოვა, იმ საფუძვლით, რომ შემთხვევის დღეს როგორც ი. გ., ისე დაზარალებული გ. გ. იყვნენ ძალიან მთვრალები, რის გამოც სწორედ ვერ აღიქვამდნენ მოვლენებს და, ვინაიდან ისინი არიან მეგობრები, ერთად შეიმუშავეს მის წინააღმდეგ საერთო პოზიცია. მას გ. გ-სთვის დანა არ დაურტყამს, ხოლო მისი მოკვლის სურვილი რომ ჰქონოდა, ამაში ხელს არაფერი შეუშლიდა.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 26 ოქტომბრის განაჩენით მსჯავრდებულ კ. ე-ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდა, იგი უდანაშაულოდ იქნა ცნობილი საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდა.
5.1. სააპელაციო პალატამ კ. ე-ის გამამართლებელ განაჩენს საფუძვლად დაუდო ის გარემოება, რომ ბრალდების მხარის მიერ საქმის სააპელაციო წესით განხილვისას, ვერ იქნა წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხველ მტკიცებულებათა ერთობლიობა, კერძოდ, ბრალდების მხარის მიერ მტკიცებულებათა გაცვლის ნუსხაში მითითებული იყო მხოლოდ ექსპერტების დაკითხვის შესახებ, ხოლო დაზარალებულისა და მოწმეთა დაკითხვის შესახებ მითითებული არ ყოფილა, შესაბამისად, სააპელაციო ინსტანციაში ისინი არ დაუკითხავთ. ამასთან, პალატის განმარტებით, სააპელაციო ინსტანციაში ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია წერილობითი მტკიცებულებების ავთენტურობის დამადასტურებელი არცერთი მტკიცებულება, რითაც დაირღვა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 248-ე მუხლის მოთხოვნები.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 10 მაისის განაჩენით, ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორის მანანა მარტაშვილის საკასაციო საჩივრის მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 26 ოქტომბრის გამამართლებელი განაჩენი გაუქმდა და, ვინაიდან, საკასაციო პალატას არ გააჩნდა სააპელაციო პალატის დაშვებული დარღვევების გამოსწორობის და მოწმეთა დაკითხვის სამართლებრივი მექანიზმი, საქმე არსებითი განხილვისათვის დაუბრუნდა სააპელაციო პალატას.
6.1. საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სააპელაციო პალატამ უკანონოდ, სსსკ-ის არსებითი დარღვევით უთხრა უარი ბრალდების მხარეს წინასასამართლო სხდომაზე დასაშვებად ცნობილი მტკიცებულებების - დაზარალებულისა და მოწმეების ჩვენებების გამოკვლევაზე - დაკითხვაზე იმ მიზეზით, რომ მტკიცებულებათა გაცვლის ნუსხაში არ იყო მითითებული მათი დაკითხვის თაობაზე;
6.2. საკასაციო პალატის განმარტებით, დამატებით მხარეებისათვის იმ მოვალეობის დაკისრება, რომ გამოკითხვის (დაკითხვის) ოქმის მეორე მხარისთვის გადაცემისა და სასამართლოსათვის წარდგენასთან ერთად დაეკისრათ ასევე, ერთმანეთსა და სასამართლოსთვის დასაკითხ პირთა სიის (ნუსხის) წარდგენა, არ გამომდინარეობდა სსსკ-ის 83-ე მუხლის ნორმის მოთხოვნიდან. დაკითხვის ოქმის მხარისთვის გადაცემა და წარდგენა სასამართლოსთვის სხვა არაფერია, თუ არა, მოთხოვნა დაკითხული პირის დაკითხვაზე. ამდენად, ეს საპროცესო მოქმედებები გონივრულია, ჩაითვალოს მოწინააღმდეგე მხარის სრულ ინფორმირებად მოწმის შემდგომი დაკითხვის თაობაზე. ამასთან, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები დასაშვებად იქნა ცნობილი წინასასამართლო სხდომაზე, რითაც მხარეს წარმოეშვა საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე, მათი გამოკვლევისა და დაკითხვის უფლება.
7. სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას, მსჯავრდებულ კ. ე-ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მსჯავრდებულის გამართლება იმ მოტივით, რომ სისხლის სამართლის საქმეზე უხეშად დაირღვა სსსკ-ის 83-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული მხარეთა მიერ მტკიცებულებათა გაცვლის 5-დღიანი ვადა, რაც არსებითი ხასიათის დარღვევას წარმოადგენდა და აღნიშნულთან დაკავშირებით მიუთითა დამკვიდრებულ სასამართლო პრაქტიკაზე. ამასთან, პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით არ იქნა დაკითხული საქმის მწარმოებელი გამომძიებელი, რომელიც დაადასტურებდა მის მიერ შექმნილი წერილობითი მტკიცებულებების ავთენტურობას.
8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 7 მარტის განაჩენით, მსჯავრდებულ კ. ე-ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 16 მარტის გამამტყუნებელი განაჩენი და მის ნაცვლად დადგა გამამართლებელი განაჩენი; კ. ე. ცნობილ იქნა უდანაშაულოდ სსკ-ის 19,108-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდა.
8.1. სააპელაციო პალატამ მოცემული სისხლის სამართლის საქმე განიხილა სსსკ-ის 292-299-ე მუხლების შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვას არ ესწრებოდა თავად მსჯავრდებული კ. ე.. სააპელაციო სასამართლოში არ მომხდარა დაზარალებულისა და იმ მოწმეთა დაკითხვა, რაზეც საკასაციო პალატამ მიუთითა თავის განაჩენში, ვინაიდან დაზარალებულიც და მოწმეებიც პირველი ინსტანციის სასამართლოში დაიკითხნენ და მათი ხელახალი დაკითხვა, მსჯავრდებულის საქმის განხილვაში მონაწილეობის გარეშე, სამართლებრივად საფუძველს მოკლებული იყო.
8.2. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სისხლის სამართლის საქმის მიხედვით, დასტურდებოდა, რომ ბრალდების მხარემ დაცვის მხარეს ერთჯერადად, 2010 წლის 17 დეკემბერს გაუცვალა მის ხელთ არსებული მტკიცებულებები და იმავე დღეს, სასამართლოს გადაეგზავნა იმ მტკიცებულებათა ჩამონათვალი, რომელთა წარდგენასაც სასამართლოში აპირებდა.
პალატამ მიუთითა, რომ მხარეთა მიერ მოპოვებული მტკიცებულებების ერთმანეთისთვის გაცვლისა და სასამართლოსთვის გადაცემის საკითხს არეგულირებდა სსსკ-ის 83-ე მუხლი, რომლის მე-6 ნაწილი მხარეებს ავალდებულებდა წინასასამართლო სხდომის გამართვამდე არაუგვიანეს ხუთი დღისა, ერთმანეთისთვის და სასამართლოსთვის მიეწოდებინათ იმ მომენტისთვის მათ ხელთ არსებული სრული ინფორმაცია იმ მტკიცებულებათა შესახებ, რომლის სასამართლოში წარდგენასაც აპირებდნენ. მოცემულ შემთხვევაში, 2010 წლის 22 დეკემბერს დანიშნული წინასასამართლო სხდომისთვის, არაუგვიანეს 5 დღეს წარმოადგენდა 2010 წლის 16 დეკემბერი, ხოლო ინფორმაციის გაცვლის დღიდან 2010 წლის 17 დეკემბრიდან 5 დღე, იმის გათვალისწინებით, რომ სსსკ-ის 86-ე მუხლიდან გამომდინარე ათვლა იწყება მეორე დღეს - 2010 წლის 22 დეკემბერი წარმოადგენდა უკვე მე-5 დღეს. მხარეს კი უფლება არ აქვს შეიჭრას იმ 5 დღიან ვადაში, რაც თავის მხრივ, მეორე მხარისთვის და სასამართლოსთვის არის განკუთვნილი.
8.3. პალატამ ყურადღება გაამახვილა ასევე სსსკ-ის 75-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, მოწმის ჩვენება დაუშვებელი მტკიცებულებაა, თუ ამ მოწმის გამოკითხვის ოქმი არ გადაეცა მეორე მხარეს ამ კოდექსის 83-ე მუხლით დადგენილი წესით. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არათუ დაზარალებულისა და მოწმეების ჩვენებები, არამედ ყველა სხვა მტკიცებულება დაცვის მხარესა და სასამართლოს გადაეცა სსსკ-ის 83-ე მუხლის მე-6 ნაწილის მოთხოვნათა დარღვევით.
8.4. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების მხარის მიერ წარდგენილმა მტკიცებულებებმა წინასასამართლო სხდომაზე გადალახეს დასაშვებობის შემოწმების ეტაპი, სსსკ-ის 83-ე მე-6 ნაწილით დადგენილ მოთხოვნათა არსებითი დარღვევის გამო, რაც, თავის მხრივ, ითვლება კანონის არსებით დარღვევად და საპროცესო ნორმების იმპერატიული მოთხოვნის შეუსრულებლობად, ისინი გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად ვერ დაედებოდა.
