გადაწყვეტილება №26944/2/2026
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№26944/2/2026
29 აპრილი 2026
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: ი/მ -------ი (ს/ნ ------------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 22.04.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ი/მ ------ის 18.03.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №26944/2).
დავის საგანი:
შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 25.12.2025 წლის №068-21 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 20.02.2026 წლის №3925 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 110 251.03 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 65 091.74
დღგ - 26 489.80
საშემოსავლო გადასახადი - 34 853.94
ქონების გადასახადი - 3 748
ჯარიმა - 25 705.18
საურავი - 19454.11
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობას წარმოადგენს ავტომობილების ტექნიკური მომსახურება და რემონტი, ასევე, დარბაზის გაქირავება და სოფლის მეურნეობა.
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის, 1.01.2022 წლიდან 1.04.2025 წლამდე პერიოდის, კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2025 წლის 23 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებით:
- გადასახადის გადამხდელს -----ის რაიონში, სოფელ ----ში აქვს პროფილაქტიკა, დარბაზი და სასოფლო-სამეურნეო მიწები, სადაც მოყავს სოფლის მეურნეობის პროდუქცია. გადასახადის გადამხდელს, შესამოწმებელ პერიოდში, არ აქვს ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა. 2022 წლის პირველ აგვისტომდე იყო დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული, აღნიშნული პერიოდის შემდეგ გააუქმა დღგის გადამხდელად რეგისტრაცია, რომელიც აღიდგინა 2025 წლის 14 იანვრიდან. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების და ასევე, გადასახადის გადამხდელის მიერ მიწოდებული ინფორმაციის (საბანკო ამონაწერები) ანალიზის შედეგად, პირის დღგის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღად განისაზღვრა 2023 წლის 26 ივლისი. ვინაიდან, გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას, გადასახადის გადამხდელის შემოსავლები გაანგარიშდა შემდეგნაირად: ტენდერებში მონაწილეობით მიღებულ შემოსავლებს დაემატა გადასახადის გადამხდელის საბანკო ანგარიშებზე ფიზიკური და იურიდიული პირებისაგან ჩარიცხული, ტენდერში მონაწილეობის გარეშე გაწეული მომსახურების თანხები, ასევე არაპირდაპირი მეთოდით დათვლილი დარბაზის გაქირავებიდან მიღებული შემოსავლები და იმ სასაქონლო ზედნადებებისა და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების ბრუნვები, რომლებიც დაკავშირებული არ იყო ზემოთ ჩამოთვლილ შემოსავლებთან. საგადასახადო კოდექსის 49-ე, 73-ე, 165-ე და 159-ე მუხლების გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა ამავე კოდექსის 282-ე მუხლის თანახმად;
- დადგინდა, რომ მცირე ბიზნესის სტატუსი მინიჭებული აქვს 2015 წლის 12 იანვრიდან სასოფლომეურნეობის საქმიანობასა და დარბაზის სარიტუალო მომსახურების ნაწილში. მეწარმე არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას, ყველა სახის შემოსავალს ბეგრავს მცირე ბიზნესისთვის განკუთვნილი საშემოსავლო გადასახადის 1%-იანი განაკვეთით. ამასთან, არ აფიქსირებს დაქირავებულ პირებზე გაცემულ ხელფასს. ავტომობილების ტექნიკური მომსახურება და რემონტი „სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 29 დეკემბრის №415 დადგენილებით შეტანილია ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი საქმიანობების ჩამონათვალში, ხოლო ამავე დადგენილების 11 მუხლით დადგენილია, რომ ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრ საქმიანობებზე არ ვრცელდება მიკრო ან მცირე ბიზნესის სპეციალური დაბეგვრის რეჟიმები. შესაბამისად, გამოყენებული იქნა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლი და მოხდა მეწარმის შემოსავლების გამიჯვნა სახეობების მიხედვით, კერძოდ, ავტომობილების ტექნიკური მომსახურება და რემონტიდან მიღებული შემოსავლები, სასოფლოსამეურნეო საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები და დარბაზის გაქირავებით მიღებული შემოსავლები. შემოწმების მიერ მცირე ბიზნესის სტატუსით დაბეგვრას არ დაექვემდებარა არცერთი ზემოთ ჩამოთვლილი შემოსავალი. ავტომობილების ტექნიკური მომსახურება და რემონტიდან მიღებული შემოსავლები გაიყო ორ ნაწილად (მიღება-ჩაბარების აქტებში დაფიქსირებული ჩანაწერების მიხედვით), საქონლის მიწოდებით და მომსახურების გაწევით მიღებულ შემოსავლებად. მეწარმის წერილობითი განმარტებით, ავტომობილების ტექნიკური მომსახურების დროს იყენებს დაქირავებულ შრომას, აღნიშნულიდან გამომდინარე, ავტომობილების ტექნიკური მომსახურების გაწევით მიღებული შემოსავლები გაიმიჯნა საქონლის მიწოდებით და მომსახურების გაწევის თანხებად. მომსახურების გაწევით მიღებული შემოსავლები, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე, ჩაითვალა დამხმარე პერსონალზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. შედეგად, საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტის, 101-ე და 154-ე მუხლების გათვალისწინებით, დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა ამავე კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად;
