საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 31.03.2025
საქმის ნომერი
2კ-1104აპ.-24
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
31.03.2025

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შესახებ

საქმე №1104აპ-24 თბილისი

ბ-ა რ., 1104აპ-24 31 მარტი, 2025 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),ლევან თევზაძე, ნინო სანდოძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 15 ივლისის განაჩენზე ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლევან კლდიაშვილისა და მსჯავრდებულ რ. ბ-ს ადვოკატ რ. შ-ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

1. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, რ. ბ-ს ბრალად დაედო:

· გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, არაერთგზის (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტები);

· გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ, არაერთგზის (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტები).

2. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგით:

2.1. რ. ბ-ა 2020 წლიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება მ. ყ-სთან და მასთან ერთიან საოჯახო მეურნეობას ეწევა ლ-ის მ-ის სოფელ ---ში. რ. ბ-ს აზრით, მ. ყ-ა, როგორც ქალი, ყველა მის გადაწყვეტილებას უსიტყვოდ უნდა დამორჩილებოდა. მას მიიჩნევდა თავის პირად საკუთრებად და მიაჩნდა, რომ ცოლი ქმარს უნდა მომსახურებოდა და შეესრულებინა მისი დავალებები. რ. ბ-ა მ. ყ-სგან მოითხოვდა, მისთვის დროულად გაემზადებინა საუზმე, სადილი და ვახშამი; როცა სურვილი ჰქონდა, სწრაფად და დაუყოვნებლივ გაემზადებინა და მიერთმია მისთვის ყავა; გაერეცხა და დაეუთოებინა ტანსაცმელი, რაც მ. ყ-ს უსიტყვოდ უნდა შეესრულებინა;

2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 3 ნოემბრის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, ოჯახური დანაშაულისათვის მსჯავრდებულმა – რ. ბ-მ – ნასამართლობის გაქარწყლებამდე ან/და მოხსნამდე კვლავ ჩაიდინა ოჯახური დანაშაულები, კერძოდ:

o 2023 წლის 17 აპრილს, დაახლოებით, 18:45 საათზე, ლ-ის მ-ის სოფელ ---ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, რ. ბ-ს, საყოფაცხოვრებო ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტის გამო, თავის მეუღლე მ. ყ-სთან მოუვიდა სიტყვიერი შელაპარაკება, რაზეც გაბრაზებულმა რ. ბ-მ, გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, მ. ყ–ს აგინა, მოიხსენია უხამსი სიტყვებით, რის შემდეგაც მის თმას სწვდა, ძლიერად მოჰქაჩა, საწოლზე წააქცია, სახეში ხელი დაარტყა და თმას ქაჩავდა. აღნიშნული ძალადობრივი ქმედებების შედეგად, დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. ძალადობას შეესწრო მ. ყ-ს არასრულწლოვანი შვილი – 2009 წლის 4 აგვისტოს დაბადებული ი. ყ-ა;

o 2023 წლის 17 აპრილს, დაახლოებით 18:45 საათზე, ლ-ის მ-ის სოფელ ---ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, რ. ბ-მ მ. ყ-ს მიაყენა ფიზიკურ შეურაცხყოფა, რა დროსაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. აღნიშნული ძალადობისას მ. ყ-მ შეძლო, თავი დაეღწია მოძალადისგან, სახლიდან გაიქცა და პირუტყვის სადგომში დაიმალა. მ. ყ-მ დახმარებისათვის დარეკა საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ის სამსახურში და ოპერატორს შეატყობინა მომხდარის შესახებ. რ. ბ-ა ეძებდა დამალულ მ. ყ-ს და ხმამაღლა ყვიროდა, რომ აპირებდა მის მოკვლას, სანამ დარეკავდა და შეატყობინებდა სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებს. დაზარალებულმა მუქარა გაიგონა, რის გამოც, გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში.

3. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 22 ნოემბრის განაჩენით:

§ რ. ბ-ა ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით წარდგენილი ბრალდებისათვის;

§ რ. ბ-ს მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე;

§ რ. ბ-ა, დაბადებული ---, (პირადი №---), ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 400 საათით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა. ამავე კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 3 ნოემბრის განაჩენით მისთვის განსაზღვრული პირობითი მსჯავრი. სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით შეფარდებულ სასჯელს დაემატა წინა – თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 3 ნოემბრის განაჩენით შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან – 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და, საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, სისხლის სამართლის კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, რ. ბ-ს განესაზღვრა 8 თვითა და 20 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც აეთვალა დაკავებიდან – 2023 წლის 17 აპრილიდან.

