დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-447(კ-25) 19 მარტი, 2026 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე)– მ.ქ-ა
მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) –სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახური
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 11 მარტის გადაწყვეტილება
დავის საგანი–ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალდებულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2023 წლის 29 აგვისტოს მ.ქ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, მან მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს და მოითხოვა ... ... ...წ. N... დაბადების აქტში არსებული ჩანაწერის შესწორება, კერძოდ, მამის მონაცემებში - გ.დ-ისა და ეროვნების - ქართველის დამატება, ხოლო დედის - თ.გ-ის მამის სახელის ნ.-თი შეცვლა და ეროვნების - ბერძენით ცვლილება. მოსარჩელემ ასევე მოითხოვა 1.11.1986წ. ქორწინების ჩანაწერში საცოლის - მ.გ-ის შეცვლა მ.დ-ით, ხოლო ეროვნების გრაფაში ბერძენის ნაცვლად ქართველის მითითება. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 19.06.2023წ. N028223013580 გადაწყვეტილებით მოსარჩელის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. მოსარჩელემ ზემოაღნიშნული აქტი ადმინისტრაციული საჩივრით გაასაჩივრა, რომელიც ასევე არ დაკმაყოფილდა.
ამდენად, მოსარჩელემ დაზუსტებული სარჩელით მოითხოვა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 19.06.2023წ. N028223013580 და საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 10.08.2023წ. N01/189697/გ გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა. მოსარჩელის მოთხოვნას ასევე წარმოადგენდა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, რომლითაც შესწორდება: 1) მ.ქ-ას დაბადების სააქტო ჩანაწერი N... (რეგისტრირებული ... ... ...წ. ქ. თბილისის ...ის რაიონის მმაჩის განყოფილების მიერ) და მამის მონაცემებს დაემატება, მამა - გ.დ-ი, ეროვნება - ქართველი, 2. დედის მონაცემები და დაფიქსირდება დედის მონაცემი - თ. ნ.-ის ასული გ-ი, ეროვნება - ბერძენი, ბავშვის გვარი - ბ.-დ-ი; 3. ქორწინების აქტის ჩანაწერი N3066 (რეგისტრირებული ქ. თბილისის ქორწინების სახლის მიერ 1.01.1986წ.) და საცოლის მონაცემებში მ.გ-ის ნაცვლად დაფიქსირდება მ. ბ.-დ-ი, ეროვნება - ქართველი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 23 აგვისტოს განჩინებით მ.ქ-ას სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მ.ქ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი: სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 19.06.2023წ. N028223013580 გადაწყვეტილება; ბათილად იქნა ცნობილი სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 10.08.2023წ. N01/189697/გ გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დაევალა ახალი ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც შესწორდება: 1. მ.ქ-ას დაბადების სააქტო ჩანაწერი ... (რეგისტრირებული ... ... ...წ. ქ. თბილისის ...ის რაიონის მმაჩის განყოფილების მიერ) მამის მონაცემებს დაემატოს, მამა - გ.ბ.-დ-ი, ეროვნება - ქართველი, 2. დედის მონაცემები და დაფიქსირდეს დედა - თ. ნ-ის ასული გ-ი, ეროვნება - ბერძენი, ბავშვის გვარი - ბ.-დ-ი; 3. მ.ქ-ას ქორწინების აქტის ჩანაწერი N3066 (რეგისტრირებული ქ. თბილისის ქორწინების სახლის მიერ 01.01.1986წ.) და საცოლის მონაცემებში მ.გ-ის ნაცვლად დაფიქსირდეს მ. ბ.-დ-ი, ეროვნება- ქართველი.
რაიონულმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მ.ქ-ამ მიმართა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს განცხადებით, რომლითაც მოითხოვა მისი N... დაბადების აქტის ჩანაწერში მამის მონაცემების - გ.დ-ის, ეროვნება - ქართველის დამატება, ხოლო დედის თ.გ-ის მამის სახელის ნ.-ზე და ეროვნების ბერძენზე შესწორება, ასევე ბავშვის გვარის გ-ის შეცვლა დ-ით. განმცხადებლის მოთხოვნას ასევე წარმოადგენდა მისი ქორწინების N3066 სააქტო ჩანაწერში საცოლის მ.გ-ის გვარის დ-ზე, ასევე ეროვნების ქართველზე შესწორება და შესაძლებლობის შემთხვევაში, ქორწინების შემდგომი გვარის დ-ზე შესწორება.
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 19.06.2023წ. N028223013580 გადაწყვეტილებით მ.ქ-ას განცხადება არ დაკმაყოფილდა. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება ზემდგომ ორგანოში გასაჩივრდა ადმინისტრაციული საჩივრით, რომელიც არ დაკმაყოფილდა.
საქართველოს სსრ 1952 წლის 4 მარტის ქუთაისის პირველი უბნის სასამართლოს N5/717 გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ მოლოტოვის რაიონის მმაჩის ბიუროს 1951 წლის 13 სექტემბერს რეგისტრირებულ N... დაბადების სააქტო ჩანაწერში შევიდა დამატება და ბავშვის მამად მიეთითა გ. დ-ი, ხოლო დედის მონაცემები გასწორდა და მიეთითა თ. ნ.-ის ასული გ-ი, ეროვნება - ბერძენი. მოცემულ დოკუმენტში არ არის მითითებული ინფორმაცია მისი კანონიერ ძალაში შესვლის შესახებ, ასევე მისი გაცემის თარიღი. აღნიშნული გადაწყვეტილება არ მოიძებნა ქუთაისის პირველი უბნის სასამართლოს 1953 წლის მასალებში.
...ის ოლქის ქ. ...ის მმაჩის ბიუროს მიერ 1978 წლის 5 მაისს გაცემული II-ЛЯ №54398 ქორწინების მოწმობის თანახმად, გ.დ-ი და თ. ნ-ის ასული გ-ი, დაბადებული ... წლის ... ....ს ...ის რაიონის სოფ. ...ში დაქორწინდნენ 1949 წლის 7 აპრილს. ქორწინება რეგისტრირებულია ...ის მმაჩის ბიუროს მიერ 1949 წლის 12 აპრილს N115 აქტით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 23.04.2024წ. დადგენილებით ზ.ქ-ას განცხადების საფუძველზე დადგინდა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი - პირთა ნათესაური კავშირი, სახელდობრ გ.დ-ისა (დაბადების თარიღი - ... ... ...წ, გარდაცვალების თარიღი - 25.01.1976 წელი, გარდაცვალების ადგილი უკრაინა, ...ის ოლქი, ...ის რაიონი, სოფელი ..., გარდაცვალების აქტის ჩანაწერი N19) და ზ.ქ-ას (დაბადების თარიღი -... წელი, დაბადების ადგილი - საქართველო, თბილისი, პ/ნ..., დაბადების აქტის ჩანაწერი N479) ბაბუაშვილიშვილობის ფაქტი. გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში. დადგენილია, რომ ზ.ქ-ას მშობლები არიან პ.ქ-ა (მამა) და მ.ქ-ა (დედა).
რაიონულმა სასამართლომ მიუთითა საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოსთან არსებული იურიდიული კომისიის მმაჩის ორგანოების განყოფილების 1.12.1967წ. დასკვნის ასლზე, რომლის თანახმადაც, დაკმაყოფილდა თ.ნ-ის ასული გ-ის თხოვნა მამის სახელის გამოცვლის შესახებ და უნდა გაცემულიყო ახალი დაბადების მოწმობა - თ. ნ.-ს ასული გ-ის მონაცემებით, ასევე განმცხადებლის არასრულწლოვანი ქალიშვილის N... დაბადების სააქტო ჩანაწერში უნდა განხორციელებულიყო შესწორება და ბავშვი ჩაწერილიყო შემდეგი მონაცემებით - მ. ბ.-დ-ი, დედა თ. ი ნ.-ს ასული გ-ი, ეროვნება ბერძენი (24 წლის) და მამა გ. ბ.-დ-ი ეროვნება ქართველი - 24 წლის. შესწორებული დაბადების მოწმობების გაცემა დაევალა ...ის ბიუროს.
