გადაწყვეტილება №22635/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 12.08.2024
№ დოკუმენტი 22635/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№22635/2/2024

12 აგვისტო 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: ------- (ს/ნ -------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 4.07.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ------- (ინდივიდუალური მეწარმე -------) 21.03.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივრებზე (რეგისტრაციის №22635/2/2024; №22656/2/2024).

 

დავის საგანი:

1. სისტემურ-ელექტრონული ფორმით თამაშობების განმახორციელებელი პირებისთვის გაწეული მომსახურების დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად მიჩნევა და მათგან ჩარიცხული თანხების დასაბეგრი ოპერაციის თანხად განხილვა;

2. ერთობლივი შემოსავლის და მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის დასაბეგრი შემოსავლის განსაზღვრის მართლზომიერება;

3. სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 18.12.2023 წლის №006-643 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 5.03.2024 წლის №4841 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 376 506,72 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 261 800

დღგ - 100 072 საშემოსავლო გადასახადი - 161 728

ჯარიმა - 73 286

საურავი - 41 420,72

 

პროცედურული გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის 12.12.2023 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 1.01.2020 წლიდან 1.05.2023 წლამდე პერიოდი.

საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 18.12.2023 წლის №006-643 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 5.03.2024 წლის №4841 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (საჩივარი №22635/2/2024). მომჩივნის მიერ 22.03.2024 წელს წარმოდგენილია დაზუსტებული საჩივარი (№22656/2/2024).

 

სადავო საკითხები:

1. სისტემურ-ელექტრონული ფორმით თამაშობების განმახორციელებელი პირებისთვის გაწეული მომსახურების დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად მიჩნევა და მათგან ჩარიცხული თანხების დასაბეგრი ოპერაციის თანხად განხილვა

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის ------- სამმართველოში მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის №------- საქმეზე. ი/მ ------- გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2013 წლის 5 ივნისიდან. საქმიანობის სფეროდ უფიქსირდება აზარტული თამაშების საქმიანობები. საგამოძიებო სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციის, შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზებისა და გადასახადის გადამხდელის საბანკო ამონაწერების დამუშავების შედეგად დგინდება, რომ ი/მ ------- ახორციელებს სხვადასხვა მარკეტინგული მომსახურების (მათ შორის, „------- მომსახურების“) გაწევას კერძო კომპანიებთან. შემოწმების მიერ, საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის საფუძველზე მესამე მხარეებისგან გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია და მასალები ი/მ ------- მიერ გაწეულ მომსახურებებთან/ანაზღაურებულ თანხებთან (მათ შორის, „------- მომსახურების“ ნაწილში) დაკავშირებით. მესამე მხარეებისგან მოწოდებული ინფორმაციის, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საქმიანობასთან დაკავშირებული ხელშეკრულებების/ინვოისების და საბანკო ამონაწერების დამუშავების შედეგად დგინდება, რომ ი/მ ------- ხელშეკრულებების საფუძველზე (ხელშეკრულება სარეკლამო მომსახურების გაწევის თაობაზე; ------- მომსახურების ხელშეკრულება) „-------“ მომსახურებას უწევს სისტემურ-ელექტრონული ფორმით თამაშობების განმახორციელებელ პირებს.

------- გულისხმობს დამკვეთების (სისტემურ-ელექტრონული ფორმით თამაშობების განმახორციელებელ პირები) საკუთრებაში არსებული სავაჭრო ბრენდის პოპულარიზაციის მიზნით (მომხმარებლებისთვის ინფორმაციის მიწოდება და მოზიდვა) ------- გრაფიკის შესაბამისად, ლაივ ------- განხორციელებას (სლოტ თამაშების პირდაპირი ეთერით ტრანსლირება). მოთამაშეს დამკვეთის ვებ-გვერდზე რეგისტრირებულ სათამაშო ანგარიშზე, დამკვეთის მიერ ერიცხება გარკვეული თანხა სათამაშოდ. აღნიშნული თანხა წარმოადგენს ------- თამაშობის მოწყობისათვის საჭირო სახსრებს, რის განკარგვასაც ------- ახდენს მის მიერ შერჩეულ სლოტ თამაშებში.

