ბრძანება N 3487
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 3487
24.02.2023
ი/მ "----------" (ს/ნ ----------)
(მის.: ---------- )
2023 წლის 12 იანვრის და 3 თებერვლის საჩივრების
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 13 თებერვლის სხდომაზე (ოქმი №13) განიხილა ი/მ "----------" (ს/ნ ----------) №77981/1/2023 და №78836/1/2023 საჩივრები შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 22 დეკემბრის №040-22 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
1.გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრულ ფასნამატს და დაანგარიშებულ დასაბეგრ შემოსავალს. აცხადებს, რომ მისი მარჟა 10 პროცენტია. ასევე, ითხოვს ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯების (ავტოსატრანსპორტო საშუალების გაფორმების, გადაფორმების, ტრანსპორტირების, ტექნიკური შემოწმების და სხვა) გათვალისწინებას. ასევე, მიუთითებს საგადასახადო შემოწმების აქტში არსებულ შეცდომებზე და მიიჩნევს, რომ საშემოსავლო გადასახადი არასწორად არის გაანგარიშებული.
2. გადამხდელი ითხოვს სანქციების გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 28 ივლისის №20224 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა ი/მ "----------" (ს/ნ ----------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის 5 ივნისიდან 2022 წლის 1 ივლისამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 7 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2022 წლის 22 დეკემბრის №32475 ბრძანება და ამავე თარიღის №040-22 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 8 763 ლარი, მათ შორის, გადასახადი 4 876 ლარი, ჯარიმა 2 938 ლარი, საურავი 949 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საჩივრებში დასმულ სადავო საკითხებთან დაკავშირებით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:
შემოწმების მიერ შესწავლილი იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ბაზებში არსებული ინფორმაცია "----------" (ს/ნ ----------) შესახებ. საგადასახადო შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ფიზიკური პირის საქმიანობის სფეროა ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ვაჭრობა. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ტენდერის საშუალებით რეალიზებული აქვს ავტოსატრანსპორტო საშუალებები 2021 წელს, რაც დასტურდება მიღება-ჩაბარების აქტებით. ი/მ "----------" (ს/ნ ----------) ავტოსატრანსპორტო საშუალებების რეალიზაციიდან 2021 წელს მიღებული აქვს შემოსავალი, რომელიც გადასახადის გადამხდელის მიერ არ არის დეკლარირებული და დაბეგრილი საშემოსავლო გადასახადით.
შემოწმების პროცესში გადამხდელმა წარმოადგინა შეძენის (ხარჯის) დამადასტურებელი დოკუმენტი მხოლოდ ავტომანქანა - "----------" მიმართებით, რომლის გათვალისწინებაც მოხდა დასაბეგრი შემოსავლის განსაზღვრისას. ხოლო, დანარჩენ სატრანსპორტო საშუალებებზე წარმოადგინა ტექმომსახურებისთვის გაწეული ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები, რაც ასევე გათვალისწინებულია ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვით ხარჯებში. იმის გათვალისწინებით, რომ გადამხდელმა ვერ მოახერხა შეძენის ხარჯის დოკუმენტების წარმოდგენა ორ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე, აღნიშნული ავტოსატრანსპორტო საშუალებებიდან მიღებული დასაბეგრი შემოსავალი განისაზღვრა შემოსავლების სამსახურის 2012 წლის 12 თებერვლის №1162 ბრძანებით დამტკიცებული №0256 სიტუაციური სახელმძღვანელოს საფუძველზე. შემოწმების შედეგად განისაზღვრა ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯი და დასაბეგრი შემოსავალი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 79-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის, 81-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 67-ე მუხლის მე-4 ნაწილის და მე-100 მუხლის შესაბამისად, ი/მ „----------“ განესაზღვრა დასაბეგრი შემოსავალი, დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 პუნქტის განსაზღვრული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 79-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საშემოსავლო გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი ფიზიკური პირი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან.
ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ფიზიკური პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 20 პროცენტით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, ფიზიკური პირის მიერ საცხოვრებელი ბინის (სახლის) და მასზე დამაგრებული მიწის ნაკვეთის, აგრეთვე ავტოსატრანსპორტო საშუალების მიწოდებით მიღებული ნამეტი შემოსავალი 5 პროცენტით იბეგრება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ყველა ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მის მიღებასთან, გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც ამ კოდექსის თანახმად გამოქვითვას არ ექვემდებარება. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.
