საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 06.07.2023
საქმის ნომერი
2კ-32აპ.-23
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
06.07.2023

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100121005193231

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №32აპ-23 ქ. თბილისი

გ. დ. 32აპ-23 6 ივლისი, 2023 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 25 ნოემბრის განაჩენზე თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ შოთა ბარამიასა და მსჯავრდებულ დ. გ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატის - დ. ვ-ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით დ. გ-ს, - დაბადებულს 1... წელს, - ბრალად ედებოდა:

1.1. ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, არაერთგზის, ბინაში უკანონო შეღწევით, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (17 ეპიზოდი);

1.2. ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, არაერთგზის, ბინაში უკანონო შეღწევით, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით;

1.3. ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, არაერთგზის, ბინაში უკანონო შეღწევით, დიდი ოდენობით, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“, „გ“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით;

1.4. ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით.

2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით დ. გ-ს მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში: თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 5 ივნისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 284-ე მუხლის პირველი ნაწილით ნასამართლევმა დ. გ-მ ჩაიდინა დანაშაულები, კერძოდ:

- 2021 წლის 10 სექტემბერს, საღამოს საათებში, დ. გ-მ ფანჯრიდან უკანონოდ შეაღწია თ-ში, ... ბინაში და ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა გ. ბ-ს კუთვნილ „TCL-ის“ ფირმის ტელევიზორს, „ROLEX-ის“ საათს, ვერცხლის ყელსაბამსა და 500 ლარს. აღნიშნული ქმედებით დაზარალებულ გ. ბ-ს მიადგა 4570 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი;

- 2021 წლის 20 ივლისიდან 23 ივლისამდე, დ. გ-მ უკანონოდ შეაღწია თ-ში, .... ბინაში და ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა ერთ ოქროს სამაჯურს, ორ ოქროს ბეჭედს, ერთ „კასიოს“ ფირმის საათსა და ერთ „ნოკია ლუმია 520-ის“ მოდელის მობილურ ტელეფონს. აღნიშნული ქმედების შედეგად, დაზარალებულ ი. მ-ს მიადგა 3820 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი;

- 2021 წლის ივლისიდან 3 აგვისტომდე, დ. გ-მ უკანონოდ შეაღწია თ-ში, ... ბინაში და ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა „Sony-ს“ ფირმის ტელევიზორს, კომპიუტერს - ე.წ. „სკოლის ბუკს“, „მასიჩის“ ფირმის ლეპტოპს, ნათლობის ჯვარსა და „ფრანკოს“ ფირმის ,,ვენტილატორს“. აღნიშნული ქმედების შედეგად დაზარალებულ ლ. ა-ს მიადგა 3550 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი;

- 2021 წლის 3 აგვისტოდან 5 აგვისტომდე, დ. გ-მ უკანონოდ შეაღწია თ-ში, .... ბინაში და ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა სამ ოქროს ბეჭედს, ორ ნათლობის ჯვარსა და კულონს, „Acer-ის“ ფირმის სასკოლო ლეპტოპსა და ერთ ყულაბას. აღნიშნული ქმედების შედეგად, დაზარალებულ გ. ტ-ს მიადგა 3120 ლარის ქონებრივი ზიანი;

- 2021 წლის ივლისიდან 8 აგვისტომდე, დ. გ-მ უკანონოდ შეაღწია თ-ში, ... ბინაში და ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა ერთ ტელევიზორსა და ფარდას. აღნიშნული ქმედების შედეგად, დაზარალებულ ნ. ფ-ს მიადგა 480 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი;

- 2021 წლის 12 აგვისტოდან 14 აგვისტომდე, დ. გ-მ უკანონოდ შეაღწია თ-ში, ... ბინაში და ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა სხვადასხვა ბიჟუტერიას. აღნიშნული ქმედების შედეგად, დაზარალებულ ნ. კ-ს მიადგა 500 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი;

- 2021 წლის 14 აგვისტოდან 26 აგვისტომდე, დ. გ-მ უკანონოდ შეაღწია თ-ში, .... ბინა N..-ში და ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა: „Nikon-ის“ ფირმის ფოტოაპარატს, „Sony vaiao-ს“ ფირმის ლეპტოპს მისივე ჩანთით, „Lenovo-ს“ ფირმის ლეპტოპს მისივე ჩანთით, „TOSHIBA-ს“ ფირმის ლეპტოპს, ,,სმარტ“ საათს ,,G-900-ს“, „TOSHIBA-ს“ ფირმის მყარ დისკს, ალკოჰოლური სასმელს (რედ ლეიბლი, ტეკილა, კონიაკი), „როლექსის“ ფირმის საათებს, „IPHONE 6-ის“ მოდელის მობილურ ტელეფონს, ,,APPLE-ის“ ფირმის აიპოდს, „SAMSUNG NOTE 3-ის“ მოდელის მობილურ ტელეფონს, საბავშვო მიკროფონს „WS–858-ს“, „IN GCO-ს“ ფირმის ,,დრელს“, სხვადასხვა სახის ვერცხლის სამკაულს, ბიჟუტერიას, სათვალეებს, საფულეს, სხვადასხვა ფირმის სუნამოს, 6 შეკვრა ყავას, ,,ჯეკ დენიელსის“ ჩასადებ ბალონს თავისი ჭიქით და 2 ყურსასმენს. აღნიშნული ქმედების შედეგად, დაზარალებულ მ. ლ-ს მიადგა 16 802 ლარის დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი;