... ... ... წ. თბილისის რაიონის ...ის მმაჩის განყოფილების მიერ რეგისტრირებული დაბადების N... აქტის ჩანაწერის თანახმად, მ.გ-ი დაიბადა ... ... ... წ. დედა - თ. ნ-ის ასული გ-ი, ეროვნება სომეხი, წლოვანება შეუსრულდა 24 წელი, მამის მონაცემების ველში შევსებულია მხოლოდ სახელის გრაფა, მითითებულია გ., ჩანაწერის პირველი ეგზემპლარი მეორის იდენტურია.
1.11.1986წ. თბილისის ქორწინების სახლის მიერ რეგისტრირებული ქორწინების N3066 აქტის თანახმად, დაქორწინდნენ: პ.ქ-ა და მ. გ. ს ასული გ-ი, გვარი ქორწინების შემდეგ ქ-, დაბადებული თბილისში, ... ... ...წ, ეროვნება - სომეხი. სამეგრელო ზემო-სვანეთის სრ სამსახურის 04.05.2023წ N028323007251 გადაწყვეტილებით საცოლის ქორწინებამდელი გვარი გ-ი შესწორებულია გ-ზე. გვარის ცვლილებისას არ შესწორებულა ეროვნება. დადგენილია, რომ მ.ქ-ას გვარი (ქ-ა) მიღებული აქვს ქორწინების რეგისტრაციის შემდეგ.
რაიონულმა სასამართლომ მიუთითა „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3, მე-9 და 79-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ სახეზეა უფლებამოსილი ორგანოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის შესახებ, რომლის საფუძველზეც არსებობდა მ.ქ-ას დაბადების და ქორწინების სააქტო ჩანაწერებში შესწორების შეტანის წინაპირობები. რაიონული სასამართლოს მითითებით, საქმეზე წარდგენილი მტკიცებულებებით დასტურდებოდა, რომ სადავო სამოქალაქო აქტები შეიცავდნენ მცდარ/არასწორ მონაცემებს.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურმა, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ 2025 წლის 11 მარტის გადაწყვეტილებით სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; მ.ქ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ რაიონული სასამართლოს მხრიდან სამოქალაქო საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს 23.04.2024წ. დადგენილებისთვის (იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის - ბაბუაშვილიშვილობის დადგენის შესახებ) პრეიუდიციული ძალის მინიჭებით, სრულად იქნება უგულებელყოფილი ადმინისტრაციული სამართალწარმოების პრინციპები. შესაბამისად, აღნიშნული სასამართლო აქტით დადგენილ იურიდიული მნიშვნელობის ფაქტს, სადავო საკითხების გადაწყვეტისთვის რაიმე მტკიცებულებითი მნიშვნელობა ვერ მიენიჭება. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მითითებულ დავაზე ზ.ქ-ასა და გ.ბ.-დ-ის ბაბუაშვილიშვილობის ფაქტი, დოკუმენტურ მტკიცებულებას არ წარმოადგენს სააქტო ჩანაწერებში მ.ქ-ას მიერ მოთხოვნილი დამატებების განსახორციელებლად. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნის საფუძვლიანობა, ადმინისტრაციული სამართალწარმოებისას წარდგენილ მტკიცებულებათა შეფასების შედეგად უნდა გადაწყდეს.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ...ის ბიუროს და საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოსთან არსებული იურიდიული კომისიის მმაჩის ორგანოების განყოფილების 1967 წლის 1 დეკემბრის დასკვნა მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათის წერილია, რომელიც შემდგომში საჭიროებდა ზემდგომი ორგანოს განკარგულებას („საქორწინო, საოჯახო და სამეურვეო კანონთა კოდექსის“ 125-ე მუხლი). დოკუმენტზევეა აღნიშნული, რომ იგი უნდა დამტკიცებულიყო საქ. სსრ მინისტრთა საბჭოსთან არსებულ იურიდიული კომისიის მმაჩის ორგანოების განყოფილების მიერ, რაც მას იურიდიულ და აღსასრულებლად სავალდებულო ძალას შესძენდა, თუმცა აღნიშნული დოკუმენტი სათანადოდ დამტკიცებული არაა.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სოციალისტური საბჭოთა რესპუბლიკის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის 1930 წლის 31 მარტის №6 დადგენილებით დამტკიცებული და სამოქმედოდ შემოღებული „საქორწინო, საოჯახო და სამეურვეო კანონთა კოდექსის“ 120-ე, 122-ე, 125-ე, 126-ე, 130-ე, 135-ე, 136-ე, 139-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ გვარისა და სახელის გამოცვლის რეგისტრაცია ხდება საქართველოს სსრ ან ავტონომიური რესპუბლიკების შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატების სამოქალაქო მდგომარეობის აქტების რესპუბლიკური და საოლქო (სამხრეთ-ოსეთის ავტონომიურ ოლქში) განყოფილებების ნებართვით. აღნიშნული განყოფილებები არეგისტრირებენ გვარის და სახელის გამოცვლას ან უარს ამბობენ ასეთ რეგისტრაციაზე. სააპელაციო პალატამ მოიხმო 1970 წლის 18 ივნისის კანონით დამტკიცებული „საქორწინო და საოჯახო“ კოდექსის 50-ე, 51-ე, 52-ე, 53-ე, 160-ე, 163-ე, 164-ე, 165-ე, 166-170-ე მუხლები.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელის მტკიცების გათვალისწინებით, 1949 წლიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მშობლების, შვილის დაბადების აქტის ჩანაწერში მამის მითითება უნდა მომხდარიყო სათანადო წესით, სრულყოფილად, ქორწინებაში მყოფი მეუღლის სახელის და გვარის მიხედვით. ამასთან, თუ რაიმე გარემოების გამო სააქტო ჩანაწერში დაშვებული იყო შეცდომა, აღნიშნულის გამოსწორება ხდებოდა მოქალაქეობრივი მდგომარეობის ორგანოში დაუქორწინებელი მშობლების ერთობლივი განცხადებით, ან დაქორწინებული მშობლების შემთხვევაში ერთ-ერთი მშობლის განცხადებით, ხოლო სასამართლოსთვის მიმართვა მამობის იურიდიული ფაქტის დასადგენად სააქტო ჩანაწერში შესაბამისი ცვლილებების განსახორციელებლად ხდებოდა მხოლოდ დავის არსებობის შემთხვევაში. სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე დადასტურებულად არ მიიჩნია სასარჩელო მოთხოვნების საფუძვლიანობა. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ იმ დოკუმენტების საფუძველზე, რომლითაც მოსარჩელე ითხოვდა ცვლილების შეტანას, არცერთი შესაბამისი შესწორება-დამატება მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების ჩანაწერში განხორციელებული არ არის. ამასთან, მ.ქ-ას მამის მონაცემებად „გ.ბ.-დ-ის“ დამატება ადმინისტრაციულ ორგანოში არ მოუთხოვია და აღნიშნული მოთხოვნა მან მხოლოდ სასამართლოში დააყენა. შესაბამისად, მოსარჩელეს სადავო აქტებით უარი ეთქვა დაბადების საააქტო ჩანაწერში მამის გრაფაში „გ.დ-ის“ დამატებაზე. სააპელაციო სასამართლოს დასკვნით, მოსარჩელემ ვერ დასძლია მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთი, რადგან მისი არგუმენტები სადავო აქტების კანონიერების თაობაზე ადმინისტრაციული ორგანოს მტკიცებაში ეჭვის შეტანის საფუძველს არ ბადებდა, რის გამოც პალატის შეფასებით, არ არსებობდა გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის და ადმინისტრაციული ორგანოსთვის ახალი აქტის გამოცემის დავალების საფუძველი.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 11 მარტის გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა მ.