გადაწყვეტილება №19002/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№19002/2/2023
31.03.2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 31.03.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------“-ის 2.03.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19002/2/2023).
დავის საგანი:
1. ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისთვის მოსაკრებლის დარიცხვა;
2. სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისის მიწოდებად განხილვა;
3. ნაღდი ფულის დანაკლისის საწარმოს პასუხისმგებელ პირზე გაცემულ ხელფასად განხილვა;
4. ქონების გადასახადის დარიცხვის მართლზომიერება;
5. სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 19.08.2022 წლის №149-10 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 20.02.2023 წლის №3104 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 687 510,98 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 431 330,56
ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისთვის მოსაკრებელი - 2 174,56
დღგ - 88 936
საშემოსავლო გადასახადი - 326 606
ქონების გადასახადი - 13 614
ჯარიმა - 226 620,6
საურავი - 29 559,82
პროცედურული გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის 12.08.2022 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 1.01.2019 წლიდან 16.06.2022 წლამდე პერიოდი.
შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა 19.08.2022 წლის №149-10 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 20.02.2023 წლის №3104 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისთვის მოსაკრებლის დარიცხვა
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზის მონაცემების მიხედვით შპს „----------“-ის (სნ ----------) საქმიანობას წარმოადგენს ხე-ტყის მოპოვება, შეძენა/რეალიზაცია. საწარმოს გააჩნია ხეტყის მოპოვების შესაბამისი ლიცენზია.
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის №996 ბრძანების შესაბამისად, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის გადამხდელი მოსაკრებლის გაანგარიშებას წარუდგენს საგადასახადო ორგანოს და იხდის კუთვნილ მოსაკრებელს: ტყის ფონდის მერქნული რესურსებით სარგებლობისათვის რესურსების ბუნებიდან ამოღების (მოჭრის) მომდევნო თვის 15 რიცხვის ჩათვლით, მაგრამ არა უგვიანეს ტყიდან მათი ტრანსპორტირებისა. ამასთან, პირებს, რომლებიც ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში სისტემატიურად (ყოველდღიურად) ახდენენ ზემოაღნიშნული რესურსების გარემოდან ამოღებას, შეუძლიათ წინასწარ წარადგინონ მოსაკრებლის გაანგარიშება თვის მოსალოდნელი მოსაპოვებელი რესურსების მოცულობების მიხედვით, რომელიც შემდგომში ექვემდებარება შესაბამისი სასაქონლო ზედნადებით განაშთვას.
შემოწმებით, გაიზარდა ბუნებრივი რესურსების სარგებლობისთვის გადასახდელი მოსაკრებელი 2 175 ლარით.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილზე და 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, მე-4 მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე და მე-6 მუხლის პირველ პუნქტზე და „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 106-ე მუხლზე და 107-ე მუხლის მე-4 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტზე.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, გადასახადის გადამხდელს გააჩნია ხე-ტყის მოპოვების შესაბამისი ლიცენზია, მის საქმიანობას წარმოადგენს ხე-ტყის მოპოვება, შეძენა/რეალიზაცია. შემოწმებით, გადამხდელს დაერიცხა ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის კუთვნილი მოსაკრებელი.
გადასახადის გადამხდელმა საჩივრის ზეპირი განხილვისას განაცხადა, რომ შესაძლოა საგადასახადო შემოწმებისას დაშვებულია ტექნიკური შეცდომა, რის შედეგადაც მოხდა შპს „----------“-ის და სხვა ამავე დასახელების კომპანიის მონაცემების აღრევა.
აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა საკითხის ზეპირ განხილვაზე განმარტა, რომ საგადასახადო შემოწმების მიერ დარიცხვა განხორციელდა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო მონაცემების მიხედვით.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე გადამხდელის მხრიდან არ წარმოდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი რაიმე დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო საჩივრები ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი მიუთითებს, რომ არ ეთანხმება დარიცხვას და ითხოვს დარიცხვის საფუძვლების მისი მონაწილეობით დამატებით შესწავლას.