საგადასახადო კოდექსის 159-ე, 164-ე და 165-ე მუხლების გათვალისწინებით, შემოწმების მიერ განსაზღვრულ იქნა მეწარმის მიერ შესამოწმებელ პერიოდში დღგ-ით დასაბეგრი მომსახურების, მათ შორის „-------“ მომსახურების გაწევის შედეგად დასაბეგრი ოპერაციების (სისტემურელექტრონული ფორმით თამაშობების განმახორციელებელი პირებისგან მიღებული თანხები, რაც განხილულია დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად) თანხა. მეწარმის მიერ განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების და მათი ჯამური ღირებულების (12 უწყვეტ კალენდარულ თვეში) გათვალისწინებით, ი/მ ------- წარმოეშვა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება (12.01.2022). მეწარმეს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობისთვის საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე, მე-9, მე-16, 79-ე, მე-80, მე-100, 102-ე, 154-ე, 165-ე, 158-ე, 159-ე, 163-ე, 164-ე და 43-ე მუხლებზე.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვითაც, მესამე მხარეებისგან გამოთხოვილი ინფორმაციის, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საქმიანობასთან დაკავშირებული ხელშეკრულებების/ინვოისების და საბანკო ამონაწერების დამუშავების შედეგად დადგინდა, რომ ი/მ ------- ხელშეკრულებების საფუძველზე (ხელშეკრულება სარეკლამო მომსახურების გაწევის თაობაზე; „-------“ მომსახურების ხელშეკრულება) „-------“ მომსახურებას უწევს სისტემურ-ელექტრონული ფორმით თამაშობების განმახორციელებელ პირებს. „-------“ გულისხმობს დამკვეთების საკუთრებაში არსებული სავაჭრო ბრენდის პოპულარიზაციის მიზნით (მომხმარებლებისთვის ინფორმაციის მიწოდება და მოზიდვა) ------- გრაფიკის შესაბამისად, ლაივ ------- განხორციელებას (სლოტ თამაშების პირდაპირი ეთერით ტრანსლირება). მოთამაშეს დამკვეთის ვებ-გვერდზე რეგისტრირებულ სათამაშო ანგარიშზე დამკვეთის მიერ ერიცხება გარკვეული თანხა სათამაშოდ. აღნიშნული თანხა წარმოადგენს „-------“ თამაშობის მოწყობისათვის საჭირო სახსრებს, რის განკარგვასაც „-------“ ახდენს მის მიერ შერჩეულ სლოტ თამაშებში. შესაბამისად, შემოწმების შედეგად მეწარმის მიერ შესამოწმებელ პერიოდში დღგ-ით დასაბეგრი მომსახურების, მათ შორის „-------“ მომსახურების გაწევის შედეგად დასაბეგრი ოპერაციების ჯამური თანხები განისაზღვრა სისტემურ-ელექტრონული ფორმით თამაშობების განმახორციელებელი პირებისგან სათამაშოდ მიღებული თანხების ოდენობით. შედეგად, განისაზღვრა დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღი და პირს დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი. ამასთან, ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ვინაიდან, საგადასახადო შემოწმების მიერ დადგენილი და გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებული საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა განსხვავდება ერთმანეთისგან, პირს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი.

შემოსავლების სამსახური იზიარებს აუდიტის დეპარტამენტის პოზიციას და აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში ადგილი აქვს შემდეგი სახის ოპერაციას, კერძოდ, სისტემურ-ელექტრონული ფორმით თამაშობების განმახორციელებელი პირის მიერ ჩარიცხული თანხის სანაცვლოდ ფიზიკურ პირს ეკისრება გარკვეული სახის მოქმედების შესრულება და ამ მოქმედების შესრულება ხდება ფიზიკური პირის მხრიდან „-------“ თამაშობის მოწყობით. შესაბამისად, სახეზეა მომსახურების გაწევა, რაც კანონმდებლობის მიხედვით წარმოადგენს დასაბეგრ ოპერაციას.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მომჩივნის პოზიციის დამადასტურებელი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მხარეთა არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

ი/მ ------- 2022 წლის 29 დეკემბრიდან რეგისტრირებულია ინდივიდუალურ მეწარმედ. დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული არ იყო შესამოწმებელ პერიოდში. საქმიანობის სფეროა - სარეკლამო მომსახურება. შემოწმების მიერ დამატებითი დარიცხვები განხორციელდა დღგ-ში და საშემოსავლო გადასახადში. საჩივრდება ორივე საკითხი.

------- ფიზიკური პირის სათამაშო ბარათზე ჩარიცხული ბალანსის მეწარმის ერთობლივ შემოსავალში ჩართვა მოკლებულია სამართლებრივ არგუმენტებს. სისტემურ-ელექტრონული ფორმით თამაშობების განმახორციელებელი პირის მიერ სათამაშო ბარათზე სათამაშოდ დარიცხული ბალანსი არ წარმოადგენს მომსახურების ანაზღაურებას და არ უნდა დაკვალიფიცირდეს ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებულ შემოსავლად. ის სრულად იხარჯება გრაფიკის შესაბამისად სლოტ თამაშების პირდაპირი ეთერით ტრანსლირების დროს და განკუთვნილია სისტემურ-ელექტრონული ფორმით თამაშობების განმახორციელებელი პირების საკუთრებაში არსებული სავაჭრო ბრენდის პოპულარიზაციის მიზნით მომხმარებლებისთვის ინფორმაციის მიწოდებისა და მოზიდვისთვის. აქვე გაცნობებთ, რომ აღნიშნული ბალანსის განკარგვის უფლება მოთამაშეებს ხელშეკრულების შესაბამისად არ ჰქონდათ.