ქ-ამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ არ გაიზიარა მის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, კერძოდ, საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოსთან არსებული იურიდიული კომისიის მმაჩის განყოფილების 1967 წლის 1 დეკემბრის დასკვნა და კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს 23.04.2024წ. გადაწყვეტილება. კასატორი აღნიშნავს, რომ მისი დაბადებისა და ქორწინების სააქტო ჩანაწერებში ცვლილების შეტანაზე უარის თქმის შესახებ სადავო გადაწყვეტილებები დამაბრკოლებელია მისი რეპარაციისა, ასევე ისრაელის და საბერძნეთის მოქალაქეობის მიღების პროცესებისთვის. კასატორი აღნიშნავს, რომ საქმეში დაცული წერილობითი დოკუმენტებით (აფხაზეთის ასსრ პროკურატურის 1970 წლის 8 სექტემბრის წერილი, ტყვარჩელის შს სამმართველოს გაცემული 19.04.1977წ. პასპორტი, 1949წ. N115 ქორწინების აქტის ჩანაწერი) დასტურდება, რომ თ. გ-ის მამის სახელია ნ., რაც სასამართლომ ასევე არ გაითვალისწინა. კასატორი აღნიშნავს, რომ არქივში შენახულია ნ. გ-ის დაბადების აქტის პირველი ეგზემპლარი, ხოლო მეორე ეგზემპლარი, რომელშიც მითითებული იქნებოდა სახელის შეცვლის შესახებ ჩანაწერი, არქივში დაცული არ არის. ზემოაღნიშნული დოკუმენტების შენახვა სსრ სამოქალაქო რეესტრს და მის სამართალმემკვიდრის - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ვალდებულებას წარმოადგენდა. დოკუმენტის არარსებობისას პასუხისმგებლობის ფიზიკურ პირზე გადატანა დაუშვებელია. კასატორი აღნიშნავს, რომ თ. გ-ის ქორწინების ჩანაწერის მეორე გვერდზე მითითებული იყო პასპორტის მონაცემები და საცოლის ეროვნებად მითითებული იყო ბერძენი. თ. გ-ის ბერძნულ წარმომავლობაზე მიუთითებს ასევე სსრ მინისტრთა საბჭოსთან არსებული კომისიის მმაჩის ორგანოების განყოფილების 1.12.1967წ. დასკვნა. კასატორი აღნიშნავს, რომ 1980 წლის 29 სექტემბრის განკარგულებით გაუქმდა თ. გ-ის მონაცემებით რეგისტრირებული N1047 დაბადების აქტის ჩანაწერი. კასატორი გამართლებულად არ მიიჩნევს თ. გ-ის მიმართ არსებული ეროვნების- სომეხის მითითებას იმ პირობებში, როდესაც გაუქმებულია რეგისტრირებული მონაცემები (დაბადების აქტის ჩანაწერი). კასატორი არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას მასზედ, რომ თ. გ-ის არ გამოუხატავს ნება მისი კონკრეტული ერისადმი კუთვნილების შესახებ. კასატორი აღნიშნავს, რომ საქმეში დაცული არაერთი დოკუმენტით დასტურდება, რომ თ. გ-ის ეთნიკური ეროვნება იყო ბერძენი.
კასატორი არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას მასზედ, რომ საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოსთან არსებული იურიდიული კომისიის მმაჩის ორგან...ბის განყოფილების 1967 წლის 1 დეკემბრის დასკვნა სარეკომენდაციო ხასიათისაა. კასატორი აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშნულ ოფიციალურ დოკუმენტში სახელმწიფო ორგანო აფიქსირებს კასატორის ეთნიკურ კუთვნილებას, რაც ასევე თანხვედრაშია კასატორის ქორწინების მოწმობასთან, სადაც მის წარმომავლობად მითითებულია ბერძენი. ზემოაღნიშნულ დასკვნაში იმპერატიულადაა მითითებული, რომ თ.გ-ის დაბადების სააქტო ჩანაწერში უნდა ფიქსირდებოდეს მამის სახელი - ნ. კასატორის მითითებით, უსაფუძვლოა ზემოაღნიშნული დასკვნისთვის სამართლებრივი ძალის მიუნიჭებლობა.
კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 23.04.2024წ. გადაწყვეტილებით დადგინდა პრეიუდიციული მნიშვნელობის ფაქტი მასზედ, რომ ზ.ქ-ა გ.ბ.-დ-ის შვილიშვილია. ზემოაღნიშნული ფაქტის მოცემულ დავაზე გაუვრცელებლობა ეწინაღმდეგება კანონის მოთხოვნებს. კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება წარმოადგენს სავალდებულო სამართლებრივ საფუძველს, რომელიც გათვალისწინებულ უნდა იქნეს სხვა საქმეთა განხილვისას. კასატორი აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშნული სასამართლო გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში, შესაბამისად იგი უნდა აღსრულდეს. სასამართლო გადაწყვეტილებისთვის პრეიდუციული ძალის მინიჭებას მიზანია, ერთდაიგივე გარემოებების ხელახალი დადგენისაგან თავის არიდება და სამართლებრივი სტაბილურობის დაცვა. კასატორი არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას მასზედ, რომ საბჭოთა კავშირის დროს მოქმედი კანონმდებლობა გამორიცხავდა ეროვნების შესახებ ჩანაწერის შემდგომ ცვლილებას. კასატორი აღნიშნავს, რომ აღნიშნული მიდგომა არ ასახავს საბჭოთა სისტემის რეალურ პრაქტიკას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 29 აპრილის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული მ.ქ-ას საკასაციო საჩივარი. 2025 წლის 22 ოქტომბერს, საქმის განმხილველი მოსამართლის საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო პალატაში გადაყვანის გამო, მოცემული საქმე შემთხვევითი განაწილების პრინციპით განაწილდა მოსამართლე - მაია ვაჩაძეზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ.ქ-ას საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს: 1. მოსარჩელის დაბადების N... სააქტო ჩანაწერში (რეგისტრირებული ... ... ...წ. ქ. თბილისის ...ის რაიონის მმაჩის განყოფილების მიერ) არსებული მონაცემების შესწორება, კერძოდ, მამის მონაცემებს დაემატოს გვარი და ეროვნება, მამა - გ.ბ.-დ-ი, ეროვნება - ქართველი, ასევე შესწორდეს დედის მონაცემები და დაფიქსირდეს დედა- თ. ნ.-ს ასული გ-ი, ეროვნება - ბერძენი, ბავშვის გვარი - ბ.-დ-ი; 2. შევიდეს ცვლილება ქორწინების აქტის ჩანაწერში N3066 (რეგისტრირებული ქ. თბილისის ქორწინების სახლის მიერ 01.01.1986წ.) და საცოლის მონაცემებში მ.გ-ის ნაცვლად დაფიქსირდეს მ. ბ.-დ-ი, ეროვნება - ქართველი; 3. ბათილად იქნეს ცნობილი სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 19.06.2023წ. N028223013580 გადაწყვეტილება და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 10.08.2023წ. N01/189697/გ გადაწყვეტილება.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მ.ქ-ამ განცხადებით მიმართა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს და მოითხოვა მისი დაბადების აქტის ჩანაწერში N... (რეგისტრირებული ... ... ... წ. ქ. თბილისის ...ის რაიონის მმაჩის განყოფილების მიერ) მამის მონაცემების - გ.დ-ის, ეროვნება - ქართველის დამატება, ხოლო დედის თ.გ-ის მამის სახელის ნ.-ზე და ეროვნების ბერძენზე შესწორება, ასევე ბავშვის გვარის გ-ის შეცვლა დ-ით. განმცხადებელმა ასევე მოითხოვა მისი ქორწინების სააქტო ჩანაწერში N3066 (რეგისტრირებული ქ. თბილისის ქორწინების სახლის მიერ 01.01.1986წ.) საცოლის მ.გ-ის გვარის დ-ზე, ასევე ეროვნების ქართველზე შესწორება და შესაძლებლობის შემთხვევაში ქორწინების შემდგომი გვარის დ-ზე შესწორება.
