ბრძანება N 21587

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 04.09.2023
№ დოკუმენტი 21587
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 21587

04 სექტემბერი 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

ფ/პ ------- (პ/ნ -------)

(მის.: ---------)

2023 წლის 22 აგვისტოს საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 31 აგვისტოს სხდომაზე (ოქმი №90) განიხილა ფ/პ ------ს (პ/ნ -----) 2023 წლის 22 აგვისტოს №83208/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 4 ივლისის №999-8 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საშემოსავლო გადასახადის დარიცხვას. აცხადებს, რომ არ უწარმოებია და არ გაუყიდია სოფლის მეურნეობის პროდუქცია, შესყიდვის აქტი შედგენილია მისი ნებართვის გარეშე. აღნიშნულის გათვალისწინებით, ითხოვს დარიცხული თანხების გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 20 ივნისის №13987 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა ფ/პ ------ს (პ/ნ -----) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2021 წლის საანგარიშო პერიოდში შპს „------თვის“ (ს/ნ -----) მიწოდებული პროდუქციის ფარგლებში მიღებული შემოსავლის საგადასახადო ვალდებულებების სისწორის განსაზღვრის მიზნით. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 27 ივნისს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 4 ივლისის №15811 ბრძანება და ამავე თარიღის №999-8 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს საგადასახადო ვალდებულება განესაზღვრა სულ 26 662 ლარი, მათ შორის, გადასახადი 15 411 ლარი, ჯარიმა 7 706 ლარი, საურავი 3 545 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებით:

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „------ის“ საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების მიმდინარეობისას დადგინდა, რომ შპს „------ს“ ფ/პ ------გან 2021 წლის იანვარში და თებერვალში შესყიდვის აქტების მეშვეობით შეძენილი აქვს 308 225 ლარის ვაშლი. ფ/პ ------ს არ აქვს წარმოდგენილი 2021 წლის საანგარიშო პერიოდის საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაცია. მას მიღებული შემოსავალი უნდა დაებეგრა საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, რაც არ განუხორციელებია.

შემოწმებით ფ/პ ----ის ერთობლივი შემოსავალი განისაზღვრა 308 225 ლარით, პირს დაერიცხა გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

ამასთან, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციით, გადამხდელს ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯები არ უფიქსირდება. ------თან სატელეფონო საუბრისას მიღებული ახსნა-განმარტებით დადგინდა, რომ მას პროდუქციის შეძენასთან დაკავშირებული ხარჯის დამადასტურებელი პირველადი დოკუმენტები (შესყიდვის აქტები) არ გააჩნია. შემოწმებით, დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯების განსაზღვრასთან დაკავშირებით, გამოყენებულ იქნა შემოსავლების სასამხურის უფროსის 2012 წლის 2 თებერვლის №1162 ბრძანებით დამტკიცებული „საგადასახადო შემოწმებისას გასატარებელი ღონისძიებების სიტუაციური სახელმძღვანელოს“ №0256 სიტუაციური სახელმძღვანელო. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმებით 2021 წლის საშემოსავლო გადასახადის წლიურ დეკლარაციაში ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვით ხარჯად, 25%-იანი რენტაბელობიდან გამომდინარე, გათვალისწინებულ იქნა რეალიზებული საქონლის 75%. ფ/პ ------ს ერთობლივი შემოსავლებიდან გამოსაქვითი ხარჯი „შეძენილი საქონელი, მასალები და ნედლეული“ შეადგენს 231 168.75 ლარს.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა. ხოლო, მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.

ამავე კოდექსის მე-100 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ყველა ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მის მიღებასთან, გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც ამ კოდექსის თანახმად გამოქვითვას არ ექვემდებარება. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.

ამავე კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე, სხვა მსგავს ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ გადასახადის გადამხდელს 2021 წლის საანგარიშო პერიოდში შესყიდვის აქტების საფუძველზე, საქონლის (ვაშლის) მიწოდებით მიღებული აქვს შემოსავალი და არ აქვს შესრულებული შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებები. ასევე, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მისი არგუმენტაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები (მ.შ საგამოძიებო ორგანოდან), რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. ფ/პ ------ (პ/ნ ------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საშემოსავლო გადასახადის დარიცხვას. ითხოვს დარიცხული თანხების გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს-ს საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების მიმდინარეობისას დადგინდა, რომ შპს-ს მომჩივანისგან 2021 წლის იანვარში და თებერვალში შესყიდვის აქტების მეშვეობით შეძენილი აქვს 308 225 ლარის ვაშლი. მომჩივანს არ აქვს წარმოდგენილი 2021 წლის საანგარიშო პერიოდის საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაცია. მას მიღებული შემოსავალი უნდა დაებეგრა საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, რაც არ განუხორციელებია. შემოწმებით მომჩივანის ერთობლივი შემოსავალი განისაზღვრა 308 225 ლარით, პირს დაერიცხა გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 43(4), 136(1)(3), 61(3), 80(1), 72(1), 73(5"ა"), 100(3"ბ"), 102(1"ა"), 105(1)(2).