საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100122005821360
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №225აპ-24 ქ. თბილისი
ც. ა. 225აპ-24 16 აგვისტო, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 29 დეკემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ა. ც–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის – ლ. ლ–ს, მსჯავრდებულ ლ. მ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის – მ. ბ–ს, მსჯავრდებულების – ვ. ე–სისა და ვ. მ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის – ს. ბ–ს, მსჯავრდებულ ზ. მ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის – ი. ჯ–ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებებით:
1.1. ა. ც–ს, – დაბადებულს 19.. წელს, – ბრალად ედებოდა ,,ქურდული სამყაროს“ წევრობა, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით;
1.2. ლ. მ–ს, – დაბადებულს 19.. წელს, – ბრალად ედებოდა ,,ქურდული სამყაროს“ წევრობა, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით.
1.3. ვ. ე–ს, – დაბადებულს 1... წელს, – ბრალად ედებოდა ,,ქურდული სამყაროს“ წევრობა, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით;
1.4. დ. კ–ს, – დაბადებულს 19.. წელს, – ბრალად ედებოდა ,,ქურდული სამყაროს“ წევრობა, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით;
1.5. ზ. მ–ს, – დაბადებულს 19..წელს, – ბრალად ედებოდა ,,ქურდული სამყაროს“ წევრობა, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით;
1.6. ვ. მ–ს, – დაბადებულს 19.. წელს, – ბრალად ედებოდა ,,ქურდული სამყაროს“ წევრისათვის/,,კანონიერი ქურდისათვის“ მიმართვა ,,ქურდული გარჩევის“ განხორციელების, თავისთვის და სხვისთვის მატერიალური სარგებლის და მატერიალური უპირატესობის მისაღებად, ნებისმიერ პირზე ან ნებისმიერი პირის მიერ გადაწყვეტილების მიღებაზე გავლენის მოხდენის მიზნით, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 2234-ე მუხლის პირველი ნაწილით;
1.7. ლ. ბ–ს, – დაბადებულს 19.. წელს, – ბრალად ედებოდა ,,ქურდული სამყაროს“ წევრისათვის/,,კანონიერი ქურდისათვის“ მიმართვა ,,ქურდული გარჩევის“ განხორციელების, თავისთვის მატერიალური სარგებლის და მატერიალური უპირატესობის მისაღებად, ნებისმიერ პირზე ან ნებისმიერი პირის მიერ გადაწყვეტილების მიღებაზე გავლენის მოხდენის მიზნით, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 2234-ე მუხლის პირველი ნაწილით;
1.8. გ. ბ–ს, – დაბადებულს 19.. წელს, – ბრალად ედებოდა ,,ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერა, ჩადენილი იმ პირის მიერ, რომლისათვისაც ცნობილია ,,ქურდული სამყაროს“ საქმიანობის შესახებ და რომელიც აქტიური ქმედებით ხელს უწყობს ,,ქურდული სამყაროს“ საქმიანობის განხორციელებას, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 2233-ე მუხლის მე-2 ნაწილით.
2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებებით ა. ც–ს, ლ. მ–ს, ვ. ე–ს, დ. კ–ს, ზ. მ–ს, ვ. მ–ს, ლ. ბ–სა და გ. ბ–ს მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
2.1. ლ. ბ–სა და პ. შ–ს შორის წარმოიშვა ფინანსური დავა. აღნიშნული დავის გადაწყვეტის მიზნით, „ქურდული სამყაროს” წევრებმა ა. ც–მ და ლ. მ–მ, პ. შ–სათვის სარგებლის მიღების, საკუთარი კრიმინალური გავლენის, ძალაუფლების დამკვიდრებისა და გავრცელების მიზნით, გადაწყვიტეს ლ. ბ–სათვის მოეწყოთ „ქურდული გარჩევა”. აღნიშნულის განსახორციელებლად დაუკავშირდნენ ლ. ბ–ს და მოითხოვეს შეხვედრა.
2.2. თავის მხრივ, ლ. ბ–მ „ქურდული გარჩევის" განხორციელებისა და თავისთვის მატერიალური სარგებლისა და უპირატესობის მისაღებად მიმართა „ქურდული სამყაროს” წევრს – ზ. მ–ს და მასთან ერთად შეხვდა „ქურდული სამყაროს" წევრებს – ა. ც–ს და ლ. მ–ს. „ქურდული სამყაროს" წევრებმა მოაწყვეს „ქურდული გარჩევა”, განიხილეს დავა და ელექტრონული კომუნიკაციის მეშვეობით დაუკავშირდნენ „კანონიერ ქურდს“ ლ. ჩ–ს (ც–ს). ამ უკანასკნელმა განიხილა მხარეებს შორის არსებული დავა და ლ. ბ–ს მოთხოვა პ. შ–ს სასარგებლოდ გადაეხადა თანხა – 10000 აშშ დოლარი – მის მიერ დათქმულ ვადაში. ლ. ბ–ე და „ქურდული სამყაროს” წევრები დაეთანხმნენ „კანონიერი ქურდის“ გადაწყვეტილებას და მზაობა გამოხატეს მის აღსასრულებლად.