8.5. სააპელაციო პალატამ მიუთითა სსსკ-ის 78.1 და ამავე კოდექსის 248.1 მუხლებზე და განმარტა, რომ ტრასოლოგიური და ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნები გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად ვერ დაედებოდა.
9. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით პროკურორი ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 7 მარტის გამამართლებელი განაჩენის გაუქმებასა და კ. ე-ის დამნაშავედ ცნობას სსკ-ის 19,108-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში და კანონით გათვალისწინებული სასჯელის შეფარდებას.
9.1. კასატორის პოზიციით, სააპელაციო სასამართლოს გამამართლებელი განაჩენი დაუსაბუთებელი და უკანონოა, ვინაიდან იგი არ გამომდინარეობს საქმეში არსებული მტკიცებულებებიდან. კასატორის მითითებით, სააპელაციო განხილვის ეტაპზე კ. ე-ს ინტერესების დამცველი ადვოკატი გასცდა სააპელაციო საჩივარსა და მისი შესაგებლის ფარგლებს, რადგან განმარტა რომ სისხლის სამართლის საქმეზე დარღვეული იყო სსსკ-ის 83-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დადგენილი მოთხოვნა, არაუგვიანეს 5 დღისა დაცვის მხარისათვის, ბრალდების მხარეს გადაეცა მტკიცებულებები და წარედგინა სასამართლოში, ვინაიდან დაცვის მხარესთან ბრალდების მხარეს მტკიცებულებები გაცვლილი ჰქონდა 2010 წლის 17 დეკემბერს და იმავე დღეს წარდგენილი ჰქონდა სასამართლოში იმ მტკიცებულებათა ჩამონათვალი, რომელთა მტკიცებულებად წარდგენასაც აპირებდა, ხოლო წინასასამართლო სხდომა დანიშნული იყო 2010 წლის 22 დეკემბერს. დაცვის მხარის აღნიშნული განმარტება არასწორად გაიზიარა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ, რაც საფუძვლად დაუდო გამამართლებელ განაჩენს.
9.2. კასატორის მტკიცებით, გასაჩივრებული განაჩენით, სააპელაციო პალატამ დაარღვია სსსკ-ის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის მოთხოვნა, სააპელაციო განხილვა მომხდარიყო სააპელაციო საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში, რომელიც სისხლის სამართლის პროცესის ერთ-ერთი ძირითადი - მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარეობს.
9.3. კასატორის განმარტებით, გაუგებარია, თუ რატომ დააყენა სააპელაციო სასამართლომ ეჭვქვეშ ტრასოლოგიური ექსპერტიზის # - დასკვნის ავთენტურობა, მიუხედავად ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის ავტორის - გ. ლ-ის დაკითხვისა, მხოლოდ იმის გამო, რომ ტრასოლოგიური ექსპერტიზა ჩატარებული იყო შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ ნივთებზე და შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის შემდგენელი, გამომძიებელი - მ. ჩ., ვისაც უშუალოდ ჰქონდა ექსპერტიზაზე წარდგენილი ნივთები, არ იყო დაკითხული სასამართლოში, რაც საფუძველს მოკლებული იყო.
9.4. კასატორის მითითებით, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე წინასასამრთლო სხდომა დანიშნული იყო 2010 წლის 22 დეკემბერს, ხოლო ბრალდების მხარემ 2010 წლის 17 დეკემბერს დაცვის მხარეს და სასამართლოს მიაწოდა წინასასამართლო სხდომის გამართვამდე 5 დღით ადრე, იმ მომენტისთვის მის ხელთ არსებული სრული ინფორმაცია, რომლის მტკიცებულებად სასამართლოში წარდგენასაც აპირებდა. განსახილველ შემთხვევაში, ბრალდების მხარეს რომ მოეხდინა მის ხელთ არსებული ინფორმაციის დაცვის მხარისა და სასამართლოსთვის 2010 წლის 18 დეკემბერს მიწოდება, 2010 წლის 22 დეკემბერი ჩაითვლებოდა უკვე მე-5 დღედ, რადგან ვადის გამოთვლისას მხედველობაში არ მიიღება ის დღე, როდესაც იწყება ვადის დინება, კერძოდ: 2010 წლის 22 დეკემბერი - მე-5 დღე; 2010 წლის 21 დეკემბერი - მე-4 დღე; 2010 წლის 20 დეკემბერი - მე-3 დღე; 2010- წლის 19 დეკემბერი - მე-2 დღე; 2010 წლის 18 დეკემბერი - პირველი დღე. ამდენად, ვინაიდან, სსსკ-ის 86-ე მუხლის პირველის ნაწილის მიხედვით, ვადის გამოთვლისას მხედველობაში არ მიიღება ის დღე, რომლითაც ვადის დინება იწყება, შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, ვადის დენა 2010 წლის 18 დეკემბერს იწყებოდა.