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 19.06.2023წ. N028223013580 გადაწყვეტილებით განცხადება არ დაკმაყოფილდა იმ დასაბუთებით, რომ განმცხადებლის მიერ წარდგენილი სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის თარიღი არ ფიქსირდებოდა, სავარაუდოდ იგი იყო ხანდაზმული (გამოცემულია 1952 წელს). შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო მოკლებული იყო შესაძლებლობას მის საფუძველზე განეხორციელებინა შესწორება/ცვლილება/დამატება მ.გ-ის დაბადების სააქტო ჩანაწერში (ბავშვის გვარის შეცვლის და მამის მონაცემების დამატების ნაწილში). ადმინისტრაციულმა ორგანომ მიუთითა "სამოქალაქო აქტების შესახებ" საქართველოს კანონის 76-ე, 82-ე მუხლებზე და უსაფუძვლოდ მიიჩნია მ.ქ-ას განცხადების დაკმაყოფილება. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება მ.ქ-ამ ადმინისტრაციული საჩივრით გაასაჩივრა, რომელიც არ დაკმაყოფილდა.
... ... ... წ. თბილისის რაიონის ...ის მმაჩის განყოფილების მიერ რეგისტრირებულია დაბადების N... აქტის ჩანაწერი, რომლის თანახმად, მ.გ-ი დაიბადა ... ... ...წ, დედა თ. ნ-ის ასული გ-ი, ეროვნება სომეხი, წლოვანება შეუსრულდა 24 წელი, მამის მონაცემების ველში შევსებულია მხოლოდ სახელის გრაფა, მითითებულია გ., ჩანაწერის პირველი ეგზემპლარი მეორის იდენტურია. აღნიშნულ ჩანაწერში დედის და ბავშვის გვარები გ-ი შესწორებულია გ-იზე სამეგრელო-ზემო სვანეთის სრ სამსახურის მიერ 04.05.2023წ. N028323007251 გადაწყვეტილებით. გვარის ცვლილებისას არ შესწორებულა ეროვნება.
საქმეში წარმოდგენილი II-ЛЯ №54398 ქორწინების მოწმობის თანახმად, გაცემული იპეცკის ოლქის ქ. ...ის მმაჩის ბიუროს მიერ 1978 წლის 5 მაისს, გ.დ-ი და თ.ნ-ის ასული გ-ი, დაბადებული ... წლის ... ...ს ...ის რაიონის სოფ. ...ში დაქორწინდნენ 1949 წლის 7 აპრილს. ქორწინება რეგისტრირებულია ...ის მმაჩის ბიუროს მიერ 1949 წლის 12 აპრილს N115 აქტით.
01.11.1986წ. თბილისის ქორწინების სახლის მიერ რეგისტრირებულია ქორწინების N3066 აქტი, რომლის თანახმად დაქორწინდნენ: პ.ქ-ა და მ. გ. ს ასული გ-ი, გვარი ქორწინების შემდეგ ქ-, დაბადებული თბილისში, ... ... ...წ, ეროვნება-სომეხი. ქორწინების შემდეგ მ.გ-მა მიიღო მეუღლის გვარი - ქ-ა და გახდა მ.ქ-ა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო აქტების სახეებს, მათი რეგისტრაციის, სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების, შესწორების, დამატების შეტანის, სამოქალაქო აქტის ხელახალი რეგისტრაციის, დაბადებისა და გარდაცვალების სამოქალაქო აქტების ჩანაწერების ბათილად ცნობის, დაბადებისა და გარდაცვალების რეგისტრაციის, აგრეთვე პირის გარკვეულ დროსა და ვითარებაში დაბადებისა და გარდაცვალების იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტების დადგენის, სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემის ძირითად პირობებს და სამოქალაქო აქტების სფეროში უფლებამოსილ ორგანოებს განსაზღვრავს „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონი. დასახელებული კანონის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, სამოქალაქო აქტი არის ამ კანონით გათვალისწინებული იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი: დაბადება, მამობის დადგენა, შვილად აყვანა, ქორწინება, განქორწინება, სახელის ან/და გვარის შეცვლა, გარდაცვალება; ამავე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, შესწორება სამოქალაქო აქტის ჩანაწერში გულისხმობს სამოქალაქო აქტის ჩანაწერში არსებული არასწორი მონაცემის სწორი მონაცემით შეცვლას. ამავე კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოებია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო, რომელიც თავის უფლებამოსილებებს ახორციელებს ტერიტორიული სამსახურების მეშვეობით. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“ და „ზ“ ქვეპუნქტები კი ადგენს, რომ სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოთა უფლებამოსილებებია: დაბადების, მამობის დადგენის, შვილად აყვანის, ქორწინების, განქორწინების, სახელის ან/და გვარის შეცვლისა და გარდაცვალების რეგისტრაცია; სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების, შესწორების ან/და დამატების შეტანა; სამოქალაქო აქტის ჩანაწერის შენახვა.
ზემოაღნიშნული კანონის მე-9 მუხლის თანახმად, პირის მიმართ რეგისტრირებულ სამოქალაქო აქტების ჩანაწერებში ან სამოქალაქო აქტის ჩანაწერსა და სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობაში მითითებული მონაცემების შეუსაბამობის შემთხვევაში საწინააღმდეგოს დადგენამდე ნამდვილად მიიჩნევა დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერში მითითებული მონაცემები. ამავე კანონის 21.1 მუხლის შესაბამისად დაბადების რეგისტრაციის მიზნებისათვის დაბადების დამადასტურებელი დოკუმენტებია: ა) დაბადების შესახებ სამედიცინო ცნობა; ბ) უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილება პირის გარკვეულ დროსა და ვითარებაში დაბადების იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის შესახებ; გ) სხვა სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ იმავე სახელმწიფოს კანონმდებლობის საფუძველზე გაცემული დაბადების დამადასტურებელი დოკუმენტი. მითითებული კანონის 76.1 მუხლის მიხედვით, სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების, შესწორების ან/და დამატების შეტანის საფუძველია უფლებამოსილი პირის განცხადება და ამ კანონის 78-ე-80-ე მუხლებით გათვალისწინებული შესაბამისი გარემოების არსებობა. მითითებული კანონის 79-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო აქტის ჩანაწერში შესწორების შეტანის საფუძველია ერთ-ერთი შემდეგი გარემოების არსებობა: ა)სამოქალაქო ჩანაწერის რეგისტრაციისას დაშვებული შეცდომის აღმოჩენა, ბ)სასამართლოს გადაწყვეტილება სამოქალაქო აქტის ჩანაწერში მითითებული მონაცემების უზუსტობის დადგენის შესახებ; გ) უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილება იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის შესახებ.
ამდენად, კანონმდებლობა დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე, შესაძლებლად მიიჩნევს სამოქალაქო აქტის ჩანაწერში შესწორების და დამატების შეტანას, იმ შემთხვევაში თუ დადასტურებულია სამოქალაქო აქტის ჩანაწერში რეგისტრაციისას შეცდომის დაშვება ან არსებობს სათანადო წესით დამოწმებული გადაწყვეტილება.
