ბრძანება N 1580
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 1580
01.02.2023
"-------" (ს/ნ ------ )
(მის.: ------- )
2022 წლის 16 ნოემბრის და 2023 წლის 5 იანვრის საჩივრების
ნაწილობრივ დაკმაყოფილებაის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 12 და 18 იანვარს გამართულ სხდომებზე (ოქმები №1, №4) განიხილა ი/მ "------ " 2022 წლის 16 ნოემბრის №208508/21 და 2023 წლის 5 იანვრის №------- საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 13 ოქტომბრის №007-267 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
მომჩივნის პოზიცია:
1.ი/მ "------" არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრულ ფასნამატს და მის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებას.
2. გადამხდელი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად ითხოვს სანქციისგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 21 ივნისის №15758 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა ი/მ "------" (ს/ნ ------ ) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2019 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 1 ივნისამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 30 სექტემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2022 წლის 12 ოქტომბრის №26057 ბრძანება და 2022 წლის 13 ოქტომბრის №007-267 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 177 462 ლარი, მათ შორის, გადასახადი 102 296 ლარი, ჯარიმა 46 235 ლარი, საურავი 28 931 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის თანახმად, დარიცხვა განპირობებულია შემდეგ გარემოებათა გამო:
ი/მ "------- " ეკონომიკური საქმიანობის საგანს წარმოადგენს საცალო ვაჭრობა უპირატესად საკვები პროდუქტებით, სასმელითა და თამბაქოს ნაწარმით. მეწარმეს არ უფიქსირდება დოკუმენტური რეალიზაცია. შემოსავლის აღრიცხვას ახორციელებს საკონტროლო-სალარო აპარატისა და საბანკო შემოსავლების (ტერმინალი) საშუალებით. მისი განმარტებით არ ჰყავს დასაქმებული პირები.
მეწარმე არ ახორციელებს ბუღალტრული აღრიცხვის წარმოებას კანონმდებლობით დადგენილი ფორმითა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი, მე-3 ნაწილების და მე-8 მუხლის 22-ე ნაწილის მოთხოვნათა დაცვით. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილით. გამომდინარე იქიდან, რომ მეწარმეს არ აქვს ბუღალტრული აღრიცხვა (მეწარმე არ ახორციელებს საქონლის თანხობრივ ან/და რაოდენობრივ ჩამოწერას), შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის ზუსტი განსაზღვრა, შემოწმება განხორციელდა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, კერძოდ, განისაზღვრა საქონლის კატეგორიები და მათი წილი სრულ ბრუნვაში (შეძენის წილების შესაბამისად, სიგარეტი 28%- 34% და სხვა საქონელი), ასევე გადამხდელის ობიექტზე შესამოწმებელ პერიოდში ჩატარებული მიმდინარე კონტროლის პროცედურებზე დაყრდნობით (ფასების ფიქსაცია) განისაზღვრა რეალიზაციის საშუალო ფასნამატი პერიოდებისა და კატეგორიების მიხედვით. ასევე, მოძიებულ იქნა აუდირებული ფასნამატი, რომელიც შესაბამისობაშია შემოწმებით დადგენილ ფასნამატთან (სიგარეტი - 7%, რძის პროდუქტი - 20%, გამაგრილებელი სასმელები - 16% და სხვა, წლების მიხედვით საშუალო ფასნამატი 2019 წელს - 14.3%, 2020 წელს - 14.8%, 2021 წელს - 14.55%, 2022 წლები - 15.18%). შესაბამისად, განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები. სხვაობაზე გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად. არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების შედეგად დაკორექტირდა შესაბამისი წლების მიხედვით გადამხდელის ერთობლივი შემოსავლები.
გადამხდელს 2019 წლის საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაცია წარდგენილი აქვს შეცდომით, არ არის შევსებული დეკლარაციის შესაბამისი გრაფა (გრაფა 18). აღნიშნულიდან გამომდინარე არ არის დარიცხული საშემოსავლო გადასახადი. ასევე, დაკორექტირებულ იქნა წლების მიხედვით, მეწარმის საწყისი და საბოლოო ნაშთები შესაბამისი პროპორციების და საბოლოო ნაშთის საფუძველზე.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში.