- 2021 წლის 8 სექტემბრიდან 26 სექტემბრამდე, დ. გ-მ უკანონოდ შეაღწია თში, ... ბინაში და ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა „ჰაისენსის“ ფირმის ტელევიზორს, „ACER-ის“ ფირმის ლეპტოპს, 2 ცალ „ეფლის“ ფირმის ყურსასმენს, სანადირო დანასა და სხვადასხვა ალკოჰოლურ სასმელს. აღნიშნული ქმედების შედეგად, დაზარალებულ მ. გ-ს მიადგა 4000 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი;

- 2021 წლის 8 აგვისტოს, დ. გ-მ უკანონოდ შეაღწია თ-ში, ... ბინა N..-ში და ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა ლ. ჩ-ს კუთვნილ „HP-ის“ ფირმის ლეპტოპს. აღნიშნული ქმედების შედეგად დაზარალებულ ლ. ჩ-ს მიადგა 600 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი;

- 2021 წლის 7 აგვისტოდან 9 აგვისტომდე, დ. გ-მ უკანონოდ შეაღწია ...ბინა N..-ში და ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა უკაბელო ყურსასმენებს, „ასერის“ ფირმის ლეპტოპსა და „ასუსის“ ფირმის პლანშეტს. აღნიშნული ქმედების შედეგად, დაზარალებულ ხ. ქ-ს მიადგა 1800 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი;

- 2021 წლის 11 აგვისტოდან 12 აგვისტომდე, დ. გ-მ უკანონოდ შეაღწია თ-ში, ... ბინაში და ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა „სამსუნგის“ ფირმის ტელევიზორსა და მობილური ტელეფონის დამტენს. აღნიშნული ქმედების შედეგად, დაზარალებულ დ. კ-ს მიადგა 1045 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი;

- 2021 წლის ივლისიდან 17 აგვისტომდე, დ. გ-მ უკანონოდ შეაღწია თ-ში, .... ბინაში და სცადა ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაუფლებოდა მ. ყ-ს კუთვნილ „სამსუნგის“ ფირმის ტელევიზორს. აღნიშნული ქმედების შედეგად, დაზარალებულ მ. ყ-ს შესაძლოა მისდგომოდა 650 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი;

- 2021 წლის 26 აგვისტოს, დ. გ-მ უკანონოდ შეაღწია .... ბინაში და ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა საფულესა და „hp“ ფირმის „15-bc067nr“ მოდელის ლეპტოპს. აღნიშნული ქმედების შედეგად, დაზარალებულ მ. ხ-ს მიადგა 1850 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი;

- 2021 წლის 24 ივლისიდან 2 სექტემბრამდე, დ. გ-მ უკანონოდ შეაღწია თ-ში, ... ბინაში და ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა „acer-ის“ ფირმის მონიტორს, ამავე ფირმის პლანშეტს, „ნოკია 6303“ მოდელის მობილური ტელეფონსა და ვერცხლის ძეწკვს. აღნიშნული ქმედების შედეგად, დაზარალებულ ქ. ს-ს მიადგა 870 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი;

- 2021 წლის 15 აგვისტოდან 3 სექტემბრამდე პერიოდში, დ. გ-მ უკანონოდ შეაღწია თ-ში, ... ბინაში და ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა „ვესტელის“ ფირმის ტელევიზორს, თავის პულტთან ერთად, ვერცხლის ძეწკვსა და ჯვარს, ვერცხლის 2 საყურეს, ვერცხლის ბეჭედსა და სამაჯურს. აღნიშნული ქმედების შედეგად, დაზარალებულ ი. კ-ს მიადგა 1680 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი;

- 2021 წლის 4 სექტემბრიდან 6 სექტემბრამდე, დ. გ-მ უკანონოდ შეაღწია თ-ში, ... ბინაში და ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა „ლენოვოს“ ფირმის „A3300- HV“ მოდელის პლანშეტსა და საფულეს. აღნიშნული ქმედების შედეგად, დაზარალებულ ა. ზ-ს მიადგა 350 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი;

