ბრძანება N 739

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 22.01.2024
№ დოკუმენტი 739
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 739

22 იანვარი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

ი/მ ------- (ს/ნ -----)

(მის.: ---------)

2023 წლის 22 დეკემბრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 10 იანვარს გამართულ სხდომაზე (ოქმი №1) განიხილა ი/მ ------ს (ს/ნ -----) №86213/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 15 დეკემბრის №068-26 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრულ ფასნამატს. აცხადებს, რომ ფასნამატი 2020-2023 წლებში შეადგენს 15%-20%-ს. პანდემიის პერიოდში მაღაზია ძირითადად არ ფუნქციონირებდა, სარეალიზაციო საქონელი რომ არ გაფუჭებულიყო და მეწარმეს არ ეზარალა, 35 000 ლარის საქონელი რეალიზებული იქნა თვითღირებულებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმებით შემოსავლები და შესაბამისად საშემოსავლო გადასახადი და მიმდინარე გადასახდელები გაანგარიშებულია არასწორად. აცხადებს, რომ საჭიროების შემთხვევაში შეუძლია წარმოადგინოს ჩანაწერი, ვინაიდან, რეალიზაცია ხდებოდა კონსიგნაციით.

2. მომჩივანი აცხადებს, რომ გამოსაქვით ხარჯში არ არის გათვალისწინებული ეკონომიკური საქმიანობისთვის ბანკიდან აღებულ სესხზე გადახდილი პროცენტი.

3. გადასახადის გადამხდელი ითხოვს სანქციისგან გათავისუფლებას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეზე არსებული მასალებიდან დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 14 სექტემბრის №22535 და 24 ნოემბრის №28946 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა ი/მ ------ს (ს/ნ -----) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის პირველ აგვისტომდე საანგარიშო პერიოდები, ხოლო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მიზნებისათვის 2023 წლის 20 სექტემბრის ჩათვლით. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 27 ნოემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 14 დეკემბრის №31612 ბრძანება და 15 დეკემბრის №068-26 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 171 222 ლარი, მათ შორის გადასახადი 91 935 ლარი, ჯარიმა 57 994 ლარი და საურავი 21 293 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საჩივარში დასმულ სადავო საკითხებთან დაკავშირებით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

გადასახადის გადამხდელის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს საცალო ვაჭრობა საკვები პროდუქტებით, სიგარეტებით, სასმელებით და სხვა შერეული პროდუქტებით (საქმიანობის ადგილი: ------ს რ-ნი, სოფ. -----). სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების შეძენას და რეალიზაციას სრულად ახორციელებს ადგილობრივად. გადასახადის გადამხდელი ბუღალტრულ აღრიცხვას არ აწარმოებს, არ ხორციელდება საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით სმფ-ის ჩამოწერები, შესაბამისად, შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა. რეალიზაციის 99% არის დოკუმენტის გარეშე. დეკლარირებული ფასნამატი შეადგენს 3-2%. ამასთან, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 20 სექტემბრის N23055 ბრძანების საფუძველზე გადამხდელის კუთვნილ ობიექტში განხორციელდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია, რომლის შედეგადაც ამავე წლის 20 სექტემბრის მდგომარეობით სმფ-ების ფაქტობრივი ნაშთი 64 923 ლარს შეადგენს.

გადასახადის გადამხდელის პირველადი დოკუმენტების შესწავლა/ანალიზით სმფ-ის სახეობების მიხედვით, ფაქტობრივი ნაშთის გათვალისწინებით, გამოვლინდა სხვაობა გადამხდელის დეკლარირებულ დასაბეგრ ბრუნვებსა და შემოწმებით დადგენილს შორის.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე და 73-ე მუხლების გათვალისწინებით, ი/მ -------ს დღგ-ით დაბეგვრის ობიექტის განსაზღვრისთვის გამოყენებული იქნა არაპირდაპირი მეთოდი. კერძოდ, გადასახადის გადამხდელის მიერ შესამოწმებელ პერიოდში შეძენილი საქონელი დაჯგუფდა საქონლის სახეობების მიხედვით, რომელზეც გავრცელდა შესაბამისი სახეობის ჯგუფის ფასნამატი (2020-2021 წ.წ. გავრცელდა სხვა აუდირებული დოკუმენტური ფასნამატი, ხოლო 2022-2023 წ.წ. სმფ-ის ინვენტარიზაციით დადგენილი ფასნამატი) და საცალოდ რეალიზებული საქონლის თვითღირებულებაზე გავრცელებული იქნა შესაბამისი პერიოდების მიხედვით დადგენილი ფასნამატი. დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა გაანგარიშებულ იქნა 2021 წლამდე მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე და 161-ე მუხლების, 2021 წლიდან მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე, 160-ე და 1601 მუხლების შესაბამისად. დაკორექტირდა გადამხდელის დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა და გადასახდელი დღგ-ის თანხები. ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით ასევე დაკორექტირდა გადამხდელის მიერ წარდგენილ საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციებში ასახული მონაცემები და დარიცხული იქნა საშემოსავლო გადასახადი საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 და 101-ე მუხლების გათვალისწინებით. მეწარმეს ასევე განესაზღვრა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