2.3. ლ. ბ–მ აღასრულა „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის განხორციელების შედეგად მიღებული გადაწყვეტილება და თანხის ნაწილი – 5000 აშშ დოლარი გადასცა „ქურდული სამყაროს” წევრს – ლ. მ–ს.
2.4. ამავდროულად, ვ. მ–მ თავისთვის და სხვისთვის – ლ. ბ–სათვის მატერიალური სარგებლის და მატერიალური უპირატესობის მისაღებად, „ქურდული სამყაროს” საქმიანობის განხორციელების, „ქურდული გარჩევის” მოწყობის მიზნით, მიმართა „კანონიერ ქურდს” – ი. ხ–სს, და „ქურდული სამყაროს" წევრებს – ვ. ე–სეს და დ. კ–ს, რომელთაც მოახსენა ლ. ბ–სთან მოწყობილი „ქურდული გარჩევის“ შესახებ.
2.5. განხორციელებული „ქურდული სამყაროს” საქმიანობის, მოწყობილი „ქურდული გარჩევის” შესახებ იცოდა გ. ბ–მ, რომელმაც თავისი ქმედებებით აქტიურად შეუწყო ხელი „ქურდული სამყაროს” საქმიანობის განხორციელებას, ერთვებოდა სადავო საკითხების განხილვაში, ასევე, მზაობას გამოხატავდა, მონაწილეობა მიეღო „ქურდულ გარჩევებში“ და სადავო საკითხის თაობაზე დაეფიქსირებინა მისთვის ცნობილი ინფორმაცია.
2.6. ვ. მ–ს მიმართვის საფუძველზე, „კანონიერმა ქურდმა“ ი. ხ–მა, მის მიერ მართულ „ქურდული სამყაროს“ წევრებს – ვ. ე–ს და დ. კ–ს – დაავალა, შეხვედროდნენ „ქურდული სამყაროს“ იმ წევრებს, რომლებიც მონაწილეობდნენ ლ. ბ–სთან მოწყობილ „ქურდულ გარჩევაში“.
2.7. 2021 წლის დეკემბერში, „ქურდული სამყაროს“ წევრები – ვ. ე–ე, დ. კ–ე, ზ. მ–ე და ა. ც–ე – შეხვდნენ ერთმანეთს, რა დროსაც „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის განხორციელების მიზნით, მოაწყვეს „ქურდული გარჩევა“, მოისმინეს პოზიციები და გადაწყვიტეს ისევ გაეგრძელებინათ „ქურდული გარჩევა". ამავე პერიოდში, „ქურდული სამყაროს“ წევრები უკავშირდებოდნენ ერთმანეთს, აქტიურად განიხილავდნენ დავას და ახორციელებდნენ „ქურდული სამყაროს“ საქმიანობას.
2.8. 2021 წლის დეკემბერში, ა. ც–ე, ლ. მ–სთან შეთანხმებით, არაერთხელ დაუკავშირდა ლ. ბ–ს და მოსთხოვა დარჩენილი თანხა – 5000 აშშ დოლარი – გადაეხადა 2021 წლის დეკემბრის ბოლო რიცხვებში. ლ. ბ–მ დაიწყო თანხის შეგროვებისათვის შესაბამისი ზომების მიღება. ამასთან, დაუკავშირდა ვ. მ–ს და გ. ბ–ს, რომელთაც აცნობა ა. ც–ს მიერ თანხის მოთხოვნის შესახებ. ვ. მ–მ და გ. ბ–მ განუცხადეს, რომ დარჩენილი თანხის გადახდასთან დაკავშირებით, კვლავ მიმდინარეობდა „ქურდული გარჩევა“.
2.9. აღნიშნულის შემდეგ, „ქურდული სამყაროს“ წევრები დ. კ–ე და ა. ც–ე შეხვდნენ ერთმანეთს, რა დროსაც „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის განხორციელების მიზნით, ა. ც–ე დაუკავშირდა „კანონიერ ქურდს“ ლ. ჩ–ს (ც–ს).
2.10. 2022 წლის 13 და 16 იანვარს, ლ. ბ–სემ „ქურდული სამყაროს“ წევრს ა. ც–ს გადასცა „ქურდული გარჩევის“ შედეგად „დაკისრებული“ თანხა, სულ – 2000 აშშ დოლარი.
