ბრძანება N 6302
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 6302
22 მარტი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
ი/მ ------- (ს/ნ ------)
(მის.: ---------)
2024 წლის 6 მარტის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 14 მარტის სხდომაზე (ოქმი №27) განიხილა ი/მ -------ს (ს/ნ -----) 2024 წლის 6 მარტის №88311/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 5 თებერვლის №125-3 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
მომჩივნის პოზიცია:
წარმოდგენილ საჩივარში გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება გადაანგარიშების შედეგებს. კერძოდ, არ ეთანხმება მიღებული შემოსავლის 69 200 ლარის, ხელფასად დაბეგვრას. მიიჩნევს, რომ შემოწმებას შემოსავალი უნდა დაებეგრა, როგორც ინდივიდუალური მეწარმის მიერ ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავალი, მასზე გაწეული ხარჯის 38 060 ლარის გათვალისწინებით. აცხადებს, რომ მის მიერ გაწეული ხარჯი, ისევე როგორც, მიღებული შემოსავალი დადგენილია გამოძიების მიერ და მისთვის გაუგებარია თუ რატომ არ მოხდა შემოწმების მიერ აღნიშნული ხარჯის გათვალისწინება. ასევე აღნიშნავს, რომ ხარჯის გათვალისწინებით განსაზღვრული დასაბეგრი შემოსავალი პროპორციულად უნდა გადანაწილდეს 2022 წლის 1 ოქტომბრიდან 2023 წლის 14 ივნისამდე პერიოდებზე. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 და 96-ე მუხლებზე მითითებით ითხოვს კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 13 ნოემბრის №27852 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 25 სექტემბრის №125-21 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით ი/მ -------ს (ს/ნ -----) 2023 წლის 13 ოქტომბრის საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
,,1. ი/მ -------ს (ს/ნ ------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში მითითებული არგუმენტების და ამ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებული სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი, მ.შ. მიკრო ბიზნესის სტატუსის გაუქმების და სპეციალური დაბეგვრის რეჟიმიდან გამოსვლის საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება;
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;“
შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 13 ნოემბრის №27852 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2024 წლის 31 იანვარს დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვით, გადამხდელს საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები არ შეუმცირდა. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2024 წლის 5 თებერვლის №125-3 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:
შემოწმების მიერ მოხდა გადასახადის გადამხდელის მოწოდებული არგუმენტაციის შესწავლა, მათ შორის მიკრო ბიზნესის სტატუსის გაუქმებასთან დაკავშირებით. კერძოდ: ,,სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2010 წლის 29 დეკემბრის №415 დადგენილების დანართი N2-ით განსაზღვრულია აკრძალული საქმიანობების ჩამონათვალი, რომელთა განხორციელების შემთხვევაში არ შეიძლება ფიზიკური პირისათვის მიკრო ბიზნესის სტატუსის მინიჭება, მათ შორისაა საქმიანობები, რომლებიც საჭიროებს ლიცენზირებას. შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს აღნიშნულ საქმიანობაში, არ აქვს უფლება ისარგებლოს სპეციალური დაბეგვრის რეჟიმით. რაც შეეხება პირის მიერ მიღებული შემოსავლის, საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციით დაბეგვრას და მის მიერ მიღებულ შემოსავალთან დაკავშირებული ხარჯების გამოქვითვას, შემოწმების პროცესში, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურისგან მიღებულია წერილი, რომელშიც აღნიშნულია, რომ პირი მიღებულ შემოსავალს განკარგავდა როგორც ხელფასს, შესაბამისად, ხელახალი ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ დარიცხული თანხა არ ექვემდებარება დაკორექტირებას.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა. ხოლო, მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ), ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას, ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
ამავე მუხლის პირველი, მე-2, მე-4 და მე-9 ნაწილების თანახმად:
1. შემოსავალი გადასახადით იბეგრება იმ შემთხვევაშიც, როდესაც მისი კანონიერება სადავოა.
2. საგადასახადო სამართალდარღვევით მიღებული შემოსავალი ან განხორციელებული სხვა ოპერაცია იბეგრება საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4. თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
9. საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველ ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-20 მუხლის თანახმად:
1. გადასახადის გადამხდელი არის პირი, რომელსაც აქვს ამ კოდექსით დადგენილი გადასახადის გადახდის ვალდებულება.
2. საგადასახადო აგენტი არის პირი, რომელმაც ამ კოდექსით დადგენილ შემთხვევაში და დადგენილი წესით უნდა შეასრულოს გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულება.
3. ამ კოდექსის მიზნებისათვის საგადასახადო აგენტი გათანაბრებულია გადასახადის გადამხდელთან.