როგორც საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, ი/მ "----------" 2021 წელს რეალიზებული აქვს 3 ავტოსატრანსპორტო საშუალება, რაც დასტურდება შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტებით. შემოწმებისას გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების დადგენის მიზნით, მის მიერ წარდგენილი ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტების მიხედვით დაანგარიშდა დასაბეგრი შემოსავალი, ხოლო იმ ორ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე, რომელზეც გადამხდელმა ვერ წარადგინა შეძენის ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები, რეალიზაციიდან მიღებული დასაბეგრი შემოსავალი, განისაზღვრა შემოსავლების სამსახურის 2012 წლის 12 თებერვლის №1162 ბრძანებით დამტკიცებული №0256 სიტუაციური სახელმძღვანელოს გათვალისწინებით.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ ვინაიდან გადამხდელის მიერ წარდგენილი დოკუმენტები არასრულად ასახავდა მის მიერ გაწეული ხარჯების შესახებ ინფორმაციას და ზოგ შემთხვევაში შეუძლებელი იყო ხარჯების დადგენა, შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებების განსასაზღვრად არაპირდაპირი მეთოდის გამოყენება განხორციელდა მართლზომიერად.
აუდიტორის განმარტებით დგინდება, რომ ტექნიკური ხარვეზის გამო საგადასახადო შემოწმების აქტში (ფაქტობრივ გარემოებად) მითითებულია მხოლოდ იმ ორი ავტოსატრანსპორტო საშუალების რეალიზაციის შედეგად მიღებული შემოსავალი, რომელთა რეალიზაციის შედეგად ი/მ "----------" საგადასახადო ვალდებულება განისაზღვრა №0256 სიტუაციური სახელმძღვანელოს საფუძველზე, დასაბეგრი შემოსავალი კი დაანგარიშებულია სამი ავტომობილის რეალიზაციის შედეგად მიღებული ნამეტის მიხედვით (მესამე ავტომობილზე გადამხდელის მიერ წარდგენილ იქნა შესყიდვის და ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები, ამიტომ საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრ თანხაში ჩაერთო დოკუმენტების მიხედვით დაფიქსირებული ნამეტი). აღნიშნულმა ფაქტობრივმა გარემოებამ გამოიწვია გაურკვევლობა საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი თანხის ოდენობასთან დაკავშირებით.
ასევე, აუდიტორის მიერ წარმოდგენილ ინფორმაციის თანახმად, „საგადასახადო შემოწმების აქტის ტექსტში არის ტექნიკური ხარვეზი და მითთითებულია, რომ მიღებული ნამეტი შემოსავალი დაიბეგრა 5%-ით, რეალურად დაბეგრილია 20%-ით და გაანგარიშებაში ჩანს სხვაობა, რამაც გამოიწვია გაურკვევლობა.“
შემოწმების მიერ საშემოსავლო გადასახადის ნაწილში 20%-იანი განაკვეთით განხორციელებულ დაბეგვრასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 81-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, ფიზიკური პირის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალების მიწოდებით მიღებული ნამეტი შემოსავალი იბეგრება 5 პროცენტით, მიუხედავად იმისა აღნიშნული ავტოსატრანსპორტო საშუალება პირადი მოხმარებისთვისაა განკუთვნილი თუ წარმოადგენს ყიდვა-გაყიდვის ობიექტს.
საქმეში არსებული მასალების, ფაქტობრივი გარემოებებისა და საკანონმდებლო ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ი/მ "----------" (ს/ნ ----------) მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიწოდებით მიღებულ ნამეტ შემოსავალზე საშემოსავლო გადასახადის განაკვეთი განსაზღვროს 5%-ით. ასევე, შეისწავლოს საგადასახადო შემოწმების აქტში დაშვებული ტექნიკური უზუსტობის საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების (მ.შ. დაშვებული ტექნიკური უზუსტობის გასწორება) კორექტირება (შემცირება).
მეორე სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 273-ე მუხლის თანახმად პირის მიერ გადასახადის გადამხდელად აღრიცხვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევა იწვევს პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, განსახილველ შემთხვევაში, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. ი/მ "----------" (ს/ნ ----------) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ი/მ "----------" (ს/ნ ----------) მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიწოდებით მიღებულ ნამეტ შემოსავალზე საშემოსავლო გადასახადის განაკვეთი განსაზღვროს 5%-ით, ასევე შეისწავლოს საგადასახადო შემოწმების აქტში დაშვებული ტექნიკური უზუსტობის საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების (მ.შ.დაშვებული ტექნიკური უზუსტობის გასწორება) კორექტირება (შემცირება).
3. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.