იმ შემთხვევაში თუკი არ მოხდება ზემოთ მოცემული საკითხის დაკმაყოფილება და ი/მ ------- მიერ „-------“ განხორციელება მაინც დაკვალიფიცირდება დასაბეგრ ოპერაციებად, მაშინ უფრო დეტალურად უნდა განისაზღვროს დასაბეგრი ბაზა და დასაბეგრი პერიოდი. კერძოდ, ------- მიერ გაწეული მომსახურების სანაცვლოდ მიღებულ ანაზღაურებად შესაძლოა ჩაითვალოს მის მიერ საბანკო ანგარიშზე გადატანილი თანხები, რისი ოდენობაც მკაცრად განსაზღვრულია ხელშეკრულების შესაბამისად თითოეული ხელშეკრულებით და არა სათამაშოდ ჩარიცხული ბალანსი. მაგალითად, ------- სისტემურ-ელექტრონული თამაშობის განმახორციელებელი პირების მიერ სათამაშო ბარათზე სათამაშოდ დარიცხული ბალანსი ერიცხება ყოველთვის იმაზე მეტი, ვიდრე მას მოგების შედეგად გატანის უფლება აქვს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ლიმიტების შესაბამისად. შემოწმების შედეგად კი შემოსავლად მიჩნეულია სათამაშო ბარათზე დარიცხული თანხები, რაც ჩართული იქნა ერთობლივ შემოსავალში და დაიბეგრა დღგ-ით და საშემოსავლო გადასახადით. შესაბამისად, არ ვეთანხმებით შემოწმების მიერ სათამაშო ანგარიშზე განთავსებული ------- განკუთვნილი ბალანსის ერთობლივ შემოსავალში ჩართვას და დღგ-სა და საშემოსავლო გადასახადების დარიცხვას.

სისტემურ-ელექტრონული ფორმით თამაშობების განმახორციელებელი პირებთან თანამშრომლობა, მიუხედავად ხელშეკრულების სახელწოდებისა, უთანაბრდება შრომით საქმიანობას, დასაქმებულს ევალებოდა კვირაში 6 დღე, 2 საათიანი სამუშაო გრაფიკით პირდაპირი ჩართვების ტრანსლირება მოეხდინა. შემოსავლების სამსახურის ავტორიზებულ გვერდზე ------- მიერ განხორციელდა მტკიცებულების დოკუმენტის შევსება იმის განსასაზღვრად აღნიშნულ კომპანიებთან თანამშრომლობა წარმოადგენდა დაქირავებით მუშაობას თუ მომსახურების გაწევას, რის შედეგადაც გამოიკვეთა რომ მათთან თანამშრომლობა დაკვალიფიცირდა დაქირავებით მუშაობად, შესაბამისად ანაზღაურების გადამხდელი კომპანიები ვალდებულები იყვნენ განეხორციელებინათ ------- განხორციელებული განაცემის დაბეგვრა გადახდის წყაროსთან სსკ-ის 154-ე მუხლის შესაბამისად.

