გადაწყვეტილება №21546/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№21546/2/2023
28 თებერვალი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: ი/მ -------- (ს/ნ -------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 16.02.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ი/მ --------ს 8.12.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21546/2/2023).
დავის საგანი:
მიღებული შემოსავლის ხელფასად ჩათვლა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 25 სექტემბრის №125-21 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 13 ნოემბრის №27852 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 27 805 ლარი.
მათ შორის:
საშემოსავლო გადასახადი - 17 294
ჯარიმა - 8 647
საურავი - 1 864
ფაქტების აღწერა
მომჩივნის საქმიანობაა საპარიკმახეროების და სხვა სილამაზის სალონების მომსახურება.
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 7 ივლისის №16438 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 2022 წლის 1 ოქტომბრიდან 2023 წლის 6 ივლისამდე პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2023 წლის 19 სექტემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
მომჩივანი გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2006 წლის 2 ივნისიდან. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის --------ს სამმართველოში წარმოებაშია სისხლის სამართლის №092060323004 საქმე ი/მ -------ს მიერ შესაბამისი ლიცენზიის და ნებართვის გარეშე სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფსიქოტროპული მედიკამენტების შეძენა-რეალიზაციისა და ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტებზე.
გამოძიებით დადგენილია, რომ ქ. ------ში, --------ს გზატ. №----ში რეგისტრირებული მეწარმე თავისი სილამაზის სალონიდან ლიცენზიის გარეშე სისტემატიურად ახორციელებდა სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფსიქოტროპული მედიკამენტების შეძენას და შემდგომ რეალიზაციას. 2023 წლის 14 ივნისს გადასახადის გადამხდელთან ჩატარდა ჩხრეკა, საიდანაც ამოღებულ იქნა დიდი რაოდენობით ფსიქოტროპული აბები. მეწარმის გამოკითხვის შედეგად დადგინდა, რომ იგი ამ საქმიანობას ახორციელებდა 2022 წლის 1 ოქტომბრიდან 2023 წლის 14 ივნისამდე.
აღნიშნულ პერიოდში მომჩივანმა შემოსავლის სახით მიიღო 69 200 ლარი, ხოლო აღნიშნული თანხიდან 38 060 ლარი გადახდილი აქვს ფსიქოტროპულ აბებში. შესაბამისად, მის მიერ მიღებული მოგება შეადგენს 31 140 ლარს. აღნიშნულ მოგებას გადამხდელი იყენებდა სისტემატიურად, როგორც ხელფასს, თუმცა გადახდის წყაროსთან არ ბეგრავდა.
შემოწმების პროცესში დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს არ გააჩნია ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი, რითაც იგი დაადასტურებს გამოსაქვით ხარჯს. შესაბამისად, შემოწმებამ მეწარმის მიღებული შემოსავალი (69 200 ლარი) ჩათვალა მის მიერ მიღებულ ხელფასად. მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 25 სექტემბრის №23415 ბრძანება და №125-21 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 27 805 ლარი.
აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2023 წლის 13 ოქტომბერს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2023 წლის 13 ნოემბრის №27852 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი. დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში მითითებული არგუმენტების და ამ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებული სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი, მ.შ. მიკრო ბიზნესის სტატუსის გაუქმების და სპეციალური დაბეგვრის რეჟიმიდან გამოსვლის საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 13 ნოემბრის №27852 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 136-ე, 49-ე, 61-ე, 73-ე, 101-ე, 154-ე, 84-ე, მე-80, 81-ე, მე-100, 102-ე, 105-ე, 72-ე, 153-ე, 43-ე მუხლებზე და „სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 29 დეკემბრის №415 დადგენილების დანართ 2- ზე.
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით, პირს 2011 წლის 1 იანვრიდან მინიჭებული აქვს მიკრო ბიზნესის სტატუსი.