- ვინაიდან გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას, რომელშიც იქნებოდა აღრიცხული წლიური ერთობლივი შემოსავალი და ასევე ხარჯები, მოხდა მეწარმის შემოსავლების გამიჯვნა სახეობების მიხედვით, კერძოდ, ავტომობილების ტექნიკური მომსახურება და რემონტიდან მიღებული შემოსავლები, სასოფლო სამეურნეო საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები და დარბაზის გაქირავებით მიღებული შემოსავლები, ხოლო ერთობლივი შემოსავალი გაანგარიშდა ეკონომიკური საქმიანობის ნაწილში ტენდერიდან მიღებული შემოსავლებით, დარბაზის გაქირავებით მიღებული შემოსავლებით, საბანკო ჩარიცხვების, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების და სასაქონლო ზედნადებების ანალიზის შედეგად, ხოლო ხარჯების ნაწილში გამოქვითული იქნა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტურად დადასტურებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობებისა და მომსახურების შეძენის ხარჯი. შემოწმების პროცესში ჩატარებული დათვალიერების პროცედურის, დამატებით მესამე პირებისგან გამოთხოვილი ინფორმაციის, გადასახადის გადამხდელის მიერ მიწოდებული და გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, გადასახადის გადამხდელს, საგადასახადო კოდექსის 49-ე, მე-100, 102-ე, 105-ე, 136-ე და 73-ე მუხლების, ასევე, „სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 29 დეკემბრის №415 დადგენილების გათვალისწინებით, დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა ამავე კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად;
- იქედან გამომდინარე, რომ გადასახადის გადამხდელს, შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში, მიღებული შემოსავლების სრულად დაბეგრილი აქვს მცირე ბიზნესისთვის განკუთვნილი 1%-იანი განაკვეთით, საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლისა და „სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 29 დეკემბრის №415 დადგენილების გათვალისწინებით, შემცირდა გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებული მცირე ბიზნესის სპეციალური რეჟიმის ფარგლებში დარიცხული გადასახადი.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 24.12.2025 წლის № 28233 ბრძანება და №068-21 საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 20.02.2026 წლის №3925 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებზე, 88-ე მუხლის პირველ და მე-3 ნაწილებზე, 952 მუხლზე, „სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 29 დეკემბრის №415 დადგენილების პირველ მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებზე, ამავე დადგენილების დანართი მე-5-მე-6-ზე, საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 79-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, მე-80 მუხლის პირველ ნაწილზე, 81-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტზე, მე-100 მუხლის პირველ ნაწილზე, მე3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 105-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 72-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე და ამავე მუხლის მე-4 ნაწილზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, მე-12 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 158-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 165-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 163-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, დადგენილ ფაქტობრივი გარემოებებზე, გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში დაფიქსირებულ პოზიციასთან, შემოწმების მიერ დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში არაეკონომიკური საქმიანობით მიღებული თანხების ჩართვასთან მიმართებით, ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე, რომ გაანგარიშების ცხრილები და საბანკო ანგარიშების ამონაწერები სრულად გაეგზავნა გადასახადის გადამხდელს და შინაარსობრივად იქნა გავლილი თითოეული ჩარიცხვა, ასევე, ჩამრიცხველის ვინაობა. შემოწმების მიერ გათვალისწინებულ იქნა გადასახადის გადამხდელის პოზიცია, ოჯახის წევრებისა და ნათესავების მიერ ჩარიცხული თანხები, რომელიც წარმოადგენდა სოლიდურ თანხას, არ იქნა ჩართული საგადასახადო ვალდებულებების გაანგარიშებისას.