მომჩივანი 22.03.2024 წელს წარმოდგენილ დაზუსტებულ საჩივარში (№22656/2/2024) მიუთითებს, რომ ი/მ ------- ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრირებულია 2022 წლის 29 დეკემბრიდან. შემოწმების მიერ კი საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრ ერთობლივ შემოსავალში ჩასართავ ოპერაციად განისაზღვრა რეგისტრაციამდე მიღებული რამდენიმე ანაზღაურება, მათ შორის ისეთიც, რომელიც გადახდის წყაროსთან იყო დაბეგრილი. აღნიშნული თანხები შემოწმების მიერ დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. იმ პერიოდში ------- ეკონომიკურ საქმიანობას არ ახორციელებდა და ანაზღაურების გადამხდელ კომპანიებს ევალებოდათ განეხორციელებინათ ხელფასთან გათანაბრებული განაცემის დაბეგვრა გადახდის წყაროსთან სსკ-ის 154-ე მუხლის შესაბამისად. ------- ფიზიკური პირის სათამაშო ბარათზე ჩარიცხული ბალანსის მეწარმის ერთობლივ შემოსავალში ჩართვა მოკლებულია სამართლებრივ არგუმენტებს. სისტემურ-ელექტრონული ფორმით თამაშობების განმახორციელებელი პირის მიერ სათამაშო ბარათზე სათამაშოდ დარიცხული ბალანსი არ წარმოადგენს მომსახურების ანაზღაურებას და არ უნდა დაკვალიფიცირდეს ეკონომიკური საqმიანობიდან მიღებულ შემოსავლად. ის სრულად იხარჯება გრაფიკის შესაბამისად სლოტ თამაშების პირდაპირი ეთერით ტრანსლირების დროს და განკუთვნილია სისტემურ-ელექტრონული ფორმით თამაშობების განმახორციელებელი პირების საკუთრებაში არსებული სავაჭრო ბრენდის პოპულარიზაციის მიზნით მომხმარებლებისთვის ინფორმაციის მიწოდებისა და მოზიდვისთვის. აღნიშნული ბალანსის განკარგვის უფლება მოთამაშეებს ხელშეკრულების შესაბამისად არ ჰქონდათ. ისინი სანაცვლოდ იღებდნენ კონკრეტულ ანაზღაურებას. სისტემურ-ელექტრონული ფორმით თამაშობების განმახორციელებელი პირებთან თანამშრომლობა, მიუხედავად ხელშეკრულების სახელწოდებისა, უთანაბრდება შრომით საქმიანობას, დასაქმებულს ევალებოდა კვირაში 6 დღე, 2 საათიანი სამუშაო გრაფიკით პირდაპირი ჩართვების ტრანსლირება მოეხდინა. შემოსავლების სამსახურის ავტორიზებულ გვერდზე ------- მიერ განხორციელდა მტკიცებულების დოკუმენტის შევსება იმის განსასაზღვრად აღნიშნულ კომპანიებთან თანამშრომლობა წარმოადგენდა დაქირავებით მუშაობას თუ მომსახურების გაწევას, რის შედეგადაც გამოიკვეთა, რომ მათთან თანამშრომლობა დაკვალიფიცირდა დაქირავებით მუშაობად, შესაბამისად ანაზღაურების გადამხდელი კომპანიები ვალდებულები იყვნენ განეხორციელებინათ ------- განხორციელებული განაცემის დაბეგვრა გადახდის წყაროსთან სსკ-ის 154-ე მუხლის შესაბამისად. იმ შემთხვევაში თუკი არ მოხდება ზემოთ მოცემული საკითხის დაკმაყოფილება და ი/მ ------- მიერ „-------“ განხორციელება მაინც დაკვალიფიცირდება დასაბეგრ ოპერაციებად, მაშინ უფრო დეტალურად უნდა განისაზღვროს დასაბეგრი ბაზა და დასაბეგრი პერიოდი. კერძოდ, ------- მიერ გაწეული მომსახურების სანაცვლოდ მიღებულ ანაზღაურებად შესაძლოა ჩაითვალოს მის მიერ საბანკო ანგარიშზე გადატანილი თანხები, რისი ოდენობაც მკაცრად განსაზღვრულია ხელშეკრულების შესაბამისად თითოეული ხელშეკრულებით და არა სათამაშოდ ჩარიცხული ბალანსი. მაგალითად, ------- სისტემურ-ელექტრონული თამაშობის განმახორციელებელი პირების მიერ სათამაშო ბარათზე სათამაშოდ დარიცხული ბალანსი ერიცხება ყოველთვის იმაზე მეტი, ვიდრე მას მოგების შედეგად გატანის უფლება აქვს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ლიმიტების შესაბამისად. შემოწმების შედეგად კი შემოსავლად მიჩნეულია სათამაშო ბარათზე დარიცხული თანხები, რაც ჩართული იქნა ერთობლივ შემოსავალში და დაიბეგრა დღგ-ით და საშემოსავლო გადასახადით. შესაბამისად, არასწორია შემოწმების მიერ სათამაშო ანგარიშზე განთავსებული ------- განკუთვნილი ბალანსის ერთობლივ შემოსავალში ჩართვა და დღგ-სა და საშემოსავლო გადასახადების დარიცხვა. ი/მ ------- მიზანი არ არის გადასახადებისგან თავის არიდება, თანხის დარიცხვა ძირითადად გამოწვეულია შეცდომით და არცოდნით, აღნიშნულიდან გამომდინარე სსკ-ის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ითხოვს შეუმცირდეს გადაანგარიშების შემდეგ დარჩენილი სანქციები.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე

საგადასახადო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ეკონომიკურ საქმიანობად განიხილება ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც ხორციელდება შემოსავლის ან კომპენსაციის მისაღებად, მიუხედავად ამ საქმიანობის შედეგისა, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

საგადასახადო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მომსახურების გაწევად განიხილება პირის მიერ სხვა პირისთვის მისივე ნებით, კომპენსაციის სანაცვლოდ ან უსასყიდლოდ ისეთი მოქმედების შესრულება, რომელიც არ არის საქონლის მიწოდება.

საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრ პირად განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დასაბეგრი პირი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ვალდებულია მის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ოპერაციების ჯამური თანხის 100 000 ლარისთვის გადაჭარბების დღიდან, არაუგვიანეს 2 სამუშაო დღეში დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მიზნით, მიმართოს საგადასახადო ორგანოს.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა.

საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას მომჩივნის წარმომადგენლების განმარტებით, ------- ფიზიკური პირის სათამაშო ბარათზე ჩარიცხული ბალანსის მეწარმის ერთობლივ შემოსავალში ჩართვა მოკლებულია სამართლებრივ არგუმენტებს. სათამაშო ბარათზე სათამაშოდ დარიცხული ბალანსი არ წარმოადგენს მომსახურების ანაზღაურებას და არ უნდა დაკვალიფიცირდეს ეკონომიკურ საქმიანობიდან მიღებულ შემოსავლად. სათამაშოდ დარიცხული ბალანსი სრულად იხარჯება გრაფიკის შესაბამისად სლოტ თამაშების პირდაპირი ეთერით ტრანსლირების დროს და აღნიშნული ბალანსის განკარგვის უფლება მოთამაშეს ხელშეკრულების შესაბამისად არ ჰქონდა, მოთამაშე იღებდა კონკრეტულ ანაზღაურებას. ამასთან, ინფორმირებული იყო, რომ კომპანია ადეკლარირებდა და იხდიდა ამ ოპერაციის შედეგად კანონმდებლობით განსაზღვრულ გადასახადს. მხარეებს შორის გაფორმებული მომსახურების ხელშეკრულება გავს შრომით ურთიერთობას, რადგან შემოსავლების სამსახურის ავტორიზებულ გვერდზე შეავსეს ე.წ. კითხვარი და მიღებული შედეგით მხარეებს შორის ურთიერთობა დაკვალიფიცირდა დაქირავებით მუშაობად. იმ შემთხვევაში თუკი არ მოხდება ზემოთ მოცემული საკითხის დაკმაყოფილება და „-------“ განხორციელება მაინც დაკვალიფიცირდება ეკონომიკურ საქმიანობად, მაშინ უფრო დეტალურად უნდა განისაზღვროს დასაბეგრი ბრუნვა. კერძოდ, გაწეული მომსახურების სანაცვლოდ მიღებულ ანაზღაურებად შესაძლოა ჩაითვალოს მის მიერ საბანკო ანგარიშზე გადატანილი თანხები, რისი ოდენობაც მკაცრად განსაზღვრულია ხელშეკრულების შესაბამისად და არა სათამაშოდ ჩარიცხული ბალანსი. ხელშეკრულებაში ასევე გაწერილია რა ხდება მოგების და წაგების დროს, ასევე, კვირაში რამდენი დღე უნდა ეთამაშა, დღეში რამდენი საათი. ხელშეკრულების ვადა განსაზღვრულია 10 თვით და ამავე ხელშეკრულების პირობებით განსაზღვრული ლიმიტით თვეში 90 000 ლარზე მეტი არ უნდა გაეტანა (გადაეტანა საბანკო ანგარიშზე) და ზუსტად მის მიერ ასეთი სახით გატანილი თანხა 10 თვეში შეადგენს 900 000 ლარს, იმ პირობებში როდესაც კომპანიის მიერ ბალანსზე სათამაშოდ ჩარიცხულია 1 000 000 ლარზე მეტი. ყურადღება უნდა მიექცეს იმ გარემოებასაც, რომ აღნიშნული თანხა გამოაქვს, როგორც მოთამაშეს ანუ მოგებული თანხიდან უკავდება გატანის საკომისიო. ამიტომ გაცნობიერებული ჰქონდა, რომ გადასახადი რაც ეკუთვნოდა სრულად იყო გადახდილი კომპანიის მიერ და გაუცნობირებლად თუ განახორციელა ქმედება უნდა ჩაითვალოს საპატიოდ.

მომჩივნის არგუმენტებზე მოპასუხე ორგანოს წარმომადგენლების განმარტებით, ხელშეკრულებაში ცალსახად მითითებულია, რომ მხარეებს შორის ურთიერთობა მომსახურების გაწევის ოპერაციაა. შემოწმების პროცესში მოხდა კითხვარის შევსება და დაკვალიფიცირდა მომსახურების გაწევად, რაც შეეხება საჩივრისთვის დართულ შევსებულ კითხვარს არასწორად არის (გაცემული პასუხები) აღწერილი ფაქტობრივი გარემოებები. რაც შეეხება, დასაბეგრ თანხას საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის მიხედვით დაიბეგრა მისაღები საკომპენსაციო თანხა, კერძოდ, ბალანსზე ჩარიცხული თანხა რის სანაცვლოდაც მოხდა მომსახურების გაწევა.

აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საბჭო ადგენს, რომ კომპანია მის ვებგვერდზე რეგისტრირებული მოთამაშის სათამაშო ანგარიშზე სათამაშოდ დებს გარკვეულ თანხას და აღნიშნული თანხა წარმოადგენს ------- თამაშის მოწყობისთვის აუცილებელ სახსრებს, რომელსაც ------- განკარგავს მის მიერ შერჩეულ სლოტ თამაშებში (აღნიშნული თანხის გამოყენება მკაცრად არის განსაზღვრული მხოლოდ თამაშებში გამოსაყენებლად). გაწეული მომსახურების სანაცვლოდ ------- შეუძლია გაანაღდოს თამაშების შედეგად მოგებული თანხა ხელშეკრულებით განსაზღვრული ლიმიტების შესაბამისად. ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე, ფიზიკური პირის მიერ მიწოდებული ------- სერვისი, რაც გულისხმობდა ლაივ ------- განხორციელებას (სლოტ თამაშების პირდაპირი ეთერით ტრანსლირება), მომხმარებლების მოზიდვისა და კომპანიის საქმიანობის ხელშეწყობისთვის, საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლით წარმოადგენს დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციას. ხოლო, რაც შეეხება, დასაბეგრ თანხას საშემოსავლო და დღგ-ის მიზნებისათვის, აღნიშნული უნდა გაანგარიშდეს მომსახურების გამწევი პირის მიერ მომსახურების გაწევის შედეგად ფაქტობრივად მიღებული თანხიდან.

ამდენად, საქმესთან არსებული მასალების, ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა პოზიციების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ მომჩივნის მიერ მიწოდებული ------- სერვისისთვის მიღებული კომპენსაცია წარმადგენს მომსახურების გაწევის შედეგად მიღებულ ანაზღაურებას, რა დროსაც საშემოსავლო გადასახადის და დღგ-ის მიზნებისათვის მიღებულ შემოსავალს/დასაბეგრ თანხას წარმოადგენს მომსახურების გამწევი პირის მიერ მომსახურების გაწევის შედეგად ფაქტობრივად მიღებული თანხა. ამდენად, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს, აღნიშნულის შესაბამისად მოახდინოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

2. ერთობლივი შემოსავლის და მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის დასაბეგრი შემოსავლის განსაზღვრის მართლზომიერება

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

საგამოძიებო სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციის, შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზების და გადასახადის გადამხდელის საბანკო ამონაწერების დამუშავების შედეგად გამოვლინდა, რომ ი/მ ------- შესამოწმებელ პერიოდში უფიქსირდება გაწეული მომსახურებიდან (მათ შორის, „------- მომსახურებიდან“) მიღებული შემოსავალი. გადასახადის გადამხდელს მიღებული შემოსავლები დეკლარირებული არ აქვს. საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლით მესამე მხარეებისგან გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია და მასალები ი/მ ------- მიერ გაწეულ მომსახურებებთან/ანაზღაურებულ თანხებთან (მათ შორის, „------- მომსახურების“ ნაწილში) დაკავშირებით. მესამე მხარეებისგან მოწოდებული ინფორმაციის, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საქმიანობასთან დაკავშირებული ხელშეკრულებების/ინვოისების და საბანკო ამონაწერების დამუშავების შედეგად დგინდება, რომ ი/მ ------- მიერ დეკლარირებული საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა განსხვავდება შემოწმებით დადგენილისაგან. საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის და აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, პირს წარმოეშვა საშემოსავლო გადასახადის გადახდის ვალდებულება. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციაზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრირებულია 2022 წლის 29 დეკემბრიდან. შემოწმების მიერ კი ერთობლივ შემოსავალში ჩართულია რეგისტრაციამდე მიღებული რამდენიმე ანაზღაურება, მათ შორის ისეთიც, რომელიც დაბეგრილია გადახდის წყაროსთან.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქმეზე არსებული მასალებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, დამატებით შეისწავლოს საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზის გაანგარიშების საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

მომჩივნის არგუმენტაცია

ი/მ ------- ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრირებულია 2022 წლის 29 დეკემბრიდან. შემოწმების მიერ კი საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრ ერთობლივ შემოსავალში ჩასართავ ოპერაციად განისაზღვრა რეგისტრაციამდე მიღებული რამდენიმე ანაზღაურება, - მათ შორის ისეთიც, რომელიც გადახდის წყაროსთან იყო დაბეგრილი. აღნიშნული თანხები შემოწმების მიერ დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით.

