ბრძანება N 2073

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 07.02.2025
№ დოკუმენტი 2073
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 2073

07 თებერვალი 2025

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

ი/მ „------“(ს/ნ ------)

(მის.:---------)

2024 წლის 6 აგვისტოს საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 23 იანვარს გამართულ სხდომაზე (ოქმი №5) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 31 დეკემბრის №24182/2/2024 გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული ი/მ ---------- (ს/ნ -----------) 2024 წლის 6 აგვისტოს №131182/21 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 11 ივლისის №002-145 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ სამეწარმეო საქმიანობისთვის ნაქირავები აქვს სასაწყობე ფართი. მეიჯარესთან არსებული სასამართლო დავის ფარგლებში დაევალა არსებული სასაწყობე ფართის გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში მეიჯარისთვის გადაცემა. იქიდან გამომდინარე, რომ ვერ მოახერხა აღნიშნული ფართის დათქმულ ვადაში გამოთავისუფლება, ამ ფაქტმა წარმოშვა ახალი კონფლიქტი, კერძოდ, მეიჯარემ მოახდინა ფართის შესასვლელი კარის თვითნებურად გადაკეტვა, რის გამოც ხელი ეშლებოდა სასაწყობე ფართის დაცლაში. აღნიშნულს ართულებდა აღსრულების ეროვნულ ბიუროში მეიჯარის განცხადების საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოებაც. აღნიშნავს, რომ მეიჯარის განცხადების საფუძველზე საწყობში სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მიზნით გამოცხადდნენ შემოსავლების სამსახურის თანამშრომლები, რაზეც აცნობა, რომ შეუძლებელი იყო ამ პერიოდში სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია, რამე თუ მათი ნაწილი გადატანილი ჰქონდა ახალ საწყობში და არ ჰქონდა დაფასოებული, ხოლო ნაწილი დალუქული იყო ძველ საწყობში და დავის დასრულებამდე არ შეეძლო მათი გამოტანა.

გადამხდელი აღნიშნავს, რომ საჩივარში მითითებული თითოეული ფაქტობრივი გარემოება დასტურდება, საჩივარზე თანდართული სააღსრულებო წარმოების მასალებითა და პოლიციიდან გამოთხოვილი დოკუმენტაციით.

იქიდან გამომდინარე, რომ მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ვერ შეძლო შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებისათვის ინვენტარიზაციაში დახმარება, მათ მიერ მთლიანი სასაქონლომატერიალური ფასეულობები ჩაითვალა რეალიზებულად.

გადამხდელი აღნიშნავს, რომ საკითხის აუდიტის დეპარტამენტში დაბრუნების შემთხვევაში უკვე აქვს შესაძლებლობა შემოწმებას სრულად წარუდგინოს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები და მონაწილეობა მიიღოს ინვენტარიზაციის პროცესში.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 15 აპრილის №8641 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა ი/მ -------- (ს/ნ -----------) საქმიანობის საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2021 წლის პირველი იანვრიდან 2024 წლის 2 აპრილამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2024 წლის 28 ივნისს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი. შემოწმების აქტის საფუძველზე აუდიტის დეპარტამენტმა 2024 წლის 10 ივლისს გამოსცა №16351 ბრძანება და 11 ივლისს №002-145 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 307 853 ლარი, მათ შორის, გადასახადი 169 003 ლარი, ჯარიმა 83 734 ლარი და საურავი 55 116 ლარი.

ზემოაღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2024 წლის 25 სექტემბრის №20895 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2024 წლის 31 დეკემბრის №24182/2/2024 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 25 სექტემბრის №20895 ბრძანება და საჩივარი, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 31 დეკემბრის №24182/2/2024 გადაწყვეტილებაში აღნიშნულია შემდეგი:

„განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხებთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. შემოსავლების სამსახურში საჩივრის განხილვა განხორციელდა გადასახადის გადამხდელის მონაწილეობის გარეშე. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხები.

საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები სადავოა, ხოლო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საჩივრის განხილვის პირველ ეტაპზე საჩივარი განხილულია მომჩივნის მონაწილეობის გარეშე, მიიჩნევს, რომ სადავო საკითხები საჭიროებს დამატებით შესწავლას მომჩივნის მონაწილეობით, რისთვისაც საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.“

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საჩივარში დასმულ სადავო საკითხთან დაკავშირებით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

გადასახადის გადამხდელის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს -------- ტერიტორიაზე ძირითადად კერამიკის ჭურჭლით, ველოსიპედებით და სათამაშოებით ვაჭრობა. სასაქონლომატერიალური ფასეულობების შესყიდვას (იმპორტს) ძირითადად ახორციელებს ---------. გადასახადის გადამხდელმა წარმოადგინა ბუღალტრული პროგრამა ორისი, სადაც არასრულად აქვს აღრიცხული საქონლის ჩამოწერები და რეალიზაცია. ზოგიერთი საქონელი საერთოდ არ არის გატარებული პროგრამულად. სრულად არ იქნა წარმოდგენილი ამონაწერები მომსახურე ბანკებიდან. გადამხდელთან ვერ განხორციელდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვა და საკონტროლო შესყიდვა, ვინაიდან მეწარმემ უარი განაცხადა აღნიშნული პროცედურების ჩატარებაზე და საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებისთვის გაწეულ იქნა წინააღმდეგობა, რის საფუძველზე გამოწერილ იქნა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი. 2024 წლის 19 აპრილს გადასახადის გადამხდელს ელექტრონულ გვერდზე გაეგზავნა სასაქონლომატერიალური ფასეულობების ნაშთის ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვის შესახებ ბრძანება და წერილი, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის შესაბამისად, სადაც მოთხოვნილ იქნა ინფორმაცია სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის განთავსების ადგილის შესახებ. აღნიშნულ შეტყობინებას გადასახადის გადამხდელი გაეცნო 2024 წლის 15 მაისს. აღნიშნულ წერილთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელს ინფორმაცია არ წარმოუდგენია, რის საფუძველზეც შედგენილ იქნა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და შეეფარდა ჯარიმა 400 ლარის ოდენობით, ასევე აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 15 აპრილის N-------- წერილით მეწარმეს დაევალა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის საფუძველზე დოკუმენტაციის წარმოდგენა, რომელსაც პირი გაეცნო 2024 წლის 15 მაისს, თუმცა დოკუმენტაცია სრულად არ წარმოუდგენია, რაზეც შედგენილ იქნა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და დაჯარიმდა 1000 ლარის ოდენობით. წარმოდგენილი საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციების მიხედვით დეკლარირებული ფასნამატი შეადგენს 21%-ს. შემოწმების მიერ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულ იქნა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. ვინაიდან, გადასახადის გადამხდელმა უარი განაცხადა მიმდინარე კონტროლის პროცედურების განხორციელებაზე, შემოწმების მიერ, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი მიჩნეულ იქნა ნულად. არაპირდაპირი მეთოდის საფუძველზე შესამოწმებელ პერიოდში სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი რეალიზებულ იქნა (21%-იანი დეკლარირებული ფასნამატით) დღგ-ის დეკლარაციებით ბრუნვების პროპორციულად შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში. ამდენად, დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა სულ გაიზარდა 761 328 ლარით. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დამატებით დაერიცხა დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს წარმოდგენილ საშემოსავლო გადასახადის 2021, 2022 და 2023 წლების დეკლარაციებში უფიქსირდება ისეთი ხარჯი (5 294 ლარი), რომელიც არ არის დოკუმენტურად დადასტურებული. ასევე, შემოსავლების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრისას გაიზარდა საშემოსავლო გადასახადის წლიურ დეკლარაციებში დეკლარირებული ერთობლივი შემოსავალი და შესაბამისად, განხორციელდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საწყისი და საბოლოო ნაშთების კორექტირება. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დამატებით დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საჩივრის განხილვა შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოში ჩაინიშნა 2025 წლის 23 იანვარს, 14:40 სთ-ზე, გადამხდელის მონაწილეობით. გადამხდელს ეცნობა საჩივრის განხილვის დროისა და ადგილის შესახებ, თუმცა მომჩივანი არ გამოცხადდა საჩივრის ზეპირ განხილვაზე და არც განცხადება წარმოუდგენია განხილვის გადადებასთან დაკავშირებით. ამასთან, სატელეფონო კომუნიკაციისას თანხმობა განაცხადა საჩივრის მისი მონაწილეობის გარეშე განხილვაზე.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა. ხოლო, მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

ამავე კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით - სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველ ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 79-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საშემოსავლო გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი ფიზიკური პირი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 80-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, რეზიდენტის ერთობლივი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროდან და საქართველოს ფარგლების გარეთ მიღებული შემოსავლებისაგან.

ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ნებისმიერი ფორმით ან/და საქმიანობით მიღებული შემოსავალი, კერძოდ, ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად:

1. ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ყველა ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მის მიღებასთან, გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც ამ კოდექსის თანახმად გამოქვითვას არ ექვემდებარება.

2. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.