- 2021 წლის 16 აგვისტოდან 7 სექტემბრამდე, დ. გ-მ უკანონოდ შეაღწია თ-ში, ... ბინაში და ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა „GVC-ის“ ფირმის პლაზმურ ტელევიზორს თავისი ორი პულტით, შპს „მაგთისატის“ რესივერსა და 2 მაჯის საათს. აღნიშნული ქმედების შედეგად, დაზარალებულ თ. ვ-ს მიადგა 1200 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი;

- 2021 წლის 17 სექტემბერს, დ. გ-მ უკანონოდ შეაღწია ... ბინაში და ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა ერთ ოქროს საათს, თანხას - 500 ლარს, ,,HP-ის“ ფირმის ლეპტოპსა და „Lg-ის“ ფირმის ტელევიზორის პულტს. აღნიშნული ქმედების შედეგად, დაზარალებულ თ. ა-ს მიადგა 1515 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი;

- 2021 წლის 7 სექტემბრიდან 21 სექტემბრამდე, დ. გ-მ უკანონოდ შეაღწია თ-ში, ... ბინაში და ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა „სამსუნგის“ ფირმის პლაზმურ ტელევიზორს, „სამსუნგის“ ფირმის პერსონალური კომპიუტერის მონიტორს, სხვადასხვა ვერცხლის სამკაულს, უთოს, ყულაბაში არსებულ 50 ლარს. აღნიშნული ქმედების შედეგად დაზარალებულ მ. მ-ს მიადგა 1850 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი;

- დ. გ-მ მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა ცეცხლსასროლი იარაღი, უცხოური წარმოების რევოლვერი - „BULL-DOG“, რასაც 2021 წლის 24 სექტემბერს ინახავდა საცხოვრებელ სახლში, მდებარე - თ-ში, ... ბინაში.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 23 ივნისის განაჩენით:

- დ. გ. ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (დაზარალებულ ხ. ქ-ს ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდა;

- დ. გ. ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (დაზარალებულ დ. კ-ს ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდა;

- დ. გ.ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (დაზარალებულ მ. ყ-ს ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდა;

- დ. გ. ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (დაზარალებულ მ. ხ-ს ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდა;

- დ. გ. ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (დაზარალებულ ქ. ს-ს ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდა;

- დ. გ. ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (დაზარალებულ ი. კ-ს ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდა;

- დ. გ. ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (დაზარალებულ ა. ზ-ს ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდა;

- დ. გ. ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (დაზარალებულ თ. ვ-ს ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდა;

- დ. გ. ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (დაზარალებულ თ. ა-ს ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდა;

- დ. გ. ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (დაზარალებულ მ. მ-ს ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდა;

- დ. გ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (დაზარალებულ გ. ბ-ს ეპიზოდი) და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 5 წლით;

- დ. გ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ ი. მ-ს ეპიზოდი) და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 5 წლით;

- დ. გ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (დაზარალებულ ლ. ა-ს ეპიზოდი) და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 5 წლით;

- დ. გ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (დაზარალებულ გ. ტ-სა და გ. ტ-ს ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 5 წლით;

- დ. გ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (დაზარალებულ ნ. ფ-ს ეპიზოდი) და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 5 წლით;

- დ. გ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (დაზარალებულ ნ. კ-ს ეპიზოდი) და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 5 წლით;

- დ. გ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (დაზარალებულ მ. გ-ს ეპიზოდი) და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 5 წლით;

- დ. გ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (დაზარალებულ ლ. ჩ-ს ეპიზოდი) და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 5 წლით;

- დ. გ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 4 წლით;

- დ. გ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (დაზარალებულ მ. ლ-ს ეპიზოდი) და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 7 წლით. მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 6000 ლარი;

- საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, დანაშაულთა ერთობლიობის დროს უფრო მკაცრმა, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (დაზარალებულ მ. ლ-ს ეპიზოდი) განსაზღვრულმა სასჯელმა შთანთქა სხვა ეპიზოდებისათვის შეფარდებული ნაკლებად მკაცრი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით, დ. გ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 7 წლით. მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა - 6000 ლარი;

- საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 5 ივნისის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 284-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის, დანიშნული სასჯელი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა სრულად შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 2 წლით, რომელიც ჩათვლილი ჰქონდა პირობით იმავე გამოსაცდელი ვადით და ჯარიმა - 3000 ლარი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, დ. გ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 7 წლით. მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა - 6000 ლარი.

- მსჯავრდებულ დ. გ-ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო - 2021 წლის 25 სექტემბრიდან.

4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა, კერძოდ: პროკურორმა შოთა ბარამიამ მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა, დ. გ-ს დამნაშავედ ცნობა ბრალად წარდგენილი ყველა ეპიზოდში და უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა, ხოლო დაცვის მხარემ - დ. გ-ს მიმართ სრულად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 25 ნოემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 23 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა, კერძოდ:

6.1. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორი შოთა ბარამია ითხოვს დ. გ-ს ბრალად წარდგენილი ყველა ეპიზოდში დამნაშავედ ცნობას და უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრას;

6.2. ადვოკატი დ. ვ. ითხოვს დ. გ-ს უდანაშაულოდ ცნობას.

7. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსსკ-ის) 273-ე მუხლს; ასევე - ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001); იმ გარემოებას, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, § 31, ECtHR,11/11/2011) და ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No.2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).

8. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გაასაჩივრეს მხარეებმა, კერძოდ: ბრალდების მხარე ითხოვს დ. გ-ს დამნაშავედ ცნობას ბრალად წარდგენილ ყველა ეპიზოდში და უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრას, ხოლო დაცვის მხარე - დ. გ-ს სრულად გამართლებას.

9. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა და გასაჩივრებულ განაჩენში მიუთითა იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც დ. გ. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (დაზარალებულ ხ. ქ-ს ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (დაზარალებულ დ. კ-ს ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (დაზარალებულ მ. ყ-ს ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (დაზარალებულ მ. ხ-ს ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (დაზარალებულ ქ. ს-ს ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (დაზარალებულ ი- კ-ს ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (დაზარალებულ ა. ზ-ს ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (დაზარალებულ თ. ვ-ს ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (დაზარალებულ თ. ა-ს ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (დაზარალებულ მ. მ-ს ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში გამართლება, ასევე საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (7 ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“, მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებითა და საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით მსჯავრდება და შესაბამისი სასჯელი განაპირობა. იმავდროულად, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ გასაჩივრებულ განაჩენში დეტალური მსჯელობაა წარმოდგენილი, მათ შორის, ბრალდებისა და დაცვის მხარის ყველა არგუმენტზე, შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტების გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.

10. საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი დ. გ-ს გონივრულ ეჭვს მიღმა დამნაშავედ ცნობისათვის იმ ეპიზოდებში, რომლებშიც იგი გამართლდა, ვინაიდან ბრალდების ამ ნაწილში საქმეში არ მოიპოვება არცერთი პირდაპირი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა მის მიერ მითითებული დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენას, მათ შორის - მოწმეთა ჩვენებები არ შეიცავს ინფორმაციას, რომ ქურდობის ის ეპიზოდები, რომლებშიც დ. გ. გამართლდა, მან ჩაიდინა.

10.1. ბრალდების მხარის პოზიცია დ. გ-ს მიერ ქურდობის ჩადენის შესახებ, იმ ეპიზოდებში, რომელშიც იგი გამართლებულია, არის მხოლოდ ვარაუდი, საკასაციო სასამართლო კი კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის იმპერატიული დანაწესის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს; საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი, ხოლო საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას, რაც საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის საფუძველზე გულისხმობს მტკიცებულებათა ისეთ ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში.

10.2. სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ „ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში... დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-41-43). მტკიცებულებათა ერთობლიობა კი საქმეში უნდა არსებობდეს თითოეულ ეპიზოდთან/მაკვალიფიცირებელ გარემოებასთან მიმართებით.

11. იმავდროულად, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას დ. გ-ს სრულად უდანაშაულობის შესახებ, ვინაიდან დაზარალებულების - გ. ბ-ს, ი. მ-ს, ლ. ა-ს, გ. და გ. ტ-ების, მ. ლ-სა და ლ. ჩ-ს, მოწმეების, მათ შორის - ო. კ-ს, მ. ს-ის, დ. ა-ს, ე. ფ-ს, ბ. ბ-ს, თ. ჩ-ს, ლ. თ-სა და ი. კ-ს ჩვენებებით, დაზარალებულების - ნ. ფ-სა და მ. გ-ს სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნებული გამოკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმებით, დაქტილოსკოპიური, ბიოლოგიური და ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნებით, ნივთების ამოცნობის ოქმებით, ამოღების ოქმებით, სესხისა და გირავნობის სალომბარდე ხელშეკრულებებით, შესყიდვების აქტებითა და სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნით, გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ დ. გ-მ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, მე-3 ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუქნტებით (დაზარალებულების - გ. ბ-ს, ლ. ა-ს, გ. ტ-სა და გ. ტ-ს, ნ. ფ-ს, ნ. კ-ს, მ. გ-ს, ლ. ჩ-ს ეპიზოდები), საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით (ი. მ-ს ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“, ,,გ“ და მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით (დაზარალებულ მ. ლ-ს ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულები. ასევე საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის ოქმით, ბალისტიკური და ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნებითა და საგამოძიებო მოქმედების ჩამტარებელ პირთა - ნ. ღ-ს, ო. მ-ს, ი. ლ-სა და თ. ბ-ს ჩვენებებით დასტურდება, რომ დ. გ-მ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.

11.1. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ზემოაღნიშნული მამხილებელი მტკიცებულებით გონივრულ ეჭვს მიღმა დგინდება დ. გ-ს მიერ მსჯავრად შერაცხული დანაშაულების ჩადენა. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მოკლებულია დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.

12. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ 2022 წლის 27 იანვარს საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე დაცვის მხარემ განმარტა, რომ საქმის მასალების თანახმად, დ. გ. მოცემული საქმის ფარგლებში დააკავეს 2021 წლის 25 სექტემბერს, 02:30 საათზე, თუმცა რეალურად იგი 2021 წლის 24 სექტემბერს, შუადღეს არის დაკავებული; მისთვის არ განუმარტავთ უფლებები და არ მიუწოდებიათ ინფორმაცია სად გადაჰყავდათ, რამაც ავტომანქანაში ჩაჯდომამდე დ. გ-ს და პოლიციელებს შორის ჭიდაობა გამოიწვია და იგი იძულებით წაიყვანეს განყოფილებაში. აღნიშნულს შეესწრო არაერთი მეზობელი. გარდა ამისა, გამომძიებელ ლ. ძ-ს მიერ შედგენილი დოკუმენტების თანახმად, დ. გ-ს ჩაჰბარდა უწყება, თითქოს დ. გ. თავისი ფეხით მივიდა განყოფილებაში, რაც ასევე არ შეესაბამება სიმართლეს, რადგან უწყების ჩაბარება მოხდა განყოფილებაში, ისიც ფორმალურად. სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლების მიერ ადგილი ჰქონდა მუქარასა და ზეწოლას. ადვოკატის განმარტებით დ. გ-სგან აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები მისთვის ცნობილი გახდა მოგვიანებით, შესაბამისად, საწყის ეტაპზე აღნიშნულთან დაკავშირებით ვერ მოახერხა ,,ინფორმაციის დაფიქსირება" (27.01.2022; 11:45:00).

12.1. იგივე გარემოებებზე მიუთითა ადვოკატმა 2022 წლის 1 თებერვალს და დ. გ-ს მიმართ განხორციელებული უკანონო, დანაშაულებრივი და ღირსების შემლახავი ქმედებების გამოაშკარავების მიზნით იშუამდგომლა მოწმეების მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოკითხვა. კერძოდ, ადვოკატმა კვლავ განმარტა, რომ დ. გ. ფაქტობრივად დააკავეს 2022 წლის 24 სექტემბერს, იძულებით გადაიყვანეს განყოფილებაში, სადაც ადგილი ჰქონდა დაშინებას, ზეწოლას, მუქარას, რომ თუ იგი არ აღიარებდა დანაშაულების ჩადენას, მის ოჯახის წევრს წაუყენებდნენ ბრალს. დ. გ-ს არ მისცეს ადვოკატთან კონსულტაციის საშუალება. აღნიშნულიდან გამომდინარე მსჯავრდებულს შეეშინდა მისთვის ფიზიკურად რაიმე არ დაეშავებინათ, ასევე მისი ოჯახის წევრებისათვის. ამასთან, მითითებული ინფორმაციის ადვოკატისათვის მიწოდებისას, იგი ადვოკატს ეკითხებოდა სიმართლის თქმით საფრთხეს ხომ არ შეუქმნიდა ოჯახის წევრებს ან/და მოსამართლეს ხომ არ ,,გააბრაზებდა“. ადვოკატმა აუხსნა, რომ მომხდარის გამჟღავნება სჯობდა სასამართლო სხდომაზე, თუნდაც დაგვიანებით. ამასთან, ადვოკატმა დ. გ-ს მიერ მიწოდებული ინფორმაცია გადაამოწმა დაკავების შემსწრე პირებთან, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ აღნიშნულმა მოწმეებმა ოფიციალურ დაკითხვაზე უარი განუცხადეს, დაცვის მხარეს სურს მათი გამოკითხვა მაგისტრატი მოსამართლის წინაშე (01.02.2022; 00:01:03).

12.2. მოსამართლის კითხვაზე დ. გ-მ დაადასტურა, რომ ის იყო შეშინებული და ამ დრომდე, ამიტომ არ თქვა სიმართლე; ,,ახლა სხვა გზა არ აქვს, თუმცა არც მაშინ ჰქონდა სხვა გზა“. იმავდროულად მიუთითა, რომ ადვოკატებს, რომლებსაც ენდობა და დაახლოებით 3-4 თვეა იცავენ მის ინტერესებს, გამოძიების ეტაპზე შიშის გამო არ უთხრა (00:18:35).

13. აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ პირის გამოძახების შესახებ 2021 წლის 24 სექტემბრის უწყების თანახმად, დ. გ-ს უწყება ჩაბარდა 18:10 საათზე და მას განემარტა, რომ გამოკითხვა ნებაყოფლობითია (უწყებას ხელს აწერს თავად დ. გ. (ტ.N1; ს.ფ. 28)), ასევე პირის გამოკითხვისა (ტ. N1; ს.ფ. 29-33) და საგამოძიებო ექსპერიმენტის (ტ. N1; ს.ფ. 34-43) ოქმების თანახმად, რომლებსაც ხელს აწერს მსჯავრდებული, შენიშვნა და განცხადება დაფიქსირებული არ არის, ხოლო დაკავების ოქმის თანახმად, დ. გ. დააკავეს 2021 წლის 25 სექტემბერს, 02:30 საათზე, საგამოძიებო ექსპერიმენტის დასრულებისთანავე (დაკავების ოქმი ასევე ხელმოწერილია დ. გ-ს მიერ) და ამ შემთხვევაშიც, რაიმე სახის შენიშვნა დაფიქსირებული არ არის, თუმცა საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს გამომძიებელ ი. ლ-ს ჩვენებაზე, რომლის თანახმად, მსჯავრდებულთან პირველი კონტაქტი ჰქონდა, მაშინ როდესაც გადაიყვანეს გამოკითხვაზე. კერძოდ, იგი შეაჩერეს ფულის ჩასარიცხ აპარატთან, ჰკითხეს ვინაობა, უთხრეს, რომ უნდა გადაეყვანათ გამოკითხვაზე, რა დროსაც მსჯავრდებულმა დაიწყო ყვირილი (15:59:16). ადგილზე მივიდა მისი ძმა და ხალხი (16:04:13). მოწმემ განმარტა, რომ მან შესთავაზე გამოკითხვაზე წაყოლოდა, თუმცა იმის გამო, რომ მსჯავრდებულმა ,,ატეხა დებოში“, მოუწოდა დამორჩილებოდა კანონიერ მოთხოვნას, გამოიყენა პროპორციული ძალა, ჩასვა ავტომანქანაში და გადაიყვანა გამოსაკითხად (15:53:45).

13.1. დაცვის მხარე უთითებს სამართალწარმოების მიმდინარეობისას პოლიციის თანამშრომლების მიერ მსჯავრდებულის უფლებების დარღვევაზე (ადგილი ჰქონდა სამართალდამცავი პირების მხრიდან უკანონო, დანაშაულებრივ და ღირსების შემლახავ ქმედებებს, დაშინებას, ზეწოლასა და მუქარას, ძალადობას, რაც საქართველოს სსსკ-ის 1911-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, წარმოადგენს შესაბამისი გამოძიების ორგანოსათვის მიმართვის საფუძველს.

14. რაც შეეხება საცხოვრებელი ბინის ჩხრეკას და მასში მონაწილე პოლიციელების ჩვენებებს, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ:

14.1. მოწმე ნ. ღ. (გამომძიებელი) ბინის ჩხრეკის გადაუდებელი აუცილებლობის პირობებში ჩატარების საფუძვლად უთითებს დ. გ-ს აღიარებით ჩვენებას (21.03.2022; 15:00:17). ამასთან, მოწმის განმარტებით, როგორც ახსოვს ტექნიკური საშუალებები არ გამოუყენებიათ, თუმცა დამსწრე ოჯახის წევრებს არ გაუპროტესტებიათ ჩხრეკის მიმდინარეობა და ჩხრეკის კანონიერება დაადასტურა მსჯავრდებულის ძმამ ვ. გ-მ (15:01:19). კომუნიკაცია დ. გ-ს ძმის გარდა, როგორც ახსოვს ჰქონდა დედასთან, თუმცა კარგად ვერ იხსენებს (15:11:40).

14.2. მოწმე თ. ბ-მ განმარტა, რომ მსჯავრდებულის ძმამ მიუთითა დ. გ-ს საძინებელ ოთახსა და საწოლზე, საიდანაც მან ამოიღო იარაღი. იარაღის ამოღებისას ყველა თანამშრომელი მასთან ერთად იყო, თუმცა შესაძლოა, რომელიმე მათგანი უშუალოდ მას არ უყურებდა (11.05.2022; 15:37:51). ოთხი თანამშრომლისა და დ. გ-ს ძმის გარდა საგამოძიებო მოქმედებაში სხვა პირს არ მიუღია მონაწილეობა (15:41:05). მსჯავრდებულის ოჯახის სხვა წევრები სად იყვნენ მისთვის უცნობია (15:43:50).

14.3. მოწმე ი. ლ-მ განმარტა, რომ მსჯავრდებულის ძმას გააცნეს დადგენილება გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე ჩხრეკის ჩატარების შესახებ. მან მიუთითა დ. გ-ს ოთახზე, სადაც სხვადასხვა ნივთებთან ერთად საწოლიდან, ლეიბის ქვემოთ ადგილიდან თ. ბ-მ ამოიღო იარაღი, რა დროსაც ადგილზე მყოფი ყველა თანამშრომელი იქ იყო. საგამოძიებო მოქმედებას ესწრებოდა მსჯავრდებულის ძმა და ყველანი ერთად იღებდნენ მონაწილეობას. ადგილზე მისვლისას სახლში (შიგნით) ასევე იმყოფებოდნენ მსჯავრდებულის რძალი და დედა (16:02:27).

