დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე ნ 190100126012463018
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №171-26 ქ. თბილისი
მ. მ., 171-26 8 ივნისი, 2026 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),ლალი ფაფიაშვილი, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2026 წლის 22 აპრილის განჩინებაზე რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ მთვარისა შველიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ 2026 წლის 20 მარტის დადგენილებით, მ. მ-ს ბრალი დაედო ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე მცირე ოდენობით უკანონო მოხმარებისათვის, ჩადენილი ამ კოდექსის 260-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი პირის მიერ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით. აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგით:
თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2022 წლის 2 ივნისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლევმა მ. მ-მ, კვლავ ექიმის დანიშნულების გარეშე, უკანონოდ მოიხმარა ,,ალფა-პვპ-ს“ ჯგუფის ნარკოტიკული საშუალება, რაც დადგინდა 2025 წლის 18 ივლისს ნარკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით.
2. 2026 წლის 23 მარტს რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიას, ბრალდებულის სასამართლოში პირველი წარდგენის სხდომის ეტაპზე, შუამდგომლობით მიმართა რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მთვარისა შველიძემ, რომელმაც მოითხოვა ბრალდებულ მ. მ-ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენება. ბრალდებულის პირველი წარდგენის სასამართლო სხდომაზე პროკურორმა ასევე წარადგინა შუამდგომლობა ბრალდებულ მ. მ-ს მიმართ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე. საქმის მასალებით დგინდება, რომ 2026 წლის 23 მარტს რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ მთვარისა შველიძეს, ბრალდებულ მ. მ-სა და მის ადვოკატს − თ. გ-ს შორის, ზემდგომი პროკურორის თანხმობით, დაიდო საპროცესო შეთანხმება ბრალზე.
3. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2026 წლის 24 მარტის განჩინებით რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ მთვარისა შველიძის შუამდგომლობა ბრალდებულ მ. მ-ს მიმართ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა. სისხლის სამართლის საქმე ბრალდებულ მ. მ-ს მიმართ დაუბრუნდა რუსთავის რაიონულ პროკურატურას.
4. აღნიშნული განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრა რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მთვარისა შველიძემ, რომელმაც მოითხოვა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2026 წლის 24 მარტის განჩინების გაუქმება, შუამდგომლობაში მითითებული პირობებით საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანა და საპროცესო შეთანხმების დამტკიცება. სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე საჩივრის განხილვისას ბრალდებულმა მ. მ-მ და მისმა ადვოკატმა, თ. გ-მ მხარი დაუჭირეს საჩივარს და მოითხოვეს მხარეთა შორის მიღწეული საპროცესო შეთანხმების დამტკიცება საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის შესახებ.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2026 წლის 22 აპრილის განჩინებით: რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ მთვარისა შველიძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2026 წლის 24 მარტის განჩინება დარჩა უცვლელად; სისხლის სამართლის საქმე ბრალდებულ მ. მ-ს მიმართ დაუბრუნდა რუსთავის რაიონულ პროკურატურას.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2026 წლის 22 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მთვარისა შველიძემ. პროკურორი საკასაციო საჩივრით მოითხოვს: აღნიშნული განჩინების გაუქმებას, პროკურორსა და ბრალდებულ მ. მ-ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას შუამდგომლობაში მითითებული პირობებითა და საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანას, შემდეგი საფუძვლებით: პროკურორის მოსაზრებით, მ. მ. კვლავ ითვლება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით ნასამართლევ პირად, ვინაიდან მსჯავრდებული 2024 წლის 28 ოქტომბრის ამნისტიის განჩინებით, პირდაპირ არ არის გათავისუფლებული 260-ე მუხლის პირველი ნაწილით დაკისრებული სამართლებრივი შედეგისგან; საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლით დანიშნული სასჯელის შთანთქმა კი, არ ნიშნავს ამ მსჯავრის/ნასამართლობის გაუქმებას; გარდა ამისა, პროკურორი დამატებით აპელირებს იმაზეც, რომ თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2022 წლის 2 ივნისის განაჩენის საფუძველზე საბოლოოდ განსაზღვრული − ჯარიმა, მსჯავრდებულს სრულად არ აქვს გადახდილი, რაც დამატებით ადასტურებს, რომ მ. მ. მითითებული განაჩენით კვლავ ნასამართლევად ითვლება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა სისხლის სამართლის საქმის მასალები, შეამოწმა ბრალდების მხარის მიერ შემოტანილ საკასაციო საჩივარში წარმოდგენილი მოთხოვნის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ აღნიშნული საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
2. წარმოდგენილი საქმის მასალებით დგინდება, რომ მ. მ. წარსულში ნასამართლევია შემდეგი განაჩენებით:
2.1. თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2022 წლის 2 ივნისის განაჩენით: მ. მ. ცნობილი იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა) − 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით;
საქართველოს სსკ-ის 265-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტით − 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით და დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა – 13000 ლარი;
საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მეორე ნაწილით − საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა, 200 საათით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა დანარჩენი ნაკლებად მკაცრი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით, მ. მ-ს განესაზღვრა 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით და დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა, 13000 ლარი;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3-4 ნაწილების საფუძველზე, ამ განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 12 აპრილის განაჩენით (საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მეორე ნაწილით) დანიშნული სასჯელი (პირობით ჩათვლილი 2 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა, 3000 ლარი) და საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით იმავე გამოსაცდელი ვადით და დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა, 13000 ლარი.