2.11. ამავდროულად, „ქურდული სამყაროს“ წევრები სისტემატიურად უკავშირდებოდნენ ერთმანეთს და მზადყოფნას გამოხატავდნენ „ქურდული სამყაროს“ საქმიანობაში შემდგომი მონაწილეობისთვის.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 6 იანვრის განაჩენით:
3.1. ა. ც–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 8 წლით;
3.1.1. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის საფუძველზე, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 4 ოქტომბრის განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრი და ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა სრულად შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 4 ოქტომბრის განაჩენით ა. ც–ს მიმართ თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული ძირითადი სასჯელის მოუხდელი ნაწილი თავისუფლების აღკვეთა 3 წლით და დამატებითი სასჯელი – 3000 ლარი და ა. ც–ს საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 8 წლით;
3.1.2. ა. ც–ს სასჯელის ვადა აეთვალა ფაქტობრივი დაკავების ზუსტი დროიდან – 2022 წლის 11 აპრილიდან;
3.2. ზ. მ–ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 8 წლით;
3.2.1. ზ. მ–სეს სასჯელის ვადა აეთვალა ფაქტობრივი დაკავების ზუსტი დროიდან – 2022 წლის 11 აპრილიდან;
3.3. ლ. მ–ს მიმართ წარდგენილი ბრალდება – ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით, დაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 2233-ე მუხლის მე-2 ნაწილით;
3.3.1. ლ. მ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2233-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 4 წლით;
3.3.2. ლ. მ–ს სასჯელის ვადა აეთვალა ფაქტობრივი დაკავების ზუსტი დროიდან – 2022 წლის 11 აპრილიდან;
3.4. ვ. ე–ს მიმართ წარდგენილი ბრალდება – ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით, დაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 2233-ე მუხლის მე-2 ნაწილით;
3.4.1. ვ. ე–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2233-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 4 წლით;
3.4.2. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე, ვ. ე–ს მიმართ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 9 ივნისის განაჩენით დადგენილი სასჯელი – ჯარიმა 1500 ლარი – სრულად შთანთქა ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა და ვ. ე–ს, საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 4 წლით;
3.4.3. ვ. ე–ს სასჯელის ვადა აეთვალა ფაქტობრივი დაკავების ზუსტი დროიდან – 2022 წლის 11 აპრილიდან;
3.5. ვ. მ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2234-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 4 წლით;
3.5.1. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის საფუძველზე გაუქმდა ვ. მ–ს მიმართ ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 20 ოქტომბრის განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრი და ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა სრულად შთანთქა ვ. მ–ს მიმართ ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 20 ოქტომბრის განაჩენით და 2021 წლის 10 თებერვლის განჩინებით ამნისტიის გამოყენების შესახებ განსაზღვრული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – თავისუფლების აღკვეთა 2 წლით - და ვ. მ–ს, საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 4 წლით;
3.5.2. ვ. მ–ს სასჯელის ვადა აეთვალა ფაქტობრივი დაკავების ზუსტი დროიდან – 2022 წლის 11 აპრილიდან;
3.6. ლ. ბ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2234-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 3 წლით;
3.6.1. ლ. ბ–ე სასჯელის ვადა აეთვალა ფაქტობრივი დაკავების ზუსტი დროიდან – 2022 წლის 11 აპრილიდან;
3.7. გ. ბ–ე საქართველოს სსკ-ის 2233-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა;
3.7.1. გ. ბ–ს დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან;
3.8. დ. კ–ე საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა;
3.8.1. დ. კ–ე დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან;
3.9. საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლის თანახმად, გამართლებულებს: გ. ბ–ს და დ. კ–ს – განემარტათ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.
4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს დაცვისა და ბრალდების მხარეებმა, კერძოდ:
4.1. საქართველოს გენერალური პროკურატურის შსს გენერალურ ინსპექციასა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსმა პროკურორმა ვაჟა თოდუამ მოითხოვა განაჩენში ცვლილების შეტანა მხოლოდ – დ. კ–ს, გ. ბ–ის, ვ. ე–ის და ლ. მ–ის ნაწილში. კერძოდ, მოითხოვა: დ. კ–ის, ლ. მ–ის და ვ. ე–ის – საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით, ხოლო გ. ბ–ის – საქართველოს სსკ-ის 2233-ე მუხლის მე-2 ნაწილით მსჯავრდება;
4.2. მსჯავრდებულ ა. ც–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ლ. ლ–მ, მსჯავრდებულ ლ. ბ–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა გ. ჩ–მა, მსჯავრდებულ ლ. მ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მ. ბ–სემ, მსჯავრდებულების: ვ. ე–ს და ვ. მ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ს. ბ–მა, მსჯავრდებულ ზ. მ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ი. ჯ–სმა მოითხოვეს, შესაბამისად – ა. ც–ს, ლ. ბ–ს, ლ. მ–ს, ვ. ე–ს, ვ. მ–სა და ზ. მ–ს მიმართ – გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
4.3. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარადგინა მსჯავრდებულ გ. ბ–სის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ლ. ა–მა და მოითხოვა მისი დაცვის ქვეშ მყოფის – გ. ბ–ს – მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 6 იანვრის განაჩენის უცვლელად დატოვებაა.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 29 დეკემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 6 იანვრის განაჩენში ცვლილება შევიდა მსჯავრდებულ ვ. ე–ს მიმართ, ხოლო მსჯავრდებულების: ა. ც–ს, ზ. მ–ს, ლ. მ–სის, ვ. მ–ს, ლ. ბ–ს, გ. ბ–ს და დ. კ–ს მიმართ დარჩა უცვლელად;
5.1. ვ. ე–ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 2233-ე მუხლის მე-2 ნაწილიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 2233-ე მუხლის პირველ ნაწილზე;
5.2. ვ. ე–ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2233-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 2 წლითა და 6 თვით;
5.3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე ვ. ე–ს მიმართ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 9 ივნისის განაჩენით დადგენილი სასჯელი – ჯარიმა 1500 ლარი – სრულად შთანთქა ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა და ვ. ე–ს, საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 2 წლითა 6 თვით;
5.4. ვ. ე–ს სასჯელის ვადა აეთვალა ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან – 2022 წლის 11 აპრილიდან.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულ ა. ც–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა – ლ. ლ–მ, მსჯავრდებულ ლ. მ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა – მ. ბ–მ, მსჯავრდებულების – ვ. ე–სა და ვ. მ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა – ს. ბ–მა, მსჯავრდებულ ზ. მ–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა – ი. ჯ–მა, რომლებიც ითხოვენ, შესაბამისად, მათი დაცვის ქვეშ მყოფი პირის/პირების უდანაშაულოდ ცნობას.
