სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
11.08.2005 ბოლო ცვლილება 20.10.2025
გამომცემი ორგანო
ნომერი
№136
სარეგისტრაციო კოდი
380.050.000.10.003.000.270
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 94, 12/08/2005
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (91)

შემდგომი ცვლილებები (75)

წინა ცვლილებები (16)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №136

2005 წლის 11 აგვისტო

 ქ. თბილისი

 სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე

„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის პირველი პუნქტის შესრულების მიზნით:

1. დამტკიცდეს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ თანდართული დებულება.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი  ზ. ნოღაიდელი

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს მთავრობის 2005 წლის 23 სექტემბრის დადგენილება №169 - სსმ III, №114, 28.09.2005წ., მუხ.1259

2. საქართველოს მთავრობის 2006 წლის 23 თებერვლის დადგენილება №43 - სსმ III, №27, 28.02.2006წ., მუხ.321

3. საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივნისის დადგენილება №123 - სსმ III, №89, 03.07.2006წ., მუხ.1184

4. საქართველოს მთავრობის 2006 წლის 11 აგვისტოს დადგენილება №150 - სსმ III, №108, 15.08.2006წ., მუხ.1483

5. საქართველოს მთავრობის 2006 წლის 11 ნოემბრის დადგენილება №208 - სსმ III, №153, 14.11.2006წ., მუხ.2119

6. საქართველოს მთავრობის 2007 წლის 13 მარტის დადგენილება №51 - სსმ III, №40, 23.03.2007წ., მუხ.466

7. საქართველოს მთავრობის 2007 წლის 16 ივნისის დადგენილება №120 - სსმ III, №83, 18.06.2007წ., მუხ.890

8. საქართველოს მთავრობის 2007 წლის 31 ივლისის დადგენილება №163 - სსმ III, №112, 10.08.2007წ., მუხ.1242

9. საქართველოს მთავრობის 2007 წლის 12 სექტემბრის დადგენილება №185 - სსმ III, №128, 13.09.2007წ., მუხ.1398

10. საქართველოს მთავრობის 2007 წლის 14 სექტემბრის დადგენილება №194 - სსმ III, №132, 21.09.2007წ., მუხ.1425

11. საქართველოს მთავრობის 2007 წლის 19 სექტემბრის დადგენილება №202 - სსმ III, №132, 21.09.2007წ., მუხ.1433

12. საქართველოს მთავრობის 2007 წლის 21 ნოემბრის დადგენილება №254 - სსმ III, №165, 25.11.2007წ., მუხ.1811

13. საქართველოს მთავრობის 2008 წლის 17 მარტის დადგენილება №63 - სსმ III, №41, 19.03.2008წ., მუხ.478

14. საქართველოს მთავრობის 2008 წლის 28 მარტის დადგენილება №80 - სსმ III, №49, 01.04.2008წ., მუხ.573

15. საქართველოს მთავრობის 2008 წლის 12 აპრილის დადგენილება №97- სსმ III, №56, 14.04.2008წ., მუხ.649

16. საქართველოს მთავრობის 2008 წლის 15 მაისის დადგენილება №128- სსმ III, №74, 19.05.2008წ., მუხ.805

დებულება

სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ

    მუხლი 1. დებულების მიზანი

ეს დებულება განსაზღვრავს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის (შემდგომში – ლიცენზია) გაცემის წესსა და პირობებს.

    მუხლი 2. ლიცენზიის გამცემი ადმინისტრაციული   ორგანო

ლიცენზიას გასცემს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო), ხოლო ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსათვის ლიცენზიის გაცემის უფლებამოსილების დელეგირების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევაში – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო.

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 23 თებერვლის დადგენილება №43 - სსმ III, №27, 28.02.2006წ., მუხ.321

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივნისის დადგენილება №123 - სსმ III, №89, 03.07.2006წ., მუხ.1184

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 17 მარტის დადგენილება №63 - სსმ III, №41, 19.03.2008წ., მუხ.478

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 12 აპრილის დადგენილება №97- სსმ III, №56, 14.04.2008წ., მუხ.649

     მუხლი 2​1 . წიაღით სარგებლობა სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე

1. სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება (გარდა მიწისქვეშა წყლებისა და ნახშიროჟანგის მოპოვებისა) არ დაიშვება სახელმწიფო ტყის ფონდის (ტყით დაფარული ფართობი) შემდეგ ტერიტორიებზე:

ა) სახელმწიფო ტყის ფონდის დაცული ტერიტორიების კატეგორიები;

ბ) საკურორტო ზონის ტყეები;

გ) მწვანე ზონის ტყეები;

დ) სახელმწიფო დაცვითი ტყის ზოლები;

ე) ჭალის ტყეები;

ვ) სუბალპური ზონის მიმდებარე 300 მეტრი სიგანის ტყის გავრცელების არეალი;

ზ) უტყეო სივრცეებს შორის მდებარე 100 ჰექტარამდე სიდიდის ტყის უბანი;

თ) თოვლის ზვავებისა და ღვარცოფების მუდმივი კალაპოტების გასწვრივ 200 მეტრამდე სიგანის ტყის ზოლი;

ი) ტყის უბნები, სადაც გაბატონებულია „წითელი ნუსხით“ დაცული მერქნიანი მცენარეები, აგრეთვე ტყის უბნები, რომელთაც აქვთ სპეციალური სამეურნეო დანიშნულება (ტყის მეთესლეობის, თაფლის მომცემი მცენარეების და სხვ.);

კ) დასასვენებელი სახლების, პანსიონატებისა და სამკურნალო დაწესებულებების, აგრეთვე მინერალური წყაროების ირგვლივ 1 კმ რადიუსში არსებული ტყის უბნები (მანძილი იზღუდება წყალგამყოფით);

ლ) მდინარეების, ტბების, წყალსაცავებისა და წყლის არხების გასწვრივ (კალაპოტიდან) 300 მეტრამდე სიგანის ნაპირდამცავი ტყის უბნები;

მ) ფლატეების, დამეწყრილი ადგილების, ჩამონაშალების, კარსტული წარმონაქმნების, მთის დედაქანების მიწის ზედაპირზე გამოსვლის ადგილების ირგვლივ 100 მეტრამდე სიგანის ტყის ზოლები;

ნ) რკინიგზებისა და საავტომობილო გზების გასწვრივ (მათი მიწის ვაკისადან) 100 მეტრამდე სიგანის ტყის ზოლები;

ო) ტერიტორიები, სადაც გათვალისწინებულია ტყით სარგებლობა რეკრეაციული მიზნების განსახორციელებლად;

პ) 200 -ზე მეტი დაქანების ფერდობები, გარდა კლდოვანი ქანებით დაფარული ფერდობებისა. კლდოვანი ქანებით დაფარულ ფერდობებზე წიაღითსარგებლობა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საინჟინრო გეოლოგიური დასკვნის შესაბამისად, აღნიშნულ ფართობზე განხორციელებული წიაღით სარგებლობა არ გამოიწვევს უარყოფით გეოდინამიკურ პროცესებს;

ჟ) სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორია, სადაც 1 ჰა-ზე არსებული მერქნული რესურსის მარაგი აღემატება 50 მ3 -ს;

რ) სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორია, სადაც მიმდინარეობს ტყის ბუნებრივი განახლების შეუქცევადი პროცესი;

ს) სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორია, რომლის ფართობის 50%-ზე მეტი დაფარულია ბუჩქნარით.

2. სახელმწიფო ტყის ფონდის იმ ტერიტორიაზე, სადაც გაცემულია ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზია ან სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზია, ან ტყით სარგებლობის გენერალური ლიცენზია, ლიცენზიის გაცემა ხდება ზემოაღნიშნული ლიცენზიის მფლობელებთან შეთანხმებით.

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 15 მაისის დადგენილება №128- სსმ III, №74, 19.05.2008წ., მუხ.805

    მუხლი 3. ლიცენზიის გაცემის წესი

1. ლიცენზია გაიცემა აუქციონის წესით.

2. სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია არ ესაჭიროება მიწისქვეშა მტკნარი წყლის მოპოვებას ფიზიკური პირების მიერ პირადი მოხმარებისათვის, ასევე კერძო საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ან/და არასამეწარმეო ეკონომიკური საქმიანობის მიზნით.