საკასაციო სასამართლო უპირველესად მიზანშეწონილად მიიჩნევს განსახილველ საქმეზე შესაფასებელი ფაქტობრივ-სამართლებრივი საკითხის იდენტიფიცირებას. საგულისხმოა, რომ მოცემული დავა შეეხება მოსარჩელე მ.ქ-ას ნამდვილი გვარის გამორკვევას, რამეთუ მისი დაბადების მოწმობის სააქტო ჩანაწერში მამის გრაფაში მითითებულია მხოლოდ სახელი გ., გვარის გარეშე.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო აქტის ჩანაწერი ადასტურებს, აფიქსირებს იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგომას/არსებობას, შესაბამისად, ჩანაწერში უნდა აისახოს კონკრეტული ფაქტის შესახებ რეალური მონაცემები. სააქტო ჩანაწერის სისწორე გულისხმობს იმის დადგენასა და შეფასებას, რამდენად აისახა მასში რეალური, ფაქტობრივი მდგომარეობა. დაბადების სააქტო ჩანაწერის მონაცემები უნდა დადგინდეს საქმის ყოველმხრივი, პირის მიმართ გაცემული დოკუმენტაციისა და არსებული ინფორმაციის სრულად გამოკვლევის, შესწავლისა და შეფასების შედეგად.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ვინაიდან მ.ქ-ა დაიბადა ... წლის ... ...ს. ამდენად, მოხმობილ უნდა იქნეს მისი დაბადების დროს მოქმედი საკანონმდებლო ნორმებიც.
საქართველოს სოციალისტური საბჭოთა რესპუბლიკის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის 1930 წლის 31 მარტის №6 დადგენილებით დამტკიცებული და სამოქმედოდ შემოღებული საქორწინო, საოჯახო და სამეურვეო კანონთა კოდექსის 34-ე მუხლის თანახმად, ბავშვის დედ-მამა ჩაიწერება დაბადების სარეგისტრაციო დავთარში, 35-ე მუხლის თანახმად, უკუთე ბავშვის მშობლები ჩაწერილები არ არიან, ან უკეთუ ჩანაწერი მათ შესახებ არ არის სწორი ან სრული, დაინტერესებულ პირთ უფლება აქვთ დაამტკიცონ არ უარყონ დედობა ან მამობა სასამართლო წესით. 38-ე მუხლის თანახმად, უკეთუ მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების დავთარში სრულიად არ იქნება ან სწორად არ იქნება ჩაწერილი ბავშვის მშობლები, ან უკეთუ სწორად არ იქნება აღნიშნული ბავშვის დაბადების დრო დაინტერესებულ პირთ და დაწესებულებათ უფლება აქვთ დაამტკიცონ ან იდავონ სასამართლო წესით ბავშვის გაჩენა განსაზღვრული მშობლებისაგან ან იდავონ სასამართლო წესით ბავშვის გაჩენა განსაზღვრული მშობლებისგან ან განსაზღვრული მამისა თუ დედისაგან და აგრეთვე ბავშვის დაბადების დრო. 120-ე მუხლის თანახმად (ცვლილების თარიღი - 1936 წლის 20 ნოემბერი; 1942 წლის 4 მარტი) მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების რეგისტრაციას აწარმოებდნენ ქალაქებსა და რაიონის ცენტრებში მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების ჩამწერი სამოქალაქო და სარაიონო ბიუროები, ხოლო სოფლად და დაბებში - მშრომელთა დეპუტატების სასოფლო და სადაბო საბჭოები.
123-ე მუხლის თანახმად, ჩანაწერის ყოველგვარი შეცვლა მას შემდეგ, რაც გაიგზავნა აქტის მეორე ცალი, მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტის ჩამწერმა ადგილობრივმა ორგანომ დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების რესპუბლიკურ ან საოლქო არქივს და გაუგზავნოს ცვლილება-შეტანილი აქტის ასლი.
125-ე მუხლის თანახმად, მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების რეგისტრაციის დროს სარეგისტრაციო ორგანოების მიერ ჩადენილი შეცდომების შესწორება შეუძლია დაინტერესებული პირის განცხადებით, თვით მოქალაქეობრივი აქტების ჩამწერ ორგანოს, მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების ჩამწერი ზემდგონი ორგანოს განკარგულებით. 126-ე მუხლის თანახმად, იმ შემთხვევაში, როდესაც საჭიროა მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების დავთრის შესწორება, ეს შესწორება, უკეთუ დავა არ იქნება განცხადებული, მოხდება მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების ჩამწერი ზემდგომი ორგანოს ნებართვით.
130-ე მუხლით, ბავშვის დაბადება დარეგისტრირებული უნდა იქნეს არაუგვიანეს ორი თვის ვადაში ბავშვის დაბადებიდან, მშობლების ან ერთი მათგანის განცხადებით. 135-ე მუხლის თანახმად, დაბადების ჩაწერაში უნდა აღინიშნოს დაბადების დრო და ადგილი, ბავშვის სქესი, მიცემული სახელი და გვარი, აგრეთვე მშობლეთა სახელი და გვარი, მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, მოქალაქეობა, წლოვანება, ეროვნება და აგრეთვე ის, თუ ახლადშობილი მერამდენე შვილია ამ მშობლებისა.
ზემოხსენებული საკანონმდებლო ნორმების ანალიზის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოსარჩელის დაბადების დროისთვის არსებული კანონმდებლობის შესაბამისად, დაბადების ჩანაწერში უნდა აღნიშნულიყო კონკრეტული რეკვიზიტები, მათ შორის მშობელთა სახელი და გვარი. იმ შემთხვევაში, როდესაც დაბადების სააქტო ჩანაწერში არსებობდა გარკვეული სახის უზუსტობა, დაინტერესებული მხარის განცხადების საფუძველზე, დავის არარსებობისას, მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების ჩამწერი ორგანოს ნებართვით შესაძლებელი იყო სააქტო ჩანაწერის გასწორება.
საქართველოს სსრ-შიც 1970 წლის 18 ივნისის კანონით დამტკიცდა „საქორწინო და საოჯახო“ კოდექსი, რომლის 50-ე მუხლის თანახმად, შვილის წარმოშობა დაქორწინებული მშობლებისგან დასტურდებოდა ჩანაწერით მშობელთა ქორწინების შესახებ. 52-ე მუხლის თანახმად, დაქორწინებულ დედასა და მამას დაბადების ჩანაწერის წიგნში ბავშვის მშობლებად ჩაწერენ ერთ-ერთი მათგანის განცხადებით. 56-ე მუხლის თანახმად, შვილის გვარი განისაზღვრება მშობლების გვარის მიხედვით, თუ მშობლებს საერთო გვარი არ აქვთ, შვილს მიეკუთვნება დედის ან მამის გვარი მშობლების შეთანხმებით, შეუთანხმებლობის შემთხვევაში - მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოების მითითებით.
166-ე მუხლის თანახმად, მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების ჩანაწერში შესწორების, ცვლილების შეტანისა და ამ აქტების გაცემის წესი გულისხმობს მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების ჩანაწერში შეცდომების შესწორებას და ცვლილების შეტანას, თუ არის ამის საკმაო საფუძველი და არ არსებობს დავა დაინტერესებულ პირთა შორის, აწარმოებენ მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების ჩამწერი ორგანოები. მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების ჩამწერი ორგანოების უარი ჩანაწერში შესწორების ან ცვლილებების შეტანაზე შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში. დაინტერესებულ პირთა შორის დავის შემთხვევაში ჩანაწერში შესწორების ან ცვლილების შეტანა ხდება სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე. მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების პირველადი ჩანაწერების გაუქმება წარმოებს მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების ჩამწერი ორგანოების მიერ სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, გარდა ამ კოდექსის 42-ე მუხლით (ქორწინების აღდგენა გარდაცვლილად გამოცხადებული ან უკვალოდ დაკარგულად აღიარებული მეუღლის გამოჩენის შემთხვევაში) გათვალისწინებული შემთხვევისა, როდესაც ჩანაწერის გაუქმებისათვის სასამართლოს გადაწყვეტილება არ არის საჭირო. 190-ე მუხლის თანახმად, მამობის დადგენის რეგისტრაცია ხდება მშობლების ერთობლივი განცხადების ან სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე. 191-ე მუხლის თანახმად, ცნობები მამის შესახებ, მამობის დადგენის თაობაზე ჩანაწერის საფუძველზე, მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების ჩამწერ ორგანოს შეაქვს დაბადების ჩანაწერში და გასცემს ახალ მოწმობას; 193-ე მუხლის თანახმად, სახელის, მამის სახელისა და გვარის გამოცვლის შემთხვევაში მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების ჩამწერი ორგანო აუქმებს წინათ გაცემულ მოწმობას და შეტანილი ცვლილებების გათვალისწინებით მიწს ნაცვლად გასცემს ახალ მოწმობას.