14.4. მოწმე ო. მ-მ განმარტა, რომ დ. გ-ს ბინის ჩხრეკას ესწრებოდნენ დ. გ-ს ოჯახის წევრები, რა დროსაც ამოიღეს სხვადასხვა ნივთები, მათ შორის, იარაღი, რომელიც იდო საძინებელ ოთახში საწოლის ლეიბის ქვეშ. საგამოძიებო მოქმედების ჩასატარებლად წასვლისას ტექნიკური საშუალება არ წაუღია. მსჯავრდებულის ოჯახის წევრებს ჰქონდათ ტელეფონით გადაღებული ვიდეო (06.05.2022; 16:48:20).

14.5. ამდენად, საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე ყველა პოლიციელმა დაადასტურა მსჯავრდებულის საძინებელი ოთახიდან იარაღის და სხვა ნივთების ამოღების ფაქტი, ჩხრეკისას სახლში დ. გ-ს ოჯახის წევრების ყოფნა, მათ შორის - ძმის უშუალოდ მონაწილეობა ბინის ჩხრეკაში.

14.5.1. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ ბინაში სხვა პირების ყოფნის ფაქტთან დაკავშირებით ნ. ღ. უთითებს ოჯახის სხვა წევრების ყოფნაზე; ი. ლ. - როგორც დედის, ასევე რძლის ყოფნაზე, თუმცა აღნიშნულ მოწმეთა მითითებული ინფორმაცია არ გამორიცხავს თ. ბ-ს ჩვენებას, რომ მისთვის უცნობია სად იყვნენ ოჯახის სხვა წევრები, მითუფრო იმ პირობებში, როდესაც საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის ოქმი ხელმოწერილია მსჯავრდებულის ძმის - ვ. გ-ს მიერ და მასზე შენიშვნა ან განცხადება არ ფიქსირდება. სასამართლო ვერ გაიზიარებს ო. მ-ს ჩვენებას, რომ დ. გ-ს ბინის ჩხრეკას ესწრებოდნენ დ. გ-ს ოჯახის წევრები, იმ კონტექსტში, რომ დ. გ-ს ოჯახის წევრები (ძმის გარდა) მონაწილეობას იღებდნენ საგამოძიებო მოქმედებაში, ვინაიდან აღნიშნული ეწინააღმდეგება ჩხრეკის ოქმის შინაარს და მასში მონაწილე სხვა - სამი გამომძიებლის ჩვენებას.

14.5.2. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარსადგენ მტკიცებულებათა 2021 წლის 8 ნოემბრის ნუსხის თანახმად, სასამართლოში დასაკითხ პირთა შორის იყო ვ. გ., ხოლო 2022 წლის 9 ივნისის სასამართლო სხდომის ოქმის თანახმად, ბრალდების მხარემ დასაკითხ პირთა სიიდან მოხსნა მოწმეები, მათ შორის - ვ. გ. (ტ. N6; ს.ფ. 17), პროკურორმა მიუთითა, რომ ბრალდების მხარემ დაასრულა მტკიცებულებების გამოკვლევა და სასამართლო გადავიდა დასკვნითი სიტყვების მოსმენის ეტაპზე (09.06.2022; 15:00:18).

14.5.3. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ აღნიშნული მოწმე (რომელიც არის მსჯავრდებულის ძმა, მონაწილეობას იღებდა სადავო საგამოძიებო მოქმედებაში და შესაბამისად, ჰქონდა შესაძლებლობა დაედასტურებინა დაცვის მხარის მტკიცება ბინის ჩხრეკის შესაძლო უკანონობის შესახებ, ასეთის არსებობის შემთხვევაში) სასამართლო სხდომაზე არ დაკითხულა, არც როგორც დაცვის მხარის მოწმე, მიუხედავად იმისა, რომ 2021 წლის 8 ნოემბრის ადვოკატ გ. ტ-ს მიერ შედგენილი ოქმის თანახმად, ბრალდების მხარის მიერ დაცვის მხარისათვის გაცვლილი და შემდგომში სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებები ითვლება დაცვის მხარის მტკიცებულებებად და დასაკითხ პირთა სიაში მითითებული მოწმეები ითვლება დაცვის მხარის მოწმეებად (ტ. N3; ს.ფ. 322).