შემოწმებით დადგენილი გარემოებაა, რომ პირი 2022 წლის 1 ოქტომბრიდან 2023 წლის 14 ივნისამდე, ნებართვის გარეშე, ფარულად ახორციელებდა ფსიქოტროპული მედიკამენტების შეძენა-რეალიზაციას, მის მიერ ამ გზით მიღებული შემოსავალი შედგენს 69 200 ლარს, ხოლო ხარჯი შეადგენს 38 060 ლარს. შემოწმების პროცესში დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს არ გააჩნია ამ შემოსავლის მიღებასთან დაკავშირებული ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები. მიღებული შემოსავალი შემოწმების მიერ ჩაითვალა ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად.
წარდგენილ საჩივარში გადასახადის გადამხდელი აღნიშნავს, რომ არის ინდივიდუალური მეწარმე და ითხოვს მის მიერ ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლის დაბეგვრას ამ შემოსავლის მიღებაზე გაწეული ხარჯის გათვალისწინებით.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე და აღნიშნავს, რომ მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში მითითებული არგუმენტების და ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი, მ.შ. მიკრო ბიზნესის სტატუსის გაუქმების და სპეციალური დაბეგვრის რეჟიმიდან გამოსვლის საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.
მომჩივნის არგუმენტაცია
ხარჯი - 38 060 ლარი შემმოწმებლის მიერ არ იქნა გათვალისწინებული გაურკვეველი მიზეზით, რადგან როგორც შემოსავალი, ასევე ხარჯი დადგენილია გამოძიების მიერ. ამიტომ თუ შემმოწმებლის მიერ გათვალისწინებულია ძიებით დადგენილი შემოსავლები, მაშინ ასევე უნდა გათვალისწინებულიყო ძიებით დადგენილი ხარჯებიც. არის ინდ. მეწარმე და შემმოწმებელს აღნიშნული შემოსავლები არ უნდა ჩაეთვალა როგორც ხელფასის სახით მიღებული შემოსავალი, არამედ შემოსავალი უნდა დაბეგრილიყო ინდ. მეწარმის წლიური საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციით და უნდა დაბეგრილიყო მხოლოდ 2022 წელს მიღებული შემოსავალი, რაც დაადგინა ძიებამ, ხოლო 2023 წლის 1 იანვრიდან 14 ივნისამდე მიღებული დასაბეგრი შემოსავალი უნდა დაიბეგროს 2024 წლის 1 აპრილის მდგომარეობით წლიური საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციით. ასევე, აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ძიების მიერ 22.09.2023 წლის დოკ: N-PC000474931OSL დადგენილებით დადასტურებულია, რომ მომჩივნის ქმედებით ბიუჯეტი დაზარალდა 6 228 ლარით, კერძოდ, შემოსავალი მიიღო 69 200 ლარი, ხარჯი იყო 38 060 ლარი, ხოლო დასაბეგრმა შემოსავალმა შეადგინა 31 140 ლარი. აღნიშნული შემოსავალი - 69 200 ლარი უცნობია საიდან დადგინდა, რადგან ჯანმრთელობიდან გამომდინარე (არის გულით ავადმყოფი) თვეში სულ რამდენიმე დღის განმავლობაში ახდენდა აღნიშნული მედიკამენტების რეალიზაციას და ვერანაირად ვერ მიიღებდა აღნიშნულ შემოსავალს. მიუხედავად ამისა, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 13 ნოემბრის №27852 ბრძანებით უნდა განსაზღვრულიყო და შემმოწმებელს უნდა დავალებოდა ძიებით დადგენილი ხარჯების - 38 060 ლარის გათვალისწინება, რის გათვალისწინებითაც უნდა მოხდეს დასაბეგრი შემოსავალის დადგენა, რაც ტოლი იქნება 69 200 – 38 060 = 31140 ლარის. აღნიშნული შემოსავალი - 69 200 ლარი, ხარჯი - 38 060 ლარი და შესაბამისად დასაბეგრი შემოსავალი - 31 140 ლარი პროპორციულად უნდა განაწილდეს შემდეგ პერიოდებზე, კერძოდ: 2022 წლის 1 ოქტომბრიდან 2022 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით და 2023 წლის 1 იანვრიდან 14 ივნისამდე.