საკასაციო სასამართლო ზემოხსენებული ნორმების საფუძველზე განმარტავს, რომ კანონმდებლობით შესაბამისი საფუძვლის და დაინტერესებულ პირთა შორის დავის არარსებობისას მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების ჩამწერი ორგანოების მიერ შესაძალებელი იყო მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების ჩანაწერებში შესწორების შეტანა, ხოლო დავის შემთხვევაში სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე.
სადავო საკითხის შეფასებამდე, არსებითია ხაზგასმით აღინიშნოს, რომ დაბადების სააქტო ჩანაწერის წარმოების მიზნებისათვის, ახალშობილის გვარის განსაზღვრა სწორედ ერთ-ერთი მშობლის გვარის საფუძველზე ხდებოდა. განსახილველ შემთხვევაში, მ.ქ-ას N... დაბადების სააქტო ჩანაწერში უფიქსირდება დედის გვარი, კერძოდ, გ-ი.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მ.ქ-ა მართალია ითხოვს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოსთვის უშუალოდ მისი დაბადების აქტის ჩანაწერში როგორც მამის, ასევე საკუთარი გვარის და ეროვნების ცვლილების შეტანის დავალებას, თუმცა მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ აღნიშნული შეუძლებელია განხორციელდეს მამის ვინაობის დადგენის გარეშე, რამდენადაც ხსენებულ საკითხთა გამორკვევა ერთმანეთთან მჭიდრო ბმაშია.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელე დაბადების სააქტო ჩანაწერში მამის გვარის და ეროვნების დამატების სამართლებრივ საფუძვლებად მიუთითებს ქუთაისის პირველი უბნის სასამართლოს 1952 წლის №5/717 გადაწყვეტილებაზე, ...ის ოლქის ქ. ...ის მმაჩის ბიუროს მიერ 1978 წლის 5 მაისს გაცემულ ქორწინების მოწმობაზე II-ЛЯ №54398, იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს 23.04.2024წ. დადგენილებაზე და ...ის ბიუროს 1.12.1967წ. დასკვნაზე.
საკასაციო სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს ყურადღება გაამახვილოს და მიმოიხილოს მოსარჩელის მოთხოვნის საფუძვლად არსებული მტკიცებულებები თანმიმდევრობით.
საქართველოს სსრ 1952 წლის 4 მარტის ქუთაისის პირველი უბნის სასამართლოს N5/717 გადაწყვეტილების თანახმად დადგენილია, რომ მოლოტოვის რაიონის მმაჩის ბიუროს 1951 წლის 13 სექტემბერს რეგისტრირებულ N... დაბადების სააქტო ჩანაწერში შევიდა დამატება და ბავშვის მამად მიეთითა გ. დ-ი, ხოლო დედის მონაცემები გასწორდა და მიეთითა თ.ნ.-ის ასული გ-ი, ეროვნება - ბერძენი. მოცემულ დოკუმენტში არ არის მითითებული ინფორმაცია მისი კანონიერ ძალაში შესვლის შესახებ, ასევე მისი გაცემის თარიღი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის საერთო ვადა შეადგენს ათ წელს. ამავე კოდექსის 142-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით კი, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადასტურებული მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადაა ათი წელი მაშინაც კი, როცა ეს მოთხოვნა უფრო ნაკლებ ხანდაზმულობას ექვემდებარება.
საკონსტიტუციო სასამართლოს არაერთგზის განუმარტავს, რომ სამოქალაქო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადების განსაზღვრა სამოქალაქო სამართლისათვის დამახასიათებელი ინსტრუმენტია. „ზოგადად, ვადებს დიდი მნიშვნელობა აქვს სამართლებრივ ურთიერთობებში წესრიგის შეტანისთვის. დროის ფაქტორი ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებს პირთა შორის ურთიერთობების სამართლებრივ მოწესრიგებაში. გარკვეული დროის დადგომას ან ვადის გასვლას უკავშირდება კონკრეტული იურიდიული შედეგები – სამართლებრივი ურთიერთობების (შესაბამისად პირთა უფლებებისა ან/და მოვალეობების) წარმოშობა, შეცვლა ან შეწყვეტა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 5 ნოემბრის N3/1/531 გადაწყვეტილება საქმეზე „ისრაელის მოქალაქეები - თამაზ ჯანაშვილი, ნანა ჯანაშვილი და ირმა ჯანაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-16).
ზემოაღნიშნულ სამართლებრივ საფუძვლებზე დაყრდნობით, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ერთმანეთისაგან გამიჯვნას საჭიროებს მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა და კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების ხანდაზმულობის ვადა. სამოქალაქო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის დაწესება ემსახურება პირის მოთხოვნის რეალიზაციის გარკვეული დროით შემოსაზღვრას. მისგან განსხვავებით, კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების ხანდაზმულობის ვადით დგინდება დრო, რომლის ფარგლებშიც, პირმა უნდა უზრუნველყოს სამოქალაქო მოთხოვნის რეალიზების საფუძველზე მის სასარგებლოდ მიღებული სასამართლო გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების მოთხოვნის შესაბამისი ორგანოების წინაშე წარდგენა და ამ გზით, ამ გადაწყვეტილებით მისთვის მიკუთვნებული სიკეთის იძულებითი მექანიზმების გამოყენებით დაუფლება.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 6 აპრილის Nას-205-198-2012 განჩინებაზე, რომელშიც უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ „სამოქალაქო კოდექსის 142-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადასტურებული მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადაა ათი წელი მაშინაც კი, როცა ეს მოთხოვნა უფრო ნაკლებ ხანდაზმულობას ექვემდებარება. მოცემული მუხლით გათვალისწინებული ათწლიანი ვადა უკვე აღიარებული, მინიჭებული უფლების რეალიზაციის ვადაა. აღნიშნული ნორმის შესაბამისად, პირს, ვის სასარგებლოდაც მიღებულია გადაწყვეტილება, შეუძლია, მოითხოვოს მისი აღსრულება კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან 10 წლის განმავლობაში, რაც შეიძლება გამოიხატოს სააღსრულებო ფურცლის გაცემის, იძულებით აღსრულების მოთხოვნით და ა.შ. ხანდაზმულობის ვადის გასვლა უფლებამოსილ პირს უკარგავს გადაწყვეტილების აღსრულების მოთხოვნის უფლებას. კანონმდებელმა ამ საკითხის მიმართ დააწესა ხანდაზმულობის სპეციალური ვადა - 10 წელი და, ამ ვადის გასვლის გამო, გადაწყვეტილებას იურიდიული ძალა ეკარგება.“