9.5. კასატორის მტკიცებით, კ. ე-ის მიერ გ. გ-ის მოკვლის განზრახვა დასტურდებოდა დაზარალებულისათვის მიყენებული დაზიანების ხარისხით, რაც პირდაპირ მიზეზობრივ კავშირში იყო დამდგარ შედეგთან და ემყარებოდა სასამართლო-სამედიცინო და ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნებს.
9.6. კასატორის მითითებით, საქმეში „მასლოვა და ნალბანდოვი რუსეთის წინააღმდეგ“ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ მტკიცებულებათა შეფასებისას მან გამოიყენა მტკიცებულების „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტი. მტკიცებულება შეიძლება, გამომდინარეობდეს საკმარისად მკაცრი, ცხადი და შეთანხმებული დასკვნების ერთობლიობიდან ან ფაქტების უტყუარი ვარაუდებიდან.
9.7. კასატორის პოზიციით, გასაჩივრებული განაჩენით გაუგებარია, თუ რატომ არ გაიზიარა და უარყო სასამართლომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები. საქმეზე დაკითხული მოწმეების ჩვენებების ერთმანეთთან დაკავშირებისას დგინდება, რომ აღნიშნული ჩვენებები არის ერთმანეთის თანმიმდევრული, ხსენებულ ჩვენებებში ერთნაირი სიზუსტით არის აღწერილი საქმის გარემოებები, სწორედ იმ თანმიმდევრობით, რასაც სინამდვილეში ჰქონდა ადგილი. შესაბამისად, ბრალდებამ სასამართლოს წარუდგინა ფაქტებისა და მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელთა შეფასების შედეგად ობიექტური პირი დარწმუნდებოდა, რომ კ. ე-მა ჩაიდინა ბრალად შერაცხული დანაშაული.
10. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
11. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
12. საკასაციო პალატამ შეისწავლა წარმოდგენილი საჩივარი, სისხლის სამართლის საქმე და მიაჩნია, რომ იგი არ მოიცავს ისეთი სახის სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობდა სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას. პალატა აღნიშნავს, რომ მსგავს სამართლებრივ საკითხებზე არსებობს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა და, ამასთან, ბრალდების მხარეს არ მიუთითებია გარემოებაზე, რომელიც დადგენილი პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღებას მიზანშეწონილს გახდიდა. პროკურორის მიერ გასაჩივრებულ ნაწილში კ. ე-ის ბრალად წარდგენილი ქმედება წარმოადგენს სსკ-ის 19,108-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს და ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა არარსებობის შემთხვევაში, პირის მსჯავრდების დაუშვებლობასთან მიმართებით არსებობს ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა (შდრ. საქმე №14აპ-15). აქედან გამომდინარე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი მსგავს სამართლებრივ საკითხზე არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკისაგან და მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე სავარაუდო არ არის დადგენილი პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
13. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს პროკურორის მოსაზრებას, რომ სააპელაციო სასამართლოს გამამართლებელი განაჩენი დაუსაბუთებელი და უკანონოა, ვინაიდან იგი არ გამომდინარეობს საქმეში არსებული მტკიცებულებებიდან. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო პალატის განაჩენი შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლით დადგენილ ფუძემდებლურ პრინციპს, რომ ყოველი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით (მაშასადამე, უტყუარ მტკიცებულებებზე დაყრდნობით), ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. სათანადოდ დასაბუთებულია ის მოტივები, რომელთა საფუძველზეც სააპელაციო პალატამ კ. ე-ს საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით მსჯავრდებისათვის გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნის ფარგლებში დაკმაყოფილებულად არ მიიჩნია. ამ კუთხით, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განაჩენი უნდა ემყარებოდეს საქმეში არსებულ მტკიცებულებათა თავისუფალ შეფასებას, დასკვნებს, რომლებიც გამომდინარეობს ფაქტობრივი გარემოებებიდან და მხარეების მიერ წარდგენილი მოსაზრებებიდან. მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან (იხ. Salman v Turkey, ECtHR, 27/06/2000, par. 100; El Masri v the Former Yugoslav Republic of Macedonia, ECtHR (GC), 13/12/2012; Hassan v the UK, ECtHR, (GC), 16/09/2014, par. 48). ამ კონკრეტულ საქმეში, სააპელაციო სასამართლომ იმსჯელა და არგუმენტირებულად დაასკვნა, რომ არსებულ ფაქტობრივ გარემოებათა და მტკიცებულებათა ერთობლიობა ვერ აკმაყოფილებდა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს, რომელიც დადგენილია მათ შორის ევროპული სასამართლო პრაქტიკითაც.
