გადაწყვეტილება №20962/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 31.01.2024
№ დოკუმენტი 20962/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№ 20962/2/2023

31 იანვარი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: „----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 8.12.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ---------- 2.10.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20962/2/2023).

 

დავის საგანი:

გრძელვადიანი კონტრაქტის მიხედვით ფაქტობრივი შესრულების მოცულობის განსაზღვრა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 5.07.2023 წლის №040-13 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 13.09.2023 წლის №22184 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 57 564,55 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 31 193

დღგ - 2 087

მიწაზე (არასასოფლო) ქონების გადასახადი - (- 268)

საშემოსავლო გადასახადი - 22 770

ქონების გადასახადი - 6 604

ჯარიმა - 15 247

საურავი - 11 124,55

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

აუდიტის დეპარტამენტის 28.06.2023 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 1.01.2020 წლიდან 1.03.2023 წლამდე პერიოდი.

გადასახადი გადამხდელის 1.04.2020 წლიდან სარგებლობს მცირე მეწარმის სტატუსით. 2020 წლის დეკემბრის თვეში მომჩივანსა და შპს ---------- (ს/ნ --------) შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის თანახმად მხარეები შეთანხმდნენ, რომ შემსრულებელი იღებს ვალდებულებას უზრუნველყოს შპს --------- სასტუმრო კომპლექსის კონდიცირების, გაგრილებისა და გათბობის სისტემის სრული ინსტალაცია, გაშვება და ჩაბარება, შემდგომში - მომსახურება.

აღნიშნული ხელშეკრულება, შემოწმების მიერ განხილულ იქნა გრძელვადიან კონტრაქტად. შემოწმების შედეგად, საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-10 ნაწილის, 90-ე და 144-ე მუხლის მუხლების გათვალისწინებით, გადამხდელის დასაბეგრი შემოსავალი 2020 წლის დეკემბრის თვეში გაიზარდა 200 280 ლარის, ხოლო 2021 წლის დეკემბრის თვეში - 305 354 ლარის ოდენობით. აღნიშნულ თვეებში, საშემოსავლო გადასახადის განაკვეთმა შეადგინა 3 პროცენტი. შესაბამისად, გამოვლენილ სხვაობაზე პირს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 5.07.2023 წლის №040-13 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 13.09.2023 წლის №22184 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ (სადავო საკითხის ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა), რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, მე-8 მუხლის მე-10 ნაწილზე, 144-ე მუხლზე, მე-80 მუხლის პირველ ნაწილზე, მე-100 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 90-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 93-ე მუხლის 11 ნაწილზე, „სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების გამოყენების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის №999 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-13 მუხლზე და საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე.

შემოწმებით დადგენილი გარემოებაა, რომ 2020 წლის დეკემბრის თვეში გადასახადის გადამხდელსა და შპს ----------(ს/ნ -----------) შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის თანახმად მხარეები შეთანხმდნენ, რომ შემსრულებელი იღებს ვალდებულებას, უზრუნველყოს შპს ----------- სამშენებლო სასტუმრო კომპლექსის კონდიცირების, გაგრილებისა და გათბობის სისტემის სრული ინსტალაცია, გაშვება და ჩაბარება, შემდგომში - მომსახურება. აღნიშნული ხელშეკრულება შემოწმების მიერ განხილულ იქნა გრძელვადიან კონტრაქტად. შედეგად, გადამხდელის დასაბეგრი შემოსავალი 2020 წლის დეკემბრის თვეში გაიზარდა 200 280 ლარის ოდენობით, ხოლო 2021 წლის დეკემბრის თვეში გაიზარდა 305 354 ლარის ოდენობით. აღნიშნულ თვეებში საშემოსავლო გადასახადის განაკვეთმა შეადგინა 3 პროცენტი.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი მისი არგუმენტების შესაბამისი რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

ხელშეკრულება დაიდო 12.12.2020 წელს, სასაქონლო ზედნადებით ჩანს, რომ 15 დეკემბრიდან 28 დეკემბრის ჩათვლით შეძენილი იქნა მასალები, რომელიც დასაწყობდა, ფიზიკურად შეუძლებელი იყო მონტაჟის დაწყება, ახალი წელი ახლოვდებოდა. შემოწმების შედეგად 2020 წლის დეკემბერში შეძენილი 200 280 ლარის საქონელი საგადასახადო კოდექსის 144-ე მუხლის შესაბამისად აღიარებულ იქნა 2020 წლის გაწეულ დანახარჯებად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით, რაც არასწორია.