ამავე კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას. საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერულ) ოპერაციაზე გამოწერილ პირველად საგადასახადო დოკუმენტში საქონლის ღირებულების (მათ შორის, საქონლის ერთეულის ფასის) მითითება სავალდებულო არ არის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 145-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დასაბეგრი შემოსავლის (მოგების) განსაზღვრისას საანგარიშო პერიოდის დასაწყისისთვის არსებული სასაქონლომატერიალური ფასეულობის ღირებულება აკლდება, ხოლო საანგარიშო პერიოდის ბოლოსთვის არსებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ღირებულება ემატება ერთობლივ შემოსავალს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილ იქნა ბუღალტრული პროგრამა ორისი, სადაც არასრულად აქვს აღრიცხული საქონლის ჩამოწერები და რეალიზაცია. ზოგიერთი საქონელი საერთოდ არ არის გატარებული პროგრამულად. სრულად არ იქნა წარდგენილი ამონაწერები მომსახურე ბანკებიდან.

გადამხდელთან ვერ განხორციელდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვა და საკონტროლო შესყიდვა, ვინაიდან მეწარმემ უარი განაცხადა აღნიშნული პროცედურების ჩატარებაზე, ასევე არ იქნა წარდგენილი აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოთხოვნილი სააღრიცხვო დოკუმენტები. შემოწმების მიერ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულ იქნა, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, ასევე შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის სასაქონლომატერიალური ფასეულობების ნაშთი მიჩნეულ იქნა ნულის ტოლად. არაპირდაპირი მეთოდის საფუძველზე, შესამოწმებელ პერიოდში, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი რეალიზებულ იქნა 21%-იანი დეკლარირებული ფასნამატით და გადანაწილებულ იქნა დღგ-ის დეკლარაციებში დაფიქსირებული ბრუნვების პროპორციულად. ამასთან, შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს წარმოდგენილ საშემოსავლო გადასახადის 2021, 2022 და 2023 წლების დეკლარაციებში უფიქსირდება ხარჯი (5 294 ლარი), რომელიც არ არის დოკუმენტურად დადასტურებული. შემოსავლების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრისას გაიზარდა საშემოსავლო გადასახადის წლიურ დეკლარაციებში დეკლარირებული ერთობლივი შემოსავალი და განხორციელდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საწყისი და საბოლოო ნაშთების კორექტირება.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, საკითხის დამატებით შესწავლა/გამოკვლევის შედეგად არ გამოვლინდა ისეთი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი საფუძვლები, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. ი/მ -------- (ს/ნ --------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანების გასაჩივრება შესაძლებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქუჩა №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად მისი ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადამხდელი აღნიშნავს, რომ საკითხის აუდიტის დეპარტამენტში დაბრუნების შემთხვევაში უკვე აქვს შესაძლებლობა შემოწმებას სრულად წარუდგინოს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები და მონაწილეობა მიიღოს ინვენტარიზაციის პროცესში.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს ვაჭრობა. გადამხდელთან ვერ განხორციელდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვა და საკონტროლო შესყიდვა, ვინაიდან მეწარმემ უარი განაცხადა აღნიშნული პროცედურების ჩატარებაზე და საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებისთვის გაწეულ იქნა წინააღმდეგობა, რის საფუძველზე გამოწერილ იქნა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი. პირს შეეფარდა ჯარიმა 400 ლარის ოდენობით. ასევე მეწარმეს დაევალა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის საფუძველზე დოკუმენტაციის წარმოდგენა, თუმცა დოკუმენტაცია სრულად არ წარმოუდგენია, რაზეც შედგენილ იქნა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და დაჯარიმდა 1000 ლარის ოდენობით.

შემოწმების მიერ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულ იქნა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. ვინაიდან, გადასახადის გადამხდელმა უარი განაცხადა მიმდინარე კონტროლის პროცედურების განხორციელებაზე, შემოწმების მიერ, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი მიჩნეულ იქნა ნულად. შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს წარმოდგენილ საშემოსავლო გადასახადის 2021, 2022 და 2023 წლების დეკლარაციებში უფიქსირდება ისეთი ხარჯი (5 294 ლარი), რომელიც არ არის დოკუმენტურად დადასტურებული. ასევე, შემოსავლების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრისას გაიზარდა საშემოსავლო გადასახადის წლიურ დეკლარაციებში დეკლარირებული ერთობლივი შემოსავალი და შესაბამისად, განხორციელდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საწყისი და საბოლოო ნაშთების კორექტირება. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დამატებით დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:70;73(5);158(1);159(1);164;79;80(1);100(1);102(1);105(1);