6.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 13 თებერვლის განჩინებით დაკმაყოფილდა მსჯავრდებულების: ვ. ე–ს და ვ. მ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის – ს. ბ–ს შუამდგომლობა – თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 29 დეკემბრის განაჩენის საკასაციო წესით გასაჩივრების გაცდენილი ვადის აღდგენის თაობაზე და აღდგენილი იქნა გასაჩივრების ვადა.
7. საქართველოს უზენაეს სასამართლოში 2024 წლის 9 აგვისტოს შემოვიდა სპეციალური პენიტენციური სამსახურის N.. ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორის – დ. ჩ-ს წერილი, რომლის თანახმად, 2024 წლის 5 აგვისტოს სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მე-.. ადგილობრივი საბჭოს N........გადაწყვეტილების საფუძველზე, პირობით ვადამდე გათავისუფლდა ვ. ე–ე.
8. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსსკ-ის) 273-ე მუხლს; ასევე – ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001); იმ გარემოებას, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, §31, ECtHR,11/11/2011) და ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ. Gorou v. Greece (No.2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).
9. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გაასაჩივრეს მხოლოდ მსჯავრდებულების: ა. ც–ს, ლ. მ–ს, ზ. მ–ს, ვ. ე–სა და ვ. მ–ს ადვოკატებმა და მოითხოვეს მათი გამართლება;
9.1. ბრალდებისა და დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის არ არსებობის პირობებში დავის საგანს არ წარმოდგენს ლ. ბ–ს მსჯავრდება და გ. ბ–სა და დ. კ–ს უდანაშაულოდ ცნობა. შესაბამისად, აღნიშნული არ წარმოადგენს საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანს.
9.2. მოცემულ შემთხვევაში, დავის საგანია, ჩაიდინეს თუ არა ა. ც–მ, ლ. მ–მ, ზ. მ–მ, ვ. ე–მ და ვ. მ–მ მსჯავრადშერაცხილი დანაშაულები.
10. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მტკიცებას ა. ც–ს, ლ. მ–ს, ზ. მ–ს, ვ. ე–სა და ვ. მ–ს უდანაშაულობისა და იმის შესახებ, რომ სისხლის სამართლის (შემდეგში – სს) საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება მათ მიერ მსჯავრადშერაცხილი დანაშაულების ჩადენა და ითვალისწინებს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით (მათ შორის – მოწმე პ. შ–ს ჩვენებით, მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული ჩანაწერებით, ფონოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნებით (ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარმოდგენილ აუდიოგრამებსა და ვიდეოგრამებზე არსებულ აუდიო ნაწილს მონტაჟის ნიშნები არ აღენიშნება; ფარულ ჩანაწერებში მოსაუბრე მამაკაცების ხმა იდენტურია, შესაბამისად, ლ. მ–ს, ა. ც–ს, ზ. მ–ს, ვ. ე–სა და ვ. მ–ს ხმის) და საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებებით) გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ მსჯავრდებულებმა ზ. მ–მ და ა. ც–მ ჩაიდინეს საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით (,,ქურდული სამყაროს“ წევრობა); ვ. მ–მ – საქართველოს სსკ-ის 2234-ე მუხლის პირველი ნაწილით (,,ქურდული სამყაროს“ წევრისათვის/,,კანონიერი ქურდისათვის“ მიმართვა ,,ქურდული გარჩევის“ განხორციელების, თავისთვის და სხვისთვის მატერიალური სარგებლის და მატერიალური უპირატესობის მისაღებად, ნებისმიერ პირზე ან ნებისმიერი პირის მიერ გადაწყვეტილების მიღებაზე გავლენის მოხდენის მიზნით); ლ. მ–მ – საქართველოს სსკ-ის 2233-ე მუხლის მე-2 ნაწილით (,,ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერა, ჩადენილი იმ პირის მიერ, რომლისათვისაც ცნობილია ,,ქურდული სამყაროს“ საქმიანობის შესახებ და რომელიც აქტიური ქმედებით ხელს უწყობს ,,ქურდული სამყაროს“ საქმიანობის განხორციელებას), ხოლო ვ. ე–მ – საქართველოს სსკ-ის 2233-ე მუხლის პირველი ნაწილით („ქურდული სამყაროს“ ან „ქურდული სამყაროს“ წევრის/„კანონიერი ქურდის“ ზეპირად, წერილობით ან გამოხატვის სხვა საშუალებით საჯაროდ მხარდაჭერა, თუ ეს ქმნის „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის განხორციელების აშკარა, პირდაპირ და არსებით საფრთხეს) გათვალისწინებული დანაშაულები.