დავების განხილვის საბჭო მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
„ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებლის ობიექტია საქართველოს ტერიტორიაზე (ტერიტორიული წყლების, საჰაერო სივრცის, კონტინენტური შელფისა და განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის ჩათვლით) არსებული ბუნებრივი რესურსების მოცულობა (რაოდენობა), კერძოდ სასარგებლო წიაღისეულის მოცულობა (რაოდენობა).
ამავე კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებელი გადაიხდება არა უგვიანეს საანგარიშოს მომდევნო თვის 15 რიცხვისა, გარდა შემდეგი ბუნებრივი რესურსებისა:
ა) ტყის მერქნული რესურსებით სარგებლობისათვის − ტყის მერქნული რესურსების ბუნებიდან ამოღების (მოჭრის) მომდევნო თვის 15 რიცხვის ჩათვლით, მაგრამ არაუგვიანეს მათი ტყიდან ტრანსპორტირებისა, გარდა ამ პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
შემოწმების შედეგად დადგენილია, რომ საწარმოს გააჩნია ხე-ტყის მოპოვების შესაბამისი ლიცენზია.
შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზის მონაცემების მიხედვით შპს „----------“-ის (სნ ----------) საქმიანობას წარმოადგენს ხე-ტყის მოპოვება, შეძენა/რეალიზაცია. საწარმოს გააჩნია ხეტყის მოპოვების შესაბამისი ლიცენზია. კანონმდებლობით დადგენილი წესით გაანგარიშებული ბუნებრივი რესურსების სარგებლობისთვის გადასახდელი მოსაკრებელი 2 175 ლარით აღემატება დეკლარირებულ მონაცემებს.
საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და მიიჩნევს, რომ ბუნებრივი რესურსების სარგებლობისთვის მოსაკრებლის ოდენობა განსაზღვრულია კანონმდებლობის შესაბამისად, ამ ნაწილში საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
2. სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისის მიწოდებად განხილვა
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
გადასახადის გადამხდელის მიერ შესამოწმებელ პერიოდზე ბუღალტრული აღრიცხვა/ანგარიშგების შესახებ მონაცემები არ არის წარმოდგენილი. 14.06.2022 წლის №15080 ბრძანების საფუძველზე საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ საწარმოში ჩატარდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია, აღნიშნულის გათვალისწინებით პირის საგადასახადო ვალდებულებები გაანგარიშებულ იქნა არაპირდაპირი მეთოდით.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის და 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის გათვალისწინებით, შემოწმების მიერ მოხდა ხელთ არსებული ინფორმაციის შესწავლა და დამუშავება, რის საფუძველზეც საწარმოს გამოუვლინდა სმფ-ის დანაკლისი 832 079 ლარის ოდენობით (დღგ-ის გარეშე), რომელიც საწარმოს მიერ დეკლარირებული მონაცემების მიხედვით არც რეალიზაციადაა განხილული და არც ფაქტობრივ ნაშთში უფიქსირდება. აღნიშნული შემოწმებით განხილულ იქნა მიწოდებად (შემოწმებამ გამოიყენა საწარმოს დოკუმენტური ფასნამატები კატეგორიების მიხედვით, აგრეთვე ექსპერტის მიერ დადგენილი ფასები) და დაიბეგრა საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის შესაბამისად, დღგ-ით. საწარმოს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 49- ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, მე-8 მუხლის 22-ე ნაწილზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, მე-2 მუხლის მე-2 ნაწილზე, შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტზე, 171-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 160-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 163-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 164-ე მუხლზე, 168-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არ აქვს ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად და შემოწმებისთვის არ აქვს წარდგენილი ინფორმაცია ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების შესახებ.
აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმებამ იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას გამოიყენა არაპირდაპირი მეთოდი, კერძოდ საგადასახადო შემოწმების მიერ ინვენტარიზაციის შედეგებისა და პირველადი დოკუმენტაციის ანალიზის საფუძველზე, განისაზღვრა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ოდენობა, რომელიც საწარმოს არც ფაქტობრივ ნაშთში და რეალიზაციაში არ უფიქსირდებოდა, ხოლო შემოწმებით არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით აღნიშნული სმფ-ები ჩაითვალა შესაბამის პერიოდებში რეალიზებულად, რის საფუძველზეც გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა (გამოყენებულ იქნა საწარმოს დოკუმენტური ფასნამატები კატეგორიების მიხედვით, აგრეთვე, ექსპერტის მიერ დადგენილი ფასები). ამასთან, ჩატარებული ნაღდი ფულის მოძრაობის ანალიზის შედეგად, შემოწმებით გაანგარიშებული შემოსავალი შემცირდა იმ პერიოდისთვის საწარმოს მიერ გაწეული დანახარჯებით და საანგარიშო პერიოდის ბოლოს არსებული ფულის ნაშთით. შედეგად, გამოვლინდა ნაღდი ფულის დანაკლისი, რაც განხილულ იქნა დირექტორზე გაცემულ ხელფასად.