საქმეში დაცული 1967 წლის 1 დეკემბრის დასკვნის თანახმად, კასპის რაიონის მმაჩის ბიუროს გამგე ე.ლ. მ-მა, 1967 წლის 10 ნოემბერს, განიხილა რა მასალები მოქ. თ.ი ნ.-ის ასულ გ-ის დაბადების სააქტო ჩანაწერში მამის სახელის და მისი არასრულწლოვანი ქალიშვილის დაბადების აქტში მამის მონაცემების დამატების შესახებ, შესაძლებლად მიაჩნია მოქ. თ. ი ნ.-ის ასული გ-ის თხოვნის დაკმაყოფილება მამის სახელის გამოცვლის შესახებ. გამოეცვალოს მამის სახელი „ნ.-ი“ „ნ...“-ზე და ამიერიდან იწერებოდეს თ. ი ნ.-ის ასული გ-ი, რის გამოც შეტანილი იქნეს სათანადო ცვლილებები და მამის სახელ „ნ.-ის“ ნაცვლად ჩაიწეროს „ნ...“ და გაიცეს ახალი დაბადების მოწმობა - თ. ი ნ.-ის ასული გ-ი. ასევე მოლოტოვის რაიონის მმაჩის ბიუროს მიერ 1951 წლის ცამეტ სექტემბრის რეგისტრირებულ სააქტო ჩანაწერში ..., არასრულწლოვანი ქალიშვილის დაბადების აქტში შეტანილი იქნეს სათანადო ცვლილებები დედის და დაემატოს მამის მონაცემები; ჩაიწეროს ბავშვი - მ. ბ.-დ-ი, დედა - თ. ი ნ.-ის ასული გ-ი, ეროვნება - ბერძენი, 24 წლის და მამა - გ. ბ.-დ-ი, ეროვნება - ქართველი, 24 წლის. თ. ნ.-ის ასულ გ-ის და მ. გ. ს ასულ ბ.-დ-ის დაბადების მოწმობა გასცეს ...ის ბიურომ.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მითითებული 1.12.1967წ. დასკვნა იმთავითვე ადგენდა, რომ მისი აღსრულება და დაბადების მოწმობის გაცემა ევალებოდა ...ის ბიუროს. უდავოა, რომ საქართველოს სსრ 1952 წლის 4 მარტის ქუთაისის პირველი უბნის სასამართლოს N5/717 გადაწყვეტილებით და ...ის ბიუროს 1.12.1967წ. დასკვნით დადგენილი შესწორება-დამატებანი თ. გ-ის და მ.ქ-ას დაბადების სააქტო ჩანაწერებში მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების ჩამწერი ორგანოების მიერ არ ასახულა. ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ ზემოაღნიშნული დოკუმენტები მათი ხანდაზმულობიდან გამომდინარე, მოსარჩელეს ვერ წარმოუშობდა მისი დაბადების და ქორწინების სააქტო ჩანაწერებში ცვლილებების შეტანის მოთხოვნის დაკმაყოფილების სათანადო სამართლებრივ საფუძველს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 23.04.2024წ. დადგენილებით დადგინდა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი - პირთა ნათესაური კავშირი, სახელდობრ, გ. ბ.-დ-ისა (დაბადების თარიღი - ... ... ...წ., გარდაცვალების თარიღი - 25.01.1976 წელი, გარდაცვალების ადგილი - უკრაინა, ...ის ოლქი, ...ის რაიონი, სოფელი ..., გარდაცვალების აქტის ჩანაწერი №19) და ზ.ქ-ას (დაბადების თარიღი -... წელი, დაბადების ადგილი - საქართველო, თბილისი, პირადი ნომერი - ..., დაბადების აქტის ჩანაწერი №479) ბაბუაშვილიშვილობის ფაქტი. გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.
კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებების პრეიუდიციულ მნიშვნელობასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო ერთ-ერთ განჩინებაში განმარტავს, რომ „..ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში პრეიუდიციულ ძალას იძენს სამოქალაქო საქმეზე დადგენილი ის ფაქტობრივი გარემოებები, რომელთა დადგენა მხოლოდ სამოქალაქო სამართალწარმოების ფარგლებშია შესაძლებელი ან თანაბრად შეიძლება როგორც სამოქალაქო, ასევე, ადმინისტრაციული დავის განხილვისას. ამდენად, ის გარემოებები, რომლებიც ექსკლუზიურად და იმპერატიულად მხოლოდ ადმინისტრაციული სამართალწარმოების ფარგლებში დადგენასა და დადასტურებას ექვემდებარება, თუმცა, მიუხედავად ამისა, სამოქალაქო სამართალწარმოებისას კონკრეტული დავის განხილვის პროცესში მაინც დადგინდა, ყოველგვარი მოკვლევისა და დადგენის გარეშე ადმინისტრაციული სამართალწარმოების მიზნებისათვის გაზიარებული ვერ იქნება, შესაბამისად, მას ვერც პრეიუდიციული ძალა მიენიჭება: (სუსგ Nბს-865(2კ-23), 21.03.2024წ.)
საკასაციო სასამართლო მიუთითებს "სამოქალაქო აქტების" შესახებ საქართველოს კანონის 31-ე მუხლზე, რომლის თანახმად, მამობის დადგენა არის პირის ბავშვის მამად აღიარების იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი, რომლის რეგისტრაციას სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო ახორციელებს უფლებამოსილი პირის განცხადების ან სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 312-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" და "გ" ქვეპუნქტების თანახმად, სასამართლო უდავო წარმოების წესით განიხილავს პირთა ნათესაური კავშირისა და მამობის დადგენის შესახებ საქმეებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, განსახილველ შემთხვევაში, საქმეზე დადგენილი გარემოებები და წარდგენილი მტკიცებულებები საკმარისი არ არის იმის დასადასტურებლად, რომ მოსარჩელის დაბადების სააქტო ჩანაწერში მამის სახელის- გ.ს მითითება, უთუოდ მოიაზრებს, რომ იგი გ.ბ.-დ-ის შვილია. აღსანიშნავია, რომ თავად მოსარჩელემ ადმინისტრაციული ორგანოსადმი მიმართული განცხადებით მოითხოვა მამის მონაცემებში - გ.დ-ის მითითება, ხოლო სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს მამის მონაცემთა გრაფაში - გ. ბ.-დ-ის დამატება. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ მოცემულ საქმეზე პრეიუდიციულად ვერ გავრცელდება სამოქალაქო საქმეზე დადგენილი გარემოება (ზ.ქ-ს და გ.ბ.-დ-ის ბაბუაშვილიშვილობა), ვინაიდან ადმინისტრაციული სამართალწარმოება, განსხვავებით სამოქალაქო სამართალწარმოებისგან ხასიათდება ინკვიზიციურობის ელემენტებით, რა დროსაც ადმინისტრაციულ საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები ყოველმხრივ და ურთიერთშეპირისპირებით უნდა დადგინდეს სზაკ-ის მე-4 და მე-19 მუხლების გათვალისწინებით. საკასაციო სასამართლო ასევე ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ მოსარჩელემ სათანადო მტკიცებულებებით ვერ დაადასტურა ზემოაღნიშნული მოთხოვნის საფუძვლიანობა, მით უფრო იმ პირობებში, რომ საქმეში არ არის დაცული სასამართლო გადაწყვეტილება, რომლითაც დადგენილია მ.ქ-ას და გ. ბ.-დ-ის მამაშვილობის ფაქტი.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1189-ე მუხლზე, რომლის თანახმად, შვილის წარმოშობა დაქორწინებული მშობლებისგან დასტურდება მეუღლეთა ერთობლივი ან ერთ-ერთი მათგანის განცხადებით, ბავშვის დაბადებისა და მშობელთა ქორწინების დამადასტურებელი დოკუმენტებით.