მომჩივანი მიუთითებს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე და ითხოვს ბათილად იქნას ცნობილი გასაჩივრებული აქტები.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-4 და მე-9 ნაწილების თანახმად:
1. შემოსავალი გადასახადით იბეგრება იმ შემთხვევაშიც, როდესაც მისი კანონიერება სადავოა.
2. საგადასახადო სამართალდარღვევით მიღებული შემოსავალი ან განხორციელებული სხვა ოპერაცია იბეგრება საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4. თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
9. საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
საგადასახადო კოდექსის 84-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:
1. მიკრო ბიზნესის სტატუსი შეიძლება მიენიჭოს ფიზიკურ პირს, რომელიც არ იყენებს დაქირავებულ პირთა შრომას და დამოუკიდებლად ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას, რომლიდანაც მის მიერ მისაღები ჯამური ერთობლივი შემოსავალი კალენდარული წლის განმავლობაში არ აღემატება 30 000 ლარს.
3. საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან შეთანხმებით, საქართველოს მთავრობას უფლება აქვს, აკრძალოს ცალკეული საქმიანობის განხორციელება, რომლის ფარგლებშიც მიკრო ბიზნესის სტატუსი არ შეიძლება მიენიჭოს ფიზიკურ პირს.
საგადასახადო კოდექსის 85-ე მუხლის მე-3, მე-4 და მე-5 ნაწილების შესაბამისად:
3. თუ მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირი ამ კოდექსის 84-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი მოთხოვნის (ერთობლივი შემოსავლის ოდენობის შეზღუდვა) დარღვევიდან 15 დღის ვადაში არ მიმართავს საგადასახადო ორგანოს მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭების მიზნით, მას გაუუქმდება მიკრო ბიზნესის სტატუსი და გამოვა სპეციალური დაბეგვრის რეჟიმიდან.
4. საგადასახადო ორგანოს მიერ მიკრო ბიზნესის სტატუსის გაუქმების და სპეციალური დაბეგვრის რეჟიმიდან გამოსვლის საფუძველია ფიზიკური პირის მიერ ამ კოდექსის 84-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნის დარღვევა.
5. ფიზიკური პირისათვის მინიჭებული მიკრო ბიზნესის სტატუსის გაუქმების შემთხვევაში ამ მომენტისთვის ფიზიკური პირის შემოსავალი ექვემდებარება დაბეგვრას:
ა) მცირე ბიზნესის სტატუსის მიღებისას – მიკრო ბიზნესისთვის დადგენილი წესის შესაბამისად;
ბ) სხვა შემთხვევაში – ამ კოდექსის 79-ე–82-ე მუხლების შესაბამისად.
„სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 29 დეკემბრის №415 დადგენილების დანართი 2-ით განსაზღვრულია აკრძალული საქმიანობების ჩამონათვალი, რომელთა განხორციელების შემთხვევაში არ შეიძლება ფიზიკური პირისათვის მიკრო ბიზნესის სტატუსის მინიჭება, კერძოდ:
1. საქმიანობები, რომლებიც საჭიროებენ ლიცენზირებას ან ნებართვას, გარდა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის 261 პუნქტით გათვალისწინებული („საქართველოს დედაქალაქში მსუბუქი ავტომობილით − ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის ნებართვა“) საქმიანობისა.
2. საქმიანობები, რომლებიდანაც მიღებულმა შემოსავლებმა კალენდარული წლის განმავლობაში შესაძლოა გადააჭარბოს 30 000 ლარს.
6. ვაჭრობა.
საგადასახადო კოდექსის 80-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.
საგადასახადო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ფიზიკური პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 20 პროცენტით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, რეზიდენტის ერთობლივი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროდან და საქართველოს ფარგლების გარეთ მიღებული შემოსავლებისაგან.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან.
საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები.
საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ყველა ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მის მიღებასთან, გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც ამ კოდექსის თანახმად გამოქვითვას არ ექვემდებარება.
2. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.
საგადასახადო კოდექსის 153-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საშემოსავლო გადასახადის/მოგების გადასახადის შესახებ დეკლარაციას საგადასახადო ორგანოს საანგარიშო წლის მომდევნო წლის 1 აპრილამდე წარუდგენს რეზიდენტი ფიზიკური პირი, რომლის შემოსავალიც არ იბეგრება საქართველოში გადახდის წყაროსთან (გარდა იმ პირისა, რომელიც საშემოსავლო გადასახადით იბეგრება ამ კოდექსის მე-80 მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტის მიხედვით).
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ მომჩივანს 2011 წლის 1 იანვრიდან მინიჭებული აქვს მიკრო ბიზნესის სტატუსი. შემოწმებით დადგენილი გარემოებაა, რომ მეწარმე 2022 წლის 1 ოქტომბრიდან 2023 წლის 14 ივნისამდე, ნებართვის გარეშე, ფარულად ახორციელებდა ფსიქოტროპული მედიკამენტების შეძენა-რეალიზაციას. მის მიერ ამ გზით მიღებული შემოსავალი შედგენს 69 200 ლარს, ხოლო ხარჯი შეადგენს 38 060 ლარს. შემოწმების პროცესში დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს არ გააჩნია ამ შემოსავლის მიღებასთან დაკავშირებული ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები. მიღებული შემოსავალი შემოწმების მიერ ჩაითვალა ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად.
მომჩივანი აღნიშნავს, რომ არის ინდ. მეწარმე და ითხოვს მის მიერ ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლის დაბეგვრას გაწეული ხარჯის გათვალისწინებით.
აღსანიშნავია, რომ შემოსავლების სამსახურმა ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი და დაავალა აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში მითითებული არგუმენტების და ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი, მ.შ. მიკრო ბიზნესის სტატუსის გაუქმების და სპეციალური დაბეგვრის რეჟიმიდან გამოსვლის საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მიღებული შემოსავლის ხელფასად ჩათვლა.
ფაქტობრივი გარემოებები
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის გამოძიებით დადგენილია, რომ მომჩივანი თავისი სილამაზის სალონიდან ლიცენზიის გარეშე სისტემატიურად ახორციელებდა სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფსიქოტროპული მედიკამენტების შეძენას და შემდგომ რეალიზაციას. 2023 წლის 14 ივნისს გადასახადის გადამხდელთან ჩატარდა ჩხრეკა, საიდანაც ამოღებულ იქნა დიდი რაოდენობით ფსიქოტროპული აბები. მეწარმის გამოკითხვის შედეგად დადგინდა, რომ იგი ამ საქმიანობას ახორციელებდა 2022 წლის 1 ოქტომბრიდან 2023 წლის 14 ივნისამდე. აღნიშნულ პერიოდში მომჩივანმა შემოსავლის სახით მიიღო 69 200 ლარი, ხოლო აღნიშნული თანხიდან 38 060 ლარი გადახდილი აქვს ფსიქოტროპულ აბებში. შესაბამისად, მის მიერ მიღებული მოგება შეადგენს 31 140 ლარს. აღნიშნულ მოგებას გადამხდელი იყენებდა სისტემატიურად, როგორც ხელფასს, თუმცა გადახდის წყაროსთან არ ბეგრავდა. შემოწმების პროცესში დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს არ გააჩნია ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი, რითაც იგი დაადასტურებს გამოსაქვით ხარჯს. შესაბამისად, შემოწმებამ მეწარმის მიღებული შემოსავალი (69 200 ლარი) ჩათვალა მის მიერ მიღებულ ხელფასად. მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(1)(2)(4)(9), 101(1), 154(1"ა"), 84(1)(3), 85, 80(1), 100(1)(3"ბ"), 102(1"ა").