14.5.4. ამდენად, დაცვის მხარს ჰქონდა სადავო საგამოძიებო მოქმედების მონაწილე მოწმის - მსჯავრდებულის ძმის - ვ. გ-ს დაკითხვის შესაძლებლობა, რაც მხარემ არ განახორციელა. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც დაცვის მხარემ საკუთარი პოზიციის - საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის მიმდინარეობისას არსებული ხარვეზების დასაბუთებისათვის, ასეთის არსებობის შემთხვევაში, არ გამოიყენა საქართველოს სსსკ-ით მისთვის მინიჭებული შესაძლებლობა და არ დაკითხა ჩხრეკაში მონაწილე პირი - მსჯავრდებულის ძმა, ხოლო საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებით ვერ დგინდება აღნიშნული ჩხრეკის უკანონობა, სასამართლო მოკლებულია ამ ნაწილში კასატორის პოზიციის გაზიარების შესაძლებლობას.

15. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. „სასჯელი უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხესთან გონივრულ პროპორციაში ... სასჯელის დაკისრება უნდა მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის N1/4/592 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38). შესაბამისად, სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს.

16. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა, გაითვალისწინა მსჯავრდებულის ინდივიდუალური მახასიათებლები და განუსაზღვრა სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებს, სასჯელის მიზნებს (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია) და შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებშია.

17. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დაზარალებულ ი. მ-ს ეპიზოდში მსჯავრდებულის ქმედება დაკვალიფიცირებულია საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ ეპიზოდში ბრალდების მხარე დ. გ-ს ედავება ქურდობას, ი. მ-ს ბინაში უკანონო შეღწევით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი არაერთგზის (2021 წლის 20 ივლისიდან 23 ივლისამდე, დ. გ-მ უკანონოდ შეაღწია თ-ში, .. ბინაში და ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა ერთ ოქროს სამაჯურს, ორ ოქროს ბეჭედს, ერთ „კასიოს“ ფირმის საათსა და ერთ „ნოკია ლუმია 520-ის“ მოდელის მობილურ ტელეფონს. აღნიშნული ქმედების შედეგად, დაზარალებულ ი. მ-ს მიადგა 3820 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი). იმავდროულად, სასამართლო ითვალისწინებს საქართველოს სსსკ-ის მე-12 მუხლს (სისხლისსამართლებრივ დევნას ახორციელებს მხოლოდ პროკურორი), საქართველოს სსსკ-ის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილს (პირის ბრალდება მხოლოდ პროკურორის უფლებამოსილებაა), საქართველოს სსსკ-ის 32-ე მუხლის პირველ ნაწილს (სისხლისსამართლებრივი დევნის ორგანოა პროკურატურა) და კვლავაც აღნიშნავს, რომ სასამართლო საქმეს განიხილავს წარდგენილი ბრალდების ფარგლებში, შესაბამისად, მოკლებულია შესაძლებლობას აღნიშნულ ნაწილში შეცვალოს კვალიფიკაცია და დამატებით მიუთითოს მაკვალიფიცირებელი ნიშნები.

18. საკასაციო სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს, რომ პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, მ. ყ-ს ეპიზოდში მსჯავრდებულის ქმედება დაკვალიფიცირებულია საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ ეპიზოდში ბრალდების მხარე დ. გ-ს ედავება ქურდობის მცდელობას (კერძოდ - 2021 წლის ივლისიდან 17 აგვისტომდე, დ. გ-მ უკანონოდ შეაღწია თ-ში, ... ბინაში და სცადა ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაუფლებოდა მერი ყანდარელის კუთვნილ „სამსუნგის“ ფირმის ტელევიზორს. აღნიშნული ქმედების შედეგად, დაზარალებულ მ. ყ-ს შესაძლოა მისდგომოდა 650 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი). საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ბრალდების შესახებ დადგენილებაში უნდა აღინიშნოს მათ შორის: ბრალდების ფორმულირება (ინკრიმინირებული ქმედების აღწერა, მისი ჩადენის ადგილის, დროის, ხერხის, საშუალების, იარაღის, აგრეთვე ამ ქმედებით გამოწვეული შედეგის მითითებით) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი, ნაწილი, ქვეპუნქტი, რომლებითაც გათვალისწინებულია ეს დანაშაული ( იხ. საქართველოს სსსკ-ის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ და „დ“ ქვეპუნქტები), თუმცა მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ აღნიშნულ ეპიზოდში დ. გ. ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.

19. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020); იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის რელევანტური არგუმენტები განიხილა ქვედა ორი ინსტანციის სასამართლომ, მომჩივნის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა ვერ იქნება მიჩნეული სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებაზე დაწესებულ არაპროპორციულ შეზღუდვად (Tortladze v. Georgia; no.42371/08, §77, ECtHR, 18/03/2021).

20. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლი ამომწურავად ადგენს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლებს. მოცემულ შემთხვევაში საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

21. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

22. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრების დასაშვებობის არცერთი საფუძვლის არსებობა, საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

23. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3,მე-32,მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 25 ნოემბრის განაჩენზე თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ შოთა ბარამიასა და მსჯავრდებულ დ. გ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატის - დ. ვ-ს საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. ვასაძე