ამასთან, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად, დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარდგენილი სათანადო არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმებით გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად, ხოლო წარდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
2015 წლის 12 იანვრიდან მინიჭებული აქვს მცირე მეწარმის სტატუსი და ამის შესაბამისად, ყოველთვიური მცირე ბიზნესის საშემოსავლო გადასახადის დეკლარირებას ახდენდა რეგულარულად.
შემოწმების შედეგად აუდიტებმა გამოავლინეს, რომ 2025 წლის 12 იანვარს მინიჭებული მცირე მეწარმის სტატუსი არ იყო მინიჭებული მეწარმის საქმიანობის სფეროს შესაბამისად, კერძოდ ავტომობილების ტექნიკურ მომსახურებასა და რემონტზე და რომ პორტალზე მცირე მეწარმის სერთიფიკატში არაა მითითებული კონკრეტული საქმიანობის სფერო. სწორედ ამის გამო, ვინაიდან სერთიფიკატში საქმიანობის სფეროებს შორის იყო შეუსაბამობა, აუდიტის დეპარტამენტმა დეკლარირებული მცირე მეწარმის გადასახადი გადააკვალიფიცირა და დაბეგრა საშემოსავლო გადასახადით, რაც უსამართლოდ და კანონის დარღვევით განხორციელებულად მიაჩნია.
რაც შეეხება დღგ-ით დაბეგვრას, 2021 წლის 5 აგვისტოს მეწარმე დღგ-ის გადამხდელად დარეგისტრირდა, ხოლო 2022 წლის აგვისტოს თვეში მოხდა აღნიშნული დღგ-ის სტატუსის გაუქმება წლიური ბრუნვების შემცირების გამო. 2025 წლის იანვრის თვეში მეწარმე კვლავ დარეგისტრირდა დღგის გადამხდელად. აუდიტის დეპარტამენტის მიერ, მეწარმეს დღგ-ის გადასახადი დაეკისრა იმ პერიოდისათვის, როდესაც იგი არ იყო დღგ-ის გადამხდელი, ე.ი. 2024 წლის დეკემბრამდე. აღნიშნული იმიტომ მოხდა, რომ აუდიტორებმა დასაბეგრ ბრუნვაში ჩაუთვალეს ისეთი თანხები, რომელიც არ უკავშირდებოდა მეწარმის სამეწარმეო საქმიანობას ან წარმოადგენდა პირადი სახის გადარიცხვებს.
აღნიშნული გაასაჩივრა, მაგრამ შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 20 თებერვლის №3925 ბრძანებით უარი ეთქვა საჩივრის დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლოდ, საქმის ვითარების შეუსწავლელად და მიაჩნია, რომ იგი უნდა გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებდა ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესში არ აქვს წარდგენილი სათანადო არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
შემოწმების პერიოდში, წარდგენილი იქნა ------ის, ი/მ ------ის ბუღალტერის -. -----ის მიერ გაცემული ცნობები, სადაც მითითებულია, რომ ი/მ ------ს საბანკო ანგარიშზე (------ი) სხვადასხვა დროს გადაირიცხა ტენდერში მონაწილეობის საგარანტიო თანხები 3 000 და 1 500 ლარი, რომლებიც უკან დაუბრუნდა გადმომრიცხველს, ასევე შეცდომით იქნა გადარიცხული ი/მ ------ის ანგარიშიდან ი/მ ------ის საბანკო ანგარიშზე 3 000 ლარი, რომელიც უკან გადაირიცხა და ამის დამადასტურებელი გადარიცხვის დოკუმენტაციაც წარედგინა აუდიტის დეპარტამენტს. -----ის განმარტებით დასტურდება, რომ ----------ს გამოართვა ვალად 1 430 ლარი და შემდეგ ვალი დაუბრუნა პირადი გადარიცხვით, ასევე ------ა განმარტა, რომ -----ს, რომლის ვალიც ჰქონდა 2 300 ლარი დაუბრუნა მის ანგარიშზე ჩარიცხვით, ------ი განმარტავს, რომ ჰქონდა ------ის ვალი 6 800 ლარი, რომელიც პირად ანგარიშზე დარიცხვით დაუბრუნა, -----ი განმარტავს, რომ -----ი მას დაეხმარა, ასესხა 1 500 ლარი რომელიც ნაწილ-ნაწილ დაუბრუნა უკან პირად ანგარიშზე ჩარიცხვით.