გადასახადის გადამხდელმა დაზუსტებულ საჩივრებთან ერთად წარმოადგინა დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, კერძოდ სამუშაო ცხრილები ექსელის ფაილების სახით, მათ შორის, საქონლის მოძრაობისა და ფულადი სახსრების მოძრაობის შესახებ გაანგარიშების ცხრილები და ითხოვს დარიცხული თანხების გადაანგარიშებას აღნიშნულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით.
აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით, განხორციელდა გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი გაანგარიშებებისა და ცხრილების შესწავლა, რის საფუძველზეც დადგინდა, რომ აღნიშნული ინფორმაცია/დოკუმენტაციის გათვალისწინების შედეგად, იზრდება საგადასახადო ვალდებულებები.
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა სადავო საკითხებთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო საჩივრები ამ ნაწილებში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი მიუთითებს, რომ არ ეთანხმება დარიცხვას და ითხოვს დარიცხვის საფუძვლების მისი მონაწილეობით დამატებით შესწავლას.
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სმფ-ების ინვენტარიზაციისას არ იქნა გათვალისწინებული ის ფაქტი, რომ გარდა ინვენტარიზაციის ადგილისა კომპანიას სხვადასხვა ადგილზე აქვს სმფ-ების ნაშთი კერძოდ, ქ. ----------, ქ. ----------, ქ. ----------.
შესაბამისად იმ ფაქტზე აპელირება, რომ დირექტორმა ხელი მოაწერა ინვენტარიზაციის მასალებს და დაეთანხმა ოდენობას არასწორია, ვინაიდან დირექტორმა ფაქტობრივად დათვლილ ოდენობაზე განაცხადა თანხმობა, ხოლო რაც სხვა ადგილას იყო არანაირი არგუმენტაცია და მტკიცებულება საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს არ წარმოუდგენია.
ზემოაღნიშნული არგუმენტაციის მტკიცებულებად წარმოდგენილია შიდა გადაზიდვის სასაქონლო ზედნადებები. ასევე, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების ერთიანი საინფორმაციო ბაზის მონაცემებშიც ჩანს კომპანიის მიერ მითითებული ადგილებიდან საქონლის მიწოდება, ასევე ექსპორტზე გატანაც.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის 1.01.2021 წლამდე მოქმედი რედაქციით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება.
ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
შემოწმების შედეგად, საწარმოს გამოუვლინდა სმფ-ის დანაკლისი 832 079 ლარის ოდენობით (დღგ-ის გარეშე), რომელიც საწარმოს მიერ დეკლარირებული მონაცემების მიხედვით არც რეალიზაციადაა განხილული და არც ფაქტობრივ ნაშთში უფიქსირდება. გადასახადის გადამხდელის მიერ შესამოწმებელ პერიოდზე ბუღალტრული აღრიცხვა/ანგარიშგების შესახებ მონაცემები არ არის წარდგენილი.
აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისის ოდენობა შემოწმების აქტის შედგენამდე რამდენჯერმე განხილულია მომჩივნის წარმომადგენელთან ერთად. გადასახადის გადამხდელმა განმარტა სხვადასხვა ვერსიები, აცხადებდა, რომ სხვადასხვა ადგილზე ინახავდა. ბოლო შეხვედრაზე აღნიშნა, რომ სავარაუდოდ მოპარეს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები. თუმცა, მტკიცებულებები ვერ წარმოადგინა და აღნიშნული ინფორმაციის გათვალისწინება შემოწმების აქტის შედგენის დროს ვერ მოხდა.
საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე და მიიჩნევს, რომ ვინაიდან გადასახადის გადამხდელის მიერ არ არის წარდგენილი ბუღალტრული აღრიცხვის მონაცემები, ასევე ჩატარებულია სასაქონლომატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია და სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაკლებობის შესახებ მომჩივნის მიერ აუდიტის დეპარტამენტისთვის არ იქნა წარდგენილი მიწოდებად აღიარების ან ნაშთად აღრიცხვის შესაბამისი მტკიცებულებები, აღნიშნულის მიწოდებად განხილვა მართლზომიერია.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
3. ნაღდი ფულის დანაკლისის საწარმოს პასუხისმგებელ პირზე გაცემულ ხელფასად განხილვა
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
გადასახადის გადამხდელის მიერ შესამოწმებელ პერიოდზე ბუღალტრული აღრიცხვა/ანგარიშგების შესახებ მონაცემები არ არის წარმოდგენილი. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 14.06.2022 წლის №15080 ბრძანების საფუძველზე საზოგადოებას ჩაუტარდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია, აღნიშნულის გათვალისწინებით მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები გაანგარიშებულ იქნა არაპირდაპირი მეთოდით. შემოწმების მიერ ინვენტარიზაციის შედეგებისა და პირველადი დოკუმენტაციის ანალიზის საფუძველზე განისაზღვრა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ოდენობა, რაც ჩაითვალა საზოგადოების მხრიდან შესაბამის პერიოდებში რეალიზებულად, რითაც გაიზარდა ორგანიზაციის შემოსავალი.
შემოწმებამ იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის, 79-ე მუხლის, მე-80 მუხლის პირველი ნაწილის და 81-ე მუხლის დებულებებით.
შემოწმებით ნაღდი ფულის მოძრაობის ანალიზისას გამოყენებულ იქნა შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზები, აგრეთვე გადამხდელის მიერ მოწოდებული პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაცია (საბანკო ამონაწერები) და ახსნა-განმარტებები. მიღებული შემოსავალი შემცირდა იმ პერიოდისთვის საწარმოს მიერ გაწეული დანახარჯებით და საანგარიშო პერიოდის ბოლოს არსებული ფულის ნაშთის გათვალისწინებით. ფულის მოძრაობის ანალიზის შედეგად, 2022 წლის მაისის ბოლოს გამოვლინდა 1 306 425 ლარის ნაღდი ფულის დანაკლისი. შემოწმებით, აღნიშნული საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის მიხედვით განხილულ იქნა საწარმოს პასუხისმგებელ პირზე დირექტორზე, „----------“ (პ/ნ ----------) ხელფასის სახით განაცემად და დაექვემდებარა საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. საწარმოს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურის არგუმენტაცია მითითებულია მე-2 დავის საგნის ნაწილში.
მომჩივნის არგუმენტაცია
უსაფუძვლოა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენება, ვინაიდან სრულად ხდებოდა საგადასახადო ვალდებულების შესრულება, შესაბამისად არაპირდაპირი მეთოდის გამოყენება არამართლზომიერია. ამასთან, შემოწმებისთვის წარდგენილ იქნა მოთხოვნილი დოკუმენტაცია.
არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების 73-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა არ ჰქონდა შემმოწმებელს.
გაუგებარია რატომ გამოიყენა შემმოწმებელმა არაპირდაპირი მეთოდი. საქონლის 100%-ის მიწოდება ხდება სასაქონლო ზედნადებების საშუალებით, რაც დადასტურებული ფასია, შესაბამისად გაუგებარია რატომ იყენებს აუდიტის დეპარტამენტი არაპირდაპირ მეთოდს.
თუ აუდიტის დეპარტამენტი იყენებს არაპირდაპირ მეთოდს და მის ხელთ არსებულ ინფორმაციას იყენებს, მაშინ რატომ დაეყრდნო წარდგენილ ფულის მოძრაობის ანალიზს, გამოდის, რომ კონკრეტული გარემოებისთვის იყენებს არაპირდაპირ მეთოდს, ხოლო სხვა დანარჩენ შემთხვევებში წარდგენილ ინფორმაციას.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებათა გათვალისწინებით შესწავლილ იქნა ფულის მოძრაობის ანალიზი, რის მიხედვითაც შემოწმების მიერ განხორციელებული დარიცხვა ბევრად განსხვავდება გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილისგან.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:
1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.