4. განაჩენის მიხედვით, რ. ბ-ს მსჯავრად დაედო ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არაერთგზის (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტი).

5. აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგით:

o რ. ბ-ა 2020 წლიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება მ. ყ-სთან და მასთან ერთად ეწევა ერთიან საოჯახო მეურნეობას ლ-ის მ-ის სოფელ ---ში;

o თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 3 ნოემბრის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, ოჯახური დანაშაულისათვის მსჯავრდებულმა – რ. ბ-მ – ნასამართლობის გაქარწყლებამდე ან/და მოხსნამდე კვლავ ჩაიდინა ოჯახური დანაშაული, კერძოდ: 2023 წლის 17 აპრილს, დაახლოებით, 18:45 საათზე, ლ-ის მ-ის სოფელ ---ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, რ. ბ-ს მეუღლე მ. ყ-სთან მოუვიდა კონფლიქტი, რა დროსაც ძლიერად მოქაჩა თმა, საწოლზე წააქცია და სახეში ხელი დაარტყა. აღნიშნული ძალადობრივი ქმედების შედეგად, დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

6. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 22 ნოემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს:

Ш მსჯავრდებულ რ. ბ-ს ადვოკატმა – რ. შ-მ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და რ. ბ-ს სრულად გამართლება;

Ш ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა – ლევან კლდიაშვილმა, რომელმაც მოითხოვა: გასაჩივრებული განაჩენის შეცვლა; რ. ბ-ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „ე“ ქვეპუნქტებით, 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „დ“ ქვეპუნქტებით და მისი პიროვნების, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმისა და გარემოებების შესაბამისი მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.

7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 15 ივლისის განაჩენით პროკურორისა და მსჯავრდებულის ადვოკატის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 22 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

8. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 15 ივლისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს:

Ш მსჯავრდებულ რ. ბ-ს ადვოკატმა – რ. შ-მ, რომელიც ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებასა და რ. ბ-ს სრულად გამართლებას;

Ш ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა – ლევან კლდიაშვილმა, რომელიც ითხოვს: გასაჩივრებული განაჩენის შეცვლას; რ. ბ- დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „ე“ ქვეპუნქტებით, 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „დ“ ქვეპუნქტებით და მისი პიროვნების, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმისა და გარემოებების შესაბამისი მკაცრი სასჯელის განსაზღვრას.

9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

10. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება რომელიმე ზემოაღნიშნული საფუძველი; წარმოდგენილი საჩივრებისა და საქმის შესწავლის შედეგად, არ არსებობს გარემოება, რომლის გამოც, მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, რადგან მსგავს სამართლებრივ საკითხებზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომლის შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ იკვეთება. ამავე დროს, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

11. საკასაციო პალატა არ იზიარებს მსჯავრდებულის ადვოკატის მოთხოვნას რ. ბ-ს გამართლების შესახებ და სრულად ეთანხმება და იზიარებს სააპელაციო პალატის სამართლებრივ შეფასებას, რომ მიუხედავად დაზარალებულ მ. ყ-სა და მოწმეების – დ. ა-ს, ვ. ბ-სა და ი. ყ-ს მიერ რ. ბ-ს წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე უარის თქმისა, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული სხვა მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება რ. ბ-ს მიერ მ. ყ-ს მიმართ ძალადობის არაერთგზის ჩადენა, კერძოდ:

§ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-დან გამოთხოვილი აუდიოჩანაწერით გაირკვა, რომ 2023 წლის 17 აპრილს, 19:16 საათიდან 19:33 საათამდე პერიოდში, დაზარალებულმა – მ. ყ-მ ექვსჯერ დარეკა 112-ში, რა დროსაც აღელვებული, ძალიან ემოციურად და დაჟინებით ითხოვდა პოლიციის დახმარებას – „მკლავს ქმარი... ჩქარა... სადმე დამმალეთ... ჩქარა ქენით... მეზობელთან ვიმალები... მომკლავს, პირველი შემთხვევა არ არის... გამოქცეული ვარ... გეხვეწებით, ჩქარა ქენით... არ ვიცი სახლში რა ხდება... ბავშვი მყავს დატოვებული, მომიკლავს შვილს, მისი შვილი არ არის... ჩქარა ქენით, მაინცდამაინც მომკლას?!..“.