აღნიშნული გარემოებების შესახებ არც აუდიტის დასკვნაშია საუბარი და არც შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 20 თებერვლის № 3925 ბრძანებაში. აღნიშნული იმაზე მიუთითებს, რომ ადმინისტრაციული წარმოება არ წარმართულა ყოველმხრივი და ობიექტურობის პრინციპით. ფაქტია, რომ ზემოაღნიშნული მტკიცებულებები თავიდანვე გააჩნდა აუდიტის დეპარტამენტს, თუმცა მისი შეფასება არც მათ და არც შემოსავლების სამსახურს არ მოუხდენია. თუ არ იზიარებდნენ წარდგენილი მტკიცებულების შინაარს, მაშინ უნდა მიეთითებინათ მოტივები. მეწარმის შემოწმება მხოლოდ „დასჯას“ არ გულისხმობს არამედ მითითებებსაც, რაც შემდგომში უნდა გაითვალისწინოს მეწარმემ.
ბრძანებაში, რომლითაც უარი ეთქვა საჩივრის დაკმაყოფილებაზე, საგადასახადო კოდექსის შესაბამისი მუხლების შინაარსია გადმოცემული, მაგრამ არაა განმარტებული კონკრეტულად, რა სახის დარღვევებზეა საუბარი, რათა მეწარმემ შემდგომში შეძლოს დაშვებული შეცდომის გამოსწორება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტების გაუქმებას და დარიცხული თანხების კორექტირებას (შემცირებას).
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 88-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მცირე ბიზნესის სტატუსი შეიძლება მიენიჭოს მეწარმე ფიზიკურ პირს. ხოლო, მე-3 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან შეთანხმებით, საქართველოს მთავრობას უფლება აქვს, განსაზღვროს შემოსავლის სახეები, რომლებიც არ დაიბეგრება სპეციალური რეჟიმით და არ გაითვალისწინება ერთობლივ შემოსავალში მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისთვის დადგენილი კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული ერთობლივი შემოსავლის 500 000 ლარიანი ზღვრის, ხოლო ღვინის ტურიზმის საქმიანობის სუბიექტისა და აგროტურისტული საქმიანობის სუბიექტის შემთხვევაში 700 000 ლარიანი ზღვრის გაანგარიშებისას.
საგადასახადო კოდექსის 952 მუხლის თანახმად, ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი საქმიანობის სახეებს და ამ კოდექსის 953 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული განაკვეთით დასაბეგრი საქმიანობის შემთხვევაში ფიქსირებული გადასახადით დაბეგვრის ობიექტს საქმიანობის სახეების მიხედვით განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.
„სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 29 დეკემბრის №415 დადგენილების პირველი მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტების თანახმად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 84-ე მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილების, 88-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 952 მუხლის, 953 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის და მე‑2 ნაწილისა და 955 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე დამტკიცდეს:
5. შემოსავლის სახეები, რომლებიც არ დაიბეგრება სპეციალური რეჟიმით და არ გაითვალისწინება ერთობლივ შემოსავალში მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისთვის დადგენილი კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული ერთობლივი შემოსავლის 500 000-ლარიანი ზღვრის, ხოლო ღვინის ტურიზმის საქმიანობის სუბიექტისა და აგროტურისტული საქმიანობის სუბიექტის შემთხვევაში − 700 000-ლარიანი ზღვრის გაანგარიშებისას (დანართი №5).
6. ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი საქმიანობის ის სახე, დაბეგვრის ობიექტი და გადასახადის განაკვეთი, რომელიც იბეგრება 1 ლარიდან 2 000 ლარამდე ოდენობის ფარგლებში (დანართი №6).