საკასაციო სასამართლო კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ მოსარჩელის დაბადების დროს მოქმედი და შემდგომი წლების კანონმდებლობა ითვალისწინებდა დაბადების სააქტო ჩანაწერში დაშვებული შეცდომის გამოსწორების საშუალებას. აღნიშნული ხდებოდა მოქალაქეობრივი მდგომარეობის ორგანოში დაქორწინებული მშობლების შემთხვევაში ერთ-ერთი მშობლის განცხადებით, ხოლო დავის შემთხვევში მამობის დადგენა ხდებოდა სასამართლოს გზით. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელის მხრიდან მიერ იქნა წარმოდგენილი რელევანტური მტკიცებულება ან სასამართლო გადაწყვეტილება, რომლითაც დადასტურდებოდა მისი კონკრეტული პირის შვილად ყოფნის ფაქტი. საგულისხმოა, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული მტკიცებულებების საფუძველზე მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების ჩამწერ ორგანოებს რეაგირება გონივრულ ვადებში არ მოუხდენიათ, რაც ასევე მიანიშნებს სასარჩელო მოთხოვნების (დაბადების სააქტო ჩანაწერსა და ქორწინების მოწმობაში საცოლის გვარის შეცვლა) უსაფუძვლობაზე.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელის მოთხოვნას ასევე წარმოადგენდა დედის - თ.გ-ის მონაცემების ცვლილება, კერძოდ მამის სახელის ცვლილება და ნაცვლად ნ.-ისა ნ.-ის მითითება, ასევე ეროვნება - სომეხის ბერძენზე ცვლილება.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქმის მასალების ურთიერთშეჯერებით ცალსახად და არაორაზროვნად არ დგინდება, რომ მოსარჩელის ბაბუის სახელია ნ. და არა ნ.-(ნი.). საქმეში დაცული ცენტრალური არქივის 19.11.2021წ. წერილში აღნიშნულია, რომ ნ.-ი (ნი.) გ-ი დაბადებულია ...წ. არქივის №10/69625, 18.06.2019წ. წერილით დგინდება, რომ ნ.- (ნი.) გ-ისა და მ.თ-ის ქორწინების აქტის №1 ჩანაწერი, რეგისტრირებულია 1924 წლის 2 იანვარს ...ის რაიონის, ...ის სასოფლო საბჭოს მიერ. აღსანიშნავია, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებათა უმრავლესობიდან დგინდება, რომ მოსარჩელის ბაბუის სახელი იყო ნ.-(ნი.) და არა ნ. საყურადღებოა, რომ გარდაცვალების იურიდიული მნიშვნელობის ფაქტის დადგენის შესახებ დაზუსტებულ 2023 წლის 29 დეკემბრის განცხადებაშიც მხარემ ადმინისტრაციულ ორგანოში მოითხოვა ნ.- ნ. გ-ის და არა ნ. გ-ის გარდაცვალების იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენა. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2023 წლის 29 დეკემბრის №00123107021 გადაწყვეტილებით ზ.ქ-ას განცხადება დაკმაყოფილდა; დადგინდა გარდაცვალების იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი მონაცემებით: ნ.-ი ნ. გ-ი, სქესი - მამრობითი, დაბადებული ... წლის ... ...ს ...ში, გარდაიცვალა 1978 წლის 08 აგვისტოს საქართველოში, გაგრაში. ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას მასზედ, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მ.ქ-ას დაბადების აქტის ჩანაწერში №... (რეგისტრირებული ... ... ...წელს თბილისის რაიონის ...ის მმაჩის განყოფილების მიერ) დედის გრაფაში თ.გ-ის მამის სახელის - „ნ.-ი“, მამის სახელით - „ნ...“-თი შესწორება არ გამომდინარეობს არც ერთი რელევანტური მტკიცებულებიდან.
რაც შეეხება, მოსარჩელის და მისი დედის - თ. გ-ის ეროვნების საკითხს, საკასაციო სასამართლო მიუთითებს სსრკ მინისტრთა საბჭოს 28.08.1974წ. N677 დადგენილებით დამტკიცებულ „სსრკ-ში საპასპორტო სისტემის შესახებ წესის“ მე-3 პუნქტზე, რომლის თანახმად, პასპორტში ეროვნების შესახებ ჩანაწერი სრულდებოდა პასპორტის მიმღების სურვილით, დედის ან მამის ეროვნების შესაბამისად. მომავალში ეროვნების შესახებ ჩანაწერი შეცვლას არ ექვემდებარებოდა. მართალია, აღნიშნული სამართლებრივი აქტი დღეის მდგომარეობით ძალადაკარგულია, თუმცა ნათლად მიუთითებს თუ რა სამართლებრივი მოცემულობა არსებობდა იმ საკითხთან მიმართებაში, რისი გადაწყვეტაც სურს მოსარჩელეს სააქტო ჩანაწერებში შესწორებების შეტანის გზით. კერძოდ, აღნიშნული სამართლებრივი რეგულაცია ითვალისწინებდა პასპორტის მიღების დროს პასპორტის მიმღების სურვილით ერთ-ერთი მშობლის ეროვნების მიღების შესაძლებლობას. საქმის მასალების თანახმად, თ.გ-ის სახელზე გაცემულ პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში, კერძოდ ... სსრკ სიმბოლიკან პასპორტში (გაცემული 18.12.1976 წელს) მის ეროვნებად მითითებული იყო - სომეხი, სხვა ეროვნებების (ბერძენი, ებრაელი) მის მიერ არჩევის ფაქტი უტყუარად ვერ დგინდება, ვერც სსგს-ის მიერ მოკვლეული და ვერც მხარის მიერ მიერ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე.
ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ თ.გ-ის მიმართ არსებობდა სხვა მონაცემებიც, კერძოდ, თ. გ-ის მონაცემებით, რეგისტრირებული დაბადების აქტის №1047 ჩანაწერი, სადაც მისი მშობლების მონაცემები ეროვნებასთან დაკავშირებით ფიქსირდებოდა "სომეხი“ და რომლის საფუძველზეც პირმა აირჩია ეროვნება, გაუქმდა 1980 წლის 29 სექტემბრის განკარგულებით, თავად, თ. გ-ს გარდაცვალებამდე, 1985 წლის 10 ოქტომბრამდე, ეროვნების შესწორებაზე არ განუცხადებია და პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს კვლავ ფლობდა გაუქმებული აქტის შესაბამისად. ამდენად, ნათელია, რომ თ.გ-ს სიცოცხლეში ძალაში მყოფი დაბადების №177 ჩანაწერის აქტის შესაბამისად არსებული ჩანაწერის შესწორების შესახებ ნება არ გამოუხატავს და მისი ეროვნების (სომეხის) არასწორად მიჩნევის შემთხვევაშიც უცნობია აღნიშნული მონაცემის თაობაზე რა იქნებოდა მისი პოზიცია. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საქმის მასალებით არ დგინდება უფლებამოსილი ორგანოებისადმი თ.გ-ის მიმართვა მის ოფიციალურ დოკუმენტებში მითითებული ეროვნების ცვლილების თაობაზე, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მოსარჩელის მოთხოვნაც უსაფუძვლოა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მ.ქ-ას ეროვნება მიღებული აქვს დედის ეროვნების მიხედვით, ვინაიდან მოსარჩელის დაბადების მოწმობაში მამის ეროვნება აღნიშნული არცაა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და ასევე იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ თ.გ-ის მიმართ სომეხის გარდა სხვა ეროვნების მიკუთვნება არ დასტურდება, სასარჩელო მოთხოვნა - მოსარჩელის ეროვნებად ქართველის მითითების შესახებ უსაფუძვლოა.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). შესაბამისად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ კასატორმა ვერ წარმოადგინა დასაშვები და დასაბუთებული დამატებითი საკასაციო პრეტენზია, რომელიც გააქარწყლებდა სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად მიჩნეულ ფაქტობრივ გარემოებებს.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, საკასაციო საჩივარზე მ.ქ-ას 14.04.2025წ. N.... საგადახდო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მ.ქ-ას (პ/ნ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი, 210 ლარის ოდენობით შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ.ქ-ას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 11 მარტის გადაწყვეტილება;
3. მ.ქ-ას (პ/ნ....) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 14/04/2025წ. №... საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
ბ. სტურუა