11. საკასაციო სასამართლო დაცვის მხარის მტკიცებასთან დაკავშირებით, რომ: ფარული საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა არაკანონიერად; გამომძიებელ გ. შ–ს არ ჰქონდა უფლებამოსილება, მოეპოვებინა ფარული სატელეფონო საუბრები, – ითვალისწინებს:
11.1. სს საქმეში წარმოდგენილია უფროსი დეტექტივის – გ. შ–ს მიერ შედგენილი არაერთი პატაკი, რომელთა თანახმად, იგი შსს ცკპდ ორგანიზებული დანაშაულთან ბრძოლის მთავარ სამმართველოს, დამნაშავეთა სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს უფროსს აწვდის კონკრეტულ ინფორმაციას, რომელიც გამოვლინდა, მათ შორის, მოსამართლის განჩინებების საფუძველზე ჩატარებული სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადებისა და ჩაწერის შედეგად (მაგ.: ტ. N1; ს.ფ. 30-31, 51, 66, 78-79, 184);
11.2. სს საქმეში ასევე წარმოდგენილია პროკურორის შესაბამისი შუამდგომლობები და სასამართლოს განჩინებები ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩასატარებლად ნებართვის გაცემის თაობაზე (მაგ.: ტ. N1; ს.ფ. 43-45; 60-62; 71-73; 92-94; 192-194);
11.2.1. აღნიშნული განჩინებების თანახმად: ,,ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მასალა გაეცნოს და გადაეცეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს“.
11.3. იმავდროულად, საქმეში წარმოდგენილია საქართველოს შსს ცკპდ ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსის – დ. კ–ს მიმართვები სსიპ საქართველოს .........ის – კ. კ–ს – სახელზე, რომელთა თანახმად, სს საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით, შესასრულებლად გაეგზავნათ განჩინებები ფარული საგამოძიებო მოქმედებების – ,,სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადება და ჩაწერის“, ასევე ,,ფარული ვიდეოჩაწერა ან/და აუდიოჩაწერა, ფოტოგადაღების“ განხორციელების შესახებ. ამასთან, მიმართვის თანახმად, მოპოვებულ ინფორმაციას უნდა გაეცნონ და მასალები გადაეცეთ შსს ცკპდ ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს, დამნაშავეთა სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს უფროს დეტექტივებს, მათ შორის: გ. შ–ს (მაგ.: ტ. N1; ს.ფ. 14; 26; 46; 74; 95; 117).
11.4. საკასაციო სასამართლო, ასევე ითვალისწინებს საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის 32-ე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტს.
11.5. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მტკიცებას, რომ გ. შ. არ იყო უფლებამოსილი, მიეღო და გასცნობოდა ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებულ ინფორმაციას.
12. საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულ ზ. მ–სს ინტერესების დამცველი ადვოკატის – ი. ჯ–ის მტკიცებას, რომ ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩასატარებლად კანონმდებელმა უფრო მაღალი სტანდარტი დააწესა ვიდრე სხვა საგამოძიებო მოქმედების ჩასატარებლად. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სსსკ-ი (რომელიც ადგენს ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ძირითად კრიტერიუმებს და წესს), ადგენს ერთნაირ მტკიცებით სტანდარტს ნებისმიერი საგამოძიებო მოქმედების, მათ შორის, ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისათვის და ასეთად მიიჩნევს დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტს (იხ. საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-11 ნაწილი).
13. სასამართლო ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულ ზ. მ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის (ი. ჯ–ი) პრეტენზიას, რომ ვინაიდან ბრალდების მხარემ დასაკითხ პირთა სიაში არ შეიყვანა და არ დაკითხა საგამოძიებო მოქმედებების ჩამტარებელი და ოქმის შემდგენი პირები, - დაცვის მხარეს არ მიეცა აღნიშნულ პირთა დაკითხვის შესაძლებლობა.
13.1. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ დაცვის მხარეს საქართველოს სსსკ-ით დადგენილ ვადაში გაეცვალა ბრალდების მხარის მტკიცებულებები, შესაბამისად, მისთვის ცნობილი იყო საკასაციო საჩივარში სადავოდ გამხდარი საგამოძიებო მოქმედებების ჩამტარებელ პირთა ვინაობა და შეეძლო საქართველოს სსსკ-ის დადგენილი წესით თავად მოეთხოვა აღნიშნულ პირთა არსებით სასამართლო სხდომაზე დაკითხვა დასაკითხ პირთა სიაში მათი შეყვანის გზით (დაცვის მხარეს ჰქონდა სათანადო დრო და შესაძლებლობა თავის მტკიცებულებათა ნუსხაში შეეყვანა მისთვის სასურველი პირები).
13.1. საკასაციო სასამართლო კვლავაც განმარტავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 83-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, წინასასამართლო სხდომის გამართვამდე არა უგვიანეს 5 დღისა მხარეებმა ერთმანეთს და სასამართლოს უნდა მიაწოდონ იმ მომენტისათვის მათ ხელთ არსებული სრული ინფორმაცია, რომლის მტკიცებულებად სასამართლოში წარდგენასაც აპირებენ. სასამართლო ითვალისწინებს საქართველოს სსსკ-ის 219 და 220-ე მუხლებსაც ( ასევე - საქართველოს სსსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილს).