ამავე დადგენილების დანართი 5-ის მიხედვით, განსაზღვრულია შემოსავლის სახეები, რომლებიც არ დაიბეგრება სპეციალური დაბეგვრის რეჟიმით და არ ითვლება მცირე ბიზნესის განხორციელების ფარგლებში მიღებულ ერთობლივ შემოსავალში-ქონების იჯარით/უძრავი ქონების ქირით გაცემა. ხოლო, დანართი 6-ის მიხედვით, განსაზღვრულია ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი საქმიანობის ის სახე, დაბეგვრის ობიექტი და გადასახადის განაკვეთი, რომელიც იბეგრება 1 ლარიდან 2 000 ლარამდე ოდენობის ფარგლებში-ავტომობილების ტექნიკური მომსახურება და რემონტი, მათ შორის, სალტეების, საბურავების აღდგენა და რეგენერაცია, აღნიშნული მომსახურებისათვის განკუთვნილ ფართობზე გაწეული სხვა მომსახურება (ხალიჩების რეცხვა).
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით - სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საგადასახადო კოდექსის 79-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საშემოსავლო გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი ფიზიკური პირი.
საგადასახადო კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.
საგადასახადო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ფიზიკური პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 20 პროცენტით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისაგან თავისუფლდება 2028 წლის 1 იანვრამდე სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში დასაქმებული პირის მიერ საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის პირველადი მიწოდებით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი, თუ კალენდარული წლის განმავლობაში ასეთი მიწოდებით მიღებული ერთობლივი შემოსავალი 200 000 ლარს არ აღემატება.
საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტის ერთობლივი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროდან და საქართველოს ფარგლების გარეთ მიღებული შემოსავლებისაგან. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან.
საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები.
საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ყველა ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მის მიღებასთან, გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც ამ კოდექსის თანახმად გამოქვითვას არ ექვემდებარება. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.
საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას. საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერულ) ოპერაციაზე გამოწერილ პირველად საგადასახადო დოკუმენტში საქონლის ღირებულების (მათ შორის, საქონლის ერთეულის ფასის) მითითება სავალდებულო არ არის.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ხოლო, ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის მე-12 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, დაქირავებით მუშაობად ითვლება ფიზიკური პირის მიერ საწარმოს ან ორგანიზაციის ხელმძღვანელად (დირექტორად) ყოფნა ან ხელმძღვანელის (დირექტორის) მოვალეობის შესრულება.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანხმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ − დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. დასაბეგრი პირი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ვალდებულია მის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ოპერაციების ჯამური თანხის 100 000 ლარისთვის გადაჭარბების დღიდან, არაუგვიანეს 2 სამუშაო დღეში დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მიზნით, მიმართოს საგადასახადო ორგანოს.
2. დასაბეგრ პირს დღგ-ის გამოანგარიშების და გადახდის ვალდებულება წარმოეშობა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტიდან (ამ ოპერაციის ჩათვლით), რომლის მიხედვითაც დასაბეგრი ოპერაციების ჯამურმა თანხამ 100 000 ლარს გადააჭარბა.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა. საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელის საქმიანობას წარმოადგენს ავტომობილების ტექნიკური მომსახურება და რემონტი, ასევე, დარბაზის გაქირავება და სოფლის მეურნეობა, მცირე ბიზნესის სტატუსი მინიჭებული აქვს 2015 წლის 12 იანვრიდან სასოფლო-მეურნეობის საქმიანობასა და დარბაზის სარიტუალო მომსახურების ნაწილში. მეწარმე არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას, ამასთან, ყველა სახის შემოსავალი დაბეგრილი აქვს მცირე ბიზნესისთვის განკუთვნილი საშემოსავლო გადასახადის 1%-იანი განაკვეთით. ვინაიდან, მეწარმე არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას გადასახადის გადამხდელის შემოსავლები გაანგარიშდა შემდეგნაირად: ტენდერებში მონაწილეობით მიღებულ შემოსავლებს დაემატა გადასახადის გადამხდელის საბანკო ანგარიშებზე ფიზიკური და იურიდიული პირებისაგან ჩარიცხული, ტენდერში მონაწილეობის გარეშე გაწეული მომსახურების თანხები, ასევე არაპირდაპირი მეთოდით დათვლილი დარბაზის გაქირავებიდან მიღებული შემოსავლები და იმ სასაქონლო ზედნადებებისა და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების ბრუნვები, რომლებიც დაკავშირებული არ იყო ზემოთ ჩამოთვლილ შემოსავლებთან. ასევე, გადასახადის გადამხდელის განმარტებით, ვინაიდან ავტომობილების ტექნიკური მომსახურების დროს იყენებს დაქირავებულ შრომას, შემოწმების მიერ, ავტომობილების ტექნიკური მომსახურების გაწევით მიღებული შემოსავლები გაიმიჯნა საქონლის მიწოდებით და მომსახურების გაწევის თანხებად და მომსახურების გაწევით მიღებული შემოსავლები, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე, ჩაითვალა დამხმარე პერსონალზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. ხოლო, ხარჯების ნაწილში გამოქვითული იქნა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტურად დადასტურებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობებისა და მომსახურების შეძენის ხარჯი. შემოწმების მიერ, ასევე, შემცირდა გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებული მცირე ბიზნესის სპეციალური რეჟიმის ფარგლებში დარიცხული გადასახადი.