3. აუქციონი ცხადდება ლიცენზიის გამცემი ადმინისტრაციული ორგანოს ადმინისტრაციული აქტით, რომელიც უნდა გამოიცეს აუქციონის გამართვამდე არა უგვიანეს ერთი თვისა.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტში განსაზღვრული ადმინისტრაციული აქტის გამოცემის საფუძველია მაძიებლის განცხადება, რომელსაც სამინისტრო იხილავს საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით, რომელშიც სხვა ადმინისტრაციული ორგანოს სახით სამინისტრო რთავს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს, ან სამინისტროს გადაწყვეტილება, რომელიც შეთანხმებული უნდა იყოს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსთან.

5. „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსათვის ლიცენზიის გაცემის უფლებამოსილების დელეგირების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 12 აპრილის №98 დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევაში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ლიცენზიას გასცემს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოსთან შეთანხმებით.

6. ლიცენზიის მაძიებელი ლიცენზიის მიღების მიზნით სამინისტროს წარუდგენს:

ა) განცხადებას, რომელიც უნდა შეიცავდეს მონაცემებს მოსაპოვებელი რესურსის სახეობის, ოდენობის, ადგილმდებარეობისა და ლიცენზიის მოქმედების ვადის შესახებ;

ბ) კერძო სამართლის იურიდიული პირი და ინდივიდუალური მეწარმე სახელმწიფო და სამეწარმეო რეესტრიდან ამონაწერებს, ხოლო ფიზიკური პირი – იდენტიფიკაციის დამადასტურებელ, კანონმდებლობით დადგენილი საბუთების ასლებს. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა განცხადებას უნდა დაურთოს სადამფუძნებლო დოკუმენტების დამოწმებული ასლები;

გ) განცხადებით გათვალისწინებული ტერიტორიის კერძო საკუთრებაში არსებობის შემთხვევაში – კერძო საკუთრების დამადასტურებელ დოკუმენტს და მესაკუთრის თანხმობას ლიცენზიის გაცემის თაობაზე.

7. ლიცენზიის მაძიებელი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ლიცენზიის მიღების მიზნით წარუდგენს განცხადებას, რომელიც „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ინფორმაციის გარდა უნდა შეიცავდეს მონაცემებს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ჯამური მოცულობის თაობაზე. განცხადებას „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საბუთების გარდა თან უნდა დაერთოს:

ა) წიაღის შესახებ ინფორმაციის ფლობის სამართლებრივი საფუძვლები;

ბ) ბეს გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

8. სამინისტრო ლიცენზიის მაძიებლის მიერ წარმოდგენილ განაცხადს შესათანხმებლად უგზავნის საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს, რომელიც:

ა) ლიცენზიის მაძიებლის განაცხადის საფუძველზე სსიპ – სივრცული ინფორმაციის ცენტრის მეშვეობით არჩევს განაცხადით გათვალისწინებული ტერიტორიის ფარგლებში წიაღით სარგებლობისათვის ოპტიმალურ ტერიტორიას, ამზადებს შესაბამის ტოპოგრაფიულ რუკას და სალიცენზიო ობიექტთან დაკავშირებულ შესაბამის ინფორმაციას;

ბ) ლიცენზიის მაძიებლის განაცხადის საფუძველზე სსიპ – მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის მეშვეობით ამზადებს სალიცენზიო ობიექტთან დაკავშირებულ საინჟინრო-გეოლოგიურ დასკვნას;

გ) ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტაციის საფუძველზე თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეიმუშავებს წინადადებებს წიაღით სარგებლობისათვის რაოდენობრივ, თვისობრივ და დროში განსაზღვრულ ნორმებთან დაკავშირებით;

დ) იხილავს ტოპოგრაფიული რუკით განსაზღვრულ ტერიტორიაზე მიწის მინაკუთვნის დაწესების საკითხს.

9. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო ამ მუხლის მე-8 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ დოკუმენტაციას, თავისი კომპეტენციის ფარგლებში წიაღით სარგებლობის რაოდენობრივ, თვისობრივ და დროში განსაზღვრულ ნორმებთან დაკავშირებულ წინადადებებსა და მონაცემებს სსიპ – სივრცული ინფორმაციის ცენტრისა და სსიპ – მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის მიერ გაწეული მომსახურების საფასურის შესახებ უგზავნის სამინისტროს და აცხადებს თანხმობას ტოპოგრაფიული რუკით განსაზღვრულ ტერიტორიაზე მიწის მინაკუთვნის დაწესების თაობაზე.

10. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიერ ამ მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდეგ სამინისტრო, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ლიცენზიის გაცემის საკითხს უთანხმებს შესაბამის დაინტერესებულ უწყებებს და მათი თანხმობის შემთხვევაში აცხადებს აუქციონს.