13.2. სასამართლო ითვალისწინებს, რომ შეჯიბრებით სამართალწარმოებაში მხარეები წყვეტენ რა მტკიცებულებებს და არგუმენტებს წარუდგენენ სასამართლოს და რა საკითხებზე იდავებენ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილება N3/1/608,609 საქართველოს უზენაესი სასამართლოს კონსტიტუციურ წარდგინებაზე, II-15). სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ მხარის უფლებაა წარდგენილი მტკიცებულებებიდან თავად განსაზღვროს, რომელი მტკიცებულებების გამოკვლევა სურს არსებითი განხილვის სხდომაზე. ამასთან, „წინასასამართლო სხდომაზე მხარემ მკაფიოდ უნდა მიუთითოს საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე დასაბარებელ პირთა და გამოსაკვლევ მტკიცებულებათა - მათ შორის ... პირის მოწმის სახით დაკითხვის შესახებ“(იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020წლის 28 ივლისის განჩინება საქმეზე N 158აპ-20). მოცემულ შემთხვევაში კასატორი არ უთითებს (საქმის მასალებითაც არ დასტურდება), რომ მისგან დამოუკიდებლად არსებული ობიექტური დაბრკოლების გამო, ვერ შეძლო მისთვის სასურველი პირების დასაკითხ პირთა სიაში შეყვანა და არსებით სასამართლო სხდომაზე მათი დაკითხვის მოთხოვნა, მით უფრო რომ მისთვის თავიდანვე იყო ცნობილი კონკრეტულ მოწმეთა მიერ იმ ინფორმაციის ფლობა, რომელთან დაკავშირებითაც საკასაციო საჩივარში უთითებს მათი დაკითხვის საჭიროებაზე.
13.3. სასამართლო ითვალისწინებს, რომ სს საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ დაცვის მხარეს ( მისგან დამოუკიდებელი მიზეზით) არ მიეცა აღნიშნული შესაძლებლობა. შესაბამისად, სასამართლო მოკლებულია დაცვის მხარის ზემოთ მითითებული პოზიციის გაზიარების შესაძლებლობას.
14. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულების – ვ. ე–სა და ვ. მ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის – ს. ბ–სის პოზიციას, რომ: ვ. ე–ს არ ჩაუდენია საქართველოს სსკ-ის 2233-ე მუხლის პირველ ნაწილით გათვალისწინებული ქმედება; საქართველოს სსკ-ში აღნიშნული მუხლის არსებობა ეწინააღმდეგება თავად კანონის მიზნებს და იმთავითვე მკვდარი მუხლია, ვინაიდან ყველას აქვს უფლება, გამოხატოს მისი აზრი რიგ საკითხებზე, ამასთან, საუბარი მიმდინარეობდა ვიწრო გარემოში.
14.1. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო სამართლით აღიარებული გამოხატვის თავისუფლება არ არის აბსოლუტური უფლება. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, ამ უფლებათა შეზღუდვა დასაშვებია კანონის შესაბამისად, მათ შორის, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან/და სხვათა უფლებების დასაცავად, ხოლო ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-10 მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, გამოხატვის თავისუფლება შეიძლება დაექვემდებაროს კანონით დადგენილ ისეთ წესებს, პირობებს, შეზღუდვებს ან სანქციებს, რომლებიც აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში, მათ შორის, საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებისათვის, საზოგადოებრივი უწესრიგობის თუ დანაშაულის აღსაკვეთად.
14.2. „ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, „ქურდული სამყაროს“ წევრად მიიჩნევა პირი, რომელიც აღიარებს „ქურდულ სამყაროს“ და აქტიურად მონაწილეობს მის საქმიანობაში, აგრეთვე პირი, რომელიც აღიარებს „ქურდულ სამყაროს“, კავშირი აქვს მასთან და სახეზეა აშკარად გამოხატული ნიშნების ერთობლიობა, რომ პირი თავისი ქმედებით გამოხატავს მზადყოფნას „ქურდული სამყაროს“ საქმიანობაში მონაწილეობისთვის. საქართველოს სსკ-ის 2233-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული კი გულისხმობს „ქურდული სამყაროს“ ან „ქურდული სამყაროს“ წევრის/„კანონიერი ქურდის“ ზეპირად, წერილობით ან გამოხატვის სხვა საშუალებით საჯაროდ მხარდაჭერას, თუ ეს ქმნის „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის განხორციელების აშკარა, პირდაპირ და არსებით საფრთხეს.
14.3. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას, რომ „ქურდული სამყაროს“ საჯარო მხარდაჭერა a priori არ გულისხმობს საზოგადოების ფართო წრის წინაშე (მიტინგზე ან/და ტელევიზიის მეშვეობით) გამოხატულ მხარდაჭერას და ასეთად უნდა ჩაითვალოს საზოგადოების თუნდაც მცირე წრეში გაკეთებული აღნიშნული საქმიანობის მხარდაჭერი განცხადებები ან/და აშკარა პროპაგანდა. მოცემულ შემთხვევაში, ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მასალებით დგინდება, რომ, მათ შორის, ვ. ე–მ, სხვადასხვა პირებთან საუბრებში საჯაროდ გამოხატა „ქურდული სამყაროს“ და „ქურდული სამყაროს“ წევრის/„კანონიერი ქურდების“ მიმართ მხარდაჭერა.
