1. გამგზავნი უფლებამოსილია განკარგოს ტვირთი, მოითხოვოს გადაზიდვის შეწყვეტა; მას ასევე შეუძლია მოითხოვოს, რომ გადამზიდველმა არ შეცვალოს მიწოდების ადგილი ან ტვირთი, არ მისცეს იგი სხვა პირს, გარდა იმისა, რომელიც ზედნადებშია აღნიშნული.
2. ეს უფლება ქარწყლდება მაშინვე, როცა ზედნადების მეორე პირი გადაეცემა ტვირთის მიმღებს, ან იგი გამოიყენებს თავის უფლებას 681-ე მუხლის პირველი წინადადების მიხედვით. ამ მომენტიდან გადამზიდველმა უნდა შეასრულოს მიმღების მითითებები.
3. მიმღები განკარგვის უფლებას იძენს ზედნადების გაფორმებისთანავე, თუ გამგზავნმა ზედნადებში გააკეთა შესაბამისი აღნიშვნა.
4. თუ მიმღებმა განკარგვის უფლების განხორციელებისას გასცა მითითება ტვირთის მიწოდების შესახებ მესამე პირისათვის, ეს უკანასკნელი, თავის მხრივ, არ არის უფლებამოსილი დაასახელოს სხვა მიმღები.
5. განკარგვის უფლების განხორციელება უნდა მოხდეს შემდეგი წესების დაცვით:
ა) გამგზავნმა ან
–
ამ მუხლის მე-3 ნაწილში დასახელებულ შემთხვევაში
–
მიმღებმა, თუ მას თავისი განკარგვის უფლების განხორციელება სურს, უნდა წარმოადგინოს ზედნადების პირველი პირი, რომელშიც შეტანილი უნდა იყოს გადამზიდველისათვის მიცემული ახალი მითითებები, და მას აუნაზღაუროს ყველა ის ხარჯი და ზიანი, რომლებიც ამ მითითებათა შესრულების შედეგად წარმოიშვა;
ბ) მითითებათა შესრულება შესაძლებელი უნდა იყოს იმ მომენტში, როცა ისინი მიუვა იმ პირს, რომელმაც ეს მითითება უნდა შეასრულოს, და არ შეიძლება, რომ იგი ხელს უშლიდეს გადამზიდველის ჩვეულებრივ საწარმოო საქმიანობას, და არც გამგზავნის ან მიმღების სხვა ტვირთს უნდა აყენებდეს ზიანს;
გ) მითითებებმა არ უნდა გამოიწვიონ ტვირთის დანაწილება.
6. თუ გადამზიდველს ამ მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე არ შეუძლია მიღებული მითითებების შესრულება, ამის შესახებ მან დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოს იმ პირს, ვინც ეს მითითებები გასცა.
7. გადამზიდველი, რომელიც არ ასრულებს ამ მუხლის მოთხოვნათა დაცვით გაცემულ მითითებებს, ან ასრულებს მათ ზედნადების პირველი პირის მოთხოვნის გარეშე, პასუხს აგებს უფლებამოსილი პირის წინაშე აქედან წარმოშობილი ზიანისათვის.
საქართველოს 2002 წლის 28 დეკემბრის კანონი №1902 – სსმ I, №4, 22.01.2003 წ., მუხ.
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 26.06.1997).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(4)
- საქმე №ას-136-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 19.05.2023
…და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფა. 10. კასატორის მტკიცებით, სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ - სსკ) 674.1 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი, 680-ე, 686.1 მუხლები. 10.08.2020 წლის ზედნადებში მიმღებად მითითებული იყო მყიდველი. მართალია, მოსაჩელემ სარჩელს დაურთო ზედნადები, რომელიც სხვა პირის სახელზე იყო გამოწერილი, თუმცა ის მოპასუხე კომპანიას არ გადასცემია, ამასთან, ზედნადები 14.06.2020 წელსაა შედგენილი.
- საქმე №ას-569-544-2016 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.12.2016
…მომწესრიგებელი კანონისმიერი დანაწესები (სკ-ის 669-ე-708-ე მუხლები). 1.5. იმისათვის, რომ სწორად გადაწყდეს მოსარჩელის მოთხოვნის საფუძვლიანობა, მხედველობაში უნდა იქნას მიღებული ხელშემკვრელ მხარეთა უფლება-მოვალეობები: 1.5.1. სამოქალაქო კოდექსის 680-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, გამგზავნი უფლებამოსილია განკარგოს ტვირთი, მოითხოვოს გადაზიდვის შეწყვეტა და მისი ეს უფლება ქარწყლდება მაშინვე, როცა ზედნადების მეორე პირი გადაეცემა ტვირთის მიმღებს.
- საქმე №ას-136-832-03 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 21.05.2004
კერძო საჩივრის ავტორი თვლის, რომ არ შეესაბამება სინამდვილეს ასევე სასამართლოს არგუმენტი იმის შესახებ, რომ დაყადაღებული ქონება არ არის მოვალის საკუთრება, რადგან სატრანსპორტო დოკუმენტებში ტვირთის გამგზავნად აღნიშნულია სს «ჭ.-ი». სკ-ის 680-ე მუხლის I ნაწილის მიხედვით, გამგზავნი უფლებამოსილია, განკარგოს ტვირთი, მოითხოვოს გადაზიდვის შეწყვეტა, ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, მიმღები განკარგვის უფლებას იძენს სატრანსპორტო ზედნადების გაფორმებისთანავე.
- საქმე №3გ-ად-343-კ-02 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 12.02.2003
…რომ სააპელაციო სასამართლომ პასუხისმგებლობისაგან გაათავისუფლა საბაჟო «...-ი" გემ «უ.-თ" გატანილი 2917 ტონა ჯართის ღირებულების _ 227000 აშშ დოლარის _ გადახდისაგან და პასუხისმგებლობა დააკისრა შპს «კ.-ს", რისთვისაც გამოიყენა სკ-ს 680-ე მუხლი. ამ მუხლზე დაყრდნობით სააპელაციო სასამართლომ სწორად დაადგინა, რომ შპს «კ.-ს" არ ჰქონდა მეორე კონოსამენტის გამოწერის უფლება, რადგან პირველი კონოსამენტის გამოწერისთანავე ტვირთის მიმართ შპს «კ.-ს" ყველა უფლება გაქარწყლდა და გადავიდა ესპანურ ფირმა «ი.-ზე".
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება