გადაწყვეტილება №19995/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 15.08.2023
№ დოკუმენტი 19995/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№19995/2/2023

15 აგვისტო 2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს ----- (ს/ნ ----- )

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 21.07.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „------“ 18.06.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19995/2/2023).

 

დავის საგანი:

დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაანგარიშება. გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 21.12.2022 წლის №006-588 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 31.05.2023 წლის №11969 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა:

142 922 ლარი.

მათ შორის:

დღგ - 72 006

ჯარიმა - 49 848

საურავი - 21 068

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

აუდიტის დეპარტამენტის 13.12.2022 წლის გასვლითი საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.04.2022 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ მომჩივანს შესამოწმებელ პერიოდში დეკლარირებული ჰქონდა დღგ-ის 18%-ით დასაბეგრი ბრუნვა - 11 080 962 ლარის ოდენობით.

შემოწმების შედეგად, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ბუღალტრული პროგრამის, საბანკო ამონაწერის, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების და სატენდერო ხელშეკრულებების გათვალისწინებით, დადგინდა, რომ დღგ-ის 18%-ით დასაბეგრმა ბრუნვამ შეადგინა - 11 447 762 ლარი, დეკლარირებულზე 366 800 ლარით მეტი.

საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის 2021 წლამდე მოქმედი რედაქციის და საგადასახადო კოდექსის 158-ე და 159-ე მუხლების საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული ჯარიმა.

შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 21.12.2022 წლის №006-588 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 31.05.2023 წლის №11969 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, მე-2 მუხლის მე-2 ნაწილზე, შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, 161-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 179-ე მუხლის პირველ და მე-4 ნაწილებზე, 158-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 163-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 174- ე მუხლის პირველ, მე-2 და მე-3 ნაწილებზე, 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 179-ე მუხლზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 481 მუხლის პირველ პუნქტზე, 733 მუხლის პირველ, მე-2 და მე-3 პუნქტებზე და ყურადღებას ამახვილებს შემოწმებით დადგენილ გარემოებაზე და ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლითაც ირკვევა, რომ შემოწმებისას გაანალიზებულ იქნა ავანსის და გამნაშთავი ანგარიშ-ფაქტურების რეესტრი და შედეგები გადაგზავნილი იქნა გადასახადის გადამხდელთან, რომელმაც განმარტა, რომ მის მიერ დეკლარირებული მონაცემები სწორია, თუმცა არ მიუთითებია გაგზავნილ ცხრილში რაიმე შეცდომაზე. ამასთან, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ დავის წარმოების პროცესში, მომჩივანის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება/დოკუმენტაცია, რაც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს. ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებთან, საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

აქვს 100%-ით დოკუმენტურად დადასტურებული შემოსავლები, რასაც აუდიტორიც აღნიშნავს, რომელიც დაბეგრილია სრულად შესაბამის პერიოდებში, ვინაიდან კომპანია ეწევა სამშენებლო სამუშაოებს როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო ტენდერების შესაბამისად, აქვს ავანსად დასაბეგრი ოპერაციები, რომლებიც დაბეგრილია შესაბამის პერიოდში და განაშთულია პროექტის დასრულების შემდეგ, შესაბამისად, მცირდება დასაბეგრი ბაზა

2020 წლის აპრილის პერიოდში, შპს ----- მიერ ჩარიცხულია 108 100 ლარი (დღგ-ის გარეშე 91 611 ლარი), რომელიც აუდიტორმა განიხილა როგორც ავანსად დასაბეგრი თანხა. რეალურად კი, დაბეგრილია 2020 წლის მარტის თვეში (ანგარიშ-ფაქტურა ეა-17 №-----), რა დროსაც დასრულდა ძირითადი სამუშაოები და 2020 წლის აპრილში ჩარიცხულია დარჩენილი დავალიანება 108 100 ლარი.

2020 წლის ოქტომბრის პერიოდში - სსიპ ------- (ყოფ. -------), საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა ეა-17 №------ თანხით 210 092,85 ლარი, დღგ - 28 008 ლარი, გაქვითულია 2020 წლის ივლისის თვეში ავანსად დაბეგრილი ავ-13 №------- თანხით 431 648,85 ლარი, დღგ 65 844,74 ლარი, შესრულებული ნაწილი 155 601 ლარი დღგ-ის გარეშე, დღგ - 28 008 ლარი.

2021 წლის აპრილის პერიოდში თბილისის -------- მართვის სააგენტო, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა ეა-72 №------ თანხით 110 690,55 ლარზე გაქვითულია 2020 წლის დეკემბერის ავ-13 №------ თანხით 300 000 ლარი, დღგ 45 762,71 ლარი, დაბეგრილი და აპრილში შესრულებული ნაწილი თანხით 41 173,83 დღგ-ის გარეშე, დღგ 7 411,29 ლარი.