15. დაცვის მხარის პოზიციასთან დაკავშირებით, რომ სასამართლომ უტყუარად მიიჩნია ფონოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნები, მიუხედავად იმისა, რომ შესადარებელი ნიმუშები არ იყო კანონიერად მოპოვებული (ნიმუშის აღება და მოპოვება მოხდა არა უშუალოდ ა. ც–საგან, არამედ – სასამართლო განჩინების საფუძველზე საქართველოს შსს სსიპ ,,საზოგადოებრივი უსაფრთხოების ცენტრ 112-დან”, კერძოდ, გამოთხოვილი იქნა ა. ც–ის დაჯარიმების ფაქტთან დაკავშირებით 2022 წლის 7 თებერვლის დაახლოებით 15:20 საათიდან 16:10 საათამდე დროის მონაკვეთში საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ი–ს მთავარი სამმართველოს პატრულ-ინსპექტორ ი. მ–ს სამხრე N......(სერიული N ..........) ვიდეოკამერით განხორციელებული აუდიო-ვიდეოჩანაწერი (ტ. 3; ს.ფ. 214-216)), საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ:
15.1. დაცვის მხარე სადვოდ ხდის ფონოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნას და შესაბამისი კვლევის შედეგის სარწმუნოობას, ექსპერტიზაზე შესადარებელად გამოყენებული ობიექტის (ნიმუშის) მოპოვების კანონიერებაზე მითითებით, თუმცა მისი მსჯელობა სრულად მიემართება საქართველოს სსსკ-ის 147-ე მუხლით რეგულირებულ ნიმუშის აღების წესს; იმავდროულად, დაცვის მხარე არ უთითებს რაიმე ნორმას, რომელიც კრძალავს საექსპერტო კვლევის მიზნებისთვის სახელმწიფო დაწესებულებიდან გამოთხოვილი მასალის/საგანის/დოკუმენტის/ნიმუშის ან სხვა ობიექტის შესადარებელ ნიმუშად გამოყენებას;
15.2. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 147-ე მუხლი, მართალია, ადგენს ნიმუშის აღების წესს, თუმცა, იმავდროულად, საქართველოს სსსკ-ი არ უთითებს რაიმე დანაწესს, რომლის თანახმად, ექსპერტიზა აუცილებლად/მხოლოდ საქართველოს სსსკ-ის 147-ე მუხლით დადგენილი წესით მოპოვებული შესადარებელი ნიმუშით უნდა იქნეს ჩატარებული. საქართველოს სსსკ-ი არ ავალდებულებს მხარეს, რომ ექსპერტიზის ჩატარების მიზნებისთვის, შესადარებელი ხმის ნიმუში აუცილებლად უშუალოდ კონკრეტული პირისაგან მოიპოვოს – აიღოს; მოცემულ შემთხვევაში, შესადარებელ ნიმუშს წარმოადგენდა ადმინისტრაციული სამართალწარმოების ფარგლებში საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე განხორციელებული ოფიციალური ჩანაწერი, რომელიც მოპოვებული იყო საქართველოს სსსკ-ის 136-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით, სახელმწიფო დაწესებულებიდან;
15.3. იმავდროულად, საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-9 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე ხორციელდება მხარეთა შეჯიბრებითობისა და თანასწორობის საფუძველზე და დაცვის მხარეს ენიჭება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით, როგორც წარმოდგენილი მტკიცებულების გამოკვლევის, ასევე მტკიცებულების დამოუკიდებლად ან სასამართლოს მეშვეობით მოპოვების, წარმოდგენის და შუამდგომლობის დაყენების უფლება (იხ. უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 8 იანვრის N951აპ-20 განჩინება; 2021 წლის 4 იანვრის N925აპ-20 განჩინება; 2020 წლის 17 ივლისის N30აპ-20 განჩინება; 2021 წლის 9 ივლისის განაჩენი N669აპ-20, II-56). სასამართლო ითვალისწინებს, რომ დაცვის მხარე არ უთითებს, რომ სახელმწიფო დაწესებულებიდან გამოთხოვილი და ექსპერტიზის კვლევისას შესადარებელ ნიმუშად გამოყენებული ა. ც–ს დაჯარიმების ფაქტთან დაკავშირებით განხორციელებული აუდიო-ვიდეოჩანაწერი დაცვის მხარის მიერ გასაჩივრებული იქნა (ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე მიმდინარე სამართალწარმოების ან/და მიმდინარე სს საქმის წარმოების ფარგლებში), მათ შორის, მასზე დაფიქსირებული ხმის ა. ც–ს კუთვნილების საეჭვოდ მიჩნევის კუთხით; ასევე არ არის წარმოდგენილი ალტერნატიული ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც სს საქმეში წარმოდგენილი ფონოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნის შედეგების საეჭვოდ მიჩნევის ან/და არგაზიარების საფუძველი გახდებოდა. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დგინდება, რომ დაცვის მხარეს შეეზღუდა დაცვის მხარისათვის მნიშვნელოვანი მტკიცებულების მოპოვების ან საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გამოკვლევის შესაძლებლობა.
16. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ით გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის განსაზღვრული გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი გულისხმობს მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში, რაც არ გულისხმობს მტკიცებულებათა მხოლოდ რაოდენობრივ მახასიათებელს (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 27 ოქტომბრის განჩინება საქმეზე N 400აპ-21).
16.1. სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ მოქმედი კანონმდებლობა არ განსაზღვრავს, რომელი სახის და რა რაოდენობის მტკიცებულებების არსებობის შემთხვევაში დაიშვება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა, მითუფრო არ ადგენს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ პირდაპირი ხასიათის გამამტყუნებელ მტკიცებულებებს (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022წლის 21 ივლისის N594აპ-22 განჩინება). სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც მტკიცებულება მყარია და მის სანდოობასთან მიმართებით არ არსებობს რისკები, დამატებითი მტკიცებულების საჭიროება, შესაბამისად, მცირეა” (Tortladze v. Georgia, no. 42371/08, §69, ECtHR, 18/06/2021; იხ. ასევე Lisica v. Croatia, no. 20100/06, §49, ECtHR, 25/02/2010; Gäfgen v. Germany [GC], no. 22978/05, §162-165, ECtHR 2010; Prade v. Germany, no. 7215/10, § 33-34, ECtHR, 3/03/2016; Kobiashvili v. Georgia, no. 36416/06, §§56-58, ECtHR, 14/09/2019).
16.2. შესაბამისად, საკითხი იმის შესახებ, თუ რა სახის და რა რაოდენობის მამხილებელი მტკიცებულების ერთობლიობაა საკმარისი გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად, წყდება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით, რის გამოც სასამართლო ვერც ამ ნაწილში დაეთანხმება კასატორის მოსაზრებას.
17. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 7 ნოემბრის სასამართლო სხდომის თანახმად, მხარეებმა უდავოდ ცნეს ნივთიერი მტკიცებულებები – აუდიო ჩანაწერები (ტ. N14; ს.ფ. 232-235).
18. სასამართლო ვერ დაეთანხმება კასატორის მსჯელობას უდავოდ ცნობილი აუდიოჩანაწერების სამართლებრივ სტატუსთან დაკავშირებით და კვლავაც განმარტავს, რომ მართალია მტკიცებულების უდავოდ ცნობა არ ათავისუფლებს სასამართლოს უდავოდ ცნობილი მტკიცებულებების საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად შეფასების ვალდებულებისგან, თუმცა უდავოობა არ მოიაზრებს „კონკრეტული ინფორმაციის მხოლოდ იმ ფორმით არსებობას“, როგორც ამას ამტკიცებს კასატორი. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 220-ე მუხლის თანახმად, ხდება კონკრეტული მტკიცებულების უდავოდ ცნობა, ხოლო საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის 23-ე ნაწილის თანახმად, კი მტკიცებულება არის ამავე ნაწილით განსაზღვრული წესით და მიზნით სასამართლოში წარდგენილი ინფორმაცია, ამ ინფორმაციის შემცველი ობიექტი, რომლის საფუძველზეც მხარეები, მათ შორის, ადასტურებენ ან უარყოფენ ფაქტებს, სამართლებრივად აფასებენ მათ, იცავენ თავიანთ უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს, ხოლო სასამართლო ადგენს, ამავე ნაწილით განსაზღვრულ გარემოებებს.
19. რაც შეეხება მსჯავრდებულებისათვის შეფარდებულ სასჯელს, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულებს განუსაზღვრა სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებს, სასჯელის მიზნებს (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია) და შესაბამისი მუხლებით გათვალისწინებული სანქციების ფარგლებშია. მით უფრო, რომ დაცვის მხარეს სასამართლოსათვის არ წარუდგენია რაიმე ახალი მტკიცებულება, რომლის საფუძველზეც, შესაძლებელი იქნებოდა მსჯავრდებულებისათვის სასჯელის შემსუბუქება.
20. სასამართლო ითვალისწინებს, რომ იმის განსაზღვრისას, საჭიროებდნენ თუ არა მომჩივნების პრეტენზიები აშკარა პასუხს, სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს თუ რამდენად დასაბუთებული იყო ისინი იმისათვის, რომ ეჭვქვეშ დაეყენებინათ სასამართლოს დასკვნები და საქმის მასალებში არსებული მტკიცებულებები (იხ. Lobzhanidze and Peradze v. Georgia, no 21447/11 , no35839/11, par. 69, ECtHR, 27/02/2020).
21. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
22. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლი ამომწურავად ადგენს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლებს. მოცემულ შემთხვევაში, საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
23. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რის გამოც, მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
24. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრების დასაშვებობის რომელიმე საფუძვლის არსებობა, საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
25. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ა. ც–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის – ლ. ლ–ს, მსჯავრდებულ ლ. მ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის – მ. ბ–ს, მსჯავრდებულების – ვ. ე–სა და ვ. მ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის – ს. ბ–ს, მსჯავრდებულ ზ. მ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის – ი. ჯ–ს საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 29 დეკემბრის განაჩენზე.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. გაბინაშვილი