11. საკუთარი ინიციატივით ლიცენზიის გაცემის შემთხვევაში, სამინისტრო აუქციონს აცხადებს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსთან შეთანხმებით ამ მუხლის მე-8, მე-9 და მე-10 პუნქტებით დადგენილი წესის შესაბამისად.

12. ინფორმაციას აუქციონის გამართვის თაობაზე ლიცენზიის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო აქვეყნებს ცენტრალურ პრესაში აუქციონის გამართვამდე არა უგვიანეს ერთი თვისა.

13. აუქციონის გამართვამდე, სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, სამინისტრომ შეიძლება დაადგინოს სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობის რაოდენობრივი, თვისობრივი და დროში განსაზღვრული ნორმები და წესები, რომლებიც საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსთან შეთანხმებით (მხოლოდ მის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე) მტკიცდება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

14.     აუქციონში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს ყველა ლიცენზიის მაძიებელს, რომლებიც დააკმაყოფილებენ კანონით დადგენილ სალიცენზიო პირობებს და იკისრებენ ვალდებულებას, რომ დააკმაყოფილონ სარგებლობის ლიცენზიის გამცემის მიერ განსაზღვრული მოთხოვნები.

15. აუქციონში მონაწილეობის თაობაზე განცხადება მიიღება აუქციონის გამოცხადებიდან არანაკლებ 15 დღის განმავლობაში. სამინისტრო ადგენს განცხადებების მიღების საბოლოო ვადას ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, რომელიც გამოქვეყნდება აუქციონის შესახებ განცხადებასთან ერთად.

16. აუქციონის გამოცხადების შემდეგ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად ლიცენზიის მაძიებელმა უნდა წარადგინოს:

ა) განცხადება;

ბ) კერძო სამართლის იურიდიული პირისა და ინდივიდუალური მეწარმისათვის – სახელმწიფო რეესტრიდან ამონაწერები, ხოლო ფიზიკური პირისათვის – იდენტიფიკაციის დამადასტურებელი, კანონმდებლობით დადგენილი საბუთების ასლები. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა განცხადებას უნდა დაურთოს სადამფუძნებლო დოკუმენტების დამოწმებული ასლები;

გ) სალიცენზიო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი;

დ) ბეს გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. ბეს ოდენობის განსაზღვრის, მისი გადახდისა და უკან დაბრუნების წესს ადგენს მინისტრი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.

17. თუ ლიცენზიის მაძიებელი განცხადების წარდგენის ვადის დასრულებამდე უარს იტყვის აუქციონში მონაწილეობაზე, მის მიერ გადახდილი სალიცენზიო მოსაკრებელი ექვემდებარება დაბრუნებას. მოცემული ვადის დარღვევის შემთხვევაში სალიცენზიო მოსაკრებლის თანხა უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება.

18. აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სსიპ – სივრცული ინფორმაციის ცენტრისა და სსიპ – მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის ანგარიშზე ჩარიცხოს აღნიშნული პირების მიერ ამ მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრული მომსახურების საფასური.

19. იმ შემთხვევაში, თუ აუქციონზე დაფიქსირებული საბოლოო შემოთავაზებული ფასი არ აღემატება 150 000 ლარს, ლიცენზია გაიცემა პრეტენდენტის მიერ აღნიშნული თანხისა და ამ მუხლის მე-18 პუნქტით განსაზღვრული მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენიდან 7 დღის ვადაში.

20. იმ შემთხვევაში, თუ აუქციონზე დაფიქსირებული საბოლოო შემოთავაზებული ფასი აღემატება 150 000 ლარს, ლიცენზია გაიცემა ამ მუხლის მე-18 პუნქტით განსაზღვრული მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენიდან 7 დღის ვადაში.

21. აუქციონის გამართვის, გამარჯვებულის გამოვლენისა და შესაბამისი სალიცენზიო მოწმობის გაცემის წესს ადგენს სამინისტრო.