14. საკასაციო სასამართლო ეთანხმება ასევე სააპელაციო პალატის იმ მსჯელობას, რომ, მოცემულ შემთხვევაში, 2010 წლის 22 დეკემბერს დანიშნული წინასასამართლო სხდომისთვის, არაუგვიანეს 5 დღეს წარმოადგენდა 2010 წლის 16 დეკემბერი, ხოლო ინფორმაციის გაცვლის დღიდან 2010 წლის 17 დეკემბრიდან 5 დღე, იმის გათვალისწინებით, რომ სსსკ-ის 86-ე მუხლიდან გამომდინარე იწყება მეორე დღეს - 2010 წლის 22 დეკემბერი წარმოადგენდა უკვე მე-5 დღეს. მხარეს კი უფლება არ აქვს შეიჭრას 5-დღიან ვადაში, რაც თავის მხრივ, მეორე მხარისთვის და სასამართლოსთვის არის განკუთვნილი. პალატა იზიარებს ასევე სსსკ-ის 75-ე მუხლის მე-3 ნაწილთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოს მსჯელობასაც, რომლის თანახმად, მოწმის ჩვენება დაუშვებელი მტკიცებულებაა, თუ ამ მოწმის გამოკითხვის ოქმი არ გადაეცა მეორე მხარეს ამ კოდექსის 83-ე მუხლით დადგენილი წესით. პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, დაზარალებულისა და მოწმეების ჩვენებები, ასევე, ყველა სხვა მტკიცებულება დაცვის მხარეს და სასამართლოს გადაეცა სსსკ-ის 83-ე მუხლის მე-6 ნაწილის მოთხოვნათა დარღვევით.
15. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას ტრასოლოგიური და ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნებთან დაკავშირებითაც და მიაჩნია, რომ სსსკ-ის 248-ე მუხლის პირველი ნაწილისა (საქმის არსებითი განხილვისას მხოლოდ ის მტკიცებულებაა დასაშვები, რომლის ავთენტურობაც დასტურდება) და ამავე კოდექსის 78-ე მუხლის (მხარის მოთხოვნის შემთხვევაში დოკუმენტს მტკიცებულებითი ძალა აქვს, თუ ცნობილია მისი წარმომავლობა და თუ ის ავთენტურია. დოკუმენტი ან ნივთიერი მტკიცებულება დასაშვები მტკიცებულებაა, თუ მხარეს შეუძლია მოწმედ დაკითხოს პირი, რომელმაც მოიპოვა, შექმნა იგი და რომელთანაც ინახებოდა სასამართლოში წარდგენამდე) მოთხოვნებიდან გამომდინარე, ისინი საფუძვლად ვერ დაედებოდა გამამტყუნებელ განაჩენს, ვინაიდან, მითითებული ექსპერტიზის დასკვნები ჩატარდა შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ ნივთებზე, თუმცა სასამართლოში არ დაკითხულა შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის შემდგენელი, გამომძიებელი - მ. ჩ., ვინც უშუალოდ ამოიღო ექსპერტიზაზე წარდგენილი ნივთები. სასამართლოში არ დაკითხულა ასევე, გამომძიებელი - მ. ს., ვინც უშუალოდ მოიპოვა დასახელებული წერილობითი მტკიცებულებები.
16. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა დეტალურად აღარ იმსჯელებს განსახილველი საკასაციო საჩივრის ყველა პრეტენზიაზე.
17. რაც შეეხება სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებს, საქმის მასალათა შესწავლის თანახმად, ზემომითითებული გარემოებები არ არსებობს. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი, ვინაიდან კასატორის მიერ მითითებული საფუძვლები არ შეესაბამება სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილ არცერთ წინაპირობას.
18. სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ქ. თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნუგზარ ჭიტაძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: მზია თოდუა
მოსამართლეები: პაატა ქათამაძე
ეკატერინე გასიტაშვილი