2.2. თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2022 წლის 13 ოქტომბრის განაჩენით მ. მ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით და დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 5000 ლარი; საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მეხუთე ნაწილის საფუძველზე, გაუქმდა თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2022 წლის 2 ივნისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი; საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 და მე-8 ნაწილების თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან − 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მეხუთე ნაწილით კვლავ ჩაეთვალა პირობითად და ჯარიმა, 5000 ლარი. საბოლოოდ, მ. მ-ს განესაზღვრა 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით და დამატებითი სასჯელის სახით ჯარიმა, 13000 ლარი; საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით მ. მ-ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით და დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა 18000 ლარი;
2.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 11 აპრილის განაჩენით მ. მ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19, 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა", ,,ბ" ქვეპუნქტებითა და მესამე ნაწილის ,,ა", ,,ბ" ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით და დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა – 1000 ლარი; საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მეხუთე ნაწილის საფუძველზე, გაუქმდა თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2022 წლის 13 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი; საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილით ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა, შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული ძირითადი სასჯელი, ხოლო ამავე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული დამატებითი სასჯელიდან − ჯარიმა 9000 ლარი; საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით მ. მ-ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით იმავე გამოსაცდელი ვადით და დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა - ჯარიმა, 10000 ლარი.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 28 ოქტომბრის განჩინებით მ. მ-ს მიმართ გავრცელდა ,,ამნისტიის შესახებ" საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონი, კერძოდ: მსჯავრდებულს ერთი წლით შეუმცირდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 11 აპრილის განაჩენით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი, ასევე გამოსაცდელი ვადა და განესაზღვრა 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 4 (ოთხი) წელი.
4. საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის 111-ე ნაწილის თანახმად: საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებებია, რომლებიც დაარწმუნებდა ობიექტურ პირს, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული, იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებული აღიარებს დანაშაულს, სადავოდ არ ხდის ბრალდების მხარის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს და უარს ამბობს სასამართლოს მიერ მისი საქმის არსებითი განხილვის უფლებაზე.
5. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ბრალდებულის აღიარება, თუ ის არ დასტურდება მისი ბრალეულობის დამადასტურებელი სხვა მტკიცებულებით, საკმარისი არ არის მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.
6. საქართველოს სსსკ-ის 212-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, მოსამართლე საპროცესო შეთანხმების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კანონის საფუძველზე და არ არის ვალდებული, დაამტკიცოს ბრალდებულსა და პროკურორს შორის მიღწეული შეთანხმება. ამავე კოდექსის 213-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, სასამართლო საქმის მასალებისა და ბრალდებულის მიერ ბრალის აღიარების საფუძველზე ამოწმებს, დასაბუთებულია თუ არა ბრალდება, არსებობს თუ არა ამ კოდექსით გათვალისწინებული გარემოებები და არის თუ არა კანონიერი და სამართლიანი სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე პროკურორის შუამდგომლობაში მითითებული სასჯელი.
7. საქართველოს სსსკ-ის 212-ე მუხლის მე-61 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ კოდექსის მე-3 მუხლის 111-ე ნაწილით გათვალისწინებული საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობს, ან დაადგენს, რომ სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე პროკურორის შუამდგომლობა ამ თავის სხვა მოთხოვნათა დარღვევით არის წარდგენილი, იგი საქმეს პროკურორს უბრუნებს.
8. საკასაციო სასამართლო თავდაპირველად აღნიშნავს, რომ საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად (იხ. მაგ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება N10აპ.-25 საქმეზე), იზიარებს ბრალდების მხარის პოზიციას იმ ნაწილში, რომ განაჩენთა ერთობლიობის დროს, წინა განაჩენით შეფარდებული სასჯელის შთანთქმა, თავისთავად არ ნიშნავს შთანთქმული სასჯელის გაუქმებას. ამავე დროს, სასჯელის შთანთქმა არ გამორიცხავს ამნისტიის გავრცელების აუცილებლობას იმ კონკრეტულ დანაშაულზე, რომლისთვისაც განსაზღვრული სასჯელი, შემდგომში, საბოლოო სასჯელის დადგენისას შთანთქმული აღმოჩნდა. ამდენად, ამნისტიის გამოყენების დროს, შესაფასებელია არა მხოლოდ საბოლოო სასჯელის მოცულობა, არამედ − ის გარემოებაც, ექვემდებარება თუ არა ამნისტიას თითოეული, მათ შორის − წინა განაჩენებით მსჯავრადშერაცხილი − დანაშაული, რომლისთვისაც პირი დამნაშავედ იქნა ცნობილი.