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 23 თებერვლის დადგენილება №43 - სსმ III, №27, 28.02.2006წ., მუხ.321

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 11 აგვისტოს დადგენილება №150 - სსმ III, №108, 15.08.2006წ., მუხ.1483

საქართველოს მთავრობის 2007 წლის 16 ივნისის დადგენილება №120 - სსმ III, №83, 18.06.2007წ., მუხ.890

საქართველოს მთავრობის 2007 წლის 19 სექტემბრის დადგენილება №202 - სსმ III, №132, 21.09.2007წ., მუხ.1433

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 17 მარტის დადგენილება №63 - სსმ III, №41, 19.03.2008წ., მუხ.478

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 12 აპრილის დადგენილება №97- სსმ III, №56, 14.04.2008წ., მუხ.649

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 15 მაისის დადგენილება №128- სსმ III, №74, 19.05.2008წ., მუხ.805

    მუხლი 4. (ამოღებულია)

საქართველოს მთავრობის 2005 წლის 23 სექტემბრის დადგენილება №169 - სსმ III, №114, 28.09.2005წ., მუხ.1259

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 23 თებერვლის დადგენილება №43 - სსმ III, №27, 28.02.2006წ., მუხ.321

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 11 აგვისტოს დადგენილება №150 - სსმ III, №108, 15.08.2006წ., მუხ.1483

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 17 მარტის დადგენილება №63 - სსმ III, №41, 19.03.2008წ., მუხ.478

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 15 მაისის დადგენილება №128- სსმ III, №74, 19.05.2008წ., მუხ.805

     მუხლი 4​1 . მიწის მინაკუთვნის დაწესება

ლიცენზიის გაცემისას სამინისტრო იღებს გადაწყვეტილებას მიწისა და სამთო მინაკუთვნის დაწესების თაობაზე საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსთან (ხოლო ქ. თბილისის ტერიტორიაზე – ასევე ქ. თბილისის მერიასთან) შეთანხმებით.

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 11 ნოემბრის დადგენილება №208 - სსმ III, №153, 14.11.2006წ., მუხ.2119

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 17 მარტის დადგენილება №63 - სსმ III, №41, 19.03.2008წ., მუხ.478

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 15 მაისის დადგენილება №128- სსმ III, №74, 19.05.2008წ., მუხ.805

    მუხლი 5. უარი აუქციონში მონაწილეობის მიღებაზე

1. აუქციონში მონაწილეობისათვის არ დაიშვება მაძიებელი, თუ:

ა) დაგვიანებით წარადგინა აუქციონში მონაწილეობისათვის საჭირო დოკუმენტაცია;

ბ) წარადგინა წინასწარ ყალბი ან არაზუსტი ინფორმაცია;

გ) კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების საფუძველზე არ შეიძლება მონაწილეობდეს დანიშნულ აუქციონში.

2. მაძიებელს მოტივირებული უარი უნდა ეცნობოს განცხადების მიღებიდან არა უგვიანეს 3 დღისა.

    მუხლი 6. საწყისი ფასი

აუქციონზე გამოტანილი ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის პრინციპების დაცვით ადგენს მინისტრი.

    მუხლი 6​1. ლიცენზიის მოქმედების ვადა

1. სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით ყველაზე ოპტიმალური ფასით სარგებლობის ლიცენზიის გადასაცემად ლიცენზიის მოქმედების ვადას განსაზღვრავს სამინისტრო ლიცენზიის მაძიებლის განცხადების საფუძველზე ან მის გარეშე. ეს ვადა გაითვალისწინება აუქციონის საწყისი ფასის განსაზღვრისას.

2. მდინარეებზე არსებული ქვიშა-ხრეშის საბადოებსა და გამოვლინებებზე ლიცენზიები გაიცემა არა უმეტეს 5 წლის ვადით.

საქართველოს მთავრობის 2007 წლის 16 ივნისის დადგენილება №120 - სსმ III, №83, 18.06.2007წ., მუხ.890

    მუხლი 7. სალიცენზიო პირობები

1. საქართველოს შესაბამისი საკანონმდებლო აქტებით დადგენილი სალიცენზიო პირობების გარდა მაძიებელს განესაზღვრება შემდეგი სალიცენზიო პირობები:

ა) იმ შემთხვევაში, თუ ლიცენზიის ვადის გასვლამდე ლიცენზიის მფლობელმა აითვისა ლიცენზიით გათვალისწინებული სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ჯამური მოცულობა, იგი ვალდებულია სამინისტროს მიმართოს განცხადებით ლიცენზიის გაუქმების თაობაზე;