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით - სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე), თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ერთობლივ შემოსავალს ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესამოწმებელ პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა, საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა. დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. ხოლო დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/ მომსახურების გაწევა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოწმებით დადგენილი გარემოებაა, რომ გადამხდელი არ ახორციელებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი ფორმითა და წესით. მეწარმეს არ უფიქსირდება დოკუმენტური რეალიზაცია. შემოსავლის აღრიცხვას ახორციელებს საკონტროლო-სალარო აპარატისა და საბანკო შემოსავლების (ტერმინალი) საშუალებით. გამომდინარე იქიდან, რომ მეწარმეს არ აქვს ბუღალტრული აღრიცხვა და შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის ზუსტი განსაზღვრა, შემოწმებით გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები მართლზომიერად განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს მომჩივნის პოზიციაზე, კერძოდ, არაპირდაპირი მეთოდით ფასნამატის დადგენისას არ იქნა გათვალისწინებული უბნის მაღაზიების კონკურენტული გარემო და მისი მდებარეობა (მდებარეობს გარეუბანში). ამასთან აღნიშნავს, რომ კონკრეტული პროდუქტის სახეობაზე (რძის ნაწარმი) შემოწმების მიერ ფასნამატი დაანგარიშებულია 20%-ის ოდენობით, თუმცა ამჟამინდელი მდგომარეობითაც კი არ აქვს რძის პროდუქტს ამხელა ფასნამატი არცერთ სავაჭრო ობიექტში.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული ფასნამატის დაზუსტების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს საჩივარში მოყვანილი არგუმენტებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი, საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას იხელმძღვანელოს ტერიტორიული პრინციპის გათვალისწინებით, ანალოგიური/მსგავსი ბიზნესის მწარმოებელი სხვა გადასახადის გადამხდელებთან მიმართებაში მიმდინარე კონტროლის ღონისძიებების/საგადასახადო შემოწმების შედეგად დადგენილი მონაცემებით და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. ი/მ "------" ს (ს/ნ --------- ) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული ფასნამატის დაზუსტების მიზნით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს საჩივარში მოყვანილი არგუმენტებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი, საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას იხელმძღვანელოს ტერიტორიული პრინციპის გათვალისწინებით, ანალოგიური/მსგავსი ბიზნესის მწარმოებელი სხვა გადასახადის გადამხდელებთან მიმართებაში მიმდინარე კონტროლის ღონისძიებების/საგადასახადო შემოწმების შედეგად დადგენილი მონაცემებით და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1.მომჩივანი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრულ ფასნამატს და მის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებას.
2. გადამხდელი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად ითხოვს სანქციისგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები
გადამხდელის ობიექტზე შესამოწმებელ პერიოდში ჩატარებული მიმდინარე კონტროლის პროცედურებზე დაყრდნობით განისაზღვრა რეალიზაციის საშუალო ფასნამატი პერიოდებისა და კატეგორიების მიხედვით. ასევე, მოძიებულ იქნა აუდირებული ფასნამატი, რომელიც შესაბამისობაშია შემოწმებით დადგენილ ფასნამატთან.შესაბამისად, განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები. სხვაობაზე გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა. არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების შედეგად დაკორექტირდა შესაბამისი წლების მიხედვით გადამხდელის ერთობლივი შემოსავლები.
გადამხდელს 2019 წლის საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაცია წარდგენილი აქვს შეცდომით, არ არის შევსებული დეკლარაციის შესაბამისი გრაფა.აღნიშნულიდან გამომდინარე არ არის დარიცხული საშემოსავლო გადასახადი. ასევე, დაკორექტირებულ იქნა წლების მიხედვით, მეწარმის საწყისი და საბოლოო ნაშთები შესაბამისი პროპორციების და საბოლოო ნაშთის საფუძველზე.
გადაწყვეტილება
1. შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული ფასნამატის დაზუსტების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს საჩივარში მოყვანილი არგუმენტებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი.
2. საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
73,100,102,160,161,163,164.