9. მოცემულ შემთხვევაში, თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2022 წლის 2 ივნისის განაჩენით მ. მ., სხვა დანაშაულებთან ერთად, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით – (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა). აღნიშნული დანაშაული, ექცევა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის მოქმედების სფეროში, კერძოდ, მითითებული ნორმის მიხედვით, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან უნდა გათავისუფლდეს პირი, რომელმაც ჩაიდინა, მათ შორის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული (გარდა ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო წარმოებისა). ვინაიდან, მ. მ-სათვის საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით ბრალად წარდგენილი ქმედების შემადგენლობა, ამავე მუხლით ან ამ კოდექსის 260-ე ან 2601-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობაზეა დამყარებული, სასამართლო ვალდებულია, შეამოწმოს არა მხოლოდ პირის ნასამართლობის ფაქტი, არამედ − ნასამართლობის ამჟამინდელი სამართლებრივი მდგომარეობაც.
10. საქართველოს სსკ-ის 79-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასჯელისაგან გათავისუფლებული ითვლება ნასამართლობის არმქონედ. ,,ამნისტიის შესახებ" საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონი, რომლის მიხედვითაც, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის მსჯავრდებული პირი უნდა გათავისუფლდეს სასჯელისაგან, პირდაპირ გავლენას ახდენს პირის ქმედების წარსულ ნასამართლობაზე დაფუძნებულ – დანაშაულის დამდგენ წინაპირობაზე.
11. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს: თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 28 ოქტომბრის განჩინებაში, მართალია, მითითებულია მხოლოდ ბოლო − თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 11 აპრილის განაჩენით განსაზღვრული საბოლოო სასჯელის და გამოსაცდელი ვადის შემცირებაზე, ხოლო მასში სახელდებით არ არის გაწერილი ამნისტიის გავრცელება სხვა განაჩენებით მსჯავრადშერაცხილ თითოეულ დანაშაულზე, მათ შორის − საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით შეფარდებულ სასჯელზე − 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთაზე (ჩათვლილი იყო პირობით მსჯავრად), მაგრამ ეს გარემოება არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს ბრალდებულის საწინააღმდეგოდ, მისი სამართლებრივი მდგომარეობის დამძიმების კუთხით.
12. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ ამნისტიის აქტი თავისი არსით წარმოადგენს სახელმწიფოს ჰუმანური ნების რეალიზების სამართლებრივ საშუალებას. იგი მიმართულია არა პირის სამართლებრივი მდგომარეობის დამძიმების, არამედ − კანონით განსაზღვრული გარკვეული კატეგორიის დანაშაულთა მიმართ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან გათავისუფლების, სასჯელის შემცირების ან სხვა სამართლებრივი შედეგების შემსუბუქებისაკენ. შესაბამისად, ამნისტიის აქტის განმარტებისა და გამოყენებისას სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს მისი ჰუმანური ბუნებით, სამართლებრივი დანიშნულებითა და კანონმდებლის მიერ გაცხადებული მიზნით, ხოლო ამნისტიის გამოყენებასთან დაკავშირებული ბუნდოვანება არ შეიძლება განიმარტოს ბრალდებულის ან მსჯავრდებულის სამართლებრივი მდგომარეობის საზიანოდ.
13. ამავე დროს, ბრალდებულ მ. მ-სა და მისი ადვოკატის თანხმობა, ბრალდების შესახებ დადგენილების კვალიფიკაციით გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესახებ, ვერ ჩაანაცვლებს სასამართლოს მიერ იმ საკითხის სამართლებრივი შეფასების აუცილებლობას, აქვს თუ არა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით ნასამართლობას ის სამართლებრივი მნიშვნელობა, რომელიც სავალდებულოა საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით წარდგენილი ბრალდებისათვის. მართალია, სააპელაციო სხდომაზე დაცვის მხარემ განაცხადა, რომ არ გააჩნია ბრალდების მხარის საწინააღმდეგო მოსაზრება და მოითხოვა საპროცესო შეთანხმების დამტკიცება, მაგრამ ეს პოზიცია სასამართლოსთვის სავალდებულო არ არის, ვინაიდან ქმედების შესაბამისი მუხლით კვალიფიკაცია, ასევე, ნასამართლობის იურიდიული შედეგის განსაზღვრა, სასამართლოს სამართლებრივი შეფასების საგანია. მითითებული საკითხი უნდა გადაწყდეს კანონის ფარგლებში და არა როგორც მხარეთა შეთანხმების საფუძველზე უტყუარად დადგენილი იმგვარი ფაქტი, რომელიც სასამართლომ უპირობოდ უნდა გაიზიაროს.
14. ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემული საქმის განხილვის საგანს არ წარმოადგენს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 28 ოქტომბრის განჩინების შეცვლა ან ამნისტიის ფარგლებში მისი აღსრულების საკითხის ხელახლა გადაწყვეტა. თუ მხარეები მიიჩნევენ, რომ ამნისტიის აღსრულების თაობაზე მიღებული ზემოხსენებული სასამართლო გადაწყვეტილების შინაარსი საჭიროებს დაზუსტებას ან შესაბამისი სამართლებრივი შედეგის განსაზღვრას, აღნიშნული საკითხი შეუძლიათ ხელახლა წამოჭრან საამისოდ უფლებამოსილი სასამართლოს წინაშე, კანონით დადგენილი წესით.
15. საკასაციო სასამართლო აქვე მიუთითებს, რომ საპროცესო შეთანხმების დამტკიცებაზე უარი არ ზღუდავს მხარეებს, კანონით დადგენილი წესის შესაბამისად, გამოიყენონ მათთვის მინიჭებული შემდგომი საპროცესო შესაძლებლობებიც. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს შეფასება შემოიფარგლება მხოლოდ იმ გარემოების შემოწმებით, არსებობდა თუ არა საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანისათვის საკმარისი სამართლებრივი და მტკიცებულებითი საფუძველი. ვინაიდან წარმოდგენილი შუამდგომლობა აღნიშნულ სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს, საქმე უნდა დაუბრუნდეს პროკურორს. ბრალდების მხარის მიერ, მითითებული საქმის არსებითად განსახილველად წარმართვის შემთხვევაში, საქმის განხილვა გაგრძელდება საერთო პროცესუალური წესით, რომლის ფარგლებშიც, მხარეებს ექნებათ შესაძლებლობა, წარადგინონ მტკიცებულებები, მონაწილეობა მიიღონ მათ გამოკვლევაში, დაასაბუთონ თავიანთი პოზიციები, მათ შორის − ბრალდებულის წარსულ ნასამართლობასთან, ამნისტიის აქტის სამართლებრივ შედეგსა და საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით წარდგენილი ბრალდების წინაპირობებთან დაკავშირებით. მითითებულ საკითხებზე საბოლოო სამართლებრივ შეფასებას სასამართლო მოახდენს საქმის არსებითი განხილვის შედეგად მიღებულ გადაწყვეტილებაში.
16. საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის პოზიციას, იმასთან დაკავშირებით, რომ მ. მ-ს მიერ თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2022 წლის 2 ივნისის განაჩენით დაკისრებული ჯარიმის სრულად გადაუხდელობა, დამატებით ადასტურებს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით ნასამართლობის არსებობას, შემდეგი საფუძვლით:
17. საქმის მასალებით დგინდება, რომ თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2022 წლის 2 ივნისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით მ. მ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით. ამდენად, ამ კონკრეტული დანაშაულისთვის მას ჯარიმა არ ჰქონია დაკისრებული. ბრალდების მხარის მიერ მითითებული ჯარიმა გამოყენებულია სხვა დანაშაულისათვის. შესაბამისად, ჯარიმის გადაუხდელობა ვერ ადასტურებს საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით წარდგენილი ბრალდების აუცილებელ წინაპირობას − საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის არსებობას.
18. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ ეტაპზე საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, არ იძლევა საკმარის და უტყუარ სამართლებრივ საფუძველს დასკვნისათვის, რომ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით წარდგენილი ბრალდების აუცილებელი წინაპირობა − ბრალდებულის საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობა − სათანადოდ დადასტურებულია.
19. ზემოაღნიშნულზე დაყრდნობით, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების დასკვნას, რომ წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალები ვერ ქმნის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 111-ე ნაწილით გათვალისწინებულ, საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარის მტკიცებულებით სტანდარტს, რის გამოც, საპროცესო შეთანხმება არ უნდა დამტკიცდეს.
20. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2026 წლის 22 აპრილის განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად, ხოლო სისხლის სამართლის საქმე, დაუბრუნდეს რუსთავის რაიონულ პროკურატურას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 95-ე და 98-ე მუხლებით, 209-210-ე, 212-ე, 213-ე, 215-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ მთვარისა შველიძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2026 წლის 22 აპრილის განჩინება დარჩეს უცვლელად.
3. სისხლის სამართლის საქმე ბრალდებულ მ. მ-ს მიმართ დაუბრუნდეს რუსთავის რაიონულ პროკურატურას.
4. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი
ლ. თევზაძე