ბ) მდინარეებზე არსებული ქვიშა-ხრეშის საბადოებსა და გამოვლინებებზე, რომელთა შესახებ გეოლოგიური ინფორმაცია მოპოვებულია სახელმწიფო სახსრებით და ინახება სსიპ – სივრცული ინფორმაციის ცენტრში, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია გაიცემა 3-მეტრიანი სისქის პროდუქტიული შრის დამუშავების უფლებით. ლიცენზიის მაძიებლის მოთხოვნის საფუძველზე შესაძლებელია პროდუქტიული შრის დამუშავების სისქის გაზრდა;

გ) სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე წიაღით სარგებლობისას ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ხე-ტყის მოჭრამდე ხე-ტყისათვის კომპენსაციის სახით ტყეკაფის გადაბარებიდან 1 თვის ვადაში გადაიხადოს „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით შესაბამისი სამასალე მერქნული რესურსისათვის განსაზღვრული მოსაკრებლის 5-მაგი ოდენობა.

1​1 . ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია შეასრულოს ლიცენზიის გამცემის მიერ სარგებლობისათვის განსაზღვრული მოთხოვნები.

2. ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების შესრულების კონტროლს ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოს დაცვის ინსპექცია.

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 11 აგვისტოს დადგენილება №150 - სსმ III, №108, 15.08.2006წ., მუხ.1483

საქართველოს მთავრობის 2007 წლის 16 ივნისის დადგენილება №120 - სსმ III, №83, 18.06.2007წ., მუხ.890

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 17 მარტის დადგენილება №63 - სსმ III, №41, 19.03.2008წ., მუხ.478

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 15 მაისის დადგენილება №128- სსმ III, №74, 19.05.2008წ., მუხ.805

    მუხლი 7​1 . ლიცენზიაში ცვლილებების შეტანა

1. ლიცენზიის მფლობელი სამინისტროს მიმართავს ლიცენზიაში ცვლილებების შეტანის მოთხოვნით, თუ:

ა) იცვლება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული მონაცემები. აღნიშნულ შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ლიცენზიის გამცემს წერილობით აცნობოს ეს და წარუდგინოს სათანადო დოკუმენტები შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 7 დღეში;

ბ) ხდება მთლიანი ლიცენზიის ან მისი ნაწილის გასხვისება. აღნიშნულ შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია შესაბამისი საბუთები წარუდგინოს ლიცენზიის გამცემს, რომელსაც 3 დღეში შეაქვს ცვლილებები სალიცენზიო რეესტრში და გასცემს შესაბამის სალიცენზიო მოწმობას;

გ) ლიცენზიის მფლობელისათვის წარმოიქმნა არსებითად განსხვავებული მდგომარეობა, რაც მისთვის წარმოშობს ლიცენზიით გათვალისწინებული სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების წლიური მოცულობის შეცვლის საჭიროებას.

2. იმ შემთხვევაში, თუ ლიცენზია გაცემულია 2007 წლის 1 აპრილამდე და რუკაზე მითითებული ლიცენზირებული ობიექტის კუთხეთა წვეროს X, Y კოორდინატები არ შეესაბამება ამავე რუკაზე დატანილი ობიექტის ადგილმდებარეობას, სამინისტრო უფლებამოსილია განახორციელოს ლიცენზიაში შესაბამისი ცვლილების შეტანა საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსთან შეთანხმებით.

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 11 აგვისტოს დადგენილება №150 - სსმ III, №108, 15.08.2006წ., მუხ.1483

საქართველოს მთავრობის 2007 წლის 16 ივნისის დადგენილება №120 - სსმ III, №83, 18.06.2007წ., მუხ.890

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 17 მარტის დადგენილება №63 - სსმ III, №41, 19.03.2008წ., მუხ.478

    მუხლი 7 ​2 . ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების დროებითი რეჟიმი

1. შესაძლებელია „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე გაცემული წიაღით სარგებლობის ლიცენზიების ვადის გაგრძელება.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ლიცენზიების ვადის გაგრძელებას, არა უმეტეს 2 წლისა (კანონმდებლობით დადგენილი წესით ახალი ლიცენზიის გაცემამდე), აუქციონის გამართვის გარეშე ახორციელებს სამინისტრო საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით.

3. ლიცენზიის ვადის გაგრძელების თაობაზე გადაწყვეტილება მიღებულ იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ლიცენზიის მოქმედების შეწყვეტამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას ქვეყნის ეკონომიკურ ინტერესებს და მომავალში წიაღისეულის ეფექტიან გამოყენებას.