მარტო მასალების შესყიდვის მიჩნევა დანახარჯების გაწევად არამართლზომიერია და აღნიშნულ ნაწილში 2020 წლის დეკემბერში შეძენილი 200 280 ლარის საქონელი, რომელიც დასაწყობებული იყო, გადატანილი უნდა იქნას 2021 წლის გაწეულ დანახარჯებად და დაიბეგროს საშემოსავლო გადასახადით.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, გრძელვადიანი კონტრაქტი – კონტრაქტი წარმოებაზე, მონტაჟზე, მშენებლობაზე ან ასეთ საქმიანობასთან დაკავშირებული მომსახურების გაწევაზე, რომელიც არ დასრულებულა იმ კალენდარულ წელს, რომელშიც დაიწყო კონტრაქტით გათვალისწინებული მომსახურება, გარდა იმ კონტრაქტისა, რომელიც დასრულდა კონტრაქტით გათვალისწინებული მომსახურების გაწევის დაწყებიდან 6 თვის განმავლობაში.

საგადასახადო კოდექსის 144-ე მუხლის თანახმად:

1. თუ გადასახადის გადამხდელი აღრიცხვისას დარიცხვის მეთოდს იყენებს, გათვალისწინებული უნდა იქნეს შემოსავლები და გამოქვითვები გრძელვადიანი კონტრაქტების მიხედვით, საგადასახადო წლის განმავლობაში პროპორციულად, მათი ფაქტობრივი შესრულების შესაბამისად.

2. გრძელვადიანი კონტრაქტის მიხედვით ფაქტობრივი შესრულების მოცულობა განისაზღვრება საგადასახადო წლის ბოლომდე კონტრაქტის ფარგლებში გაწეული ხარჯების კონტრაქტით გათვალისწინებულ ერთობლივ ხარჯებთან შეპირისპირებით.

საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.

შემოწმების შედეგად დადგენილია, რომ 2020 წლის დეკემბრის თვეში მომჩივანსა და შპს -------- (ს/ნ ---------) შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის თანახმად მხარეები შეთანხმდნენ, რომ შემსრულებელი იღებს ვალდებულებას უზრუნველყოს შპს ----------ს სასტუმრო კომპლექსის კონდიცირების, გაგრილებისა და გათბობის სისტემის სრული ინსტალაცია, გაშვება და ჩაბარება, შემდგომში - მომსახურება.

საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

აღნიშნული ნორმის საფუძველზე მომჩივნის მოწვევის გარეშე საჩივრის განხილვა შესაძლებელია, როდესაც საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, ამასთანავე, ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც დარიცხვა (დასკვნა) ეფუძნება არ არის სადავო ან სადავოა თუმცა დადგენილია დავის განმხილველი ორგანოს მიერ საჩივრის განხილვის ეტაპზე.

განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხი, რის გამოც საბჭოს მიაჩნია, რომ საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 13.09.2023 წლის №22184 ბრძანება;

3. საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გრძელვადიანი კონტრაქტის მიხედვით ფაქტობრივი შესრულების მოცულობის განსაზღვრა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოწმების შედეგად დადგენილია, რომ 2020 წლის დეკემბრის თვეში მომჩივანსა და შპს -ს შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის თანახმად მხარეები შეთანხმდნენ, რომ შემსრულებელი იღებს ვალდებულებას უზრუნველყოს შპს-ს სასტუმრო კომპლექსის კონდიცირების, გაგრილებისა და გათბობის სისტემის სრული ინსტალაცია, გაშვება და ჩაბარება, შემდგომში - მომსახურება.. აღნიშნული ხელშეკრულება შემოწმების მიერ განხილულ იქნა გრძელვადიან კონტრაქტად. შედეგად, გადამხდელის დასაბეგრი შემოსავალი გაიზარდა .

 

გადაწყვეტილება

საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;8(10);144;302(6);