3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს:
ა) მხედველობაში არ მიიღოს სამეურნეო ოპერაციები, რომლებსაც არა აქვს არსებითი ეკონომიკური გავლენა;
ბ) სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი.
ამავე კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
შემოწმების შედეგად, შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზების, გადამხდელის მიერ მოწოდებული პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაციის (საბანკო ამონაწერები) და ახსნა-განმარტებების საფუძველზე, ნაღდი ფულის მოძრაობის ანალიზით, 2022 წლის მაისის ბოლოს დადგინდა 1 306 425 ლარის ნაღდი ფულის დანაკლისი. აღნიშნულის განსაზღვრისას გათვალისწინებულია საწარმოს მიერ გაწეული დანახარჯები და საანგარიშო პერიოდის ბოლოს არსებული ფულის ნაშთი.
აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, გადასახადის გადამხდელმა ფულის მოძრაობის ცხრილი წარმოადგინა რამდენჯერმე, თუმცა ყველა ჯერზე იყო არასრულფასოვანი, ხოლო აღრიცხვა არანაირი არ წარმოუდგენია.
საბჭო მიუთითებს, რომ ნაღდი ფულის დანაკლისი დადგენილია შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზის მონაცემების, საბანკო ანგარიშების ამონაწერების და მომჩივნის ახსნა-განმარტებების საფუძველზე. ვინაიდან მომჩივნის მიერ წარმოდგენილი არ არის ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რომლითაც დადგინდება საგადასახადო შემოწმების შედეგად დადგენილისგან განსხვავებული გარემოებები, საბჭო მიიჩნევს, რომ ამ ნაწილში საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების საფუძველი.
4. ქონების გადასახადის დარიცხვის მართლზომიერება
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
საწარმოს მიერ შესამოწმებელ პერიოდში არ არის დეკლარირებული ქონების გადასახადი (გარდა მიწისა), თუმცა შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზების შესწავლისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის შედეგად, გადასახადის გადამხდელს უფიქსირდება დაუმთავრებელი მშენებლობა და სხვა ძირითადი საშუალებები (მანქანები, დანადგარები).
გადასახადის გადამხდელი ვალდებული იყო დაედეკლარირებინა დაუმთავრებელი მშენებლობისა და სხვა ძირითადი საშუალებების ქონების გადასახადი და საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის შესაბამისად გადაეხადა ქონების გადასახადი. საწარმოს დაერიცხა ქონების გადასახადი 2019-2021 წლებში შესაბამისად 2 518, 3 484 და 3 806 ლარის ოდენობით.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტზე, 202-ე მუხლზე, 205-ე მუხლის პირველ, მე-2 და მე-3 ნაწილებზე და 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, გადამხდელს საკუთრებაში უფიქსირდება დაუმთავრებელი მშენებლობა და სხვა ძირითადი საშუალებები (მანქანები, დანადგარები), რაზეც არ აქვს შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. აღნიშნულიდან გამომდინარე, გადამხდელს დაერიცხა კუთვნილი ქონების გადასახადი.
გადასახადის გადამხდელმა საჩივრის ზეპირი განხილვისას დააზუსტა მოთხოვნა და განმარტა, რომ ქონების გადასახადში დარიცხულ თანხებს აღარ ასაჩივრებს და ითხოვს ამ ნაწილში დაკისრებული სანქციისაგან გათავისუფლებას.
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო საჩივრები ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი მიუთითებს, რომ არ ეთანხმება დარიცხვას და ითხოვს დარიცხვის საფუძვლების მისი მონაწილეობით დამატებით შესწავლას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, 1.01.2020 წლამდე ქონების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო/ორგანიზაცია მის ბალანსზე ძირითად საშუალებად ან/და საინვესტიციო ქონებად აღრიცხულ აქტივებზე, დაუმონტაჟებელ მოწყობილობებზე, დაუმთავრებელ მშენებლობაზე, აგრეთვე მის მიერ ლიზინგით გაცემულ ქონებაზე.