პირველ და მე-2 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე):

ა) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

ბ) ერთზე მეტი ნებისმიერი შემდეგი პირობის არსებობისას:

ბ.ა) ადგილი აქვს პირის აქტივების დაუსაბუთებელ ზრდას;

ბ.ბ) პირის მიერ ეკონომიკური საქმიანობისათვის ან/და პირადი მოხმარებისათვის გაწეული ხარჯი აჭარბებს დეკლარირებულ შემოსავალს;

ბ.გ) მიმდინარე საგადასახადო კონტროლის ღონისძიებების შედეგად საგადასახადო შემოწმების დაწყების შესახებ საგადასახადო ორგანოს შესაბამისი აქტით განსაზღვრულ შესამოწმებელ პერიოდში გამოვლენილია პირის მიერ საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ორი ან მეტი შემთხვევა;

ბ.დ) გამოვლენილია არსებითი სხვაობა პირის მიერ საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენილ/დეკლარირებულ დაბეგვრასთან დაკავშირებულ მონაცემებსა და მიმდინარე საგადასახადო კონტროლის ღონისძიებების შედეგად ფაქტობრივად დაფიქსირებულ მონაცემებს შორის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესამოწმებელ პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა. დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. ხოლო დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან.

ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ყველა ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მის მიღებასთან, გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც ამ კოდექსის თანახმად გამოქვითვას არ ექვემდებარება. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 155-ე მუხლის თანახმად:

1. საწარმო და მეწარმე ფიზიკური პირი, რომელთა საანგარიშო პერიოდია კალენდარული წელი (საქმიანობის იმ ნაწილში, რომლისთვისაც დაბეგვრის ობიექტი კალენდარული წლის მიხედვით განისაზღვრება), ვალდებული არიან, მიმდინარე გადასახდელების თანხები ბიუჯეტში შეიტანონ წინა საანგარიშო პერიოდის წლიური გადასახადის მიხედვით, შემდეგი ოდენობით:

ა) არაუგვიანეს 15 მაისისა – 25 პროცენტი;

ბ) არაუგვიანეს 15 ივლისისა – 25 პროცენტი;

გ) არაუგვიანეს 15 სექტემბრისა – 25 პროცენტი;

დ) არაუგვიანეს 15 დეკემბრისა – 25 პროცენტი.

2. მიმდინარე გადასახდელებს არ იხდის გადასახადის გადამხდელი, რომელსაც გასული საგადასახადო წლის განმავლობაში არ ჰქონდა დასაბეგრი შემოსავალი/დასაბეგრი მოგება, ასევე პირი, რომელსაც მიმდინარე წელს გაუუქმდა მიკრო ბიზნესის ან ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსი და გასული საგადასახადო წლის მიხედვით ჰქონდა დასაბეგრი შემოსავალი.

3. თუ გადასახადის გადამხდელის მიმდინარე საგადასახადო წლის მოსალოდნელი დასაბეგრი შემოსავალი (მოგება), მათ შორის, საგადასახადო შეღავათების გათვალისწინებით, არანაკლებ 50 პროცენტით მცირდება გასული საგადასახადო წლის დასაბეგრ შემოსავალთან (მოგებასთან) შედარებით და აღნიშნულის შესახებ იგი მიმდინარე გადასახდელების გადახდის ვადის დადგომამდე აცნობებს შესაბამის საგადასახადო ორგანოს, გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს, შეამციროს ან არ გადაიხადოს მიმდინარე გადასახდელების თანხები.