შემოწმების მიერ დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში არაეკონომიკური საქმიანობით მიღებული თანხების ჩართვასთან მიმართებით, გადასახადის გადამხდელის პოზიციასთან დაკავშირებით, საყურადღებოა შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანებაში დაფიქსირებული აუდიტის დეპარტამენტის ინფორმაცია, რომ გაანგარიშების ცხრილები და საბანკო ანგარიშების ამონაწერები სრულად გაეგზავნა გადასახადის გადამხდელს და შინაარსობრივად იქნა გავლილი თითოეული ჩარიცხვა, ასევე, ჩამრიცხველის ვინაობა, შემოწმების მიერ გათვალისწინებულ იქნა გადასახადის გადამხდელის პოზიცია და ოჯახის წევრებისა და ნათესავების მიერ ჩარიცხული თანხები, რომელიც წარმოადგენდა სოლიდურ თანხას, არ იქნა ჩართული საგადასახადო ვალდებულებების გაანგარიშებისას.
აუდიტის დეპარტამენტი 25.03.2026 წლის №--21-14 წერილით წარმოდგენილ ინფორმაციაში წარმოადგენს ფაქტობრივ გარემოებებში დაფიქსირებულის ანალოგიურ გარემოებებს, ამასთან აღნიშნავს, რომ შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზებისა და ასევე, გადასახადის გადამხდელის მიერ მიწოდებული ინფორმაციის (საბანკო ამონაწერები) ანალიზის შედეგად, გადასახადის გადამხდელის დღგ-ის სავალდებულო რეგისტრაციის თარიღად განისაზღვრა 2023 წლის 26 ივლისი. გადასახადის გადამხდელის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები გაანგარიშებულ იქნა შემდეგნაირად: ტენდერებში მონაწილეობით მიღებულ შემოსავლებს, დაემატა გადასახადის გადამხდელის საბანკო ანგარიშებზე ფიზიკური და იურიდიული პირებისაგან ჩარიცხული, ტენდერის გარეშე თანხები (აღნიშნულ ჩარიცხვებზე დანიშნულებაში მითითებულია მიმდინარე რემონტის ხარჯი, საქონლის საფასური, გენერატორის შეკეთება, მომსახურების საფასური, წლისთავის საფასური და ა.შ), ასევე არაპირდაპირი მეთოდით დათვლილი დარბაზის გაქირავებიდან მიღებული შემოსავლები და იმ სასაქონლო ზედნადებების და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების ბრუნვები, რომლებიც დაკავშირებული არ იყო ზემოთ ჩამოთვლილ შემოსავლებთან. საჩივარში მოყვანილი არგუმენტი, რომ თითქოსდა შემოწმებამ არ გაითვალისწინა ფიზიკური პირების ჩარიცხვები, რომლებიც დაკავშირებული არ არის ეკონომიკურ საქმიანობასთან არასწორია, რადგან ყველა იმ ფიზიკური პირის ჩარიცხვები, რომელიც მოყვანილია საჩივარში, შემოწმების მიერ გათვალისწინებულია და ამოღებულია დასაბეგრი ბრუნვის გაანგარიშებიდან.
საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვა განხორციელდა გადასახადის გადამხდელის წარმომადგენლის მონაწილეობით, რომელმაც წარმოადგინა საჩივარში დაფიქსირებულის ანალოგიური არგუმენტები, ამასთან დამატებით აღნიშნა, რომ წარადგინა ყველა მტკიცებულება, რომელიც მოთხოვნილი იქნა, კერძოდ საბანკო ანგარიშებზე სხვადასხვა პირების (რაც ჩამოთვლილია საჩივარშიც) მიერ ჩარიცხული თანხების უკან დაბრუნების შესახებ და პირების განმარტებები, მათ შორის ------ის, რომლებიც განმარტავენ ვალის დაბრუნების თაობაზე, მაგრამ აღნიშნულზე არსად არც აქტში და არც შემოსავლების სამსახურის ბრძანებაში მითითებული არ არის, მიიჩნევს, რომ ყველა არ არის გათვალისწინებული და საჩივარში სწორედ ესენი მიუთითა. მიაჩნია, რომ უგულებელყოფილი იქნა წარდგენილი მტკიცებულებები, არ განიმარტა რატომ არ იქნა გათვალისწინებული ან რა სახის დოკუმენტი უნდა წარდგენილიყო უცნობია. მისი ინფორმაციით, 2022 წლის ივნისიდან 2023 წლის ივნისამდე პერიოდში დღგ-ით დასაბეგრ 100 000 ლარიან ზღვარს არ გადასცდენია და შემდეგ დარეგისტრირდა მეწარმე დღგ-ის გადამხდელად, ამდენად გაუგებარია საიდან გაანგარიშდა და დაერიცხა დღგ-ში თანხები. ითხოვს დღგ-ის და საშემოსავლო გადასახადის ნაწილში დარიცხული თანხების შემცირებას.
აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ რა დოკუმენტიც იქნა წარდგენილი გადასახადის გადამხდელის მიერ ყველა დოკუმენტი, ანუ რაც საჩივარშია მოხსენიებული, ყველა გათვალისწინებულია, გადასახადის გადამხდელს გაეგზავნა ცხრილები, მათ შორის დღგ-ის დარიცხვაზე, რომელშიც მითითებულია 100 000 ლარიან ზღვარს რომელი თანხით და რა დროს გადააჭარბა, მტკიცებულებები, რომელზეც საუბრობს წარმომადგენელი (ჩარიცხული თანხების უკან დაბრუნების თუ ვალის დაბრუნების თანხებზე) და აღნიშნულია საჩივარში, ახალი არ არის, ჯერ კიდევ შემოწმების დროს იქნა წარდგენილი და გათვალისწინებულია. მეწარმეს გაეგზავნა ცხრილები ექსელის ფაილში, ცხრილს დამატებული აქვს კატეგორია 6110, სადაც მითითებულია თანხები რომელმაც მონაწილეობა მიიღო ერთობლივ შემოსავლის გაანგარიშებაში, მაგრამ სხვა ჩარიცხვები (თანხები), რომელსაც მომჩივანი მიუთითებს საჩივარში, მათ შორის -----ის მიერ ჩარიცხული არ იღებს მონაწილეობას ერთობლივი შემოსავლის გაანგარიშებაში.
შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანებაში აღნიშნულია, რომ დავის წარმოების პროცესშიც არ წარუდგენია და მომჩივანი არც ამჟამად წარმოადგენს ისეთ არგუმენტებს/მტკიცებულებებს, რომლებიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და დარიცხული თანხების კორექტირების საფუძველი გახდებოდა.
საქმეში არსებული მასალების, ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონშესაბამისად, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის, 1.01.2022 წლიდან 1.04.2025 წლამდე პერიოდის, კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა საგადასახადო შემოწმების აქტში.საიდანაც ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების და ასევე, გადასახადის გადამხდელის მიერ მოწოდებული ინფორმაციის (საბანკო ამონაწერები) ანალიზის შედეგად, პირის დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღად განისაზღვრა 2023 წლის 26 ივლისი. ვინაიდან, მეწარმე არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას გადასახადის გადამხდელის შემოსავლები გაანგარიშდა შემდეგნაირად: ტენდერებში მონაწილეობით მიღებულ შემოსავლებს, დამატებული იქნა გადასახადის გადამხდელის საბანკო ანგარიშებზე ფიზიკური და იურიდიული პირებისაგან ჩარიცხული ტენდერში მონაწილეობის გარეშე გაწეული მომსახურების თანხები, ასევე არაპირდაპირი მეთოდით დათვლილი დარბაზის გაქირავებიდან მიღებული შემოსავლები და იმ სასაქონლო ზედნადებებისა და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების ბრუნვები, რომლებიც დაკავშირებული არ იყო ზემოთ ჩამოთვლილ შემოსავლებთან. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე, 73-ე, 165-ე და 159-ე მუხლების გათვალისწინებით, პირს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა ამავე კოდექსის 282-ე მუხლის მიხედვით.