ამავე კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, 1.01.2020 წლიდან ქონების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო/ორგანიზაცია მის ბალანსზე ძირითად საშუალებად ან/და საინვესტიციო ქონებად აღრიცხულ აქტივებზე, დაუმონტაჟებელ მოწყობილობებზე, დაუმთავრებელ მშენებლობაზე, აგრეთვე მის მიერ ლიზინგით გაცემულ ქონებაზე.
შემოწმების შედეგად, შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზების და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციის საფუძველზე დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს უფიქსირდება დაუმთავრებელი მშენებლობა და სხვა ძირითადი საშუალებები (მანქანები, დანადგარები). საწარმოს მიერ შესამოწმებელ პერიოდში არ არის დეკლარირებული ქონების გადასახადი.
საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და აღნიშნავს, რომ ვინაიდან გადასახადის გადამხდელს გააჩნია ქონების გადასახადით დასაბეგრი ობიექტი, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
5. სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
საგადასახადო შემოწმების შედეგების მიხედვით, გადასახადის გადამხდელს დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით 226 620,6 ლარი. აუდიტის დეპარტამენტის 19.08.2022 წლის №149-10 საგადასახადო მოთხოვნაში ასახულია საურავი 29 559,82 ლარი.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 269- ე მუხლის პირველ და მე-7 ნაწილებზე, 270-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 272-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 275-ე მუხლის პირველი-22 ნაწილებზე და განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით).
კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში, ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ სჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია, საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
მომჩივნის არგუმენტაცია
დავების განხილვის საბჭომ უნდა გამოიყენოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით მისთვის მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილება და კომპანია გაათავისუფლოს დარიცხული ჯარიმა-საურავებისგან, როგორც კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი. საწარმოს მიზანი არ ყოფილა გადასახადების დამალვა. შესაბამისად დავების განხილვის საბჭოში მოქმედი პრაქტიკის შესაბამისად, კომპანია უნდა გათავისუფლდეს დარიცხული სანქციებისგან.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
ამავე კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
შემოწმების შედეგად განსაზღვრულია, რომ მომჩივნის მიერ დეკლარირებული გადასახადებით დაბეგვრის ობიექტი განსხვავებულია საგადასახადო შემოწმებით დადგენილი მონაცემებისგან.
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში არ დასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო ვალდებულებების არასრულად დეკლარირება გამოწვეულია მისი შეცდომით/არცოდნით, საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს სანქციებისგან საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისთვის მოსაკრებლის დარიცხვა;
2. სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისის მიწოდებად განხილვა;
3. ნაღდი ფულის დანაკლისის საწარმოს პასუხისმგებელ პირზე გაცემულ ხელფასად განხილვა;
4. ქონების გადასახადის დარიცხვის მართლზომიერება;
5. სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
ფაქტობრივი გარემოებები
1) დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, გადასახადის გადამხდელს გააჩნია ხე-ტყის მოპოვების შესაბამისი ლიცენზია, მის საქმიანობას წარმოადგენს ხე-ტყის მოპოვება, შეძენა/რეალიზაცია. შემოწმებით, გადამხდელს დაერიცხა ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის კუთვნილი მოსაკრებელი. გადამხდელის მხრიდან არ წარმოდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი რაიმე დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
2) გადასახადის გადამხდელს არ აქვს ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად და შემოწმებისთვის არ აქვს წარდგენილი ინფორმაცია ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების შესახებ.
3) აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, გადასახადის გადამხდელმა ფულის მოძრაობის ცხრილი წარმოადგინა რამდენჯერმე, თუმცა ყველა ჯერზე იყო არასრულფასოვანი, ხოლო აღრიცხვა არანაირი არ წარმოუდგენია.
4) გადამხდელს საკუთრებაში უფიქსირდება დაუმთავრებელი მშენებლობა და სხვა ძირითადი საშუალებები (მანქანები, დანადგარები), რაზეც არ აქვს შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. აღნიშნულიდან გამომდინარე, გადამხდელს დაერიცხა კუთვნილი ქონების გადასახადი.
5) შემოსავლების სამსახური მიუთითებს შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი ყველა ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5,9); 101(1); 154(1„ა“); 159(1„ა“); 160; 1601; 163(1); 164(1); 168; 171; 201(1„ა“); 202; 205(1); 272; 275,