იმ პერიოდში ------- ეკონომიკურ საქმიანობას არ ახორციელებდა და ანაზღაურების გადამხდელი კომპანიებს ევალებოდათ განეხორციელებინათ ხელფასთან გათანაბრებული განაცემის დაბეგვრა გადახდის წყაროსთან სსკ-ის 154-ე მუხლის შესაბამისად.

შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 5 მარტის №4841 ბრძანებით შემოსავლების სამსახურმა საჩივარი დააკმაყოფილა ნაწილობრივ (რაზეც, ჯერ კიდევ არ გამოცემულა კორექტირებული საგადასახდო მოთხოვნა და აუდიტის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გაანგარიშებაზე), რასაც არ ეთანხმება. ითხოვს საჩივარში დასმული ყველა საკითხის სრულად შესწავლას და შესწავლის შედეგად სრულად შემცირებას არამართლზომიერად დარიცხული გადასახადების. ზემოთხსენებული არგუმენტებზე დაყრდნობით, სსკ-ის 298-ე მუხლის საფუძველზე, სამართლიანობის, ობიექტურობის, მხარეთა თანასწორობის და მიუკერძოებლობის პრინციპიდან გამომდინარე ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭომ უნდა მოახდინოს, №006-643 საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული თანხების გადაანგარიშება.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 79-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საშემოსავლო გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი ფიზიკური პირი.

საგადასახადო კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.

საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტის ერთობლივი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროდან და საქართველოს ფარგლების გარეთ მიღებული შემოსავლებისაგან.

საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები.

საგადასახადო კოდექსის 90-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად:

1. მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 1 პროცენტით, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა.

3. მცირე ბიზნესის დასაბეგრი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული შემოსავლებისაგან, გარდა ხელფასის სახით მიღებული შემოსავლისა და ამ კოდექსის 88-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად განსაზღვრული შემოსავლის სახიდან მიღებული შემოსავლისა.

„სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების გამოყენების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №999 ბრძანებით დამტკიცებული „სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №1) მე-13 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, მცირე ბიზნესის ერთობლივი შემოსავალი შედგება:

ა) შემოსავლისგან, რომელიც ექვემდებარება სპეციალური რეჟიმით დაბეგვრას და მოიცავს საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავალს, გარდა ამ მუხლის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული შემოსავლებისა და ხელფასის სახით მიღებული შემოსავლებისა;

ბ) შემოსავლისგან, რომელიც იბეგრება ჩვეულებრივი რეჟიმით და მოიცავს მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირის მიერ „სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 29 დეკემბრის №415 დადგენილებით დამტკიცებული დანართი №5- ით განსაზღვრული შემოსავლების სახეების მიხედვით მიღებულ ერთობლივ შემოსავლებს;

გ) სხვა შემოსავლებისგან, რომელიც იბეგრება ჩვეულებრივი რეჟიმით, გარდა ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში აღნიშნული შემოსავლებისა.

პირველი დავის საგნის ნაწილში მითითებული მსჯელობის შესაბამისად, საბჭო მიიჩნევს, რომ მომჩივნის მიერ მიწოდებული ------- სერვისისთვის მიღებული კომპენსაცია წარმოადგენს მომსახურების გაწევის შედეგად მიღებულ ანაზღაურებას, რა დროსაც საშემოსავლო გადასახადის და დღგ-ის მიზნებისათვის მიღებულ შემოსავალს/დასაბეგრ თანხას წარმოადგენს მომსახურების გამწევი პირის მიერ მომსახურების გაწევის შედეგად ფაქტობრივად მიღებული თანხა. ამდენად, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს, აღნიშნულის შესაბამისად მოახდინოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

მომჩივნის გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციამდე მიღებული შემოსავლების დაბეგვრის საკითხთან დაკავშირებით მომჩივნის წარმომადგენელმა საბჭოს სხდომაზე განმარტა, რომ აღნიშნული საკითხი გათვალისწინებულია შემოსავლების სამსახურის მიერ საჩივრის განხილვის შედეგებიდან გამომდინარე და დამატებით მოთხოვნას/არგუმენტაციას არ აფიქსირებს.