2021 წლის ივნისის პერიოდში დეკლარირებულია 225 567,71 ლარი დღგ-ის გარეშე, აქედან სერია ეა ანგარიშ-ფაქტურები - 853 850,82 ლარი დღგ-ის ჩათვლით (723 602 დღგ-ის გარეშე) განაშთულია შემდეგნაირად: შესრულდა სსიპ ------- შენობის მშენებლობა ღირებულებით - 552 553,09 ლარი დღგ-ის ჩათვლით ეა-72 №------, რომელიც ჩარიცხული იყო ავანსად პირველი ტრანში 2020 წლის ივლისში, საგადასახადო ანგარიშფაქტურა (ავ-13 №-------) თანხით 353 766,6 ლარი დღგ-ის ჩათვლით (დაბეგრილია შესაბამის პერიოდში) და მეორე ტრანში 2020 წლის დეკემბერში, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა (ავ-13 №-------) თანხით 235 844,4 ლარი (დაბეგრილია შესაბამის თვეში). ჯამში 589 611 ლარი დღგ-ის ჩათვლით, ვინაიდან დასრულების შემდეგ ექსპერტიზით დადასტურდა 552 553,09 ლარის სამუშაოები (ანგარიშ-ფაქტურა ეა72 №------), მოხდა 2020 წლის დეკემბრის ავ-13 №--------დაბეგრილი თანხის კორექტირება აკ №------ კორექტირების ანგარიშ-ფაქტურით 198 786,49 ლარზე (შემცირდა 37 057,91 ლარით) და შესაბამისად, მოხდა აღნიშნული თანხის უკან დაბრუნება, აუდიტორმა ავანსის კორექტირების ანგარიშ-ფაქტურა არ გაითვალისწინა შესაბამისად, არ უნდა დაიბეგროს. ასევე, შემცირებულია ეა-72 №-------, ეა-72 №-------, ეა-72 №------ დასაბეგრი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები ავ-13 №----- ავანსის ანგარიშფაქტურით.

2021 წლის ივლისი თვეში დეკლარირებულია 159 276 ლარი დღგ-ის გარეშე, ეა ანგარიშ-ფაქტურები 187 384 ლარი დღგ-ის გარეშე, განაშთულია ავანსები პროპორციულად ანგარიშ-ფაქტურა ავ-13 №------, სულ შესამცირებელი დღგ-ის თანხა 5 059,34 ლარი.

ყველა შემცირება ასახულია შესაბამისი დეკლარაციის მე-4 გვერდზე, ასევე დეკლარაცია არ იძლევა შემცირების საშუალებას თუ დადასტურებული არ არის შემცირების მიზეზი, შეცდომა სრულად გამორიცხულია.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტის 1.01.2021 წლამდე მოქმედი რედაქციით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, რომლის დროსაც დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი, მაგრამ არაუგვიანეს მისაწოდებელი საქონლის/გასაწევი მომსახურების საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის გადახდის მომენტისა, თუ თანხის გადახდა ხორციელდება საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, გარდა ამ ნაწილის „ა.ბ.ბ“ და „ა.ბ.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო ანგარიშფაქტურა არის საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმის მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტი, გარდა ამ მუხლით დადგენილი გამონაკლისებისა, რომლის გამოწერისა და წარდგენის წესს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირი უფლებამოსილია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა გამოწეროს და მიწოდებული/მისაწოდებელი საქონლის ან გაწეული/გასაწევი მომსახურების მიმღებს წარუდგინოს მხოლოდ დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროს.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია:

ა) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება;

ბ) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა.

საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

შემოწმების შედეგად გამოვლინდა, რომ შემოწმებით გაანგარიშებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა 366 800 ლარით აღემატება დეკლარირებულს.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. ამ მიზნით მომჩივანს უნდა მიეცეს წინადადება ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. ხოლო, აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი მომჩივნის მონაწილეობით და სათანადო საფუძველების არსებობის შემთხვევაში უზრუნველყოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 31.05.2023 წლის №11969 ბრძანება;

3. მომჩივანს მიეცეს წინადადება ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დამადასტურებელი მტკიცებულებები;

4. აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი მომჩივნის მონაწილეობით და სათანადო საფუძველების არსებობის შემთხვევაში უზრუნველყოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება) და შედეგების ასახვა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე;

5. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაანგარიშება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის გასვლითი საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.04.2022 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ მომჩივანს შესამოწმებელ პერიოდში დეკლარირებული ჰქონდა დღგ-ის 18%-ით დასაბეგრი ბრუნვა შემოწმების შედეგად, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ბუღალტრული პროგრამის, საბანკო ამონაწერის, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების და სატენდერო ხელშეკრულებების გათვალისწინებით, დადგინდა, რომ დღგ-ის 18%-ით დასაბეგრმა ბრუნვამ შეადგინა დეკლარირებულზე მეტი. საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის 2021 წლამდე მოქმედი რედაქციის და საგადასახადო კოდექსის 158-ე და 159-ე მუხლების საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული ჯარიმა. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 31.05.2023 წლის №11969 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საბჭო ყურადღებას ამახვილებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. ამ მიზნით მომჩივანს უნდა მიეცეს წინადადება ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. ხოლო, აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი მომჩივნის მონაწილეობით და სათანადო საფუძველების არსებობის შემთხვევაში უზრუნველყოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: (2021 წლამდე მოქმედი) 158; 159; 161; 164; 275.