ბრძანება N 4367

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება საჩივრის თაობაზე 07.03.2023
№ დოკუმენტი 4367
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 4367

07.03.2023

ი/მ „----------“ (ს/ნ ----------)

(მის.: --------------------------)

2022 წლის 9 ნოემბრის საჩივრის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 20 თებერვლის სხდომაზე (ოქმი №16) განიხილა ი/მ ------------- (ს/ნ --------------) №CA00412211184529 (რეგ. №203737/21) საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 30 დეკემბრის №045-20 საგადასახადო მოთხოვნასთან და 2022 წლის 2 ნოემბრის №045-13 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

სადავო საკითხები:

გადასახადის გადამხდელი ითხოვს შემოსავლების სამსახურის უდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 30 დეკემბრის №045-20 საგადასახადო მოთხოვნის და 2022 წლის 2 ნოემბრის №045-13 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობას.

წარმოდგენილ საჩივარში გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებას. კერძოდ,1. არ ეთანხმება სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეძენილი და რეალიზებული სასაქონლომატერიალური ფასეულობების რაოდენობრივი ანალიზის შედეგად საანგარიშო პერიოდებში გამოვლენილი სხვაობის რეალიზებულად განხილვას და შესაბამისი გადასახადებით დაბეგვრას.

2. არ ეთანხმება ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების ფაქტის დაუდასტურებლობის საფუძვლით დღგ-ის ჩათვლის გაუქმებას.

 

აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 2 ნოემბრის №045-13 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით ფაქტობრივი გარემოებები: საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 14 აპრილის №9423 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 30 დეკემბრის №045-20 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით ი/მ -------------ს (ს/ნ -----------) 2022 წლის 24 იანვრის საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

„1. ი/მ -------------ს (ს/ნ --------------) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დამადასტურებელი დოკუმენტური მტკიცებულებები;

ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა" ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულების წარმოდგენის შემთხვევაში, დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე დარიცხული თანხების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);

3. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით და მისი არგუმენტების გათვალისწინებით, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი, გამოიკვლიოს საქმის ირგვლივ არსებული ფაქტობრივი გარემოებები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს შემოწმებით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);

4. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს." შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 14 აპრილის №9423 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2022 წლის 7 ოქტომბრის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვით, გადამხდელს საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები არ შეუმცირდა. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2022 წლის 2 ნოემბრის №045-13 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

შემოწმების მიერ გათვალისწინებულ იქნა დავების განხილვის საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება და ი/მ ------------ს მიეცა წინადადება წარმოედგინა დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. გადაანგარიშების პროცესში გადასახადის გადამხდელი არ დაკავშირებია შემოწმებას (ვერც გადამხდელთან მოხერხდა დაკავშირება) და არ წარმოუდგენია რაიმე სახის დოკუმენტაცია/მტკიცებულებები. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების გადაანგარიშება (შემცირება) არ განხორციელდა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 2 ნოემბრის №045-13 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 145-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის შემადგენლობაში შეიტანოს თავის საკუთრებაში არსებული დამუშავებული ან ნაწილობრივ დამუშავებული საქონელი, მისი ადგილმდებარეობის მიუხედავად, კერძოდ, ნედლეული ან/და მასალები (გარდა კაპიტალიზებადი ხარჯებისა), რომლებიც შეძენილია შემდგომი რეალიზაციისათვის ან საქონლის წარმოებისათვის/ მომსახურების გაწევისათვის.

ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის აღრიცხვისას გადასახადის გადამხდელი ვალდებულია წარმოებული ან შეძენილი საქონლის ღირებულება აღრიცხვაში ასახოს ამ საქონლის წარმოებაზე გაწეული ხარჯების (გარდა საამორტიზაციო ანარიცხებისა) ან შეძენის ფასად. ამასთანავე, გადასახადის გადამხდელი საქონლის ღირებულებაში შეიტანს მისი შენახვისა და ტრანსპორტირების ხარჯებს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 90-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 1 პროცენტით, გარდა ამ მუხლის მე2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 93-ე მუხლის 11 ნაწილის თანახმად, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის საგადასახადო დეკლარაციის საგადასახადო ორგანოსთვის წარდგენა და გადასახადის გადახდა ხორციელდება არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა. შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესამოწმებელ პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა, საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა. დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. ხოლო დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/ მომსახურების გაწევა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციაზე, რომლის თანახმად, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები მეწარმის მიერ გამოყენებული იყო ეკონომიკური საქმიანობის ადგილის კეთილმოსაწყობად. კერძოდ, დაისხა ბეტონის საფარი, მოეწყო დამხმარე ნაგებობები, ფარდულები. გადამხდელი აცხადებს, რომ აუდიტის დეპარტამენტში წარადგინა შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესაბამისად მოთხოვნილი დოკუმენტები, რის დასტურადაც საჩივარს თან ურთავს შესაბამის დანართებს. მომჩივანი აცხადებს, რომ შემმოწმებელი შეიცვალა 3-ჯერ, დაიკარგა კომპანიის წარდგენილი კორესპოდენცია, ხოლო ახალი შემმოწმებელი არ იყო საქმის კურსში და დაუშვა შეცდომა, რის გამოც არ მოხდა დარიცხული თანხების კორექტირება. მომჩივნის განმარტებით, შემოსავლების სამსახურის ბრძანება არ არის აღსრულებული აუდიტის დეპარტამენტის მიერ და ითხოვს მის აღსრულებას.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებების და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 14 აპრილის №9423 ბრძანება არ არის აღსრულებული. შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 14 აპრილის №9423 ბრძანების აღსრულების მიზნით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების ეტაპზე, აღსრულების მიზნით, წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესამოწმებელ პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ: საქართველოს საგადასახადო კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა მიღებული ჩათვლის დოკუმენტების საფუძველზე, გარდა ამ კარით გათვალისწინებული შემთხვევებისა ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა" ქვეპუნქტის თანახმად, ჩათვლის დოკუმენტია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩასათვლელი თანხა არის დღგ-ის თანხა, რომელიც გადახდილია ან გადასახდელია ჩათვლის დოკუმენტების მიხედვით, მათ შორის, დღგ-ის რეგისტრაციის ძალაში შესვლის მომენტისათვის არსებულ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ნაშთზე.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა.ა" ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა ხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქონელი ან/და მომსახურება გამოიყენება ან გამოყენებული იქნება დასაბეგრ ოპერაციებში, გარდა ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციებისა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება წარმოიშობა ჩასათვლელი დღგ-ის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება აქვს მხოლოდ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ დასაბეგრ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა" ქვეპუნქტის თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა" ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა" და „ბ" ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურა.

შემოსავლების სასახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციაზე, რომლის თანახმად:

ა) ა/ფ ეა-72 ---------- გამოწერილია კოშკურა ამწეს მიწოდებაზე (დღგ-ს თანხა 13843.22 ლარი). კოშკურა ამწე თვისობრივად გაუგებარია როგორ უნდა იქნეს გამოყენებული არაეკონომიკურ საქმიანობაში. რაც შეეხება ამწეს მომწოდებლის დავალიანებას, ------------- (მამა) გარდაცვლილია, მისი მემკვიდრეობის მისაღებად ---------ს (შვილი) წარდგენილი აქვს განცხადება ნოტარიუსთან და სამკვიდროს მიღებასთან ერთად დაფარავს მამკვიდრებლის ვალებს.

ბ) ა/ფ ეა-72 --------- შეძენილია თურქული წარმოების ბლოკის საჭრელი დანადგარი (დღგ-ს თანხა 11745.76 ლარი). წარმოების ბლოკის საჭრელი დანადგარი პირისათვის, რომელიც აწარმოებს ბლოკს, გაუგებარია როგორ დაკვალიფიცირდა, როგორც არგამოყენებადი ეკონომიკურ საქმიანობაში.

შემოსავლების სამსახური ფაქტობრივი გარემოებებისა და გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით აღნიშნავს, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ არ არის დასაბუთებული ზემოაღნიშნული ქონების ეკონომიკურ საქმიანობაში გამოუყენებლობა და საგადასახადო შემოწმების აქტით ჩათვლილი დღგ-ის თანხის გაუქმების საფუძველი.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებების და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ აღნიშნული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე მიღებული ჩათვლების გაუქმების საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. კერძოდ, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი, გამოიკვლიოს საქმის ირგვლივ არსებული ფაქტობრივი გარემოებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივარი შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 30 დეკემბრის №045-20 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ ი/მ ------------ (ს/ნ -------) მიერ 2021 წლის 30 დეკემბრის №045-20 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით 2022 წლის 24 იანვარს წარმოდგენილი საჩივრები შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 14 აპრილის №9423 ბრძანებით დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვინაიდან არსებობს მომჩივანის მიმართ იმავე დავის საგანზე შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე ი/მ --------------ს (ს/ნ -------------) 2022 წლის 9 ნოემბრის №CA00412211184529 (რეგ. №203737/21) საჩივარი 2021 წლის 30 დეკემბრის №045-20 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით უნდა დარჩეს განუხილველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. ი/მ----------ს (ს/ნ ----------) საჩივარი აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 30 დეკემბრის №045-20 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით დარჩეს განუხილველი;

2. ი/მ----------ს (ს/ნ ----------) საჩივარი აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 2 ნოემბრის №045-13 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

3. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 14 აპრილის №9423 ბრძანების აღსრულების მიზნით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების ეტაპზე, აღსრულების მიზნით, წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

4. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით დამატებით შეისწავლოს ჩათვლილი დღგ-ის თანხის გაუქმების საკითხი, გამოიკვლიოს საქმის ირგვლივ არსებული ფაქტობრივი გარემოებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

5. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

6. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.