ამასთან,დგინდება რომ მომჩივანი ყველა სახის შემოსავალს ბეგრავს მცირე ბიზნესისთვის განკუთვნილი საშემოსავლო გადასახადის 1%-იანი განაკვეთით. ამასთან, არ აფიქსირებს დაქირავებულ პირებზე გაცემულ ხელფასს. შემოწმება დაეყრდნო საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლს და მის მიერ მოხდა მეწარმის შემოსავლების გამიჯვნა სახეობების მიხედვით, კერძოდ, ავტომობილების ტექნიკური მომსახურება და რემონტიდან მიღებული შემოსავლები, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები და დარბაზის გაქირავებით მიღებული შემოსავლები. შემოწმების მიერ მცირე ბიზნესის სტატუსით დაბეგვრას არ დაექვემდებარა არცერთი ზემოთ ჩამოთვლილი შემოსავალი. ავტომობილების ტექნიკური მომსახურება და რემონტიდან მიღებული შემოსავლები გაიყო ორ ნაწილად (მიღება-ჩაბარების აქტებში დაფიქსირებული ჩანაწერების მიხედვით), საქონლის მიწოდებით და მომსახურების გაწევით მიღებულ შემოსავლებად. მეწარმე წერილობით განმარტავს, რომ ავტომობილების ტექნიკური მომსახურების დროს იყენებს დაქირავებულ შრომას, აქედან გამომდინარე ავტო.ტექ. მომსახურების გაწევით მიღებული შემოსავლები გაიმიჯნა საქონლის მიწოდებით და მომსახურების გაწევის თანხებად. მომსახურების გაწევით მიღებული შემოსავლები, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე, ჩაითვალა დამხმარე პერსონალზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. შედეგად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ლ“ ქვეპუნქტის, 101-ე და 154-ე მუხლების გათვალისწინებით, პირს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა ამავე კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
ხოლო, ვინაიდან ვერ დგინდება მომჩივანის წლიური ერთობლივი შემოსავალი და ასევე ხარჯები, შესაბამისად შემმოწმებლის მიერ მოხდა შემოსავლების გამიჯვნა სახეობების მიხედვით, ერთობლივი შემოსავალი გაანგარიშდა ეკონომიკური საქმიანობის ნაწილში ტენდერიდან მიღებული შემოსავლებით, დარბაზის გაქირავებით მიღებული შემოსავლებით, საბანკო ჩარიცხვების, ანგარიშ-ფაქტურების და ზედნადებების ანალიზის შედეგად, ხოლო ხარჯების ნაწილში გამოქვითული იქნა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტურად დადასტურებული სმფ-ებისა და მომსახურების შეძენის ხარჯი. შემოწმების პროცესში ჩატარებული დათვალიერების პროცედურის, დამატებით მესამე პირებისგან გამოთხოვილი ინფორმაციის, გადასახადის გადამხდელის მიერ მოწოდებული და გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, გადასახადის გადამხდელს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე, მე-100, 102-ე, 105-ე, 136-ე და 73-ე მუხლების, ასევე, „სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 29 დეკემბრის №415 დადგენილების გათვალისწინებით, პირს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა ამავე კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.ასევე იქიდან გამომდინარე, რომ მომჩივანს შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში მიღებული შემოსავლების სრულად დაბეგრილი აქვს მცირე ბიზნესისთვის განკუთვნილი 1%-იანი განაკვეთით, შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლისა და „სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 29 დეკემბრის №415 დადგენილების გათვალისწინებით, შემოწმების მიერ შემცირდა გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებული მცირე ბიზნესის სპეციალური რეჟიმის ფარგლებში დარიცხული გადასახადი.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის № 28233 ბრძანება და №068-21 საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.რომლის №3925 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭო მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონშესაბამისად, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5„ა“.9 „ბ“); 79( „ა“); 80(1); 82(1 „ლ“); 88(1); 952; 100(1); 102(1 „ა“); 101(1); 105(1.2); 154(1 „ა“.2 „ა“ და „ბ“); 158(1); 159(1„ა“ და ,,ბ“); 163(1); 164(1); 165(1.2);