ამავე კოდექსის მე-12 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დაქირავებით მუშაობად ითვლება ფიზიკური პირის მიერ ვალდებულების შესრულება იმ ურთიერთობათა ფარგლებში, რომლებიც რეგულირდება საქართველოს ან/და უცხო ქვეყნის შრომის კანონმდებლობით. ხოლო მე-2 ნაწილის თანახმად, დაქირავებით მომუშავე ფიზიკური პირი ამ კოდექსის მიზნებისათვის იწოდება დაქირავებულად, პირი, რომელიც ანაზღაურებს ასეთი ფიზიკური პირის მიერ შესრულებულ სამუშაოს, – დამქირავებლად, ხოლო ასეთი ანაზღაურება – ხელფასად.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 80-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.
ამავე კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ფიზიკური პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 20 პროცენტით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტის ერთობლივი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროდან და საქართველოს ფარგლების გარეთ მიღებული შემოსავლებისაგან. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ყველა ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მის მიღებასთან, გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც ამ კოდექსის თანახმად გამოქვითვას არ ექვემდებარება.
2. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.
ამავე კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას. საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერულ) ოპერაციაზე გამოწერილ პირველად საგადასახადო დოკუმენტში საქონლის ღირებულების (მათ შორის, საქონლის ერთეულის ფასის) მითითება სავალდებულო არ არის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 153-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საშემოსავლო გადასახადის/მოგების გადასახადის შესახებ დეკლარაციას საგადასახადო ორგანოს საანგარიშო წლის მომდევნო წლის 1 აპრილამდე წარუდგენს რეზიდენტი ფიზიკური პირი, რომლის შემოსავალიც არ იბეგრება საქართველოში გადახდის წყაროსთან (გარდა იმ პირისა, რომელიც საშემოსავლო გადასახადით იბეგრება ამ კოდექსის მე-80 მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტის მიხედვით).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის არგუმენტებზე, იგი არ ეთანხმება მიღებული შემოსავლის 69 200 ლარის, ხელფასად დაბეგვრას. აცხადებს რომ წარმოადგენს ინდივიდუალურ მეწარმეს და მისი შემოსავალი უნდა დაბეგრილიყო ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლისა და მასზე გაწეული ხარჯის- 38 060 ლარის გათვალისწინებით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებების და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 13 ნოემბრის №27852 ბრძანება სრულყოფილად არ არის აღსრულებული და სადავო საკითხი, გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, საჭიროებს დამატებით შესწავლას. ამდენად, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დამატებით, სრულყოფილად შეისწავლოს მიღებული შემოსავლის ხელფასად განხილვის საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. ი/მ ------- (ს/ნ -----) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 13 ნოემბრის №27852 ბრძანების სრულყოფილად აღსრულების მიზნით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დამატებით, სრულყოფილად შეისწავლოს მიღებული შემოსავლის ხელფასად განხილვის საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
წარმოდგენილ საჩივარში გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება გადაანგარიშების შედეგებს. კერძოდ, არ ეთანხმება მიღებული შემოსავლის 69 200 ლარის, ხელფასად დაბეგვრას.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოწმების მიერ მოხდა გადასახადის გადამხდელის მოწოდებული არგუმენტაციის შესწავლა, მათ შორის მიკრო ბიზნესის სტატუსის გაუქმებასთან დაკავშირებით. კერძოდ: ,,სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2010 წლის 29 დეკემბრის №415 დადგენილების დანართი N2-ით განსაზღვრულია აკრძალული საქმიანობების ჩამონათვალი, რომელთა განხორციელების შემთხვევაში არ შეიძლება ფიზიკური პირისათვის მიკრო ბიზნესის სტატუსის მინიჭება, მათ შორისაა საქმიანობები, რომლებიც საჭიროებს ლიცენზირებას. შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს აღნიშნულ საქმიანობაში, არ აქვს უფლება ისარგებლოს სპეციალური დაბეგვრის რეჟიმით. რაც შეეხება პირის მიერ მიღებული შემოსავლის, საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციით დაბეგვრას და მის მიერ მიღებულ შემოსავალთან დაკავშირებული ხარჯების გამოქვითვას, შემოწმების პროცესში, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურისგან მიღებულია წერილი, რომელშიც აღნიშნულია, რომ პირი მიღებულ შემოსავალს განკარგავდა როგორც ხელფასს, შესაბამისად, ხელახალი ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ დარიცხული თანხა არ ექვემდებარება დაკორექტირებას.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 13 ნოემბრის №27852 ბრძანება სრულყოფილად არ არის აღსრულებული და სადავო საკითხი, გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, საჭიროებს დამატებით შესწავლას. ამდენად, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დამატებით, სრულყოფილად შეისწავლოს მიღებული შემოსავლის ხელფასად განხილვის საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(4)(5"ა")(9"ბ"), 101(1), 154(1"ა"), 80(1), 100(1), 102(1"ა"), 105(1)(2).