 

3. სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

საგადასახადო შემოწმების შედეგების მიხედვით, გადასახადის გადამხდელს დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით 45 488 ლარი და საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლით 27 798 ლარი. აუდიტის დეპარტამენტის 18.12.2023 წლის №006-643 საგადასახადო მოთხოვნაში ასახულია საურავი 41 420,72 ლარის ოდენობით.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 43-ე 269-ე, 270-ე, 272-ე, 275-ე, 282-ე მუხლებზე და განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, წარმოდგენილი საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

ი/მ ------- მიზანი არ არის გადასახადებისგან თავის არიდება, თანხის დარიცხვა ძირითადად გამოწვეულია შეცდომით და არცოდნით, აღნიშნულიდან გამომდინარე სსკ-ის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ითხოვს შეუმცირდეს გადაანგარიშების შემდეგ დარჩენილი სანქციები.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მიხედვით:

1. საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

2. საურავი ერიცხება გადასახადის თანხას, რომელიც არის სხვაობა გადასახადის გადამხდელის მიერ შეუსრულებელ საგადასახადო ვალდებულებებსა და ზედმეტად გადახდილი გადასახადების ჯამს შორის. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, საურავის დარიცხვა ხორციელდება თითოეული ვადაგადაცილებული დღისათვის, გადასახადის გადახდის ვადის ამოწურვის დღის მომდევნო დღიდან.

საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2, 21 და 22 ნაწილების თანახმად:

2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

21 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით

22 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.

საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა – იწვევს პირის დაჯარიმებას რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის პერიოდში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების (გარდა გათავისუფლებული ოპერაციებისა) თანხის 5 პროცენტის ოდენობით.

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ მომჩივნის მხრიდან დღგ-ის ნაწილში სამართალდარღვევის ჩადენა გამოწვეულია მისი შეცდომით. იგი მოქმედებდა საპატიებელი შეცდომის პირობებში, იმ რწმენით, რომ მისი ქმედება არ იყო მართლსაწინააღმდეგო. მომჩივანი არასწორად აფასებდა ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს. შესაბამისად, მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში მოქმედებდა საპატიებელი შეცდომის პირობებში.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ მომჩივანი საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, უნდა გათავისუფლდეს დამატებული ღირებულების გადასახადის ნაწილში, საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლით დაკისრებული ჯარიმისგან.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 5.03.2024 წლის №4841 ბრძანება;

3. მომჩივანი, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდეს დამატებული ღირებულების გადასახადის ნაწილში, საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლით დაკისრებული ჯარიმისგან;

4. აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება) ამ გადაწყვეტილების შესაბამისად და შედეგების ასახვა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე;

5. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

დავის საგანს წარმოადგენს:

1. სისტემურ-ელექტრონული ფორმით თამაშობების განმახორციელებელი პირებისთვის გაწეული მომსახურების დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად მიჩნევა და მათგან ჩარიცხული თანხების დასაბეგრი ოპერაციის თანხად განხილვა;

2. ერთობლივი შემოსავლის და მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის დასაბეგრი შემოსავლის განსაზღვრის მართლზომიერება;

3. სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

ფაქტობრივი გარემოებები

მომჩივანს საქმიანობის სფეროდ უფიქსირდება აზარტული თამაშების საქმიანობები. მესამე მხარეებისგან მოწოდებული ინფორმაციის, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საქმიანობასთან დაკავშირებული ხელშეკრულებების/ინვოისების და საბანკო ამონაწერების დამუშავების შედეგად დგინდება, რომ მეწარმეს ხელშეკრულებების საფუძველზე მომსახურებას უწევს სისტემურ-ელექტრონული ფორმით თამაშობების განმახორციელებელ პირებს. მოთამაშეს დამკვეთის ვებ-გვერდზე რეგისტრირებულ სათამაშო ანგარიშზე, დამკვეთის მიერ ერიცხება გარკვეული თანხა სათამაშოდ. შემოწმების მიერ განსაზღვრულ იქნა მეწარმის მიერ შესამოწმებელ პერიოდში დღგ-ით დასაბეგრი მომსახურების თანხა. მეწარმის მიერ განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების და მათი ჯამური ღირებულების გათვალისწინებით, მომჩივანს წარმოეშვა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება. მეწარმეს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე.

ინფორმაციების დამუშავების შედეგად დგინდება, რომ მეწარმის მიერ დეკლარირებული საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა განსხვავდება შემოწმებით დადგენილისაგან. პირს წარმოეშვა საშემოსავლო გადასახადის გადახდის ვალდებულება. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

საბჭოს მიაჩნია, რომ ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 5.03.2024 წლის №4841 ბრძანება. მომჩივანი, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდეს დამატებული ღირებულების გადასახადის ნაწილში, საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლით დაკისრებული ჯარიმისგან; დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 102; 159; 282; 269(7)