4. ლიცენზიის ვადის გაგრძელების შემთხვევაში ლიცენზიანტზე ვრცელდება იგივე უფლება-მოვალეობანი, რაც ლიცენზიის ძირითადი ვადის მოქმედების პერიოდში.

საქართველოს მთავრობის 2007 წლის 13 მარტის დადგენილება №51 - სსმ III, №40, 23.03.2007წ., მუხ.466

საქართველოს მთავრობის 2007 წლის 12 სექტემბრის დადგენილება №185 - სსმ III, №128, 13.09.2007წ., მუხ.1398

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 28 მარტის დადგენილება №80 - სსმ III, №49, 01.04.2008წ., მუხ.573

    მუხლი 7​3. ლიცენზიის მთლიანად ან ნაწილის გადაცემა

1. ლიცენზიის მფლობელი უფლებამოსილია რამდენიმე ნაწილად დაყოს სარგებლობის ლიცენზია და სარგებლობის უფლება ან მისი ნაწილი იჯარით ან საკუთრებაში გადასცეს სხვა პირს.

2. ლიცენზიის მფლობელი და ლიცენზიის მიმღები ვალდებული არიან ლიცენზიის გადაცემისას ლიცენზიის გამცემს წარუდგინონ განაცხადი, რომელსაც დართული უნდა ჰქონდეს:

ა) კერძო სამართლის იურიდიული პირისა და ინდივიდუალური მეწარმისათვის სამეწარმეო რეესტრიდან ამონაწერები, ხოლო ფიზიკური პირისათვის – იდენტიფიკაციის დამადასტურებელი, კანონმდებლობით დადგენილი საბუთების ასლები. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა განცხადებას უნდა დაურთოს სადამფუძნებლო დოკუმენტების დამოწმებული ასლები;

ბ) ლიცენზიის გადაცემის დამადასტურებელი შესაბამისი სამართლებრივი დოკუმენტაცია, სადაც ასახული იქნება ლიცენზიის მიმღებისათვის გადასაცემი მარაგის მოცულობა;

გ) 3 ცალი ფერადი ტოპოგრაფიული რუკა (ფორმატი (A4), მასშტაბი 1:25000 ან 1:10000), რომელზეც დატანილია ლიცენზირებული ობიექტის კოორდინატები;

დ) ინფორმაცია მოპოვებული რესურსის ოდენობის შესახებ, რომლის სისწორისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება ლიცენზიის მფლობელს.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტაციის სრულად წარმოდგენიდან 3 დღეში სამინისტროს შეაქვს ცვლილებები სალიცენზიო რეესტრში და გასცემს შესაბამის სალიცენზიო მოწმობას.

4. ლიცენზიის მიმღები ვალდებულია შეასრულოს ლიცენზიით გათვალისწინებული სალიცენზიო პირობები და სარგებლობისათვის დადგენილი მოთხოვნები.

საქართველოს მთავრობის 2007 წლის 31 ივლისის დადგენილება №163 - სსმ III, №112, 10.08.2007წ., მუხ.1242

    მუხლი 7​4. ლიცენზიისაგან გათავისუფლების საფუძველი

1. დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე ლიცენზიისაგან შეიძლება გათავისუფლდეს პირი, რომელიც ინერტული მასალის მოპოვებას ახორციელებს მშენებლობის, ნაპირფორმირების პროცესების მართვისა და მდინარეთა რეგულირების მიზნით და აღნიშნული სამუშაოების დაყოვნებამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას სახელმწიფო და საზოგადოებრივ ინტერესებს.

1​1 . ამ მუხლის პირველი პუქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილ შუამდგომლობას უნდა დაერთოს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სსიპ – მონიტორიგისა და პროგნოზირების ცენტრის მიერ მომზადებული შესაბამისი საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნა.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხევაში პირი, რომელიც გათავისუფლდა ლიცენზიისაგან, უფლებამოსილია ინერტული მასალის მოპოვების სამუშაოები შეასრულოს საქართველოს მთავრობის მიერ ლიცენზიისაგან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან არა უმეტეს სამი თვისა.

3. დაუშვებელია ლიცენზიისაგან გათავისუფლდეს პირი, რომელიც ინერტული მასალის მოპოვებას გეგმავს ტერიტორიაზე, სადაც სამინისტროს მიერ გაცემულია სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია.