§ შემაკავებელი ორდერისა და მისი ოქმის თანახმად, 2023 წლის 17 აპრილს, 20:21 საათზე, შსს ლ-ის რაიონული სამმართველოს ---ის პოლიციის განყოფილების დეტექტივმა – რ. ხ-მ – მოძალადე რ. ბ-ს მიმართ გამოსცა შემაკავებელი ორდერი, რასაც საფუძვლად დაედო მსხვერპლის – მ. ყ-ს – განმარტება იმის შესახებ, რომ მეუღლე რ. ბ-მ 2023 წლის 17 აპრილს, არასრულწლოვან ი. ყ-ს თანდასწრებით, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, ფიზიკურად იძალადა მასზე და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.

§ ალკოტესტით შემოწმების შესახებ ოქმით გაირკვა, რომ 2023 წლის 18 აპრილს, სიმთვრალე-სიფხიზლეზე შემოწმებისას რ. ბ-ა იმყოფებოდა ალკოჰოლით მთვრალი (1.004 პრომილე).

§ შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დადგინდა, რომ 2023 წლის 18 აპრილს, შსს ლ-ის რაიონული სამმართველოს ---ის პოლიციის განყოფილების უფროსმა გამომძიებელმა – დ. ჩ-ემ – ლ-ის მ-ის სოფელ ---ში, მ. ყ-სა და უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ მ. გ-ის მონაწილეობით, დაათვალიერა დაზარალებულისა და ბრალდებულის საცხოვრებელი სახლი. საგამოძიებო მოქმედების მიმდინარეობისას მ. ყ-ს მიერ ნაჩვენები იქნა საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე მდებარე მისაღებ ოთახში განთავსებული საწოლი, რომელზეც, მისი განმარტებით, მეუღლე რ. ბ-მ, 2023 წლის 17 აპრილს, 19:15 საათზე, თმის მოქაჩვით წააქცია და დაარტყა ხელი, რის შედეგადაც განიცადა ფიზიკური ტკივილი. დაზარალებულმა ასევე აჩვენა იმავე ოთახში არსებული სკამი, რომელიც, მისივე განმარტებით, მეუღლემ მოუქნია, თუმცა ვერ დაარტყა, რადგან მათ შორის ჩადგნენ ი. ყ-ა და რ. ბ-ს დედ-მამა, რითაც ისარგებლა, სახლიდან გაიქცა და ბოსელში დაიმალა. უფროსმა გამომძიებელმა – დ. ჩ-მ და უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა – მ. გ-მ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურეს აღნიშნული საგამოძიებო მოქმედების კანონიერება და ოქმში ასახული ინფორმაციის სისწორე. ამასთან, მოწმე დ. ჩ-მ დამატებით განმარტა, რომ გამოკითხვისას მ. ყ-ა შეუძლოდ გახდა, რის გამოც, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა გამოძახეს და დაზარალებულს გაეწია სამედიცინო დახმარება.

§ სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მიერ გაცემული სამედიცინო ბარათის თანახმად, 2023 წლის 17 აპრილს, 20:35 საათზე ჩატარებული შემოწმებისას მ. ყ-ა უჩიოდა თავისა და სახის მარჯვენა ნახევრის ტკივილს. მას ყვრიმალის მიდამოში, მარჯვნივ, აღენიშნებოდა მცირე ზომის სისხლნაჟღენთი და მიმდებარე მიდამოს შეშუპება.

§ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 3 ნოემბრის განაჩენით რ. ბ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (მეუღლე მ. ყ-ს მიმართ ძალადობისა და მუქარისათვის) და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც, სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად, 1 წლის გამოსაცდელი ვადით.

12. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა დანაშაულის ჩადენის შემდეგ დაზარალებულის ქცევაზე, კერძოდ: იგი მოტივირებული იყო დახმარებოდა გამოძიებას და საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენისათვის თავად შეატყობინა სამართალდამცავებს დანაშაულის შესახებ; ნებაყოფლობით გამოიკითხა და ჩადენილი დანაშაულისათვის ამხილა რ. ბ-ა; მონაწილეობა მიიღო შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში, რა დროსაც დაადასტურა რ. ბ-ს მიერ მასზე ფიზიკური ძალადობისა და ტკივილის განცდის ფაქტები, თუმცა შემდგომ სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას არ მისცა ჩვენება მეუღლის წინააღმდეგ. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ დაზარალებულ მ. ყ-ს ქმედებები ნამდვილად ჰგავს ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა კლასიკურ ქცევას, რომლებიც ძალადობის შემდეგ მუდმივი შიშითა და დაძაბულობით განაგრძობენ ცხოვრებას. ძალადობის მსხვერპლი დაზარალებული მეუღლისაგან მომავალი საფრთხის განეიტრალების შესაძლებლობას მის მიმართ ლმობიერი პოზიციის დაკავებით ხედავს, რამაც განაპირობა სასამართლოში მ. ყ-ს მიერ მოძალადე მეუღლის მამხილებელი ჩვენების მიცემაზე უარის თქმა.

13. ამასთან, „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციის („სტამბოლის კონვენცია“) მიზნებისთვის „ოჯახში ძალადობა“ გულისხმობს ფიზიკური, სექსუალური, ფსიქოლოგიური თუ ეკონომიკური ძალადობის ყველა აქტს, რომლებიც ხდება ოჯახში თუ შინაურ წრეში ან ყოფილ ან ამჟამინდელ მეუღლეებსა თუ პარტნიორებს შორის, მიუხედავად იმისა, დამნაშავე პირი მსხვერპლთან ერთად ერთ საცხოვრებელში ცხოვრობს თუ არა. კონვენცია მიზნად ისახავს ქალების და ოჯახის წევრების დაცვას ყველა ფორმის ძალადობისაგან, მათ შორის, კონვენცია მხარეებს მოუწოდებს, მიიღონ ყველა საჭირო საკანონმდებლო ან სხვა ზომა იმის უზრუნველსაყოფად, რომ სისხლის სამართლის დანაშაულად ჩაითვალოს ისეთი წინასწარგანზრახული ქცევა, რომელიც ადამიანზე სერიოზულ ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას ახდენს იძულების ან მუქარის გამოყენებით. კონვენციის თანახმად, მხარეები უზრუნველყოფენ, რომ ამ კონვენციის შესაბამისად დადგენილი დანაშაულის გამოძიება ან სისხლისსამართლებრივი დევნა არ იყოს მთლიანად დამოკიდებული მსხვერპლის მიერ წარდგენილ განცხადებაზე ან საჩივარზე და რომ სასამართლო პროცესი გაგრძელდეს მაშინაც, თუ მსხვერპლი გამოიტანს განცხადებას ან საჩივარს.

14. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ გაითვალისწინა მოცემულობა, როდესაც, ერთი მხრივ, დაზარალებულმა მ. ყ-მ ისარგებლა კანონით მინიჭებული უფლებით და სასამართლოს არ მისცა მეუღლის – რ. ბ-ს – მამხილებელი ჩვენება, ხოლო, მეორე მხრივ, სწორედ სახელმწიფოს ეკისრება პოზიტიური ვალდებულება, აღკვეთოს დანაშაული, დაიცვას მსხვერპლი და მოძალადეს პასუხისმგებლობა დააკისროს, მიუხედავად იმისა, დაზარალებულმა გაიხმო თუ არა საჩივარი/განცხადება ან/და შეურიგდა თუ არა მოძალადეს.

15. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 3 ნოემბრის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, ოჯახური დანაშაულისათვის მსჯავრდებულმა – რ. ბ-მ – ნასამართლობის გაქარწყლებამდე ან/და მოხსნამდე, 2023 წლის 17 აპრილს, ოჯახის წევრზე – თავის მეუღლე მ. ყ-ზე კვლავ იძალადა ფიზიკურად, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

16. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს პროკურორის მოსაზრებებს და სრულად ეთანხმება სააპელაციო პალატის სამართლებრივ შეფასებას, რომ საქმეში წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით არ დასტურდება რ. ბ-ს მიერ მ. ყ-ს მიმართ ძალადობა არასრულწლოვან ი. ყ-ს თანდასწრებით, კერძოდ: თავად არასრულწლოვანმა სასამართლოს არ მისცა ჩვენება რ. ბ-ს წინააღმდეგ; სასამართლოში ჩვენების მიცემაზე ასევე უარი განაცხადეს დაზარალებულმა მ. ყ-მ და მოწმეებმა – დ. ა-მ და ვ. ბ-მ; ხოლო სხვა რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ არასრულწლოვანი ი. ყ-ა შეესწრო თავისი დედის – მ. ყ–ს – მიმართ რ. ბ-ს მიერ ძალადობას, ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა. შესაბამისად, რ. ბ-ს ბრალდებიდან მართებულად ამოერიცხა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი და დამნაშავედ იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის მხოლოდ „ე“ ქვეპუნქტით.

17. საქმეში არსებული და სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით ასევე არ დასტურდება რ. ბ-ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა გენდერული დისკრიმინაციის მოტივით; გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ასევე არ დასტურდება რ. ბ-ს მიერ მ. ყ-ს მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარის ჩადენის ფაქტი, კერძოდ: პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას, დაზარალებულმა მ. ყ-მ, ასევე მოწმეებმა – დ. ა-მ და ვ. ბ-მ – ისარგებლეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მოწმისათვის მინიჭებული უფლებით – არ მისცეს დანაშაულის ჩადენაში მათი ან მათი ახლო ნათესავის მამხილებელი ჩვენება და უარი განაცხადეს რ. ბ–ს წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, სასამართლოს ჩვენება ასევე არ მისცა არასრულწლოვანმა მოწმე ი. ყ-მ. აღნიშნული გარემოებების გამო, შეუძლებელია მათ მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვისას მიწოდებული ინფორმაციის გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, ვინაიდან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. პირის გამოკითხვის ოქმს არ აქვს სამართლებრივი ძალა, ვერ მიენიჭება მტკიცებულების სტატუსი და ვერ იქნება სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანისას გამოყენებული, თუ არ იქნა გამოკვლეული საქმის არსებითად განხილვისას, რაც გულისხმობს გამოკითხული პირის უშუალო დაკითხვას სასამართლო სხდომაზე. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ დაზარალებულმა და მითითებულმა მოწმეებმა ისარგებლეს კანონით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადეს ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, ამასთან, გამოკვეთილი არ არის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევა, შეუძლებელია მათ მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვისას, მიწოდებული ინფორმაციის გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. ამასთან, არ იკვეთება, რომ მათ ამ უფლებით ისარგებლეს მნიშვნელოვანი მიზეზის არსებობის, რ. ბ-ს მხრიდან დაშინების ან სხვაგვარი გავლენის გამო.

18. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო პალატას, რომ სხვა პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა რ. ბ-ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას, ბრალდების მხარემ ვერ წარადგინა. ამდენად, არცერთი მტკიცებულება, არც პირდაპირ და არც ირიბად, არ ადასტურებს, რომ 2023 წლის 17 აპრილს რ. ბ-ა მ. ყ-ს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით.

19. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლი განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს – „In dubio pro reo“, რაც სასამართლოს ავალდებულებს, სათანადოდ შეაფასოს მტკიცებულებები, სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული წინააღმდეგობები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე – „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“). ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, მტკიცებულების შეფასებისას წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, ამავე კოდექსის 259-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, სასამართლოს განაჩენი უნდა ემყარებოდეს სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას, ხოლო 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

20. ამავე დროს, სამართლიანი სასამართლოს უფლება დაცულია მხოლოდ მაშინ, როდესაც პირის მსჯავრდებას საფუძვლად უდევს უტყუარ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო არ ერევა ეროვნული სასამართლოების მიერ მტკიცებულებათა დასაშვებობასა და შეფასებაში და ადგენს ზოგადსახელმძღვანელო სტანდარტს – განაჩენი უნდა ემყარებოდეს საქმეში არსებულ მტკიცებულებათა თავისუფალ შეფასებასა და დასკვნებს, რომლებიც გამომდინარეობს ფაქტობრივი გარემოებებიდან და მხარეების მიერ წარდგენილი მოსაზრებებიდან. მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: ელ-მასრი ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონიის წინააღმდეგ /El-Masri v. The Former Yugoslav Republic of Macedonia/ [დიდი პალატა], განაცხადი №39630/09, 13.12.2012 და ჰასანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ /Hassan v. The UK/ [დიდი პალატა], განაცხადი №29750/09, 16.09.2014.).

21. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა არ იზიარებს პროკურორის მოთხოვნას და მიიჩნევს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დაწესებულ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მაღალსამართლებრივ სტანდარტს, რაც სასამართლოს დაარწმუნებდა რ. ბ–ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენას; ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას გენდერული დისკრიმინაციის მოტივით.

22. საკასაციო სასამართლო ასევე არ ეთანხმება პროკურორის არგუმენტებს რ. ბ-ს მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის შეფარდებული სასჯელის გამკაცრებასთან მიმართებით და აღნიშნავს: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მიხედვით, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას, ხოლო ამავე კოდექსის 39-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

23. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელის სახე და ზომა შეესაბამება სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს. სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნის, როგორც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებული ზოგადსავალდებულო გარემოებები და პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, ასევე – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და რ. ბ-ს განუსაზღვრა კანონიერი და სამართლიანი სასჯელი, რომლის დამძიმების საფუძველი არ არსებობს.

24. ამდენად, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს პროკურორისა და მსჯავრდებულის ადვოკატის მოსაზრებებს და სრულად ეთანხმება პირველი და მე-2 ინსტანციის სასამართლოების მიერ მიღებულ, ამომწურავად დასაბუთებულ გადაწყვეტილებებს, ხოლო მათში მითითებული არგუმენტაციის გამეორებას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს. ამავე დროს, სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. აღნიშნული ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ“ (Hirvisaari v. Finland, ECtHR, №49684/99, §30, 25/12/2001). მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ – ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „გოროუ საბერძნეთის წინააღმდეგ“ (Gorou v. Greece (№2) ECtHR, №12686/03, §37, §41, 20/03/2009).

25. გარდა ამისა, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთხელ დაადგინა, რომ სამართლის საკითხებთან დაკავშირებით, სასამართლოში წარდგენილ საჩივრებთან მიმართებით დასაშვებობის კრიტერიუმების დანერგვა და გამოყენება ემსახურება მართლმსაჯულების ჯეროვნად შესრულების ლეგიტიმურ მიზანს (ბორისენკო და შპს „ერევანიანი ბაზალტი“ სომხეთის წინააღმდეგ (დეკ.), №18297/08, 2009 წლის 14 აპრილი). ევროპულმა სასამართლომ შენიშნა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლო, განსხვავებით ქვედა ინსტანციის სასამართლოებისგან, საქმეს სრულად არ განიხილავს, როგორიცაა – ფაქტებისა და მტკიცებულებების შეფასება; უზენაესი სასამართლოს მიერ საქმის განხილვა შეზღუდულია გარკვეული სამართლებრივი საკითხებით (Kuparadze v. Georgia, №30743/09, §76, ECtHR, 21/09/2017). ასეთ ვითარებაში, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო არ მიიჩნევს, რომ საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება – უარი ეთქვა აპლიკანტის საჩივრის განხილვაზე, მისაღწევი ლეგიტიმური მიზნის არაპროპორციული იყო. უფრო მეტიც, ევროპულმა სასამართლომ განაცხადა: როდესაც საკასაციო სასამართლო უარს აცხადებს საქმის განხილვაზე საქმის განხილვის სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო, კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები შეიძლება დაკმაყოფილდეს მცირე დასაბუთებით. სასამართლოებს არ მოეთხოვებათ, წარადგინონ განმცხადებლის თითოეულ არგუმენტზე პასუხი; ეს ვალდებულება გულისხმობს, რომ სასამართლო პროცესის მონაწილეებს შეუძლიათ, მიიღონ კონკრეტული და მკაფიო პასუხები იმ არგუმენტებზე, რომლებიც მნიშვნელოვანია სამართალწარმოების შედეგისთვის (იხ.: Tchankotadze v. Georgia, №15256/05, §103, 21/06/2016, აგრეთვე – Moreira Ferreira, §84 და Deryan v. Turkey, №41721/04, §33, 21/07/2015).

26. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

27. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლევან კლდიაშვილისა და მსჯავრდებულ რ. ბ-ს ადვოკატ რ. შ-ს საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: ლ. თევზაძე

ნ. სანდოძე