4. გადასახადის გადამხდელის მიერ ამ მუხლის მე-3 ნაწილის გამოყენების შემთხვევაში, თუ წარმოდგენილი ფაქტობრივი წლიური შედეგების მიხედვით არ დასტურდება მოსალოდნელი დასაბეგრი შემოსავლის (მოგების) არანაკლებ 50 პროცენტით შემცირება და გადასახადის გადამხდელს საანგარიშო წლის განმავლობაში სრული ოდენობით არ გადაუხდია მიმდინარე გადასახდელები, მან უნდა გადაიხადოს საურავი ამ კოდექსის შესაბამისად, მიმდინარე გადასახდელების გადახდის ვადების დადგენილი თარიღებიდან საგადასახადო დეკლარაციის წარდგენის თარიღამდე არსებულ დროის მონაკვეთში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

 

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოწმებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებია, რომ გადასახადის გადამხდელი ბუღალტრულ აღრიცხვას არ აწარმოებს, არ ხორციელდება საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით სმფ-ის ჩამოწერები, შესაბამისად, შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა. რეალიზაციის 99% არის დოკუმენტის გარეშე. დეკლარირებული ფასნამატი შეადგენს 3-2%. ამასთან, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 20 სექტემბრის N23055 ბრძანების საფუძველზე გადამხდელის კუთვნილ ობიექტში განხორციელდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია, რომლის შედეგადაც ამავე წლის 20 სექტემბრის მდგომარეობით სმფების ფაქტობრივი ნაშთი 64 923 ლარს შეადგენს. გადასახადის გადამხდელის პირველადი დოკუმენტების შესწავლა/ანალიზით სმფ-ის სახეობების მიხედვით, ფაქტობრივი ნაშთის გათვალისწინებით, გამოვლინდა სხვაობა გადამხდელის დეკლარირებულ დასაბეგრ ბრუნვებსა და შემოწმებით დადგენილს შორის.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ი/მ ------ს დღგ-ით დაბეგვრის ობიექტის განსაზღვრისთვის გამოყენებული იქნა არაპირდაპირი მეთოდი. კერძოდ, გადასახადის გადამხდელის მიერ შესამოწმებელ პერიოდში შეძენილი საქონელი დაჯგუფდა საქონლის სახეობების მიხედვით, რომელზეც გავრცელდა შესაბამისი სახეობის ჯგუფის ფასნამატი (2020-2021 წ.წ. გავრცელდა სხვა აუდირებული დოკუმენტური ფასნამატი, ხოლო 2022-2023 წ.წ. სმფ-ის ინვენტარიზაციით დადგენილი ფასნამატი) და საცალოდ რეალიზებული საქონლის თვითღირებულებაზე გავრცელებული იქნა შესაბამისი პერიოდების მიხედვით დადგენილი ფასნამატი. შედეგად გადამხდელს დაერიცხა დამატებული ღირებულების და საშემოსავლო გადასახადები.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, ვინაიდან, გადასახადის გადამხდელი ბუღალტრულ აღრიცხვას არ აწარმოებს, არ ხორციელდება კანონით დადგენილი წესით სმფ-ის ჩამოწერები და შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა, აუდიტის დეპარტამენტს შეეძლო არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განესაზღვრა გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები. შესაბამისად, მართლზომიერია შესამოწმებელ პერიოდში შეძენილ საქონელზე შესაბამისი სახეობის ჯგუფის ფასნამატის (2020-2021 წ.წ. გავრცელდა სხვა აუდირებული დოკუმენტური ფასნამატი, ხოლო 2022-2023 წ.წ. სმფ-ის ინვენტარიზაციით დადგენილი ფასნამატი) და საცალოდ რეალიზებული საქონლის თვითღირებულებაზე შესაბამისი პერიოდების მიხედვით დადგენილი ფასნამატის გავრცელება.

ამასთან, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესში არ აქვს წარმოდგენილი სათანადო მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების შედეგად დადგენილ გარემოებებს.

ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმებისა, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელის მიერ გამოსაქვითი ხარჯი დეკლარირებული იყო სულ 628 138 ლარის ოდენობით, ხოლო შემოწმებით დადგენილი იქნა 653 729 ლარი (გაიზარდა როგორც შეძენილი სმფ-ების რაოდენობა, ასევე, ელ. ენერგიის ხარჯი). რაც შეეხება, გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში აღნიშნულ არგუმენტს სესხის პროცენტთან დაკავშირებიტ, აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, შემოწმების მიმდინარეობისას გადამხდელის სიტყვიერი ახსნა-განმარტებით, ბანკიდან აღებული სესხი არ წარმოადგენდა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებულ ფულად სახსრებს.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს არც დავის წარმოების პროცესში არ აქვს დამატებით წარმოდგენილი ხარჯების გაწევის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები ამ ნაწილში შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველის ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

ამავე კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით:

1. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით, − იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

2 1 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

2 2 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელთან სააღრიცხვო დოკუმენტაციაში აღურიცხველი და პირველადი საგადასახადო დოკუმენტის გარეშე სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების გამოვლენა – იწვევს პირის დაჯარიმებას გამოვლენის მომენტში ამ სასაქონლო- მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების 50 პროცენტის ოდენობით.

ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს ან სასამართლოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას), ხოლო იმ შემთხვევაში თუ პირი მოქმედებდა თვითიმედოვნებით ან დაუდევრობით, არ შეიძლება გათავისუფლდეს საგადასახადო პასუხისმგებლობისგან. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. ი/მ ----- (ს/ნ -----) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრულ ფასნამატს.

2. მომჩივანი აცხადებს, რომ გამოსაქვით ხარჯში არ არის გათვალისწინებული ეკონომიკური საქმიანობისთვის ბანკიდან აღებულ სესხზე გადახდილი პროცენტი.

3. გადასახადის გადამხდელი ითხოვს სანქციისგან გათავისუფლებას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს საცალო ვაჭრობა საკვები პროდუქტებით, სიგარეტებით, სასმელებით და სხვა შერეული პროდუქტებით. სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების შეძენას და რეალიზაციას სრულად ახორციელებს ადგილობრივად. გადასახადის გადამხდელი ბუღალტრულ აღრიცხვას არ აწარმოებს, არ ხორციელდება საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით სმფ-ის ჩამოწერები, შესაბამისად, შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა. რეალიზაციის 99% არის დოკუმენტის გარეშე. დეკლარირებული ფასნამატი შეადგენს 3-2%. ამასთან, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 20 სექტემბრის N23055 ბრძანების საფუძველზე გადამხდელის კუთვნილ ობიექტში განხორციელდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია, რომლის შედეგადაც ამავე წლის 20 სექტემბრის მდგომარეობით სმფ-ების ფაქტობრივი ნაშთი 64 923 ლარს შეადგენს. გადასახადის გადამხდელის პირველადი დოკუმენტების შესწავლა/ანალიზით სმფ-ის სახეობების მიხედვით, ფაქტობრივი ნაშთის გათვალისწინებით, გამოვლინდა სხვაობა გადამხდელის დეკლარირებულ დასაბეგრ ბრუნვებსა და შემოწმებით დადგენილს შორის. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, მომჩივნის დღგ-ით დაბეგვრის ობიექტის განსაზღვრისთვის გამოყენებული იქნა არაპირდაპირი მეთოდი. კერძოდ, გადასახადის გადამხდელის მიერ შესამოწმებელ პერიოდში შეძენილი საქონელი დაჯგუფდა საქონლის სახეობების მიხედვით, რომელზეც გავრცელდა შესაბამისი სახეობის ჯგუფის ფასნამატი (2020-2021 წ.წ. გავრცელდა სხვა აუდირებული დოკუმენტური ფასნამატი, ხოლო 2022-2023 წ.წ. სმფ-ის ინვენტარიზაციით დადგენილი ფასნამატი) და საცალოდ რეალიზებული საქონლის თვითღირებულებაზე გავრცელებული იქნა შესაბამისი პერიოდების მიხედვით დადგენილი ფასნამატი. დაკორექტირდა გადამხდელის დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა და გადასახდელი დღგ-ის თანხები. ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით ასევე დაკორექტირდა გადამხდელის მიერ წარდგენილ საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციებში ასახული მონაცემები და დარიცხული იქნა საშემოსავლო გადასახადი. მეწარმეს ასევე განესაზღვრა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5), 159(1"ა"), 163(1)(2), 164(1), 80(1), 100(3"ბ"), 102(1"ა"), 105(1)(2), 155, 275, 286(4), 269(7).

2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსი: 160"ა", 161(1"ა").