საქართველოს მთავრობის 2007 წლის 14 სექტემბრის დადგენილება №194 - სსმ III, №132, 21.09.2007წ., მუხ.1425

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 15 მაისის დადგენილება №128- სსმ III, №74, 19.05.2008წ., მუხ.805

    მუხლი 7​5. ლიცენზიის გაუქმება

1. ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-7 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში ლიცენზიის გაუქმების თაობაზე სასამართლოს, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსთან შეთანხმებით, შუამდგომლობით მიმართავს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოს დაცვის ინსპექცია, ხოლო ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსათვის ლიცენზიის გაცემის უფლებამოსილების დელეგირების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევაში – საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოს დაცვის ინსპექცია.

2. ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიმართვის საფუძველზე ლიცენზიის გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას ძალადაკარგულად აცხადებს სამინისტრო, ხოლო ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსათვის ლიცენზიის გაცემის უფლებამოსილების დელეგირების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევაში – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო.

3. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლე-ბის არსებობისას და ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-7 პუნქტის ,,ა“, ,,ბ“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ლიცენზიის გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას ძალადაკარგულად აცხადებს სამინისტრო, ხოლო ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსათვის ლიცენზიის გაცემის უფლებამოსილების დელეგირების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევაში – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო.

4. იმ შემთხვევაში, თუ ლიცენზია გაცემულია ლიცენზიის მაძიებლის განაცხადის საფუძველზე, რომელსაც ლიცენზიის გაცემამდე სამინისტროში არ წარმოუდგენია ლიცენზიით გათვალისწინებული ტერიტორიის კერძო საკუთრებაში არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტი და ლიცენზიის მოქმედების პერიოდში ტერიტორია აღმოჩნდა კერძო საკუთრებაში, სამინისტრო იღებს გადაწყვეტილებას ლიცენზიის გაუქმების თაობაზე.

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 17 მარტის დადგენილება №63 - სსმ III, №41, 19.03.2008წ., მუხ.478

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 12 აპრილის დადგენილება №97- სსმ III, №56, 14.04.2008წ., მუხ.649

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 15 მაისის დადგენილება №128- სსმ III, №74, 19.05.2008წ., მუხ.805

    მუხლი 7 ​6 . ლიცენზიის გაცემის, გაუქმებისა და მასში ცვლილების შეტანის თაობაზე ინფორმაციის მიწოდება

სამინისტრო ლიცენზიის გაცემის, გაუქმების ან/და მასში ცვლილების შეტანის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ვალდებულია საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს უმოკლეს ვადაში წარუდგინოს შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისა და სალიცენზიო მოწმობის ასლები.

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 17 მარტის დადგენილება №63 - სსმ III, №41, 19.03.2008წ., მუხ.478

    მუხლი 8. გარდამავალი დებულება

1. წიაღით სარგებლობის უფლების მინიჭების მიზნით დაწყებული ის პროცედურები, რომელთა განხორციელებაც დაწყებულია ამ დადგენილების ძალაში შესვლამდე, უნდა დასრულდეს „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონითა და მის საფუძველზე გამოცემული საქართველოს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით.

2. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე გაცემული ლიცენზიებისა და ნებართვების შეჩერებას, გაუქმებასა და აღდგენას შესაბამისი საკანონმდებლო აქტებით დადგენილი პირობების საფუძველზე ახორციელებს უშუალოდ მინისტრი.

2​1. ამ დებულების 71  მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული გარემოებების არსებობისას ,,წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით გაცემული წიაღით სარგებლობის ლიცენზიებში შესაბამისი ცვლილებების შეტანას ახორციელებს უშუალოდ მინისტრი.

3. წიაღით სარგებლობის ლიცენზიის ფორმა მტკიცდება მინისტრის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 23 თებერვლის დადგენილება №43 - სსმ III, №27, 28.02.2006წ., მუხ.321

საქართველოს მთავრობის 2007 წლის 21 ნოემბრის დადგენილება №254 - სსმ III, №165, 25.11.2007წ., მუხ.1811

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“, №136, 11.08.2005, სარეგისტრაციო კოდი 380.050.000.10.003.000.270 (კონსოლიდირებული რედაქცია 15.05.2008). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/10258-16/